მთავარი დეტალები
Optimism არის Ethereum-ის მე-2 დონის მასშტაბირების ტექნოლოგია, რომელიც იყენებს ოპტიმისტურ როლაფებს და გვთავაზობს სწრაფ და იაფ ტრანზაქციებს.
OP Stack წარმოადგენს მოდულურ, ღია პროგრამულ კოდზე დაფუძნებულ სტრუქტურას, რომელიც გამოიყენება მე-2 დონის ახალი ბლოკჩეინების შექმნისთვის და თავსებადია Optimism ეკოსისტემასთან.
OP Chain-ები არის OP Stack-ის მეშვეობით შექმნილი მე-2 დონის ბლოკჩეინები, რომლებიც მუშაობს Collective ქსელის სტანდარტიზებული მმართველობის და შემოსავლის განაწილების წესების შესაბამისად.
Superchain წარმოადგენს საზიარო უსაფრთხოების, კომუნიკაციის დონეების და მმართველობის მქონე OP Chain-ების ჰორიზონტალურად მასშტაბირებადი ქსელის კონცეფციას.
რა არის Optimism?
Optimism არის Ethereum-ის მე-2 დონის მასშტაბირების ტექნოლოგია, რომელიც იყენებს ოპტიმისტურ როლაფებს და გვთავაზობს სწრაფ და იაფ ტრანზაქციებს. თითოეული ტრანზაქციის პირდაპირ Ethereum-ზე აღსრულების ნაცვლად, Optimism ამ ტრანზაქციებს ამუშავებს off-chain და მთავარ ქსელზე პერიოდულად აგზავნის დამუშავებულ მონაცემებს. ეს ამცირებს Ethereum-ის ქსელის გადატვირთვას, თუმცა იყენებს მისი უსაფრთხოების შესაძლებლობებს.
თავდაპირველად ეს ბლოკჩეინი გაეშვა Optimism-ის სახელით, ამჟამად კი ის ცნობილია, როგორც OP Mainnet. დროთა განმავლობაში, პროექტი გასცდა ცალკეული ბლოკჩეინის ფარგლებს საფუძველი ჩაუყარა Superchain-ის შექმნას. Optimism-ის კონცეფცია გულისხმობს ურთიერთთავსებადი მე-2 დონის ბლოკჩეინების ქსელის შექმნა, რომელიც დაფუძნებულია საზიარო, ღია პროგრამულ კოდზე დაფუძნებულ სტრუქტურაზე, რომელსაც ეწოდება OP Stack.
როგორ მუშაობს Optimism
ოპტიმისტური როლაფები
Optimism უზრუნველყოფს Ethereum-ის მასშტაბირებას, რისთვისაც იყენებს მეთოდს, სახელწოდებით „ოპტიმისტური როლაფები“. როდესაც მომხმარებელი აგზავნის ტრანზაქციას OP Mainnet-ზე, მისი დამუშავება ხდება სეკვენსერის მეშვეობით, რომელიც ტრანზაქციებს ახარისხებს და აჯგუფებს პაკეტებად. ამის შემდეგ ეს პაკეტები იგზავნება და ქვეყნდება Ethereum-ზე ერთი ჩანაწერის სახით, რომელსაც ეწოდება „მდგომარეობის აღწერა“.
სისტემა ისეა მოწყობილი, რომ თავდაპირველად ამ აღწერებს ვალიდურად მიიჩნევს. თუმცა, თაღლითობის თავიდან ასაცილებლად, Optimism-ს განსაზღვრული აქვს შვიდდღიანი შემოწმების პერიოდი. დროის ამ მონაკვეთში, ნებისმიერს შეუძლია წარადგინოს თაღლითობის მტკიცებულება, თუ ის ჩათვლის, რომ ტრანზაქცია არასწორად დამუშავდა. ვალიდური მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში, ტრანზაქცია გაუქმდება, ხოლო თაღლითი დაჯარიმდება. თუ შემოწმების მოთხოვნა არ იქნა წარდგენილი, აღწერა ბლოკჩეინზე ჩაიწერება.
ამის წყალობით, OP Mainnet-ზე ტრანზაქციების დამუშავება Ethereum-თან შედარებით უფრო სწრაფად და იაფად არის შესაძლებელი. თუმცა აქტივების უკან Ethereum-ზე გადატანას შეიძლება ერთ კვირამდე დასჭირდეს, რადგან თანხის გატანის დამუშავებისთვის განსაზღვრულია შემოწმების პერიოდი.
Superchain-ის კონცეფცია
Superchain წარმოადგენს Optimism-ის გერძელვადიან მიზანს, რომელიც მდგომარეობს ურთიერთდაკავშირებული ბლოკჩეინების ქსელის შექმნაში, სახელწოდებით OP Chains, რომელიც იმუშავებს, როგორც ერთიანი სისტემა. ის ჯერ არ არის გაშვებული, თუმცა პროექტის გეგმაში მას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ამ კონცეფციის საფუძველს წარმოადგენს OP Stack, ღია პროგრამულ კოდზე დაფუძნებულ სტრუქტურას, რომლის დანიშნულებაა ამ ბლოკჩეინების შექმნის და მართვის პროცესის სტანდარტიზაცია.
