მთავარი დეტალები
Stop-loss (SL) და take-profit (TP) შეკვეთები წარმოადგენს რისკების მართვის მეტად მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს როგორც კრიპტო, ისე ტრადიციულ ბაზრებზე.
Stop-loss გახლავთ შეკვეთის ტიპი, რომლის ფარგლებშიც ხდება სავაჭრო პოზიციიდან ავტომატურად გასვლა წინასწარ განსაზღვრული ფასის მიღწევისთანავე, პოტენციური ზარალის თავიდან არიდების მიზნით. რაც შეეხება Take-profit შეკვეთას, ამ ტიპის შეკვეთების შემთხვევაში ხდება მოგების დაფიქსირება, როდესაც ფასი წინასწარ განსაზღვრულ მაჩვენებელს მიაღწევს.
ტრეიდერების მიერ SL და TP დონეების გამოთვლა რისკისა და სარგებლის თანაფარდობის, მხარდაჭერისა და რეზისტენტობის დონეების, მოძრავი საშუალოს ან ფასების მერყეობაზე დაფუძნებული მეთოდების, მაგალითად ATR-ის მეშვეობით ხდება.
აღნიშნული დონეების წინასწარ განსაზღვრა ამცირებს ვაჭრობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების ემოციების საფუძველზე მიღების რისკებს.
რა თქმა უნდა, სასურველი შედეგის მიღწევა გარანტირებული არც ერთ შემთხვევაშია, თუმცა SL და TP დონეების განსაზღვრა დაგეხმარებათ საფუძვლიანი გადაწყვეტილებების მიღებაში.
შესავალი
Stop-loss და take-profit გახლავთ სამიზნე ფასები, რომელთა განსაზღვრაც ხდება ტრეიდერების მიერ, სავაჭრო პოზიციების გახსნამდე. აღნიშნული ტიპის შეკვეთების ფარგლებში ხდება სავაჭრო პოზიციების ავტომატურად დახურვა, ზარალის თავიდან არიდების ან პოტენციური მოგების შენარჩუნების მიზნით, ბაზრის მუდმივი მონიტორინგის საჭიროების გარეშე. აღნიშნული ინსტრუმენტები ხშირად გამოიყენება ტექნიკურ ანალიზზე დაფუძნებული სავაჭრო სტრატეგიებით მოქმედების დროს და განსაკუთრებით ეფექტურია კრიპტო ბაზრებზე სავაჭრო პოზიციების მართვის თვალსაზრისით.
ნაცვლად ფასის ცვლილებაზე მყისიერი რეაგირებისა, ტრეიდერები, რომლებიც SL და TP დონეებით ხელმძღვანელობენ, წინასწარ განსაზღვრულ სტრატეგიას მიჰყვებიან. აღნიშნული მიდგომა ხელს უწყობს ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებას და ამცირებს ისეთი ემოციების ზემოქმედების რისკებს, როგორიცაა მაგალითად შიში ან სიხარბე.
რა არის Stop-Loss და Take-Profit შეკვეთები?
Stop-loss (SL) დონე არის წინასწარ განსაზღვრული ფასი, რომელიც დაფიქსირებულია სავაჭრო პოზიციის გახსნის მომენტში არსებული ფასის ქვემოთ. აღნიშნული დონის მიღწევის შემთხვევაში, პოტენციური ზარალის თავიდან არიდების მიზნით, ხდება long პოზიციის ავტომატურად დახურვა. Short პოზიციების შემთხვევაში, ამ ფასის დაყენება ხდება სავაჭრო პოზიციის გახსნის ფასის ზემოთ. იმ შემთხვევაში, თუ ბაზარი არასასურველი მიმართულებით დაიწყებს მოძრაობას და მიაღწევს stop-loss დონეს, შეკვეთა გააქტიურდება და სავაჭრო პოზიცია დაიხურება.
Take-profit (TP) დონე საპირისპირო პრინციპით მუშაობს: ეს გახლავთ წინასწარ განსაზღვრული ფასი, რომლის მიღწევის შემთხვევაშიც ხდება სავაჭრო პოზიციის დახურვა პოტენციური მოგების შენარჩუნების მიზნით. TP დონის მიღწევის შემთხვევაში, სავაჭრო პოზიცია ავტომატურად დაიხურება მიმდინარე ფასით.
