ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ სტეიბლკოინების რეგულირება: რას მოიცავს შემოთავაზებული წესები

ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ სტეიბლკოინების რეგულირება: რას მოიცავს შემოთავაზებული წესები

განახლებული Sep 29, 2026
6m

მთავარი დეტალები

  • 2026 წლის სექტემბერში აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ საგადახდო სტეიბლკოინების რეგულირების წესები წარადგინა და გახდა აშშ-ის ბოლო მსხვილი მარეგულირებელი ორგანო, რომელმაც მათი ზედამხედველობის მიდგომა განსაზღვრა.

  • შემოთავაზებული წესები პრაქტიკაში ახორციელებს GENIUS Act-ს, აშშ-ის კანონს, რომელიც საგადახდო სტეიბლკოინების რეგულირების ჩარჩოს განსაზღვრავს.

  • ძირითადი პრინციპები მოიცავს მაღალი ხარისხის აქტივებით სრულ 1:1 სარეზერვო უზრუნველყოფას, კაპიტალის სტანდარტიზებულ მოთხოვნებს, რეზერვების შემნახველი ბანკებისთვის განსაზღვრულ წესებსა და სტეიბლკოინების გამოშვების მსურველი ბანკებისთვის განაცხადის წარდგენის პროცესს.

  • ეს მხოლოდ შემოთავაზებული და არა საბოლოოდ დამტკიცებული წესებია. ფედერალური სარეზერვო სისტემა შემოთავაზებების ფედერალურ რეესტრში გამოქვეყნებიდან 60 დღის განმავლობაში მიიღებს საჯარო კომენტარებს, ამიტომ ცალკეული დეტალები შესაძლოა კვლავ შეიცვალოს.

Binance Academy-ს კურსების ბანერი

შესავალი

2026 წლის სექტემბერში აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ (ფედერალური რეზერვი) წარადგინა საგადახდო სტეიბლკოინებთან დაკავშირებული წესები. ამ ნაბიჯით ფედერალური რეზერვი გახდა აშშ-ის ბოლო მსხვილი ორგანო, რომელმაც დეტალურად განსაზღვრა, თუ როგორ განხორციელდებოდა ბაზრის ამ სეგმენტის ზედამხედველობა.

წინამდებარე სტატიაში განმარტებულია, რას გვთავაზობს ფედერალური რეზერვი, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი და როგორ უკავშირდება აღნიშნული ინიციატივა აშშ-ის ფართო მიდგომას სტეიბლკოინების ზედამხედველობის მიმართ. გასათვალისწინებელია, რომ ეს მხოლოდ შემოთავაზებებია და არა საბოლოო წესები, ამიტომ ქვემოთ მოცემული დეტალები ასახავს 2026 წლის სექტემბრის მდგომარეობით არსებულ მონაცემებს.

რატომ ექვემდებარება სტეიბლკოინები რეგულირებას

საგადახდო სტეიბლკოინის მიზანია შეინარჩუნოს დაახლოებით ერთი ერთეული ფიატ ვალუტის, უმეტეს შემთხვევაში - ერთი აშშ დოლარის, ეკვივალენტური ღირებულება. ამ ღირებულების სტაბილურად შესანარჩუნებლად აქტივის გამომშვებისგან მოსალოდნელია რეზერვების ფლობა, რომლებიც მიმოქცევაში არსებულ ტოკენებს უზრუნველყოფს. თუ მომხმარებლებს აქვთ მოლოდინი, რომ თითოეული ტოკენის გამოსყიდვა შესაძლებელი იქნება მისი ნომინალური ღირებულებით, მონეტის ღირებულება შეიძლება შენარჩუნდეს მისი მიბმის ნიშნულთან ახლოს.

