რა არის მარჟით ვაჭრობა?

რა არის მარჟით ვაჭრობა?

განახლებული Aug 11, 2026
8m

მთავარი დეტალები

  • მარჟით ვაჭრობა წარმოადგენს ნასესხები თანხების გამოყენებით აქტივებით ვაჭრობის მეთოდს, რომელიც საშუალებას აძლევს ტრეიდერებს, გახსნან მათ ხელთ არსებულ კაპიტალზე მსხვილი სავაჭრო პოზიციები.

  • კრიპტო მარჟით ვაჭრობისას ტრეიდერებს, როგორც წესი, შეუძლიათ არჩევანის გაკეთება იზოლირებულ მარჟას (სადაც რისკები კონკრეტული პოზიციით შემოიფარგლება) და კროს-მარჟას შორის (სადაც ანგარიშზე არსებული ბალანსი ყველა ღია პოზიციაზე ნაწილდება).

  • მარჟით ვაჭრობა ზრდის როგორც პოტენციურ მოგებას, ისე პოტენციურ ზარალს და მნიშვნელოვან რისკებთან ასოცირდება, განსაკუთრებით კრიპტოვალუტების და სხვა, მსგავსი მერყეობის მაჩვენებლების მქონე ბაზრებზე.

  • თუ ანგარიშის ბალანსი შენარჩუნების მარჟის მაჩვენებელს ჩამოცდება, პლატფორმისგან მიიღებთ მარჟინ-ქოლს ან მოხდება თქვენი სავაჭრო პოზიციის ავტომატურად დახურვა. ბაზარზე ფასების მკვეთრი ცვლილების შემთხვევაში ეს პროცესი შესაძლოა რამდენიმე წამშიც კი განხორციელდეს.

Binance Academy-ს კურსების ბანერი

შესავალი

მარჟით ვაჭრობისას ტრეიდერები ვაჭრობის მთლიანი ღირებულების ნაწილს საწყისი მარჟის სახით უზრუნველყოფენ, ხოლო დარჩენილ თანხას სესხის სახით იღებენ ბროკერის, ბირჟის ან ბაზრის სხვა მონაწილეებისგან. აღნიშნული მექანიზმი მათ ხელმისაწვდომ კაპიტალთან შედარებით ბევრად მსხვილი სავაჭრო პოზიციების გახსნის შესაძლებლობას აძლევს.

სტანდარტული სპოტ ვაჭრობისგან განსხვავებით, სადაც მოგება და ზარალი მხოლოდ ინვესტირებული კაპიტალის პროპორციულია, მარჟით ვაჭრობისას ფინანსური შედეგების გაანგარიშება სავაჭრო პოზიციის სრული მოცულობის შესაბამისად ხდება. მარჟით ვაჭრობა წარმოადგენს მეტად ეფექტურ, თუმცა მაღალი რისკების შემცველ ინსტრუმენტს, რომლის სათანადოდ გამოყენებისთვის საჭიროა ლევერიჯის მექანიზმებისა და რისკების მართვის მეთოდების შესახებ საფუძვლიანი ინფორმაციის ფლობა.

მიუხედავად იმისა, რომ მარჟით ვაჭრობის მოდელის ჩამოყალიბება ტრადიციულ ფინანსურ ბაზრებთანაა ასოცირებული, დღესდღეობით იგი ფართოდ გამოიყენება აქციების, სასაქონლო, სავალუტო და კრიპტოვალუტების ბაზრებზეც. ტრადიციულ ბაზრებზე თანხების სესხის სახით აღება, როგორც წესი, საინვესტიციო ბროკერებისგან ხდება. კრიპტოინდუსტრიის ფარგლებში კი აღნიშნულ შესაძლებლობას სხვა ტრეიდერები უზრუნველყოფენ, საპროცენტო სარგებლის მიღების მიზნით, თუმცა ზოგჯერ მარჟით დაფინანსება უშუალოდ სავაჭრო ბირჟების მიერაც ხდება.

