Off-Chain
Off-chain გულისხმობს კრიპტოვალუტების ტრანზაქციებსა და პროცესებს, რომლებიც ძირითადი ბლოკჩეინის ქსელის მიღმა ხორციელდება. აღნიშნულ ოპერაციების დამუშავება მე-2 დონის ტექნოლოგიებისა და გარე სისტემების მეშვეობით ხდება, ხოლო საბოლოო ანგარიშსწორება უშუალოდ ძირითად
ბლოკჩეინზე ხორციელდება.
ბლოკჩეინის ქსელების ერთ-ერთ ფუნდამენტურ გამოწვევას
მასშტაბირებადობა წარმოადგენს, რადგან დეცენტრალიზებული
კონსესუსის ალგორითმები, როგორც წესი, უფრო ნელა მუშაობს, ვიდრე ტრანზაქციების დამუშავების ცენტრალიზებული მოდელები. Off-chain ტექნოლოგიების დანიშნულებაა ბლოკჩეინის გამტარუნარიანობის გაუმჯობესება მონაცემთა ნაწილის ძირითადი ბლოკჩეინის მიღმა დამუშავების გზით, რაც ქსელის
გადატვირთვის თავიდან აცილებას და ხარჯების შემცირებას უზრუნველყოფს.
Off-chain ტრანზაქციები წარმოადგენს ღირებულების გადაცემის ისეთ მექანიზმს, რომელიც გარანტიის მექანიზმის სახით მესამე მხარეს ან სხვა დამხმარე მეთოდებს იყენებს, ხოლო უშუალოდ ბლოკჩეინზე მხოლოდ ბალანსების საბოლოო მდგომარეობა ფიქსირდება. ასეთი ოპერაციები ხასიათდება დაბალი საკომისიოებითა და დამუშავების მაღალი სიჩქარით, ვინაიდან ვალიდაციას ქსელის
ნოდები არ ახდენენ. აღნიშნული უპირატესობების გამო, Off-chain ტრანზაქციების გამოყენება ოპტიმალურია მცირე მოცულობის გადახდებისთვის, მაგალითად, ყოველდღიური ტრანზაქციების შესასრულებლად.
მე-2 დონის ტექნოლოგიები წარმოადგენს ძირითად ბლოკჩეინზე დაფუძნებულ პროტოკოლებს, რომელთა დანიშნულებასაც აღნიშნული ბლოკჩეინის მასშტაბირებადობის დონის გაუმჯობესება წარმოადგენს. ისინი უზრუნველყოფენ თანხების off-chain გადარიცხვის შესაძლებლობებს ისეთი მექანიზმების მეშვეობით, როგორიცაა მდგომარეობის არხები, საიდჩეინები და როლაფები.
Bitcoin-თან მიმართებაში ყველაზე ხშირად გამოყენებულ მე-2 დონის ტექნოლოგიას
Lightning Network წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც ტრანზაქციების ბლოკჩეინის მიღმა დამუშავების მიზნით მდგომარეობის არხები გამოიყენება. აღნიშნული არხები, სტრუქტურული თვალსაზრისით, წარმოადგენს , 2/2
multisig საფულეებს, რომელთა შეცვლაც მხოლოდ მხარეთა ორმხრივი თანხმობის საფუძველზეა შესაძლებელი. Bitcoin-ის ბლოკჩეინზე აისახება მხოლოდ არხის გახსნისა და დახურვის ტრანზაქციები, ხოლო ყველა სხვა, შუალედური პროცესი Off-chain სივრცეში მიმდინარეობს. აღნიშნული მიდგომა აუმჯობესებს სისტემის გამტარუნარიანობას და ამცირებს ტრანზაქციებთან დაკავშირებულ ხარჯებს, ვინაიდან არ არსებობს ტრანზაქციების ვალიდაციის ქსელში ჩართული ყველა ნოდის მიერ განხორციელების საჭიროება.
Off-chain ტრანზაქციების საპირისპიროდ, რომლებიც მთავარი ბლოკჩეინის მიღმა ხორციელდება, ტერმინი on-chain უშუალოდ ბლოკჩეინზე მიმდინარე პროცესებს აღწერს. On-chain ტრანზაქციები საჭიროებს ქსელის მონაწილეების მიერ ვალიდაციას და საბოლოოდ დადასტურებულად მხოლოდ ბლოკჩეინზე ჩაწერის შემდეგ მიიჩნევა. მათ შორის არსებულ ძირითად განსხვავებებს შორისაა:
სიჩქარე და მასშტაბირებადობა
On-chain ტრანზაქციები საჭიროებს ვალიდაციას და ბლოკში ჩაწერას, რასაც შესაძლოა გარკვეული დრო დასჭირდეს (მაგალითად, დაახლოებით 10 წუთი Bitcoin-ის შემთხვევაში). Off-chain გადახდები არ არის დამოკიდებული
მაინერების ან ვალიდატორების მხრიდან დადასტურებაზე, რაც არსებითად ზრდის ოპერაციების შესრულების სისწრაფეს და მას განსაკუთრებით მოსახერხებელს ხდის მიკროგადახდების განხორციელების მიზნით გამოყენებისთვის.
კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება
On-chain ტრანზაქციები იყენებს ბლოკჩეინის სტანდარტულ უსაფრთხოების პრაქტიკებს, როგორიცაა ჰეშირება და კრიპტოგრაფია. იმ პროექტებს კი, რომლებიც Off-chain გადახდების შესაძლებლობას სთავაზობენ მომხმარებლებს, ესაჭიროებათ უსაფრთხოების საკუთარი სისტემა, რათა თავიდან აიცილონ გადახდების გაყალბების ან მათი უკანონო ცვლილების რისკები.
ხარჯები და საკომისიოები
On-chain ტრანზაქციები მოიცავს საკომისიოებს, რომლებიც ტრანზაქციების ბლოკში დამატების პასუხისმგებლობის მქონე მაინერებისა თუ ვალიდატორების წახალისების მიზნით გამოიყენება. Off-chain ტრანზაქციების დამუშავება კი მაღალი სისწრაფით, ბლოკჩეინზე მომენტალური დადასტურების გარეშეა შესაძლებელი, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ხარჯებსა და საკომისიოებს.