რა არის Ondo (ONDO)?

რა არის Ondo (ONDO)?

განახლებული Aug 26, 2025
7m

მთავარი დეტალები

  • Ondo არის ფინანსური პლატფორმა, რომელიც გვთავაზობს რეალური სამყაროს აქტივების (RWA-ების) ტოკენიზაციას, როგორიცაა აშშ-ის სახაზინო ვალდებულებები და ინსტიტუციური დონის ფინანსურ პროდუქტებზე წვდომას ბლოკჩეინის მეშვეობით.

  • პლატფორმას აქვს აქტივების მართვის განყოფილება, რომელიც ქმნის ტოკენიზებულ საინვესტიციო პროდუქტებს, ასევე ტექნოლოგიის განყოფილება, რომლის დანიშნულებაა დამოუკიდებლად მომუშავე პროტოკოლების შემუშავება.

  • Ondo გვთავაზობს ტოკენიზებულ პროდუქტებს, როგორიცაა USDY (U.S. Dollar Yield Token) და OUSG (Ondo Short-Term U.S. Treasuries). USDY უზრუნველყოფილია აშშ-ის სახაზინო ვალდებულებებით და მისი დანიშნულებაა სარგებლის გენერირება, ხოლო OUSG გვთავაზობს მოკლევადიანი სახაზინო ვალდებულებებით ვაჭრობის შესაძლებლობას.

  • ONDO ტოკენი გამოიყენება მთელს ეკოსისტემაში და აქვს governance და utility ტოკენის ფუნქციები. მის მფლობელებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ Ondo DAO-ს პროცესებში და გავლენა მოახდინონ Ondo-ს პროტოკოლის განვითარებაზე.

რა არის Ondo?

Ondo არის ფინანსური პლატფორმა, რომელიც გვთავაზობს რეალური სამყაროს აქტივების (RWA-ების) ტოკენიზაციას, როგორიცაა აშშ-ის სახაზინო ვალდებულებები და მათ განთავსებას ბლოკჩეინზე. მისი მიზანია ფინანსურ პროდუქტებთან წვდომის გამარტივება, რომლებიც ადრე ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ მსხვილი ორგანიზაციებისთვის. 

Ondo შედგება ორი ძირითადი კომპონენტისგან:

  • აქტივების მართვა: Ondo-ს კომპონენტი, რომელიც გვთავაზობს ტოკენიზებული პროდუქტების შექმნის და მართვის შესაძლებლობას, როგორიცაა USDY (U.S. Dollar Yield Token) და OUSG (Ondo Short-Term U.S. Treasuries).

  • ტექნოლოგია: Ondo-ს განყოფილება, რომელიც ქმნის და მართავს დეცენტრალიზებულ პროტოკოლებს, რომლებიც გვთავაზობს კერძო და საჯარო აქტივებით სესხების გაცემის და მიღების სერვისებს.

ეს ორმაგი სტრუქტურა Ondo-ს საშუალებას აძლევს ინვესტორებს შესთავაზოს დაბალრისკიანი RWA-ებით ვაჭრობის სერვისები, ხოლო დეველოპერებს - ტოკენიზებული აქტივების ფინანსურ აპლიკაციებში ინტეგრირების შესაძლებლობა.

როგორ მუშაობს Ondo

Ondo ახდენს ტრადიციული აქტივების ტოკენიზაციას, როგორიცაა აშშ-ის სახაზინო ვალდებულებები, რაც მათი ბლოკჩეინზე განთავსების შესაძლებლობას იძლევა. ბანკებისა და ბროკერებისთვის მიმართვის ნაცვლად, ინვესტორებს შეუძლიათ დეპოზიტზე განათავსონ სტეიბლკოინები, მაგალითად USDC და სანაცვლოდ მიიღონ ტოკენიზებული პროდუქტები. ეს ტოკენები წარმოადგენს საბაზისო ინვესტიციების წილებს, რომელთა მეშვეობით შესაძლებელია სარგებლის გენერირება.