როგორ მუშაობს მარჟით ვაჭრობა

მარჟით ვაჭრობის საწყის ეტაპზე ხდება ტრეიდერის მიერ შეკვეთის ჯამური ღირებულების ნაწილის საწყისი მარჟის სახით განთავსება. ლევერიჯის კოეფიციენტი მიუთითებს, თუ რა მოცულობის ნასესხები კაპიტალი გამოიყენება ტრეიდერის საკუთრებაში არსებულ სახსრებთან შეფარდებით. მაგალითად, 10x ლევერიჯით 10 000 აშშ დოლარის ღირებულების პოზიციის გასახსნელად საწყისი მარჟის სახით საჭიროა 1000 აშშ დოლარის უზრუნველყოფა, ხოლო დარჩენილი 9000 აშშ დოლარი სესხის სახით გაიცემა.

ლევერიჯის ლიმიტი განსახვავდება ბაზრებისა და პლატფორმების მიხედვით:

  • აქციების ბაზრები: როგორც წესი, 2:1

  • სავალუტო ბირჟის ბროკერები: როგორც წესი, 50:1; ზოგიერთ პლატფორმაზე 100:1 ან უფრო მაღალი

  • კრიპტო ბაზრები: როგორც წესი, 2:1-დან 100:1-მდე, ბირჟის, აქტივისა და მოქმედი რეგულაციების მიხედვით

მარეგულირებელი მოთხოვნები იურისდიქციების მიხედვით განსხვავდება. ზოგიერთ რეგიონში, მათ შორის ევროკავშირში, საცალო ტრეიდერებისთვის კრიპტოაქტივებზე ლევერიჯთან დაკავშირებით შედარებით მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. 2026 წლის განმავლობაში რამდენიმე იურისდიქციაში კვლავ გაგრძელდა ლევერიჯის მაქსიმალური ზღვრებისა და პოზიციების იძულებითი ლიკვიდაციის გამჟღავნების წესების გადახედვა. შესაბამისად, ლევერიჯის მქონე პოზიციების გახსნამდე ტრეიდერებმა უნდა გადაამოწმონ ის ნორმები, რომლებიც მათ ადგილმდებარეობასა და არჩეულ პლატფორმას მიესადაგება.

Long და Short პოზიციები

ანგარიშების გამოყენება შესაძლებელია როგორც Long, ისე Short პოზიციების გასახსნელად. Long პოზიცია ასახავს მოლოდინს, რომ აქტივის ფასი გაიზრდება. Short პოზიცია კი საპირისპირო პრინციპით მოქმედებს: ტრეიდერი სესხის სახით იღებს აქტივს, ყიდის მას მიმდინარე ფასად და მიზნად ისახავს მოგვიანებით უფრო დაბალ ფასად გამოსყიდვას, რათა დააბრუნოს ნასესხები თანხა და მიიღოს სარგებელი ფასთაშორის სხვაობით.

მარჟით ვაჭრობის პოზიციის გახსნილ მდგომარეობაში შენარჩუნების პერიოდში, დეპოზიტის სახით შეტანილი თანხები უზრუნველყოფის მიზნით გამოიყენება. სავაჭრო ბირჟები და ბროკერები იტოვებენ უფლებას, იძულებით დახურონ აღნიშნული პოზიციები, თუ ბაზრის დინამიკა დადგენილ ზღვარს გასცდება, ხელმისაწვდომ უზრუნველყოფაზე მეტი ზარალის თავიდან აცილების მიზნით.

იზოლირებული მარჟა და კროს-მარჟა

კრიპტო მარჟით ვაჭრობის პლატფორმები, როგორც წესი, გვთავაზობენ მარჟის ორ რეჟიმს, რომელთაგან თითოეული რისკების განსხვავებული პროფილით გამოირჩევა.

  • იზოლირებული მარჟა: რისკის ქვეშ მყოფი თანხები შემოიფარგლება მხოლოდ კონკრეტული პოზიციისთვის განსაზღვრული მარჟით. აღნიშნული პოზიციის ლიკვიდაცია მხოლოდ განსაზღვრული თანხის დაკარგვას გამოიწვევს, ანგარიშზე დარჩენილი ბალანსი კი ხელუხლებელი რჩება. აღნიშნული რეჟიმი ტრეიდერებს თითოეული შეკვეთის ფარგლებში რისკების უფრო ეფექტურად მართვის საშუალებას აძლევს.

