მთავარი დეტალები
მოძრავ საშუალოებზე დაფუძნებული სავაჭრო სტრატეგიები ტრეიდერებს ეხმარება ბაზრის იმპულსის შეფასებაში, ტენდენციების ანალიზში და ბაზრის პოტენციური შემობრუნების მომენტის განსაზღვრაში.
მოძრავ საშუალოებზე დაფუძნებული სავაჭრო სტრატეგიებია ორმაგი მოძრავი საშუალოს გადაკვეთის წერტილები, მოძრავი საშუალოს ლენტი, მოძრავი საშუალოს კონვერტები და MACD.
მოძრავ საშუალოებზე დაფუძნებულ სავაჭრო სტრატეგიებს შეუძლია მოგვაწოდონ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ბაზრის მდგომარეობის შესახებ, თუმცა მათი სიგნალების ინტერპრეტაცია შესაძლოა სუბიექტური იყოს. რისკების შესამცირებლად, ტრეიდერები ამ სტრატეგიებს ხშირად იყენებენ ფუნდამენტურ ანალიზთან და სხვა მეთოდებთან კომბინაციით.
შესავალი
მოძრავი საშუალოები (MA-ები) წარმოადგენს ტექნიკური ანალიზის პოპულარულ ინდიკატორებს, რომელთა საშუალებით ხდება დროის გარკვეული პერიოდის ფასის მონაცემების მრუდის გენერირება. სავაჭრო სტრატეგიებში მათი გამოყენება შეიძლება ფასის პოტენციური შემობრუნების მომენტების იდენტიფიკაციისთვის, ბაზარზე შესვლის და გამოსვლის დროების განსაზღვრისთვის, მხარდაჭერის/რეზისტენტობის (S/R) დონეების გამოვლენისთვის და ა.შ. ამ სტატიაში განხილულია მოძრავ საშუალოებზე დაფუძნებული სხვადასხვა სავაჭრო სტრატეგიები, მათი მუშაობის პრინციპები და თუ რა ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი მათი საშუალებით.
რატომ ვიყენებთ მოძრავ საშუალოებზე დაფუძნებულ სავაჭრო სტრატეგიებს?
მოძრავი საშუალოებით ხდება ფასის მონაცემების მრუდის გასწორება, რაც ტრეიდერებს აძლევს „ბაზრის ხმაურის“ გაფილტვრის და ბაზრის ტენდენციის ეფექტურად იდენტიფიკაციის შესაძლებლობას. ტრეიდერებს ასევე შეუძლიათ შეაფასონ ბაზრის იმპულსი, რისთვისაც საჭიროა სხვადასხვა მოძრავ საშუალოებს შორის ურთიერთქმედებაზე დაკვირვება. გარდა ამისა მოძრავი საშუალოების ინდიკატორის მოქნილობა ტრეიდერებს საშულებას აძლევს მოახდინო საკუთარი სტრატეგიების ადაპტაცია სხვადასხვა საბაზრო პირობების გათვალისწინებით.
1. ორმაგი მოძრავი საშუალოს გადაკვეთის წერტილები
ორმაგი მოძრავი საშუალოს გადაკვეთის წერტილების სტრატეგია იყენებს სხვადასხვა სიგრძის ორ მოძრავ საშუალოს. ჩვეულებრივ ტრეიდერები იყენებენ მოკლევადიანი და გრძელვადიანი მოძრავი საშუალოების, მაგალითად 50-დღიანი MA-ს და 200-დღიანი MA-ს კომბინაციას. როგორც წესი, ამ დროს გამოიყენება ერთი და იმავე ტიპის მოძრავი საშუალოები, მაგალითად ორი მარტივი მოძრავი საშუალო (SMA), თუმცა ასევე შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა ტიპები, მაგალითად SMA-ს და ექსპონენციური მოძრავი საშუალოს (EMA) კომბინაცია.
ამ სავაჭრო სტრატეგიის გამოყენებისას, ტრეიდერები ცდილობენ მოძებნონ მოძრავი საშუალოების გადაკვეთის წერტილები. Bullish სიგნალად მიიჩნევა მომენტი, როდესაც მოკლევადიანი მოძრავი საშუალო გრძელვადიან მოძრავ საშუალოს კვეთს ზედა მიმართულებით (მას ასევე უწოდებენ ოქროს კვეთას), რაც ყიდვისთვის პოტენციურად ხელსაყრელი მომენტის ინდიკატორს წარმოადგენს. ხოლო bearish სიგნალად მიიჩნევა მომენტი, როდესაც მოკლევადიანი მოძრავი საშუალო გრძელვადიან მოძრავ საშუალოს კვეთს ქვედა მიმართულებით (მას ასევე უწოდებენ „სიკვდილის კვეთას“), რაც გაყიდვისთვის პოტენციურად ხელსაყრელი მომენტის ინდიკატორს წარმოადგენს.
