საყურადღებო ნიშნებს შორისაა ანონიმური გუნდები, განბლოკილი ლიკვიდურობა, ტოკენების კონცენტრირებული ჰოლდინგი და არარეალისტური დაპირებები სარგებლის მიღებასთან დაკავშირებით.
აღნიშნული ტიპის თაღლითური სქემების თავიდან აცილებაში პროექტის ტოკენომიკის, გუნდის გამჭვირვალობისა და სმარტ კონტრაქტების აუდიტების შესახებ ინფორმაციის მოპოვება დაგეხმარებათ.
Rug Pull წარმოადგენს კრიპტოვალუტების სფეროში გავრცელებულ თაღლითურ სქემას, რომლის ფარგლებშიც დეველოპერების გუნდი განზრახ ტოვებს პროექტს და სრულად გააქვს ლიკვიდურობა, რაც ტოკენების მფლობელებს აქტივების გაყიდვის შესაძლებლობას უზღუდავს. ტერმინი მომდინარეობს ინგლისური იდიომიდან „to Pull the Rug out from under someone“, რაც ვინმესთვის მხარდაჭერის მოულოდნელად და გაფრთხილების გარეშე შეწყვეტას ნიშნავს.
Rug Pull-ები კრიპტოვალუტის სფეროში თაღლითობის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ფორმას წარმოადგენს. CertiK-ის მონაცემებით, მხოლოდ 2024 წელს Rug Pull-ებითა და მსგავსი თაღლითური სქემებით გამოწვეულმა ზარალმა 85,4 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. იმავე პერიოდში, კონკრეტულად Memecoin-ებთან დაკავშირებულმა Rug Pull-ებმა და თაღლითურმა სქემებმა ზარალი 500 მილიონ აშშ დოლარამდე გაზარდა, რაც აღნიშნული პრობლემის მასშტაბურობას მკვეთრად უსვამს ხაზს.
ამის შემდეგ გუნდი სოციალური მედიის, ინფლუენსერების მხარდაჭერისა და საზოგადოებრივი არხების მეშვეობით ქმნის ხელოვნურ აჟიოტაჟს ტოკენების ფასის გაზრდის მიზნით. ტოკენის ფასის გაზრდისა და ლიკვიდურობაზე წვდომის მოპოვების შემდეგ, თაღლითური სქემის მონაწილეები არჩევანს მოქმედების ორ გეგმას შორის აკეთებენ:
ტოკენების მასობრივი გაყიდვა: გუნდი ყიდის დიდი ოდენობით წინასწარ განაწილებულ ტოკენებს მაქსიმალურ ფასად, რაც იწვევს აქტივის ღირებულების მკვეთრ ვარდნას ყველა სხვა ინვესტორისთვის.
ლიკვიდურობის პულის დაცლა: დეველოპერებს სრულად გააქვთ ლიკვიდურობა დეცენტრალიზებული ბირჟიდან, რაც სხვა მფლობელებს უზღუდავს ტოკენების გაყიდვის შესაძლებლობას.
ზოგ შემთხვევაში, დეველოპერების გუნდი იყენებს სმარტ-კონტრაქტში წინასწარ ინტეგრირებულ მავნე პროგრამულ კოდს, ინვესტორების თანხების პირდაპირ, ბაზარზე ტოკენების გაყიდვის საჭიროების გარეშე მითვისების მიზნით. ამ ტიპის თაღლითობას ხშირად Hard Rug Pull-ს უწოდებენ.
Hard Rug Pull-ის შემთხვევაში, მავნე პროგრამული კოდი უშუალოდ სმარტ კონტრაქტშია ინტეგრირებული. ეს შეიძლება მოიცავდეს მექანიზმებს, რომლებიც ინვესტორებს ტოკენების გაყიდვას უზღუდავს, დეველოპერებს ულიმიტო რაოდენობით ტოკენების დამზადების უფლებას ანიჭებს ან გუნდს თანხების პირდაპირ კონტრაქტიდან გატანის საშუალებას აძლევს. ამ ტიპის თაღლითური სქემის ცნობილი ისტორიული მაგალითია SQUID ტოკენი (2021 წელი): ჩაშენებული მექანიზმი მყიდველებს გაყიდვის შესაძლებლობას სრულად უზღუდავდა, მაშინ როდესაც დეველოპერებმა შეძლეს პოზიციებიდან თავისუფლად გასვლა და თანხების მითვისება.
Soft Rug Pull-ების შემთხვევაში სმარტ კონტრაქტში მავნე პროგრამული კოდის ინტეგრირების ნაცვლად დეველოპერების გუნდი უბრალოდ სწრაფად ყიდის მათთვის განკუთვნილი ტოკენების დიდ ნაწილს, რაც ფასის მკვეთრ ვარდნას და ინვესტორების გადინებას იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით აღნიშნული ქმედება ბევრ შემთხვევაში ფორმალურად კანონიერად მიიჩნევა, მსგავსი პრაქტიკა ცალსახად თაღლითურად და მავნებლურადაა მიჩნეული.