  • კროს-მარჟა: ხდება ანგარიშზე არსებული მთლიანი ხელმისაწვდომი ბალანსის გადანაწილება ყველა ღია პოზიციაზე. აღნიშნული მექანიზმი ხელს უწყობს ცალკეული პოზიციების ლიკვიდაციის თავიდან აცილებას ფასების მოკლევადიანი ცვლილებების დროს, თუმცა რისკის ქვეშ აყენებს მთლიან ბალანსს, თუ ანგარიშის საერთო ჯამი შენარჩუნების მარჟის ზღვარს ჩამოცდება.

შესაბამისად, თქვენთვის შესაბამისი მარჟის ტიპის არჩევისას რეკომენდებულია ვაჭრობის ინდივიდუალური სტილის, სავაჭრო პოზიციის ზომების და რისკის მისაღები დონის გათვალისწინება. დეტალური ინფორმაციისთვის, იხილეთ Binance Academy-ს გზამკვლევი იზოლირებული მარჟა და კროს-მარჟა.

მარჟინ-ქოლი და ლიკვიდაცია

თუ ღია სავაჭრო პოზიცია ტრეიდერის პროგნოზის საპირისპიროდ დაიწყებს მოძრაობას და ანგარიშის მარჟა ბირჟის მიერ დადგენილ შენარჩუნების მარჟის ზღვარს ჩამოცდება, მოხდება მარჟინ-ქოლის გააქტიურება. ეს არის შეტყობინება, რომლის მეშვეობითაც ტრეიდერს წარედგინება მოთხოვნა დამატებითი თანხის შეტანის ან სავაჭრო პოზიციის ზომის შემცირების შესახებ, ანგარიშის ბალანსთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით.

ტრეიდერის მიერ რეაგირების დაგვიანების შემთხვევაში, შესაძლოა განხორციელდეს იძულებითი ლიკვიდაცია სავაჭრო ბირჟის მიერ, რაც გულისხმობს პოზიციის ავტომატურად დახურვას, დამატებითი ზარალის თავიდან აცილების მიზნით.

პრაქტიკული მაგალითი

ტრეიდერი ხსნის 5000 აშშ დოლარის ღირებულების BTC-ის long პოზიციას 5x ლევერიჯით, სადაც საწყისი მარჟის სახით განათავსებს 1000 აშშ დოლარს, ხოლო დარჩენილ 4000 აშშ დოლარს სესხის სახით იღებს. BTC-ის ფასის 20%-ით შემცირების შემთხვევაში, სავაჭრო პოზიცია კარგავს 1000 აშშ დოლარს, რაც საწყისი მარჟის სრული მოცულობის ტოლია (გაანგარიშება ხდება საკომისიოების გათვალისწინების გარეშე, პროპორციული ცვლილების დაშვებით). სავაჭრო ბირჟების უმეტესობის შემთხვევაში, შენარჩუნების მარჟის მინიმალური ზღვარი ნულზე მაღალია, რის გამოც ხდება მარჟინ-ქოლის შეტყობინების გაგზავნა ან პოზიციის ლიკვიდაცია მანამ, სანამ ზარალი საწყის მარჟას სრულად დაფარავს. ლიკვიდაციის ზუსტი ნიშნული დამოკიდებულია ბირჟის მიერ დადგენილი შენარჩუნების მარჟის განაკვეთსა და პოზიციის მოცულობაზე.

