მთავარი დეტალები
სკალპინგი (ანუ სკალპ-ტრეიდინგი) არის მოკლევადიანი სავაჭრო სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს ფასის მცირე მოძრაობებით სწრაფი მოგების მიღებას და ხშირად საჭიროებს დღეში ათობით, ან სულაც ასობით ვაჭრობის განხორციელებას.
დროთა განმავლობაში, ამ მცირე მოგებებით დიდი თანხის დაგროვებაა შესაძლებელი - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვაჭრობა მაღალი სიზუსტით და დისციპლინით ხორციელდება. სკალპინგში წარმატება დამოკიდებულია სწრაფ აღსრულებაზე, ტექნიკურ ანალიზსა და მონაცემებზე რეალურ დროში წვდომაზე.
სკალპ-ტრეიდინგის სტრატეგიები მოითხოვს მუდმივ ყურადღებას, მენტალურ გამძლეობას და რისკის სათანადოდ მართვას. რეალური თანხებით გარისკვამდე, ნაკლებად გამოცდილი ტრეიდერებისთვის რეკომენდებულია საკუთარი სტრატეგიების სიმულაციურ ვაჭრობაში გამოცდა.
შესავალი
ხშირად აკვირდებით ვაჭრობის 1-წუთიან დიაგრამებს? მოგწონთ ვაჭრობაში შესვლა და გამოსვლა უფრო სწრაფად, ვიდრე ინვესტორი შემოსავლების ანგარიშის გახსნას მოასწრებს? თუ ასეა, სკალპ-ტრეიდინგი სწორედ თქვენთვისაა.
სკალპ-ტრეიდერების მიზანია მოგების მიღება ფასის მცირე მოძრაობებით. მათი მიზანია არა თითოეული ვაჭრობიდან დიდი მოგების მიღება, არამედ პატარა მოგებების ხშირად მიღება. თუ ისინი ამას სწორად გააკეთებენ, დროთა განმავლობაში მათი ანგარიშის ბალანსი გაიზრდება. სკალპინგი ძალიან სარისკო სტრატეგიაა, ამიტომ ტრეიდერები ხშირად იყენებენ stop-loss შეკვეთებს. მოდით უფრო დეტალურად განვიხილოთ ეს მეთოდი.
რა არის სკალპ-ტრეიდინგი?
სკალპინგი დეი-ტრეიდინგის სტრატეგიებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვარიანტია. ეს გულისხმობს ფასის შედარებით მცირე მოძრაობებით მოგების მიღების მცდელობას. სკალპ-ტრეიდერების მიზანს არ წარმოადგენს დიდი მოგება. მათ სურთ ფასების მცირე მოძრაობებით მრავალჯერადი მოგების მიღება.
შესაბამისად, მცირე მოძრაობებისა და ბაზრის არაეფექტურობის საძიებლად, სკალპ-ტრეიდერებმა შესაძლოა მოკლე პერიოდში მრავალი ტრანზაქცია განახორციელონ. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ამ მცირე მოგებების დაგროვებით, დროთა განმავლობაში მიღებული მოგება მნიშვნელოვან ოდენობას აღწევს.
სკალპერების აქტივობები ფიქსირდება ყველა ტიპის ბაზარზე, მათ შორის საფონდო ბირჟებზე, ფორექსზე და კრიპტოვალუტის ბაზრებზე.
სკაპლ-ტრეიდინგთან დაკავშირებული რისკები
მიუხედავად იმისა, რომ სწორად განხორციელების შემთხვევაში სკაპლ-ტრეიდინგით თანხის გამომუშავება შეიძლება, მას თან ახლავს მნიშვნელოვანი რისკები, რომლებიც ტრეიდერებმა ვაჭრობის დაწყებამდე ყურადღებით უნდა შეაფასონ.
ზარალის მაღალი რისკი: დროის მოკლე მონაკვეთებში ფასის მოძრაობები შეიძლება იყოს მკვეთრი და არაპროგნოზირებადი. ვაჭრობის ერთმა არასწორად შერჩეულმა დრომ ან მცირე დანაკარგების სერიამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვიოს.
მოითხოვს მუდმივ ყურადღებას: სკალპინგი სრულ კონცენტრაციას მოითხოვს. ტრეიდერებმა ბაზარი ყურადღებით უნდა აკონტროლონ, ხშირად საათობითაც კი.
