რა არის ტოკენომიკა და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?

რა არის ტოკენომიკა და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?

გამოქვეყნებული Aug 4, 2022განახლებული Jul 31, 2025
7m

მთავარი დეტალები

  • ტოკენომიკა აღწერს, თუ როგორ არის მოწყობილი კრიპტოვალუტის ეკონომიკური მოდელი. ის აღწერს ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენს ტოკენის დანიშნულებაზე და მის ღირებულებაზე.

  • ამ ფაქტორებს შორისაა ტოკენის შექმნა, მარაგი, განაწილება, ძირითადი ფუნქციები, ჯილდოების სისტემები და ტოკენის „წვის“ გრაფიკი.

  • კრიპტო პროექტების წარმატებისთვის უმნიშვნელოვანესია კარგად მომზადებული ტოკენომიკა. პროექტში მონაწილეობის დაწყებამდე მისი ტოკენომიკის შესწავლა ინვესტორებსა და ტრეიდერებს შორის გავრცელებულ პრაქტიკას წარმოადგენს.

ტოკენომიკა CTA ბანერი

შესავალი 

მას შემდეგ, რაც 2009 წელს Bitcoin-მა საფუძველი ჩაუყარა კრიპტოვალუტის რევოლუციას, ეს ბაზარი სწრაფად გაიზარდა და დღეისათვის ათასობით ტოკენია ხელმისაწვდომი. ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი, რომელიც განსაზღვრავს კრიპტო პროექტის წარმატებას ან წარუმატებლობას, არის სწორედ ტოკენომიკა—ანუ ტოკენის ეკონომიკის სტრუქტურა და მართვის სისტემა. 

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ტოკენომიკა აერთიანებს ეკონომიკის, თამაშების თეორიის და ბლოკჩეინის ტენოლოგიის იდეებს და ადგენს წესებს, რომლის მიხედვითაც იქმნება, ნაწილდება და გამოიყენება ტოკენები.

ტოკენომიკის მოკლე განმარტება 

ტოკენომიკა („ტოკენის“ და „ეკონომიკის“ კომბინაცია) აღწერს ეკონომიკურ ფაქტორებს, რომლებიც განსაზღვრავს კრიპტოვალუტის მუშაობის პრინციპს. ეს მოიცავს არსებული ტოკენების (ან მონეტების) რაოდენობას, მათი ბაზარზე გამოშვების მეთოდს, მათ დანიშნულებას და ჯილდოების სისტემას, რაც გამოიყენება მომხმარებელთა მოტივაციისთვის და ქსელის სიჯანსაღის შენარჩუნებისთვის.

ეს ცენტრალური ბანკების მიერ შემუშავებული მონეტარული პოლიტიკის მსგავსია, რომლის მეშვეობითაც ხდება ფულის ხარჯვის, გასესხების, შენახვის ან მოძრაობის წახალისება ან შეზღუდვა. თუმცა ტრადიციული ვალუტებისგან განსხვავებით, რომელთა კონტროლი ცენტრალური ბანკების მიერ ხდება, კრიპტო ტოკენების უმეტესობის მუშაობა დაფუძნებულია გამჭვირვალობაზე და ბლოკჩეინისა და სმარტ კონტრაქტების გამოყენებაზე.

ტოკენომიკის ძირითადი ელემენტები

ტოკენის მარაგი

  • მაქსიმალური მარაგი: ეს არის ტოკენების საერთო რაოდენობა, რომელიც ოდესმე იქნება დამზადებული. მაგალითად, Bitcoin-ის მაქსიმალური მარაგი შეადგენს 21 მილიონ მონეტას. 2024 წელს განხორციელებული ჰალვინგის შემდეგ, Bitcoin-ის ბლოკის მაინინგის ჯილდოს ოდენობა 6,25-დან 3,125 BTC-მდე შემცირდა, შედეგად დაეცა ახალი მონეტების ცირკულაციაში გაშვების ტემპი. ბოლო Bitcoin-ის მაინინგი მოხდება დაახლოებით 2140 წელს.  

  • ცირკულირებადი მარაგი: ეს არის ტოკენის რაოდენობა, რომელიც ამჟამად არის ბაზარზე გაშვებული და ხელმისაწვდომია მომხმარებლებისთვისა და ტრეიდერებისთვის. ეს რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს, რაც დამოკიდებულია ახალი ტოკენების დამზადების, არსებული ტოკენების „დაწვის“ ან ვესტინგის გრაფიკის შესაბამისად ტოკენების დაბლოკვის ტემპზე.