ანონიმური ან ისეთი გუნდები, რომელთა შესახებ ინფორმაციის მოძიება პრაქტიკულად შეუძლებელია: დოკუმენტირებული Rug Pull-ების დაახლოებით 80% ისეთ გუნდებთანაა დაკავშირებული, რომელთა რეალური ვინაობის გადამოწმებაც შეუძლებელია. ანონიმური გუნდის არსებობა ავტომატურად თაღლითობაზე არ მიანიშნებს, თუმცა მნიშვნელოვნად ზრდის საფუძვლიანი მოკვლევის ჩატარების საჭიროებას.
განბლოკილი ან დროის მოკლე პერიოდის განმავლობაში დაბლოკილი ლიკვიდურობა: ლეგიტიმური პროექტების შემთხვევაში, როგორც წესი, ლიკვიდურობა ექვსი თვით ან უფრო ხანგრძლივი ვადით იბლოკება. თუ დეველოპერებს ლიკვიდურობის გატანა პროექტის გაშვებიდან უმოკლეს ვადაში ან დაუყოვნებლივ შეუძლიათ, Rug Pull-ის რისკი ყოველთვის მაღალი რჩება.
honeypot კონტრაქტები: ზოგიერთი ტოკენის მეშვეობით ნებისმიერ მსურველს ენიჭება ყიდვის უფლება, თუმცა გაყიდვა მხოლოდ დეველოპერის საფულის მეშვეობითაა შესაძლებელი. ვიზუალური ინტერფეისიდან ამის შემჩნევა ხშირად შეუძლებელია და საჭიროებს უშუალოდ სმარტ კონტრაქტის კოდის შემოწმებას ან ტოკენების ანალიზის სპეციალური ინსტრუმენტების გამოყენებას.
ტოკენების კონცენტრირებული ჰოლდინგი: თუ მიმოქცევაში არსებული ტოკენების დიდი პროცენტული წილი საფულეების მცირე ჯგუფის კონტროლს ექვემდებარება, მფლობელებს ეძლევათ საშუალება, ნებისმიერ დროს მასობრივად გაყიდონ აქტივები და ბაზარზე ფასების მკვეთრი ვარდნის საფუძველზე განახორციელონ Rug Pull.
არარეალისტური დაპირებები სარგებლის მიღებასთან დაკავშირებით: გაურკვეველი წარმოშობის, ექსტრემალურად მაღალი APY მნიშვნელოვანი გამაფრთხილებელი ნიშანია. თუ ამგვარი სარგებლის მიღების მექანიზმი მკაფიოდ განმარტებული და აუდიტირებული არ არის, დიდი შანსია, პროექტი თავიდანვე კოლაფსისთვის იყოს სტრუქტურირებული.
ხელოვნური აჟიოტაჟი სოციალურ მედიაში: X-ზე, Telegram-სა და სხვა პლატფორმებზე პროექტის აგრესიული, სწრაფი პოპულარიზაცია - განსაკუთრებით დაქირავებული ინფლუენსერებისა და ანონიმური ანგარიშების ჩართულობით - ხშირად წინასწარ დაგეგმილი კამპანიაა, რომლის მიზანიც გუნდის მიერ პროექტიდან გასვლამდე მაქსიმალურად ბევრი მყიდველის მოზიდვაა.
Rug Pull პროექტის შემქმნელების მიერ წინასწარ დაგეგმილი თაღლითობაა, სადაც საფრთხეს უშუალოდ დეველოპერები წარმოადგენენ. ჰაკერული შეტევა მესამე პირის მიერ პროტოკოლსა თუ საფულეზე განხორციელებული თავდასხმაა, რომლის დროსაც გუნდი, მომხმარებლებთან ერთად, დაზარალებულის როლში გვევლინება. მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური შედეგი ორივე შემთხვევაში იდენტურია, პროცესის გამომწვევი მიზეზები და სამართლებრივი თუ მორალური პასუხისმგებლობა რადიკალურად განსხვავდება.
ტრადიციული Rug Pull-ის შემთხვევაში დეველოპერს სრულად გააქვს ლიკვიდურობა დეცენტრალიზებული ბირჟის (DEX) ლიკვიდურობის პულიდან. ეს მოდელი უშუალოდ DeFi ეკოსისტემაზეა მორგებული. ცენტრალიზებულ სავაჭრო ბირჟაზე განხორციელებული ანალოგიური თაღლითური სქემების შემთხვევაში, ხდეა პროექტების მეშვეობით ტოკენების გაყიდვით ინვესტიციების მოზიდვა, რის შემდეგაც პროექტის შემქმნელები უგზო-უკვლოდ ქრებიან. DEX-ზე დაფუძნებული Rug Pull-ები ბევრად უფრო გავრცელებულია, ვინაიდან დეცენტრალიზებულ სივრცეში, ცენტრალიზებული სავაჭრო ბირჟებისგან (CEX) განსხვავებით, ტოკენის შექმნა და განთავსება მინიმალურ რეგულაციასა და ზედამხედველობას ექვემდებარება.
