პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: წინამდებარე სტატია განკუთვნილია მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებისთვის. Binance-ის მეშვეობით მოწოდებული ინფორმაცია არ წარმოადგენს ინვესტიციებთან ან ვაჭრობასთან დაკავშირებულ რჩევას ან რეკომენდაციას. Binance არ იღებს პასუხისმგებლობას თქვენ მიერ მიღებულ საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე. რაიმე ფინანსური რისკის გაწევამდე, რჩევისთვის მიმართეთ პროფესიონალს. ამ სტატიაში მოხსენებული პროდუქტები შესაძლოა არ იყოს ხელმისაწვდომი თქვენს რეგიონში.
მთავარი დეტალები
წინმსწრები შეკვეთა არის ვაჭრობის განხორციელება ინსაიდერულ ინფორმაციაზე დაფუძნებით, რომლის მიზანია ბაზრის ფასის ცვლილებით მოგების მიღება მსხვილი ტრანზაქციის აღსრულებამდე.
კრიპტო ბაზრებზე, წინმსწრები შეკვეთა დამახასიათებელია დეცენტრალიზებული ბირჟებისთვის (DEX-ებისთვის), სადაც ტრეიდერები ან ბოტები იყენებენ ტრანზაქციების გამჭვირვალობას და ფასის ცურვას.
წინმსწრები შეკვეთის პრევენციის მიზნით, DeFi ტრეიდერებს შეუძლიათ შეამცირონ ფასის ცურვის დასაშვები დონის პარამეტრი, გამოიყენონ კონფიდენციალური ტრანზაქციის მეთოდები და MEV-ისგან დაცვის ინსტრუმენტები, როგორიცაა MEV ბლოკერები.
შესავალი
ტერმინი „წინმსწრები შეკვეთა“ (Front running) ფინანსურ სამყაროში გამოიყენება უკანონო ან არაეთიკური ვაჭრობის პრაქტიკის აღწერის მიზნით. ეს მოიცავს ტრეიდერების მიერ სამომავლოდ დაგეგმილი ტრანზაქციების შეახებ არასაჯარო ინფორმაციის გამოყენებას პირადი სარგებლის მიღების მიზნით. ამ სტატიაში განმარტებულია, თუ რას წარმოადგენს წინმსწრები შეკვეთა, როგორ მუშაობს, რა გავლენას ახდენს ბაზრებზე და როგორ არის ის დაკავშირებული კრიპტოვალუტით ვაჭრობასთან.
რა არის წინმსწრები შეკვეთა (Front Running)?
წინმსწრებ შეკვეთას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც ბროკერი, ტრეიდერი ან ფინანსური სფეროს სპეციალისტი ვაჭრობის დროს იყენებს ინსაიდერულ ინფორმაციას. წინმსწრები შეკვეთის მიზანია საკუთარი ვაჭრობის განხორციელება მოსალოდნელი მსხვილი შეკვეთის განთავსების წინ. ეს ქმედება ეფუძნება ვარაუდს, რომ მსხვილი ტრანზაქციის აღსრულების შემდეგ ბაზარი შეიცვლება ამ ქმედების განმხორციელებელი პირის სასარგებლოდ. ეს ქცევა ითვლება არაეთიკურად მოქმედებად, რომელიც საფრთხეს უქმნის ფინანსური ბაზრის სანდოობას, რადგან ამ დროს პირადი სარგებლის მიღების მიზნით გამოიყენება კლიენტის კონფიდენციალური ინფორმაცია.
ტრადიციულ ბაზრებზე, წინმსწრები შეკვეთები ჩვეულებრივ ხორციელდება მოსალოდნელი მსხვილი ტრანზაქციის წინ. თუმცა ამ ქმედებას ასევე შეიძლება ადგილი ჰქონდეს კრიპტო ბაზრებზე, განსაკუთრებით დაბალი ლიკვიდურობის მქონე ბაზრებზე (მაგალითად, დეცენტრალიზებულ ბირჟებზე meme მონეტებით ვაჭრობის დროს).
როგორ მუშაობს წინმსწრები შეკვეთა
წინმსწრები შეკვეთის მუშაობის პრინციპის გასაგებად, მოდით განვიხილოთ ტრადიციულ ბაზარზე განხორციელებული ტიპური წინმსწრები შეკვეთის მაგალითი.