რეალური სამყაროს კონტექსტი

სწრაფად ცვალებად ბაზრებზე, ლიკვიდაციით გამოწვეული იძულებითი გაყიდვები შესაძლოა ფასების კიდევ უფრო შემცირების მიზეზი გახდეს, რასაც, ხშირ შემთხვევაში, სხვა ანგარიშებზე დამატებითი ლიკვიდაციების განხორციელება მოსდევს თან. აღნიშნული ჯაჭვური პროცესი, რომელსაც „ლიკვიდაციების კასკადს“ უწოდებენ, განსაკუთრებით მწვავედ ვლინდება დაბალი ლიკვიდურობის მქონე შეკვეთების წიგნების არსებობის შემთხვევაში. სწორედ ეს არის იმის მთავარი მიზეზი, რომ მკვეთრი მერყეობის პირობებში მაღალი ლევერიჯის მქონე პოზიციები შესაძლოა წინასწარი გაფრთხილების გარეშე დაიხუროს.

აღნიშნული პროცესების მასშტაბი შესაძლოა საკმაოდ შთამბეჭდავი იყოს. 2026 წლის ივლისის ანგარიშის თანახმად, ბაზრის კრიზისული პერიოდის დროს სამხრეთ კორეაში საცალო ინვესტორების 1,2 მილიონზე მეტმა ლევერიჯის მქონე ანგარიშმა მიაღწია მარჟინ-ქოლის ზღვარს, ხოლო 320 000-დან 360 000-მდე ანგარიში სრულ ლიკვიდაციას დაექვემდებარა. მსგავსი შემთხვევები ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად სწრაფად შეუძლია ლევერიჯს ფასის მცირედი რყევაც კი საწყისი მარჟის სრული დაკარგვის მიზეზად აქციოს.

მარჟით ვაჭრობის უპირატესობები და რისკები

პოტენციური უპირატესობები

  • უფრო მსხვილ სავაჭრო პოზიციებზე წვდომა სრული კაპიტალის წინასწარ დაბანდების გარეშე

  • ერთდროულად რამდენიმე პოზიციის გახსნის შესაძლებლობა თითოეული შეკვეთისთვის განკუთვნილი შედარებით მცირე კაპიტალით, რაც ხელს უწყობს დივერსიფიკაციას

  • მოგების მიღების შესაძლებლობა როგორც long, ისე short ბაზრებზე

  • პოზიციის უფრო სწრაფად გახსნის შესაძლებლობა ანგარიშებს შორის დიდი ოდენობით თანხების გადარიცხვის აუცილებლობის გარეშე

ძირითადი რისკები

  • ზარალი პროპორციულად იზრდება და შესაძლოა გადააჭარბოს საწყის დეპონირებულ მარჟას

  • მერყევ ბაზრებზე მარჟინ-ქოლის და იძულებითი ლიკვიდაციის პროცესები შესაძლოა ძალიან სწრაფად განვითარდეს

  • თანხის სესხებასთან დაკავშირებული ხარჯები დროთა განმავლობაში ამცირებს წმინდა სარგებელს, განსაკუთრებით იმ პოზიციებისთვის, რომელთა გახსნილ მდგომარეობაში შენარჩუნებაც ხანგრძლივი ვადით ხდება

  • კრიპტოვალუტების ბაზრებზე ფასების მკვეთრმა ცვალებადობამ შესაძლოა გამოიწვიოს იძულებითი ლიკვიდაცია ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე

მარჟით ვაჭრობისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რისკების მართვის ეფექტური პრაქტიკის გამოყენება. stop-limit შეკვეთები და სხვა, მსგავსი ინსტრუმენტები საშუალებას გაძლევთ პოზიციის გახსნამდე, წინასწარ განსაზღვროთ ზარალის მაქსიმალური დასაშვები ოდენობა.

მარჟით ვაჭრობა კრიპტო ბაზრებზე

კრიპტოვალუტების ბაზრებზე მარჟით ვაჭრობა ტრადიციულ ბაზრებთან შედარებით მეტ რისკებთან არის დაკავშირებული, რაც კრიპტოაქტივებისთვის დამახასიათებელი მაღალი მერყეობითაა განპირობებული. ფასები შესაძლოა მოკლე დროში მკვეთრად შეიცვალოს, რის გამოც შესაძლოა მოხდეს მაღალი ლევერიჯის მქონე პოზიციების ლიკვიდაცია ტრეიდერის მიერ მიმდინარე პროცესებზე რეაგირებამდე.

