მთავარი დეტალები
შეინახეთ თქვენი seed ფრაზა ოფლაინ. არასოდეს შეინახოთ ის ქლაუდ-მეხსიერებაში, ეკრანის ანაბეჭდების სახით ან ინტერნეტთან დაკავშირებული მოწყობილობის ადგილობრივ საქაღალდეში.
თითოეულ კრიპტო ანგარიშზე გაააქტიურეთ ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია (2FA). ავთენტიფიკატორი აპლიკაციების და აპარატურული გასაღებებით სარგებლობა გაცილებით უსაფრთხოა, ვიდრე SMS-ზე დაფუძნებული 2FA-ს გამოყენება, რომლის გვერდის ავლა SIM-სვოპინგის ტიპის შეტევის მეშვეობით ხდება.
გამოიჩინეთ სიფრთხილე, რათა არ გახდეთ სოციალური ინჟინერიის ტაქტიკის მსხვერპლი, რაც მოიცავს სოციალური ქსელების იმიტირებული პროფილების გამოყენებას, საჩუქრების დარიგების ყალბი აქციების ლაივსტრიმებს ან საეჭვო წყაროებიდან მიღებულ შეტყობინებებს, სადაც მოითხოვენ თანხის სასწრაფოდ გაგზავნას.
მოერიდეთ თქვენი კრიპტო საფულის გამოყენებას ან ტრანზაქციების განხორციელებას საჯარო Wi-Fi ქსელში ჩართული მოწყობილობებიდან.
დღითიდღე იზრდება Deepfake თაღლითობების რაოდენობა: 2025 წლის პირველ კვარტალში 19%-ით მეტი Deepfake ინციდენტი დაფიქსირდა, ვიდრე მთელი 2024 წლის განმავლობაში, რის გამოც მხოლოდ ამ კვარტალში ამერიკელების ზარალმა 547,2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
შესავალი
კრიპტოვალუტის პოპულარობის ზრდის პარალელურად, ეს სფერო დღითიდღე უფრო მიმზიდველი სამიზნე ხდება კიბერკრიმინალებისთვის. ყოველწლიურად ადამიანები დიდი ოდენობით ციფრულ აქტივებს კარგავენ თაღლითობების, ჰაკერული თავდასხმების ან მომხმარებლის შეცდომების მიზეზით. თქვენი კრიპტო ჰოლდინგების დაცვა საჭიროებს უსაფრთხო ჩვევების ჩამოყალიბებას და მსგავსი თავდასხმების მუშაობის პრინციპის ცოდნას.
ამ სტატიაში განხილულია ხუთი პრაქტიკული საფეხური, რაც თქვენი აქტივების დაცვაში დაგეხმარებათ: თქვენი seed ფრაზის უსაფრთხოდ შენახვა, ორფაქტორიანი ავთენტიფიკაციის გააქტიურება, სოციალური ინჟინერიის ამოცნობა, საჯარო Wi-Fi ქსელის გამოყენებაზე უარის თქმა და AI Deepfake თაღლითობების იდენტიფიცირება.
როგორ დავიცვა ჩემი კრიპტოვალუტის ჰოლდინგები?
თქვენი კრიპტოს დასაცავად საჭიროა იცნობდეთ ყველაზე გავრცელებულ საფრთხეებს და შეგეძლოთ მათი აღკვეთისთვის პროაქტიული ზომების მიღება. ქვემოთ მოცემულია ხუთი პრაქტიკული რჩევა, რომლებიც დაგეხმარებათ საფრთხეების თავიდან აცილებაში.
1. უსაფრთხოდ შეინახეთ თქვენი seed ფრაზა
თქვენი seed ფრაზა (რომელსაც ასევე აღდგენის ფრაზას უწოდებენ) წარმოადგენს არაკასტოდიალური საფულის შექმნისას გენერირებულ ფრაზას, რომელიც 12 - 24 სიტყვისგან შედგება. ის ასრულებს თქვენი საფულის მასტერ-გასაღების ფუნქციას: ამ ფრაზის მეშვეობით ნებისმიერს შეუძლია აღადგინოს თქვენს საფულის პაროლები და მიიღოს წვდომა თქვენს თანხებზე ნებისმიერი თავსებადი მოწყობილობიდან. ამ ფრაზის უსაფრთხოდ შენახვა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოთხოვნას წარმოადგენს.
