კრიპტოვალუტების საბაზრო კაპიტალიზაციის განმარტება

კრიპტოვალუტების საბაზრო კაპიტალიზაციის განმარტება

განახლებული Aug 7, 2026
8m

მთავარი დეტალები

  • საბაზრო კაპიტალიზაცია კრიპტოვალუტის მთლიან ღირებულებას აფასებს მისი მიმდინარე ფასის მიმოქცევაში არსებულ რაოდენობაზე გამრავლებით.

  • აღნიშნული მაჩვენებელი ფართოდ გამოიყენება კრიპტოაქტივების ფარდობითი მასშტაბის შედარებისა და მთლიან ბაზარზე მიმდინარე ცვლილებების დინამიკაზე დაკვირვების მიზნით.

  • ვინაიდან ფორმულაში მიმოქცევაში არსებული რაოდენობა გამოიყენება, საბაზრო კაპიტალიზაცია ასახავს მიმდინარე მდგომარეობას და არა გამოშვებული აქტივების სრულ მარაგს.

  • საბაზრო კაპიტალიზაციას მკაფიო შეზღუდვები გააჩნია: იგი მგრძნობიარეა ფასების მერყეობისა და დაბალი ლიკვიდურობის მიმართ და არ ითვალისწინებს ინვესტირებული თანხის რაოდენობასა თუ პროექტის ეფექტურობის დონეს. შესაბამისად, მისი შეფასება უმჯობესია სხვა მაჩვენებლებთან ერთად, როგორიცაა სრულად გამოშვებული ტოკენების შეფასება და ვაჭრობის მოცულობა.

შესავალი

რას ნიშნავს საბაზრო კაპიტალიზაცია კრიპტოვალუტების კონტექსტში? მარტივად რომ ვთქვათ, საბაზრო კაპიტალიზაცია არის კრიპტოვალუტების სავარაუდო მთლიანი ღირებულება, რომელიც გამოითვლება მისი მიმდინარე ფასის მიმოქცევაში არსებული მონეტების რაოდენობაზე გამრავლებით. ეს არის ერთ-ერთი პირველი მაჩვენებელი, რომლის გათვალისწინებაც ხდება კრიპტოაქტივების შედარებისას.

საბაზრო კაპიტალიზაცია საშუალებას გაძლევთ მარტივად შეიქმნათ ზოგადი წარმოდგენა პროექტის მასშტაბთან დაკავშირებით, სხვა პროექტებთან შედარებით, რის გამოც კრიპტოვალუტების რეიტინგი, ხშირ შემთხვევაში, სწორედ აღნიშნული მაჩვენებლის საფუძველზე განისაზღვრება. საბაზრო კაპიტალიზაცია მიმოქცევაში არსებული ტოკენების რაოდენობის საფუძველზე განისაზღვრება და სწორედ ამიტომ, აღნიშნული მაჩვენებელი იცვლება როგორც ფასის, ისე ვაჭრობისთვის ხელმისაწვდომი მონეტების რაოდენობის მიხედვით.

რა არის კრიპტოს საბაზრო კაპიტალიზაცია?

საბაზრო კაპიტალიზაცია გახლავთ მარტივი ინდიკატორი, რომელიც კრიპტოვალუტის ქსელის მთლიანი ღირებულების მიახლოებითი შეფასებისთვის გამოიყენება. ფორმულა შემდეგნაირია:

საბაზრო კაპიტალიზაცია = მიმდინარე ფასი × მიმოქცევაში არსებული მარაგი

მაგალითად, თუ ტოკენის სავაჭრო ღირებულებაა 10 აშშ დოლარი, ხოლო მიმოქცევაში არსებული ტოკენების ჯამური რაოდენობა 10 მილიონია, მიღებული საბაზრო კაპიტალიზაცია 100 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

მონაცემთა უმსხვილესი პლატფორმების უმეტესობა ფასის გაანგარიშების მიზნით რამდენიმე სხვადასხვა სავაჭრო ბირჟაზე ხელმისაწვდომი ფასების საშუალო მაჩვენებელს იყენებს, რაც ამცირებს სავაჭრო პლატფორმებს შორის არსებულ უზუსტობებს. ამის შემდეგ, კრიპტოვალუტების რეიტინგის განსაზღვრა, როგორც წესი, სწორედ საბაზრო კაპიტალიზაციის საფუძველზე ხდება, რაც მათ შედარებას ამარტივებს.