შეკვეთების რეალურ დროში, ხელით განთავსების ნაცვლად, შეგიძლიათ დააყენოთ სასურველი დონეები სავაჭრო პოზიციის გახსნისას. Binance Futures, მაგალითად, გთავაზობთ Stop Order ფუნქციას, რომელშიც გაერთიანებულია stop-loss და take-profit ფუნქციები. სისტემა თავად განსაზღვრავს შეკვეთის მახასიათებლები stop-loss ტიპს შეეფერება თუ take-profit-ს, რისთვისაც ხდება აქტივაციის ფასის ბოლო ფასთან ან მარკირების ფასთან შედარება შეკვეთის განთავსებისას.
რატომ უნდა გამოვიყენოთ Stop-Loss და Take-Profit დონეები?
რისკების უფრო ეფექტურად მართვა
SL და TP დონეები მიუთითებს ბაზრის მიმდინარე პირობებზე. ტრეიდერები, რომლებიც აღნიშნული დონეებით ხელმძღვანელობენ, ზუსტად განსაზღვრავენ რა დონის რისკებია მათთვის მისაღები და რა მომენტში სურთ სავაჭრო პოზიციის დახურვა. აღნიშნული ინსტრუმენტების გამოყენებით ასევე შესაძლებელია პორტფოლიოს დაცვა პოტენციური ზარალისგან და რისკების ტრეიდერებისთვის მისაღები დონის შენარჩუნება.
სავაჭრო გადაწყვეტილებების ემოციებზე დაფუძნებით მიღების რისკების შემცირება
ემოციური მდგომარეობა დიდ ზეგავლენას ახდენს სტრესულ სიტუაციებში მიღებულ გადაწყვეტილებებზე. შიშის საფუძველზე შესაძლოა ტრეიდერმა დროზე ადრე დახუროს სავაჭრო პოზიცია; სიხარბემ კი შესაძლოა გამოიწვიოს სავაჭრო პოზიციის საჭიროზე დიდი დროით შენარჩუნება. ვაჭრობის დაწყებამდე SL და TP დონეების განსაზღვრა დაგეხმარებათ გადაწყვეტილებების ბოლო წამს, ფასების მერყეობის საფუძველზე მიღების საჭიროების თავიდან არიდებაში და გეგმის მიხედვით მოქმედებაში.
რისკისა და სარგებლის თანაფარდობის განსაზღვრა
SL და TP დონეები გახლავთ მონაცემები, რომლებიც გამოიყენება ვაჭრობის ფარგლებში რისკისა და სარგებლის თანაფარდობის განსაზღვრის მიზნით, რაც მიუთითებს იმაზე, თუ რისი გარისკვის თვის ხართ მზად სასურველი მოგების მისაღებად. 1:1-ზე დაბალი თანაფარდობის მაჩვენებელი მიუთითებს, რომ პოტენციური მოგება უფრო მეტია ვიდრე პოტენციური ზარალი. აღნიშული თანაფარდობის გამოთვლა შემდეგი ფორმულით შეგიძლიათ:
რისკისა და სარგებლის თანაფარდობა = (ფასი პოზიციის გახსნისას - Stop-loss ფასი) / (Take-profit ფასი - ფასი პოზიციის გახსნისას)
მაგალითად, როდესაც ყიდულობთ 100 აშშ დოლარად და განათავსებთ stop-loss შეკვეთას 95 აშშ დოლარად, ხოლო take-profit შეკვეთას 115 აშშ დოლარად, თქვენი პოტენციური ზარალი იქნება 5 აშ დოლარი, ხოლო მოგება 15 აშშ დოლარი, რაც შეადგენს 1:3 თანაფარდობას. ტრეიდერების უმეტესობას სურს 1:2 ან უფრო მაღალი თანაფარდობის მიღწევა ვაჭრობის დაწყებამდე.
როგორ გამოითვლება Stop-Loss და Take-Profit დონეები
არ არსებობს ერთი, უნივერსალური ფორმულა, რომელიც შეიძლება ნებისმიერმა ტრეიდერმა, ნებისმიერ ბაზარზე გამოიყენოს. ქვემოთ ჩამოთვლილი მეთოდების გამოყენება შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ისე კომბინაციაში, გამოყენებული სტრატეგიისა და გამოცდილების დონის მიხედვით.
