რა არის ტოკენის სტანდარტები?

რა არის ტოკენის სტანდარტები?

განახლებული Jul 21, 2026
8m

მთავარი დეტალები

  • ტოკენის სტანდარტები წარმოადგენს სმარტ კონტრაქტებში ჩაწერილი წესების ერთობლიობას, რომლითაც განისაზღვრება კრიპტოვალუტების შექმნის, გადატანის და ბლოკჩეინის სხვა აპლიკაციებთან ურთიერთქმედების პროცესები.

  • Ethereum-ის ERC სტანდარტები (ERC-20, ERC-721, ERC-1155) ყველაზე ფართოდ არის გავრცელებული და ასევე გამოიყენება EVM-თან თავსებად ბლოკჩეინებზე, როგორებიცაა Avalanche, Polygon და Arbitrum.

  • სხვა მსხვილ ბლოკჩეინებს საკუთარი სტანდარტები აქვთ: BNB Smart Chain იყენებს BEP-20-ს, Solana - SPL სტანდარტს, ხოლო Bitcoin-მა 2023-2024 წლებში წარადგინა BRC-20 და Runes.

  • ვინაიდან ტოკენის სტანდარტები განსხვავდება ბლოკჩეინების მიხედვით, აქტივების ერთი ბლოკჩეინიდან მეორეზე გადატანისას საჭირო ხდება ბლოკჩეინ ხიდების ტექნოლოგიების ისეთი ერთეულებით სარგებლობა, როგორიცაა შეფუთული ტოკენები და omnichain პროტოკოლები.

  • ტოკენის სტანდარტების შესწავლა დაგეხმარებათ, გაიგოთ, თუ რა უზრუნველყოფს ტოკენის ავტომატურ თავსებადობას არსებულ საფულეებთან, ბირჟებთან და დეცენტრალიზებულ აპლიკაციებთან, თითოეული მათგანისთვის ინდივიდუალური კოდის შექმნის საჭიროების გარეშე.

Binance Academy-ს კურსების ბანერი

შესავალი

დღესდღეობით არსებული ათობით ათასი კრიპტოვალუტიდან უმეტესობა ერთი და იმავე შაბლონზეა დაფუძნებული. ამ შაბლონებს ტოკენის სტანდარტები ეწოდება და სწორედ ისინი განსაზღვრავს ბლოკჩეინ ტოკენების ძირითად ფუნქციონალსა და მახასიათებლებს.

ტოკენის სტანდარტები ყოველდღიურ ტექნოლოგიებში არსებული უნივერსალური სპეციფიკაციების მსგავსად მუშაობს. ისევე, როგორც USB სტანდარტი უზრუნველყოფს თქვენი მაუსის თავსებადობას ნებისმიერ შესაბამის კომპიუტერთან, ტოკენის სტანდარტი იძლევა გარანტიას, რომ ახლად შექმნილი ტოკენი თავსებადი იქნება არსებულ საფულეებთან, ბირჟებთან და დეცენტრალიზებულ აპლიკაციებთან (DApp-ებთან), აღნიშნული პლატფორმებისთვის სპეციალური დამატებითი კოდის შექმნის საჭიროების გარეშე.

წინამდებარე სტატიაში განმარტებულია, თუ რა არის ტოკენის სტანდარტები, რატომ არის ისინი მნიშვნელოვანი და როგორ იყენებენ მათ სხვადასხვა ბლოკჩეინები.

რისთვის გვჭირდება ტოკენის სტანდარტები?

1. ურთიერთთავსებადობა

სტანდარტების ძირითად სარგებელს თავსებადობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. თუ დეველოპერი უშვებს სტანდარტის შესაბამის ტოკენს, მას ავტომატურად ეძლევა არსებულ ინფრასტრუქტურასთან ურთიერთქმედების შესაძლებლობა. მაგალითად, რადგან USDT სტეიბლკოინი წარმოადგენს ERC-20 სტანდარტის შესაბამის ტოკენს, მისი გამოყენება სრულიად შესაძლებელია დეცენტრალიზებულ ბირჟებზე, საფულეებში და სხვა სავაჭრო ბირჟებზე, ამ პლატფორმების მიერ სპეციალური კოდის დაწერის საჭიროების გარეშე.

