APY და APR: რა განსხვავებაა მათ შორის?
მთავარი
სტატიები
APY და APR: რა განსხვავებაა მათ შორის?

APY და APR: რა განსხვავებაა მათ შორის?

გამოქვეყნებული Jul 27, 2022განახლებული Sep 5, 2024
5m

მთავარი დეტალები

დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) პროდუქტების გაცნობის დროს, თქვენ ალბათ შეგხვედრიათ ეს ორი მსგავსი ტერმინი - APY და APR. 

APY, ანუ წლიური საპროცენტო სარგებელი, მოიცავს კვარტალურად, თვიურად, კვირეულად ან დღიურად დაგროვილ რთულ პროცენტს, ხოლო APR, ანუ წლიური საპროცენტო განაკვეთი - არა. ეს მარტივი განსხვავება მნიშვნელოვან სხვაობას ქმნის გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაგროვილი მოგების გამოთვლისას. ამიტომ მნიშვნელოვანია გაიაზროთ, თუ როგორ გამოითვლება ეს ორი მაჩვენებელი და როგორ მოქმედებს ის თქვენი ციფრული აქტივებით გამომუშავებული თანხის ოდენობაზე.

APR და APY  

APR და APY ფუნდამენტური ცნებებია პირადი ფინანსების მართვის კონტექსტში. მოდით დავიწყოთ შედარებით მარტივი ტერმინის - წლიური საპროცენტო განაკვეთის (APR) განხილვით. ეს არის საპროცენტო განაკვეთი, რომელსაც გამსესხებელი გამოიმუშავებს კაპიტალით — და რომელსაც მსესხებელი იხდის აღნიშნული თანხის ერთი წლის განმავლობაში გამოყენებისთვის.

მაგალითად, თუ ანაბარზე შეიტანთ $10 000-ს, რომლის წლიური საპროცენტო განაკვეთია (APR) 20%, ერთი წლის შემდეგ პროცენტის სახით მიიღებთ $2000-ს. თქვენი პროცენტი გამოითვლება ძირითადი თანხის ($10 000) APR-ზე (20%) გამრავლებით. ასე რომ, ერთი წლის შემდეგ თქვენ გექნებათ $12 000. ორი წლის შემდეგ თქვენი კაპიტალი $14 000 გახდება. სამი წლის შემდეგ გექნებათ $16 000 და ასე შემდეგ.

წლიური საპროცენტო სარგებლის (APY) განხილვამდე უნდა განვმარტოთ, თუ რას ნიშნავს რთული პროცენტი. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს წინა პროცენტზე დამატებითი პროცენტის გამომუშავებას. ზემოთ მოცემულ მაგალითში, თუ ფინანსური დაწესებულება ყოველთვიურად გადაიხდის პროცენტს თქვენს ანგარიშზე, თქვენი ბალანსი წლის თითოეულ თვეს განსხვავებული იქნება. 

მე-12 თვის ბოლოს $12 000-ის ნაცვლად, თქვენ ყოველთვიურად მიიღებთ გარკვეულ სარგებელს. ეს სარგებელი ემატება თქვენ მიერ ინვესტირებულ თანხას და თქვენ მიერ გამომუშავებული პროცენტი ყოველთვიურად იზრდება. ყოველი თვის შემდეგ, თქვენ მეტი თანხა გექნებათ, რომელიც სარგებელს გამოიმუშავებს. ამას ეწოდება რთული პროცენტი. 

ვთქვათ საბანკო ანგარიშზე შეიტანეთ $10 000, რომლის APR არის 20%, დარიცხული პროცენტები ყოველთვიურად ემატება ძირითად თანხას. მოდით არ გამოვიყენოთ რთული მათემატიკური გამოთვლები და უბრალოდ ვთქვათ, რომ წლის ბოლოს გექნებათ $12 194. ეს არის $194-ით მეტი სარგებელი, რომელიც მიღებულია უბრალოდ რთული პროცენტის გამოყენების მეშვეობით. რა ოდენობის სარგებელს მიიღებდით, წლიური საპროცენტო განაკვეთი რომ იყოს 20% და რთული პროცენტი ყოველდღიურად გერიცხებოდეთ? ამ შემთხვევაში თქვენ გექნებოდათ $12 213. 

