რა არის ხელოვნური ინტელექტის აგენტები?

რა არის ხელოვნური ინტელექტის აგენტები?

განახლებული Jul 21, 2026
7m

მთავარი დეტალები

  • ხელოვნური ინტელექტის აგენტი წარმოადგენს ავტონომიურ პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელსაც შეუძლია აღიქვას გარემო, განსაზღვროს კონკრეტული მიზნის მიღწევის გზები და განახორციელოს ამ მიზნის მიღწევისთვის საჭირო ისეთი მოქმედებები, როგორიცაა, მაგალითად, ტრანზაქციების განხორციელება ბლოკჩეინ ქსელებზე.

  • ხელოვნური ინტელექტის ადრეული ინსტრუმენტებისგან განსხვავებით, რომლებიც მხოლოდ ტექსტის გენერირებით შემოიფარგლებოდნენ, თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის აგენტებს შეუძლიათ მოლაპარაკებების წარმოება, საფულეების მართვა და სმარტ კონტრაქტებთან ურთიერთქმედება, პროცესებში ადამიანების მუდმივი ჩართულობის საჭიროების გარეშე.

  • ისეთი პროტოკოლები, როგორებიცაა Anthropic-ის Model Context Protocol (MCP) და Google-ის Agent Payments Protocol (AP2), აგენტებისთვის უზრუნველყოფს მონაცემებზე უსაფრთხო წვდომისა და გადახდების განხორციელების შესაძლებლობებს.

  • ხელოვნური ინტელექტის აგენტები სულ უფრო აქტიურად იყენებენ DePIN-ებს (დეცენტრალიზებული ფიზიკური ინფრასტრუქტურის ქსელებს), გამომთვლელი სიმძლავრისა და მეხსიერების საცავის ავტონომიურად შეძენის მიზნით.

  • სტეიბლკოინები agent-to-agent (A2A) ტრანზაქციების დროს ანგარიშსწორების ძირითად საშუალებად იქცა, რადგან ისინი უზრუნველყოფს დაპროგრამებად გადახდებს 24/7 რეჟიმში.

შესავალი

ხელოვნური ინტელექტის აგენტები გახლავთ პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც აღჭურვილია მომხმარებლის ნაცვლად ავტონომიურად მოქმედების შესაძლებლობით და აერთიანებს ხელოვნურ ინტელექტსა (AI) და რეალურ სამყაროში მოქმედებების განხორციელების შესაძლებლობებს. სტანდარტული ჩატბოტისგან განსხვავებით, რომელიც მხოლოდ თქვენს შეკითხვებს პასუხობს, ხელოვნური ინტელექტის აგენტს შეუძლია ნაბიჯ-ნაბიჯ დაგეგმოს პროცესი, გამოიყენოს გარე ინსტრუმენტები და სრულყოფილად შეასრულოს დასახული დავალებები.

ხელოვნური ინტელექტის აგენტები ექსპერიმენტული იდეიდან ციფრული ეკონომიკის პრაქტიკულ ინსტრუმენტად გადაიქცა. წინამდებარე სტატიაში შეიტყობთ, თუ რა არის, როგორ მუშაობს და რა დანიშნულებით გამოიყენება ხელოვნური ინტელექტის აგენტები კრიპტოინდუსტრიაში.

რა არის ხელოვნური ინტელექტის აგენტები?

ხელოვნური ინტელექტის აგენტი წარმოადგენს ავტონომიურ პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელსაც შეუძლია აღიქვას გარემო, განსაზღვროს კონკრეტული მიზნის მიღწევის გზები და შეასრულოს ამ მიზნის მიღწევისთვის საჭირო მოქმედებები.

დიდ ენობრივ მოდელს (LLM) შეუძლია თქვენ მაგივრად დაწეროს წერილი და გააგზავნოს ელ. ფოსტით. ხოლო ხელოვნური ინტელექტის აგენტს შეუძლია დაწეროს ელ. წერილი, მოძებნოს მიმღების მისამართი, გააგზავნოს წერილი და დაგეგმოს შეხვედრა მიმღების მიერ გამოგზავნილი პასუხის გათვალისწინებით. კრიპტოვალუტების კონტექსტში, ეს იმას ნიშნავს, რომ აგენტებს შეუძლიათ საფულეების მართვა, DeFi სტრატეგიების აღსრულება და სმარტ კონტრაქტებთან ურთიერთქმედება, პროცესებში ადამიანის უშუალო ჩართულობის საჭიროების გარეშე.

