ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) განმარტება

ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) განმარტება

გამოქვეყნებული Jan 25, 2021განახლებული Jul 16, 2025
9m

მთავარი დეტალები

  • CBDC არიც ქვეყნის ოფიციალური ვალუტის, მაგალითად აშშ დოლარის ან ევროს ციფრული ფორმა, რომელიც შექმნილია და იმართება ქვეყნის ცენტრალური ბანკის მიერ.

  • მათი დანიშნულებაა გადახდები გახადოს უფრო სწრაფი, დაცული და ადვილად პროგრამირებადი, რაც ხელს უწყობს თანამედროვე ფინანსური სისტემების მოდერნიზაციას.

  • CBDC-ები ორი ძირითადი ტიპისაა: საცალო CBDC-ები განკუთვნილია ინდივიდუალური მომხმარებლებისთვის, ხოლო საბითუმო CBDC-ები - ბანკებისთვის და მსხვილი ორგანიზაციებისთვის.

  • მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები აანალიზებენ, თუ რა გავლენას ახდენს CBDC-ები მათ ეკონომიკაზე, საბანკო სისტემებზე და ფინანსურ სტაბილურობაზე.

  • მიუხედავად იმისა, რომ CBDC-ები გარკვეულ სარგებელს გვთავაზობს, თუმცა შეშფოთებას იწვევს კონფიდენციალურობასთან, მთავრობის მიერ პერსონალური ფინანსების კონტროლთან და საბანკო სისტემის შეფერხებებთან დაკავშირებული რისკები.

შესავალი

ჩვენ მიერ ფულის გამოყენების გზები სწრაფად იცვლება. დღეს ყავის საფასურს ტელეფონით ვიხდით, ფულის საზღვარგარეთ გასაგზავნად სულ რამდენიმე წამი გვჭირდება, ციფრულ ხელოვნების ნიმუშებს კი კრიპტოვალუტით ვყიდულობთ. ციფრული სამყარო ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი ხდება და ამ ტენდენციას ცენტრალური ბანკებიც უერთდებიან, რისი მაგალითიც ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტებია (CBDC-ები). 

კრიპტოვალუტებისგან, მაგალითად Bitcoin-ისგან განსხვავებით, CBDC-ების გამოშვება მთავრობების მიერ ხდება და გათვლილია სტაბილურობაზე. დღეისათვის სულ უფრო მეტი ქვეყანა იყენებს CBDC-ებს, რამაც სამომავლოდ შეიძლება შეცვალოს ფულის გამოყენების გზები. 

ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტები (CBDC-ები)?

ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტები (CBDC-ები) წარმოადგენს ფიატ-ვალუტების ციფრულ ვერსიებს, რომელთა გამოშვება და რეგულირება ხდება ქვეყნის ცენტრალური ბანკის მიერ. ის არის არა ახალი ვალუტა, არამედ არსებული ფიატ-ვალუტის, მაგალითად აშშ დოლარის, ევროს ან ჩინური იუანის ციფრული რეპრეზენტაცია. 

კრიპტოვალუტებისგან, მაგალითად Bitcoin-ისგან განსხვავებით, CBDC-ები ცენტრალიზებული, მთავრობის მიერ მხარდაჭერილი და სრულად რეგულირებული ვალუტებია. მათი ღირებულება ფიზიკური ფულის ღირებულების ტოლია და ითვლება ლეგალურ გადახდის საშუალებად, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი მეშვეობით შესაძლებელია საქონლის და სერვისების ყიდვა ან ვალების დაფარვა.

რატომ იყენებენ ცენტრალური ბანკები CBDC-ებს?

სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკები ინტენსიურად იკვლევენ და ცდიან CBDC-ებს, რათა დაადგინონ, თუ რა პოტენციური სარგებლის მიღებაა შესაძლებელი მათი მეშვეობით. ქვემოთ მოცემულია მათ მიმართ ინტერესის ზრდის რამდენიმე ძირითადი მიზეზი:

1. ნაკლები ნაღდი ფულის გამოყენება

ბევრ ქვეყანაში, მოსახლეობა უარს ამბობს ფიზიკური მონეტების და ბანკნოტების გამოყენებაზე და უპირატესობას ანიჭებს ციფრულ გადახდებს. მოსახლეობისთვის ეროვნული ვალუტის ციფრული ვერსიის შეთავაზებით, ცენტრალურ ბანკებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ გადახდების სისტემის მუშაობაში და აღარ იყვნენ დამოკიდებულნი გადახდების სერვისების მომწოდებელ კერძო აპლიკაციებსა და კომპანიებზე.