სტრესი: სწრაფი ტემპი და ზეწოლა, რომელიც ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებას მოითხოვს, შეიძლება ფსიქოლოგიურად დამღლელი აღმოჩნდეს. ემოციური დისციპლინის გარეშე, ტრეიდერებმა შეიძლება ზედმეტად იაქტიურონ, ზედმეტი ვაჭრობები განახორციელონ ან რამდენიმე მარცხის შემდეგ უარი თქვან საკუთარ სტრატეგიაზე.
ხარჯები: ხშირი ვაჭრობა საჭიროებს საკომისიოების ხშირად გადახდას. თუ არ იყენებთ პლატფორმას, სადაც სავაჭრო საკომისიოები დაბალი ან ნულოვანია, საკომისიოებმა შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს თქვენი მოგება.
კონკურენცია ბოტებთან: დღესდღეობით ბევრი სკალპ-ტრეიდინგი ხორციელდება მაღალსიჩქარიანი სავაჭრო ალგორითმების მეშვეობით. ბოტებს შეუძლიათ მილიწამებში მოახდინონ რეაგირება, რაც რეალურ ტრეიდერებს ურთულებს უპირატესობის შენარჩუნებას.
როგორ მუშაობს სკალპ-ტრეიდინგი
სკალპ-ტრეიდინგის არსი არის სიჩქარე, სიზუსტე და გამეორება. რადგან ამ დროს საქმე გვაქვს დროის მოკლე პერიოდებთან, სკალპ-ტრეიდერები ხშირად ეყრდნობიან ტექნიკურ ანალიზს სავაჭრო შესაძლებლობების იდენტიფიკაციის მიზნით. ზოგჯერ ისინი ვაჭრობას ახორციელებენ სიახლეებისა და ფუნდამენტური ნარატივების საუძველზე, რამაც შესაძლოა დროებით გაზარდოს ვაჭრობის მოცულობა და ლიკვიდურობა.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სკალპ-ტრეიდერები ცდილობენ გამოიყენონ მოკლევადიანი რყევები ფასების უფრო გრძელვადიანი და სტაბილური მოძრაობების დროს. ეს სტრატეგია, სავარაუდოდ არ არის ყველასთვის იდეალური, რადგან ის მოითხოვს ბაზრის მექანიზმების მაღალ დონეზე ცოდნას და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარს (ხშირად სტრესის ქვეშ).
როგორ შოულობენ სკალპ-ტრეიდერები ფულს?
წარმოიდგინეთ სკალპ-ტრეიდინგი, რომლის დროსაც ყიდულობთ Bitcoin-ს 66 000 აშშ დოლარად და რამდენიმე წამის შემდეგ ყიდით 66 050 აშშ დოლარად. 50 აშშ დოლარიანი სხვაობა შეიძლება უმნიშვნელოდ მოგეჩვენოთ, თუმცა თუ თქვენი პოზიციის ზომაა 2 BTC, ეს ნიშნავს100 აშშ დოლარის მოგებას. თუ თქვენ ამ პროცესს გაიმეორებთ დღეში მრავალჯერ, მოგება უკვე მნიშვნელოვნად გაიზრდება. ახლა წარმოიდგინეთ პროფესიონალი სკალპერები, რომლებიც ლევერიჯით ან მაღალი მოცულობით ვაჭრობენ. მათ ასეთი მცირე მოძრაობებითაც კი მათ შეუძლიათ მნიშვნელოვანი მოგება მიიღონ.
დროის პერიოდი
სკალპინგი გულისხმობს მცირე შესაძლებლობების იდენტიფიკაციას ბაზარზე. სკალ-ტრეიდერები, როგორც წესი, დროის მოკლე მონაკვეთებში ვაჭრობენ. ისინი იყენებენ მოკლევადიან დიაგრამებს, როგორიცაა 1-საათიანი, 15-წუთიანი, 5-წუთიანი ან 1-წუთიანი დიაგრამები. ზოგიერთ სკალპ-ტრეიდერი წუთზე ნაკლები პერიოდის ამსახველ დიაგრამებსაც კი იყენებს.
თუმცა, ამ შემთხვევაში ჩვენ ვიჭრებით მაღალი სიხშირით ვაჭრობის ბოტების სამყაროში, სადაც ადამიანებს მათთვის კონკურენციის გაწევა არ შეუძლიათ. მანქანები სწრაფად ახერხებენ დიდი მოცულობის მონაცემების დამუშავებას, ადამიანების უმეტესობას კი არ შეუძლია 15-წამიანი დიაგრამების მონაცემების ეფექტური ანალიზი.