2. მოძრავი საშუალოს ლენტი
მოძრავი საშუალოს ლენტი წარმოადგენს რამდენიმე სხვადასხვა სიგრძის მოძრავი საშუალოს კომბინაციას. ლენტი შეიძლება შეიცავდეს ოთხიდან რვამდე SMA-ს, თუმცა ზუსტი რაოდენობა დამოკიდებულია ტრეიდერის ინდივიდუალურ არჩევანზე. ასევე შეიძლება შეიცვალოს MA-ებს შორის ინტერვალები სტრატეგიის სავაჭრო გარემოსთან შესაბამისობაში მოსაყვანად. მაგალითად, სტანდარტული პარამეტრების მქონე ლენტი შედგება ოთხი SMA-სგან 20, 50, 100 და 200-დღიანი პერიოდებით.
ამ სავაჭრო სტრატეგიის გამოყენებისას ხდება მოძრავი საშუალოს ლენტის შევიწროების და გაფართოების ზონების იდენტიფიკაცია. მაგალითად, ფასის ზრდისას ლენტის გაფართოება, როდესაც მოკლე მოძრავი საშუალოს ხაზები შორდება გრძელი მოძრავი საშუალოს ხაზებს, მიანიშნებს ბაზრის ტენდენციის გაძლიერებაზე. ხოლო ლენტის შევიწროება, როდესაც მოძრავი საშუალოები ერთმანეთს უახლოვდება ან ერთმანეთს ემთხვევა, მიანიშნებს კონსოლიდაციაზე ან ფასის ვარდნაზე.
3. მოძრავი საშუალოს კონვერტები
მოძრავი საშუალოს კონვერტებზე დაფუძნებული სავაჭრო სტრატეგია იყენებს ერთ მოძრავ საშუალოს, რომელიც ორივე მხრიდან შემოსაზღვრულია გარკვეული პროცენტული მაჩვენებლით დაშორებული ორი ხაზით (კონვერტებით). ცენტრალური მოძრავი საშუალო შეიძლება იყოს SMA ან EMA, რაც დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დონის სენსიტიურობის ინდიკატორის გამოყენება სურს ტრეიდერს. ჩვეულებრივ გამოიყენება 20-დღიანი SMA, რომელიც შემოსაზღვრულია 2,5%-ით ან 5%-ით დაშორებული კონვერტებით. ეს პროცენტული მაჩვენებელი არ არის ფიქსირებული და შეიძლება შეიცვალოს ბაზრის არასტაბილურობის გათვალისწინებით, ფასის რყევების უკეთ ასახვის მიზნით.
ეს სავაჭრო სტრატეგია შეიძლება გამოყენებულ იქნას ბაზარზე გადაჭარბებული ყიდვის და გაყიდვის პირობების იდენტიფიკაციისთვის. თუ ფასი გადაკვეთს ზედა კონვერტს, ეს იმის ნიშანია, რომ შესაძლოა ადგილი ქონდეს აქტივის გადაჭარბებულ ყიდვას, რაც წარმოადგენს გაყიდვისთვის ხელსაყრელი პირობების სიგნალს. ხოლო თუ ფასი ჩამოსცდება ქვედა კონვერტს, ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა ადგილი ქონდეს აქტივის გადაჭარბებულ გაყიდვას, რაც წარმოადგენს ყიდვისთვის ხელსაყრელი პირობების სიგნალს.
მოძრავი საშუალოს კონვერტების და ბოლინჯერის ზოლების (BB) შედარება
ბოლინჯერის ზოლები (BB) მოძრავი საშუალოს კონვერტების მსგავსია: ორივე მათგანში გამოიყენება ცენტრალური 20-დღიანი SMA, რომელიც ზემოდან და ქვემოდან შემოსაზღვრულია ორი ხაზით. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ინდიკატორი ერთმანეთის მსგავს მიდგომას იყენებს, მათ შორის მაინც არსებობს გარკვეული განსხვავებები.
მოძრავი საშუალოს კონვერტებში გამოიყენება ორი ზღვარი, რომლებიც ცენტრალური მოძრავი საშუალოდან დაშორებულია გარკვეული პროცენტული მაჩვენებლით. ბოლინჯერის ზოლების შემთხვევაში კი გამოიყენება ორი ზოლი, რომლებიც აღნიშნავს ცენტრალური მოძრავი საშუალოს სტანდარტულ დევიაციას.