1. ინსაიდერულ ინფორმაციაზე წვდომა
ჩვეულებრივ, წინმსწრებ შეკვეთაში მონაწილეობს ბროკერი ან ტრეიდერი, რომელსაც აქვს წვდომა მოსალოდნელი მსხვილი ტრანზაქციის შესახებ ინფორმაციაზე. მაგალითად, კლიენტმა განათავსა დიდი რაოდენობით აქციების, ობლიგაციების ან სხვა აქტივების ყიდვის ან გაყიდვის შეკვეთა.
2. წინმსწრები ვაჭრობა პერსონალური ანგარიშით
ბროკერმა იცის, რომ ეს ტრანზაქცია სავარაუდოდ გავლენას მოახდენს აქტივის ფასზე, ამიტომ კლიენტის შეკვეთის აღსრულებამდე, ის ყიდულობს ან ყიდის იმავე აქტივს საკუთარი ანგარიშის გამოყენებით. თუ კლიენტი გეგმავს დიდი რაოდენობით აქციის შეძენას, ბროკერმა შეიძლება იყიდოს ეს აქციები მიმდინარე ფასად იმ იმედით, რომ კლიენტის მიერ განთავსებული ყიდვის მსხვილი შეკვეთის აღსრულების შემდეგ ამ აქციის ფასი მნიშვნელოვნად მოიმატებს.
3. მოგების მიღება ბაზრის მოძრაობის მეშვეობით
როდესაც კლიენტის ტრანზაქცია აღსრულდება და აქტივის ფასი მოიმატებს, ბროკერი გაყიდის საკუთარ აქციებს (ან დახურავს საკუთარ პოზიციას) და მიიღებს მოგებას. კლიენტის შეკვეთის აღსრულება გავლენას მოახდენს ბაზარზე, რაც სარგებელს მოუტანს ბროკერს, რომელიც მოქმედებდა იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელზე წვდომაც არ ჰქონდათ ბაზრის სხვა მონაწილეებს.
წინმსწრები შეკვეთის მაგალითი ტრადიციულ ბაზრებზე
წინმსწრები შეკვეთის მუშაობის პრინციპის საილუსტრაციოდ, მოდით განვიხილოთ ჰიპოთეტური მაგალითი:
მსხვილმა ინსტიტუციურმა ინვესტორმა გადაწყვიტა შეიძინოს კომპანია X-ის 1 მილიონი აქცია.
ინვესტორი ამ შეკვეთას განათავსებს საკუთარი ბროკერის დახმარებით.
ბროკერი, რომელმაც იცის, რომ მსგავსი ზომის შეკვეთა გამოიწვევს აქციის ფასის ზრდას, კლიენტის შეკვეთის აღსრულებამდე საკუთარი ანგარიშით ყიდულობს კომპანია X-ის 10 000 აქციას.
როგორც მოსალოდნელი იყო, კლიენტის შეკვეთის შესრულების შემდეგ ამ აქციის ფასი მაღლა იწევს. ბროკერი ყიდის საკუთარ 10 000 აქციას უფრო მაღალ ფასად და იღებს მოგებას.
რატომ არის წინმსწრები შეკვეთა არაკანონიერი?
წინმსწრები შეკვეთა ბევრ ქვეყანაში კანონის დარღვევად ითვლება, რადგან ამ დროს:
გამოიყენება კონფიდენციალური ინფორმაცია: კლიენტები ენდობიან ფინანსური სფეროს სპეციალისტებს და მათგან მოელიან, რომ ისინი იმოქმედებენ კლიენტების ინტერესებიდან გამომდინარე. პირადი სარგებლის მიღების მიზნით კონფიდენციალური ინფორმაციის გამოყენება ამ ნდობის დაკარგვას იწვევს.
საფრთხე ექმნება ბაზრის მთლიანობას: წინმსწრები შეკვეთა საფრთხეს უქმნის ბაზრის სამართლიანად ფუნქციონირებას, რადგან უპირატესობას ანიჭებს ინფორმაციაზე წვდომის პრივილეგიის მქონე პირებს.
