ბლოკჩეინის 1-ელი და მე-2 დონის მასშტაბირებადობის ტექნოლოგიები

ბლოკჩეინის 1-ელი და მე-2 დონის მასშტაბირებადობის ტექნოლოგიები

განახლებული Jul 21, 2026
8m

მთავარი დეტალები

  • ბლოკჩეინის ტრილემა აღნიშნავს ბლოკჩეინის ქსელების პრობლემას, რაც დაკავშირებულია უსაფრთხოების, დეცენტრალიზაციისა და მასშტაბირებადობის შორის ბალანსის შენარჩუნებასთან.

  • 1-ელი დონის მასშტაბირებადობის ტექნოლოგიების დანიშნულებაა ძირითადი ბლოკჩეინის არქიტექტურის ცვლილება კონსენსუსის მექანიზმის ცვლილების ან შარდინგის გამოყენების მეშვეობით.

  • მე-2 დონის მასშტაბირებადობის ტექნოლოგიები წარმოადგენს 1-ელი დონის ტექნოლოგიებზე დამატებულ ქსელებს, რომელთა დანიშნულებაა ძირითადი ქსელის დატვირთვის დონისა და ტრანზაქციების ოდენობის შემცირება (მაგ., ტრანზაქციების ძირითადი ბლოკჩეინის გარეთ დამუშავების მეშვეობით).

  • დღესდღეობით, ბლოკჩეინ ეკოსისტემების უმეტესობა კომპლექსურ მიდგომაზე გადადის, სადაც 1-ელი დონის ტექნოლოგიები გრძელვადიან უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, ხოლო მე-2 დონის ქსელები - სისწრაფესა და ხელმისაწვდომობას.

Binance Academy კურსების ბანერი

შესავალი

ბლოკჩეინის ქსელების პოპულარობა დღითიდღე იზრდება, რასაც ახალი მომხმარებლების და ტრანზაქციების რაოდენობის ზრდა ახლავს თან. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ტექნოლოგია უდავოდ რევოლუციურია, მისი მასშტაბირებადობა (სისტემის უნარი გაუმკლავდეს გაზრდილ მოთხოვნას) კვლავ ძირითად გამოწვევად რჩება. საჯარო ბლოკჩეინებში უპირატესობა დეცენტრალიზაციასა და უსაფრთხოებას ენიჭება, რის გამოც მაღალი გამტარუნარიანობის უზრუნველყოფა ხშირად პრობლემას წარმოადგენს.

ამ გამოწვევას ბლოკჩეინის ტრილემას უწოდებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ დეცენტრალიზებულ სისტემებში რთულია დეცენტრალიზაციის, უსაფრთხოების და მასშტაბირებადობის მაღალი დონის ერთდროულად მიღწევა. ჩვეულებრივ, ქსელებში პრიორიტეტი ამ სამი კომპონენტიდან ორს ენიჭება.

ამ ტრილემასთან გამკლავებისთვის დეველოპერები სხვადასხვა მიდგომას იყენებენ. ზოგი ტექნოლოგია ძირითადი (1-ელი დონის) ბლოკჩეინის არქიტექტურის მოდიფიკაციას ითვალისწინებს, სხვები კი ძირითადი ქსელის პარალელურად გაშვებული მეორეული პროტოკოლების (მე-2 დონის ქსელების) მეშვეობით ცდილობენ პრობლემის გადაჭრას. ორივე მიდგომას ინდივიდუალური უპირატესობები და ნაკლოვანებები ახასიათებს, რის გამოც დღესდღეობით მრავალი ეკოსისტემა მათი ერთობლივად გამოყენების გზას მიმართავს.

1-ელი და მე-2 დონე

ტერმინი 1-ელი დონის ბლოკჩეინი აღნიშნავს ძირითად ბლოკჩეინს, სადაც ხდება ტრანზაქციების საბოლოოდ ჩაწერა. ამ ქსელების მაგალითებია Bitcoin, Ethereum, BNB Chain და Solana. ეს არის საბაზისო ქსელები, რომლებზეც სხვადასხვა პროტოკოლის დამატებაა შესაძლებელი.

