მთავარი დეტალები
შეკვეთების წიგნში ასახულია მიმდინარე გაყიდვის და ყიდვის შეკვეთები (შეთავაზებები და მოთხოვნები), რაც მიუთითებს ბაზარზე არსებული მოთხოვნის და მიწოდების დინამიკაზე მოცემული სავაჭრო წყვილისთვის.
მაღალი ლიკვიდურობის ბაზრებზე შეკვეთების წიგნების განახლება უწყვეტად მიმდინარეობს, ვაჭრობის აღსრულების შემდეგ კი შესაბამისი შეკვეთები მომენტალურად იშლება შეკვეთების წიგნიდან. სწორედ ეს აქცევს შეკვეთების წიგნს ბაზარზე არსებული აქტივობის მონიტორინგის დინამიურ ინსტრუმენტად.
შეკვეთების წიგნის მეშვეობით შესაძლებელია პოტენციური მხარდაჭერისა და რეზისტენტობის დონეების და ბაზრის სიღრმის განსაზღვრა. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ყიდვის და გაყიდვის კედლის მონაცემებით მსჯელობისას შესაძლოა შეგვექმნას არასწორი შთაბეჭდილება მიწოდების და მოთხოვნის მაჩვენებლებთან დაკავშირებით, შეკვეთების წიგნთან ერთად აუცილებელია ბაზრის უფრო ზუსტი ანალიზისთვის საჭირო სხვა ინსტრუმენტების გამოყენებაც.
შეკვეთების წიგნებში შეხვდებით შეკვეთის ყველაზე გავცელებულ 3 ტიპს: საბაზრო შეკვეთები (აღსრულება ხდება მომენტალურად, საუკეთესო ხელმისაწვდომ ფასად), ლიმიტ-შეკვეთები (აღსრულება ხდება მხოლოდ მითითებული ფასის მიღწევისას) და Stop შეკვეთები (ააქტიურებს ყიდვის ან გაყიდვის შეკვეთას, როდესაც ფასი ზღვარს მიაღწევს).
რა არის შეკვეთების წიგნი?
შეკვეთების წიგნი არის კონკრეტული აქტივის ყიდვისა და გაყიდვის მიმდინარე შეკვეთების რეალურ დროში განახლებადი სია. ასეთი აქტივებია მაგალითად აქციები, საქონელი ან კრიპტოვალუტები. მისი მეშვეობით ვიღებთ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა თანხის გადახდა სურთ მყიდველებს (შეთავაზებები) და რა თანხას ითხოვენ გამყიდველები (მოთხოვნები), რაც ტრეიდერებს ეხმარებათ ბაზარზე არსებული მოთხოვნის და მიწოდების მაჩვენებლების განსაზღვრაში. შეკვეთების წიგნები სტანდარტულ ინსტრუმენტს წარმოადგენს ცენტრალიზებულ ბირჟებზე.
როგორ მუშაობს შეკვეთების წიგნები
მაღალი ლიკვიდურობის მქონე ბაზრებზე შეკვეთების წიგნები მუშაობს ლაივ-რეჟიმში და მისი განახლება ხდება მუდმივად. ბაზარზე ყიდვის ან გაყიდვის ახალი შეკვეთების განთავსებისას ისინი მომენტალურად ემატება შესაბამისი შეკვეთების წიგნის სიაში. შესაბამისი შეკვეთები ვაჭრობის განხორციელებისთანავე იშლება შეკვეთების წიგნიდან. რეალურად, შეკვეთების წიგნი გახლავთ სივრცე, სადაც შესაძლებელია მყიდველებსა და გამყიდველებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების ნახვა.
თუ თქვენ ხართ მყიდველი, თქვენი შეკვეთის დამატება მოხდება თქვენ მიერ შეთავაზებული მაქსიმალური ფასის მიხედვით. თუ გამყიდველი ხართ, თქვენი შეკვეთის დამატება მოხდება თქვენთვის მისაღები მინიმალური ფასის მიხედვით.