OP Stack
OP Stack არის მოდულური, ღია პროგრამულ კოდზე დაფუძნებული სტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს OP Mainnet-ის და Optimism-ის ეკოსისტემის სხვადასხვა ბლოკჩეინების მხარდაჭერას. ის არის მოქნილი და სტანდარტიზებული და დეველოპერებს სთავაზობს საკუთარი მე-2 დონის ბლოკჩეინების შექმნისთვის საჭირო ინსტრუმენტებს.
OP Stack-ის უახლესი ვერსია, სახელწოდებით Bedrock, გვთავაზობს მზა ოპტიმისტური როლაფების შექმნის მხარდაჭერას და მისი მიზანია უზრუნველყოს ისეთი ბლოკჩინების შექმნა, რომლებიც თავსებადი იქნება Superchain-თან, როდესაც ის ფუნქციონირებას დაიწყებს. ძირითადი ბლოკჩეინის ინფრასტრუქტურის გარდა, OP Stack ასევე გვთავაზობს მმართველობის მოდულებს, კროს-ჩეინ კომუნიკაციის ინსტრუმენტებს და დეველოპერის რესურსებს, რაც მას მე-2 დონის ეკოსისტემების შექმნის უნივერსალურ სტრუქტურად აქცევს.
OP Chain-ები
OP Chain-ები არის მე-2 დონის ბლოკჩეინები, რომლებიც გაშვებულია OP Stack-ის მმართველობის მიერ დამტკიცებული ვერსიის მეშვეობით. ეს მათ რამდენიმე უპირატესობას ანიჭებს, რომელთა შორისაა საზიარო უსაფრთხოება, სტანდარტიზებული განახლებები და ინტეგრირებული თავსებადობა Superchain-ის ფუნქციებთან. მომხმარებლებს OP Chain-ები სთავაზობს აქტივების ბლოკჩეინებს შორის უფრო მარტივად და იაფად გადატანის შესაძლებლობას.
დეველოპერებს OP Chain-ები სთავაზობს მზა სტრუქტურას, რაც უზრუნველყოფს ახალი ბლოკჩეინების უფრო სწრაფად გაშვების შესაძლებლობას. OP Stack-ის მოდულური დიზაინის წყალობით, გუნდებს აღარ სჭირდებათ საკუთარი ინფრასტრუქტურის შექმნა და ამის ნაცვლად შეუძლიათ გამოიყენონ უკვე არსებული საზიარო ინსტრუმენტები და ურთიერთთავსებადობის სტანდარტები.
ეკოსისტემა
Superchain-ის კონცეფციას მხარი რამდენიმე პროექტმა დაუჭირა და შექმნა ბლოკჩეინი OP Stack-ის გამოყენებით:
OP Mainnet: Optimism-ის პირველი ქსელი, რომელიც პირველად შეუერთდა Superchain-ს.
Base: იაფი, დეველოპერებზე მორგებული მე-2 დონის ბლოკჩეინი, რომელიც შექმნილია Coinbase-ის მიერ.
Unichain: ბლოკჩეინი, რომელიც ფოკუსირებულია დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) აპლიკაციებზე.
Soneium: ბლოკჩეინი, რომელიც შექმილია Sony Block Solutions Labs-ის მიერ, რომლის დანიშნულებაა მომხმარებლისთვის გასართობი და ციფრული სერვისების შეთავაზება.
თითოეული ბლოკჩეინი საკუთარი შემოსავლის ნაწილს უგზავნის Optimism Collective-ს, რომელიც წარმოადგენს Optimism-ის ეკოსისტემაში კოორდინაციასა და დაფინანსებაზე პასუხისმგებელ მმართველობის ორგანოს. ამ მოდელის დანიშნულებაა ციკლის ფორმირება, რაც გულისხმობს ეკოსისტემის ზრდის მეშვეობით გენერირებული რესურსებით ინოვაციების და საზოგადოების განვითარების დაფინანსებას.
უარყოფითი მხარეები
Optimism უზრუნველყოფს Ethereum-ის ქსელში ტრანზაქციების ხარჯების შემცირებას და მათი სიჩქარის გაზრდას, თუმცა ასევე საჭიროა გავითვალისწინოთ მისი უარყოფითი მხარეები.