რატომ არის საბაზრო კაპიტალიზაცია მნიშვნელოვანი

ცალკე აღებული ტოკენის ფასი არ იძლევა სრულ წარმოდგენას პროექტის მასშტაბისა თუ განვითარების ეტაპის შესახებ. საბაზრო კაპიტალიზაცია უზრუნველყოფს უფრო სრულყოფილ შეფასებას, ვინაიდან იგი ითვალისწინებს როგორც ფასს, ისე მიმოქცევაში არსებული ტოკენების რაოდენობას.

განვიხილოთ შემდეგი მაგალითი:

  • კრიპტოვალუტა A: 400 000 ტოკენი x 1 აშშ დოლარი = 400 000 აშშ დოლარის ოდენობის საბაზრო კაპიტალიზაცია

  • კრიპტოვალუტა B: 100 000 ტოკენი x 2 აშშ დოლარი = 200 000 აშშ დოლარის ოდენობის საბაზრო კაპიტალიზაცია

მიუხედავად იმისა, რომ B კრიპტოვალუტის თითოეული ტოკენის ფასი უფრო მაღალია, A კრიპტოვალუტის უფრო მაღალი საბაზრო კაპიტალიზაცია იმაზე მიანიშნებს, რომ მის ქსელის საერთო ღირებულება უფრო მეტია.

გარდა ზემოაღნიშნულისა, საბაზრო კაპიტალიზაციის მაჩვენებელი შემდეგი პრაქტიკული მიზნებისთვისაც გამოიყენება.

1. პროექტების მასშტაბების შედარება

საბაზრო კაპიტალიზაციის მეშვეობით შესაძლებელია სხვადასხვა კრიპტოვალუტის ფარდობითი მასშტაბის შედარება, ტოკენის ფასის გათვალისწინების გარეშე. 5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის კაპიტალიზაციის მქონე პროექტი უფრო ფართომასშტაბიან და სტაბილურ პროექტად შეგვიძლია მივიჩნიოთ, ვიდრე 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კაპიტალიზაციის მქონე პროექტი. აუცილებელია იმის გათვალისწინებაც, რომ ეს არ წარმოადგენს სამომავლო შედეგების პროგნოზირების საშუალებას, თუმცა, მიუთითებს მომხმარებელთა და ინვესტორთა უფრო ფართო ბაზრის არსებობაზე შედარების მომენტში.

2. პორტფოლიოს ფორმირება

მაღალი საბაზრო კაპიტალიზაციის მქონე კრიპტოვალუტები, როგორიცაა bitcoin და ether მცირემასშტაბიანი პროექტებისგან განსხვავებით, ხშირ შემთხვევაში, უფრო მაღალი ლიკვიდურობითა და ხანგრძლივი ისტორიით ხასიათდება. მცირე კაპიტალიზაციის მქონე კრიპტოვალუტები დაბალი ლიკვიდურობითა და ფასების მაღალი მერყეობით გამოირჩევა. ზოგიერთი ინვესტორი კაპიტალიზაციის მაჩვენებელს პორტფოლიოში აქტივების წილის განსაზღვრის მიზნით იყენებს, თუმცა მხოლოდ ამ მაჩვენებლის გათვალისწინება არ წარმოადგენს საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღების საკმარის საფუძველს.

