მთავარი დეტალები
BNB Smart Chain (BSC) არის 2020 წელს გაშვებული EVM-თან თავსებადი ბლოკჩეინი, რომელიც გვთავაობს სმარტ კონტრაქტების, DeFi აპლიკაციების, NFT-ების და სხვადასხვა ტიპის Web3 სერვისების მხარდაჭერას.
BSC იყენებს Proof of Staked Authority (PoSA) პროტოკოლს, რომელიც წარმოადგენს კონსენსუსის მექანიზმს, სადაც ბლოკის ვალიდაციის პროცესში მონაწილეობის მისაღებად, ვალიდატორები საკუთარ BNB-ს განათავსებენ სტეიკინგზე, სანაცვლოდ კი, ახლად დამზადებული ტოკენების ნაცვლად, ისინი იღებენ ტრანზაქციების საკომისიოებს.
BSC-ის ტოკენებისთვის დამზადებისთვის გამოიყენება BEP-20 სტანდარტი, რომლის სტრუქტურაც Ethereum-ის ERC-20 სტანდარტის ანალოგიურია, რაც დეველოპერებს უმარტივებს ორივე ქსელისთვის განკუთვნილი აპლიკაციების შექმნას.
BSC გაეშვა 2020 წელს და მალე იქცა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ბლოკჩეინად, სადაც შესაძლებელია დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi), გეიმინგის და Web3 სერვისების აპლიკაციების გაშვება. ამ გზამკვევში განხილულია, თუ როგორ მუშაობს BSC, რომელი ძირითადი ტექნიკური კომპონენტებისგან შედგება და რა ფუნქციას ასრულებს ის BNB Chain-ის ეკოსისტემაში.
რა არის BNB Smart Chain (BSC)?
BNB Smart Chain შეიქმნა სმარტ კონტრაქტების ფუნქციების BNB Chain-ის ეკოსისტემაში ინტეგრირების მიზნით. მისი პირველადი დანიშნულება იყო დეველოპერებისთვის EVM-სთან თავსებადი გარემოს შეთავაზება, სადაც ისინი შეძლებდნენ DApp-ების შექმნას მათთვის ნაცნობი Ethereum-ის ინსტრუმენტების გამოყენებით და ამავდროულად ისარგებლებდნენ Ethereum-ის mainnet-თან შედარებით უფრო მაღალი გამტარუნარიანობით და უფრო დაბალი ტრანზაქციის საკომისიოებით. ჩვენ შეგვიძლია სხვადასხვა აპლიკაციების, მაგალითად MetaMask-ის იმგვარად კონფიგურირება, რომ დავაკავშიროთ როგორც BSC-თან, ასევე Ethereum-თან. დეტალური ინსტრუქციებისთვის იხილეთ MetaMask-ის BNB Smart Chain-თან დაკავშირების გზამკვლევი.
BSC არის დამოუკიდებელი ბლოკჩეინი და არა სხვა ბლოკჩეინთან დაკავშირებული მე-2 დონის ქსელი, ამიტომ ფუნქციონირებისთვის მას არ ესაჭიროება რომელიმე სხვა ბლოკჩეინი.
BSC და BNB Chain Fusion
იმისათვის, რომ გავიგოთ, თუ რა ადგილს იკავებს BSC ქსელი BNB Chain-ის ეკოსისტემაში, გავიხსენოთ მისი შექმნის ისტორია.
მისი გაშვება მოხდა 2019 წელს Binance Chain-ის სახელწოდებით (მოგვიანებით მას სახელი შეეცვალა და გახდა BNB Beacon Chain). თავდაპირველად ტოკენების ტრანზაქციებისთვის და მმართველობისთვის ქსელი იყენებდა BEP-2 სტანდარტის ტოკენებს, თუმცა მას არ ჰქონდა სმარტ კონტრაქტების მხარდაჭერა. 2020 წელს გაეშვა BSC ქსელი, რომელსაც ჰქონდა სმარტ კონტრაქტების მხარდაჭერა. ამის შემდეგ ეს ორი ბლოკჩეინი პარალელურ რეჟიმში მუშაობდა BNB Chain-ის ეკოსისტემის ფარგლებში. BSC იყენებდა BEP-20 ტოკენის სტანდარტს და წარმოადგენდა EVM-თან თავსებად ქსელს, სადაც შესაძლებელი იყო აპლიკაციების გაშვება, ხოლო BNB Beacon Chain მართავდა სტეიკინგს და მმართველობის პროცესებს.
