TL;DR
Base არის Ethereum-ის მე-2 დონის ქსელის ტექნოლოგია, რომელიც შემუშავებულია კრიპტოვალუტის ბირჟის, Coinbase-ის მიერ Optimism-თან პარტნიორობით, რომლის დანიშნულებაა უსაფრთხო, იაფი და დეველოპერებისთვის მოსახერხებელი on-chain აპლიკაციების შექმნა.
Base თავსებადია ყველა EVM-საფულესთან და Coinbase-ის საფულესთან.
Base-ს მრავალი დანიშნულება აქვს, რაც მოიცავს გადახდის აპლიკაციებს, ტოკენების სვოპებს, ლიკვიდურობის უზრუნველყოფას, ტოკენის ხიდების შექმნას და DAO-ების გაშვებას.
რა არის Base?
Base არის Ethereum-ის მე-2 დონის (L2) ბლოკჩეინი, რომელიც ოფიციალურად გაეშვა 2023 წლის 9 აგვისტოს კრიპტო ბირჟა Coinbase-ის მიერ, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს აშშ-ში. Base-მა მაშინვე მიიპყრო კრიპტო საზოგადოების ყურადღება, რადგან ის პირველი ბლოკჩეინია, რომელიც გაშვებულ იქნა საჯარო კომპანიის მიერ.
Base შემუშავებული იქნა Ethereum-ის მეორე დონის (L2) ბლოკჩეინის, Optimism-ის გუნდთან პარტნიორობით და დაფუძნებულია OP Stack-ზე, რომელიც წარმოადგენს სტანდარტიზებულ და ღია კოდის პროგრამული ინსტრუმენტების ნაკრებს, რომელიც უზრუნველყოფს Optimism-ის ფუნქციონირებას. Base დეველოპერებს საშუალებას აძლევს შექმნან დეცენტრალიზებული აპლიკაციები (DApp-ები), რომელთა მეშვეობით შესაძლებელი იქნება Coinbase-ის ეკოსისტემასთან წვდომა, რომელიც მოიცავს 110 მილიონი ვერიფიცირებულ მომხმარებელს და 80 მილიარდ აშშ დოლარის ღირებულების აქტივებს.
Base-ის მიზანია შექმნას ეგრეთწოდებული სუპერბლოკჩეინი, რომელიც იმუშავებს Optimism-ის ტექნოლოგიაზე და მხარდაჭერილი იქნება დეველოპერების საზოგადოების მიერ. Base-მა განაცხადა, რომ ამჟამად ის არ გეგმავს Base ქსელის ახალი ტოკენის გამოშვებას, ამიტომ მომხმარებლები ფრთხილად უნდა იყვნენ, რათა არ გახდნენ თაღლითების მსხვერპლნი, რომლებიც მათ სთავაზობენ ყალბ Base ტოკენებს.
რა არის მე-2 დონის ბლოკჩეინი?
ტერმინი „მე-2 დონის ბლოკჩეინი“ აღწერს მეორად პროტოკოლს ან სტრუქტურას, რომელიც არსებული ბლოკჩეინის (1-ელი დონის) ქსელის, მაგალითად Ethereum-ის დამატებას წარმოადგენს. მე-2 დონის ქსელის ტექნოლოგიის ძირითადი დანიშნულებაა საბაზისო, 1-ელი დონის ბლოკჩეინის მასშტაბირებადობის, ტრანზაქციების გამტარუნარიანობის და ეფექტურობის გაუმჯობესება უსაფრთხოების ან დეცენტრალიზაციის დონის შემცირების გარეშე.
არსებობს მე-2 დონის ბლოკჩეინის ტექნოლოგიების რამდენიმე ტიპი, რომელთა შორისაა მდგომარეობის არხები (Bitcoin -ის Lightning network და Ethereum-ის Raiden network), საიდჩეინები (Bitcoin-ის Liquid network და Ethereum-ის Loom network) და როლაფები (ოპტიმისტური როლაფები და ZK-როლაფები).
ყველაზე პოპულარულ მე-2 დონის ბლოკჩეინის ქსელებს შორისაა Optimism, Polygon, zkSync და Arbitrum.
რა არის Optimism?
Optimism წარმოადგენს მე-2 დონის ბლოკჩეინის ტექნოლოგიას, რომელიც დამატებულია Ethereum-ის ქსელზე და მისი მიზანია მასშტაბირებადობის და ტრანზაქციების გამტარუნარიანობის გაუმჯობესება და მათთან დაკავშირებული საკომისიოების შემცირება. Optimism იყენებს ეგრეთწოდებული ოპტიმისტური როლაფების ტექნოლოგიას, რომლის საშუალებითაც ხდება რამდენიმე off-chain ტრანზაქციის ერთ on-chain მონაცემთა ნაკრებში გაერთიანება და Ethereum-ის მთავარ ბლოკჩეინზე გადაგზავნა.