3. კრიპტო ინდექსების შექმნა

ტრადიციული ფინანსების სისტემის მსგავსად, კრიპტო სივრცეშიც გამოიყენება საბაზრო ინდექსები, რომლითაც ხდება კონკრეტული ჯგუფის ციფრული აქტივების ფასებზე დაკვირვება. CoinMarketCap-ის მსგავსი პლატფორმები მომხმარებლებს სთავაზობენ სტრუქტურირებულ ინდექსებს, ხოლო ზოგიერთი საინვესტიციო პროდუქტი უმსხვილეს კრიპტოვალუტებზე, როგორც მთლიანი ბაზრის მდგომარეობის ინდიკატორზეა ორიენტირებული.

CoinMarketCap 20 ინდექსი

მიმოქცევაში არსებული მარაგი და საერთო მარაგი

მიმოქცევაში არსებული რაოდენობა გულისხმობს ტოკენებს, რომლებიც ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის და აქტიური ვაჭრობის ფარგლებში გამოიყენება. აღნიშნული მაჩვენებელი არ მოიცავს სმარტ-კონტრაქტებში დაბლოკილ, პროექტის გუნდის მიერ სამომავლო გამოშვებისთვის შენახულ ან ტოკენების დაწვის შედეგად მიმოქცევიდან სამუდამოდ ამოღებულ ტოკენებს. ვინაიდან საბაზრო კაპიტალიზაცია ითვალისწინებს მიმოქცევაში არსებულ რაოდენობას და არა მთლიან მარაგს, იგი ასახავს პროექტის მიმდინარე საბაზრო ღირებულებას და არა სავარაუდო პროგნოზს იმისა, თუ როგორი იქნებოდა ეს ღირებულება ყველა ტოკენის მიმოქცევაში არსებობის შემთხვევაში.

აღნიშნულ განსხვავებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, ვინაიდან კრიპტოვალუტების პროექტების უმეტესობის შემთხვევაში ტოკენების გამოშვება ეტაპობრივად, დროთა განმავლობაში ხდება. პროექტის მიმოქცევაში არსებული რაოდენობა შესაძლოა ტოკენების მთლიანი მარაგის მხოლოდ მცირე ნაწილს შეადგენდეს, რის გამოც მისი მიმდინარე საბაზრო კაპიტალიზაცია, სრულად გამოშვებული ტოკენების რაოდენობასთან შედარებით, შესაძლოა ბევრად დაბალი იყოს.

საბაზრო კაპიტალიზაცია და სრულად გამოშვებული ტოკენები (FDV)

Fully Diluted Valuation (FDV) საბაზრო კაპიტალიზაციასთან მჭიდროდ დაკავშირებული კიდევ ერთი მაჩვენებელია, რომლის მეშვეობითაც ხდება იმის შეფასება, თუ რა იქნებოდა პროექტის საბაზრო კაპიტალიზაციის მაჩვენებელი ტოკენების სრული რაოდენობის მიმოქცევაში გადასვლის შემთხვევაში:

FDV = მიმდინარე ფასი x მაქსიმალური მარაგი

პროექტების უმეტესობის შემთხვევაში, გააქტიურებისას არ ხდება სრული მარაგის გაშვება. ტოკენების გარკვეული ნაწილი, როგორც წესი, ინახება გუნდის წევრების წახალისების, სტეიკინგის ჯილდოების, ეკოსისტემის განვითარებისა თუ საზოგადოების განვითარების ხელშეწყობის მიზნით და მათი გაშვება ეტაპობრივად, ვესტინგის განრიგის შესაბამისად ხდება. FDV სწორედ აღნიშნულ, სამომავლო გაშვებისთვის შენახულ მარაგს ითვალისწინებს.

მაგალითად, 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საბაზრო კაპიტალიზაციის მქონე პროექტის ტოკენების სრული ოდენობის მიმოქცევაში გადასვლის შემთხვევაში, FDV-მა შესაძლოა 500 მილიონ აშშ დოლარს მიაღწიოს. დამატებითი ტოკენების ბაზარზე მოთხოვნის მაჩვენებლის ზრდისთვის შეუსაბამო სისწრაფით გაშვება გამოიწვევს მიწოდების ზრდას, რაც შესაძლოა უარყოფითად აისახოს ტოკენის ღირებულებაზე.