  • ინფლაცია და დეფლაცია: ზოგიერთ კრიპტოს, მაგალითად ether-ს (ETH) არ აქვს მაქსიმალური მარაგის ფიქსირებული ლიმიტი, თუმცა ამ დროს გამოიყენება სხვადასხვა მექანიზმები, მაგალითად საკომისიოების „დაწვა“, რაც უზრუნველყოფს ტოკენების გამოშვების სიჩქარის და ინფლაციის კონტროლს. სხვა კრიპტოვალუტებში, მაგალითად BNB-ში გამოიყენება ტოკენების რეგულარული „წვის“ მექანიზმი, რომლის მიზანია მარაგის შემცირება და ფასის ზრდის ხელშეწყობა.

ტოკენის დანიშნულება

ტოკენის დანიშნულება აღნიშნავს ფუნქციებს, რომლებსაც ეს ტოკენი ასრულებს ქსელის ეკოსისტემაში. ხშირად ეს მოიცავს შემდეგს:

  • ქსელზე არსებული სერვისების შეძენა ან გაზის საკომისიოების გადახდა. ამის მაგალითებია ETH მონეტა Ethereum-ზე და BNB მონეტა BNB ს-ზე.

  • ხმის მიცემა ქსელის განვითარებასთან დაკავშირებული შემოთავაზებებისთვის. მაგალითად, governance ტოკენები მფლობელებს აძლევს პროტოკოლთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლებას.

  • ტოკენების დაბლოკვა (სტეიკინგი), რაც ხელს უწყობს ტრანზაქციების ვალიდაციის პროცესს და ტოკენის მფლობელს აძლევს ჯილდოების გამომუშავების შესაძლებლობას (ჩვეულებრივ ეს ეხება Proof of Stake ქსელებს).

  • რეალური სამყაროს აქტივების მფლობელობის ან წილების მტკიცებულება, ამის მაგალითია security ტოკენები, რომლებიც მიბმულია აქციებთან ან უძრავ ქონებასთან.

ტოკენების ფუნქციების ცოდნა გვეხმარება მასზე მოთხოვნის დონის განსაზღვრაში ან მისი ზრდის პროგნოზირებაში.

ტოკენების განაწილება

მიწოდების და მოთხოვნის მონაცემების გარდა, ასევე მნიშვნელოვანია ინფორმაცია მისი განაწილების შესახებ. პროექტის გაშვების დროს ტოკენების განაწილების მექანიზმი გავლენას ახდენს მის დეცენტრალიზაციასა და სტაბილურობაზე საშუალო ან გრძელვადიან პერსპექტივაში.

არსებობს ტოკენების განაწილების მექანიზმის ორი ძირითადი ტიპი:  

  • სამართლიანი გაშვება: ამ დროს არ ხდება წინასწარი გაყიდვები ან ადრეული განაწილება; ტოკენები ყველასათვის ერთდროულად ხდება ხელმისაწვდომი. ამ მექანიზმის გამოყენებით მოხდა Bitcoin-ის და Dogecoin-ის გაშვება. ეს მეთოდი უზრუნველყოფს სამართლიან განაწილებას და დეცენტრალიზაციას.

  • წინასწარი მაინინგი ან წინასწარი გაყიდვები: საჯარო გაშვებამდე, ტოკენების ნაწილი გადაეცემა დამფუძნებლებს, ინვესტორებს ან ორგანიზაციებს. მრავალი ალტკოინის გაშვებისას სწორედ ეს მექანიზმი იქნა გამოყენებული. მიუხედავად იმისა, რომ ეს მეთოდი ხელს უწყობს პროექტის განვითარებას ადრეულ ეტაპზე, ამ დროს ხდება ტოკენების რამდენიმე პირის ხელში კონცენტრირება, რაც ქმნის მსხვილი მფლობელების მიერ ბაზარზე ზეგავლენის რისკს.

ზოგადად, საჭიროა ყურადღება მიაქციოთ, თუ რამდენად თანაბრად არის გადანაწილებული ტოკენები. თუ ტოკენების დიდი ნაწილი რამდენიმე მსხვილ ორგანიზაციაზეა გადანაწილებული, როგორც წესი ეს უფრო მაღალი რისკის არსებობაზე მიანიშნებს.

ასევე ყურადღება უნდა მიაქციოთ ტოკენის დაბლოკვის და განბლოკვის გრაფიკს, რათა განსაზღვროთ, ხომ არ არის დაგეგმილი დიდი რაოდენობით ტოკენების გამოშვება მიმოქცევაში, რადგან ხშირად ეს ტოკენის ღირებულების დაცემას იწვევს.