2. ფინანსური ჩართულობა

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მოსახლეობას არ აქვს წვდომა საბანკო ანგარიშებზე, თუმცა მათი უმეტესობა ფლობს მობილურ ტელეფონს. CBDC-ების მეშვეობით შესაძლებელია ფულის შენახვის და გაგზავნის შესაძლებლობის შეთავაზება იმ მოსახლეობისთვის, რომელთაც არ აქვთ საბანკო სერვისებზე წვდომა. 

3. ეფექტურობა და ინოვაცია

ფულის საზღვარგარეთ გაგზავნა, მაგალითად ფულადი გზავნილები ოჯახის წევრებისთვის, ნელი და ძვირადღირებული სერვისია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს პროცესი ბანკის საკომისიოების გადახდას და შუამავლების ჩართულობას მოითხოვს. CBDC-ების წყალობით, ერთი ქვეყნიდან მეორეში ფულის გაგზავნა გაცილებით დაბალ ფასადაა შესაძლებელი.

4. წესების აღსრულების ინსტრუმენტები

შესაძლებელია CBDC-ების პროგრამირება და მათში წესების დამატება, მაგალითად მათი მეშვეობით შეიძლება გაიცეს სტიმულირების ბონუსები, რომლებიც გაუქმდება, თუ დროულად არ მოხდება მათი დახარჯვა, ან შეიძლება განისაზღვროს საგადასახადო შეღავათები, რომელთა გამოყენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ პირველადი მოხმარების პროდუქტებზე. ეს პოლიტიკოსებს დაეხმარება უზრუნველყონ მოსახლეობისთვის დახმარების დროულად გაცემა და მისი დანიშნულებისამებრ გამოყენების კონტროლი.

5. კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება

კერძო ტექნოლოგიური კომპანიების და სტეიბლკოინების ზრდის ფონზე, ბევრი ქვეყანა შიშობს, რომ შეიძლება დაკარგოს კონტროლი საკუთარ მონეტარულ სისტემებზე. CBDC-ები ცენტრალურ ბანკებს საშუალებას აძლევს მოსახლეობას შესთავაზოს სტაბილური, მთავრობის მიერ მხარდაჭერილი ალტერნატივა.

CBDC-ების ტიპები

არსებობს CBDC-ების ორი ძირითადი კატეგორია:

საცალო CBDC

საცალო CBDC-ები განკუთვნილია ფიზიკური პირებისთვის, ბიზნესებისთვის და მოვაჭრეებისთვის და მათი გამოყენება შესაძლებელია ნაღდი ფულის ან საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის მსგავსად. მისი გამოყენება შეგიძლიათ სურსათის შესაძენად ან მეგობრისთვის ფულის გასაგზავნად. მისი მუშაობის პრინციპი მობილური აპლიკაციის მსგავსია, თუმცა არსებობს ერთი ძირითადი განსხვავება: თქვენი ფული გამოშვებული და მხარდაჭერილია არა კერძო კომპანიის, არამედ მთავრობის მიერ.

საბითუმო CBDC

საბითუმო CBDC-ები არ არის განკუთვნილი საზოგადოებისთვის. ისინი გამოიყენება ბანკების და ფინანსური ორგანიზაციების მიერ მსხვილი ტრანზაქციების სწრაფად და უსაფრთხოდ განხორციელებისთვის. ამ დროს ცენტრალური ბანკი ორგანიზაციებს აძლევს წვდომას სპეციალურ ანგარიშებზე, რისი მეშვეობითაც მათ შეუძლიათ შეიტანონ და გადარიცხონ ციფრული აქტივები. 

საბითუმო CBDC-ები ცენტრალურ ბანკებს აძლევს ფინანსური სისტემის უფრო ზუსტად კონტროლის საშუალებას. ისეთი პარამეტრების კორექტირებით, როგორიცაა რეზერვის მოთხოვნები ან ბალანსებზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი, მათ შეუძლიათ გავლენა მოახდინონ საპროცენტო განაკვეთებზე და მართონ სესხების გაცემა. ეს პროცესი ტრადიციული მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტების მსგავსია, თუმცა მათი სიჩქარე და სიზუსტე უფრო მაღალია.