ზიანს აყენებს ინვესტორებს: წინმსწრები შეკვეთით გამოწვეული ფასის მანიპულაციის გამო, კლიენტები და ბაზრის სხვა მონაწილეები იღებენ ფინანსურ ზარალს.
წინმსწრები შეკვეთების პრევენციის მიზნით, მარეგულირებელ უწყებებს, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდების და ბირჟების კომისია (SEC) დაწესებული აქვთ მკაცრი წესები და ჯარიმები.
წინმსწრები შეკვეთის ტიპები
წინმსწრებ შეკვეთა შეიძლება სხვადასხვა ბაზარზე განხორციელდეს, რომელთა შორისაა:
1. საფონდო ბირჟები
საფონდო ბირჟაზე ვაჭრობისას, ბროკერებმა შეიძლება გამოიყენონ დიდი რაოდენობით აქციების ყიდვის ან გაყიდვის შესახებ ინფორმაცია საკუთარი ვაჭრობის განხორციელების მიზნით. ეს წარმოადგენს წინმსწრები შეკვეთის ყველაზე გავრცელებულ ფორმას.
2. სასაქონლო და ფორექს ბაზრები
სასაქონლო სავალუტო (ფორექს) ბაზრებზე მოვაჭრე ტრეიდერებმა შეიძლება განახორციელონ წინმსწრები შეკვეთა, თუ მათ აქვთ წვდომა ინფორმაციაზე მოსალოდნელი მსხვილი ტრანზაქციების შესახებ.
3. კრიპტოვალუტის ბაზრები
კრიპტოვალუტით ვაჭრობის პოპულარობის ზრდის პარალელურად იზრდება ამ სექტორში წინმსწრებ ვაჭრობასთან დაკავშირებული საფრთხეები. ეს განსაკუთრებით გავრცელებულია დეცენტრალიზებულ სავაჭრო პლატფორმებზე. მომდევნო განყოფილებაში ამ საკითხს უფრო დეტალურად განვიხილავთ.
წინმსწრები შეკვეთა კრიპტოვალუტის ბაზრებზე
როგორ მუშაობს წინმსწრები შეკვეთა კრიპტოს სივრცეში
კრიპტოვალუტის კონტექსტში, წინმსწრები შეკვეთა ჩვეულებრივ დაკავშირებულია დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) პლატფორმაზე განხორციელებულ ბლოკჩეინ-ტრანზაქციებთან. ის განსაკუთრებით ხშირია დეცენტრალიზებულ ბირჟებზე (DEX) და ავტომატური მარკეტ-მეიკერის (AMM) პროტოკოლებში, სადაც ტრანზაქციების დამუშავება ხდება სმარტ კონტრაქტების მეშვეობით და ბლოკჩეინზე მათი ნახვა დადასტურებამდეა შესაძლებელი.
აი როგორ მუშაობს ეს მექანიზმი:
მომლოდინე ტრანზაქციებზე დაკვირვება. საჯარო ბლოკჩეინის ქსელებში, როგორებიცაა Ethereum, Solana და BNB Chain, ტრანზაქციების ნახვა მათ დადასტურებამდეა შესაძლებელი. არაკეთილსინდისიერ ტრეიდერებს ან ბოტებს აქვთ მსხვილ მომლოდინე ტრანზაქციებზე თვალყურის დევნების შესაძლებლობა.
პრიორიტეტული ტრანზაქციის გამოქვეყნება. Ethereum-ზე და BNB Chain-ზე, ბოტებს შეუძლიათ გადაიხადონ უფრო მეტი გაზის საკომისიო საკუთარი ტრანზაქციებისთვის პრიორიტეტის მინიჭების მიზნით. Solana-ზე წინმსწრები შეკვეთა ჩვეულებრივ ხორციელდება პრიორიტეტის საკომისიოების გამოყენებით ან ვალიდატორების მიერ, რომელთაც აქვთ პრივილეგირებული წვდომა ტრანზაქციის მონაცემებზე.
არაკეთილსინდისიერ ტრეიდერს შეუძლია გადაიხადოს უფრო მაღალი გაზის საკომისიო, რის შემდეგაც მისი ტრანზაქცია უფრო ადრე დამუშავდება, ვიდრე სამიზნე მსხვილი ტრანზაქცია. ეს მათ მისცემს საშუალებას მიიღონ სარგებელი ფასის ცვლილებიდან, რაც მოჰყვება მსხვილი ტრანზაქციის დამუშავებას.