ქვემოთ მოცემულია ზოგადი რეკომენდაციები იმ ტრეიდერებისთვის, რომლებიც მარჟით ვაჭრობის დაწყებას გეგმავენ:

  • ტექნიკური ანალიზის ინსტრუმენტების შესახებ საფუძვლიანი ცოდნის მოპოვება ლევერიჯის გამოყენების დაწყებამდე

  • პირველ რიგში, სპოტ ვაჭრობასთან დაკავშირებული გამოცდილების მიღება და პირდაპირ რეჟიმში მომუშავე ბაზრებზე შეკვეთების აღსრულების პრინციპების შესწავლა

  • სწავლის პროცესში ფინანსური რისკების მაქსიმალურად შესამცირებლად, საწყის ეტაპზე მცირე ლევერიჯის გამოყენება

  • Stop-loss და take-profit დონეების განსაზღვრა ლევერიჯის მქონე პოზიციის გახსნამდე

ასევე მნიშვნელოვანია მარჟით ვაჭრობისა და ფიუჩერსებით ვაჭრობის ერთმანეთისგან გამიჯვნა. მარჟით ვაჭრობა გულისხმობს სესხის სახით აღებული თანხების გამოყენებას სპოტ-აქტივებით მიმდინარე საბაზრო ფასად ვაჭრობისთვის. ფიუჩერსებით ვაჭრობა ეფუძნება კონტრაქტებს, რომლებიც საბაზისო აქტივის პირდაპირი ფლობის გარეშე მოსალოდნელი ფასებით სპეკულირების საშუალებას იძლევა. ლევერიჯი ორივე შემთხვევაში გამოიყენება, თუმცა მათი მექანიზმები, საკომისიოების სტრუქტურა და ანგარიშსწორების პროცესი განსხვავებულია. მრავალი სავაჭრო ბირჟა მომხმარებლებს უვადო ფიუჩერსების კონტრაქტებს სთავაზობს, რომლებიც ორივე მიდგომის ელემენტებს აერთიანებს.

როგორ მუშაობს მარჟის უზრუნველყოფა

ზოგიერთი ბირჟა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, საპროცენტო სარგებლის მიღების მიზნით, სესხის სახით გასცენ საკუთარი თანხები სხვა ტრეიდერების მარჟის პოზიციების უზრუნველყოფის მიზნით. ამ ფუნქციას მარჟის უზრუნველყოფას უწოდებენ. გამსესხებელი მხარე თავად ადგენს ისეთ პირობებს, როგორიცაა საპროცენტო განაკვეთი და სესხის ხანგრძლივობა. მსესხებელი მხარის მიერ ამ პირობების დადასტურების შემთხვევაში, გამსესხებელი მხარე სესხის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში იღებს საპროცენტო სარგებელს.

მარჟის უზრუნველყოფის სერვისების პროვაიდერებს, როგორც წესი, უწევთ ისეთ რისკებთან გამკლავება, როგორიცაა ბირჟის ლიკვიდაციის სისტემა, რომლის მიერაც ხდება წამგებიან სავაჭრო პოზიციების დახურვა მანამ, სანამ ზარალი გადააჭარბებს სესხის სახით არსებულ უზრუნველყოფას. თუმცა, მარჟის უზრუნველყოფის პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭიროა თანხების ბირჟის საფულეში შენახვა, რაც კასტოდიალურ სერვისებთან დაკავშირებულ რისკებს წარმოშობს. ნებისმიერი თანხის ინვესტირებამდე მომხმარებლებმა საფუძვლიანად უნდა შეისწავლონ აღნიშნული ფუნქციის კონკრეტულ პლატფორმაზე მუშაობის მექანიზმი.

ხშირად დასმული შეკითხვები

რა განსხვავებაა მარჟით ვაჭრობას და ლევერიჯით ვაჭრობას შორის?