წახალისებების სტრუქტურა

წახალისებების კარგი სისტემა ქსელის უსაფრთხოებას და მონაწილეთა მოტივაციის გაზრდას უზრუნველყოფს. მაგალითად:

  • Bitcoin-ის Proof of Work მოდელის მეშვეობით, მაინერები ჯილდოებს იღებენ როგორც ახლად დამზადებული მონეტების, ასევე ტრანზაქციის საკომისიოების სახით, რაც აძლევს სტიმულს განაგრძონ ბლოკების დამუშავება მაშინაც კი, როდესაც ბლოკის ჯილდოების ოდენობა მცირდება.

  • Proof of Stake მექანიზმის შემთხვევაში, საკუთარი ტოკენების დაბლოკვით, ვალიდატორები იღებენ უფლებას დაადასტურონ ტრანზაქციები და მიიღონ ანაზღაურება; თუ ისინი თაღლითობას შეეცდებიან, ისინი დაკარგავენ სტეიკინგზე განთავსებულ თანხას, რაც პატიოსანი ქცევის წახალისების საშუალებას წარმოადგენს.

ორივე მოდელი უზრუნველყოფს პატიოსანი მონაწილეების წახალისებას, რაც აუმჯობესებს ქსელის სიჯანსაღესა და უსაფრთხოებას.

გარდა ამისა, არსებობს DeFi პლატფორმები, რომლებიც საპროცენტო სარგებელს ან ტოკენის ჯილდოებს სთავაზობს მომხმარებელს, რომელიც მონაწილეობს სესხების გაცემის და ლიკვიდურობის უზრუნველყოფის პროცესში ან ხელს უწყობს პროექტის განვითარებას.

ტოკენომიკის ევოლუცია

Bitcoin-ის მარტივი, თუმცა რევოლუციური კონცეფციის გაჩენის დღიდან, ტოკენომიკა უფრო მრავალფეროვანი და კომპლექსური გახდა. ადრეული მოდელები ფოკუსირებული იყო გამოშვების მარტივ გრაფიკებსა და ჯილდოებზე. დღეისათვის პროექტები იყენებენ უფრო დინამიურ მიწოდების პოლიტიკას, მმართველობის პერსონალიზებულ მოდელებს, ალგორითმულ სტეიბლკოინებს, NFT-ებს და ტოკენიზებულ რეალური სამყაროს აქტივებს. ზოგიერთმა მათგანმა პოპულარობა მოიპოვა; ბევრი კი წარუმატებელი გამოდგა. Bitcoin კი კვლავ ყველაზე წარმატებულ და სანდო მოდელად რჩება.

ტოკენომიკა და კრიპტოეკონომიკა

ტოკენომიკა და კრიპტოეკონომიკა ერთმანეთთან დაკავშირებული კონცეფციებია, თუმცა მათი მნიშვნელობა იდენტური არ არის. ტოკენომიკა აღნიშნავს კონკრეტული ტოკენის ან კრიპტოვალუტის ეკონომიკურ სტრუქტურას, რაც მოიცავს ზემოთ ნახსენებ ასპექტებს: მიწოდებას, განაწილებას, დანიშნულებას და ა.შ. 

ხოლო კრიპტოეკონომიკის მცნება უფრო ფართო სფეროს მოიცავს და იკვლევს, თუ როგორ უზრუნველყოფს ბლოკჩეინის ქსელებში გამოყენებული ეკონომიკური წახალისებების სტრუქტურა და სისტემური დიზაინი ქსელის უსაფრთხოებას, დეცენტრალიზაციის გაუმჯობესებას და ქსელის ოპერაციების მხარდაჭერას.

შეჯამება

ტოკენომიკა წარმოადგენს ფუნდამენტურ კონცეფციას მათთვის, ვისაც სურს კრიპტოთი ვაჭრობის დაწყება. ეს არის ტერმინი, რომელიც აღწერს ძირითად ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენს ტოკენის ან მონეტის ღირებულებაზე. 

მიწოდების დინამიკის, გამოყენების შემთხვევების, განაწილების, წახალისების მოდელების შესახებ ინფორმაცია დაგეხმარებათ პროექტის წარმატებასთან დაკავშირებით პროგნოზების გაკეთებაში. ცალკეული ფაქტორი სრულ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, თუმცა ეფექტური ტოკენომიკა მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია გრძელვადიანი წარმატებისა და ქსელის განვითარების გზაზე.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.