ლიკვიდურობა

განახლებული Aug 28, 2026

რა არის ლიკვიდურობა?

ლიკვიდურობა ასახავს, თუ რამდენად მარტივადაა შესაძლებელი აქტივის ყიდვა ან გაყიდვა, მისი საბაზრო ფასის მნიშვნელოვანი ცვლილების გარეშე.

ფინანსურ ბაზრებზე ლიკვიდურობა განსაზღვრავს, თუ რამდენად მარტივად შეუძლია ინვესტორს აქტივის ფულად სახსრებზე ან სხვა აქტივზე სამართლიან ფასად გადაცვლა. ისეთი აქტივები, რომელთა გადაცვლაც მყისიერად არის შესაძლებელი, მაგალითად, ძირითადი ვალუტები ან მაღალი კაპიტალიზაციის მქონე აქციები, ლიკვიდურად ითვლება. ხოლო ისეთი აქტივები, რომელთა გაყიდვაც შედარებით დაბალ ფასის პირობაზე დათანხმების გარეშე თითქმის შეუძლებელია, არალიკვიდურ აქტივებადაა მიჩნეული.
კრიპტოვალუტის ბაზრებზე ლიკვიდურობა კონკრეტული ციფრული აქტივისთვის მყიდველებისა და გამყიდველების ხელმისაწვდომობას გულისხმობს. ლიკვიდური ბაზარი ნიშნავს, რომ ყოველთვის არსებობს ვაჭრობისთვის მზადმყოფი შემხვედრი მხარე, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევს, ეფექტურად აწარმოონ ყიდვისა და გაყიდვის პროცესები, ხანგრძლივი ლოდინისა თუ არახელსაყრელ ფასებზე დათანხმების საჭიროების გარეშე. მაგალითად, Bitcoin-ის ბაზარი, როგორც წესი, მაღალი ლიკვიდურობით გამოირჩევა, რადგან BTC-ის ყიდვის ან გაყიდვის სურვილის მქონე ტრეიდერების რაოდენობა თითქმის არასდროს მცირდება.

რატომ არის ლიკვიდურობა მნიშვნელოვანი

ლიკვიდურობის მნიშვნელობა მისი ვაჭრობასთან დაკავშირებულ ხარჯებსა და ფასების სტაბილურობაზე უშუალო ზეგავლენით განისაზღვრება. ლიკვიდურ ბაზარზე, ტრეიდერს შეუძლია აქტივის ფასზე მინიმალური ზეგავლენით განახორციელოს დიდი მოცულობის ვაჭრობები. არალიკვიდურ ბაზრებზე კი, შესაძლოა ადგილი ქონდეს ფასის ცურვას, რაც გულისხმობს იმას, რომ შესაძლოა მოსალოდნელზე ბევრად დაბალ ფასზე დათანხმება გახდეს საჭირო ან შეკვეთის შევსებას განსაზღვრულზე მეტი დრო დასჭირდეს.

ლიკვიდური ბაზრებისთვის, როგორც წესი, დამახასიათებელია მაღალი სავაჭრო აქტივობა და ვიწრო შემოთავაზება-მოთხოვნის სპრედი, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვაობა მყიდველის მიერ შემოთავაზებულ მაქსიმალურ და გამყიდველის მიერ მოთხოვნილ მინიმალურ ფასებს შორის მინიმალურია, რაც ტრეიდერებს უმარტივებს სავაჭრო პოზიციების მისაღებ და მოსალოდნელ ფასებში გახსნასა და დახურვას.

არალიკვიდური ბაზრები კი პირიქით, შედარებით ფართო სპრედითა და ვაჭრობის დაბალი მოცულობით გამოირჩევა. ასეთ დროს მცირე მოცულობის შეკვეთებსაც კი შეუძლია ფასების მკვეთრი ცვლილება გამოიწვიოს, რაც დამატებით რისკებს ქმნის იმ ტრეიდერებისთვის, რომელთაც სასწრაფოდ ესაჭიროებათ აქტივის ყიდვა ან გაყიდვა.

როგორ იზომება ლიკვიდურობა

ლიკვიდურობის დონის განსაზღვრა რამდენიმე ძირითადი ფაქტორის საფუძველზე ხდება, მათ შორისაა ვაჭრობის მოცულობა, შეკვეთების წიგნის სიღრმე და შემოთავაზება-მოთხოვნის სპრედი. ვაჭრობის მოცულობა ასახავს დროის კონკრეტული პერიოდის განმავლობაში ვაჭრობისთვის გამოყენებული აქტივობის საერთო რაოდენობას და გვაწვდის ზოგად ინფორმაციას საბაზრო აქტივობის შესახებ. შეკვეთების წიგნის სიღრმე ასახავს ფასების სხვადასხვა დონეზე არსებული ყიდვისა და გაყიდვის შეკვეთების რაოდენობას, რაც მიუთითებს ვაჭრობის შესაბამისი კაპიტალის არსებულ რაოდენობაზე, რომლის გამოყენებაც ფასებზე მნიშვნელოვანი ზეგავლენის გარეშეა შესაძლებელი.

კიდევ ერთი პრაქტიკული ინდიკატორია შემოთავაზება-მოთხოვნის სპრედი. ვიწრო სპრედი, როგორც წესი, მაღალი ლიკვიდურ ბაზარსა და აქტიურ ვაჭრობაზე მიუთითებს, ხოლო ფართო სპრედი დაბალ ლიკვიდურობასთან და შედარებით მაღალ სავაჭრო ხარჯებთანაა ასოცირებული.

საბუღალტრო სფეროში ტერმინი „საბუღალტრო ლიკვიდურობა“ განსხვავებული მნიშვნელობით გამოიყენება და ასახავს ფიზიკური პირის ან კომპანიის უნარს, დაფაროს მოკლევადიანი ფინანსური ვალდებულებები იმ აქტივებით, რომელთა ნაღდ ფულზე კონვერტაციაც მარტივადაა შესაძლებელი. აღნიშნული ცნება მკვეთრად განსხვავდება საბაზრო ლიკვიდურობისგან, რომელიც ფინანსურ ბაზრებზე აქტივების ყიდვა-გაყიდვის სიმარტივესა და სიჩქარეზეა ორიენტირებული.