შეინახეთ ის ოფლაინ
არ შეინახოთ თქვენი seed ფრაზა ქლაუდ-მეხსიერებაში, ელ. ფოსტის ჩანაწერებში, ეკრანის ანაბეჭდების საქაღალდეებში ან ინტერნეტთან დაკავშირებულ რაიმე მოწყობილობაში. ონლაინ შენახვის შემთხვევაში არსებობს მასზე დისტანციური წვდომის რისკი. ყველაზე უსაფრთხო ვარიანტს წარმოადგენს ფრაზის ოფლაინ შენახვა. ერთ-ერთი მეთოდია აპარატურული საფულის გამოყენება, რომელიც გამოიყენება თქვენი seed ფრაზის გენერირებისთვის და შენახვისთვის. ეს მოწყობილობა არასოდეს უკავშირდება ინტერნეტს. ასევე შეგიძლიათ ჩაიწეროთ ეს ფრაზა და შეინახოთ ის ცეცხლგამძლე სეიფში ან უსაფრთხო დეპოზიტების ყუთში. ქაღალდზე დაწერის ნაცვლად შეგიძლიათ ფრაზა ლითონის ფირფიტაზე ამოტვიფროთ, რაც ცეცხლისგან და წყლისგან უკეთ დაცვას უზრუნველყოფს.
თუ გარკვეული მიზეზის გამო ამჯობინებთ ფრაზის ონლაინ შენახვას, სასურველია გამოიყენოთ სანდო პაროლების მენეჯერი.
დაყავით თქვენი seed ფრაზა რამდენიმე ნაწილად
დამატებითი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დაყავით თქვენი seed ფრაზა რამდენიმე ნაწილად და შეინახეთ ეს ნაწილები სხვადასხვა დაცულ ადგილას, მაგალითად ბანკის საცავებში, ან ჩააბარეთ ისინი სხვადასხვა სანდო პირებს. ამ მეთოდის წყალობით, სრულ ფრაზაზე წვდომა არც ერთ ადამიანს არ ექნება.
2. გაააქტიურეთ ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია
ორფაქტორიანი ავთენტიფიკაციის (2FA) გააქტიურების შემთხვევაში, ავტორიზაციის ან ტრანზაქციის დადასტურების დროს, პაროლის შეყვანის გარდა დაგჭირდებათ ვერიფიკაციის მეორე საფეხურის გავლა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვინმე თქვენს პაროლს ჩაიგდებს ხელში, ის ვერ შეძლებს თქვენს ანგარიშზე წვდომას ვერიფიკაციის მეორე ფაქტორის გარეშე ორფაქტორიანი ავთენტიფიკაციის (2FA) გააქტიურება ანგარიშის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და რეკომენდებული მეთოდია.
SMS-ით ვერიფიკაციის ნაცვლად გამოიყენეთ ავთენტიფიკატორი აპლიკაცია
ბევრი პლატფორმა გთავაზობთ SMS-ზე დაფუძნებულ 2FA-ს, რა დროსაც თქვენს მობილურის ნომერზე იგზავნება კოდი. მიუხედავად იმისა, რომ ის მხოლოდ პაროლზე დაფუძნებულ ავტორიზაციაზე უკეთეს დაცვას გთავაზობთ, ეს მეთოდიც გარკვეულ საფრთხესთანაა დაკავშირებული, რასაც SIM-სვოპინგს უწოდებენ: ამ დროს თაღლითს შეცდომაში შეჰყავს მობილურის ოპერატორი და აიძულებს მას ვერიფიკაციის კოდები თქვენი ტელეფონის ნომრის ნაცვლად მის მიერ კონტროლირებულ SIM-ზე გააგზავნოს. უკეთეს ალტერნატივას წარმოადგენს ავთენტიფიკატორი აპლიკაციები, როგორიცაა Google Authenticator ან Authy. მათი მეშვეობით ხდება დროებითი კოდების გენერირება პირდაპირ თქვენს მოწყობილობაზე, თქვენი მობილური ოპერატორის მონაწილეობის გარეშე, რომლის ხელში ჩაგდებაც გაცილებით რთულია.
