რა არის Uniswap და როგორ მუშაობს ის?

რა არის Uniswap და როგორ მუშაობს ის?

განახლებული Apr 24, 2026
9m

მთავარი დეტალები

  • Uniswap არის დეცენტრალიზებული ბირჟა (DEX) რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ივაჭრონ კრიპტო ტოკენებით Ethereum-ზე და კიდევ 10-ზე მეტ სხვა ბლოკჩეინზე, ცენტრალურ ორგანოზე დაყრდნობის გარეშე.

  • ის იყენებს ავტომატიზებული მარკეტ-მეიკერის (AMM) მოდელს და ლიკვიდურობის პულებს ტრადიციული შეკვეთების წიგნის ნაცვლად, ხოლო აქტივების ფასების დადგენას მუდმივი ფორმულის x * y = k მეშვეობით ახორციელებს.

  • მომხმარებლებს შეუძლიათ უზრუნველყონ ლიკვიდურობა ვაჭრობის საკომისიოების მიღების სანაცვლოდ, თუმცა უნდა გაითვალისწინონ დროებითი ზარალის რისკები, როდესაც დეპონირებული ტოკენების ფასები იცვლება.

  • მმართველობის ტოკენი UNI მფლობელებს უფლებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ პროტოკოლის ცვლილებებთან დაკავშირებულ ხმის მიცემის პროცესში. Uniswap v4 2025 წლის იანვარში გაეშვა და დანერგა პროგრამირებადი „hook-ები“ და კონტრაქტების signleton არქიტექტურა გაზის საკომისიოების შემცირების მიზნით.

Binance Academy-ს კურსების ბანერი

ცენტრალიზებული ბირჟები (CEX-ები) დიდი ხნის განმავლობაში წარმოადგენდა კრიპტოვალუტების ბაზრის ძირეულ კომპონენტს, რასაც მათი ლიკვიდურობა და ფიატ on-ramp-ები განაპირობებდა. თუმცა დეცენტრალიზებული ბირჟები (DEX-ები) პოპულარობას იძენს, რადგან მომხმარებლებს იზიდავს Peer-to-Peer ვაჭრობა და საფულეზე პირდაპირი წვდომა. Uniswap ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებული DEX-ია. ჰეიდენ ადამსის მიერ 2018 წელს შექმნილმა Uniswap-მა ხელი შეუწყო ავტომატიზებული მარკეტ-მეიკერის (AMM) მოდელის პოპულარიზაციას, რომელიც Ethereum-ის თანადამაარსებლის - ვიტალიკ ბუტერინის მიერ იყო შთაგონებული და რამაც უდიდესი როლი ითამაშა DEX-ების ეკოსისტემის განვითარების საქმეში.

რა არის Uniswap?

Uniswap არის დეცენტრალიზებული ბირჟა (DEX), რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ივაჭრონ კრიპტოვალუტებით ცენტრალურ ორგანოზე დამოკიდებულების გარეშე. თავდაპირველად პროტოკოლი მხოლოდ Ethereum-ზე იყო ხელმისაწვდომი, თუმცა მას შემდეგ ის გაფართოვდა და ახლა 10-ზე მეტ დამატებით ბლოკჩეინს უჭერს მხარს.

Uniswap მუშაობს სმარტ კონტრაქტებზე, თვითაღსრულებად პროგრამებზე, რომელთა კოდშიც პირდაპირაა ჩაწერილი თითოეული ვაჭრობის წესები. ის ვაჭრობის უზრუნველსაყოფად ტრადიციული შეკვეთების წიგნების ნაცვლად ლიკვიდურობის პულებს იყენებს.

როგორ მუშაობს Uniswap?

Uniswaps-ის მთავარ კომპონენტს მისი Constant Product Market Maker (CPMM) მოდელი წარმოადგენს. როდესაც ლიკვიდურობის პულში ტოკენის წყვილს ამატებთ როგორც ლიკვიდურობის პროვაიდერი, თქვენ იღებთ ლიკვიდურობის პროვაიდერის (LP) ტოკენებს, რომლებიც მიუთითებს თქვენს წილზე ამ პულში და პულის მიერ გენერირებულ საკომისიოებში.