რთული პროცენტებით გრძელვადიან პერიოდში უფრო მეტ სარგებელს იღებთ. იმავე 20%-იანი APR-ს და პროცენტის ყოველდღიურად დარიცხვის შემთხვევაში, სამი წლის შემდეგ თქვენ გექნებოდათ $19 309. ეს $3 309-ით მეტია, ვიდრე იგივე 20%-იან APR-ის შემთხვევაში რთული პროცენტების გარეშე. 

რთული პროცენტებით, თქვენი კაპიტალით ბევრად მეტ მოგებას მიიღებთ. ასევე დააკვირდით, თუ როგორ განსხვავდება სარგებელი რთული პროცენტის დარიცხვის სიხშირის მოხედვით. რთული პროცენტის ხშირად დარიცხვის შემთხვევაში უფრო მეტ მოგებას ნახავთ. რთული პროცენტის ყოველდღიურად დარიცხვით უფრო მეტ სარგებელს მიიღებთ, ვიდრე ყოველთვიურად დარიცხვით. 

როგორ უნდა გამოითვალოთ მიღებული სარგებელი, როდესაც ფინანსური პროდუქტი რთული პროცენტს გთავაზობთ? სწორედ აქ უნდა გამოიყენოთ წლიური საპროცენტო სარგებელი (APY). თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ფორმულა APR-ის APY-ში კონვერტაციისთვის, რთული პროცენტის დარიცხვის სიხშირის მიხედვით. 20%-იანი საპროცენტო განაკვეთია და რთული პროცენტის ყოველთვიურად დარიცხვის შემთხვევაში APY გამოდის 21,94%. რთული პროცენტის ყოველდღიურად დარიცხვისას APY შეადგენს 22,13%-ს. APY-ს ეს რიცხვები წარმოადგენს წლიურ საპროცენტო სარგებელს რთული პროცენტის დარიცხვისას. 

რომ შევაჯამოთ, APR (წლიური საპროცენტო განაკვეთი) უფრო მარტივი და სტატიკური მაჩვენებელია: მისი წლიური ოდენობა ყოველთვის ფიქსირებულია. ხოლო APY (წლიური საპროცენტო სარგებელი) მოიცავს საპროცენტო სარგებლის მიღებას დარიცხულ პროცენტებზე, ანუ რთულ პროცენტს. ის იცვლება რთული პროცენტის დარიცხვის სიხშირის მიხედვით. ერთ-ერთი გზა ამ ორ ტერმინს შორის განსხვავების დასამახსოვრებლად არის ის, რომ „yield“ ხუთი ასოსგან შედგება („rate“-ზე ერთით მეტი ასო) და წარმოადგენს უფრო კომპლექსურ კონცეფციას (და ნიშნავს უფრო დიდ შემოსავალს).

როგორ შევადაროთ ერთმანეთს სხვადასხვა საპროცენტო განაკვეთები?  

ზემოთ მოცემული მაგალითში ხედავთ, რომ რთული პროცენტით უფრო მეტი სარგებლის მიღება შეგიძლიათ. სხვადასხვა პროდუქტი შეიძლება მოგებას გთავაზობდეთ APR-ის ან APY-ს სახით. ამ განსხვავების გამო, შედარებისთვის აუცილებელია გამოვიყენოთ ერთი და იგივე ტერმინი. ყურადღებით იყავით პროდუქტების შედარებისას,  რადგან ეს იგივეა, რაც ვაშლის ფორთოხალთან შედარება. 