შეკვეთების წიგნის ძირითადი კომპონენტები
ყიდვის შეკვეთები (შეთავაზებები): ეამ ტიპის შეკვეთები გვაჩვენებს რა თანხის გადასახდელად არიან მზად მყიდველები. როგორც წესი, სიაში ამ შეკვეთების დალაგება ხდება შეთავაზებული ფასების კლებადობის მიხედვით.
გაყიდვის შეკვეთები (მოთხოვნები): ეს აჩვენებს, რა ფასის მიღება სურთ გამყიდველებს თავიანთი აქტივებისთვის. ისინი ჩამოთვლილია ყველაზე დაბალი ასკის ფასიდან ყველაზე მაღალამდე.
ფასი და რაოდენობა: თითოეული შეკვეთისთვის, წიგნი ასახავს რამდენი აქტივის ყიდვა ან გაყიდვა სურს ტრეიდერს და რა ფასად.
სპრედი: ეს არის სხვაობა ყველაზე მაღალ შეთავაზებულ ფასსა და ყველაზე დაბალ მოთხოვნილ ფასს შორის, რომელსაც ასევე ეწოდება შეთავაზება-მოთხოვნის სპრედი. მცირე სპრედი ზოგადად მაღალი ლიკვიდურობის მქონე ბაზარზე მიუთითებს.
შეკვეთების თანხვედრა: როდესაც მოიძებნება ერთმანეთის შესაბამისი ყიდვის და გაყიდვის შეკვეთები, თანხვედრის მექანიზმი აღასრულებს ვაჭრობას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ვაჭრობა განხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ მყიდველისთვის მისაღები იქნება გამყიდველის მიერ მოთხოვნილი ფასი (და პირიქით).
შეკვეთების წიგნების ვიზუალიზაცია: სიღრმის დიაგრამები
ბევრი ტრეიდერი იყენებს სიღრმის დიაგრამებს, რომლებიც წარმოადგენს შეკვეთების წიგნის ვიზუალურ რეპრეზენტაციას. დიაგრამაზე x-ღერძი აღნიშნავს ფასების მაჩვენებლებს, ხოლო y-ღერძი ყიდვის და გაყიდვის შეკვეთების მოცულობას ფასის თითოეული მაჩვენებლისთვის.
დაინახავთ ორ მრუდს: ერთს შემოთავაზებებისთვის (ყიდვის შეკვეთები მწვანედ) და ერთს მოთხოვნებისთვის (გაყიდვის შეკვეთები წითლად). ამ მრუდების ანალიზის საფუძველზე ტრეიდერები იღებენ სავარაუდო ინფორმაციას ბაზრის მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ ან აკვირდებიან „ყიდვის კედლის“ და „გაყიდვის კედლის“ მონაცემებს, რომლებმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს ფასის კონკრეტული ზღვარის მიღმა გადასვლას.
როგორ იყენებენ ტრეიდერები შეკვეთების წიგნებს
შეკვეთების წიგნები გვაძლევს მნიშვნელოვან ინფორმაციას ბაზრის ლიკვიდურობასთან და მიმდინარე ტენდენციებთან დაკავშირებით. შეკვეთების წიგნების გამოყენება შემდეგი მიზნებისთვის შეიძლება:
მხარდაჭერის და რეზისტენტობის დონის განსაზღვრა: კონკრეტული ფასის მქონე ყიდვის შეკვეთების დიდი რაოდენობა (ყიდვის კედელი) შესაძლოა მიუთითებდეს მხარდაჭერის მაღალ დონეზე, ხოლო ამავე ფასის მქონე გაყიდვის შეკვეთების დიდი რაოდენობა (გაყიდვის კედელი) შესაძლოა მიუთითებდეს რეზისტენტობის მაღალ დონეზე.
ლიკვიდურობის ანალიზი: მაღალი სიღრმის და დიდი რაოდენობით შეკვეთების მქონე შეკვეთების წიგნი ამარტივებს ყიდვის და გაყიდვის პროცესების წარმოებას ფასის მეტისმეტად გაზრდის ან შემცირების საჭიროების გარეშე.