როგორ მუშაობს CBDC-ები

1. პირდაპირი და არაპირდაპირი მოდელები

  • პირდაპირი მოდელი: ცენტრალური ბანკი ყველაფერს აკონტროლებს. ამ შემთხვევაში თქვენ ანგარიში გახსნილი გაქვთ უშუალოდ ცენტრალურ ბანკში და ის არის პასუხისმგებელი ციფრული ვალუტის გაცემის და მართვის პროცესზე.

  • არაპირდაპირი ანუ ორდონიანი მოდელი: ცენტრალური ბანკი მომხმარებლისთვის განკუთვნილ სერვისებს, მაგალითად საფულის აპლიკაციებს ან ანგარიშზე წვდომას აკონტროლებს კომერციული ბანკების და გადახდის პროვაიდერების მეშვეობით. ცენტრალური ბანკი პასუხისმგებელია ვალუტის გაცემაზე და სისტემის ზედამხედველობაზე.

ქვეყნების უმეტესობა ორდონიან მოდელს ანიჭებს უპირატესობას, რადგან მისი შექმნა არსებულ ინფრასტრუქტურაზე დაფუძნებით არის შესაძლებელი და მომხმარებელს აძლევს საბანკო მომსახურების მისთვის ნაცნობი აპლიკაციების და სერვისების მეშვეობით მიღების და ცენტრალიზებული ციფრული ვალუტის უპირატესობებით სარგებლობის შესაძლებლობას.

2. ანგარიშზე დაფუძნებული და ტოკენზე დაფუძნებული სისტემები

  • ტოკენზე დაფუძნებული: ტოკენზე დაფუძნებული CBDC-ის მუშაობის პრინციპი ციფრული ფულის ანალოგიურია. თქვენ ფლობთ გარკვეული ღირებულების მქონე ციფრულ ტოკენებს, მათი ტრანზაქციების ვერიფიკაცია, მფლობელობის დადასტურება და გადარიცხვების ავტორიზაცია კი ხდება საჯარო გასაღების კრიპტოგრაფიის (PKC) მეშვეობით. ეს მიდგომა გვთავაზობს ფსევდოანონიმური გადახდების განხორციელების საშუალებას, რაც ფიზიკური ბანკნოტის გამოყენების ანალოგიურია, თუმცა კონფიდენციალურობის ფაქტიური დონე დამოკიდებულია სისტემის დიზაინსა და რეგულაციების მოთხოვნებზე.

  • ანგარიშზე დაფუძნებული: ანგარიშზე დაფუძნებული CBDC მიბმულია ვერიფიცირებულ საიდენტიფიკაციო მონაცემებზე, ისევე როგორც ტრადიციული საბანკო ანგარიშის შემთხვევაში. საკუთარ თანხებზე წვდომისა და მათი გამოყენებისთვის თქვენ დაგჭირდებათ ავთენტიფიკაციის პროცესის გავლა. თითოეული ტრანზაქცია დაკავშირებულია თქვენს საიდენტიფიკაციო მონაცემებთან, რაც იმას ნიშნავს, რომ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თაღლითობის პრევენციისთვის, სისტემას ესაჭიროება საიდენტიფიკაციო მონაცემების მართვის მძლავრი ინსტრუმენტები.

ბევრი ქვეყანა ანგარიშზე დაფუძნებულ სისტემებს ანიჭებს უპირატესობას, რადგან ისინი გვთავაზობს მეტ კონტროლს, რეგულაციების მოთხოვნებთან შესაბამისობას და თანხების მარტივად დაბრუნების შესაძლებლობას ანგარიშზე წვდომის დაკარგვის შემთხვევაში.

3. ტექნოლოგიური ბაზა

CBDC-ების გამოშვებისთვის სხვადასხვა ტიპის ტექნოლოგიები გამოიყენება, რაც დამოკიდებულია ქვეყნის მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტებზე. ზოგიერთი ცენტრალური ბანკი უპირატესობას ცენტრალიზებული მონაცემთა ბაზას ანიჭებს, რადგან ამ შემთხვევაში ცენტრალურ ბანკს შეუძლია ყველა ტრანზაქციის კონტროლი, რაც ბანკების მიერ ანგარიშის ბალანსების მართვის პროცესის ანალოგიურია. ეს ვარიანტი ცენტრალურ ბანკებს სისტემის სწრაფად და მარტივად მართვის შესაძლებლობას აძლევს.

