რა არის და როგორ მუშაობს SushiSwap?

რა არის და როგორ მუშაობს SushiSwap?

განახლებული Apr 6, 2026
8m

მთავარი დეტალები

  • SushiSwap არის დეცენტრალიზებული ბირჟა (DEX), რომელიც იყენებს ავტომატიზებული მარკეტ-მეიკერის (AMM) მოდელს და მომხმარებლებს სთავაზობს ტოკენების პირდაპირ სმარტ კონტრაქტების მეშვეობით, ცენტრალიზებული შუამავლის გარეშე გადაცვლის საშუალებას.

  • SushiSwap-მა წარმოგვიდგინა governance ტოკენი, სახელწოდებით SUSHI, რომელიც მფლობელებს აძლევს პროტოკოლთან დაკავშირებული გადაწყვეტილებებისთვის ხმის მიცემის უფლებას და ვაჭრობის საკომისიოებიდან წილის მიღების შესაძლებლობას.

  • გაშვების შემდეგ SushiSwap მნიშვნელოვნად გაფართოვდა: ამჟამად ის მუშაობს 35-ზე მეტ ბლოკჩეინ-ქსელზე. 2023 წელს გაშვებული v3 განახლება მოიცავდა კონცენტრირებულ ლიკვიდურობას და მიზნად ისახავდა კაპიტალის ეფექტურობის გაუმჯობესებას.

SushiSwap არის დეცენტრალიზებული ბირჟა (DEX), რომელიც დაფუძნებულია ავტომატიზებული მარკეტმეიკერის (AMM) მოდელზე. ის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს კრიპტოვალუტის ტოკენები პირდაპირ გაცვალონ სმარტ კონტრაქტების მეშვეობით, ცენტრალიზებული შუამავლის ან ტრადიციული შეკვეთების წიგნის გამოყენების გარეშე. 2020 წლის სექტემბერში SushiSwap გაეშვა, როგორც Uniswap-ის fork და წარმოგვიდგინა ადგილობრივი governance ტოკენი, რაც მფლობელებს აძლევს პროტოკოლის განვითარების მიმართულების განსაზღვრაში მონაწილეობის მიღების უფლებას.

თავდაპირველად SushiSwap წარმოადგენდა მხოლოდ Ethereum-ზე გაშვებულ DEX-ს, დღეისათვის კი ის არის რამდენიმე ბლოკჩეინზე მომუშავე პროტოკოლი, რომელიც 35-ზე მეტ ქსელზეა გაშვებული, მისი პროდუქტები კი აღარ შემოიფარგლება უბრალოდ ტოკენების სვოპით. ამ გზამკვლევში აღწერილია, თუ როგორ მუშაობს SushiSwap, რისთვის გამოიყენება SUSHI ტოკენი, რა პროდუქტებს გვთავაზობს ეს პროტოკოლი და რა რისკები უნდა გაითვალისწინოთ მისი გამოყენების დაწყებამდე.

SushiSwap-ის შექმნა

SushiSwap შეიქმნა ორი ანონიმური დეველოპერის - Chef Nomi-ს და 0xMaki-ს მიერ, რისთვისაც მათ გამოიყენეს Uniswap-ის ღია პროგრამული კოდი. პროტოკოლი Uniswap-ის ლიკვიდურობის პროვაიდერებს სთავაზობდა საკუთარი LP ტოკენების SushiSwap-ზე განთავსებას SUSHI ჯილდოების მიღების სანაცვლოდ. რამდენიმე დღეში, სტეიკინგზე განთავსებული აქტივების ღირებულებამ 1 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. მოგვიანებით, ეს LP ტოკენები გადატანილ იქნა SushiSwap-ის კუთვნილ პულებში, რის შემდეგაც სავაჭრო ბირჟამ ოფიციალურად დაიწყო ფუნქციონირება.

მის გაშვებას პრობლემების გარეშე არ ჩაუვლია. გაშვებიდან ცოტა ხანში Chef Nomi-მ დეველოპერების ფონდის ნაწილი დააკონვერტირა ETH-ში, რამაც საზოგადოებაში შეშფოთება გამოიწვია. მოგვიანებით ეს თანხები უკან უკან იქნა დაბრუნებული, ასევე შეიცვალა პროტოკოლის ხელმძღვანელობა. ეს ეპიზოდი წარმოადგენს საზოგადოების მიერ მართულ DeFi პროტოკოლებთან დაკავშირებული რისკების და ასევე მათი მდგრადობის ნათელ მაგალითს. ამ გამოცდილებამ დაგვანახა, რომ დეცენტრალიზებული მმართველობა გვთავაზობს საზოგადოების მიერ ეფექტურ კონტროლს, თუმცა ის ასევე დამოკიდებულია იმ პირების კეთილსინდისიერებაზე, რომლებიც მონაწილეობენ პროტოკოლის ყოველდღიურ ოპერაციებში.