ბაზრის სიღრმე: ტრეიდერები ხშირად ამოწმებენ კონკრეტული ფასის მქონე „მომლოდინე“ შეკვეთების რაოდენობას, ბაზრის მოსალოდნელი ცვლილებების პროგნოზირების მიზნით. მაგალითად, თუ ფიქსირდება კონკრეტული ფასების მქონე ყიდვის შეკვეთების დიდი რაოდენობა, მაღალია იმის ალბათობა, რომ გაიზრდება მხარდაჭერის დონე.
შენიშვნა: შეკვეთების განთავსება და წაშლა საკმაოდ მარტივადაა შესაძლებელი. ყიდვის და გაყიდვის კედლები ხშირად გამოიყენება ბაზარზე არსებული მიწოდების და მოთხოვნის მონაცემებთან დაკავშირებით მცდარი შთაბეჭდილებების შექმნის მიზნით. შესაბამისად, უმჯობესია ტრეიდერებმა შეკვეთების წიგნის ანალიზთან ერთად სხვა ტექნიკური ინდიკატორები და ინსტრუმენტები გამოიყენონ ბაზრის მდგომარეობის უფრო სრული სურათის მისაღებად.
შეკვეთების ტიპები შეკვეთების წიგნში
1. საბაზრო ეკვეთები: ამ ტიპის შეკვეთების აღსრულება ხდება მომენტალურად, საუკეთესო ხელმისაწვდომ ფასად. მაგალითად, თუ მყიდველი განათავსებს საბაზრო შეკვეთას, მოხდება მისი შესაბამისი ყველაზე დაბალი მოთხოვნის ფასის მოძიება შეკვეთების წიგნში.
2. ლიმიტ-შეკვეთები ლიმიტ-შეკვეთა ტრეიდერებს შესაძლებლობას აძლევს მიუთითონ აქტივის ყიდვის ან გაყიდვის სასურველი ფასი. ამ ტიპის შეკვეთა აღსრულდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საბაზრო ფასი მიაღწევს ტრეიდერის მიერ მითითებულ ლიმიტ-ფასს, რაც უზრუნველყოფს შეკვეთის აღსრულებას სასურველ ფასად, თუმცა არ გვაძლევს შეკვეთის აღსრულების გარანტიას.
3. Stop შეკვეთები ეს პირობითი შეკვეთებია. მათი განთავსებაც ხდება აქტივის ყიდვის ან გაყიდვის მიზნით, როდესაც მისი ფასი გასცდება მითითებულ ზღვარს, რა დროსაც ხდება საბაზრო ან Stop-ლიმიტ შეკვეთის გააქტიურება. Stop შეკვეთები ხშირად გამოიყენება ზარალის მინიმუმამდე შემცირების მიზნით.
შეკვეთების წიგნები ეფექტური ინსტრუმენტებია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ფინანსურ ბაზრებზე არსებული მოთხოვნის და მიწოდების მაჩვენებლების შესახებ ინფორმაციის მიღება. არ აქვს მნიშვნელობა აქციებით ვაჭრობთ, საქონლით თუ კრიპტოვალუტებით, შეკვეთების წიგნის მონაცემების სწორად წაკითხვის პრინციპების შესწავლა დაგეხმარებათ უფრო ეფექტური სავაჭრო გადაწყვეტილებების მიღებაში. თუმც, შეკვეთების წაშლისა და განთავსების სიმარტივიდან გამომდინარე, ტრეიდერებმა უმჯობესია შეკვეთების წიგნის ანალიზთან ერთად სხვა ტექნიკური ინდიკატორები და ინსტრუმენტები გამოიყენონ ბაზრის მდგომარეობის უფრო სრული სურათის მისაღებად.