ვინაიდან სტეიბლკოინები ფართოდ გამოიყენება ღირებულების გადასაცემად და შესანახად, მარეგულირებელი ორგანოები რამდენიმე ძირითად საკითხზე ამახვილებენ ყურადღებას. ნამდვილად არსებობს თუ არა რეზერვები, არის თუ არა ისინი უსაფრთხო და რეალურად შეესაბამება თუ არა მათი ღირებულება ტოკენების დეკლარირებულ ღირებულებას? აქვთ თუ არა მფლობელებს საკუთარი ტოკენების გამოსყიდვის გარანტია? არსებობს თუ არა აქტივების გამომშვები მსხვილი კომპანიების პრობლემების უფრო ფართო ფინანსურ სისტემაზე გავრცელების ალბათობა? მკაფიო წესების მიზანია ამ კითხვებზე პასუხების წინასწარ განსაზღვრა, სანამ პრობლემები წარმოიქმნება.

GENIUS Act: საფუძველი

ფედერალური რეზერვის მიერ წარმოდგენილი შემოთავაზებები პრაქტიკაში ახორციელებს GENIUS Act-ს - აშშ-ის კანონს, რომელიც უზრუნველყოფს ფედერალურ მარეგულირებელ ჩარჩოს საგადახდო სტეიბლკოინებისთვის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კანონი განსაზღვრავს ძირითად მიზნებს, ხოლო ფედერალური რეზერვის მსგავსი უწყებები, მათი პრაქტიკაში განხორციელებისთვის, დეტალურ წესებს ადგენენ.

ზოგადი მიმართულება, მათ შორის მყარი სარეზერვო უზრუნველყოფისა და გამომშვებ კომპანიებზე ზედამხედველობის მოთხოვნები, უკვე კანონით არის განსაზღვრული. მიმდინარე შემოთავაზებები ძირითადად აზუსტებს, თუ როგორ უნდა განახორციელონ ზედამხედველობას დაქვემდებარებულმა გამომშვებმა კომპანიებმა და ბანკებმა აღნიშნული მოთხოვნები პრაქტიკაში.

რას გვთავაზობს ფედერალური რეზერვი

ფედერალურმა რეზერვმა ორი შემოთავაზებული წესი წარადგინა. პირველი ადგენს სტეიბლკოინებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, ხოლო მეორე განსაზღვრავს განაცხადის წარდგენის პროცესს გარკვეული ბანკებისთვის. ძირითადი დადასტურებული ელემენტები ქვემოთ არის წარმოდგენილი.

სრული სარეზერვო უზრუნველყოფა

ფედერალური რეზერვის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ საგადახდო სტეიბლკოინების გამომშვებ კომპანიებს, მიმოქცევაში არსებული ტოკენების სრულად უზრუნველყოფა დასაშვები სარეზერვო აქტივებით მოეთხოვებათ. ასეთ აქტივებს მიეკუთვნება მაღალი ხარისხისა და მაღალი ლიკვიდურობის მქონე აქტივები, მაგალითად, მოკლევადიანი სახაზინო ვალდებულებები. მიზანი მარტივია: მიმოქცევაში არსებული თითოეული ტოკენი უნდა იყოს უზრუნველყოფილი რეალური, მარტივად რეალიზებადი აქტივებით, რათა მფლობელებმა მათი გამოსყიდვა შეძლონ.

ეს მიდგომა მჭიდროდ უკავშირდება რეზერვების მტკიცებულებას - პრაქტიკას, რომელიც ადასტურებს, რომ რეზერვები რეალურად არსებობს და მათი მოცულობა არსებულ ვალდებულებებს შეესაბამება. მკაცრი სარეზერვო მოთხოვნების მიზანია მონეტის მიერ მიბმის გაუქმების რისკის შემცირება.

კაპიტალისა და რისკების მართვის სტანდარტები

პირველი წესი ასევე ითვალისწინებს კაპიტალის სტანდარტიზებულ მოთხოვნებსა და რისკების მართვის სტანდარტებს სტეიბლკოინებთან დაკავშირებული საქმიანობისთვის. კაპიტალი ფინანსური ბუფერის ფუნქციას ასრულებს და გამომშვებ კომპანიებს საკრედიტო ან საოპერაციო პრობლემებით გამოწვეული ზარალის დაფარვაში ეხმარება. მთავარ მიზანს გამომშვები კომპანიების მდგრადობის დონის გაუმჯობესება წარმოადგენს იმ შემთხვევაში, თუ პროცესები გარკვეული მიზეზით შეფერხდება.