როგორ მუშაობს SushiSwap

SushiSwap წარმოადგენს AMM მოდელზე დაფუძნებულ DEX-ს. თანმხვედრი მყიდველებისა და გამყიდველების მოძიებისთვის შეკვეთების წიგნის გამოყენების ნაცვლად, ის იყენებს ლიკვიდურობის პულებს, რომლებიც წარმოადგენს სმარტ კონტრაქტებში დაბლოკილი ტოკენების წყვილების ნაკრებს. ლიკვიდურობის პროვაიდერები პულში განათავსებენ ორ ტოკენს თანაბარი ღირებულებით და სანაცვლოდ იღებენ LP ტოკენებს, რაც აღნიშნავს მათ წილს პულში. ამ პულების გამოყენებით ტრეიდერები ახორციელებენ ტოკენების სვოპს, ხოლო მათ მიერ გადახდილი საკომისიოები ნაწილდება ლიკვიდურობის პროვაიდერებს შორის მათი წილების შესაბამისად.

Ethereum-ზე ტოკენების სვოპისთვის SushiSwap იყენებს ERC-20 ტოკენების სტანდარტს, ხოლო სხვა მხარდაჭერილ ქსელებზე - ამ ქსელების შესაბამის სტანდარტებს. 2023 წელს SushiSwap-მა წარმოადგინა v3 კონცენტრირებული ლიკვიდურობა, რაც ლიკვიდურობის პროვაიდრებს აძლევს საკუთარი კაპიტალის ფასის კონკრეტულ დიაპაზონში განთავსების შესაძლებლობას. ეს მიდგომა საკუთარი კაპიტალის ეფექტურობის გაუმჯობესების შესაძლებლობას სთავაზობს იმ პროვაიდერებს, რომლებიც აქტიურად მართავენ საკუთარ პოზიციებს, თუმცა ეს მოდელი გაცილებით კომპლექსურია. SushiSwap ასევე იყენებს RouteProcessor-ს - შეკვეთების მარშრუტიზაციის ინტელექტუალურ ფუნქციას, რომელიც ეძებს შეკვეთების აღსრულების ყველაზე ეფექტურ მარშრუტს სხვადასხვა ლიკვიდურობის პულებში (და ზოგჯერ ბლოკჩეინებზე), რაც მომხმარებელს ეხმარება სვოპებისთვის საუკეთესო ფასების მოძიებაში.

SUSHI ტოკენი

SUSHI წარმოადგენს SushiSwap-ის ადგილობრივ ტოკენს, რომელსაც აქვს ორი ძირითადი ფუნქცია: მმართველობაში მონაწილეობის უფლების მინიჭება და საკომისიოების განაწილება. SUSHI-ს მფლობელებს შეუძლიათ ხმა მისცენ SushiSwap-ის გაუმჯობესების შემოთავაზებებს (SIP-ებს), რაც შეიძლება მოიცავდეს საკომისიოების სტრუქტურაში ცვლილებების შეტანას, ახალი პროდუქტების გაშვებას და ხაზინის მართვას. საზოგადოების მიერ მართვაზე დაფუძნებული ამ მოდელის მიზანია იმის უზრუნველყოფა, რომ პროტოკოლის განვითარების მიმართულება შეესაბამებოდეს აქტიურ მონაწილეთა ინტერესებს.

SUSHI-ს მფლობელებს შეუძლიათ საკუთარი ტოკენები განათავსონ სტეიკინგზე SushiBar-ში და სანაცვლოდ მიიღონ xSUSHI ტოკენი. xSUSHI-ის მფლობელები იღებენ წილს SushiSwap-ის პულებზე განხორციელებული ვაჭრობების საკომისიოებიდან. საკომისიოების დაგროვების პარალელურად, xSUSHI-სა და SUSHI-ს ფასებს შორის განსხვავება იზრდება, თუმცა რეალური მოგება დამოკიდებულია ვაჭრობის მოცულობებსა და ბაზრის პირობებზე.

DeFi-ს სხვა governance ტოკენების მსგავსად, SUSHI-სთვის დამასიათებელია ფასის მნიშვნელოვანი მერყეობა, რაც ასახავს როგორც ზოგადად DeFi ბაზრის ციკლებს, ასევე თავად SushiSwap-ის პოპულარობის ცვლილების ტენდენციებს. SUSHI-ს ღირებულება შეიძლება სწრაფად შეიცვალოს და პროტოკოლის მეშვეობით გამომუშავებული ჯილდოები გარანტირებული არ არის.