სხვა ცენტრალური ბანკები კი განაწილებული ლეჯერის ტექნოლოგიას ირჩევენ (DLT), სადაც ტრანზაქციების ჩანაწერები გაზიარებულია ქსელის მონაწილეებს შორის. ეს ვარიანტი გვთავაზობს მეტ გამჭვირვალობას და მაღალი დონის ფუნქციების მხარდაჭერის შესაძლებლობას, როგორიცაა სმარტ კონტრაქტებზე დაფუძნებული პროგრამირებადი გადახდები.

CBDC-ის ზოგიერთი დიზაინი ოფლაინ გადახდების მხარდაჭერას გვთავაზობს, რაც განსაკუთრებით პრაქტიკულია იმ რეგიონებში, სადაც ინტერნეტთან წვდომა შეზღუდულია. ამ სისტემებში გამოიყენება სხვადასხვა ტიპის დაცული მოწყობილობები, როგორებიცაა სმარტ-ბარათები ან Near Field Communication (NFC) ტექნოლოგია. ამ მოწყობილობებში ინახება მცირე ოდენობით ციფრული ვალუტა და მათი მონაცემების ქსელთან სინქრონიზაცია ხდება ინტერნეტთან კავშირის აღდგენის დროს.

გასათვალისწინებელი საკითხები და კრიტიკა

კონფიდენციალურობა და ზედამხედველობა

CBDC-ებთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია კონფიდენციალურობა და ცენტრალური უწყებების ხელში არსებული კონტროლის დონე. თუ ყველა ტრანზაქცია ცენტრალური სისტემის გავლით ხორციელდება, მთავრობას შეუძლია ნახოს, თუ როგორ, სად და როდის გაგზავნეთ ფული. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი სისტემა ამცირებს თაღლითობის და გადასახადებისთვის თავის არიდების რისკებს, ზოგი თვლის, რომ ის მოსახლეობის ფინანსებზე თვალთვალის შესაძლებლობას იძლევა. ასევე არსებობს საფრთხე, რომ განსაკუთრებულ შემთხვევებში, CBDC-ებმა შესაძლოა ხელისუფლების წარმომადგენლებს მისცეს თქვენი აქტივების გაყინვის ან მათზე წვდომის შეზღუდვის შესაძლებლობა.

გავლენა ბანკებზე

თუ CBDC-ების პოპულარობა გაიზრდება, მოსახლეობამ შეიძლება დაიწყოს საკუთარი ფულის ტრადიციული საბანკო ანგარიშებიდან ცენტრალური ბანკის ციფრულ საფულეებში გადატანა. ამან შესაძლოა შეამციროს კომერციულ ბანკებში არსებული ფულის ოდენობა, რაც გავლენას მოახდენს მათ მიერ სესხების გაცემის და ყოველდღიური საბანკო სერვისების მხარდაჭერის შესაძლებლობაზე. ფინანსური კრიზისის პერიოდების დროს ფულის გადატანის პროცესმა შესაძლოა უფრო მასშტაბური სახე მიიღოს, რადგან მოსახლეობამ შეიძლება ჩათვალოს, რომ CBDC-ები უფრო „უსაფრთხო“ ვარიანტია, რაც კიდევ უფრო გააუარესებს ზოგადად საბანო სისტემის მდგომარეობას.

ტექნოლოგია და წვდომა

წარმატებული CBDC უნდა იყოს უსაფრთხო, სტაბილური და საკმაოდ მარტივი, რათა ნებისმიერმა ადამიანმა შეძლოს მისი გამოყენება. თუ სისტემა ძალიან რთული ან დამაბნეველია, მომხმარებელმა შესაძლოა უარი თქვას მის ყოველდღიურად გამოყენებაზე. CBDC-ები შესაძლოა ქვეყნის ფინანსური ინფრასტრუქტურის ძირითად ნაწილლად იქცეს, ამიტომ საჭროა, რომ ისინი იყოს დაცული კიბერშეტევებისგან და სისტემური ხარვეზებისგან, რადგან ამან შესაძლოა მილიონობით ადამიანზე მოახდინოს გავლენა.

CBDC-ები, სტეიბლკოინები და კრიპტოვალუტები: რა განსხვავებაა მათ შორის?

