მთავარი დეტალები
ბლოკჩეინი არის ტექნოლოგია, რომელიც მონაცემებს, ერთმანეთთან დაკავშირებულ, კრიპტოგრაფიულად დაცულ ბლოკებში აფიქსირებს. Bitcoin არის ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ერთ-ერთი პროგრამა.
კრიპტოვალუტა წარმოადგენს ციფრული აქტივების უფრო ფართო კატეგორიას, რომელიც ეფუძნება კრიპტოგრაფიასა და განაწილებული ლეჯერის (სააღრიცხვო ჟურნალების) მუშაობის პრინციპს. Bitcoin კრიპტოვალუტის პირველი და ყველაზე ცნობილი მაგალითია.
ბლოკჩეინის გამოყენება სცდება კრიპტოვალუტის ფარგლებს და მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა მიწოდების ჯაჭვზე დაკვირვება, ჯანდაცვასთან დაკავშირებული ჩანაწერები, ციფრული იდენტობა და სმარტ-კონტრაქტები.
Bitcoin-ს აქვს განსაზღვრული, ლიმიტირებული მარაგი 21 მილიონი მონეტის სახით. მის შექმნას უზრუნველყოფს Proof of Work (სამუშაოს შესრულების დასტური) მაინინგი და მასთან მიმართებით გამოიყენება ჰალვინგის (განახევრების) მექანიზმი, რომელიც დაახლოებით ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ამცირებს (ანახევრებს) ახალი მონეტების მიწოდებას.
დამწყებთათვის კრიპტოვალუტის სფეროს ტერმინოლოგია შესაძლოა დამაბნეველი იყოს. ზოგი Bitcoin-ის ნაცვლად „ბლოკჩეინს“ ამბობს, ზოგიერთი კი Bitcoin-ს ზოგადად კრიპტოვალუტის აღსანიშნავად იყენებს. ეს ტერმინები ურთიერთდაკავშირებულია, თუმცა ისინი ერთმანეთს არ ანაცვლებენ. ბლოკჩეინს, კრიპტოვალუტასა და Bitcoin-ს შორის არსებული განსხვავებების გაგება გვეხმარება იმის გარკვევაში, თუ როგორ მუშაობს ეს ტექნოლოგია რეალურად და რატომ არის ის მნიშვნელოვანი მაშინაც კი, როდესაც საქმე ციფრულ ფულს არ ეხება.
ძალიან მარტივი ანალოგია
ამ სამ ცნებას შორის კავშირი შეგვიძლია ყველასთვის ნაცნობი მაგალითით ავხსნათ:
ვებსაიტი არის ტექნოლოგია, რომელიც ინტერნეტში ინფორმაციის გასაზიარებლად გამოიყენება.
საძიებო სისტემები ვებსაიტების ტექნოლოგიის ერთ-ერთი პოპულარული გამოყენების ფორმაა.
Google კი საძიებო სისტემის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითია.
ზუსტად იგივე სტრუქტურა მუშაობს აქაც:
ბლოკჩეინი არის ტექნოლოგია, რომელიც ინფორმაციის განაწილებული და გაყალბებისგან დაცული ფორმით ჩაწერისთვის (აღრიცხვისთვის) გამოიყენება.
კრიპტოვალუტა ბლოკჩეინის ტექნოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გამოყენების ფორმაა.
Bitcoin კრიპტოვალუტის პირველი და ყველაზე მეტად ცნობილი მაგალითია.
ბლოკჩეინი არის პლატფორმა. კრიპტოვალუტა არის ამ პლატფორმის გამოყენების ერთ-ერთი შემთხვევა. Bitcoin კი კონკრეტული პროდუქტია.
რა არის ბლოკჩეინი?
ბლოკჩეინი არის ციფრული ლეჯერი (სააღრიცხვო ჟურნალი), რომელიც ტრანზაქციებს ერთმანეთთან დაკავშირებულ ბლოკებში თანმიმდევრულად ასახავს. თითოეული ბლოკი შეიცავს ბოლო ტრანზაქციების სიას და კრიპტოგრაფიულად არის დაკავშირებული მის წინ არსებულ ბლოკთან. ეს ჯაჭვური სტრუქტურა ისტორიულ ჩანაწერებს მოდიფიცირებისადმი (ცვლილებებისადმი) მდგრადს ხდის, ვინაიდან ნებისმიერი წინა ბლოკის შეცვლა ყველა მომდევნო ბლოკის ხელახალ გადაანგარიშებას მოითხოვს.