შეკვეთების წიგნები Binance-ზე
Binance-ის აპლიკაციაში შეკვეთების წიგნის პოვნა თქვენი ვაჭრობის დიაგრამის ქვეშ შეგიძლიათ და ის შემდეგნაირად გამოიყურება:
Binance-ის Web ვერსიაში, შეკვეთების წიგნის პოვნა შეგიძლიათ თქვენი ვაჭრობის ინტერფეისის მარჯვენა ან მარცხენა მხარეს (მარცხნივ სპოტ და მარჟით ვაჭრობისთვის; მარჯვნივ - ფიუჩერსებისთვის). ეს შემდეგნაირად გამოიყურება:
ხშირად დასმული კითხვები
რა არის შეკვეთების წიგნი კრიპტო ვაჭრობაში?
კრიპტო შეკვეთების წიგნი წარმოადგენს ბირჟაზე სავაჭრო წყვილისთვის არსებული ყიდვის და გაყიდვის შეკვეთების რეალურ დროში, მუდმივად განახლებად სიას. ის ასახავს შემოთავაზებებს (რასაც მყიდველები იხდიან) და მოთხოვნებს (გამყიდველების სასურველი ფასები), რისი წყალობითაც ტრეიდერებს უმარტივდებათ ლიკვიდურობის და ფასის მიმართულების შეფასება. შეკვეთების წიგნები ცენტრალიზებული ბირჟების თანხევდრის სისტემების ძირითადი მექანიზმია.
რა განსხვავებაა შეთავაზებასა და მოთხოვნას შორის?
შეთავაზება არის ყველაზე მაღალი ფასი, რომლის გადახდაზეც მყიდველია თანახმა. მოთხოვნა კი ყველაზე დაბალი ფასი, რასაც გამყიდველი დათანხმდება. ამ ორს შორის სხვაობას წარმოადგენს შეთავაზება-მოთხოვნის სპრედი. როდესაც შეთავაზების და მოთხოვნის ფასები ერთმანეთს დაემთხვევა ვაჭრობა მაშინ აღსრულდება.
რა არის სიღრმის დიაგრამა?
სიღრმის დიაგრამა არის შეკვეთების წიგნის ვიზუალური რეპრეზენტაცია. ის ასახავს დაგროვებულ ყიდვის შეკვეთებს (მწვანედ) და გაყიდვის შეკვეთებს (წითლად) ფასის დონეებისთვის. დიაგრამაზე ციცაბო საფეხურების სახით გამოსახული შეკვეთების დიდი კლასტერები, შეიძლება მიუთითებდეს ყიდვის ან გაყიდვის კედლების არსებობაზე, რომლებიც თამაშობს დროებითი მხარდაჭერის ან რეზისტენტობის დონის როლს.
რა განსხვავებაა საბაზრო შეკვეთასა და ლიმიტ-შეკვეთას შორის?
საბაზრო შეკვეთის აღსრულება ხდება დაუყოვნებლივ საუკეთესო ხელმისაწვდომ ფასად შეკვეთების წიგნში. ლიმიტ-შეკვეთის აღსრულება მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც აქტივის ფასი თქვენ მიერ მითითებულ ფასს მიუახლოვდება. საბაზრო შეკვეთების პრიორიტეტია სისწრაფე; ლიმიტ-შეკვეთების კი - ფასის კონტროლი.
შესაძლებელია თუ არა შეკვეთების წიგნით მანიპულირება?
შეკვეთების წიგნებზე დროებით გავლენა შეიძლება მოახდინონ ისეთი ტაქტიკების მეშვეობით, როგორიცაა დიდი ყიდვის ან გაყიდვის კედლების განთავსება, მოთხოვნის ან მიწოდების ცრუ წარმოდგენის შემქნის მიზნით. ასეთი შეკვეთები ზოგჯერ სწრაფად უქმდება მას შემდეგ, რაც სასურველი ფასის მოძრაობა მოხდება. ამიტომ ტრეიდერებს, როგორც წესი, ურჩევენ, შეკვეთების წიგნის ანალიზი სხვა ტექნიკურ ინსტრუმენტებთან ერთად გამოიყენონ და მხოლოდ მას არ ენდონ.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.