უსაფრთხოების აპარატურული გასაღებები
უსაფრთხოების აპარატურული გასაღებების გამოყენებისას, როგორიცაა YubiKey, ავტორიზაციის დასადასტურებლად საჭიროა თქვენს მოწყობილობასთან დააკავშიროთ ან შეახოთ მცირე ზომის აპარატი. ამ გასაღებების მხარდაჭერა ყველა პლატფორმას არ აქვს, თუმცა ის წარმოადგენს 2FA-ის ყველაზე უსაფრთხო ვარიანტს.
3. უფრთხილდით სოციალურ ინჟინერიას ან ფიშინგს
სოციალური ინჟინერია გულისხმობს ადამიანებზე მანიპულირებას ინფორმაციის გაზიარების ან თაღლითის სასარგებლოდ რაიმე მოქმედების განხორციელების იძულების მიზნით. კრიპტო სივრცეში, სოციალური ინჟინერია ხშირად ფიშინგის მცდელობების, სოციალური ქსელების ყალბი პროფილების გამოყენების ან საჩუქრების დარიგების ლაიბსტრიმების ფორმითაა წარმოდგენილი. ამ ტაქტიკების იდენტიფიკაცია თაღლითობის პრევენციის პირველი საფეხურია.
სოციალური მედიის ყალბი ანგარიშები
თაღლითები ქმნიან ყალბ პროფილებს, რომლებიც ძალიან ჰგავს კრიპტო სივრცეში მოქმედი ცნობილი პირების პროფილებს. ისინი იყენებენ მსგავს პროფილის ფოტოებს, ოდნავ შეცვლილ მომხმარებლის სახელებს და დაკოპირებულ პოსტების ისტორიას, რათა პროფილი მაქსიმალურად ჰგავდეს რეალურს. მაგალითად, ყალბი ანგარიშის სახელად შეიძლება გამოყენებული იყოს „@Vita1ikButerin“ (ციფრით „1“), რათა მაქსიმალურად ჰგავდეს რეალურს: “@VitalikButerin“. თუ თქვენ მიიღებთ შეტყობინებას შეთავაზებით ან თანხის გამოგზავნის მოთხოვნით, სკეპტიკურად მიუდექით მას, მიუხედავად იმისა, რეალისტურად გეჩვენებათ თუ არა მისი გამომგზავნის პროფილი.
ქვემოთ მოცემულია ნამდვილი ვიტალიკ ბუტერინის განცხადება რომელიც მომხმარებლებს აფრთხილებს მისი სახელით გახსნილი ათასობით ყალბი პროფილის შესახებ.
იმისათვის, რომ შეამოწმოთ, არის თუ არა სოციალური მედიის ანგარიში ნამდვილი, დააკვირდით ვერიფიკაციის ნიშანს, გაეცანით ანგარიშის პოსტების ისტორიას და შეადარეთ მომხმარებლის სახელი ამ პირის ოფიციალურ ვებსაიტზე ან სხვა გადამოწმებულ ანგარიშზე მოცემულ სახელს.
საჩუქრების დარიგების ყალბი ლაივსტრიმები
ყალბი ლაივსტრიმების გასაშვებად თაღლითები ხშირად იყენებენ YouTube-ის ან Twitch-ის გატეხილ ან ახლად შექმნილ ანგარიშებს. როგორც წესი, ეს სტრიმები შეიცავს რედაქტირებულ ვიდეოებს, სადაც გამოსახულია ცნობილი პიროვნება და დამატებულია საჩუქრების შეთავაზების ტექსტი. ჩვეულებრივ, ამ დროს თაღლითები მაყურებელს სთხოვენ მცირე ოდენობით კრიპტოს გაგზავნას უფრო მეტი თანხის დაბრუნების სანაცვლოდ. გაითვალისწინეთ, რომ თქვენ მიერ გაგზავნილ თანხას თაღლითი მიითვისებს.
