მთავარი დეტალები
Ethereum Name Service (ENS) არის Ethereum-ის ბლოკჩეინის სახელების დეცენტრალიზებული სისტემა, რომელიც გარდაქმნის გრძელ, რთულ მისამართებს მარტივ, ადამიანების მიერ წაკითხვად სახელებად, როგორიცაა მაგ., „alice.eth.“
ENS-ის სახელები წარმოდგენილია, როგორც ERC-721 NFT-ები, რომლებსაც შეგიძლიათ ფლობდეთ, გადარიცხოთ ან გაყიდოთ სხვა ციფრული აქტივების მსგავსად.
სისტემა მხარს უჭერს როგორც პირდაპირ კონვერტაციას (სახელიდან მისამართზე), ისე შებრუნებულ კონვერტაციას (მისამართიდან სახელზე), რაც აუმჯობესებს მომხმარებლის გამოცდილებას.
ENS ტრადიციულ ინტერნეტის დომენების სისტემასთან (DNS) ერთად მუშაობს, რაც იძლევა არსებული დომენის სახელების DNSSEC-ის მეშვეობით იმპორტის შესაძლებლობას.
სახელები შეიძლება გამოყენებულ იქნეს Ethereum-ზე, მე-2 დონის ქსელებსა და სხვა ბლოკჩეინებზე, off-chain მონაცემთა შენახვის მხარდაჭერით, რაც გვთავაზობს განახლებებს გაზის გარეშე.
ENS პროტოკოლი იმართება ENS DAO-ს მიერ, რაც უზრუნველყოფს დეცენტრალიზებული საზოგადოების მიერ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების კონტროლს, როგორიცაა ფასების განსაზღვრა და პროტოკოლების განახლებები.
შესავალი
ბლოკჩეინების მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ურთიერთქმედების გამარტივება. საფულეების მისამართები არის გრძელი, შემთხვევითობის პრინციპით გენერირებული სტრიქონები, რომელთა დამახსოვრება და უსაფრთხოდ გაზიარება რთულია. ამ პრობლემის გადასაჭრელად, ENS იყენებს მისამართების მარტივი, ადვილად დასამახსოვრებელი სახელებით ჩანაცვლებას, IP მისამართების ინტერნეტ დომენების სახელებით ჩანაცვლების ანალოგიურად. ეს Ethereum-ზე დაფუძნებულ რესურსებთან ურთიერთქმედებას, გაგზავნას და მიღებას უფრო ხელმისაწვდომს ხდის და ამცირებს შეცდომების ალბათობას.
რა არის Ethereum Name Service?
ENS არის დეცენტრალიზებული სახელის მინიჭების პროტოკოლი Ethereum-ზე, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს დაარეგისტრირონ ადამიანის მიერ წაკითხვადი სახელები, რომლებიც ჩვეულებრივ „.eth“-ით მთავრდება. თითოეული ENS სახელი წარმოადგენს ERC-721 არაჩანაცვლებად ტოკენს (NFT), რაც ნიშნავს, რომ მფლობელს აქვს მფლობელობის ვერიფიცირებადი მტკიცებულება და შეუძლია გადაგზავნოს ან გაყიდოს ეს სახელი.
საფულეების მისამართების გარდა, ENS სახელები შეიძლება დაუკავშირდეს სხვა მონაცემებს, როგორიცაა სხვადასხვა ქსელებზე არსებული კრიპტოვალუტის მისამართები, კონტენტის ჰეშები (ვებსაიტებზე ან IPFS-ზე ფაილების მითითებისთვის) და პერსონალური მეტამონაცემები.
ENS ასევე მუშაობს ტრადიციულ დომენის სახელების სისტემასთან (DNS) ერთად. DNS უსაფრთხოების გაფართოებების (DNSSEC) გამოყენებით, ჩვეულებრივი დომენების მფლობელებს, როგორიცაა „.com“, შეუძლიათ თავისი დომენების ENS-ში იმპორტირება მათი ბლოკჩეინზე გამოყენებისთვის.