USDY (U.S. Dollar Yield Token)

USDY არის ტოკენი, რომელიც უზრუნველყოფილია აშშ-ის მოკლევადიანი სახაზინო ვალდებულებებით და საბანკო დეპოზიტებით. ის მუშაობს, როგორც სტეიბლკოინი, რომელსაც დამატებული აქვს სარგებლის გენერირების ფუნქცია. 2025 წლის აგვისტოს მონაცემებით, მხოლოდ აშშ-ს გარეთ მცხოვრებ მომხმარებლებს და ორგანიზაციებს აქვთ USDY-ს ყიდვის შესაძლებლობა, ლოდინის პერიოდის ამოწურვის შემდეგ შესაძლებელი იქნება ამ ტოკენებით ბლოკჩეინ-ტრანზაქციების განხორციელება.

არსებობს USDY-ს ორი ვერსია: დაგროვებადი ვერსია (USDY), რომლის ფასიც ცვალებადია და დამოკიდებულია დაგროვებულ სარგებელზე, და რებაზირებადი ვერსია (rUSDY), რომლის ფასი ფიქსირებულია და შეადგენს 1 აშშ დოლარს, თუმცა სარგებლის წარმოდგენისთვის ხდება ახალი ტოკენების გამოშვება.

OUSG (Ondo Short-Term U.S. Treasuries)

OUSG ინსტიტუციურ ინვესტორებს სთავაზობს აშშ-ის სახაზინო ვალდებულებების და მთავრობის მიერ მხარდაჭერილი სხვა ფასიანი ქაღალდების ტოკენიზებული ვერსიებით ვაჭრობის შესაძლებლობას. USDY-ს მსგავსად, OUSG ხელმისაწვდომია დაგროვებადი და რებაზირებადი ვერსიების სახით. საბაზისო პორტფოლიოების მართვა ხდება აქტივების მმართველი წამყვანი ორგანიზაციების მიერ, როგორებიცაა BlackRock და Fidelity.

ინვესტირების პროცესი

USDY-ში ინვესტირების პროცესი ასე გამოიყურება: 

  1. რეგისტრაცია: ინვესტირების დაწყებამდე, მომხმარებელმა უნდა გაიაროს Know Your Customer (KYC) ვერიფიკაციის პროცესი, წარმოადგინოს საკუთარი საფულის მისამართი და ხელი მოაწეროს საჭირო დოკუმენტაციას. ეს საფეხური უზრუნველყოფს უფლებამოსილების და რეგულაციებთან შესაბამისობის გადამოწმებას.

  2. თანხების დეპონირება: დამტკიცების შემდეგ, მომხმარებლებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ საკუთარი USDC-ის დეპოზიტზე განთავსება. 100 000 აშშ დოლარზე მეტი ღირებულების თანხის დეპონირება უნდა მოხდეს USD-ის საბანკო გადარიცხვის მეშვეობით. პროცენტების დარიცხვა იწყება დეპოზიტების დამუშავების დასრულებისთანავე, რასაც ჩვეულებრივ ორი - სამი სამუშაო დღე ესაჭიროება.

  3. დროებითი სერტიფიკატი: თითოეული შენაძენი განთავსდება კოჰორტაში, რომელიც განსაზღვრავს, თუ როდის უნდა იქნეს ტოკენები გაშვებული. თანხების დამუშავების შემდეგ, ინვესტორები იღებენ დროებით გლობალურ სერტიფიკატს, რომელიც წარმოადგენს ინვესტიციის მტკიცებულებას ტოკენის დამზადებამდე.

  4. ტოკენის დამზადება: 40-50-დღიანი ლოდინის პერიოდის შემდეგ ხდება USDY ტოკენების დამზადება და მომხმარებლის საფულეში გადარიცხვა. ამ მომენტიდან, ტოკენები შეგიძლიათ თავისუფლად გადარიცხოთ და ივაჭროთ იმ რეგიონებში, სადაც ნებადართულია მათი გამოყენება.

  5. გატანა: თუ გატანა გსურთ, USDY შეგიძლიათ მხოლოდ USD-ში დააკონვერტიროთ და საბანკო გადარიცხვის მეშვეობით გადააგზავნოთ არა-აშშ ანგარიშებზე.