2. კომბინირებადობა

დეცენტრალიზებულ ფინანსებში (DeFi), კომბინირებადობა დეველოპერებს აძლევს ახალი პროდუქტების არსებული კომპონენტების გამოყენებით შექმნის შესაძლებლობას – ხშირად მათ „ფულის ლეგოებს“ უწოდებენ. რადგან დეველოპერმა ზუსტად იცის, თუ რა მახასიათებლები ექნება სტანდარტის შესაბამისად შექმნილ ტოკენს, მას შეუძლია შექმნას სესხის გაცემის, აღების და ვაჭრობის კომპლექსური პროტოკოლები, რომელთაც ავტომატურად ექნება ამ სტანდარტის ტოკენების მხარდაჭერა.

3. ეფექტურობა

სტანდარტების წყალობით დეველოპერებს აღარ სჭირდებათ უკვე შესრულებული სამუშაოს ხელახლა შესრულება. სმარტ კონტრაქტისა და მისი ისეთი საბაზისო ფუნქციების, როგორიცაა „გადარიცხვა“ ან „ბალანსის შემოწმება“, კოდის ხელახლა დაწერის ნაცვლად, დეველოპერებს შეუძლიათ გამოიყენონ შემოწმებული ბიბლიოთეკები, რომლებიც შექმნილია შეთანხმებული სტანდარტების შესაბამისად. ეს ამცირებს ბაგების რისკს და აჩქარებს კოდის დაწერის პროცესს.

Ethereum-ის ტოკენის პოპულარული სტანდარტები (EVM)

რადგან Ethereum წარმოადგენდა პირველ პროგრამირებად ბლოკჩეინს, მისი „კომენტარების მოთხოვნა“ (ERC) ამ ინდუსტრიის ფუნდამენტურ სტანდარტად იქცა. ეს სტანდარტები ასევე გამოიყენება EVM-თან თავსებად ბლოკჩეინებზე, როგორებიცაა Avalanche, Polygon და Arbitrum.

ERC-20 (ჩანაცვლებადი ტოკენები)

ERC-20 შემოთავაზებულ იქნა 2015 წელს და წარმოადგენს ჩანაცვლებადი ტოკენების ძირითად სტანდარტს. „ჩანაცვლებადი“ ნიშნავს არაუნიკალურს; ტოკენის ერთი ერთეული შეიძლება გადაიცვალოს იმავე ღირებულების სხვა ერთეულზე (მაგალითად, ერთდოლარიანი ბანკნოტი არაფრით განსხვავდება სხვა ერთდოლარიანი ბანკნოტისგან).

  • გამოყენების შემთხვევები: სტეიბლკოინები, (USDT და USDC), governance ტოკენები და utility ტოკენები.

  • ძირითადი ფუნქციები: უზრუნველყოფს საერთო მარაგის, ბალანსის შემოწმებისა და სხვადასხვა მისამართს შორის ტოკენების გადარიცხვის შესაძლებლობებს.

ERC-721 (არაჩანაცვლებადი ტოკენები)

ERC-721 არის სტანდარტი, რომელმაც ხელი შეუწყო არაჩანაცვლებადი ტოკენების (NFT-ები) ზრდასა და პოპულარიზაციას. ERC-20-ისგან განსხვავებით, თითოეული ERC-721 ტოკენი უნიკალურია. ყოველი ტოკენი კონტრაქტში იდენტიფიცირებულია სპეციალური tokenId კოდის მეშვეობით, რაც მას იმავე კოლექციაში არსებული ნებისმიერი სხვა ტოკენისგან გამოარჩევს.

  • გამოყენების შემთხვევები: ციფრული საკოლექციო ნივთები, სერტიფიკატები, თამაშში გამოყენებული აქტივები, ციფრული იდენტობის ფაილები და მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტები.