მოგების მიღება ფასის მოძრაობით. მაგალითად, თუ მომლოდინე ტრანზაქცია დიდი რაოდენობით ტოკენის ყიდვას მოიცავს, წინმსწრები შეკვეთით ხდება ამ ტოკენის მიმდინარე ფასად ყიდვა. როდესაც მსხვილი ტრანზაქციის აღსრულების შემდეგ ფასი მოიმატებს, წინსმწრები შეკვეთის განმხორციელებელი პირი გაყიდის საკუთარ ტოკენს და მიიღებს მოგებას.
მსხვილ ტრანზაქციებზე მონიტორინგის გარდა, წინმსწრები შეკვეთით მოვაჭრეები ასევე იყენებენ დაბალი ლიკვიდურობის ბაზრებს ან იმ ტრეიდერების ქმედებებს, რომლებიც იყენებენ ფასის ცურვის მაღალ მაჩვენებლებს DEX-ებზე, როგორიცაა Uniswap, PancakeSwap ან Raydium.
დაბალი ლიკვიდურობის ბაზრებზე ფასის ცურვის გამოყენება
ფასის ცურვის პარამეტრებით განისაზღვრება ფასის ვარიაციის დიაპაზონი, რომელსაც ტრეიდერები მიუთითებენ იმისათვის, რომ თავიდან აიცილონ საკუთარი ტრანზაქციების წარუმატებლობა. დაბალი ლიკვიდურობის ბაზრებზე მაღალი ფასის ცურვის მაღალი მაჩვენებლის მითითებამ ტრეიდერი შეიძლება წინმსწრები შეკვეთების სამიზნედ აქციოს.
მაგალითად, თუ ბობს სურს დაბალი ლიკვიდურობის მქონე meme მონეტის შეძენა DEX-ზე, მან შეიძლება მიუთითოს ფასის ცურვის მაღალი პარამეტრი, რაც მას გარანტიას მისცემს, რომ მისი შეკვეთა აღსრულდება. ეს ფაქტი შეიძლება დააფიქსიროს წინმსწრები შეკვეთის ბოტმა, გადაიხადოს უფრო მაღალი გაზის საკომისიო არსებული ლიკვიდურობის საკუთარი ტრანზაქციის აღსრულებისთვის გამოსაყენებლად და შემდეგ მიჰყიდოს ეს ტოკენი ბობს უფრო მაღალ ფასად.
რადგან ბობის მიერ მითითებული ფასის ცურვის მაღალი მაჩვენებელი იძლევა უფრო მაღალ ფასად ყიდვის შესაძლებლობას, ბობი გადაიხდის მოსალოდნელზე უფრო მაღალ ფასს, რითაც ისარგებლებს პირი, რომელმაც წინმსწრები შეკვეთა განახორციელა. რაც უფრო დიდია ბობის შეკვეთის ზომა და ფასის ცურვის დიაპაზონი, მით მეტი იქნება ამ ქმედების გავლენა ფასზე.
წინმსწრები შეკვეთის ეს ფორმა შეიძლება მაღალი ლიკვიდურობის ბაზრებზეც იქნეს გამოყენებული, თუ ფასის ცურვის პარამეტრები ძალიან მაღალია, რაც ბოტებს ფასებით მანიპულაციის და მოგების არასამართლიანად გადანაწილების საშუალებას მისცემს.
MEV და წინმსწრები შეკვეთა Solana-ზე
Solana-ს, რომელიც სწრაფ და მასშტაბირებად ბლოკჩეინს წარმოადგენს, საკუთარი პრობლემები აქვს წინმსწრებ შეკვეთებთან დაკავშირებით, რის მიზეზსაც მაქსიმალური ამოღებადი ღირებულება (MEV) წარმოადგენს. MEV აღნიშნავს მოგებას, რომელსაც ვალიდატორები ან ბოტები იღებენ ბლოკში შემავალ ტრანზაქციების შეკვეთებზე განხორციელებული მანიპულაციების მეშვეობით. Solana-ზე MEV-თან დაკავშირებული წინსმსწრები შეკვეთების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა ის ფაქტი, რომ ამ ბლოკჩეინზე ტრანზაქციების ნახვა შესაძლებელია მათ აღსრულებამდე, რაც ტრეიდერებს ამ ინფორმაციის პირადი სარგებლის მიღების მიზნით გამოყენების საშუალებას აძლევს.