ბლოკჩეინების უმეტესობა განაწილებული და დეცენტრალიზებული სისტემის სახითაა შექმნილი. განაწილებული ნიშნავს, რომ არ არსებობს ლეჯერის ერთი ცალკეული ასლი - თითოეული მონაწილე (რომელსაც ეწოდება ნოდი ანუ კვანძი) ფლობს განახლებულ ასლს და მონაწილეობს ახალი ტრანზაქციების ვერიფიკაციაში (დადასტურებაში). დეცენტრალიზებული ნიშნავს, რომ ქსელს არცერთი ცალკეული ორგანო თუ სტრუქტურა არ აკონტროლებს. ეს მკვეთრად განსხვავდება ტრადიციული აღრიცხვის სისტემებისგან, რომლებსაც ბანკი, სამთავრობო უწყება ან კომპანია აწარმოებს და სადაც ოფიციალურ ჩანაწერს მხოლოდ ერთი სუბიექტი ფლობს.
როგორ მუშაობს ბლოკჩეინი?
ბლოკჩეინში ახალი მონაცემების დასამატებლად, მონაწილეებმა ქსელის წესების შესაბამისად კონსენსუსს უნდა მიაღწიონ. Bitcoin-ის შემთხვევაში, კონსენსუსის მიღწევა ხდება Proof of Work (სამუშაოს შესრულების დასტურის) მექანიზმით. ეს არის პროცესი, რომლის დროსაც მაინერები ერთმანეთს რთული გამოთვლითი ამოცანის ამოხსნაში ეჯიბრებიან. პირველი მაინერი, რომელიც ამოცანას ამოხსნის, იღებს მომდევნო ბლოკის დამატების უფლებას და ჯილდოვდება ქსელის ლოკალური/მშობლიური (native) კრიპტოვალუტით. ეს პროცესი ახალი, ვალიდური მონაცემების დამატებას ამარტივებს, ხოლო უკვე არსებული ჩანაწერების რეტროსპექტულ ცვლილებებს გამოთვლითი თვალსაზრისით პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის.
Proof of Work (სამუშაოს შესრულების დასტურის) მექანიზმს ყველა ბლოკჩეინი არ იყენებს. მეორე მექანიზმია Proof of Stake (წილის დასტურის მექანიზმი), რომელსაც Ethereum და მრავალი სხვა ქსელი იყენებს. ეს არის პროცესი, როდესაც ხდება ვალიდატორების არჩევა მათ მიერ უზრუნველყოფის სახით დაბლოკილი კრიპტოვალუტის რაოდენობის მიხედვით. ორივე მათგანი წარმოადგენს კონსენსუსის მექანიზმის მაგალითს - ეს არის წესების ერთობლიობა, რომელიც განაწილებულ ქსელში ჩართულ მონაწილეებს საშუალებას აძლევს, ცენტრალური ორგანოს გარეშე, შეთანხმდნენ ლეჯერის ერთ ვერსიაზე.
რა არის კრიპტოვალუტა?
კრიპტოვალუტა არის ფულის ციფრული ფორმა, რომელიც განაწილებულ ქსელში არსებობს. მთავრობების მიერ გამოშვებული და კონტროლირებადი ტრადიციული ვალუტებისგან განსხვავებით, კრიპტოვალუტები პროგრამულ კოდში გაწერილი წესების შესაბამისად ფუნქციონირებენ. ტრანზაქციები აისახება საჯარო ლეჯერში (ბლოკჩეინში) და ხორციელდება უშუალოდ მონაწილეებს შორის, ისეთი შუამავლების გარეშე, როგორებიცაა ბანკი ან საგადახდო სისტემის ოპერატორი.
სიტყვა „კრიპტო“ კრიპტოვალუტაში მიუთითებს იმ კრიპტოგრაფიულ ტექნიკებზე, რომლებიც გამოიყენება ტრანზაქციების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მფლობელობის დასადასტურებლად და ახალი ერთეულების (მონეტების) გამოშვების გასაკონტროლებლად. ზოგიერთი კრიპტოვალუტა, მაგალითად, Bitcoin, ახალი მონეტების შესაქმნელად მაინინგს იყენებს. სხვები კი სტეიკინგს (staking) ან სხვა მექანიზმებს. ყველა კრიპტოვალუტას არ აქვს საკუთარი ბლოკჩეინი. ბევრი მათგანი შექმნილია უკვე არსებულ ქსელებზე, მაგალითად, როგორიცაა Ethereum.
რა არის Bitcoin?