SushiSwap-ის პროდუქტების ნაკრები

ტოკენების სვოპის გარდა, SushiSwap-ის ეკოსისტემა გვთავაზობს რამდენიმე დამატებით ფუნქციას:

რამდენიმე ბლოკჩეინზე გაშვება

SushiSwap გაშვებულია 35-ზე მეტ ბლოკჩეინის ქსელზე, რომელთა შორისაა Ethereum, BNB Chain, Arbitrum, Optimism, Polygon, Base და Avalanche. ამით SushiSwap განსხვავდება სხვა DEX-ებისგან, რომლებიც ძირითადად ერთ ბლოკჩეინზე მუშაობს. ამის წყალობით მომხმარებელს SushiSwap-ის AMM მოდელზე და საკომისიოების განაწილების სტრუქტურაზე წვდომა მრავალი სხვადასხვა ეკოსისტემიდან შეუძლია.

კონცენტრირებული ლიკვიდურობა (v3 განახლება)

v3 განახლება მოიცავდა კონცენტრირებული ლიკვიდურობის ფუნქციის დამატებას, რაც პროვაიდერებს აძლევს საკუთარი კაპიტალის ფასის კონკრეტულ დიაპაზონში გამოყენების შესაძლებლობას, სადაც მოსალოდნელია უფრო მაღალი აქტივობა. ამის წყალობით საკომისიოებით გამომუშავებული მოგება შედარებით მაღალია, როდესაც პროვაიდერების პოზიციები აქტიურად იმართება, თუმცა ეს ასევე დაკავშირებულია დროებითი ზარალის უფრო მაღალ რისკთან, თუ ფასები გასცდება მითითებულ დიაპაზონს.

Bentobox და Kashi

BentoBox წარმოადგენდა ტოკენების საცავს, რომელიც აუმჯობესებდა კაპიტალის ეფექტურობას დეპონირებული აქტივების SushiSwap ეკოსისტემაში სხვადასხვა სტრატეგიებში გამოყენების მეშვეობით. ეს აქტივები შეიძლება განაწილებული ყოფილიყო სხვადასხვა აპლიკაციებზე, მაგალითად Kashi-ზე, რომელიც წარმოადგენდა BentoBox-თან დაკავშირებულ სესხების გაცემის პლატფორმას იზოლირებული სესხების ბაზრებით, სადაც თითოეული წყვილი დამოუკიდებლად მოქმედებდა რისკების შემცირების მიზნით. SushiSwap-ის გუნდმა შეწყვიტა Kashi-ს მხარდაჭერა და დღეისათვის ის აღარ ფუნქციონირებს. რაც შეეხება BentoBox-ს, მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ კიდევ არსებობს, ზოგადად მოძველებულ კომპონენტად ითვლება და აღარ ექცევა სათანადო ყურადღება ეკოსისტემის დეველოპერების მხრიდან.

SushiSwap და Uniswap

SushiSwap და Uniswap წარმოადგენს AMM-ზე დაფუძნებულ DEX-ებს, რომლებიც ერთმანეთის მსგავსი ფუნდამენტური მექანიზმებით მუშაობს, ორივე მათგანი გვთავაზობს კონცენტრირებულ ლიკვიდურობას კაპიტალის ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით. მათ შორის არსებობს რამდენიმე ძირითადი განსხვავება:

  • მმართველობა და საკომისიოების განაწილება: SushiSwap-ის SUSHI ტოკენი მის მფლობელებს აძლევს პროტოკოლის სავაჭრო აქტივობებით გენერირებული სარგებლიდან წილის პირდაპირ მიღების შესაძლებლობას, რისთვისაც გამოიყენება xSUSHI ტოკენის საკომისიოების განაწილების მექქნიზმი. Uniswap-ის UNI ტოკენი მომხმარებელს სთავაზობს მმართველობაში მონაწილეობის უფლებებს, თუმცა ამჟამად არ გამოიყენება მფლობელებს შორის ტრანზაქციების საკომისიოების გადანაწილების მსგავსი მექანიზმიy.

  • წვდომა მრავალ ბლოკჩეინზე: SushiSwap გაშვებულია 35-ზე მეტ ქსელზე; Uniswap ამჟამად რამდენიმე ქსელზე მუშაობს, თუმცა მისი გაშვების სტრატეგია განსხვავებულია.

  • პროტოკოლის ინოვაცია: Uniswap v4 გვთავაზობს hook-ებზე დაფუძნებულ პერსონალზებად პულებს, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან არქიტექტურულ ცვლილებას. SushiSwap-ის განვითარება ფოკუსირებულია ბლოკჩეინების რაოდენობის გაზრდაზე, RouteProcessor-ის მარშრუტიზაციაზე და BentoBox-ის საცავის ეკოსისტემაზე.

  • TVL და მოცულობა: ზოგადად, Uniswap-ის ბლოკირებული აქტივების მთლიანი რაოდენობა და ვაჭრობის მოცულობა შედარებით მაღალია. ორივე პროტოკოლი ფუნქციონირებს კონკურენტულ DEX სივრცეში, სადაც ასევე გაშვებულია აგრეგატორები და სხვა AMM-ები.