Optimism იყენებს თაღლითობისგან დაცვის სისტემას, რომლის მიხედვითაც, თავდაპირველად ხდება იმის დაშვება, რომ როლაფში გაერთიანებული ყველა ტრანზაქცია ვალიდურია. მომხმარებლებს შეუძლიათ შეამოწმონ ეს ტრანზაქციები და წარადგინონ პოტენციური თაღლითობის მტკიცებულება დროის განსაზღვრულ მონაკვეთში. თუ დროის ამ მონაკვეთში აღმოჩენილი იქნება თაღლითური ტრანზაქცია, ბოროტმოქმედს ჯარიმა დაეკისრება, ხოლო ტრანზაქცია გაუქმდება.
რა დანიშნულებით გამოიყენება Base?
სხვა მე-2 დონის ქსელების მსგავსად, Base შეგვიძლია უამრავი დანიშნულებით გამოვიყენოთ. ქვემოთ მოცემულია Base-ზე დაფუძნებული აპლიკაციების რამდენიმე მაგალითი.
1. გადახდის აპლიკაციები
Beam წარმოადგენს გადახდის აპლიკაციას, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს განახორციელონ ტრანზაქციები ან სტეიბლკოინ USDC-ის, ან აპლიკაციის ადგილობრივი ტოკენის - Eco-ს გამოყენებით. მომხმარებლებს შეუძლიათ გაიარონ ავტორიზაცია საკუთარი Twitter-ის (სახელი გადაირქვა X-ზე) ანგარიშების რეკვიზიტებით და გადაიხადონ გაზის საკომისიო USDC-ის ან Eco-ს გამოყენებით. გარდა ამისა, Beam-ს გააჩნია ფიატის კრიპტოზე და კრიპტოს ფიატზე კონვერტაციის ინტეგრირებული გეითვეი.
2. ტოკენის სვოპები
დეცენტრალიზებულ ბირჟებზე (DEX-ებზე) ტოკენის სვოპი Base-ის მომხმარებელს სხვადასხვა კრიპტოვალუტის გადაცვლის საშუალებას აძლევს. ამჟამად არსებობს Base-ზე გაშვებული რამდენიმე დეცენტრალიზებული ბირჟა, მაგალითად Uniswap, Maverick და Dackieswap.
3. ლიკვიდურობის უზრუნველყოფა
Base ბლოკჩეინისთვის ლიკვიდურობის მიწოდებისთვის, მომხმარებლებს შეუძლიათ გამოიყენონ სხვადასხვა DApp-ები, როგორიცაა Uniswap, BaseSwap და Dackieswap. ეს DApp-ები ლიკვიდურობის პროვაიდერებს საშუალებას აძლევს გამოიმუშაონ საკომისიოები ლიკვიდურობის პულებში განხორციელებული ტრანზაქციებიდან.
4. ხიდი
Base-მა შეიმუშავა ოფიციალური ხიდი, სახელწოდებით Base Bridge, რომელიც თავსებადია Ethereum-ის საფულეების უმეტესობასთან, მაგალითად MetaMask-თან ან Coinbase საფულესთან. მომხმარებლებს შეუძლიათ ერთმანეთს დაუკავშირონ Base და Ethereum ქსელები ERC-20 ტოკენების გადასატანად.
ხიდის მეშვეობით ტოკენის Ethereum-დან Base-ზე გადატანას ჩვეულებრივ რამდენიმე წუთი ესაჭიროება, ხოლო Base-დან Ethereum-ზე გადატანას - დაახლოებით 7 დღე.
5. DAO-ების გაშვება
დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაცია (DAO) წარმოადგენს ბლოკჩეინზე არსებულ ორგანიზაციას, რომელთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებების საზოგადოება იღებს, ხოლო მისი მართვა ხდება სმარტ კონტრაქტების მეშვეობით. Aragon-მა, რომელიც DAO-ების შექმნისთვის გამოყენებული პროტოკოლია, Base ქსელში გაუშვა DApp, რომელიც იძლევა DAO-ს პროგრამული კოდის გარეშე შექმნის შესაძლებლობას, რაც ამარტივებს ამ პროცესს.
მოხდება თუ არა BASE ტოკენის გამოშვება?
Base-ის კონცეფციაში და მის twitter-ის (სახელი გადაირქვა X-ზე) ოფიციალურ გვერდზე წარმოდგენილ განცხადებაში ნათქვამია, რომ სამომავლოდ არ იგეგმება ქსელის ტოკენის გამოშვება.