2023 წლის ბოლოს BNB Chain-მა განაცხადა, რომ აპირებდა ბლოკჩეინების შერწყმის გეგმის რეალიზაციას, რის შემდეგაც BNB Beacon Chain გაუქმდა და მისი ძირითადი ფუნქციები შეითავსა BSC-მ. BNB Beacon Chain ქსელი საბოლოოდ 2024 წელს გაითიშა. დღეისათვის BSC ფუნქციონირებს, როგორც BNB Chain-ის ეკოსისტემის ძირითადი ბლოკჩეინი, რომელმაც შეითავსა BNB Beacon Chain-ის მმართველობის და სტეიკინგის ფუნქციები. Beacon Chain-ზე არსებული BEP-2 ტოკენები კონვერტირებულ იქნა BEP-20 ტოკენებად და გადატანილ იქნა BSC ქსელში.
BNB Chain-ის ეკოსისტემა დღეს
ბლოკჩეინების შერწყმის შემდეგ, BNB Chain-ის ეკოსისტემა შედგება სამი ძირითადი კომპონენტისგან. ეკოსისტემის უფრო ვრცელი მიმოხილვა წარმოდგენილია სტატიაში რა არის BNB Chain?
BNB Smart Chain (BSC)
BSC არის ეკოსისტემის ძირითადი, EVM-თან თავსებადი ქსელი. ის გვთავაზობს სმარტ კონტრაქტების, DApp-ების, DeFi პროტოკოლების, NFT-ების და უამრავი სხვადასხვა ტიპის Web3 აპლიკაციების მხარდაჭერას. BNB არის ქსელის ადგილობრივი ვალუტა, რომელიც გამოიყენება გაზის საკომისიოების გადასახდელად და BSC-ის მმართველობაში მონაწილეობის უფლების მისაღებად.
opBNB
opBNB არის BSC-ის მე-2 დონის მასშტაბირების ქსელი, რომელიც გაეშვა 2023 წლის აგვისტოში. ტრანზაქციების დასამუშავებლად ის იყენებს ოპტიმისტური როლაფების ტექნოლოგიას, რაც მნიშვნელოვნად ზრდის გამტარუნარიანობას და გვთავაზობს BSC-ის mainnet-თან შედარებით დაბალ საკომისიოებს, რისი წყალობითაც ის მოსახერხებელია გეიმინგის და სხვა ხშირად გამოყენებული აპლიკაციების გასაშვებად. მის შესახებ მოკლე ინფორმაცია მოცემულია ტერმინოლოგიის სტატიაში „opBNB“.
BNB Greenfield
BNB Greenfield არის მონაცემთა შენახვის დეცენტრალიზებული ქსელი, რომელიც გაეშვა 2023 წელს. ის მომხმარებლებს და დეველოპერებს აძლევს მონაცემების ბლოკჩეინზე შენახვის და მართვის შესაძლებლობას, რა დროსაც შენახვის ნებართვები დაკავშირებულია BSC-ზე არსებულ მისამართებთან, რაც იძლევა ეკოსისტემის შენახვის და გამოყენების სისტემების გაერთიანების შესაძლებლობას.
როგორ მუშაობს BNB Smart Chain
Proof of Staked Authority (PoSA)
BSC იყენებს კონსენსუსის მექანიზმს, სახელწოდებით Proof of Staked Authority (PoSA), რისი წყალობითაც ბლოკის შექმნის დრო დაახლოებით 3 წამია. ამ მოდელის მიხედვით, ვალიდატორობის მსურველმა მომხმარებელმა სტეიკინგზე უნდა განათავსოს საკუთარი BNB. ვალიდატორების შერჩევა ხდება მათ მიერ სტეიკინგზე განთავსებული ტოკენების რაოდენობის და ბლოკების ვალიდაციის მეშვეობით გამომუშავებული ტრანზაქციის საკომისიოების ოდენობის გათვალისწინებით.
ბევრი ბლოკჩეინ-ქსელისგან განსხვავებით, BSC-ის ბლოკის ჯილდო არ მოიცავს ახლად დამზადებულ BNB-ებს. BNB არ არის ინფლაციური ტოკენი. BNB-ის საერთო მარაგი დროთა განმავლობაში მცირდება წვის მექანიზმის რეგულარულად გამოყენების წყალობით, რა დროსაც ტრანზაქციის საკომისიოს ნაწილი იწვება, რაც ამცირებს მიმოქცევაში არსებული ტოკენების რაოდენობას.
BEP-20 ტოკენის სტანდარტი
BEP-20 წარმოადგენს BSC-ის ტოკენის ძირითად სტანდარტს. თუ კარგად იცნობთ Ethereum-ის ERC-20 ტოკენებს, BEP-20 ტოკენების მუშაობის პრინციპის გაგება არ გაგიჭირდებათ. ის იყენებს იმავე ძირითად ფუნქციებსა და სტრუქტურას, რაც განსაზღვრავს BSC-ზე ტოკენის გაშვების და გადარიცხვის წესებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გაეცანით სტატიას ტოკენის სტანდარტების შესახებ.