სეკვენსერის ცენტრალიზაცია
2025 წლის აგვისტოს მონაცემებით, OP Mainnet-ზე ტრანზაქციების თანმიმდევრობის განსაზღვრისთვის, Optimism იყენებს ცენტრალიზებულ სეკვენსერს. ეს იძლევა ტრანზაქციების სწრაფად დადასტურების შესაძლებლობას, თუმცა ასევე ზრდის ცენზურასთან ან შეფერხებებთან დაკავშირებულ რისკებს. Optimism-ის გუნდმა განაცხადა, რომ სეკვენსერის დეცენტრალიზაცია წარმოადგენს პროექტის გრძელვადიანი განვითარების გეგმის მთავარ კომპონენტს, თუმცა ის ჯერჯერობით სრულად რეალიზებული არ არის.
თანხის გატანის დაყოვნება
Optimism-იდან აქტივების გატანისთვის განსაზღვრულმა შვიდდღიანმა ლოდინის პერიოდმა შეიძლება დისკომფორტი შეუქმნას მომხმარებელს, რომელსაც საკუთარი თანხების სწრაფად გატანა ესაჭიროება. ალტერნატიულმა ვარიანტებმა, როგორიცაა ლიკვიდურობის პროვაიდერების და კროს-ჩეინ ხიდების გამოყენება, შეიძლება შეამციროს აქტივების გატანის დრო, თუმცა ეს დაკავშირებულია ხარჯების ზრდასთან და მესამე მხარის სერვისების გამოყენებასთან. ზოგადად, zk-როლაფების გამოყენებისას შესაძლებელია მსგავსი შეზღუდვების თავიდან აცილება, რადგან მათი მუშაობა ეფუძნება კრიპტოგრაფიულ მტკიცებულებებს და იძლევა ტრანზაქციების დამუშავების უფრო სწრაფად დასრულების შესაძლებლობას, შემოწმების პერიოდის საჭიროების გარეშე.
OP ტოკენი
OP ტოკენი წარმოადგენს Optimism-ის ეკოსისტემის governance ტოკენს. ტოკენის მფლობელებს შესაძლებლობა ეძლევათ გავლენა მოახდინონ Optimism Collective-ის და Superchain-ის სამომავლო განვითარებაზე. მისი ძირითადი ფუნქციებია:
მმართველობა: OP-ის მფლობელებს შეუძლიათ ხმა მისცენ შემოთავაზებებს, რომლებიც დაკავშირებულია განახლებებთან, ეკოსისტემის პრიორიტეტებთან და დაფინანსებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებთან.
პროტოკოლის განვითარების მიმართულება: დელეგატებს შეუძლიათ OP გამოიყენონ პროტოკოლის ცვლილებების მხარდასაჭერად ან გადაწყვეტილებაზე ვეტოს დასადებად, რაც უზრუნველყოფს განახლებებში საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებას.
რესურსების განაწილება: OP-ის მფლობელს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს გრანტების, ბიუჯეტის და საზოგადოების მხარდაჭერისთვის გამოყოფილი თანხების განაწილებაში.
დელეგირება: ტოკენის მფლობელებს შეუძლიათ საკუთარი ხმის უფლება გადასცენ საზოგადოების სანდო წევრებს, რისი წყალობითაც მათ ეძლევათ მმართველობაში არაპირდაპირი მონაწილეობის შესაძლებლობა.
OP ტოკენი პროექტის ეკონომიკის დიზაინის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. სეკვენსერის მიერ შეგროვებული საკომისიოების ნაწილი გამოიყენება ეკოსისტემაში ინვესტირებისთვის, ხოლო ნაწილი ხმარდება ქსელის განვითარების პროექტებს. დეველოპერების და კონტრიბუტორების მხარდაჭერა ხორციელდება რეტროაქტიული დაფინანსების პროგრამების მეშვეობით, ხოლო მომხმარებლები შემოსავალს იღებენ პერიოდული OP airdrop-ების მეშვეობით.
შეჯამება
Optimism გვთავაზობს ინსტრუმენტებს, რომლებიც ხელს უწყობს Ethereum-ის მასშტაბირებადობის და ხარჯთეფექტურობის გაუმჯობესებას. ოპტიმისტური როლაფების მეშვეობით, OP Mainnet-ს ეძლევა ტრანზაქციების ხარჯების შემცირების და ამავდროულად უსაფრთხოების დონის შენარჩუნების შესაძლებლობა. OP Stack-ის მეშვეობით, დეველოპერებს შეუძლიათ გაუშვან საზიარო მმართველობის სისტემის და ინფრასტრუქტურის მქონე სტანდარტიზებული OP Chain-ები. Optimism-ის გრძელვადიანი გეგმა მოიცავს Superchain-ის შექმნას, რომელიც წარმოადგენს ურთიერთდაკავშირებული OP Chain-ების ქსელს, რომელიც უზრუნველყოფს ურთიერთთავსებადობას და აპლიკაციების მხარდაჭერას.
დამატებითი საკითხავი
რა არის აპჩეინები (კონკრეტული აპლიკაციისთვის შექმნილი ბლოკჩეინები)?
ოპტიმისტური და ნულოვანი ინფორმაციის როლაფები: რა განსხვავებაა მათ შორის?
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.