ბიტკოინი არის პირველად შექმნილი კრიპტოვალუტა. იგი 2009 წელს გამოუშვა ფსევდონიმით მოქმედმა დეველოპერმა (ან დეველოპერთა ჯგუფმა), რომელიც Satoshi Nakamoto-ს (სატოში ნაკამოტოს) სახელითაა ცნობილი. პროექტის მიზანი იყო დეცენტრალიზებული ელექტრონული გადახდის სისტემის შექმნა, რომლის უსაფრთხოებაც დაეფუძნებოდა მათემატიკასა და კრიპტოგრაფიას, და არა სხვადასხვა ინსტიტუციების მიმართ ნდობას.
Bitcoin-ს აქვს ფიქსირებული მაქსიმალური მარაგი 21 მილიონი მონეტის სახით, რაც მას თავისი არსით დეფლაციურ აქტივად აქცევს. ახალი ბიტკოინი მიმოქცევაში მაინინგის გზით შედის, თუმცა მისი გამოშვების (ემისიის) ტემპი დაახლოებით ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ მცირდება. ამ პროცესს ჰალვინგს (განახევრებას) უწოდებენ. მაგალითად, 2024 წლის აპრილში ბლოკის შექმნისთვის განკუთვნილი ჯილდო 6.25-დან 3.125 ბიტკოინამდე (BTC) შემცირდა. 2026 წლის მონაცემებით, Bitcoin-ების 95%-ზე მეტი უკვე მოპოვებულია. მაინინგ-პულები (მაინინგის მიზნით შექმნილი გაერთიანებები) ინდივიდუალურ მაინერებს საშუალებას აძლევს, გააერთიანონ თავიანთი კომპიუტერული სიმძლავრეები და ერთმანეთში გაინაწილონ მიღებული ჯილდო. ეს პროცესი მაინინგში მონაწილეობას უფრო ხელმისაწვდომს ხდის, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ქსელის კომპლექსურობა მუდმივად იზრდება.
Bitcoin ძირითადად ფუნქციონირებს, როგორც ღირებულების შენახვის საშუალება (store of value) და პირდაპირი, ორმხრივი (Peer-to-Peer) გადახდის ქსელი. ტრანზაქციების სიჩქარის გასაზრდელად და ყოველდღიური შედარებით მცირე გადახდების საკომისიოების შესამცირებლად შეიქმნა მე-2 დონის(Layer 2) ტექნოლოგიური გადაწყვეტები, როგორიცაა Lightning Network (სწრაფი ქსელი), თუმცა ამ ტექნოლოგიის პრაქტიკაში დანერგვა და განვითარება კვლავ ევოლუციის პროცესშია.
ბლოკჩეინი vs. Bitcoin: ძირითადი განსხვავებები
ბლოკჩეინის ისტორია Bitcoin-ზე ბევრად ადრე დაიწყო, თუმცა სწორედ Bitcoin გახდა საჯარო ბლოკჩეინის პირველი პრაქტიკული რეალიზაცია. მას შემდეგ, ბლოკჩეინის ტექნოლოგია კრიპტოვალუტის ფარგლებს ბევრად გასცდა:
მიწოდების ჯაჭვი: კომპანიები ბლოკჩეინს იყენებენ საქონლის მოძრაობისა და მათი წარმომავლობის თვალყურის სადევნებლად, ქმნიან რა გაყალბებისგან დაცულ ჩანაწერებს, რომლებიც ყველა მხარისთვის ხილვადია.
ჯანდაცვა: შესაძლებელია მოხდეს პაციენტის სამედიცინო ჩანაწერების უსაფრთხოდ შენახვა და გაზიარება სხვადასხვა პროვაიდერებს (მომსახურების მომწოდებლებს) შორის, ცენტრალიზებული მონაცემთა ბაზის გარეშე.
ციფრული იდენტობა: ბლოკჩეინზე დაფუძნებული იდენტიფიკაციის სისტემები მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, თავად აკონტროლონ საკუთარი პერსონალური მონაცემები რომელიმე კონკრეტულ უწყებაზე დამოკიდებულების გარეშე.
სმარტ-კონტრაქტები: ბლოკჩეინში არსებული თვითაღსრულებადი პროგრამები, რომლებიც ავტომატურად ასრულებენ შეთანხმებების პირობებს შესაბამისი გარემოებების დადგომისას, ადამიანის მექანიკური ჩარევების გარეშე.
Bitcoin არის ბლოკჩეინის ტექნოლოგიის მხოლოდ ერთი კონკრეტული გამოყენების სფერო, რომელსაც განსაზღვრული მიზანი აქვს - იყოს დეცენტრალიზებული, ლიმიტირებული მარაგის მქონე ციფრული ფული. ბლოკჩეინი კი არის ის ინფრასტრუქტურა, რომელიც შესაძლებელს ხდის Bitcoin-ის არსებობას და ამავდროულად უზრუნველყოფს ათასობით სხვა აპლიკაციის მუშაობას მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა დარგში.