თუმცა ხშირია შემთხვა, როდესაც პროექტები თავდაპირველად აცხადებენ, რომ არ გეგმავენ airdrop-ებს, მოგვიანებით კი დაუანონსებლად იწყებენ მის გამოშვებას. ეს ჩვეულებრივ ხორციელდება ადრეულ ეტაპზე შემოერთებული მხარდამჭერების დაჯილდოების და საზოგადოების წახალისების მიზნით.
როგორ დავუკავშირდე Base ქსელს და როგორ გამოვიყენო Testnet?
Base ქსელთან დაკავშირება საკმაოდ მარტივია, ამისათვის საჭიროა Coinbase საფულე ან ნებისმიერი EVM-თან თავსებადი საფულე.
1. Base-თან დაკავშირება Coinbase საფულის გამოყენებით
Base ქსელის Coinbase საფულით გამოყენებისთვის საჭიროა შემდეგი ეტაპების გავლა:
1. გაუშვით Coinbase საფულის ბრაუზერის გაფართოება და გაიარე ავტორიზაცია თქვენს ანგარიშზე.
2. დაუკავშირდი აპლიკაციას Coinbase საფულის გამოყენებით (ამ მაგალითში ჩვენ გამოვიყენებთ BaseSwap-ს).
3. გახსენით ქსელის არჩევის მენიუ, რისთვისაც დააწკაპუნეთ ზედა მარჯვენა კუთხეში არსებულ ქსელის სიმბოლოზე.
4. სიაში აირჩიეთ Base.
5. ამის შემდეგ, აქტიურ ქსელად დაყენებული იქნება Base.
2. Base-თან დაკავშირება MetaMask-ის გამოყენებით
Base-თან დასაკავშირებლად მომხმარებელს სხვადასხვა EVMთან თავსებადი საფულის გამოყენება შეუძლიათ. მაგალითისთვის განვიხილოთ Base ქსელთან MetaMask საფულის გამოყენებით დაკავშირების პროცესი.
1. გაუშვით MetaMask-ის ბრაუზერის გაფართოება.
2. გახსენით ქსელის არჩევის ჩამოსაშლელი მენიუ, რისთვისაც დააწკაპუნეთ ბრაუზერის გაფართოების ფანჯრის ზედა ნაწილში არსებულ ღილაკზე.
3. დააწკაპუნეთ ქსელის დამატების ღილაკზე.
4. აირჩიეთ ქსელის ხელით დამატების ვარიანტი.
5. „ქსელის ხელით დამატების“ კონტექსტურ ფანჯარაში შეიყვანეთ Base Goerli testnet-ის ქვემოთ მოცემული დეტალები და დააწკაპუნეთ „შენახვის“ ღილაკზე:
6. ამის შემდეგ შეძლებთ ქსელის არჩევის ჩამოსაშლელი სიიდან Base ქსელის არჩევას.
რა უპირატესობები გააჩნია Base ქსელს?
ქვემოთ მოცემულია Base ქსელის ძირითადი უპირატესობები:
1. დაბალი ფასი
სხვა ოპტიმისტური როლაფების მსგავსად, Base გვთავაზობს გაზის დაბალ საკომისიოებს, მნიშვნელოვნად ამცირებს ტრანზაქციის ხარჯებს და ზრდის ტრანზაქციების გამტარუნარიანობას. ამისათვის, ტრანზაქციები მუშავდება მთავარი ბლოკჩეინის გარეთ და შემდეგ ერთიანდება ერთ მტკიცებულებაში.
2. ხელმისაწვდომობა
Base, როგორც EVM-თან თავსებადი ბლოკჩეინი, დეველოპერებს საშუალებას აძლევს რამდენიმე პლატფორმაზე მარტივად განათავსონ და გამოიყენონ Ethereum-ზე დაფუძნებული ინსტრუმენტები, სისტემები და სმარტ კონტრაქტები, რაც ამარტივებს მათზე წვდომას.
3. მასშტაბირებადობა
მე-2 დონის მასშტაბირებადობა ზრდის ბლოკჩეინ ქსელების წარმადობას და ტრანზაქციების გამტარუნარიანობას, რაც მნიშვნელოვან უპირატესობას წარმოადგენს. ამ გაუმჯობესების მიზანია „ბოთლის ყელის“ პრობლემების მოგვარება და ხარვეზების აღმოფხვრა, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს უფრო სწრაფი, ეკონომიური და მომხმარებლებზე და დეველოპერებზე ორიენტირებული ტექნოლოგიის შემუშავებას.
რა ნაკლოვანებები გააჩნია Base ქსელს?