ამ ორ კონცეფციას ბევრი საერთო, თუმცა, ამავდროულად, ბევრი განმასხვავებელი მახასიათებელი აქვს. მარჟით ვაჭრობა უშუალოდ პოზიციის გახსნის მიზნით თანხის სესხების პრაქტიკას გულისხმობს, ხოლო ლევერიჯი ნასესხები კაპიტალისა და ტრეიდერის საკუთარი სახსრების შეფარდებას ასახავს. პრაქტიკული თვალსაზრისით, სწორედ მარჟით ვაჭრობა უზრუნველყოფს ლევერიჯის მექანიზმზე წვდომას.

არის თუ არა მარჟით ვაჭრობა შესაფერისი დამწყებთათვის?

მარჟინალური ვაჭრობა, როგორც წესი, არ არის რეკომენდებული ფინანსური ბაზრების ახალბედა ტრეიდერებისთვის. მაღალი რისკი, მარჟინ-ქოლის ალბათობა და პოზიციების მუდმივი მონიტორინგის აუცილებლობა ამ ტიპის ვაჭრობას უფრო მეტად შესაფერისს ხდის იმ ტრეიდერებისთვის, რომელთაც უკვე აქვთ სპოტ-ბაზარზე ვაჭრობის გამოცდილება და კარგად იცნობენ რისკების მართვის ძირითად პრინციპებს.

რა მოხდება ჩემი სავაჭრო პოზიციის ლიკვიდაციის შემთხვევაში?

სავაჭრო პოზიციის ლიკვიდაციის დროს ხდება პლატფორმის მიერ მისი ავტომატურად დახურვა, უზრუნველყოფაზე მაღალი ზარალის დაფიქსირების თავიდან აცილების მიზნით. იზოლირებული მარჟის შემთხვევაში, ხდება მხოლოდ აღნიშნული პოზიციისთვის განსაზღვრული მარჟის დაკარგვა. კროს-მარჟის შემთხვევაში კი ზარალმა შესაძლოა თქვენი ანგარიშის მთლიანი ბალანსი მოიცვას. მაღალი მერყეობის პირობებში ლიკვიდაცია შესაძლოა ძალიან სწრაფად და არახელსაყრელი ფასებით განხორციელდეს.

არსებობს თუ არა საწყის მარჟაზე მეტი თანხის დაკარგვის ალბათობა?

თანამედროვე კრიპტო პლატფორმების უმეტესობის შემთხვევაში, ინტეგრირებული ლიკვიდაციის სისტემები მიზნად ისახავს პოზიციების დახურვას მანამ, სანამ ზარალი განთავსებულ მარჟას გადააჭარბებს. თუმცა, ექსტრემალურ საბაზრო პირობებში, როდესაც ფასთა შორის მნიშვნელოვანი სხვაობა ფიქსირდება, ზოგიერთმა პლატფორმამ შესაძლოა დამატებითი მექანიზმები გამოიყენოს. მარჟით ვაჭრობის დაწყებამდე მნიშვნელოვანია მოიპოვოთ ინფორმაცია თქვენ მიერ არჩეული პლატფორმის უარყოფით ბალანსებთან დაკავშირებული მიდგომის შესახებ.

შეჯამება

მარჟით ვაჭრობა საშუალებას აძლევს ტრეიდერებს, ისესხონ თანხები უფრო დიდი სავაჭრო პოზიციების გახსნის მიზნით, რაც უზრუნველყოფს მაღალი სარგებლის მიღების შესაძლებლობას, თუმცა, იმავდროულად, ზრდის მნიშვნელოვანი ზარალის რისკსაც. კრიპტოვალუტების ბაზარზე მარჟით ვაჭრობა, ტრადიციულ აქტივებთან შედარებით, მერყეობასთან დაკავშირებულ მეტ რისკებთანაა ასოცირებული. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სათანადო გეგმის შედგენა და რისკების მართვის ეფექტური პრაქტიკის გამოყენება. მათთვის, ვინც მარჟით ვაჭრობის დაწყებას გეგმავს, ლევერიჯის გამოყენებამდე აუცილებელ ნაბიჯებს წარმოადგენს სპოტ-ვაჭრობის გამოცდილების მიღება და კონკრეტული პლატფორმაზე მოქმედი წესების საფუძვლიანად შესწავლა.

დამატებითი საკითხავი