უფრო მაღალი APY-ს მქონე პროდუქტები დაბალი APR-ის მქონე პროდუქტებთან შედარებით ყოველთვის მეტ სარგებელს არ გთავაზობთ. თქვენ შეგიძლიათ დააკონვერტიროთ APR და APY ონლაინ ინსტრუმენტების გამოყენებით, თუ იცით რთული პროცენტის დარიცხვის სიხშირე. 

იგივე ეხება DeFi-ს და კრიპტო პროდუქტების სხვა ტიპებს. როდესაც უყურებთ პროდუქტებს, რომლებიც შეიძლება რეკლამდებოდეს კრიპტო APY და APR-ით, როგორიცაა კრიპტო დანაზოგი და სტეიკინგი, მოახდინეთ მათი კონვერტაცია, რათა ერთმანეთს ვაშლები (ანუ ერთი მაჩვენებელი) შეადაროთ. 

გარდა ამისა, როდესაც ადარებთ APY-ს მქონე ორ DeFi პროდუქტს, დარწმუნდით, რომ მათ რთული პროცენტების დარიცხვის ერთი და იგივე პერიოდი აქვთ. თუ მათ აქვთ ერთი და იგივე APR, მაგრამ ერთზე რთული პროცენტი ყოველთვიურად ირიცხება, ხოლო მეორეზე ყოველდღიურად, ეს უკანასკნელი მეტ კრიპტო სარგებელს გთავაზობთ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც უნდა გაითვალისწინოთ, არის ის, თუ რას ნიშნავს APY კონკრეტული კრიპტო პროდუქტის მიმართ, რომელსაც განიხილავთ. ზოგიერთი პროდუქტის უზრუნველყოფა იყენებს ტერმინს „APY“ იმ ჯილდოების აღსანიშნად, რომლის გამომუშავებაც შესაძლებელია კრიპტოვალუტაში არჩეული პერიოდის განმავლობაში. ის არ აჩვენებს რეალურ ან პროგნოზირებულ მოგებას/სარგებელს რომელიმე ფიატ ვალუტაში. ეს მნიშვნელოვანი განსხვავებაა, რადგან კრიპტო აქტივების ფასები შეიძლება იყოს მერყევი და თქვენი ინვესტიციის ღირებულება (ფიატ ვალუტაში) შეიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს. თუ კრიპტო აქტივის ფასები მკვეთრად დაეცემა, თქვენი ინვესტიციის ღირებულება (ფიატ ვალუტაში) შესაძლოა მაინც უფრო დაბალი იყოს, ვიდრე თავდაპირველი ფიატ თანხა, რომელიც დააბანდეთ, მიუხედავად იმისა, რომ კრიპტო აქტივებში APY-ს მიღებას აგრძელებთ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყურადღებით გაეცნოთ შესაბამისი პროდუქტის წესებსა და პირობებს და შეისწავლოთ ინვესტიციის რისკები და ის, თუ რას ნიშნავს APY ამ კონკრეტულ კონტექსტში.

შეჯამება

APR და APY თავდაპირველად შეიძლება დამაბნევლად მოგეჩვენოთ, მაგრამ მათი განსხვავება გაგიმარტივდებათ, თუ დაიმახსოვრებთ, რომ წლიური საპროცენტო სარგებელი (APY) არის უფრო კომპლექსური მაჩვენებელი, რომელიც მოიცავს რთულ პროცენტს. დარიცხული პროცენტებით საპროცენტო სარგებლის მიღების გამო, APY ყოველთვის უფრო მაღალი რიცხვია, როდესაც რთული პროცენტები ირიცხება უფრო ხშირ-ხშირად, ვიდრე წლიურად. რომ შევაჯამოთ, სარგებლის გამოთვლისას ყოველთვის უნდა შეამოწმოთ რომელ განაკვეთს განიხილავთ.    

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance არ არის პასუხისმგებელი არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ ჩვენი გამოყენების პირობები და რისკის შესახებ გაფრთხილება.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.