მე-2 დონე აღნიშნავს პროტოკოლებს, რომლებიც მუშაობს 1-ელი დონის ბლოკჩეინთან ერთად. მათი მეშვეობით ხდება ტრანზაქციების ძირითადი ბლოკჩეინის მიღმა დამუშავება და ბლოკჩეინზე მხოლოდ საბოლოო შედეგები იგზავნება. ამ ტიპის ერთეულების მაგალითებია Lightning Network (Bitcoin-ისთვის), Arbitrum, Base და zkSync (Ethereum-ისთვის).

მთავარი განსხვავება იმაში მდგომარეობს, თუ სად მიმდინარეობს ძირითადი პროცესები. 1-ელი დონის ტექნოლოგია ცვლის უშუალოდ საბაზისო ბლოკჩეინის მუშაობის წესებს და მექანიზმებს. მე-2 დონის ტექნოლოგია ტრანზაქციების მთავარი ბლოკჩეინის გარეთ დასამუშავებლად და მისი დატვირთვის შესამცირებლად იყენებს გარე, პარალელურ ქსელს, რის შემდეგაც საბოლოო შედეგებს უსაფრთხოების მიზნით ისევ 1-ელი დონის ბლოკჩეინზე აგზავნის.

მასშტაბირებადობის 1-ელი დონის ტექნოლოგიების მაგალითები

კონსენსუსის მექანიზმის გაუმჯობესებები

ზოგიერთი ბლოკჩეინი არაენერგოეფექტური სისტემების ნაცვლად, როგორიცაა proof-of-work (PoW) ირჩევს უფრო ეფექტურ მექანიზმებს, როგორიცაა proof-of-stake (PoS). Ethereum-ის შემთხვევაში აღნიშნული ცვლილებები დაკავშირებულია „The Merge“-ის სახელით ცნობილ განახლებასთან, რომელიც 2022 წლის სექტემბერში დასრულდა. PoS მოდელის შემთხვევაში ვალიდატორების შერჩევა, გამომთვლელი რესურსების ნაცვლად, სტეიკინგზე განთავსებული კაპიტალის საფუძველზე ხდება, რაც ხელს უწყობს ტრანზაქციების გამტარუნარიანობისა და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას.

შარდინგი

შარდინგი გულისხმობს ბლოკჩეინის დაყოფას მცირე ზომის ნაწილებად, რომლებსაც „შარდები“ ეწოდება. ყველა ნოდის მიერ თითოეული ტრანზაქციის დამუშავების ნაცვლად, აღნიშნული პროცესები სხვადასხვა ჯგუფებს შორის ნაწილდება. ეს მიდგომა ბლოკჩეინს აძლევს რამდენიმე ტრანზაქციის ერთდროულად დამუშავების შესაძლებლობას, რაც ზრდის საერთო ეფექტურობას.

Ethereum-ის გრძელვადიანი განვითარების გეგმა მოიცავს სრული შარდინგის მოდელის დანერგვას დანკშარდინგის სახელით ცნობილი ფუნქციის მეშვეობით, თუმცა ეს გაუმჯობესება ჯერ კიდევ შემუშავების ეტაპზეა. შუალედური ეტაპი, EIP-4844 (blob ტრანზაქციები), 2024 წლის მარტში დაინერგა, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა მონაცემთა შენახვასთან დაკავშირებული ხარჯები მე-2 დონის ქსელებისთვის.

ბლოკის ზომის გაზრდა

უფრო მარტივი ალტერნატივა თითოეული ბლოკის მაქსიმალური ზომის გაზრდაა, რაც ერთ ბლოკში მეტი ტრანზაქციის ჩატევის შესაძლებლობას უზრუნველყოფს. აღნიშნული მეთოდი აუმჯობესებს გამტარუნარიანობას პროტოკოლის ფუნდამენტური ცვლილებების გარეშე. თუმცა, აუცილებელია იმის გათვალისწინებაც, რომ შედარებით დიდი ზომის ბლოკებისთვის საჭიროა დამატებითი რესურსები, რის გამოც ქსელში ჩართულ სტანდარტულ კომპიუტერს შეიძლება გაუჭირდეს ვალიდაციის ნოდის ფუნქციის შესრულება, ამან კი, შესაძლოა დეცენტრალიზაციის დონის შემცირება გამოიწვიოს.