აღნიშნულ ცვლილებას საფუძვლად უდევს ურთიერთთავსებადობის ახლებური სტანდარტები და გადახდის სისტემები. ისინი პროგრამულ უზრუნველყოფას საშუალებას აძლევს „დაიქირავოს“ სხვა პროგრამა, რაც ქმნის დეცენტრალიზებულ ეკონომიკას, რომელიც 24/7 რეჟიმში მუშაობს.

როგორ მუშაობს ხელოვნური ინტელექტის აგენტები?

ხელოვნური ინტელექტის თანამედროვე აგენტების მუშაობა დაფუძნებულია პროტოკოლების ნაკრებზე, რომლებიც უზრუნველყოფს მათი მოქმედებების უსაფრთხოებასა და სიზუსტეს.

კონტექსტი და კავშირი (MCP)

მონაცემთა წყაროებთან და ინსტრუმენტებთან დაკავშირების პროცესის სტანდარტიზაციისთვის ხელოვნური ინტელექტის ბევრი აგენტი იყენებს Anthropic-ის Model Context Protocol-ს (MCP). აღნიშნული უზრუნველყოფს აგენტების იზოლირების თავიდან აცილების და საჭირო კონტექსტზე უსაფრთხოდ წვდომის შესაძლებლობებს, როგორიცაა მომხმარებლის პორტფოლიოს ისტორია ან ბაზრის რეალური დროის მონაცემები.

ავტორიზაცია და ჩანაფიქრი (მანდატები)

როდესაც მომხმარებელი აგენტს სთხოვს გარკვეული დავალების შესრულებას, სისტემა ახდენს ჩანაფიქრის მანდატის გენერირებას, რომელიც გახლავთ კრიფტოგრაფიული ხელმოწერის მქონე ციფრული კონტრაქტი. ჩანაფიქრის მანდატი ადასტურებს, რომ მომხმარებელმა აგენტს მისცა მოქმედების გარკვეული შეზღუდვით შესრულების, მაგალითად, გარკვეული ოდენობით თანხის დახარჯვის უფლება. ვერიფიცირებადი ციფრული რეკვიზიტები (VDC-ები) აგენტს აკავშირებს მოქმედ ადამიანთან და განსაზღვრავს მისი მოქმედების არეალს.

Agent-to-agent (A2A) კომუნიკაცია

ხშირ შემთხვევაში, აგენტებს ერთმანეთთან კომუნიკაცია და ერთობლივად მუშაობა ესაჭიროებათ. Agent-to-agent (A2A) პროტოკოლების მეშვეობით, „შოპინგ აგენტს“ შეუძლია პირდაპირ დაუკავშირდეს „მოვაჭრე აგენტს“ და შეუთანხმდეს ფასებზე ან შეამოწმოს გასაყიდი პროდუქტების სია, აღნიშნულ პროცესებში ადამიანის მინიმალური ჩარევით.

ხელოვნური ინტელექტის აგენტები და კრიპტოვალუტები: გამოყენების ძირითადი სფეროები

ხელოვნური ინტელექტის და ბლოკჩეინის კომბინაცია გასცდა გენერაციული ხელოვნების სფეროს და გარდაიქმნა უფრო კრიტიკული ინფრასტრუქტურის და ფინანსებთან დაკავშირებული პროდუქტების შექმნის საშუალებად.

აგენტური კომერცია და გადახდები

ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევას აგენტების მეშვეობით გადახდების სისტემის სტანდარტიზაცია წარმოადგენს. Google-ის Agent Payments Protocol (AP2) გვთავაზობს უნივერსალურ სტრუქტურას, რომელიც აგენტებს ტრანზაქციების განხორციელების საშუალებას აძლევს. აღნიშნული პროცესების ფარგლებში გადახდის ძირითად საშუალებად სტეიბლკოინები გამოიყენება, რადგან მათი საშუალებით შესაძლებელია პროგრამირებადი ანგარიშსწორების განხორციელება 24/7 რეჟიმში, რისი შემოთავაზებაც ტრადიციული საბანკო სისტემების უმეტესობას არ შეუძლია.

აგენტებს შეუძლიათ მრავალსაფეხურიანი პროცესების განხორციელება, როგორიცაა ავიაბილეთის და სასტუმროს ნომრის ერთდროულად დაჯავშნა, მომხმარებლის ხელმოწერილი მანდატით განსაზღვრული ბიუჯეტის გათვალისწინებით.