მაგალითისთვის ავიღოთ ETH/USDT პული. ETH-ის წილი აღვნიშნოთ როგორც x, ხოლო USDT-ის წილი როგორც y. Uniswap ამრავლებს x-ს y-ზე პულის ჯამური ლიკვიდურობის - k-ს მისაღებად. მთავარი წესის მიხედვით k უნდა დარჩეს უცვლელი. შესაბამისად, ფორმულა შემდეგნაირად გამოიყურება: x * y = k.

თუ ტრეიდერი ხართ და ETH-ს ყიდულობთ, პულში ამატებთ USDT-ს და აკლებთ ETH-ს. ეს ცვლის თანაფარდობას x-სა და y-ს შორის, რაც პულში ETH-ის ფასს ზრდის. რაც უფრო დიდი მოცულობისაა ვაჭრობა პულის ზომასთან შედარებით, უფრო დიდია ფასის ცვლილებაც და იზრდება ფასის ცურვის პოტენციალიც. უფრო დიდი ლიკვიდურობის პულებს შეუძლიათ დიდი მოცულობის შეკვეთების შევსება, ფასის ცვლილებაზე ნაკლები გავლენით.

ეს მოდელი სწორხაზოვნად არ მასშტაბირდება. დიდი მოცულობის შეკვეთები, პატარებზე უფრო ძვირია და შეიძლება მნიშვნელოვანი ფასის ცურვა გამოიწვიოს, ამიტომ ტრეიდერები ხშირად ანაწილებენ დიდი მოცულობის სვოპებს რამდენიმე ეტაპად ან რამდენიმე პლატფორმის ფარგლებში.

Uniswap-ის ევოლუცია

Uniswap-მა გაიარა პროტოკოლის განახლების რამდენიმე ეტაპი, რომელთაგან თითოეულმა მნიშვნელოვანი განახლებები დაამატა.

Uniswap v1 (2018)

პირველმა ვერსიამ დაამტკიცა AMM კონცეფცია. მან შესაძლებელი გახადა Ethereum-ზე ნებისმიერი ERC-20 ტოკენით ვაჭრობა, თუმცა მოთხოვნის მიხედვით თითოეულ პულში სავაჭრო წყვილიდან ერთ-ერთი აუცილებლად ETH უნდა ყოფილიყო.

Uniswap v2 (2020)

Uniswap v2-მა დანერგა ERC-20/ERC-20 პულები, რითიც ETH-ის შუამავლად გამოყენების საჭიროება გააუქმა. მან უზრუნველყო ფასის oracle, რომელიც აგროვებდა ორი აქტივის თანაფარდობით ფასს თითოეული ბლოკის დასაწყისში, რაც Ethereum-ზე დანარჩენ კონტრაქტებს აძლევდა ორი აქტივის დროით შეწონილი საშუალო ფასის (TWAP) განსაზღვრის შესაძლებლობას გარკვეული დროის მონაკვეთისთვის. ამ ვერსიამ ასევე შემოიღო ფლეშ-სვოპები და შეამცირა გაზის საკომისიოები პროტოკოლის ოპტიმიზაციის მეშვეობით. ამ ცვლილებებმა ხელი შეუწყო პროტოკოლის გავრცელებას და AMM-ების დანერგვას შეკვეთების წიგნებზე მომუშავე ბირჟების ალტერნატიულ ვარიანტად.

Uniswap v3 (2021)

Uniswap v3-მა გადაჭრა კაპიტალის ეფექტურობის პრობლემა. ადრეულ AMM-ებში ლიკვიდურობა ნაწილდებოდა ყველა შესაძლო ფასზე, რის გამოც მისი დიდი ნაწილი გამოუყენებელი რჩებოდა. Uniswap v3-ში LP-ებს შეეძლოთ თავიანთი დეპოზიტებისთვის ინდივიდუალური ფასის დიაპაზონების განსაზღვრა, რამაც შედეგად გამოიღო ლიკვიდურობის კონცენტრაციის უფრო მაღალი დონე განსაზღვრულ ფასის დიაპაზონში ყველაზე მაღალი სავაჭრო აქტივობით.