2017 წელს მისი გამოშვების შემდეგ, ENS განვითარდა და გადაიქცა საზოგადოების მიერ მართვად პროტოკოლად. მას ENS DAO განკარგავს, რომელიც ფლობს ENS-ის root-ს და იღებს პროტოკოლთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.
როგორ მუშაობს ENS?
არქიტექტურა
ENS იყენებს DNS-ის მსგავს იერარქიულ სტრუქტურას. სულ მაღლა უმაღლესი დონის დომენები (TLD-ები) დგას, როგორიცაა „.eth“, რომელიც რეგისტრაციის წესების შემდგენი სმარტ კონტრაქტების დამრეგისტრირებლების მიერ იმართება. ENS რეესტრი არის ცენტრალური სმარტ კონტრაქტი, რომელიც თვალს ადევნებს დომენის მფლობელობას, resolver-ებს და TTL-ის (ქეში) პარამეტრებს. resolver-ები წარმოადგენს კონტრაქტებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ENS სახელების მისამართებად ან სხვა მონაცემებად გარდაქმნაზე.
პირდაპირი და შებრუნებული კონვერტაცია
პირდაპირი კონვერტაცია ნიშნავს ENS სახელის, როგორიცაა „alice.eth“, ერთ ან რამდენიმე მისამართად ან სხვა დაკავშირებულ მონაცემად გარდაქმნას.
შებრუნებული კონვერტაცია ნიშნავს მისამართის დაკავშირებას მის ძირითად ENS სახელთან, რაც საფულეებს და აპლიკაციებს საშუალებას აძლევს ასახონ მარტივად დასამახსოვრებელი სახელები ნაცვლად გრძელი ჰექს-მისამართებისა.
დომენები და ქვედომენები
ENS დომენების მფლობელებს შეუძლიათ შექმნან შეუზღუდავი რაოდენობის ქვედომენები, რომლებსაც სრულად აკონტროლებენ. მაგალითად, „alice.eth“ -ის ფლობის შემთხვევაში გეძლევათ საშუალება შექმნათ „mail.alice.eth“ ან „shop.alice.eth,“ რომელთაგანაც თითოეული მიუთითებს სხვადასხვა რესურსზე ან მართვადია სხვადასხვა ადამიანების მიერ.
რა შეგიძლიათ გააკეთოთ ENS-ით?
ENS ამარტივებს კრიპტოვალუტის გაგზავნას და მიღებას, რთული მისამართების მარტივი სახელებით ჩანაცვლებით, რაც ამცირებს ტრანზაქციების დროს შეცდომების ალბათობას. თქვენ შეგიძლიათ დაუკავშიროთ სხვადასხვა ბლოკჩეინის მისამართები ერთ ENS სახელს და გაიმარტივოთ კროს-ჩეინ ურთიერთქმედებები.
მისამართების გარდა, ENS სახელებს შეუძლიათ შეინახონ ინფორმაცია, როგორიცაა LinkedIn პროფილები, ვებსაიტები, ელექტრონული ფოსტები და სოციალური მედიის ბმულები. ეს იძლევა ENS-ის დეცენტრალიზებული საიდენტიფიკაციო მონაცემებისთვის და პერსონალური ბრენდინგისთვის გამოყენების შესაძლებლობას.
ENS დომენის ფლობა ასევე ქვედომენების შექმნის, დელეგირების და მოქნილი მართვის საშუალებას იძლევა, რაც მხარს უჭერს აპლიკაციებს, საზოგადოებებს ან დეცენტრალიზებულ ორგანიზაციებს.
ENS დომენების რეგისტრაცია და მართვა
რეგისტრაცია
დღეისათვის, ENS დომენის დარეგისტრირება მარტივია: ეწვიეთ ENS-ის ოფიციალურ აპლიკაციას, დააკავშირეთ თქვენი საფულე, მოძებნეთ ხელმისაწვდომი სახელი და დაარეგისტრირეთ ის საკომისიოს ETH-ში გადახდის მეშვეობით. ადრეული პერიოდისგან განსხვავებით, სახელების უმეტესობა აუქციონებს არ საჭიროებს და მათი რეგისტრაცია უბრალოდ პირველობის პრინციპით ხდება.