იურისდიქციების უმეტესობის შემთხვევაში ინვესტორების განზრახ შეცდომაში შეყვანა და მათი ფინანსების მითვისება თაღლითობად მიიჩნევა. მიუხედავად ამისა, კანონის აღსრულება მნიშვნელოვან სირთულეებთანაა დაკავშირებული, ვინაიდან Rug Pull-ის ორგანიზატორები ხშირად ანონიმურად, საერთაშორისო მასშტაბით მოქმედებენ და კრიპტოაქტივების სტატუსთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ხარვეზებს იყენებენ. Soft Rug Pull-ის შემთხვევაში კი, როდესაც გუნდი უბრალოდ საკუთარ მფლობელობაში არსებულ ტოკენებს ყიდის, პასუხისმგებლობის დაკისრება კიდევ უფრო ნაკლებად სავარაუდოა.
ამაში ტოკენების ანალიზის ინსტრუმენტები დაგეხმარებათ. ისეთი ინსტრუმენტების მეშვეობით, როგორიცაა TokenSniffer და RugCheck (Solana-სთვის) შესაძლებელია სმარტ კონტრაქტის კოდის ავტომატურად შემოწმება Rug Pull-თან დაკავშირებული ისეთი გავრცელებული რისკების თვალსაზრისით, როგორიცაა გაყიდვის შეზღუდვა, ტოკენების ჭარბი ოდენობით დამზადები უფლება თუ თანხის გატანის ფარული ფუნქციები. გარდა ამისა, ნებისმიერ ახალ ტოკენში ინვესტირებამდე უმნიშვნელოვანესია ორ ძირითად ასპექტზე ყურადღების გამახვილება: ბლოკჩეინ-ექსპლორერში მფლობელებს შორის ტოკენების გადანაწილების და ლიკვიდურობის დაბლოკვის სტატუსის შემოწმება.
Rug Pull-ები დღემდე მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ და ფინანსურად საზიანო თაღლითურ სქემად კრიპტოვალუტების სივრცეში. მიუხედავად იმისა, რომ DeFi რეალურ სარგებელსა და ინოვაციურობას გვთავაზობს, მისი დეცენტრალიზებული და ნებართვის საჭიროების არმქონე არქიტექტურა ბოროტმოქმედებს უადვილებს ისეთი დამაჯერებელი პროექტების შექმნას, რომლებიც თავიდანვე მარცხისთვის არის განკუთვნილი.
თავდაცვისთვის საჭირო ინსტრუმენტებსა და ინფორმაციაზე წვდომის მოპოვება დღესდღეობით ბევრად უფრო მარტივადაა შესაძლებელი. ტოკენების ანალიზის პლატფორმები, on-chain მონაცემები და საზოგადოებრივი კვლევის მეთოდები საგრძნობლად განვითარდა. ანონიმური გუნდების, აუდიტის არმქონე კონტრაქტებისა და განბლოკილი ლიკვიდურობის არა უმნიშვნელო დეტალებად, არამედ კრიტიკულ რისკ-ფაქტორებად მიჩნევა პრაქტიკული და სწორი საწყისი წერტილია.
ინდუსტრიის განვითარების პარალელურად ვითარდება მარეგულირებელი ჩარჩოებიც, ამ ტიპის თაღლითობების პრევენციის უფრო ეფექტური მეთოდების შემუშავების მიზნით. დღესდღეობით ყველაზე საიმედო დამცავ მექანიზმად კვლავ გააზრებული მიდგომა მიიჩნევა, რა გულისხმობს ნებისმიერი ინვესტიციის განხორციელებამდე პროექტის საფუძვლიანად შესწავლას, პოზიციების ზომის ეფექტურად განსაზღვრას და ხელოვნური აჟიოტაჟის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულების შენარჩუნებას.
დეცენტრალიზებულ ფინანსებთან (DeFi) დაკავშირებული თაღლითური სქემების ამოცნობის მეთოდები
DeFi სარგებლის ფარმინგის შესახებ საკუთარი მოკვლევის ჩატარების ოთხი მეთოდი
კონკრეტული აქტივის გაყიდვის ან ყიდვის შესაძლებლობა ამ აქტივის საბაზრო ფასის მნიშვნელოვანი ცვლილების გამოწვე...
შფოთვის ან შიშის შეგრძნება, რაც დაკავშირებულია კარგი შესაძლებლობის ხელიდან გაშვების ალბათობასთან.
Binance Academy-ს სარედაქციო განყოფილება