პროექტის ტოკენომიკისა ტოკენების გამოშვების განხილვა FDV-ის საბაზრო კაპიტალიზაციასთან შეფარდებასთან ერთად, უზრუნველყოფს უფრო დაბალანსებულ მონაცემებს მისი მიმდინარე ღირებულებისა და სამომავლო მიწოდებასთან დაკავშირებული პოტენციური რისკების შესახებ.

სხვა დამატებითი მაჩვენებლები, როგორიცაა ბლოკირებული აქტივების მთლიანი რაოდენობა (TVL), ვაჭრობის მოცულობა და on-chain აქტივობა, დაგეხმარებათ პროექტის ფუნდამენტური მაჩვენებლების შესახებ უფრო საფუძვლიანი შთაბეჭდილების შექმნაში.

საბაზრო კაპიტალიზაციის კატეგორიები

კრიპტოაქტივები, როგორც წესი, ჯგუფდება კატეგორიებად საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით. მიუხედავად იმისა, რომ ეს კატეგორიები ოფიციალურად სტანდარტიზებული არ არის და ზღვრული მაჩვენებლები განსხვავდება მონაცემთა სხვადასხვა პლატფორმის მიხედვით, მათი საბაზისო ორიენტირების სახით გამოყენების პრაქტიკა საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული:

  • მაღალი კაპიტალიზაციის მქონე აქტივები: პროექტები, რომელთა საბაზრო კაპიტალიზაცია 10 მილიარდ აშშ დოლარზე მაღალია. ამ ტიპის აქტივები, როგორც წესი, ხასიათდება მაღალი ლიკვიდურობითა და ხანგრძლივი სავაჭრო ისტორიით.

  • საშუალო კაპიტალიზაციის მქონე აქტივები: 1 მილიარდი აშშ დოლარიდან 10 მილიარდ აშშ დოლარამდე საბაზრო კაპიტალიზაციის მქონე აქტივები. ამ ტიპის აქტივებისთვის თანაბრადაა დამახასიათებელი როგორც ბალანსის ზრდის, ისე რისკების პოტენციალი.

  • დაბალი კაპიტალიზაციის მქონე აქტივები: 1 მილიარდ აშშ დოლარზე ნაკლები კაპიტალიზაციის მქონე აქტივები. ისინი, როგორც წესი, ხასიათდება დაბალი ლიკვიდურობით და ფასების მერყეობის მაღალი მაჩვენებლებით.

ცალკეული აქტივების გარდა, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაციის მაჩვენებელი მიმოქცევაში არსებული ყველა კრიპტოპროექტის ჯამურ ღირებულებას აერთიანებს და ბაზრის საერთო მოცულობის განსაზღვრის საშუალებადაც გამოიყენება. Bitcoin-ის დომინირება, რომელიც აღნიშნავს Bitcoin-ის წილს კრიპტოვალუტების ბაზრის მთლიან საბაზრო კაპიტალიზაციაში, ფართოდ განიხილება როგორც ბაზრის განწყობისა და კაპიტალის განაწილების ინდიკატორი. 2026 წლამდე პერიოდში Bitcoin-ის დომინირება, როგორც წესი, 50%-ის ფარგლებში მერყეობდა, ხოლო სტეიბლკოინები მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაციის დაახლოებით 13-14%-ს შეადგენდა.