მხარდაჭერისა და რეზისტენტობის დონე
მხარდაჭერის და რეზისტენტობის დონეები წარმოადგენს ფასების დიაგრამის ზონებს, სადაც შედარებით მაღალია ყიდვის ან გაყიდვის აქტივობების მაჩვენებლები. მხარდაჭერის დონეებზე ხდება კლებისკენ მიმართული ფასების შესაბამისი მყიდველების ყიდვა; რეზისტენტობის დონეებზე კი, ფასების ზრდის პარალელურად შესაძლოა გაიზარდოს გაყიდვის წნეხიც. როგორც წესი, ტრეიდერები განათავსებენ stop-loss შეკვეთას მხარდაჭერის ძირითადი დონის ქვემოთ, ხოლო take-profit შეკვეთას რეზისტენტობის დონის ქვემოთ, long პოზიციებისთვის.
მოძრავი საშუალო
მოძრავი საშუალო (MA) აერთიანებს ფასებს მონაცემებს დროის კონკრეტული პერიოდისთვის, ტენდენციის ზოგადი მიმართულების განსაზღვრის მიზნით. ხშირ შემთხვევაში, ტრეიდერები განათავსებენ stop-loss შეკვეთებს გრძელვადიანი მოძრავი საშუალოს დონის ქვემოთ, Long პოზიციებისთვის, რომელიც აღიქმება როგორც დინამიური მხარდაჭერის დონე. თუ ფასი MA-ს დონეს ჩამოსცდება, ეს ნიშნავს რომ ადგილი აქვს ტენდენციის მიმართულების ცვლილებას და შესაძლოა მოხდეს სავაჭრო პოზიციის დახურვა.
პროცენტული მაჩვენებლის მეთოდი
ზოგიერთი ტრეიდერი უპირატესობას ანიჭებს შედარებით მარტივ, ფიქსირებული პროცენტული მაჩვენებლის განსაზღვრის მეთოდს: მაგალითად, სავაჭრო პოზიციის დახურვა ხდება თუ ფასი 5%-ით ჩამოსცდება მითითებულ ზღვარს. აღნიშნული მეთოდის გამოყენებისთვის არ არის საჭირო რაიმე სპეციალური ტექნიკური უნარებისა და ინფორმაციის ფლობა და განსაკუთრებით ეფექტურია დამწყები და ახალბედა ტრეიდერებისთვის.
ჭეშმარიტი საშუალო დიაპაზონი (ATR)
ჭეშმარიტი საშუალო დიაპაზონი (ATR) განსაზღვრავს ბაზრისთვის დამახასიათებელ ფასის ცვალებადობის დიაპაზონს დროის კონკრეტული პერიოდისთვის, რაც მერყეობის მიმდინარე მაჩვენებლის მონაცემების საფუძველზე განსაზღვრის საშუალებას იძლევა. ATR-ზე დაფუძნებული ყველაზე ხშირად გამოყენებული მეთოდის ფარგლებში ხდება stop-loss შეკვეთის განთავსება პოზიციის გახსნის ფასის ქვემოთ (Long პოზიციების შემთხვევაში) 1x ან 2x ATR-ის მანძილზე, ხოლო take-profit შეკვეთის - პოზიციის გახსნის ფასის ზემოთ, 2x ან 4x ATR-ის მანძილზე, რაც რისკისა და მოგების სტაბილური თანაფარდობის შენარჩუნებას უზრუნველყოფს, ბაზარზე არსებული პირობების მიუხედავად.
Trailing stop-loss
Trailing stop იცვლება ფასთან ერთად, ბაზრის სასურველი მიმართულებით მოძრაობს შემთხვევაში. Long პოზიციების ფარგლებში stop-loss იზრდება ფასის ზრდასთან ერთად, რაც პოტენციური მოგების შენარჩუნებას უზრუნველყოფს, ხოლო ფასის ვარდნის შემთხვევაში, უცვლელი რჩება. როგორც კი ფასი წინასწარ განსაზღვრული trailing მანძილის შესაბამისად შემცირდება, გააქტიურდება სტოპ-შეკვეთა. აღნიშნული მიდგომა ხელს უწყობს ბაზრის ტენდენციის შედარებით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შენარჩუნებას და ზარალის თავიდან არიდებას ფასის მკვეთრი შემობრუნების შემთხვევაში.
