რა არის EigenCloud (EIGEN)?

რა არის EigenCloud (EIGEN)?

განახლებული Aug 6, 2026
7m

მთავარი დეტალები

  • EigenCloud (ყოფილი EigenLayer) არის Ethereum-ზე გაშვებული პროტოკოლი, რომელმაც შემოგვთავაზა „განმეორებითი სტეიკინგი“, რაც იძლევა სტეიკინგზე განთავსებული ETH-ის სხვა სერვისებში გამოყენების შესაძლებლობას, რომლებიც არ არის გაშვებული Ethereum-ის ძირითად ქსელში.

  • EigenCloud-ის სერვისებს ეწოდება აქტიური ვალიდაციის სერვისები (AVS-ები), რაც შეიძლება მოიცავდეს მონაცემთა ხელმისაწვდომობის ფენებს, კროს-ჩეინ ხიდებს და Oracle ქსელებს.

  • განმეორებითი სტეიკინგის მონაწილეებს შეუძლიათ აირჩიონ ადგილობრივი ETH-ის განმეორებითი სტეიკინგი, ლიკვიდურობის სტეიკინგის ტოკენის განმეორებითი სტეიკინგი ან ლიკვიდურობის პროვაიდერის ტოკენის განმეორებითი სტეიკინგი, თითოეულ მათგანს განსხვავებული რისკისა და სარგებლის პროფილი აქვს.

Binance Academy-ს კურსების ბანერი

შესავალი

უსაფრთხო ბლოკჩეინ-აპლიკაციის შემუშავება, როგორც წესი, ვალიდატორების სრულიად ახალი ჯგუფის ნულიდან შექმნას გულისხმობს. ახალი პროექტებისთვის ეს პროცესი ძვირადღირებული, ნელი და რისკის შემცველია. გარდა ამისა, ეს იწვევს ეკოსისტემის უსაფრთხოების სისტემის ფრაგმენტაციას.

EigenLayer არის Ethereum-ზე გაშვებული პროტოკოლი, რომელიც ამ პრობლემის გადასაჭრელად შეიქმნა. მან დანერგა მექანიზმი, სახელწოდებით განმეორებითი სტეიკინგი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს სტეიკინგზე განთავსებული ETH გამოიყენოს სხვა სერვისების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამის გაკეთება მათ შეუძლიათ სტეიკინგის გაუქმების ან დამატებითი აქტივების დაბლოკვის გარეშე. ამგვარად, EigenLayer მუშაობს, როგორც ნდობის ერთიანი, დეცენტრალიზებული პლატფორმა.

გაშვების შემდეგ პროექტი მნიშვნელოვნად განვითარდა და მისი შესაძლებლობები გასცდა განმეორებითი სტეიკინგის სფეროს. 2025 წლის ივნისში განხორციელებული რებრენდინგის შემდეგ მას EigenCloud ეწოდა, რის შემდეგაც მან დაიწყო ინფრასტრუქტურულ პლატფორმად ჩამოყალიბება. ეს სტატია აღწერს, თუ როგორ მუშაობს ძირითადი სისტემა და რა ცვლილებები იქნა მასში შეტანილი.

როგორ მუშაობს EigenLayer?

EigenLayer Ethereum-ის სტეიკერებს აძლევს მისი სმარტ კონტრაქტების გამოყენების შესაძლებლობას, რისი წყალობითაც მათ საშუალება ეძლევათ Ethereum-ის ქსელში სტეიკინგზე განთავსებული ETH (ან ლიკვიდურობის სტეიკინგის ტოკენები) გამოიყენოთ დამატებითი პროტოკოლებისა და სერვისების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

EigenLayer იყენებს Ethereum-ის proof-of-stake მოდელს. სტეიკერები საკუთარი აქტივების მეშვეობით უზრუნველყოფენ როგორც ძირითადი ბლოკჩეინის, ასევე დამატებითი სერვისების უსაფრთხოებას. ამ უსაფრთხოების მექანიზმით შეიძლება დეცენტრალიზებული საცავის ქსელის, ბლოკჩეინის თამაშში გამოყენებული ნივთების ან სესხების გაცემის აპლიკაციების მხარდაჭერა.