ამ პროცესის მეშვეობით, Ondo აერთიანებს ბლოკჩეინის ტექნოლოგიასა და სანდო კასტოდიალურ სერვისებს და აქტივების მენეჯერებს. ჩვეულებრივ ეს ნელი და კომპლექსური პროცესია, თუმცა ციფრულ ტოკენად გარდაქმნის შემდეგ, ის შეგიძლიათ შეინახოთ, გადარიცხოთ ან გამოიყენოთ დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) აპლიკაციებში, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა კრიპტოვალუტა.

ეკოსისტემა 

Ondo Global Markets 

Ondo-მ განაცხადა, რომ 2025 წლის ბოლოსთვის ის გეგმავს Ondo Global Markets-ის გაშვებას. ამ პლატფორმის მიზანია ტრადიციული საინვესტიციო აქტივების, მაგალითად აქციებისა და ობლიგაციების ტოკენიზაციის და მათი ბლოკჩეინზე განთავსების შესაძლებლობის შემოთავაზება. ის ძირითადად ფოკუსირებულია აშშ-ის გარეთ მცხოვრები ინვესტორებისთვის კომპანიების ტოკენიზებულ წილებზე, ასევე საბირჟო საინვესტიციო ფონდებზე (ETF-ებზე) წვდომის შეთავაზებაზე მენეჯერებისგან, რომელთა შორისაა BlackRock და Fidelity.

Ondo Chain

Ondo მუშაობს Ondo Chain-ის შექმნაზე, რომელიც წარმოადგენს პირველი დონის ბლოკჩეინს, რომლის მიზანია ინსტიტუციური დონის ფინანსების გადატანა ბლოკჩეინზე. ის იძლევა ტოკენიზებული აქტივების სესხის აღებისთვის, გასესხებისთვის, სტეიკინგში ან უზრუნველყოფის სახით გამოყენების შესაძლებლობას, კრიპტოვალუტის ანალოგიურად. ქსელი ასევე გვთავაზობს ფასიანი ქაღალდებით უზრუნველყოფილი სტეიბლკოინების განაწილების, პორტფოლიოს ავტომატური მართვის და საჯარო და კერძო ბლოკჩეინებთან დაკავშირების მხარდაჭერას.

Ondo Global Markets ფოკუსირებულია სხვადასხვა ტიპის აქტივების, მაგალითად აქციების და ობლიგაციების ტოკენიზაციაზე, ხოლო Ondo Chain გვთავაზობს ამ აქტივების გამოყენების მასშტაბირების ინფრასტრუქტურას. ქსელის მუშაობა დამოკიდებულია სანდო ორგანიზაციებსა და ვალიდატორებზე და წარმოგვიდგენს ისეთ ფუნქციებს, როგორიცაა proof of reserves და ვერიფიკატორების დეცენტრალიზებული ქსელი, რაც უზრუნველყოფს ტრანზაქციების გამჭვირვალობასა და უსაფრთხოებას. ვალიდატორებს ასევე შეუძლიათ რეალური სამყაროს აქტივების სტეიკინგზე განთავსება, რითაც ხელს უწყობენ ქსელის უსაფრთხოებას და გამოიმუშავებენ სარგებელს.  

Flux Finance

Flux Finance წარმოადგენს Ondo-ს მიერ შექმნილ სესხების გაცემის დეცენტრალიზებულ პროტოკოლს. ის მუშაობს დამოუკიდებლად, საკუთარი აპლიკაციით, მისი მმართველობის სისტემა არ არის Ondo-ს პირდაპირი კონტროლის ქვეშ. პროტოკოლი გაშვებულია Compound V2-ზე რომელიც არის სესხების გაცემის ერთ-ერთი პირველი პლატფორმა DeFi სივრცეში.  