სხვა ტექნიკური ინდიკატორები
ზოგიერთი ტრეიდერი აღნიშნულ მეთოდებთან ერთად დამატებით ინსტრუმენტებსაც იყენებს. RSI ინდიკატორი მიუთითებს ჭარბი ყიდვის ან გაყიდვის შემთხვევებზე და სავაჭრო პოზიციის დახურვის შესაძლო საჭიროებაზე. ბოლინჯერის ზოლები განსაზღვრავს მერყეობის დონეს და იძლევა ფასის უკიდურესი ნიშნულების იდენტიფიცირების საშუალებას, როდესაც მაღალია შემობრუნების ალბათობა. მოძრავი საშუალოების დაახლოება/დაშორება (MACD) იყენებს ექსპონენციურ მოძრავ საშუალო მაჩვენებლებს ტენდენციების პოტენციური ცვლილებების განსაზღვრის მიზნით.
მრავალდონიანი Take-Profit სტრატეგია
ნაცვლად სავაჭრო პოზიციის დახურვის ერთი ფასის არჩევისა, ზოგიერთი ტრეიდერი საკუთარ პოზიციას რამდენიმე take-profit დონეზე ანაწილებს. ერთ-ერთ გავრცელებული მიდგომის ფარგლებში ხდება მოგების ნაწილის შენარჩუნება პირველ სამიზნე დონეზე, შესაძლო ზარალის შემცირების მიზნით, დამატებითი ნაწილის შენარჩუნებას რეზისტენტობის ძირითად დონეზე, ხოლო დარჩენილი ნაწილის Trailing stop-ზე მიბმას. აღნიშნული სტრუქტურა მოგების მყისიერად შენარჩუნების და ამავდროულად სავაჭრო პოზიციის გარკვეული ნაწილის უფრო დიდი პოტენციური სარგებლის მიღების მიზნით გამოყენების საშუალებას იძლევა.
აღნიშნულ შემთხვევაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს პოზიციის ზომის განსაზღვრა. ნებისმიერ ცალკეულ ტრანზაქციასთან დაკავშირებით რისკების შეზღუდვის მიზნით მთლიანი კაპიტალის თუნდაც მცირე პროცენტული წილის გამოყენება უზრუნველყოფს, რომ არც ერთმა ინდივიდუალურმა ზარალმა მოახდინოს ზეგავლენა პორტფოლიოს ზოგად მდგომარეობაზე.
Binance-ის ინსტრუმენტების გამოყენება
Binance Futures მხარს უჭერს stop-limit და stop-market შეკვეთების გამოყენებას SL და TP შეკეთების აღსრულების ავტომატიზაციის მიზნით. იმ ტრეიდერებსთვის, რომლებიც უპირატესობას ავტომატიზებულ სტრატეგიებს ანიჭებენ, Binance-ზე ხელმისაწვდომია ინდივიდუალური გზამკვლევები შემდეგ თემებზე: როგორ განვათავსოთ stop-loss შეკვეთა Binance API-ს მეშვეობით და როგორ განვათავსოთ take-profit შეკვეთა Binance API-ს მეშვეობით, სადაც მოცემულია დეტალური ინფორმაცია API-ს ენდპოინტებისა და შეკვეთების პარამეტრების შესახებ.
ხშირად დასმული შეკითხვები
რა განსხვავებაა stop-loss და stop-limit შეკვეთას შორის?
Stop-loss შეკვეთის მეშვეობით ხდება საბაზრო შეკვეთის გააქტიურება, როდესაც ფასი მიაღწევს მითითებულ Stop დონეს, რაც ნიშნავს, რომ შეკვეთის აღსრულება ხდება იმ მომენტისთვის ხელმისაწვდომი საუკეთესო ფასით. Stop-limit შეკვეთით, ნაცვლად ამისა, ხდება ლიმიტ-შეკვეთის გააქტიურება, რომლის აღსრულებაც მოხდება მხოლოდ მითითებული ან უკეთესი ფასით. სწრაფად ცვალებადი ბაზრების შემთხვევაში, Stop-loss საბაზრო შეკვეთის განხორციელების შანსი მეტია, თუმცა შესაძლოა აღნიშნული შეკვეთა ყველაზე არასასურველი ფასით შეივსოს, რაც შეეხება stop-limit შეკვეთას, მისი შევსება საერთოდ არ მოხდება თუ ფასებს შორის სხვაობა გასცდება განსაზღვრულ ლიმიტს.
რის მიხედვით უნდა ავირჩიო სწორი stop-loss პროცენტული მაჩვენებელი?