ამ დამატებით პროტოკოლებს ეწოდება აქტიური ვალიდაციის სერვისები (AVS). სანამ განმეორებითი სტეიკინგის პროცესს განვიხილავთ, დეტალურად გავეცნოთ AVS-ებს.

რა არის აქტიური ვალიდაციის სერვისები (AVS)?

AVS-ები არის სერვისები და აპლიკაციები, რომლებიც იყენებს EigenLayer-ის გაერთიანებულ უსაფრთხოებას. ისინი შეიძლება მოიცავდეს მონაცემთა ხელმისაწვდომობის ფენებსა და კროს-ჩეინ ხიდებს, ასევე Oracle ქსელებსა და როლაფის ინფრასტრუქტურას. თითოეული AVS თავად განსაზღვრავს მონაწილეობის მოთხოვნებს და განმეორებითი სტეიკინგის მონაწილეებს შეუძლიათ აირჩიონ, თუ რომელი მათგანის მხარდაჭერა სურთ.

ერთ-ერთი ცნობილი AVS-ია EigenDA, რომელიც წარმოადგენს EigenLayer-ის მონაცემთა ხელმისაწვდომობის შრეს. EigenDA შექმნილია დიდი მოცულობის მონაცემების დასამუშავებლად. ის იდეალურია მეორე დონის როლაფებისთვის და აპლიკაციებისთვის, რომელთაც ესაჭიროება მონაცემთა ეფექტური და ეკონომიური საცავი.

განმეორებითი სტეიკინგის მუშაობის დეტალური პროცესი

1. მომხმარებელი Ethereum-ის ქსელში სტეიკინგზე განათავსებს ETH-ს Ethereum-ზე - უშუალოდ ბლოკჩეინზე ან ლიკვიდურობის სტეიკინგის პროტოკოლის მეშვეობით.

2. ის საკუთარ ETH-ს ან LST-ებს განათავსებს EigenLayer-ის სმარტ-კონტრაქტებში.

3. ის ირჩევს, თუ რომელი AVS-ის მხარდაჭერა სურს, შემდეგ ან თავად უშვებს საჭირო პროგრამულ უზრუნველყოფას ან ახდენს ამ ფუნქციის დელეგირებას ოპერატორზე.

4. ოპერატორები განმეორებითი სტეიკინგის მონაწილეების სახელით უშვებენ AVS-ისთვის საჭირო პროგრამულ უზრუნველყოფას და სანაცვლოდ იღებენ ჯილდოებს. დელეგირების მოდელის გამოყენების შემთხვევაში განმეორებითი სტეიკინგის მონაწილეებს შეუძლიათ საკუთარი აქტივები გადასცენ ოპერატორებს, რომლებიც ფლობენ ერთი ან რამდენიმე AVS-ის გაშვებისთვის საჭირო ტექნიკურ ინფრასტრუქტურას.

5. AVS-ების მიერ გენერირებული ჯილდოები ნაწილდება განმეორებითი სტეიკინგის მონაწილეებსა და ოპერატორებს შორის, მათი წვლილის გათვალისწინებით.

განმეორებითი სტეიკინგის ტიპები

EigenLayer მხარს უჭერს განმეორებითი სტეიკინგის სამ ძირითად ტიპს, რომელთაგან თითოეული სხვადასხვა მომხმარებელსა და კონფიგურაციაზეა მორგებული:

  • ადგილობრივი ETH-ის განმეორებითი სტეიკინგი: ვალიდატორებს, რომლებიც Ethereum-ის ნოდებს მართავენ, შეუძლიათ საკუთარი ETH პირდაპირ განათავსონ განმეორებით სტეიკინგზე EigenLayer-ის კონტრაქტებში თანხის გადატანის რეკვიზიტების მითითებით. ამ ვარიანტს მეტი ტექნიკური ცოდნა სჭირდება და, როგორც წესი, უფრო გამოცდილი მომხმარებლებისთვის არის განკუთვნილი.