ფასების განსაზღვრა და განახლება
რეგისტრაციის საფასური სახელის სიგრძეზეა დამოკიდებული. ზოგადად, ხუთი ან მეტი სიმბოლოს მქონე სახელების რეგისტრაციის ღირებულებაა დაახლოებით 5 $ წელიწადში, ხოლო უფრო მოკლე სახელები (3–4 სიმბოლო) უფრო ძვირი ღირს მათი იშვიათობის გამო. საკომისიოებს ETH-ში იხდით, თუმცა მისი ოდენობა კორექტირდება Chainlink oracle-ების მეშვეობით, დოლარის ეკვივალენტური ღირებულების შესანარჩუნებლად.
ENS დომენების მფლობელობის შესანარჩუნებლად პერიოდული განახლებაა საჭირო. ვადის გასვლის შემდეგ არსებობს საშეღავათო პერიოდი (ჩვეულებრივ 90 დღე), რაც მფლობელებს საშუალებას აძლევს განაახლონ სახელი მანამ, სანამ ის საჯარო პულში დაბრუნდება.
ისტორიული შენიშვნა: აუქციონის პროცესი
ENS-ის გაშვების დროს, პოპულარული მოკლე სახელები განაწილდა Vickrey-style აუქციონზე, სადაც აუქციონის მონაწილეებმა წარადგინეს დახურული მაქსიმალური შეთავაზებები. ეს ყოველივე დასრულდა საწყისი ფაზის შემდეგ და ახალი სახელების რეგისტრაციისთვის აუქციონები აღარ გამოიყენება.
ENS-ის მმართველობა და უსაფრთხოება
ENS root დომენი და პროტოკოლის პარამეტრები იმართება ENS DAO-ს მიერ, რაც წარმოადგენს ENS ტოკენების მფლობელებისგან შემდგარ დეცენტრალიზებულ ავტონომიურ ორგანიზაციას. ეს საზოგადოება განსაზღვრავს საკომისიოების სტრუქტურას, პროტოკოლის განახლებებს და სხვა მმართველობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
ერთხელ შეძენილი ENS სახელები ვერ გაუქმდება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მფლობელი დაკარგავს პირად გასაღებებს ან დაავიწყდება განახლება. ეს მუდმივი მფლობელობა დაცულია Ethereum-ის სმარტ კონტრაქტებით.
რამდენიმე ბლოკჩეინის და მე-2 დონის ქსელების მხარდაჭერა
ENS-ის მხარდაჭერა არ შემოიფარგლება Ethereum-ის mainnet-ით და ასევე მოიცავს მე-2 დონის ქსელებს, როგორიცაა Linea და zkSync, ასევე სხვა თავსებადი ბლოკჩეინები. ეს უზრუნველყოფს უფრო სწრაფ, იაფ ტრანზაქციებს და ამავდროულად ინარჩუნებს ENS-ის სახელების დეცენტრალიზებული სისტემის უპირატესობებს.
ზოგი საფულე უშვებს ENS-ის ქვედომენებს ოფლაინ რეჟიმში, რაც შესაძლებელს ხდის გაზის გარეშე რეგისტრაციას და მომენტალურ განახლებებს (მაგ., Uniswap საფულის ENS ქვესახელი „uni.eth“).
შეჯამება
დეცენტრალიზებული ქსელების სამყაროში, ENS არის წინ გადადგმული ნაბიჯი ბლოკჩეინთან ურთიერთქმედების გზების გამარტივებაში. ის ბლოკჩეინის მისამართებს ხდის მარტივს, ადამიანისთვის გასაგებს და მოქნილს. დღეს ჩვენ აღარ ვიყენებთ IP მისამართებს ვებსაიტებზე ნავიგაციისთვის, ანალოგიურად, მოსალოდნელია, რომ გაიზრდება ENS სახელების პოპულარობა, რადგან ის პრაქტიკულ და მოსახერხებელ სისტემას წარმოადგენს.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.