რეზერვების შემნახველი ბანკებისთვის განკუთვნილი წესები

შემოთავაზება ასევე ეხება ფედერალური რეზერვის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ბანკებს, რომლებიც სტეიბლკოინების რეზერვებს კასტოდიალური, ანუ უსაფრთხო მეთოდით ინახავენ. მასში განსაზღვრულია, თუ რომელი დაკავშირებული საქმიანობების განხორციელება შეუძლიათ ასეთ ბანკებს. ეს ხელს უწყობს იმ როლის მკაფიოდ განსაზღვრას, რომლის შესრულებაც ბანკებს სტეიბლკოინების ფუნქციონირების მხარდაჭერის ფარგლებში შეუძლიათ.

განაცხადის წარდგენის პროცესი გამომშვები ბანკებისთვის

მეორე წესი განსაზღვრავს განაცხადის წარდგენის პროცესებს სპეციალურად ფედერალური სარეზერვო სისტემის წევრი შტატის ბანკებისთვის, რომლებსაც სტეიბლკოინების შვილობილი კომპანიების მეშვეობით გამოშვება სურთ. ბანკს მოეთხოვება ისეთი მასალების წარდგენა, როგორიცაა ბიზნეს-გეგმა და ფინანსური ინფორმაცია; პროცესი ასევე მოიცავს გასაჩივრების, მოსმენებისა და საბოლოო გადაწყვეტილებების მიღების პროცედურებს. ეს ბანკებს ზედამხედველობის პირობებში სტეიბლკოინების სივრცეში შესვლის მკაფიოდ განსაზღვრულ გზას უქმნის.

მიმდინარე სტატუსი და შემდეგი ნაბიჯები

გაითვალისწინეთ, რომ ეს მხოლოდ შემოთავაზებებია და არა საბოლოო წესები. ფედერალური რეზერვის განცხადებით, საჯარო კომენტარების მიღება გაგრძელდება აღნიშნული შემოთავაზებების ფედერალურ რეესტრში გამოქვეყნებიდან 60 დღის განმავლობაში. ამ პერიოდის განმავლობაში საზოგადოების წევრებს, კომპანიებსა და სხვა ჯგუფებს შესაძლებლობა ექნებათ წარმოადგინონ საკუთარი მოსაზრებები, შესაბამისად, საბოლოო დამტკიცებამდე ცალკეული დებულებები შესაძლოა კვლავ შეიცვალოს.

განცხადების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე აღნიშნული იყო, რომ ფედერალური რეზერვის მმართველთა საბჭოს წევრმა მაიკლ ს. ბარმა საჯაროდ გამოთქვა შეშფოთება აღნიშნული შემოთავაზებით გათვალისწინებულ ფულის გათეთრების საწინააღმდეგო (AML) ზედამხედველობასთან დაკავშირებით. ეს მიუთითებს, რომ საბოლოო დამტკიცებამდე წესები შესაძლოა განხილვის საგანი გახდეს და გარკვეული ცვლილებებიც განხორციელდეს.

როგორ ჯდება ეს უფრო ფართო მარეგულირებელ სურათში

ფედერალური რეზერვი ერთ-ერთია აშშ-ის იმ რამდენიმე უწყებას შორის, რომლებიც კრიპტოვალუტების სივრცის ზედამხედველობის პროცესებშია ჩართული, ისეთ ორგანოებთან ერთად, როგორიცაა სასაქონლო ფიუჩერსებით ვაჭრობის კომისია (CFTC). სხვა საბანკო მარეგულირებელ ორგანოებს, მათ შორის FDIC-სა და ვალუტების კონტროლის ოფისს, სტეიბლკოინებთან დაკავშირებული მოთხოვნების განხორციელების საკუთარი წესები უკვე ჰქონდათ შემოთავაზებული.

ვინაიდან ფედერალური რეზერვი მოხსენიებულია, როგორც ბოლო მსხვილი ორგანო, რომელმაც მსგავსი წესები წარადგინა, მის მიერ წარდგენილი შემოთავაზება ხელს უწყობს GENIUS Act-ის ფარგლებში აშშ-ის ზედამხედველობის სისტემის საბოლოო სურათის ჩამოყალიბებას.