ვინაიდან თითოეული LP-ის პოზიცია უნიკალურია, v3-ში ეს პოზიციები ჩანაცვლებადი ERC-20 ტოკენების ნაცვლად, არაჩანაცვლებადი ტოკენების სახითაა წარმოდგენილი. Uniswap v3-მა ასევე შემოიღო საკომისიოების სამი დონე (0,05%, 0,30%, და 1,00%), რათა დაეხმაროს LP-ებს დაარეგულირონ ზღვარი და მართონ რისკები ტოკენის წყვილის მოსალოდნელი მერყეობის შესაბამისად. ასევე დამატებულ იქნა მე-2 დონის მასშტაბირების ტექნოლოგიების მხარდაჭერა. მიუხედავად იმისა, რომ ამით არ შემცირდა Ethereum-ის mainnet-ის გაზის საკომისიოების ოდენობა, ამ ცვლილებამ მომხმარებლებს ისეთ ქსელებზე, როგორებიცაა Optimism და Arbitrum საშუალება მისცა განეხორციელებინათ ტრანზაქციები შედარებით დაბალ ფასად.

Uniswap v4 (2025)

Uniswap v4 გაეშვა 2025 წლის იანვარში და დანერგა „hook-ები“: პერსონალიზებადი კოდი, რომლის მიბმაც დეველოპერებს პულებზე შეუძლიათ ისეთი ფუნქციების გასააქტიურებლად, როგორიცაა დინამიური საკომისიოები, on-chain ლიმიტ-შეკვეთები ან ავტომატიზებული რებალანსირება. ყველა პული ახლა ერთ კონტრაქტზე მუშაობს (singleton არქიტექტურა), რაც მნიშვნელოვნად ამცირებს გაზის გადასახადების ოდენობას v3-თან შედარებით. Flash accounting სისტემის მეშვეობით კი გამარტივდა ტრანზაქციების დამუშავება და მოხდა ადგილობრივი ETH სავაჭრო წყვილების ხელახალი ინტეგრირება სვოპების უფრო სწრაფად და ეკონომიურად განხორციელების მიზნით.

UniswapX

UniswapX არის მარშრუტიზაციის დონე რომელიც იღებს ლიკვიდურობას სხვადასხვა წყაროდან DEX-ების და კერძო მარკეტ-მეიკერების ჩათვლით. მომხმარებლები შეკვეთებზე ხელს off-chain აწერენ, ხოლო მესამე მხარის „filler-ები“ ერთმანეთს ეჯიბრებიან ტრანზაქციების საუკეთესო ფასად აღსრულებაში ქსელში. ეს მიდგომა თავიდან გვაცილებს უარყოფილი ტრანზაქციების ხარჯებს და ამცირებს MEV-ის (მაქსიმალური ამოღებადი ღირებულება) შეტევების რისკებს.

Unichain (2025)

2025 წლის თებერვალში Uniswap-მა გაუშვა Unichain - აპლიკაციაზე მორგებული ბლოკჩეინი, რომელიც შექმნილია მაღალი გამტარუნარიანობის მქონე DeFi ვაჭრობისთვის. Unichain-ის ინტეგრაცია შეიძლება 90-ზე მეტ DeFi პროტოკოლთან და განკუთვნილია დაყოვნებისა და საკომისიოების შესამცირებლად ზოგადი დანიშნულების მე-2 დონის ქსელებთან შედარებით.

რა არის დროებითი ზარალი?

ლიკვიდურობის უზრუნველყოფით შესაძლებელია საკომისიოებიდან მოგების მიღება, თუმცა LP-ებმა უნდა გაითვალისწინონ დროებითი ზარალის რისკი ღირებულების შემცირების სახით, რაც განპირობებულია პულში არსებული ტოკენების ფასების ცვლილებასთან იმ მაჩვენებლისგან, რომელიც მათი დეპონირების დროს იყო.

მაგალითად: დავუშვათ, ელისი ახორციელებს პულში 1 ETH-ის და 100 USDT-ის დეპონირებას (პულის ჯამია: 10 ETH და 1000 USDT). ელისის მფლობელობაშია პულის 10% წილი. თუ ETH-ის ფასი გაიზარდება 400 USDT-მდე, არბიტრაჟით მოვაჭრეები მოახდენენ პულის რებალანსირებას, რის შედეგადაც პულში არსებული ოდენობის შემცირდება 5 ETH-მდე და 2000 USDT-მდე. ელისი გაიტანს თავის წილ 10%-ს: 400 აშშ დოლარის ოდენობის 0,5 ETH-ს და 200 USDT-ს. მას რომ თავისი თავდაპირველი დეპოზიტი შეენარჩუნებინა (1 ETH + 100 USDT), მას ახლა 500 აშშ დოლარი ექნებოდა. 100 დოლარის სხვაობა წარმოადგენს მის დროებით ზარალს.