საჭიროა განვიხილოთ კიდევ რამდენიმე ფაქტორი. ჩვენ ვიცით, რომ დროის დიდი მონაკვეთების მონაცემების დამუშავებით მიღებული სიგნალები და ფასის დონეები უფრო საიმედოა, ვიდრე დროის მოკლე პერიოდებიდან მიღებული სიგნალები. ამიტომ სკალპერების უმეტესობა პირველ რიგში აკვირდება ბაზრის სტრუქტურას დროის დიდ მონაკვეთებში.
ისინი პირველ რიგში აკვირდებიან ბაზრის მოძრაობის ზოგად ტენდენციას, გამოყოფენ მნიშვნელოვან დონეებს და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებენ სკალპ-ტრეიდინგისთვის ხელსაყრელ მოვლენებზე დაკვირვებას. ეს აჩვენებს, რომ ბაზრის გრძელვადიან დინამიკაზე დაკვირვება შეიძლება სასარგებლო იყოს მოკლევადიანი ვაჭრობების დროსაც კი.
ტექნიკური ანალიზი (TA) სკალპ-ტრეიდერებისთვის
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სკალპინგ სტრატეგიები თითქმის მთლიანად ეფუძნება ტექნიკურ ინდიკატორებსა და ფასის მოკლევადიან მოძრაობებს. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ სკალპ-ტრეიდერს შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული მეთოდი, ისინი ხშირად აკვირდებიან ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა ვაჭრობის მოცულობა, ფასის მოძრაობა და მხარდაჭერისა და რეზისტენტობის დონეები. სკალპ-ტრეიდერების მიერ ხშირად გამოყენებული TA ინსტრუმენტები:
ბევრი სკალპ-ტრეიდერი ასევე იყენებს შეკვეთების წიგნის რეალურ დროში ანალიზს, მოცულობის პროფილს, ღია პროცენტს და სხვა ინდიკატორებს. ზოგიერთი მათგანი საკუთარ ინდიკატორებსაც კი ქმნის, რათა საკუთარი ვაჭრობის სტრატეგიით ბაზარზე უპირატესობა მოიპოვოს.
სკალპინგი კრიპტოვალუტის და ტრადიციულ ბაზრებზე
საფონდო ბირჟისგან განსხვავებით, რომელსაც ფიქსირებული სავაჭრო საათები აქვს, კრიპტო ბაზრები 24/7 რეჟიმში მუშაობს, რაც სკალპინგისთვის კარგ შესაძლებლობას გვთავაზობს. თუმცა, ეს ღია რეჟიმი ზრდის კონკურენციასა და არასტაბილურობას, ამიტომ სკალპ-ტრეიდერისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია მყარი სტრატეგიის ქონა და სწრაფ, საიმედო სავაჭრო ინსტრუმენტებზე წვდომა.
ტრადიციულ ბაზრებზე სკალპინგი შესაძლებელია მხოლოდ პიკური ლიკვიდურობის საათებში (მაგ., სავაჭრო დღის პირველი ან ბოლო საათი). კრიპტოვალუტაში ეს პერიოდები შეიძლება შეიცვალოს ბაზრის განწყობის, სიახლეების ან გლობალური სავაჭრო აქტივობის მიხედვით.
სკალპინგის სავაჭრო სტრატეგიები
სხვადასხვა ტრეიდერების სავაჭრო სტრატეგიები შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. სკალპინგისთვის მკაცრი წესები არ არსებობს, მაგრამ არის რეკომენდაციები, რომლებიც შეგიძლიათ გაითვალისწინოთ საკუთარი წესების განსაზღვრისთვის.
დისკრეციული და სისტემატური სკალპინგი
დისკრეციული ტრეიდერები სავაჭრო გადაწყვეტილებებს მომენტალურად, ბაზრის მიმართულების განსაზღვრისთანავე. მათ შეიძლება ჰქონდეთ ან არ ჰქონდეთ განსაზღვრული ბაზარზე შესვლის ან გასვლის კონკრეტული მოთხოვნები და მათი გადაწყვეტილებები ეფუძნება არსებულ პირობებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დისკრეციული ტრეიდერები შეიძლება ითვალისწინებდნენ მრავალ განსხვავებულ ფაქტორს, თუმცა მათთვის წესები ნაკლებად მნიშვნელოვანია და ისინი უფრო მეტად ინტუიციასა და შინაგან ხმას ეყრდნობიან.