მასშტაბირებადობის მე-2 დონის ტექნოლოგიების მაგალითები

როლაფები

როლაფები აჯგუფებენ (პაკეტებად ფუთავენ) ასობით ტრანზაქციას და ამის შემდეგ აგზავნიან მთავარ ბლოკჩეინზე. ეს ამცირებს მონაცემთა იმ მოცულობას, რომლის 1-ელი დონის ბლოკჩეინზე დამატებაც თითოეული ტრანზაქციის განხორციელების შედეგად ხდება, რაც უზრუნველყოფს საკომისიოების შემცირებას და გამტარუნარიანობის გაუმჯობესებას. ამჟამად როლაფები წარმოადგენს Ethereum-ზე გამოყენებულ ყველაზე პოპულარულ მასშტაბირებადობის ტექნოლოგიას.

არსებობს როლაფების ორი ძირითადი ტიპი. ოპტიმისტური როლაფები (რომელიც გამოიყენება Arbitrum-ისა და Base-ის მიერ), რომელთა სისტემაც, ნაგულისხმევი პარამეტრებით, ყველა ტრანზაქციას ვალიდურად მიიჩნევს და დავების შემთხვევაში ითვალისწინებს გასაჩივრების პერიოდს; და ZK როლაფები (რომელიც გამოიყენება zkSync-ისა და Scroll-ის მიერ), რომლებიც ქმნიან კრიპტოგრაფიულ მტკიცებულებებს და ტრანზაქციების ვალიდურობას დაყოვნების პერიოდის გარეშე, მყისიერად ადასტურებენ.

მდგომარეობის არხები

მდგომარეობის არხი წარმოადგენს მონაწილეებს შორის კომუნიკაციისთვის გამოყენებულ ორმიმართულებიან off-chain სისტემას. მომხმარებლებს შორის ტრანზაქციების განხორციელებისას ბლოკჩეინზე მხოლოდ ბალანსის გახსნის და დახურვის მონაცემების ჩაწერა ხდება. აღნიშნული მოდელი განსაკუთრებით ეფექტურია ერთსა და იმავე მხარეებს შორის განმეორებადი ურთიერთქმედებისთვის, როგორიცაა მიკროგადახდები ან ონლაინ თამაშები.

Bitcoin-ის მე-2 დონის ქსელების განყოფილებაში მოცემულია ინფორმაცია Lightning Network-ის შესახებ, რომელიც მონაწილეებს შორის Bitcoin-ით გადახდების განხორციელების შესაძლებლობას უზრუნველყოფს და გამოირჩევა მაღალი სისწრაფითა და დაბალი საკომისიოებით.

საიდჩეინები

საიდჩეინები წარმოადგენს დამოუკიდებელ ბლოკჩეინებს, რომლებიც 1-ელი დონის ბლოკჩეინების პარალელურად მუშაობენ და საკუთარი ვალიდატორები და კონსენსუსის წესები გააჩნიათ. ისინი ძირითად ბლოკჩეინს ხიდის მეშვეობით უკავშირდებიან. ამ ტიპის ერთეულების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მაგალითს წარმოადგენს Polygon PoS ქსელი. როლაფებისგან განსხვავებით, საიდჩეინები თავად არიან პასუხისმგებელნი საკუთარ უსაფრთხოებაზე. ისინი, ხშირ შემთხვევაში, გამოირჩევა მაღალი სისწრაფითა და დაბალი ხარჯებით, თუმცა მათი უსაფრთხოება არ არის უზრუნველყოფილი 1-ელი დონის მთავარი ბლოკჩეინის მიერ, როგორც ეს როლაფების შემთხვევაში ხდება.

ჩაშენებული ბლოკჩეინები

ჩაშენებული ბლოკჩეინების სისტემაში, მთავარი ბლოკჩეინი სამუშაოს ანაწილებს „შვილობილ“ ბლოკჩეინებს შორის. „შვილობილი“ ბლოკჩეინები ამუშავებენ მონაცემებს და შედეგებს უკან „მშობელ“ ბლოკჩეინზე აგზავნიან. ამის მაგალითია Plasma სტრუქტურა, რომელიც Ethereum-ზეა გაშვებული, თუმცა პრაქტიკაში იგი თითქმის სრულად ჩაანაცვლა როლაფებმა.