კრიპტო საჩუქრების დარიგებასთან დაკავშირებულ ლაივსტრიმებში მონაწილეობამდე შეამოწმეთ არხის შექმნის თარიღი, მისი ვიდეოების რაოდენობა და არის თუ არა ნახსენები ეს პრომოაქცია ლაივსტრიმში ნაჩვენები პირის ვერიფიცირებულ ანგარიშებზე. კანონიერი პრომოაქციების უმეტესობა არ ითხოვს თანხის გაგზავნას და როგორც წესი გაშვებულია არა ცალკეული ლაივსტრიმის სახით, არამედ რამდენიმე ოფიციალურ არხზე.
4. მოერიდეთ საჯარო Wi‑Fi-ს
საჯარო Wi-Fi ქსელების, მათ შორის აეროპორტების, კაფეების, სასტუმროების და სატრანზიტო ჰაბების ქსელების უმეტესობა არ არის უსაფრთხო ფინანსური აქტივობების განსახორციელებლად. თქვენს კრიპტო საფულეზე წვდომისთვის ან ტრანზაქციების დადასტურებისთვის საჯარო Wi-Fi-ს გამოყენების შემთხვევაში შეიძლება ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი აღმოჩნდეთ.
საჯარო ქსელებზე გავრცელებული საფრთხეები
„ბოროტი ტყუპის“ ტიპის შეტევები: თაღლითი აყენებს Wi-Fi ჰოტსპოტს, რომლის სახელიც რეალური ქსელის სახელის მსგავსია, მაგალითად „Hotel_Guest_WiFi“. როდესაც თქვენ ამ ქსელს უკავშირდებით, ამით თავდამსხმელს აძლევთ თქვენი ტრაფიკის გაკონტროლების შესაძლებლობას.
შუამავლის (MitM) ტიპის შეტევები: თავდამსხმელი ხედავს თქვენს მოწყობილობასა და ქსელს შორის გადაცემულ მონაცემებს, რისი წყალობითაც მას შეუძლია თქვენი ავტორიზაციის რეკვიზიტების და სესიის ტოკენების ხელში ჩაგდება.
თუ გჭირდებათ თქვენს კრიპტო ანგარიშზე შესვლა, თუმცა არ გაქვთ წვდომა სანდო ქსელზე, საჯარო Wi-Fi-ს ნაცვლად გამოიყენეთ თქვენი მობილურის ინტერნეტი (ან გაააქტიურეთ თქვენი მობილურის ჰოთსპოტის ფუნქცია).
5. უფრთხილდით AI Deepfake თაღლითობებს
Deepfake ტექნოლოგია იყენებს ხელოვნურ ინტელექტს სინთეზური ვიდეო ან აუდიო კონტენტის გენერირების მიზნით. ამ კონტენტში რეალური პიროვნება ამბობს ან აკეთებს ისეთ რამეს, რაც სინამდვილეში არ უთქვანს და არ გაუკეთებია. თაღლითები ამ ტექნოლოგიას იყენებენ ყალბი კონტენტის შესაქმნელად, რომლის სამიზნეს კრიპტოს მფლობელები წარმოადგენენ.