Ethereum-ისგან განსხვავებით, სადაც ტრანზაქციების პრიორიტიზება ხდება გაზის საკომისიოს ოდენობის საფუძველზე, Solana-ზე ტრეიდერებს შეუძლიათ გამოიყენონ პრიორიტეტის საკომისიოები საკუთარი ტრანზაქციების პირველად დამუშავების მიზნით. ეს ნიშნავს, რომ ბოტებს და ვალიდატორებს შეუძლიათ გადაიხადონ უფრო მაღალი საკომისიო და საკუთარი ტრანზაქციები სხვებზე ადრე დაამუშაონ, რაც ძალიან ჰგავს ტრადიციულ წინმსწრებ შეკვეთას. ყიდვის ან გაყიდვის მსხვილი შეკვეთის დაფიქსირების შემთხვევაში, MEV ბოტს შეუძლია სწრაფად განათავსოს საკუთარ შეკვეთა ფასის მოსალოდნელი ცვლილებით სარგებლის მიღების მიზნით.
MEV-თან დაკავშირებული წინსმსწრები შეკვეთების წინააღმდეგ ბრძოლისთვის, დეველოპერები ცდილობენ შეიმუშაონ ახალი ინსტრუმენტები, როგორებიცაა კონფიდენციალური mempool-ები, ტრანზაქციების სამართლიანი პრიორიტიზების სისტემები და MEV აუქციონები, რაც მოგების სამართლიანად გადანაწილების შესაძლებლობას იძლევა. მიუხედავად იმისა, რომ Solana-ს ტრანზაქციების დამუშავების სისწრაფე გარკვეული ტიპის რისკების შემცირებას უწყობს ხელს, MEV კვლავ აქტუალურ გამოწვევად რჩება.
წინმსწრები შეკვეთების პრევენცია კრიპტო სივრცეში
კრიპტოვალუტით ვაჭრობის დიდი ნაწილი დეცენტრალიზებულ პლატფორმებზე ხორციელდება. ეს ართულებს წინმსწრები შეკვეთების პრევენციას და არაკეთილსინდისიერი მონაწილეების დასჯას. თუმცა არსებობს გარკვეული ზომების მიღების შესაძლებლობა.
კრიპტო სივრცეში წინმსწრები შეკვეთების თავიდან ასაცილებლად, ტრეიდერებს შეუძლიათ:
შეამცირონ ფასის ცურვის დიაპაზონი მეტი უსაფრთხოებისთვის.
გამოიყენონ კონფიდენციალური ტრანზაქციის მეთოდები საკუთარი შეკვეთების ბოტებისგან დაცვის მიზნით.
დიდი ზომის შეკვეთა რამდენიმე შეკვეთაზე გადაანაწილონ შეუმჩნევლად დარჩენის მიზნით.
გამოიყენონ MEV-ისგან დაცვის ინსტრუმენტები მაგალითად MEV ბლოკერები, ფლეშბოტები (Ethereum) ან კონფიდენციალური mempool-ები (Solana).
კრიპტო სივრცეში წინმსწრები შეკვეთების მუშაობის პრინციპის ცოდნით, ტრეიდერებს შეუძლიათ უკეთ დაიცვან საკუთარი ინვესტიციები და თავიდან აიცილონ ზარალი.
შეჯამება
წინმსწრები შეკვეთა ბაზარზე მოქმედების ეთიკის სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს და იწვევს ნდობის დაკარგვას. ეს პრაქტიკა საფრთხეს წარმოადგენს როგორც ტრადიციული ფინანსური ბაზრებისთვის, ასევე განვითარების ეტაპზე მყოფი სექტორებისთვის, როგორიცაა კრიპტოვალუტის სივრცე. წინმსწრები შეკვეთების მუშაობის პრინციპის ცოდნით და პრევენციული ზომების გატარებით, ტრეიდერებს, ინვესტორებს და რეგულატორებს შეუძლიათ ერთობლივად შექმნან უფრო გამჭვირვალე და სამართლიანი გარემო ვაჭრობისთვის.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.