ქვემოთ მოცემულია Base-თან დაკავშირებული ძირითადი შეზღუდვები და პრობლემები:
1. ცენტრალიზაცია
Base-თან დაკავშირებულ ერთ-ერთი ძირითად ხარვეზს წარმოადგენს მისი ცენტრალიზაციის დონე. Coinbase წარმოადგენს Base-ის ერთადერთ სეკვენსერ-ნოდს, რაც მას ტრანზაქციებზე კონტროლის შესაძლებლობას აძლევს. სეკვენსერ-ნოდი არის ბლოკჩეინის ქსელის სპეციალური ნოდი, რომელიც პასუხისმგებელია ტრანზაქციების განსაზღვრული თანმიმდევრობით აღსრულებაზე, რაც აუმჯობესებს ტრანზაქციების გამტარუნარიანობას.
მხოლოდ ერთი სეკვენსერ-ნოდის არსებობა ტრანზაქციების დამუშავების და შეკვეთების თანმიმდევრობის განსაზღვრის უფლების ცენტრალიზაციას იწვევს. ამასთანავე, ცენტრალიზებულ რგოლს შეუძლია განსაზღვროს და შეცვალოს Coinbase სეკვენსერთან დაკავშირებული საკომისიოების ოდენობა. Coinbase-მა მიანიშნა, რომ სამომავლოდ შესაძლებელია მოხდეს მესამე მხარის ნოდების ინტეგრაცია.
2. თანხის გატანისთვის საჭირო დროის ხანგრძლივობა
Base ბლოკჩეინის ერთ-ერთი მთავარი ნაკლია თანხის გატანის ლოდინის დროის ხანგრძლივობა, რაც დაახლოებით 7 დღეს შეადგენს. ეს დაყოვნება განპირობებულია Optimism-ის თაღლითობისგან დაცვის სისტემის დიზაინით, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გადაამოწმონ ტრანზაქციები და წარმოადგინონ პოტენციური თაღლითობის მტკიცებულებები დროის განსაზღვრულ პერიოდში.
გატანის ხანგრძლივი პერიოდები აუარესებს მომხმარებლის გამოცდილებას.
3. უსაფრთხოება
რადგან L2 დაფუძნებულია OP Stack-ზე, Base შეიძლება გარკვეული ტიპის უსაფრთხოების რისკების წინაშე დადგეს. პირველი საკითხი ეხება თაღლითობის მტკიცებულების მექანიზმების, როგორც უსაფრთხოების ზომის ეფექტურობას. თაღლითობის მტკიცებულების მექანიზმი ქსელის მონაწილეებისგან მოითხოვს სიფხიზლეს, ტრანზაქციებზე მონიტორინგს და არავალიდური off-chain ტრანზაქციების გამოვლენას მათ დასრულებამდე და მთავარ ბლოკჩეინზე გადატანამდე.
თუმცა ეს მექანიზმი გარკვეული სირთულეების წინაშე დგას, რაც დაკავშირებულია მონაწილეთათვის ჯილდოების გაცემასთან და მონაცემების თავდასხმებისგან დაუცველობასთან.
შეჯამება
მისი გაშვების დღიდან, Base-მა დიდი ინტერესი გამოიწვია საზოგადოებაში. მისი მომხმარებლების რაოდენობამ ერთ მილიონს გადააჭარბა, ბლოკირებული აქტივების მთლიანი რაოდენობა (TVL) კი, 2023 წლის 7 სექტემბრის მონაცემებით, 385 მილიონ აშშ დოლარზე მეტს შეადგენს. ამ შესანიშნავი მიღწევის წყალობით, Base იკავებს მე-8 ადგილს TVL-ის მიხედვით და უსწრებს ისეთ პოპულარულ ბლოკჩეინებს, როგორებიცაა Cardano და Solana.
რადგან Base არის პირველი ბლოკჩეინი, რომელიც გაშვებული იქნა საჯარო კომპანიის მიერ, ის გვთავაზობს ახალ შესაძლებლობებს ფართო აუდიტორიის მოსაზიდად და მეტი მომხმარებლის დაინტერესებას Web3 სამყაროთი. პლატფორმა აგრძელებს ზრდას და განვითარებას, თუმცა სანამ Base ქსელში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მომხმარებლებმა და დეველოპერებმა საფუძვლიანად უნდა შეისწავლონ ეს პროექტი.
დამატებითი საკითხავი
ბლოკჩეინის 1-ელი დონისა და მე-2 დონის მასშტაბირების ტექნოლოგიები
ოპტიმისტური და ნულოვანი ინფორმაციის როლაფები: რა განსხვავებაა მათ შორის?
უარი პასუხისმგებლობაზე და რისკის შესახებ გაფრთხილება: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების წესებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.