საბაზრო კაპიტალიზაციის შეზღუდვები

საბაზრო კაპიტალიზაცია კრიპტოვალუტების შედარების მიზნით გამოყენებული მეტად ეფექტური საწყისი ინდიკატორია, თუმცა, აუცილებელია მასთან დაკავშირებული შეზღუდვების გათვალისწინებაც:

  • იგი არ წარმოადგენს ინვესტირებული თანხის საზომს. საბაზრო კაპიტალიზაცია იყენებს ტოკენის ან მონეტის მიმდინარე ფასს, რის გამოც ფასის მცირე ცვლილებამაც კი შესაძლოა ამ მაჩვენებლის მკვეთრად შეცვლა გამოიწვიოს. თუ ტოკენის ფასი 10 აშშ დოლარიდან 15 აშშ დოლარამდე იზრდება, საბაზრო კაპიტალიზაცია 50%-ით იმატებს, თუმცა ეს სულაც არ მიანიშნებს ბაზარზე ექვივალენტური რაოდენობის კაპიტალის შედინებაზე. ფასის შესაცვლელად საჭირო კაპიტალის რეალური ოდენობა ბაზრის სიღრმის შესაბამისად განისაზღვრება.

  • მასზე შესაძლოა დიდი ზეგავლენა იქონიოს დაბალმა ლიკვიდურობამ. დაბალი ვაჭრობის მოცულობის მქონე ბაზრებზე, ტრანზაქციების მცირე რაოდენობაც კი შესაძლოა გახდეს ფასის მნიშვნელოვანი და საბაზრო კაპიტალიზაციის ისეთი მაჩვენებლის წარმოქმნის მიზეზი, რომელიც შესაძლოა ინვესტორთა ფართო კონსენსუსს არ ასახავდეს. სწორედ ამიტომ წარმოადგენს ლიკვიდურობა კაპიტალიზაციის ძირითადი მაჩვენებლის განსაზღვრისთვის საჭირო მნიშვნელოვან დამხმარე პარამეტრს.

  • იგი არ ასახავს პროექტის ეფექტურობის დონეს. მაღალი საბაზრო კაპიტალიზაცია მიუთითებს ბაზრის ღირებულებაზე კონკრეტულ მომენტში და არა პროექტის ზოგად ტექნიკურ ეფექტურობაზე, გუნდის რეპუტაციაზე ან გრძელვადიან პერსპექტივაზე. შესაბამისად, რეკომენდებულია საბაზრო კაპიტალიზაციის მაჩვენებლის სხვა ინდიკატორებთან ერთად შეფასება.

ხშირად დასმული შეკითხვები

როგორ ხდება საბაზრო კაპიტალიზაციის გამოთვლა კრიპტოვალუტების შემთხვევაში?

მონეტის მიმდინარე ფასის მიმოქცევაში არსებულ მარაგზე გამრავლებით. მაგალითად, თუ ტოკენის ფასი 2 აშშ დოლარია, ხოლო მიმოქცევაში 50 მილიონი მონეტაა, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 100 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. მონაცემთა პლატფორმების უმეტესობა ფასის განსაზღვრის მიზნით სხვადასხვა სავაჭრო ბირჟაზე ხელმისაწვდომი ფასების საშუალო მაჩვენებელს იყენებს, რაც ამცირებს უზუსტობებს სავაჭრო პლატფორმებს შორის.

რა განსხვავებაა საბაზრო კაპიტალიზაციასა და მიმოქცევაში არსებულ მარაგს შორის?

მიმოქცევაში არსებული მარაგი წარმოადგენს იმ მონეტების ოდენობას, რომლებიც მოცემულ მომენტში ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის და აქტიური ვაჭრობისთვის გამოიყენება. საბაზრო კაპიტალიზაცია გამოითვლება ამ რაოდენობის მიმდინარე ფასზე გამრავლებით, რის გამოც იგი ასახავს ღირებულებას დოლარში და არა მონეტების რაოდენობას. ორი სხვადასხვა პროექტის მიმოქცევაში არსებული ტოკენების რაოდენობა შესაძლოა მკვეთრად განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან, თუმცა, ეს აუცილებლად არ გამოიწვევს საბაზრო კაპიტალიზაციის მაჩვენებლებს შორის სხვაობასაც, ფასებს შორის არსებითი განსხვავების არსებობის შემთხვევაში.