  • ლიკვიდურობის სტეიკინგის ტოკენის (LST) განმეორებითი სტეიკინგი: მომხმარებლებს, რომლებიც ლიკვიდურობის სტეიკინგის პროტოკოლებიდან მიღებულ LST-ებს ფლობენ, შეუძლიათ ეს ტოკენები EigenLayer-ში განათავსონ. ეს პოპულარული მეთოდია და განკუთვნილია იმ მომხმარებლებისთვის, რომელთაც არ სურთ საკუთარი ვალიდატორის ინფრასტრუქტურის მართვა.

  • ლიკვიდურობის პროვაიდერის (LP) ტოკენის განმეორებითი სტეიკინგი: ლიკვიდურობის პროვაიდერის (LP) ტოკენები, რომელთა შორისაა ETH ან LST-ები, ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს განმეორებითი სტეიკინგისთვის, რისი წყალობითაც ამ მეთოდით სარგებლობა DeFi-ის ლიკვიდურობის პულების მომხმარებლებსაც შეუძლიათ.

EIGEN ტოკენი

EIGEN ტოკენი გაეშვა 2024 წელს, EigenLayer-ის დაფუძნებიდან სამი წლის შემდეგ. ეკოსისტემაში EIGEN ასრულებს utility და governance ტოკენის ფუნქციას. მფლობელებს მისი გამოყენება შეუძლიათ მმართველობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობისთვის და იმ ცალკეული AVS-ების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რომლებიც იყენებენ ტოკენზე დაფუძნებულ ცალკეულ უსაფრთხოების მოდელს - ადგილობრივი ETH-ის განმეორებითი სტეიკინგის პარალელურად ან მის ნაცვლად.

სლეშინგი და აღსრულება

2025 წლის აპრილში Ethereum-ის mainnet-ში ამოქმედდა სლეშინგის მექანიზმი. სლეშინგი ნიშნავს იმას, რომ განმეორებით სტეიკინგში მონაწილეს ან ოპერატორს შესაძლოა ჩამოეჭრას სტეიკინგზე განთავსებული აქტივების ნაწილი, თუ ის დაარღვევს AVS-ის წესებს ან ვერ შეძლებს უწყვეტად ონლაინ რეჟიმში ყოფნას.

თითოეული AVS განსაზღვრავს სლეშინგის საკუთარ პირობებს, ხოლო ოპერატორები სლეშინგის რისკის ქვეშ მხოლოდ იმ შემთხვევაში ექცევიან, თუ თავად გადაწყვეტენ ამ სერვისებთან დაკავშირებას. მოგვიანებით დამატებულმა განახლებამ ასევე შემოიღო თანხების გადანაწილების ფუნქცია, რომელიც უზრუნველყოფს ჩამოჭრილი სახსრების წინასწარ განსაზღვრულ მიმღებებთან გადამისამართებას, ნაცვლად მათი დაწვისა. გადანაწილების ეს ვარიანტი ნებაყოფლობითია და არ ეხება ადგილობრივ ETH-ს ან EIGEN ტოკენს.

EigenLayer-იდან EigenCloud-მდე

2025 წლის ივნისში EigenLayer-ის გუნდმა გამოუშვა EigenCloud, ხოლო EigenCloud-ზე სრული რებრენდინგი 2026 წელს დასრულდა, რომლის მიზანი იყო მისი „ვერიფიცირებად ქლაუდ-პლატფორმად“ ჩამოყალიბება, რის შემდეგაც ის მხოლოდ განმეორებითი სტეიკინგის პროტოკოლი აღარ იქნებოდა.

EigenCloud-ის მიერ შეთავაზებული სერვისები მოიცავს EigenDA-ს მონაცემთა ხელმისაწვდომობისთვის, EigenCompute-ს off-chain გამოთვლებისთვის და ვერიფიკაციის ინსტრუმენტებს, როგორიცაა EigenVerify ან EigenAI. მისი დანიშნულებაა დეველოპერებს მისცეს შესაძლებლობა, შექმნან აპლიკაციები, რომელთა შედეგებიც შეიძლება კრიპტოგრაფიულად შემოწმდეს, ხოლო ნდობის ფენად გამოიყენონ EigenLayer-ის საზიარო უსაფრთხოება.