DePIN და გამომთვლელი რესურსების ბაზრები

ხელოვნური ინტელექტის აგენტები დიდი ოდენობით გამომთვლელ სიმძლავრეს მოიხმარენ. მხოლოდ ცენტრალიზებულ ქლაუდ-სისტემებზე დამოკიდებულების ნაცვლად, ისინი სულ უფრო ფართოდ იყენებენ დეცენტრალიზებულ ფინანსებთან (DeFi) დაკავშირებულ ინფრასტრუქტურას. აგენტებს შეუძლიათ ანონიმურად მოძებნონ DePIN ქსელებზე არსებული გრაფიკული პროცესორის გამომთვლელი სიმძლავრე ან მონაცემთა საცავი, აწარმოონ ფასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებები ან სულაც შეიძინონ ის. ეს ქმნის ბაზარს, სადაც აპარატურული უზრუნველყოფის პროვაიდერებს შეუძლიათ შემოსავლის გენერირება ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერის მეშვეობით.

ავტონომიური DeFi-ს მართვა

დეცენტრალიზებულ ფინანსებში აგენტები უბრალო სავაჭრო ბოტებიდან უფრო კომპლექსურ პორტფოლიოს მენეჯერებად გარდაიქმნენ. აგენტებს შეუძლიათ თვალი ადევნონ სარგებლის გენერირების პროცესს სხვადასხვა ბლოკჩეინზე და ავტომატურად განახორციელონ აქტივების რებალანსირება. შედარებით მაღალი დონის აგენტებს შეუძლიათ აკონტროლონ ლიკვიდაციის რისკები ან სმარტ კონტრაქტის ხარვეზები და საფრთხის აღმოჩენის შემთხვევაში, პროაქტიულად განახორციელონ თანხების გატანა.

ნდობა და ვერიფიკაცია

გარდა ზემოაღნიშნულისა, ხელოვნური ინტელექტის აგენტები გამოიყენება ციფრული კონტენტის ავთენტურობის ვერიფიკაციის მიზნით. ბლოკჩეინზე გაშვებული მმართველობის პროტოკოლები საშუალებას აძლევს აგენტებს, განსაზღვრონ ციფრული ფაილების წარმომავლობა, რაც ხელს უწყობს სახეცვლილი მედიაფაილების იდენტიფიცირებასა და საავტორო უფლებების დაცვას ხელოვნური ინტელექტის კონტენტის „უსასრულო“ გენერაციის ეპოქაში.

ხელოვნური ინტელექტის აგენტებთან დაკავშირებული გამოწვევები

მიუხედავად აღნიშნული ტექნოლოგიის სწრაფი განვითარებისა, ხელოვნური ინტელექტის აგენტების ფინანსურ სფეროსა და ინფრასტრუქტურაში ინტეგრირების პროცესი გარკვეულ გამოწვევებსა და სირთულეებს მოიცავს.

  • იდენტობა და შესაბამისობა: ფინანსური ორგანიზაციების მიერ გამოყენებული „იცნობდე შენს კლიენტს“(KYC) სისტემების მსგავსად, ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიაში ხდება „იცნობდე შენს აგენტს“ (KYA) მექანიზმების დანერგვა. აგენტებს ესაჭიროებათ კრიპტოგრაფიული ხელმოწერის მქონე რეკვიზიტები, რაც უზრუნველყოფს აგენტების ადამიანებთან დაკავშირებასა და პასუხისმგებლობების განსაზღვრას.

  • მასშტაბირებადობა: აგენტების მიერ ტრანზაქციების მაღალი სიხშირით განხორციელებისთვის საჭიროა მაღალი გამტარუნარიანობა. მე-2 დონის ტექნოლოგიებმა უზრუნველყო შესაძლებლობების გაუმჯობესება, თუმცა machine-to-machine ტიპის კომერციის ფართო მასშტაბებზე წარმოება კვლავ მიმდინარე გამოწვევად რჩება.

  • უსაფრთხოება: ხელოვნური ინტელექტის ცენტრალიზებული მოდელები კვლავ კრიტიკულ სუსტ წერტილად რჩება. Secrets-as-a-Service მოდელზე გადასვლის მიზანია აგენტებს მიეცეს სენსიტიური მონაცემების (მაგალითად, პირადი გასაღებების) მართვის შესაძლებლობა დეცენტრალიზებული სისტემების გამოყენებით, რაც გამორიცხავს ერთ სერვერზე დამოკიდებულების საჭიროებას.

ხშირად დასმული შეკითხვები

მარტივი სიტყვებით, როგორ შეიძლება განვმარტოთ ხელოვნური ინტელექტის აგენტი?

ხელოვნური ინტელექტის აგენტი გახლავთ პროგრამული უზრუნველყოფა, რომელსაც დასახული მიზნის მისაღწევად დამოუკიდებლად მოქმედება შეუძლია. მხოლოდ შეკითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად, მას გააჩნია პროცესის განხორციელების ეტაპების დაგეგმვის, შესაბამისი ინსტრუმენტების გამოყენებისა და ისეთი დავალებების სრულყოფილად შესრულების უნარები, როგორიცაა შეტყობინების გაგზავნა, ტრანზაქციის განხორციელება ან გამომთვლელი რესურსების შესყიდვა.