  • ძირითადი განსხვავება: 1 ETH-ის ღირებულება ყოველთვის 1 ETH-ია, ხოლო თითოეული ERC-721 ტოკენის ღირებულება და მახასიათებლები ყოველთვის უნიკალურია.

ERC-1155 (მულტიტოკენის სტანდარტი)

ERC-1155 შეიქმნა ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რომლებიც გამოწვეული იყო ERC-20 და ERC-721 სტანდარტების ინდივიდუალურად გამოყენებით. ERC-1155 გვთავაზობს სტანდარტს, რომლის ფარგლებშიც ინდივიდუალურ კონტრაქტს შეუძლია როგორც ჩანაცვლებადი, ასევე არაჩანაცვლებადი ტოკენების ერთდროულად მართვა.

  • ნახევრად ჩანაცვლებადობა: ERC-1155 იდეალურია თამაშებისთვის. მაგალითად, თამაშში შეიძლება გამოიყენებოდეს „ოქროს მონეტები“ (ჩანაცვლებადი), „რკინის ხმლები“ (ნახევრად ჩანაცვლებადი – შეიძლება არსებობდეს 1000 იდენტური ხმალი) და „ლეგენდარული ფარი“ (უნიკალური NFT). ERC-1155 სტანდარტი კონტრაქტებს აძლევს ამ ტოკენების ერთდროულად მართვის საშუალებას.

  • ერთიანი გადარიცხვები: ძველი სტანდარტებისგან განსხვავებით, ERC-1155-ს შეუძლია სხვადასხვა ტიპის ტოკენების ერთი ტრანზაქციით გაგზავნა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს გაზის საკომისიოებს.

არა-Ethereum სტანდარტები

მიუხედავად იმისა, რომ პირველი სტანდარტი Ethereum-მა შემოგვთავაზა, სხვა მსხვილ ბლოკჩეინებსაც აქვს საკუთარი სტანდარტები, რომლებიც შემუშავებულია მათი სპეციფიკური არქიტექტურის გათვალისწინებით.

BNB Smart Chain: BEP-20

BEP-20 წარმოადგენს BNB Smart Chain-ის ტოკენების ძირითად სტანდარტს. მისი ფუნქციები თითქმის Ethereum-ის ERC-20 ტოკენების იდენტურია, თუმცა ის ოპტიმიზებულია BNB Smart Chain-ის სიჩქარის გაზრდის და საკომისიოების შემცირების მიზნით. მას ასევე აქვს „მიბმული“ ტოკენების მხარდაჭერა, რომლებიც წარმოადგენს სხვა ბლოკჩეინიდან (მაგალითად Bitcoin-იდან ან Ethereum-იდან) BNB Chain ეკოსისტემაში გადმოტანილი აქტივების შეფუთულ ვერსიებს.

Solana: SPL (Solana Program Library)

Solana ტოკენების მართვისთვის EVM ბლოკჩეინებისგან განსხვავებულ მეთოდს იყენებს. Ethereum-ზე თითოეული ტოკენი ცალკეულ სმარტ კონტრაქტს წარმოადგენს, ხოლო Solana-ზე არსებობს მხოლოდ ერთი „ტოკენის პროგრამა“ (SPL სტანდარტი) და ახალი ტოკენები უბრალოდ ამ პროგრამაში შექმნილი ახალი ანგარიშებია.

მსგავსი არქიტექტურა Solana-ს აძლევს ტრანზაქციების პარალელურად და მაღალი სიჩქარით დამუშავების შესაძლებლობას. SPL სტანდარტი გამოიყენება როგორც ჩანაცვლებადი ტოკენებისთვის, ისე NFT-ებისთვის, რაც გამორიცხავს მათთვის ცალკე სტანდარტების, მაგალითად ERC-20-ის და ERC-721-ის საჭიროებას.

Bitcoin: BRC-20 და რუნები

ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, Bitcoin არ მიიჩნეოდა ტოკენების პლატფორმად. ეს ვითარება 2023 წელს, ორდინალების გამოჩენის შემდეგ შეიცვალა, რაც უზრუნველყოფდა მონაცემების ცალკეულ satoshi-ებზე „ამოტვიფვრის“ შესაძლებლობას.