BSC-ზე ტრანზაქციის განსახორციელებლად საჭიროა გაზის საკომისიოს სახით მცირე ოდენობის BNB-ის გადახდა, Ethereum-ზე გაზის საფასურის გადასახდელად ETH-ის გამოყენების ანალოგიურად. BSC-ის ტრანაზაქციების და მისამართების სანახავად შეგიძლიათ გამოიყენოთ BscScan, რონელიც წარმოადგენს BNB Smart Chain-ისთვის შექმნილ ბლოკჩინ-ექსპლორერს.
შეფუთული ტოკენები და კროს-ჩეინ აქტივები
თუ იყენებთ PancakeSwap-ს ან BSC-ზე გაშვებულ სხვა DeFi აპლიკაციას, შეიძლება შეამჩნიოთ სხვა ბლოკჩეინების ადგილობრივი ტოკენები, როგორებიცაა BTC, ETH და USDT. ეს ტოკენები BSC-ზე შეფუთული ტოკენების სახით არსებობს, რომელთაც ასევე მიბმულ ტოკენებს უწოდებენ. თითოეული შეფუთული ტოკენი მხარდაჭერილია შესაბამის ბლოკჩეინზე სმარტ კონტრაქტის მექანიზმის მეშვეობით დაბლოკილი ადგილობრივი ტოკენით, რაც იძლევა გარე ტოკენების BSC-ის ეკოსისტემაში გამოყენების შესაძლებლობას. ამ შეფუთვის პროცესის წყალობით შესაძლებელია, მაგალითად, BSC-ზე BTCB ტოკენის გაშვება, რომლის ფასიც Bitcoin-ის ბლოკჩეინზე არსებული BTC-ის შესაბამისი იქნება.
მსგავსი მოქნილობა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს BSC ეკოსისტემიდან განახორციელონ აქტივების სვოპი, მონაწილეობა მიიღონ სარგებლის ფარმინში, გაასესხონ და ისესხონ აქტივები და მიიღონ წვდომა DeFi სერვისებზე სხვადასხვა ბლოკჩეინზე არსებული ტოკენების გამოყენებით.
BNB Smart Chain-ის გამოყენების დაწყება
BSC-ზე არსებულ DApp-ებთან და DeFi პროტოკოლებთან ურთიერთქმედებისთვის თქვენ დაგჭირდებათ თავსებადი საფულე. MetaMask წარმოადგენს ერთ-ერთ პოპულარულ საფულეს, რომელიც შეგიძლიათ BSC-თან დააკავშიროთ უბრალოდ ქსელის დეტალების შეყვანის მეშვეობით. საფულის ხელმისაწვდომი ვარიანტების შესახებ ვრცელი მიმოხილვა შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს გზამკვლევში, სახელწოდებით საუკეთესო კრიპტო საფულეები BNB Smart Chain-ისთვის. რაც შეეხება ბლოკჩეინებთან ურთიერთქმედებას, საფულის დაკავშირებამდე ან ტრანზაქციის დადასტურებამდე, მომხმარებლებმა უნდა გადაამოწმონ კონტრაქტის მისამართები და აპლიკაციის წყაროები.
BSC და Ethereum
ორივე მათგანი EVM-თან თავსებადი ბლოკჩეინია, რომელსაც აქვს სმარტ კონტრაქტების და DeFi აპლიკაციების მხარდაჭერა. ზოგადად, BSC გვთავაზობს ბლოკების შექმნის მაღალ სიჩქარეს და ტრანზაქციის დაბალ საკომისიოებს Ethereum-ის mainnet-თან შედარებით, რაც მიიღწევა უფრო მცირე ზომის, სტეიკინგის მეშვეობით არჩეული ვალიდატორების ჯგუფის და PoSA კონსენსუსის მექანიზმის წყალობით. Ethereum იყენებს Proof of Stake მექანიზმის მეშვეობით შერჩეული ვალიდატორების უფრო დიდ და უფრო დეცენტრალიზებულ ჯგუფს. ორივე ქსელს აქვს ფართო სპექტრის DeFi პროტოკოლების და აპლიკაციების მხარდაჭერა. ბევრი პროექტი ორივე ბლოკჩინზეა გაშვებული.
რისთვის შემიძლია გამოვიყენო BSC?
BSC გამოიყენება ტოკენების სვოპისთვის, DeFi პროტოკოლებისთვის, NFT-ებით ვაჭრობისთვის, ბლოკჩეინ-თამაშებისთვის, Web3 აპლიკაციების გაშვებისთვის და ზოგადი სმარტ კონტრაქტების აღსრულებისთვის. EVM-თან თავსებადობის წყალობით, ის მიმზიდველია Ethereum-თან თავსებად ქსელებზე მუშაობის გამოცდილების მქონე დეველოპერებისთვის, ტრანზაქციის დაბალი საკომისიოები კი მას ხშირად გამოყენებული აპლიკაციების გასაშვებად მოსახერხებელ ქსელად აქცევს.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.