DeFi ეკოსისტემაში შესაძლებელია რამდენიმე AMM პროტოკოლის თანაარსებობა, რომლებიც სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება. DEX აგრეგატორების და მარშრუტიზაციის ტექნოლოგიის გაუმჯობესებამ შეამცირა ლიკვიდურობის ფრაგმენტაციასთან დაკავშირებული ხარვეზები, რაც მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა AMM-ების განვითარების საწყის ეტაპზე.

გასათვალისწინებელი რისკები

SushiSwap-ის, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა DeFi პროტოკოლის გამოყენება დაკავშირებულია მნიშვნელოვან რისკებთან, რომლებიც მომხმარებელმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს თანხების დეპონირებამდე:

  • სმარტ კონტრაქტთან დაკავშირებული რისკი: SushiSwap-ის ფუნქციები დამოკიდებულია სმარტ კონტრაქტებზე, რომლებიც, მიუხედავად აუდიტებისა, შეიძლება შეიცავდეს ფარულ საფრთხეებს. წარსულში დაფიქსირებული DeFi-ს ექსპლოიტები იმის მაგალითია, რომ შემოწმებული კოდიც კი არ არის გარანტირებულად უსაფრთხო.

  • დროებითი ზარალი: თუ პულში არსებული ტოკენების ფასები ერთმანეთს მნიშვნელოვნად დაშორდება, ლიკვიდურობის პროვაიდერებმა შეიძლება განიცადონ დროებითი ზარალი. კონცენტრირებული ლიკვიდურობის პოზიციები კიდევ უფრო გაზრდის ფაქტორის გავლენას იმ შემთხვევაში, თუ ფასები გასცდება არჩეულ დიაპაზონს.

  • ტოკენის მერყეობა: SUSHI-ს მფლობელების მიერ მმართველობაში მონაწილეობის დროს მიღებულმა გადაწყვეტილებამ შეიძლება შეცვალოს პროტოკოლის მექანიზმი, საკომისიოების სტრუქტურა და ხაზინის განაწილების წესები. საზოგადოების მმართველობის მოდელის ეფექტურობა დამოკიდებულია აქტიურ მონაწილეობაზე და ინფორმირებულ გადაწყვეტილებებზე.

თუ გსურთ მეტი გაიგოთ DeFi სფეროში სარგებლის ფარმინგის და ლიკვიდურობის უზრუნველყოფის პროდუქტების მუშაობის შესახებ, გაეცანით Academy-ს სტატიებს, სადაც დეტალურადაა წარმოდგენილი ძირითადი კონცეფციები და მათთან დაკავშირებული რისკები (დამატებითი საკითხავი).

უსაფრთხოა თუ არა Sushiswap-ის გამოყენება?

SushiSwap წარმოადგენს არაკასტოდიალურ პროტოკოლს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლები ინარჩუნებენ კონტროლს საკუთარ აქტივებზე საკუთარი საფულეების მეშვეობით და არ ხდება მათი დეპონირება ცენტრალიზებულ საცავებში. მათი კონტრაქტების უსაფრთხოების აუდიტი რეგულარულად ტარდება, თუმცა ეს ვერ უზრუნველყოფს ყველა რისკის აღმოფხვრას. როგორც ნებისმიერი სხვა DeFi პროტოკოლის შემთხვევაში, მომხმარებელმა თავად უნდა ჩაატაროს მოკვლევა კონკრეტული პულების ან პროდუქტების შესასწავლად და გამოიყენოს მხოლოდ ის თანხა, რომლის დაკარგვაც დიდად არ დააზარალებს.

შეჯამება

SushiSwap წარმოადგენს დეცენტრალიზებული ბირჟების განვითარების პროცესის ილუსტრაციას. ის ავტომატური მარკეტ-მეიკერების მექანიზმს აერთიანებს მრავალ ბლოკჩეინზე გაშვების და საზოგადოების მიერ მართვის მოდელთან, რისთვისაც იყენებს SUSHI ტოკენს. ushiSwap არის DeFi ეკოსისტემის ნაწილი, რომელიც ასახავს არაკასტოდიალური ვაჭრობის და მმართველობის როგორც დადებით, ასევე უარყოფით მხარეებს და გვაჩვენებს ინფორმირებული მონაწილეობის და რისკის შეფასების მნიშვნელობას.

დამატებითი საკითხავი

რა არის ავტომატური მარკეტ-მეიკერი (AMM)?

რა არის და როგორ მუშაობს Uniswap?

რა არის ლიკვიდურობის პულები DeFi-ში?

რა არის სარგებლის ფარმინგი დეცენტრალიზებულ ფინანსებში (DeFi)?

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.