  • CBDC-ები: ისინი გამოშვებულია ცენტრალური ბანკების მიერ და წარმოადგენს ეროვნული ვალუტების ციფრულ ვერსიებს. ისინი მხარდაჭერილია სახელმწიფოს მიერ და მათი დიზაინი ითვალისწინებს ნდობის და სტაბილურობის ტრადიციული ფიატ-ვალუტის დონეზე შენარჩუნებას. 

  • სტეიბლკოინები: სტეიბლკოინები გამოშვებულია კერძო კომპანიების მიერ და ჩვეულებრივ მიბმულია ტრადიციულ ვალუტაზე, მაგალითად აშშ დოლარზე. მისი მიზანია ფასის სტაბილურ დონეზე შენარჩუნება, თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგად მართავს კომპანია საკუთარ რეზერვებს. თუ ეს რეზერვები არ არის სათანადოდ მხარდაჭერილი და რეგულარულად არ ტარდება მათი აუდიტი, შესაძლოა მოხდეს სტეიბლკოინის მიბმის გაუქმება ვეღარ შეინარჩუნოს ღირებულება.

  • კრიპტოვალუტები: კრიპტოვალუტები, როგორიცაა Bitcoin და ether, წარმოადგენს საჯარო, ნდობის საჭიროების არმქონე და ცენზურისგან დაცულ ვალუტებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ცალკეულ კომპანიას ან მთავრობას არ შეუძლია ქსელის კონტროლი. თუმცა, როგორც წესი, მათი ფასები მაღალი არასტაბილურობით გამოირჩევა და ხშირად დამოკიდებულია ბაზრის განწყობაზე.

CBDC-ის გლობალური ლანდშაფტი

2025 წლის ივლისში გამოქვეყნდა Atlantic Council-ის CBDC ტრეკერის მონაცემები, რომლის მიხედვითაც 130-ზე მეტი ქვეყანა მუშაობს CBDC-ის გამოშვებაზე ან განიხილავს მისი შექმნის შესაძლებლობას. პროგრესი განსხვავდება რეგიონის მიხედვით და დამოკიდებულია თითოეული ქვეყნის პოლიტიკურ მიზნებზე, ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურასა და მოქმედ რეგულაციებზე.

  • მიმდინარე პროცესები: ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე გამოუშვა საკუთარი CBDC-ები. მაგალითად, ბაჰამის კუნძულებმა გამოუშვა Sand Dollar იამაიკამ - JAM-DEX, ხოლო ნიგერიამ - e-Naira. სამივე მათგანი საცალო CBDC-ს წარმოადგენს და მათი გამოშვების მიზანია ციფრული გადახდის სისტემებთან წვდომის გაუმჯობესება.

  • საპილოტე პროგრამები: ზოგმა ქვეყანამ გაუშვა საპილოტე პროგრამა CBDC-ების რეალურ პირობებში მუშაობის ეფექტურობის ტესტირების მიზნით. ამის მაგალითებია e-CNY ჩინეთში, Digital Rupee ინდოეთში და Digital Ruble რუსეთში.

  • კვლევის ეტაპი: ზოგი ქვეყანა, მაგალითად კანადა, ნეპალი და ახალი ზელანდია აგრძელებენ კვლევებს CBDC-ის არსებულ მონეტარულ და ფინანსურ სისტემებში ინტეგრაციის შესაძლებლობის შესწავლის მიზნით.

შეჯამება

CBDC ჯერ კიდევ შემუშავების და ტესტირების ეტაპზეა, თუმცა მათ აქვს პოტენციალი შეცვალოს მოსახლეობის მიერ ფულთან წვდომის და მისი გამოყენების გზები. ეროვნული ვალუტის ციფრული ვერსიის შეთავაზებით, ცენტრალური ბანკები ცდილობენ საგადახდო სისტემების გაუმჯობესებას და ფინანსური ჩართულობის და ეფექტურობის ზრდის მხარდაჭერის გზების პოვნას.

მიუხედავად ამისა, CBDC-ებმა გააჩინა კითხვები კონფიდენციალურობასთან, ცენტრალური ბანკების მიერ განხორციელებული ზედამხედველობის დონესთან, ამ პროცესში კომერციული ბანკების როლთან და ტექნოლოგიებში ნაკლებად გათვითცნობიერებული მომხმარებლებისთვის მათზე წვდომის სირთულეებთან დაკავშირებით. სავარაუდოდ, CBDC-ების მომავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ეფექტურად იქნება დაძლეული არსებული გამოწვევები და მოხდება თუ არა მათი უპირატესობების სწორად რეალიზაცია.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.