FBI-ის მიერ 2025 წელს გამოქვეყნებული ინტერნეტ-დანაშაულის შესახებ ანგარიშის თანახმად, 2025 წელს კორიპტოვალუტის ინვესტიციებთან დაკავშირებული თაღლითობით გამოწვეულმა ზარალმა 7,2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 25%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით. Deepfake თაღლითობის ინციდენტების რაოდენობა 2025 წლის პირველ კვარტალში 19%-ით მეტი იყო 2024 წლის მთელს პერიოდთან შედარებით, რის გამოც მხოლოდ ამ კვარტალში ამერიკელების ზარალმა 547,2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
გარდა ამისა, 2024 წელს აუდიო Deepfake ინციდენტების მსხვერპლი კრიპტო კომპანიების 57% გახდა, რის შედეგადაც თითოეული კომპანიის ზარალმა საშუალოდ 440 000 აშშ დოლარი შეადგინა. კვლებებმა ასევე აჩვენა, რომ ადამიანებს მაღალი ხარისხის Deepfake ვიდეოების მხოლოდ 24,5%-ის იდენტიფიცირება შეუძლიათ, ამიტომ ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად მხოლოდ ვიზუალური დაკვირვება არ არის საკმარისი.
როგორ ამოიცნოთ Deepfake-ები
ვიზუალური შეუსაბამობები: ყურადღება მიაქციეთ თვალის არაბუნებრივ ხამხამს, სახის ან თმის დაბინდულ ან მოციმციმე კიდეებს და ტუჩების მოძრაობას, რომელიც არ შეესაბამება ხმას.
აუდიოს ანომალიები: რობოტის მსგავსი მეტყველება, აუდიოს ხარისხის უეცარი ცვლილება ან ოდნავი შეუსაბამობა ტუჩების მოძრაობასა და ხმას შორის შესაძლოა სინთეზირებული აუდიოს არსებობაზე მიანიშნებდეს.
დაჩქარება და ზეწოლა: ხშირად თაღლითები Deepfake-ებს იყენებენ ხელოვნური დედლაინების ან მოკლე პერიოდით მოქმედი შემოთავაზების გენერირებისთვის. სიფრთხილით მოეკიდეთ ნებისმიერ კონტენტს, რომელიც გთხოვთ სწრაფად მოქმედებას და ფინანსური გადაწყვეტილების დაუფიქრებლად მიღებას.
გადაამოწმეთ ოფიციალური არხების მეშვეობით: თუ ვიდეო ან შეტყობინება ცნობილი პიროვნებისგან ან ორგანიზაციისგან მიიღეთ, სანამ რაიმეს მოიმოქმედებთ, გადაამოწმეთ მისი ოფიციალური ვებსაიტი და სოციალური ქსელების ვერიფიცირებული ანგარიშები. არ ჩათვალოდ ავთენტურობის მტკიცებულებად თავად ეს კონტენტი.
ხშირად დასმული კითხვები
რომელია seed ფრაზის შენახვის ყველაზე უსაფრთხო გზა?
ყველაზე უსაფრთხო მეთოდს წარმოადგენს seed ფრაზის ოფლაინ შენახვა. არ შეინახოთ ის ინტერნეტთან დაკავშირებულ მოწყობილობებში. თქვენ შეგიძლიათ ეს ფრაზა დაწეროთ ფურცელზე და შეინახოთ ის ცეცხლგამძლე სეიფში, ამოტვიფროთ ლითონის ფირფიტაზე ან გაყოთ ის რამდენიმე ნაწილად და ეს ნაწილები სხვადასხვა ადგილას შეინახოთ. მოერიდეთ მის შენახვას ქლაუდ-სერვისებში, ელ. ფოსტაში, ტელეფონის ფოტოებში ან ჩანაწერების აპლიკაციაში. თუ აუცილებელია მისი ონლაინ სივრცეში შენახვა, გამოიყენეთ სანდო პაროლების მენეჯერი.
არის თუ არა SMS-ზე დაფუძნებული ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია უსაფრთხო კრიპტოსთვის?