ხშირად დასმული კითხვები
ბლოკჩეინი და ბიტკოინი (BTC) ერთი და იგივეა?
არა. ბლოკჩეინი არის ძირეული ტექნოლოგია - ქსელში განაწილებულ, კრიპტოგრაფიულად დაცულ და ერთმანეთთან დაკავშირებულ ბლოკებში მონაცემების ჩაწერის მეთოდი. Bitcoin კი არის ბლოკჩეინის გამოყენებით შექმნილი ერთი კონკრეტული პროგრამა. ბლოკჩეინს მრავალი სხვა კრიპტოვალუტა და არაფინანსური სისტემაც იყენებს.
შეიძლება თუ არა ბლოკჩეინმა Bitcoin-ის გარეშე იარსებოს?
დიახ. ბლოკჩეინის ტექნოლოგია გამოიყენება მიწოდების ჯაჭვებში, ჯანდაცვაში, ციფრული იდენტობის მართვასა და სხვა სფეროებში, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ Bitcoin-თან. გარდა ამისა, არსებობს ათასობით სხვა ბლოკჩეინ-ქსელი, რომლებიც Bitcoin-თან კავშირში არაა, მათ შორისაა Ethereum, Solana და მრავალი სხვა კერძო კორპორაციული ქსელი.
როგორ მუშაობს ბიტკოინის მაინინგი?
ბიტკოინის მაინინგი არის პროცესი, რომლის დროსაც ხდება ტრანზაქციების ვერიფიკაცია და მათი დამატება ბიტკოინის ბლოკჩეინში. მაინერები იყენებენ სპეციალიზებულ კომპიუტერულ აპარატურას რთული გამოთვლითი ამოცანის ამოსახსნელად (Proof of Work). პირველი მაინერი, რომელიც ამოცანას ამოხსნის, ამატებს მომდევნო ბლოკს და ჯილდოდ იღებს ბიტკოინს. ჯილდოს რაოდენობა დაახლოებით ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ მცირდება, ჰალვინგის (განახევრების) მექანიზმით. მაგალითად, 2024 წლის აპრილში ჯილდო თითო ბლოკზე 6.25-დან 3.125 ბიტკოინამდე (BTC) შემცირდა.
რისი გაკეთება შეუძლია ბლოკჩეინს კრიპტოვალუტის სფეროს მიღმა?
ბლოკჩეინის ტექნოლოგია მრავალ ინდუსტრიაში გამოიყენება. მიწოდების ჯაჭვების მართვაში, ის უზრუნველყოფს პროდუქციისთვის თვალყურის დევნების პროცესის გამჭვირვალობას. ჯანდაცვის სფეროში, იგი უზრუნველყოფს პაციენტის მონაცემების უსაფრთხოდ გაზიარებას. ხოლო ფინანსებში - ტრანსსასაზღვრო გადახდებისა და აქტივების ტოკენიზაციის პროცესში გამოიყენება. ბლოკჩეინის პლატფორმებზე არსებულ სმარტ-კონტრაქტებს შეუძლიათ იმ პროცესების ავტომატიზაცია, რომლებიც ადრე მექანიკურ გადამოწმებას ან სანდო შუამავლების არსებობას საჭიროებდა.
დასკვნითი მოსაზრებები
ბლოკჩეინი და ბიტკოინი (BTC) მჭიდროდ დაკავშირებული, თუმცა სრულიად განსხვავებული ცნებებია. Bitcoin-მა პრაქტიკაში აჩვენა, რომ ლიმიტირებული მარაგის მქონე დეცენტრალიზებულ ციფრულ ვალუტას ფუნქციონირება შეუძლია. ბლოკჩეინი კი არის ტექნოლოგია, რომელმაც ეს ყველაფერი შესაძლებელი გახადა და რომელიც მას შემდეგ უამრავ სხვა სფეროს მოერგო, რაც ბევრად სცილდება მხოლოდ გადახდის სისტემებს. ამ განსხვავების გაგება საუკეთესო საფუძველია ყველასთვის, ვინც კრიპტოვალუტის მრავალფეროვან სამყაროსა და დეცენტრალიზებული ტექნოლოგიების შესწავლას იწყებს.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან მომსახურების შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე სრულად და ერთპიროვნულად თქვენ ხართ პასუხისმგებელი. Binance Academy არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებს იმ ზარალზე, რომელიც შეიძლება მიიღოთ. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ის პირობებს.