ზოგადად, როგორც BB, ასევე მოძრავი საშუალოს კონვერტები შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ბაზარზე გადაჭარბებული ყიდვის ან გაყიდვის პოტენციური პირობების იდენტიფიკაციისთვის, თუმცა ვიზუალურად ისინი განსხვავებულად მოქმედებენ. მოძრავი საშუალოს კონვერტების სიგნალად ითვლება მომენტი, როდესაც ფასი კვეთს ზედა ან ქვედა კონვერტს. ბოლინჯერის ზოლების შემთხვევაში კი გადაჭარბებული ყიდვის ან გაყიდვის სიგნალად მიიჩნევა მომენტი, როდესაც ფასი უახლოვდება ან შორდება ზოლებს. გარდა ამისა, BB ასევე გვაწვდის ინფორმაციას ბაზრის არასტაბილურობის შესახებ, რაც გამოისახება ორი ზოლის ერთმანეთთან დაახლოებით ან დაშორებით.
4. მოძრავი საშუალოების დაახლოება/დაშორება (MACD)
MACD წარმოადგენს ტექნიკურ ინდიკატორს, რომელიც შედგენა ორი ძირითადი ხაზისგან: MACD ხაზისგან და სიგნალის ხაზისგან, რომელიც არის MACD ხაზის 9-პერიოდისგან შემდგარი EMA. ამ ხაზებს შორის ურთიერთქმედება და ჰისტოგრამა, რომელიც მათ შორის განსხვავებას ასახავს, გვაწვდის მნიშვნელოვან ინფორმაციას, რისი წყალობითაც ეს სავაჭრო სტრატეგია წარმოადგენს ბაზრის იმპულსის და ტენდენციის პოტენციური შებრუნების იდენტიფიკაციის ეფექტურ ინსტრუმენტს.
ტრეიდერებს შეუძლიათ გამოიყენონ MACD-ის და ფასის მოძრაობის ხაზებს შორის დივერგენციები ტენდენციის პოტენციური შემობრუნების მომენტის იდენტიფიკაციისთვის. დივერგენციები შეიძლება იყოს bullish ან bearish. bullish დივერგენციის დროს, ფასის ხაზის ქვედა ზღვარი დაბალია, ხოლო MACD ხაზის ქვედა ზღვარი მაღალია, რაც დაღმავალი ტენდენციის შემობრუნების სიგნალს წარმოადგენს. ხოლო bearish დივერგენციის დროს, ფასის ხაზის ზედა ზღვარი მაღალია, ხოლო MACD ხაზის ზედა ზღვარი დაბალია, რაც აღმავალი ტენდენციის შემობრუნების სიგნალს წარმოადგენს.
გარდა ამისა, ტრეიდერებს შეუძლიათ გამოიყენონ MACD-ის გადაკვეთის წერტილების ინდიკატორი. როდესაც MACD ხაზი კვეთს სიგნალის ხაზს ქვემოდან, ეს არის აღმავალი იმპულსის სიგნალი, რაც ყიდვისთვის პოტენციურად ხელსაყრელი მომენტის ინდიკატორს წარმოადგენს. ხოლო როდესაც MACD ხაზი სიგნალის ხაზზე ქვემოთ ჩამოდის, ეს დაღმავალი იმპულსის სიგნალია, რაც გაყიდვისთვის პოტენციურად ხელსაყრელი მომენტის ინდიკატორს წარმოადგენს.
შეჯამება
მოძრავ საშუალოებზე დაფუძნებული სავაჭრო სტრატეგიები ტრეიდერებს ეხმარება ბაზრის ტენდენციების ანალიზში, იმპულსის ცვლილების იდენტიფიკაციაში და ა.შ. თუმცა მხოლოდ ამ სტრატეგიებზე დაყრდნობა შეიძლება სახიფათო იყოს მათი სუბიექტად ინტერპრეტაციის ალბათობის გამო. პოტენციური რისკების შესამცირებლად, ტრეიდერებს შეუძლიათ ეს სტრატეგიები გამოიყენონ ბაზრის ანალიზის სხვა მეთოდებთან ერთად.
დამატებითი საკითხავი
კრიპტოვალუტით ვაჭრობის სტრატეგიების გზამკვლევი დამწყებთათვის
5 მნიშვნელოვანი ინდიკატორი, რომლებიც გამოიყენება ტექნიკური ანალიზის დროს
უარი პასუხისმგებლობაზე: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების წესებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.