აღნიშნულ შეკითხვაზე ერთი სწორი, კონკრეტული პასუხი არ არსებობს, რადგან პროცენტული მაჩვენებლის განსაზღვრა თქვენ მიერ მითითებული რისკის მისაღები დონის, აქტივისთვის დამახასიათებელი მერყეობის და ზოგადი სტრატეგიის საფუძველზე ხდება. ტრეიდერების უმეტესობის მიერ განსაზღვრული რისკის დონე მათი ინდივიდუალური სავაჭრო პოზიციის მთლიანი სავაჭრო კაპიტალის 1-2%-ს შორის მერყეობს. ATR მეთოდის მეშვეობით შესაძლებელია Stop შეკვეთის აქტივის მერყეობის უახლესი მაჩვენებლების და არა ზოგადი მახასიათებლების საფუძველზე განსაზღვრა.
უნდა გამოვიყენო თუ არა stop-loss შეკვეთა ნებისმიერ შემთხვევაში?
Stop-loss შეკვეთები წარმოადგენს რისკების მართვის ეფექტურ პრაქტიკას, განსაკუთრებით ისეთ მერყევ ბაზრებზე, როგორიც კრიპტო ბაზრებია. აღნიშნული მეთოდის მეშვეობით შესაძლებელია პოტენციური ზარალის წინასწარ განსაზღვრა და სავაჭრო პოზიციის დახურვის სწორი მომენტის შერჩევასთან დაკავშირებული სტრესის თავიდან აცილება. შესაბამისად, Stop შეკვეთის განთავსებამდე საჭიროა ყველა დეტალის საფუძვლიანად განხილვა; ამ ტიპის შეკვეთის სავაჭრო პოზიციის გახსნის ფასთან მეტისმეტად ახლოს განთავსებამ შესაძლოა გამოიწვიოს მისი დროზე ადრე გააქტიურება, თუნდაც ფასების სტანდარტულ მერყეობის შემთხვევაში.
როგორია რისკისა და სარგებლის კარგი მაჩვენებელი კრიპტოვალუტებით ვაჭრობისას?
ტრეიდერების უმეტესობა ცდილობს მიაღწიოს რისკისა და სარგებლის მინიმალურ თანაფარდობას (1:2), რაც იმას გულისხმობს რომ მათ სურთ, პოტენციური მოგება ორჯერ აღემატებოდეს პოტენციურ ზარალს. შედარებით მაღალი თანაფარდობა, მაგალითად 1:3, შესაძლოა ასოცირდებოდეს მოგების უფრო დაბალ კოეფიციენტთან. აქედან გამომდინარე, მოგების მაღალი კოეფიციენტის მიღწევა შესაძლებელია ვაჭრობის სტრატეგიის, მოგების დიაპაზონის და ბაზრის პირობების და არა ერთი, უნივერსალური წესის საფუძველზე.
შეჯამება
Stop-loss და take-profit დონეები გახლავთ ტრეიდერებისთვის ხელმისაწვდომი ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული ინსტრუმენტები. მათი მეშვეობით ხდება სავაჭრო პოზიციის დახურვის არსებული რეაქტიული, ემოციებზე დაფუძნებული სტრატეგიის წინასწარ დაგეგმილ, წესებზე დამყარებულ სტრატეგიად ფორმირება. არ აქვს მნიშვნელობა ტექნიკურ ინდიკატორებს იყენებთ, ფიქსირებულ პროცენტულ მაჩვენებლებს, თუ მერყეობის დონის განსაზღვრის მეთოდებს, მიზანი ერთია: რისკის დონის განსაზღვრა ვაჭრობის დაწყებამდე და შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედება.
გაითვალისწინეთ, რომ არც ერთი მეთოდი არ იძლევა ბაზრის მოძრაობის ზუსტი პროგნოზირების გარანტიას. SL და TP დონეების გამოყენება მხოლოდ მითითების სახითაა რეკომენდებული, ზემოხსენებული მეთოდები კი შედარებით ფართო მასშტაბებზე მოქმედი, დეტალური სავაჭრო სტრატეგიის ფარგლებში გამოიყენება.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან მომსახურების შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე სრულად და ერთპიროვნულად თქვენ ხართ პასუხისმგებელი. Binance Academy არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებს იმ ზარალზე, რომელიც შეიძლება მიიღოთ. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ის პირობებს.