EigenLayer რჩება საბაზისო პროტოკოლად, რომელიც გამოიყენება განმეორებითი სტეიკინგისთვის, ხოლო EigenCloud წარმოადგენს უფრო ფართო დანიშნულების პლატფორმას. ეს ცვლილება ასახავს პროექტის ამბიციების ზრდას დროთა განმავლობაში.

EigenLayer-ის უპირატესობები

EigenLayer მიზნად ისახავს დეცენტრალიზებული აპლიკაციების (DApp-ების) უსაფრთხოების გაუმჯობესებას სხვადასხვა სერვისისთვის ვალიდატორების საერთო პულის გამოყენებით. ეს ხელს უწყობს უფრო მდგრადი გარემოს შექმნას როგორც მომხმარებლებისთვის, ისე დეველოპერებისთვის.

ის ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც სატესტო გარემო, სადაც შესაძლებელი იქნება ახალი იდეების გამოცდა და ვალიდაცია მათ რეალიზაციამდე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ის დეველოპერს ათავისუფლებს ვალიდატორების საკუთარი ჯგუფის შექმნის და მართვის საჭიროებისგან, რითაც ხდება ნებართვის საჭიროების გამორიცხვის პრინციპზე დაფუძნებული ინოვაციების წახალისება. განმეორებითი სტეიკინგის მეშვეობით მათ შეუძლიათ გამოიყენონ ვალიდატორების უკვე არსებული ქსელი, რამაც შესაძლოა ხელი შეუწყოს Ethereum-ის ეკოსისტემაში უფრო მასშტაბური ექსპერიმენტებს განხორციელებას.

გასათვალისწინებელი რისკები

ნებისმიერი სხვა DeFi პროტოკოლის მსგავსად, EigenLayer დაკავშირებულია რისკებთან, რომლებიც უნდა გაითვალისწინონ მომხმარებლებმა პროექტში მონაწილეობის დაწყებამდე.

  • სლეშინგის რისკი: განმეორებითი სტეიკინგის მონაწილეები და ოპერატორები შეიძლება დაექვემდებარონ სლეშინგს, რაც გულისხმობს სტეიკინგზე განთავსებული აქტივების ნაწილის დაკარგვას AVS-ის წესების დარღვევის ან ონლაინ რეჟიმში არასაკმარისი დროის განმავლობაში ყოფნის შემთხვევაში. თითოეულ AVS-ს საკუთარი წესების მიხედვით მუშაობს, ამიტომ მონაწილეობის ზუსტი პირობები შეიძლება განსხვავებული იყოს.

  • სმარტ კონტრაქტის რისკი: EigenLayer იყენებს კომპლექსურ სმარტ კონტრაქტებს. ამ კონტრაქტებში არსებულმა ნებისმიერმა ხარვეზმა შეიძლება გამოიწვიოს თანხების დაკარგვა.

  • კორელაციური სლეშინგი: ოპერატორები, რომლებიც ერთდროულად უზრუნველყოფენ რამდენიმე AVS-ის მხარდაჭერას, კორელაციური სლეშინგის რისკის წინაშე დგანან - ერთ სექტორში დაფიქსირებული ხარვეზის გამო შეიძლება დაეკისროთ ერთდროულად რამდენიმე სერვისის მიერ განსაზღვრული ჯარიმები.

  • ცენტრალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები: თუ განმეორებითი სტეიკინგის აქტივების დიდი წილი კონცენტრირებულია რამდენიმე ოპერატორის ან დომინანტი სტეიკინგ-პულების ხელში, ამან შეიძლება წარმოშვას ცენტრალიზაციის რისკები, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ზოგად უსაფრთხოების მოდელზე.

  • დამატებითი სირთულე: განმეორებითი სტეიკინგი წარმოადგენს Ethereum-ის სტანდარტული სტეიკინგის უფრო კომპლექსურ ვერსიას. ამან შესაძლოა გაართულოს რისკის შეფასება და მართვა, განსაკუთრებით ნაკლებად გამოცდილი მონაწილეებისთვის.