ზარალს ეწოდება „დროებითი“, მიტომ რომ მისი შემცირება შესაძლებელია თუ პულში არსებული ტოკენების ფასები დაუბრუნდება თავდაპირველ მაჩვენებლებს. ვაჭრობის საკომისიოებმაც შესაძლოა აანაზღაუროს ზარალი დროთა განმავლობაში. დროებითი ზარალი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პოზიციებზე ფასის დეპონირებისას არსებული მაჩვენებლისგან ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში, ამიტომ LP-ებმა ყურადღებით უნდა აწონ-დაწონო რისკები სანამ თანხების დეპონირებას მოახდენენ.

როგორ გამოიმუშავებს Uniswap ფულს?

Uniswap-ზე ვაჭრობის საკომისიოები ძირითად შემთხვევაში ლიკვიდურობის პროვაიდერებს ერიცხებათ და არა ცენტრალიზებულ კომპანიას. Uniswap წარმოადგენს საზოგადოების მფლობელობაში არსებულ პროტოკოლს და ის ინარჩუნებს მის მმართველობის დეცენტრალიზებულ სისტემას. 2025 წლის დეკემბერში მოხდა მმართველობის UNIfication შეთავაზების დადასტურება, რამაც უზრუნველყო პროტოკოლის საკომისიოს განაწილების ცვლილება, რომლის მიხედვითაც საკომისიოების ნაწილი UNI ტოკენების წვას ხმარდება. ამან პროტოკოლის აქტივობა მოახმარა ტოკენების მარაგის შემცირებას.

Uniswap-ის (UNI) ტოკენი

UNI არის Uniswap-ის ადგილობრივი ERC-20 მმართველობის ტოკენი, რომელიც 2020 წლის სექტემბერში გაეშვა. UNI ტოკენის მფლობელებს შეუძლიათ პროტოკოლის გაუმჯობესებასთან და ცვლილებებთან დაკავშირებულ ხმის მიცემის პროცესებში მონაწილეობა; ხმის მიცემის უფლების მინიჭება ხდება მათ მფლობელობაში არსებული UNI-ს ოდენობის შესაბამისად. მართვის პროცესი ყველასათვისაა ხელმისაწვდომი.

UNI ტოკენებით ვაჭრობა სხვადასხვა ბირჟაზეა შესაძლებელი. ისინი ასევე DeFi აპლიკაციებშიც გამოიყენება., ხოლო გამოყენების ახალი გზები შეიძლება წარმოიშვას საზოგადოების შეთავაზებების და ხმის მიცემის საფუძველზე.

როგორ გამოვიყენოთ Uniswap

Uniswap-ზე ტოკენების სვოპისთვის დაგჭირდებათ კრიპტო საფულე, რომელზეც ETH ან ERC-20 ტოკენებია. მარტივი სვოპი შემდეგნაირად ხდება:

1. დაუკავშირეთ თქვენი საფულე Uniswap-ის ვებსაიტს ან აპლიკაციას.

Uniswap-ის საფულის დაკავშირების გვერდი

2. აირჩიეთ ტოკენი, რომლით ვაჭრობაც გსურთ, და ასევე მისაღები ტოკენი.Uniswap-ის ტოკენების სვოპის ინტერფეისი

3. შეიყვანეთ სასურველი რაოდენობა. ინტერფეისი გაჩვენებთ სავარაუდო შედეგს პულის მიმდინარე კურსის მიხედვით.

4. გადაამოწმეთ კურსი და ფასის ცურვისადმი ტოლერანტობა, შემდეგ დააჭირეთ ღილაკს „Swap“.

5. დაადასტურეთ ტრანზაქცია თქვენს საფულეში. ტრანზაქციის დამუშავების შემდეგ, მიღებული ტოკენები გამოჩნდება თქვენს საფულეში.

ხშირად დასმული კითხვები

რა განსხვავებაა Uniswap-სა და ცენტრალიზებულ ბირჟას შორის?