  • BRC-20: ექსპერიმენტული სტანდარტი, რომელიც იძლევა ჩანაცვლებადი ტოკენების პირდაპირ Bitcoin-ის ბლოკჩეინზე გაშვების შესაძლებლობას ტექსტური ინსკრიპციების გამოყენებით. BRC-20 ტოკენები შექმნისა და ტრანზაქციების პროცესების კონტროლისთვის სწორედ Bitcoin-ის ბლოკჩეინს იყენებს.

  • რუნები: Bitcoin-ზე ჩანაცვლებადი ტოკენების გაშვებისთვის შექმნილი უფრო ეფექტური პროტოკოლი, რომელიც 2024 წლის აპრილში გაეშვა და შექმნილია ბლოკჩეინზე BRC-20 ინსკრიპციებით გამოწვეული დატვირთვის შემცირების მიზნით.

ნაკლოვანებების გამოსწორება: კროს-ჩეინ თავსებადობა

ტოკენის სტანდარტების მთავარ ნაკლოვანებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ზოგადად ისინი კონკრეტული ბლოკჩეინისთვისაა შემუშავებული. Ethereum-ზე გაშვებული ERC-20 ტოკენის Solana-ზე ან BNB Smart Chain-ზე თავდაპირველი სახით გადმოტანა შეუძლებელია.

შეფუთული ტოკენები

ტრადიციულად, ამ პრობლემის გადასაჭრელად შეფუთვის მეთოდი გამოიყენება. Bitcoin-ის Ethereum-ზე გადასატანად საჭიროა BTC-ის დაბლოკვა და იმავე რაოდენობის „შეფუთული BTC-ის“ (WBTC) ERC-20 ტოკენის დამზადება. ამ მეთოდის ეფექტურობის მიუხედავად, დაბლოკილი აქტივების შესანახად გამოყენებული ხიდები ხშირად ხდება ჰაკერული თავდასხმების სამიზნე.

Omnichain ჩანაცვლებადი ტოკენები

ზოგიერთი კროს-ჩეინ ურთიერთთავსებადობის ზოგიერთი პროტოკოლი, როგორებიცაა LayerZero და Chainlink CCIP, განსხვავებულ მიდგომას იყენებს. ისინი უზრუნველყოფენ ტოკენების ბლოკჩეინებს შორის ადგილობრივად, უსაფრთხო შეტყობინებების სისტემების მეშვეობით გადაადგილებას – ცენტრალიზებულ საცავებსა თუ ბლოკჩეინ ხიდებზე დაყრდნობის გარეშე. ეს ამცირებს შენახვასთან დაკავშირებულ რისკებს, რაც მეტად დამახასიათებელია ტრადიციული შეფუთული ტოკენებისთვის.

2023 წელს Ethereum-ზე ასევე დაინერგა ERC-6551 სტანდარტი, რამაც NFT-ებისთვის ბლოკჩეინ საფულეების ფუნქციების შეთავსების შესაძლებლობა უზრუნველყო. ეს სტანდარტი NFT-ებისთვის უზრუნველყოფს ტოკენების და სხვა NFT-ების ფლობისა და DApp-ებთან პირდაპირი ურთიერთქმედების შესაძლებლობებს, რაც საგრძნობლად აფართოებს ინდივიდუალური ტოკენების შესაძლებლობებსაც.

ხშირად დასმული კითხვები

რა არის ტოკენის სტანდარტი?

ტოკენის სტანდარტი წარმოადგენს წესების ერთობლიობას, რომლითაც განისაზღვრება კრიპტო ტოკენების ფუნქციონირება ბლოკჩეინზე. მასში გაწერილია ყველა საბაზისო ფუნქცია, როგორიცაა ტოკენების გადარიცხვა, ბალანსის შემოწმება და ტრანზაქციის დადასტურების წესები. აღნიშნული სტანდარტის მეშვეობით, ახალი ტოკენი ავტომატურად თავსებადი ხდება ამავე სტანდარტზე დაფუძნებულ ყველა სხვა საფულესთან, ბირჟასთან თუ აპლიკაციასთან.