ფედერალური რეზერვი, როგორც ქვეყნის ცენტრალური ბანკი, გადამწყვეტ როლს თამაშობს აშშ-ის ფინანსურ სისტემაშიც. მისი ჩართულობა მიუთითებს, რომ მარეგულირებელი ორგანოები მსხვილ სტეიბლკოინებს საგადახდო ეკოსისტემის მნიშვნელოვან ნაწილად განიხილავენ.

ხშირად დასმული შეკითხვები

არის თუ არა ფედერალური რეზერვის სტეიბლკოინებთან დაკავშირებული წესები საბოლოო?

არა. 2026 წლის სექტემბრის მდგომარეობით, ეს მხოლოდ შემოთავაზებებია. ფედერალური რეზერვი წარდგენილი წინადადებების ფედერალურ რეესტრში გამოქვეყნებიდან 60 დღის განმავლობაში მიიღებს კომენტარებს, ხოლო ცალკეული დეტალები წესების საბოლოო დამტკიცებამდე შესაძლოა შეიცვალოს.

რით უნდა იყოს უზრუნველყოფილი საგადახდო სტეიბლკოინი შემოთავაზების მიხედვით?

ზედამხედველობას დაქვემდებარებულ გამომშვებ კომპანიებს ტოკენების სრულად უზრუნველყოფა მოეთხოვებათ დასაშვები, მაღალი ხარისხისა და მაღალი ლიკვიდურობის მქონე სარეზერვო აქტივებით, მაგალითად, მოკლევადიანი სახაზინო ვალდებულებებით, რათა მფლობელებმა მათი გამოსყიდვა შეძლონ.

რა კავშირი აქვს ამას GENIUS Act-თან?

GENIUS Act არის აშშ-ის კანონი, რომელიც საგადახდო სტეიბლკოინების მარეგულირებელ ჩარჩოს განსაზღვრავს. ფედერალური რეზერვის მიერ წარდგენილი შემოთავაზებები მოიცავს დეტალურ წესებს, რომლებიც ამ კანონის პრაქტიკაში განხორციელებას ემსახურება.

შეუძლიათ თუ არა ბანკებს ამ შემოთავაზებების ფარგლებში სტეიბლკოინების გამოშვება?

აღნიშნული შემოთავაზებები ითვალისწინებს განაცხადის წარდგენის პროცესს შტატის ფედერალური სარეზერვო სისტემის წევრი ბანკებისთვის, რომლებსაც სტეიბლკოინების შვილობილი კომპანიების მეშვეობით გამოშვება სურთ. ამისათვის მათ ისეთი მასალების წარდგენა მოეთხოვებათ, როგორიცაა ბიზნესგეგმა და ფინანსური ინფორმაცია; ასევე გათვალისწინებულია გასაჩივრებისა და მოსმენების პროცედურები.

შეჯამება

ფედერალური რეზერვის მიერ 2026 წლის სექტემბერში წარდგენილი შემოთავაზებები მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს შეერთებულ შტატებში საგადახდო სტეიბლკოინების ზედამხედველობის სისტემის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. დადასტურებული ძირითადი პრინციპები მოიცავს სრულ სარეზერვო უზრუნველყოფას, კაპიტალისა და რისკების მართვის სტანდარტებს, რეზერვების შემნახველი ბანკებისთვის განკუთვნილ წესებსა და მკაფიოდ განსაზღვრულ პროცესს იმ ბანკებისთვის, რომლებსაც სტეიბლკოინების გამოშვება სურთ. ვინაიდან აღნიშნული შემოთავაზებები საბოლოოდ დადასტურებული არ არის, საჯარო კომენტარების მიღების პერიოდის დასრულებისა და წარმოდგენილი მოსაზრებების განხილვის შემდეგ დამტკიცებული საბოლოო წესები შესაძლოა გარკვეულწილად განსხვავებული იყოს.

დამატებითი საკითხავი