ცენტრალიზებული ბირჟა (CEX) თქვენი თანხების მეურვეა და იყენებს შეკვეთების წიგნს მყიდველებისა და გამყიდველების შეთავაზებების თანხვედრის მოსაძებნად. Uniswap დეცენტრალიზებული ბირჟაა (DEX), სადაც ვაჭრობა სრულდება პირდაპირ თქვენი საფულიდან სმარტ-კონტრაქტების მეშვეობით. არ არის საჭირო ანგარიშის რეგისტრაცია ან იდენტობის ვერიფიკაცია, და რაც მთავარია, თქვენ მართავთ თქვენ პირად გასაღებს და ინარჩუნებთ მასზე წვდომას.

რა არის x * y = k ფორმულა?

x * y = k ფორმულა არის Uniswap-ის Constant Product Market Maker-ის მოდელი. x და y წარმოადგენს ლიკვიდურობის პულში არსებული ორი ტოკენის რაოდენობებს, ხოლო k არის მუდმივი. ყოველი ვაჭრობისას ხდება x-სა და y-ის მნიშვნელობების ისეთნაირად დარეგულირება, რომ მათი ნამრავლი k-ის ტოლი დარჩეს. ეს მექანიზმი ავტომატურად აფასებს აქტივებს პულში არსებული მიწოდებისა და მოთხოვნის საფუძველზე.

რა არის დროებითი ზარალი Uniswap-ზე?

დროებითი ზარალი თავს იჩენს მაშინ, როდესაც Uniswap-ის პულში ორი ტოკენის ფასების თანაფარდობა განსხვავდება დეპოზიტის შეტანის მომენტში არსებული თანაფარდობისგან. როდესაც ლიკვიდურობის პროვაიდერი (LP) თანხას გამოიტანს, შესაძლოა მიიღოს იმაზე ნაკლები საერთო ღირებულება, ვიდრე უბრალოდ ტოკენების ფლობის დროს მიიღებდა. ზარალს ეწოდება „დროებითი“, რადგან ის შეიძლება კომპენსირდეს ვაჭრობის საკომისიოებით ან თუ ფასები საწყის თანაფარდობას დაუბრუნდება.

რა შემოიტანა Uniswap v4-მა?

Uniswap v4-მა, რომელიც 2025 წლის იანვარში გაეშვა, დანერგა პროგრამირებადი „hook-ები“, რომლებიც დეველოპერებს პულის ქცევის პერსონალიზების საშუალებას აძლევს (მაგალითად, დინამიური საკომისიოები ან on-chain ლიმიტ-შეკვეთები). ასევე, მან ყველა პული გააერთიანა ერთ კონტრაქტში (singleton არქიტექტურა) და ხელახლა შემოიტანა ადგილობრივი ETH სავაჭრო წყვილები უფრო იაფი პირდაპირი სვოპებისთვის.

რისთვის გამოიყენება UNI ტოკენი?

UNI არის Uniswap-ის მმართველობის ტოკენი. მფლობელებს შეუძლიათ ხმის მიცემა პროტოკოლში შემოთავაზებულ ცვლილებებზე, ხოლო მიცემული ხმის ძალა მათი UNI ბალანსის პროპორციულია. 2025 წლის დეკემბერში UNI-ის მმართველობამ დაამტკიცა საკომისიოების განაწილების ცვლილება, რომლის მიხედვითაც პროტოკოლის საკომისიოების ნაწილი ხაზინიდან UNI ტოკენების წვას ხმარდება.

შეჯამება

Uniswap-ის AMM მოდელის, ლიკვიდურობის პულებისა და პროტოკოლის უწყვეტი განახლებების მეშვეობით, მან ხელი შეუწყო მომხმარებლების მიერ ვაჭრობის შესაძლებლობების გაფართოებას, ლიკვიდურობის უზრუნველყოფას და on-chain ბაზრებზე მონაწილეობის მიღების გამარტივებას. ამ ყველაფრის მიუხედავად, Uniswap-ის გამოყენება გარკვეულ კომპრომისებთანაა დაკავშირებული, როგორიცაა გაზის საკომისიოები, ფასის ცურვა, სმარტ კონტრაქტების რისკები და დროებითი ზარალი ლიკვიდურობის პროვაიდერებისთვის. მომხმარებლებისთვის, რომლებიც ეცნობიან DeFi ეკოსისტემას, Uniswap-ის მუშაობის პრინციპის გაგება ამარტივებს როგორც შესაძლებლობების, ისე რისკების შეფასებას.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.