1-ელი და მე-2 დონის ტექნოლოგიები: ძირითადი განსხვავებები

ორივე დონის ტექნოლოგიების დანიშნულებას ქსელის მუშაობის აჩქარება წარმოადგენს, თუმცა განსხვავებულია მათი მუშაობის პრინციპები. ქვემოთ მოცემულია მოკლე ინფორმაცია მათ შორის არსებული ძირითადი განსხვავებების შესახებ:

  • დანიშნულება: 1-ელი დონე წარმოადგენს ჭეშმარიტი მონაცემების მთავარ წყაროს და ანგარიშსწორების დონეს. მე-2 დონე: შექმნილია ძირითადი დონის გამტარუნარიანობის გაუმჯობესებისა და საკომისიოების შემცირების მიზნით.

  • მეთოდი: 1-ელი დონე: პირდაპირ ცვლის პროტოკოლის წესებს. მე-2 დონე: დამუშავების პროცესი გადააქვს დამატებით ქსელზე ან აპლიკაციაზე.

  • უსაფრთხოება: 1-ელი დონე: დამოკიდებულია საკუთარ დეცენტრალიზებულ კონსენსუსის მექანიზმზე. მე-2 დონე: მისი უსაფრთხოება და მონაცემთა ხელმისაწვდომობა ჩვეულებრივ დამოკიდებულია მთავარ ქსელზე.

  • კომპლექსურობა: 1-ელი დონე: განახლებების რეალიზაცია შეიძლება რთული იყოს და მოითხოვდეს მთელ ქსელში კონსენსუსის მიღწევას. მე-2 დონე: განახლებების დანერგვა და რეალიზაცია, ხშირ შემთხვევაში, გავლენას არ ახდენს მთავარი ქსელის მუშაობაზე.

მასშტაბირებადობის ტექნოლოგიების შეზღუდვები

ორივე მიდგომას ახასიათებს ინდივიდუალური შეზღუდვები.

1-ელ დონეზე განხორციელებული განახლებები შესაძლოა ნელი და პოლიტიკურად რთული პროცესი იყოს. პროტოკოლის მასშტაბური ცვლილებები, როგორიცაა შარდინგი ან კონსენსუსის მექანიზმის ფუნდამენტური გარდაქმნა, ვალიდატორების, დეველოპერებისა და დაინტერესებული მხარეების შეთანხმებას მოითხოვს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მათ შორის შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდება, hard fork-ებმა შესაძლოა ქსელის ორად გაყოფა გამოიწვიოს.

მე-2 დონის ქსელები მომხმარებლებისთვის დამატებით ბარიერებსა და სირთულეებს ქმნის. 1-ელი დონისა და მე-2 დონის ქსელებს შორის თანხების გადატანა ხიდების მეშვეობით ხდება, რაც დამატებით დროსთან და უსაფრთხოების რისკებთანაა ასოცირებული. ლიკვიდურობა ფრაგმენტირებულია და გადანაწილებულია მე-2 დონის სხვადასხვა ქსელს შორის. გარდა ამისა, მე-2 დონის ზოგიერთი ქსელის შემთხვევაში ტრანზაქციების თანმიმდევრობის განსაზღვრა ცენტრალიზებული სეკვენსერის მეშვეობით ხდება, რაც კრიტიკული სუსტი წერტილის გაჩენის რისკთანაა დაკავშირებული.

ხშირად დასმული შეკითხვები

რა განსხვავებაა 1-ელი და მე-2 დონის ტექნოლოგიებს შორის?

1-ელი დონე წარმოადგენს ძირითად ბლოკჩეინს (როგორიცაა Ethereum ან Bitcoin), სადაც ხდება ტრანზაქციების საბოლოოდ დადასტურება. მე-2 დონის მასშტაბირებადობის ტექნოლოგიები წარმოადგენს 1-ელი დონის ტექნოლოგიებზე დამატებულ ქსელებს, რომელთა დანიშნულებაა ძირითადი პროცესების ბლოკჩეინის მიღმა გადატანა და მთავარ ქსელზე მხოლოდ საბოლოო მონაცემების გაგზავნა. 1-ელი დონის ტექნოლოგიები ძირითადად უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ანგარიშსწორების მიზნით გამოიყენება, ხოლო მე-2 დონის ტექნოლოგიები - სისწრაფის გაუმჯობესებისა და ხარჯების შემცირებისთვის.