რატომ არის საბაზრო კაპიტალიზაცია მნიშვნელოვანი კრიპტოვალუტებისთვის?

საბაზრო კაპიტალიზაციის მეშვეობით შესაძლებელია პროექტების მასშტაბების შედარება ტოკენების ინდივიდუალური ფასის გათვალისწინების გარეშე, ხოლო ყველა აქტივთან მიმართებაში გამოყენების შემთხვევაში, ბაზრის საერთო მდგომარეობას ასახავს. ეს სასარგებლო ორიენტირია, თუმცა ყველაზე ეფექტურია მისი სხვა ინდიკატორებთან ერთად და არა დამოუკიდებლად გამოყენება.

არის თუ არა საბაზრო კაპიტალიზაციის მაჩვენებელი ფასის მონაცემებზე უფრო მნიშვნელოვანი?

პროექტების შედარებისას საბაზრო კაპიტალიზაცია, როგორც წესი, ბევრად უფრო ეფექტური ინდიკატორია, ვიდრე მხოლოდ ტოკენის ფასი, ვინაიდან ცალკეული მონეტის დაბალი ან მაღალი ღირებულება თითქმის არაფერს ამბობს პროექტის მთლიან ღირებულებაზე. რამდენიმე ცენტიანი მონეტის საბაზრო კაპიტალიზაცია შესაძლოა ასობით დოლარის ღირებულების მონეტის კაპიტალიზაციაზე მეტი იყოს, თუკი მისი მარაგის მოცულობა ბევრად დიდია.

მიანიშნებს თუ არა მაღალი საბაზრო კაპიტალიზაცია უკეთეს საინვესტიციო შესაძლებლობაზე?

ყოველთვის არა. მაღალი საბაზრო კაპიტალიზაცია, როგორც წესი, მიუთითებს უფრო სტაბილურ, მაღალი ლიკვიდურობის მქონე პროექტზე, თუმცა არ იძლევა ფასის ზრდის გარანტიას. საბაზრო კაპიტალიზაცია მხოლოდ ერთ-ერთი ფაქტორია მრავალ სხვა ფაქტორს შორის და სწორედ ამიტომ, მისი გამოყენება რეკომენდებულია სხვა, ისეთ მაჩვენებლებთან ერთად, როგორიცაა პროექტის ფუნდამენტური მახასიათებლები, ტოკენომიკა, ვაჭრობის მოცულობა და ზოგადი საბაზრო პირობები.

შეჯამება

საბაზრო კაპიტალიზაცია წარმოადგენს კრიპტოვალუტების ბაზრის ზოგადი ღირებულების მარტივად განსაზღვრის მიზნით ფართოდ გამოყენებულ ინდიკატორს, რომლის გამოსათვლელადაც ფასისა და მიმოქცევაში არსებული მარაგის მონაცემები გამოიყენება. იგი მომხმარებლებს პროექტების მასშტაბების შედარებაში, პორტფოლიოს ფორმირებასა და ინდექსების შექმნაში ეხმარება. თუმცა იგი ასახავს მიმდინარე მდგომარეობას და არა პოტენციალს, მგრძნობიარეა ფასების მერყეობისა და ლიკვიდურობის მიმართ და არ მიუთითებს პროექტის ეფექტურობასა თუ სამომავლო პოტენციალზე. შესაბამისად, რეკომენდებულია საბაზრო კაპიტალიზაციის მაჩვენებლის სხვა, ისეთ ინდიკატორებთან ერთად გამოყენება, როგორიცაა ბლოკირებული აქტივების მთლიანი რაოდენობა (TVL), ვაჭრობის მოცულობა, ტოკენომიკა და on-chain აქტივობა,

დამატებითი საკითხავი

პოსტების გაზიარება

Binance Academy-ს სარედაქციო განყოფილება

დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.