სისტემატური ტრეიდერები განსხვავებულ მიდგომას ირჩევენ. მათ აქვთ კარგად განსაზღვრული სავაჭრო სისტემა, რომელიც ფაქტობრივად მათ ნაცვლად განსაზღვრავს ბაზარზე შესვლისა და გასვლის წერტილებს. ვაჭრობის დაწყების და დასრულების მომენტები განისაზღვრება გარკვეული პირობების დადგომის საფუძველზე. სისტემატური ვაჭრობა გაცილებით მეტადაა დამოკიდებული მონაცემებზე, ვიდრე დისკრეციული ვაჭრობა. სისტემატური ტრეიდერები ნაკლებად ეყრდნობიან ინტუიციას და უფრო მეტად აქცევენ ყურადღებას მონაცემებს და ალგორითმებს.
ფაქტობრივად, ეს კლასიფიკაცია შეიძლება შეეხოს სხვა ტიპის ტრეიდერებსაც, თუმცა განსხვავება განსაკუთრებით აშკარაა მოკლევადიანი სტრატეგიების შემთხვევაში. დისკრეციულიმა ვაჭრობამ შესაძლოა არ იმუშაოს დროის დიდი პერიოდებისთვის.
დიაპაზონური ვაჭრობა
ზოგიერთი სკალპერი იყენებს სტრატეგიას, რომელსაც დიაპაზონური ვაჭრობა ეწოდება. ისინი ელოდებიან ფასის დიაპაზონის ფორმირებას და ვაჭრობენ ამ დიაპაზონის ფარგლებში. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ სანამ დიაპაზონი არ დაირღვევა, დიაპაზონის ქვედა ზღვარი იქნება მხარდაჭერის ხაზი, ხოლო ზედა - რეზისტენტობის. რა თქმა უნდა, ეს არასდროს იძლევა გარანტიას, მაგრამ ეს შეიძლება იყოს წარმატებული სკალპინგის სისტემა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის გამოიყენება stop-loss შეკვეთებთან და სათანადო რისკის მართვასთან ერთად.
შეთავაზება-მოთხოვნის სპრედი
სკალპინგის კიდევ ერთი ტექნიკა გულისხმობს შეთავაზება-მოთხოვნის სპრედის გამოყენებას. სკალპ-ტრეიდერებს შეუძლიათ მიიღონ მოგება, თუ ყველაზე მაღალ შეთავაზებასა და ყველაზე დაბალ მოთხოვნას შორის მნიშვნელოვანი განსხვავება ფიქსირდება. თუმცა, ამ ტიპის სტრატეგია, როგორც წესი, უფრო შესაფერისია რაოდენობრივი ან ალგორითმული ვაჭრობისთვის. რატომ? ადამიანები ბაზარზე მცირე არაეფექტურობის აღმოჩენის თვალსაზრისით ისეთი სანდოები არ არიან, როგორც მანქანები.
იმპულსი
იმპულსური ვაჭრობა გულისხმობს ვაჭრობაში შესვლას ფასის ძლიერი მოძრაობის მიმართულებით. მაგალითად, თუ Bitcoin მნიშვნელოვნად გადააჭარბებს ძირითადი რეზისტენტობის დონეს, იმპულსური სკალპერი შეიძლება ვაჭრობაში დაუყოვნებლივ ჩაერთოს, რათა სწრაფად გასვლამდე ისარგებლოს ყიდვის ზეწოლით.
საშუალოსკენ დაბრუნება
სკალპერები, რომლებიც იყენებენ საშუალოზე დაბრუნების მიდგომას, აკვირდებიან გადაჭარბებული ყიდვის ან გაყიდვის პირობების დადგომის მომენტებს. ისეთი ინსტრუმენტები, როგორიცაა ბოლინჯერის ზოლები ან RSI, გვეხმარება იმის დადგენაში, თუ როდის არის ფასის საშუალოზე დაბრუნების მაღალი ალბათობა. მაგალითად, თუ ETH სწრაფად მოიმატებს და გასცდება ზედა ბოლინჯერის ზოლს, სკალპერი შეიძლება შეეცადოს აქტივის მაღალ ფასად სწრაფად გაყიდვას იმ იმედით, რომ ფასი მალე დაეცემა და მის უკან შეძენას ნაკლებ ფასად შეძლებს.
არის თუ არა სკალპ-ტრეიდინგი კანონიერი და მომგებიანი?
დიახ, სკალპინგ ვაჭრობა ლეგალურია ფინანსური ბაზრების უმეტეს ნაწილში. თუმცა, მომგებიანობა დამოკიდებულია მოვაჭრის სტრატეგიაზე, დისციპლინასა და რისკის მართვის უნარზე. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ტრეიდერი ამ მეთოდის გამოყენებით წარმატებას აღწევს, სხვები თვლან, რომ შესაბამისი ინსტრუმენტებისა და უნარების არქონის შემთხვევაში, ის სტრესული და არასაიმედოა.