SMS-ზე დაფუძნებული 2FA უფრო უსაფრთხოა, ვიდრე მხოლოდ პაროლის გამოყენება, თუმცა ეს მეთოდი დაკავშირებულია SIM-სვოპინგის ტიპის შეტევების რისკებთან, რა დროსაც ამ დროს თაღლითს შეცდომაში შეჰყავს მობილურის ოპერატორი და აიძულებს მას ვერიფიკაციის კოდები თქვენი ტელეფონის ნომრის ნაცვლად მის კუთვნილ SIM-ზე გააგზავნოს. კრიპტო ანგარიშებისთვის ყველაზე უსაფრთხო ვარიანტს ავთენტიფიკატორი აპლიკაციის ან უსაფრთხოების აპარატურული გასაღების გამოყენება წარმოადგენს.
როგორ შევამოწმო, რეალურია თუ არა სოციალური ქსელის ანგარიში?
მოიძიეთ ვერიფიკაციის ნიშანი და ანგარიშში მითითებული მომხმარებლის სახელი შეადარეთ ამ პიროვნების ოფიციალურ ვებსაიტზე მოცემულ სახელს. შეამოწმეთ პოსტების ისტორია: რეალურ ანგარიშებზე პოსტების ისტორია უფრო ხანგრძლივია და მატი განთავსება უფრო სტაბილურად ხდება. ყურადღება მიაქციეთ სახელში არსებულ ორთოგრაფიულ შეცდომებს (მაგალითად, ასო „I“-ს ნაცვლად შეიძლება იყოს ციფრი „1“). განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ანგარიშებთან მიმართებით, საიდანაც იღებთ კრიპტოსთან დაკავშირებულ საეჭვო შეტყობინებებს.
რა უნდა გავაკეთო Deepfake თაღლითობის დაფიქსირების შემთხვევაში?
არ შეასრულოთ კონტენტში მითითებული რაიმე მოქმედება. ინფორმაცია გადაამოწმეთ კონტენტში ნახსენები პირის ან ორგანიზაციის ოფიციალურ ვებსაიტზე და სოციალური ქსელების ვერიფიცირებულ ანგარიშებზე. შეატყობინეთ იმ პლატფორმას, სადაც აღმოაჩინეთ ეს კონტენტი. თუ მოგთხოვეს თანხის გაგზავნა, არ შეასრულოთ ეს მოთხოვნა.
არის თუ არა საჯარო Wi‑Fi უსაფრთხო კრიპტო ტრანზაქციებისთვის?
ზოგადად, კრიპტო ანგარიშებზე წვდომა ან ტრანზაქციების დადასტურება საჯარო Wi-Fi ქსელების გამოყენებით არ არის რეკომენდებული. თუ გჭირდებათ თქვენს კრიპტო ანგარიშზე შესვლა, თუმცა არ გაქვთ წვდომა სანდო ქსელზე, საჯარო Wi-Fi-ს ნაცვლად გამოიყენეთ თქვენი მობილურის ინტერნეტი. ყოველთვის გადაამოწმეთ, რომ სწორად გაქვთ შეყვანილი URL და რომ საიტი იყენებს HTTPS პროტოკოლს მიუხედავად იმისა, თუ რომელ ქსელს იყენებთ.
შეჯამება
თქვენი კრიპტოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად არ არის საჭირო მაღალი დონის ტექნიკური ცოდნა, ამისათვის საკმარისია უსაფრთხო მუშაობის უნარების შემუშავება. შეინახეთ თქვენი seed ფრაზა ოფლაინ, გაააქტიურეთ ავთენტიფიკატორზე დაფუძნებული 2FA, უფრთხილდით სოციალურ ინჟინერიას, მოერიდეთ საჯარო Wi-Fi-ს გამოყენებას ფინანსური აქტივობებისთვის და ისწავლეთ ხელოვნური ინტელექტით გენერირებული კონტენტის ნიშნების იდენტიფიცირება, რითაც მნიშვნელოვნად შეამცირებთ საფრთხეებს.
თაღლითების ტაქტიკა მუდმივად იხვეწება, ამიტომ ინფორმირებულობა ერთ-ერთ ყველაზე საიმედო დაცვად რჩება. იმის ცოდნა, თუ როგორ მუშაობს მსგავსი შეტევები, დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ მათთან დაკავშირებული საფრთხეები.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.