როგორ იყენებენ ხელოვნური ინტელექტის აგენტები ბლოკჩეინს?

ხელოვნური ინტელექტის აგენტები ბლოკჩეინს ციფრული აქტივების მართვის, სმარტ კონტრაქტების აღსრულებისა და გადახდების განხორციელების მიზნით იყენებენ. ბლოკჩეინზე იქმნება აგენტის მიერ შესრულებული ქმედებების გამჭვირვალე და გაყალბებისგან დაცული ჩანაწერი, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობის განსაზღვრისთვის. სტეიბლკოინები კი აგენტებს აძლევს საშუალებას, ტრადიციული ბანკებისთვის გვერდის ავლით, მყისიერი გადახდები 24/7 რეჟიმში განახორციელონ.

რა არის Model Context Protocol (MCP)?

MCP წარმოადგენს Anthropic-ის მიერ შემუშავებულ სტანდარტს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის აგენტებს გარე მონაცემთა წყაროებსა და ინსტრუმენტებთან უსაფრთხო დაკავშირების საშუალებას აძლევს. აღნიშნული პროტოკოლი უზრუნველყოფს აგენტების იზოლირების თავიდან აცილების და საჭირო კონტექსტზე უსაფრთხოდ წვდომის შესაძლებლობებს, როგორიცაა მომხმარებლის ტრანზაქციების ისტორია ან ბაზრის რეალური დროის მონაცემები.

რა არის „იცნობდე შენს აგენტს“ (KYA)?

„იცნობდე შენს აგენტს“ (KYA) წარმოადგენს შემოთავაზებულ შესაბამისობის სისტემას, რომელიც ხელოვნური ინტელექტის აგენტებისგან მოითხოვს ვერიფიცირებადი რეკვიზიტების ფლობას, რომლის მეშვეობითაც მოხდება მათი ადამიანთან დაკავშირება, ფიზიკური პირებისთვის განკუთვნილი „იცნობდე შენს კლიენტს“ (KYC) სტანდარტის მსგავსად.. KYA სისტემის მიზანია მკაფიოდ განსაზღვროს, თუ ვინ იღებს პასუხისმგებლობას აგენტის მიერ განხორციელებულ ფინანსურ ქმედებებზე.

რა განსხვავებაა ხელოვნური ინტელექტის აგენტებსა და სავაჭრო ბოტებს შორის?

სავაჭრო ბოტები წარმოადგენს ავტომატიზაციის მარტივ ინსტრუმენტებს, რომლებიც წინასწარ განსაზღვრული წესების მიხედვით მოქმედებენ, მაგალითად, ყიდულობენ აქტივს, როდესაც ფასი გარკვეულ ნიშნულამდე ეცემა. ხელოვნური ინტელექტის აგენტები კი გაცილებით განვითარებულია: მათ შეუძლიათ ანალიტიკური მსჯელობა, ახალ გარემოებებთან მორგება, სხვა აგენტებთან ურთიერთქმედება და კომპლექსური, მრავალსაფეხურიანი დავალებების შესრულება სხვადასხვა პლატფორმაზე. თანამედროვე DeFi აგენტების ფუნქციონალი მნიშვნელოვნად სცდება ტრადიციული სავაჭრო ბოტების შესაძლებლობებს.

შეჯამება

ხელოვნური ინტელექტის აგენტები უკვე აღარ წარმოადგენს მხოლოდ შეყვანილ მონაცემებზე რეაგირების შესაძლებლობის მქონე ინსტრუმენტებს. დღესდღეობით ისინი ჩამოყალიბდნენ, როგორც პროგრამები, რომელთაც შეუძლიათ დამოუკიდებლად მოქმედება თქვენ მიერ დასახული ისეთი მიზნების მისაღწევად, როგორიცაა, მაგალითად, კონკრეტული ფინანსური სამიზნე მაჩვენებლები ბლოკჩეინ ქსელებზე.

ისეთი სტანდარტების განვითარებასთან ერთად, როგორებიცაა MCP და AP2, და სტეიბლკოინების, როგორც ანგარიშსწორების ძირითადი საშუალების, სულ უფრო ფართოდ გამოყენებასთან ერთად, ხელოვნური ინტელექტის აგენტები, სავარაუდოდ, კერძო პირებისა და ორგანიზაციების დეცენტრალიზებულ სისტემებთან ურთიერთქმედების პროცესების ფარგლებში გამოყენებულ სულ უფრო მნიშვნელოვან კომპონენტად იქცევა.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.