გახსოვდეთ, რომ მოკლევადიანი ვაჭრობის სფერო გაჯერებულია სავაჭრო ბოტებით. ასე რომ, თუ გსურთ ამგვარი სტრატეგიის გამოყენება, მზად იყავით ალგორითმებთან კონკურენციისთვის.
უნდა დავიწყო თუ არა სკალპ-ტრეიდინგი?
ეს მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, თუ ვაჭრობის რომელ სტილს ანიჭებთ უპირატესობას. ზოგიერთ ტრეიდერს არ მოსწონს გახსნილი პოზიციების მთელი ღამით დატოვების იდეა, ამიტომ ისინი მოკლევადიან სტრატეგიებს ირჩევენ. დეი-ტრეიდერები და სხვა მოკლევადიანი სტრატეგიით მოვაჭრე ტრეიდერები შეიძლება ამ კატეგორიაში შევიყვანოთ.
მეორეს მხრივ, გრძელვადიანი ტრეიდერები ორიენტირებულნი არიან გრძელვადიან გადაწყვეტილებებზე და არ აღელვებთ, თუ მოუწევთ პოზიციების თვეების განმავლობაში ღიად დატოვება. მათ შეუძლიათ უბრალოდ მიუთითონ პოზიციაზე შესვლის დრო, მოგების სამიზნე დონეები და stop-loss შეკვეთები და პერიოდულად აკონტროლონ ვაჭრობის მიმდინარეობა. სვინგ-ტრეიდერების შეიძლება ამ კატეგორიაში მოვიაზროთ.
ამიტომ, თუ გსურთ გადაწყვიტოთ, გინდათ თუ არა სკალპ-ტრეიდინგის დაწყება, პირველ რიგში უნდა განსაზღვროთ, თუ რომელი სავაჭრო სტილი შეესაბამება თქვენს ხასიათსა და მიზნებს. ასევე, საჭიროა იპოვოთ სავაჭრო სტრატეგია, რომელიც შეესაბამება თქვენს პიროვნებასა და რისკის პროფილს, რათა შეძლოთ მისი სტაბილურად გამოყენება.
ბუნებრივია, თქვენ შეგიძლიათ სცადოთ რამდენიმე სტრატეგია და დააკვირდეთ თითოეული მათგანის ეფექტურობას. სიმულაციური ვაჭრობა Binance Futures testnet-ის გამოყენებით შესანიშნავი გზაა ამ სტრატეგიების გასატესტად. ამ გზით, თქვენ შეგიძლიათ გამოსცადოთ სტრატეგიები რეალური თანხის გარისკვის გარეშე.
შეჯამება
სკალპინგი არის ფართოდ გავრცელებული მოკლევადიანი სავაჭრო სტრატეგია, რომელიც ფასის მცრე ცვალებადობაზე მოგების მიღებაზეა ორიენტირებული. ეს არის სავაჭრო ტექნიკა, რომელიც მოითხოვს დიდ დისციპლინას, ბაზრის ცოდნასა და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარს.
მიუხედავად იმისა, რომ სკალპინგი სწრაფი მოგების მიღების შესაძლებლობას იძლევა, მას თან ახლავს დიდ რისკები , რაც მოითხოვს წინასწარ მზადყოფნას, მყარ სტრატეგიას და ძლიერ მენტალურ გამძლეობას.
თუ თქვენ დამწყები ხართ, შეგიძლიათ ყურადღება მიაქციოთ უფრო გრძელვადიან სტრატეგიებს, როგორიცაა სვინგ-ტრეიდინგი ან ყიდვა და შენახვა. თუ თქვენ უფრო გამოცდილი ხართ, სკალპ-ტრეიდინგი შესაძლოა თქვენთვის შესაფერისი აღმოჩნდეს. თუმცა, მიუხედავად იმისა, თუ რას აკეთებთ ფინანსურ ბაზრებზე, ყოველთვის მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ რისკების მართვის ისეთი პრინციპები, როგორიცაა Stop Loss და პოზიციის ზომის სწორად განსაზღვრა.
დამატებითი საკითხავი
დეი-ტრეიდინგი და HODLing კრიპტოს ბაზარზე: რომელი სტრატეგია უნდა აირჩიოთ?
5 მნიშვნელოვანი ინდიკატორი, რომლებიც გამოიყენება ტექნიკური ანალიზის დროს
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.