არის თუ არა მე-2 დონის ქსელები ისეთივე უსაფრთხო, როგორც 1-ელი დონის ქსელები?

ეს დამოკიდებულია მე-2 დონის ქსელის ტიპზე. როლაფები, ძირითადად, 1-ელი დონის უსაფრთხოების მექანიზმებს იყენებენ, ვინაიდან ტრანზაქციების მონაცემების გადატანა ძირითად ბლოკჩეინზე ხდება. საიდჩეინები კი, თავის მხრივ, 1-ელი დონის ქსელების უსაფრთხოების მექანიზმების ნაცვლად, აღნიშნულ პროცესებს საკუთარი ვალიდატორების ჯგუფებზე ანაწილებენ. ნებისმიერი დონის ტექნოლოგიით სარგებლობამდე, მომხმარებლებმა უნდა მოიძიონ მაქსიმალური ინფორმაცია მე-2 დონის კონკრეტული ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართ მიდგომებთან დაკავშირებით.

რატომ არის როლაფების საკომისიოები Ethereum-ის საკომისიოებზე ბევრად დაბალი?

როლაფები აჯგუფებენ (პაკეტებად ფუთავენ) ასობით ტრანზაქციას და ამის შემდეგ აგზავნიან მთავარ Ethereum-ზე. ეს ნიშნავს, რომ Ethereum-ის ერთი ტრანზაქციის ღირებულება როლაფის მრავალ ტრანზაქციაზე ნაწილდება, რაც თითოეული ტრანზაქციის საკომისიოს მნიშვნელოვნად ამცირებს. 2024 წლის მარტში Ethereum-ის Dencun განახლების შედეგად მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული ეს ხარჯები „blob“ ტრანზაქციების მეშვეობით კიდევ უფრო შემცირდა.

რა არის ბლოკჩეინის ტრილემა?

ბლოკჩეინის ტრილემა აღნიშნავს ბლოკჩეინის ქსელების პრობლემას, რაც დაკავშირებულია უსაფრთხოების, დეცენტრალიზაციისა და მასშტაბირებადობის შორის ბალანსის შენარჩუნებასთან. ჩვეულებრივ, ქსელებში პრიორიტეტი ამ სამი კომპონენტიდან ორს ენიჭება. მასშტაბირებადობის ზემოხსენებული ტექნოლოგიები, მეტწილად, სწორედ ამ შეზღუდვის დაძლევის მიზნითაა შექმნილი.

მე-2 დონის რომელი ქსელები გამოიყენება ყველაზე ფართოდ?

დღეის მდგომარეობით, Arbitrum, Base და zkSync ტრანზაქციების რაოდენობისა და ბლოკირებული აქტივების მთლიანი რაოდენობის მიხედვით Ethereum-ის ყველაზე აქტიურ მე-2 დონის ქსელებს შორის არიან. Bitcoin-ის მე-2 დონის გადახდების ძირითად ქსელად კი, კვლავ Lightning Network რჩება. ტექნოლოგიის პოპულარობის დონე თანდათან იზრდება, რადგან სულ უფრო მეტი აპლიკაცია და მომხმარებელი გადადის L2 ქსელებზე, რის ძირითად მიზეზსაც მაღალი ეფექტურობა და დაბალი ხარჯები წარმოადგენს.

შეჯამება

მასშტაბირება ბლოკჩეინის განვითარების ერთ-ერთ მთავარ ასპექტს წარმოადგენს. 1-ელი დონის ტექნოლოგიების გაუმჯობესებები, როგორიცაა შარდინგი, გამტარუნარიანობის გრძელვადიან გაუმჯობესებას უზრუნველყოფს, ხოლო მე-2 დონის ქსელები უკვე გვთავაზობს პრაქტიკულ უპირატესობას სისწრაფისა და ეკონომიურობის თვალსაზრისით. ბლოკჩეინის უმსხვილესი ეკოსისტემების უმეტესობა მრავალდონიანი არქიტექტურისკენ იღებს გეზს, სადაც უსაფრთხო და დეცენტრალიზებული ძირითადი ბლოკჩეინი მასზე დამატებულ უფრო სწრაფ და ეკონომიურ ქსელებს უერთდება.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.

პოსტების გაზიარება

Binance Academy-ს სარედაქციო განყოფილება

დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.