Compound წარმოგიდგენთ peer-to-pool მოდელს, სადაც სესხის გამცემი განათავსებს აქტივს საზიარო ლიკვიდურობის პულებში, ხოლო მსესხებელს შეაქვს უზრუნველყოფის დეპოზიტი და იღებს სესხს ამ პულებიდან. ამ მოდელის მეშვეობით Flux გვთავაზობს ღია წვდომის ტოკენების, მაგალითად USDC-ის, ასევე კერძო ტოკენების, მაგალითად OUSG-ის მხარდაჭერას. ეს იმას ნიშნავს, რომ გამსესხებლებს შეუძლიათ საპროცენტო სარგებლის მიღება საკუთარი სტეიბლკოინების მეშვეობით, ხოლო მსესხებლებს შესაძლებლობა ეძლევათ მიიღონ წვდომა მაღალი ხარისხის აქტივებით უზრუნველყოფილ ლიკვიდურობაზე.

პროტოკოლი იმართება Ondo-ს საზოგადოების მიერ დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაციის (DAO) მეშვეობით. საზოგადოების მიერ მართვის წყალობით, პროტოკოლს შეუძლია დამოუკიდებლად ოპერირება, თუმცა მისი მუშაობა სრულ შესაბამისობაშია Ondo-ს საერთო მიზანთან, რაც გამოიხატება მომხმარებლისთვის ბლოკჩეინზე გაშვებული ინსტიტუციური დონის ფინანსური სერვისის შეთავაზებაში.

ONDO ტოკენი

ONDO ტოკენი წარმოადგენს Ondo ეკოსისტემის ადგილობრივ governance და utility ტოკენს. Ondo-ს პროტოკოლსა და ეკოსისტემაში ის სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება, რომელთა შორისაა:

  • მმართველობა: ტოკენის მფლობელებს შეუძლიათ ბაზრების ოპერაციების დაპაუზება, oracle მისამართების განახლება, ხაზინის ფონდების მართვა და ONDO-ს გამოშვების კონტროლი ეკოსისტემის ზრდის სტიმულირების მიზნით.

  • ხმის უფლების დელეგირება: ONDO შესაძლებელია გადაეცეს სხვა მონაწილეს ხმის უფლების დელეგირების მიზნით, რაც იძლევა ეკოსისტემის განვითარების მიმართულების ფორმირებაში უფრო მეტი მონაწილის ჩართვის საშუალებას.

  • პროტოკოლის მართვა: ONDO-ს მფლობელებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ Flux Finance-ის და Ondo-სთან დაკავშირებული სხვა პროტოკოლების მმართველობის პროცესში და ხმა მისცენ სხვადასხვა შემოთავაზებებს, რომლებიც დაკავშირებულია ახალი აქტივების ლისტინგთან, საპროცენტო განაკვეთის მოდელების განახლებასთან ან პროტოკოლის რეზერვების მართვასთან.

ONDO აქტიურად გამოიყენება Ondo-ს DAO-ს მიერ Flux Finance-ის მმართველობის პროცესში და ხაზინის მართვისთვის და ხელს უწყობს ტოკენიზებული აქტივების, მაგალითად USDY-ს ზრდას. Ondo Foundation აგრძელებს პროექტის მხარდაჭერას DAO-სა და რეალური სამყაროს პარტნიორებს შორის კავშირების დამყარებით და უზრუნველყოფს ეკოსისტემის განვითარების მიმართულების შესაბამისობას პროექტის მიზანთან. 

შეჯამება

Ondo Finance გვთავაზობს პროდუქტებსა და ინსტრუმენტებს, რომელთა საშუალებით შესაძლებელი ხდება რეალური სამყაროს აქტივების ბლოკჩეინზე გადატანა. ტოკენიზებული აქტივების მეშვეობით, როგორებიცაა USDY და OUSG, ინვესტორებს ეძლევათ ბლოკჩინზე განთავსებული სარგებლის გენერირების ინსტრუმენტებთან წვდომა, რომლებიც ადრე მხოლოდ ტრადიციულ ბაზრებზე იყო ხელმისაწვდომი. გუნდი ასევე მუშაობს პლატფორმების განვითარებაზე, როგორებიცაა Ondo Global Markets და Ondo Chain, რომელთა მიზანია რეალური სამყაროს აქტივების კრიპტოვალუტის ანალოგიურად გამოყენებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნა.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.











პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.