რა განსხვავებაა ERC-20 და ERC-721 სტანდარტებს შორის?

ERC-20 ჩანაცვლებადი ტოკენების სტანდარტია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სტანდარტზე დაფუძნებული ყველა ტოკენი აბსოლუტურად იდენტური და ურთიერთჩანაცვლებადია. ERC-721 კი არაჩანაცვლებადი ტოკენებისთვის (NFT) შეიქმნა. ამ შემთხვევაში თითოეული ტოკენი უნიკალურია და მინიჭებული აქვს ინდივიდუალური იდენტიფიკატორი. შესაბამისად, ERC-20 ვალუტებთან და utility ტოკენებთან მიმართებაში გამოიყენება, ხოლო ERC-721 – საკოლექციო ერთეულებთან, სერთიფიკატებთან და ციფრული საკუთრების მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტებთან მიმართებაში.

რა არის ERC-1155?

ERC-1155 არის ტოკენის სტანდარტი, რომელიც უზრუნველყოფს ერთი სმარტ კონტრაქტის ფარგლებში როგორც ჩანაცვლებადი, ისე არაჩანაცვლებადი ტოკენების მართვის შესაძლებლობებს. გარდა ამისა, მას ჯგუფური გადარიცხვების მხარდაჭერა აქვს, რაც ერთი ტრანზაქციის ფარგლებში სხვადასხვა ტიპის რამდენიმე ტოკენის ერთდროულად გადარიცხვის შესაძლებლობას იძლევა. ERC-1155 განსაკუთრებით პოპულარულია თამაშებში, სადაც სხვადასხვა იშვიათობის დონის მქონე უამრავი თამაშშიდა ერთეულის მართვაა საჭირო.

როგორ ხდება ტოკენების გადატანა სხვადასხვა ბლოკჩეინებს შორის?

რადგან ტოკენის სტანდარტები განსხვავდება ბლოკჩეინების მიხედვით, აქტივების სხვადასხვა ბლოკჩეინს შორის გადასატანად სპეციალური ხიდების გამოყენებაა საჭირო. ტრადიციული მეთოდის ფარგლებში ხდება შეფუთული ტოკენების გამოიყენება, სადაც ხორციელდება ორიგინალი აქტივის დაბლოკვა და საბოლოო ქსელზე ექვივალენტური წარმომადგენლობითი ტოკენის დამზადება. შედარებით ახალი, omnichain პროტოკოლები კი ტოკენების ბლოკჩეინებს შორის გადატანას უსაფრთხო შეტყობინებების მეშვეობით ახერხებენ და აღმოფხვრიან აქტივების ცენტრალიზებულ საცავებში შენახვის საჭიროებას.

რა არის BEP-20?

BEP-20 გახლავთ BNB Smart Chain-ის ტოკენების ძირითადი სტანდარტი. ის Ethereum-ის ERC-20-ის მსგავსად მუშაობს, თუმცა მორგებულია BNB Smart Chain-ის ისეთ მახასიათებლებზე, როგორიცაა ტრანზაქციების სისწრაფე და დაბალი საკომისიოები. აღნიშნულ ქსელში არსებული უამრავი ტოკენი, მათ შორის სხვა ბლოკჩეინების აქტივებზე მიბმული ტოკენები, სწორედ BEP-20 სტანდარტზეა დაფუძნებული.

შეჯამება

ტოკენის სტანდარტები წარმოადგენს საერთო წესებს, რომლებიც კრიპტო ეკოსისტემის ეფექტურობასა და ურთიერთთავსებადობას უზრუნველყოფს. ERC-20 იქნება ეს, SPL თუ BRC-20 – აღნიშნული სტანდარტები საფულეებს, ბირჟებსა და აპლიკაციებს საშუალებას აძლევს, ინდივიდუალური კოდის წერის გარეშე, მარტივად იმუშაონ სხვადასხვა ტოკენთან.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.