ხშირად დასმული შეკითხვები

რა არის განმეორებითი სტეიკინგი EigenLayer-ზე?

განმეორებითი სტეიკინგი არის უკვე სტეიკინგზე განთავსებული ETH-ის ან ლიკვიდურობის სტეიკინგის ტოკენების ხელახლა გამოყენების პროცესი, რაც უზრუნველყოფს AVS-ების სახელით ცნობილი დამატებითი სერვისების უსაფრთხოებას, რომლებიც არ არის გაშვებული Ethereum-ის ქსელზე. მომხმარებლები სტეიკინგში გამოყენებულ აქტივებს განათავსებენ EigenLayer-ის სმარტ კონტრაქტებში, რის შემდეგაც შეუძლიათ მხარი დაუჭირონ ერთ ან რამდენიმე AVS-ს და მიიღონ დამატებითი ჯილდოები. თუმცა ეს ასევე დაკავშირებულია გაზრდილ რისკთან.

EigenLayer იგივეა, რაც EigenCloud?

ეს სახელები ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. EigenLayer არის განმეორებითი სტეიკინგის თავდაპირველი პროტოკოლი. 2025 წლის ივნისში პროექტმა განახორციელა რებრენდინგი, რის შემდეგაც პროტოკოლს ეწოდა EigenCloud და გარდაიქმნა უფრო მასშტაბურ „ვერიფიცირებად ქლაუდ-პლატფორმად“, რომელიც მოიცავს მონაცემთა ხელმისაწვდომობის, off-chain გამოთვლებისა და ვერიფიკაციის სერვისებს. განმეორებითი სტეიკინგის სისტემა რჩება ამ უფრო ფართო ეკოსისტემის ცენტრალურ ნაწილად.

რა არის AVS?

აქტიური ვალიდაციის სერვისი (AVS) არის ნებისმიერი სერვისი ან აპლიკაცია, რომელიც იყენებს EigenLayer-ის ერთიან უსაფრთხოებას. მაგალითებად შეიძლება მოვიყვანოთ მონაცემთა ხელმისაწვდომობის ფენები, კროს-ჩეინ ხიდები, Oracle ქსელები და როლაფის ინფრასტრუქტურა. თითოეული AVS იყენებს წესებისა და ჯილდოების საკუთარ მექანიზმს, ხოლო განმეორებითი სტეიკინგის მონაწილეები ირჩევენ, თუ რომელი სერვისის მხარდაჭერა სურთ.

როდის ამოქმედდა სლეშინგის მექანიზმი EigenLayer-ზე?

სლეშინგი Ethereum-ის mainnet-ზე 2025 წლის აპრილში ამოქმედდა. ის ნებაყოფლობითია თითოეული AVS-ისთვის და არ არის სავალდებულო მთელი პროტოკოლის მასშტაბით, ამიტომ ოპერატორები სლეშინგის რისკის ქვეშ ექცევიან მხოლოდ იმ სერვისებზე, რომელთა მხარდაჭერასაც თავად აირჩევენ.

შეჯამება

EigenLayer-მა წარმოგვიდგინა Ethereum-ის ეკოსისტემაში უსაფრთხოების გაზიარების ახალი, დეცენტრალიზებული გზა. განმეორებითი სტეიკინგი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს უზრუნველყონ დამატებითი სერვისების უსაფრთხოება სტეიკინგზე განთავსებული ETH-ის მეშვეობით, რაც ამცირებს უსაფრთხო ინფრასტრუქტურის გაშვების ბარიერებს და აუმჯობესებს მონაწილეების კაპიტალის ეფექტურობას. ბოლო წლებში პროექტი მნიშვნელოვნად განვითარდა: მან გაააქტიურა სლეშინგის მექანიზმი, რებრენდინგის შემდეგ მას ეწოდა EigenCloud და დაემატა გადამოწმებადი ვერიფიცირებადი ქლაუდ-სერვისები.

დამატებითი საკითხავი

პოსტების გაზიარება

Binance Academy-ს სარედაქციო განყოფილება

დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.