რა არის რისკის პრემიუმი?

რა არის რისკის პრემიუმი?

განახლებული Jul 2, 2025
6m

მთავარი დეტალები

  • რისკის პრემიუმი წარმოადგენს დამატებით შემოსავალს, რომელსაც იღებთ, როდესაც ირჩევთ ინვესტიციას, რომელიც უფრო სარისკოა, ვიდრე კაპიტალის უფრო უსაფრთხო აქტივებში დაბანდება.

  • არსებობს რისკის პრემიუმის სხვადასხვა ტიპები, რომელთა რისკები დაკავშირებულია სხვადასხვა ფაქტორებთან, მაგალითად ბაზრის მერყეობასთან, მსესხებლის მიერ თანხის არდაბრუნების ალბათობასთან (დეფოლტის რისკი) ან აქტივის გაყიდვის სირთულესთან (ლიკვიდურობა).

  • რისკის პრემიუმის არსის გაგება ინვესტორს ეხმარება საინვესტიციო აქტივის არჩევასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებაში, რაც ეფუძნება მის საინვესტიციო სტილს და რისკის პროფილს.

შესავალი

ინვესტირება წარმოადგენს მაღალი მოგების მიღების მცდელობას მხოლოდ თქვენთვის მისაღები დონის რისკის გაწევით. ზოგი აქტივი სხვებთან შედარებით უსაფრთხოდ ითვლება, მაგალითად სახელმწიფო ობლიგაციები ან ოქრო. მეორე მხრივ, ისეთ აქტივებში ინვესტირება, როგორიცაა აქციები, კრიპტოვალუტები ან უძრავი ქონება, ჩვეულებრივ უფრო მაღალ რისკებთანაა დაკავშირებული.

რისკის პრემიუმი ინვესტორებს ეხმარება მოიძიონ კაპიტალის გაზრდის გზები და ამავდროულად თვალი ადევნონ პოტენციურ რისკებს.

რისკის პრემიუმის განმარტება

როდესაც ინვესტირების უფრო სარისკო ვარიანტებს ირჩევთ, ბუნებრივია, რომ ელით უფრო მაღალი შემოსავლის მიღებას. რისკის პრემიუმი არის დამატებითი შემოსავალი, რომლის მიღებასაც ცდილობთ შედარებით სარისკო აქტივებში ინვესტირებისას. ფაქტიურად ეს არის სხვაობა სარისკო ინვესტიციებით მიღებულ სავარაუდო შემოსავალსა და უსაფრთხო აქტივებით მიღებულ მოგებას შორის.

მაგალითად აშშ-ის მთავრობის სახაზინო ობლიგაციები უსაფრთხო ინვესტიციად ითვლება, რადგან აშშ-ის მთავრობის დეფოლტის რისკი დაბალია. ნაკლებად პროგნოზირებადი აქტივის ყიდვის გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებთ, თუ ამ რისკის გაწევისთვის დამატებით მოგებას მიიღებთ. უსაფრთხო და უფრო სარისკო ინვესტიციებით მიღებულ მოგებებს შორის განსხვავება არის რისკის პრემიუმი.

თუ აშშ-ის სახაზინო ობლიგაციით მიღებული საპროცენტო სარგებელი არის 2%, ხოლო რომელიმე კომპანია ობლიგაციებს გთავაზობთ 5%-იანი საპროცენტო სარგებლით, რისკის პრემიუმი იქნება 3%. კომპანია იძულებულია მეტი შემოგთავაზოთ, რადგან არსებობს რეალური ალბათობა იმისა, რომ ის ვერ შეძლებს თქვენთვის თანხის გადახდას ან სულაც გაკოტრდება.

რატომ არის მნიშვნელოვანი რისკის პრემიუმი

ძირითადი მიზეზი, თუ რატომ ინტერესდებიან ინვესტორები რისკის პრემიუმით არის ის, რომ ის მათ ეხმარება საინვესტიციო შესაძლებლობების ერთმანეთთან შედარებაში. ყოველთვის არ არის მიზანშეწონილი ყველაზე მაღალშემოსავლიანი ვარიანტის არჩევა; თქვენ უნდა შეაფასოთ, თუ როგორია ამ მოგების რეალურად მიღების—ან ინვესტირებული თანხის დაკარგვის ალბათობა.

რისკის პრემიუმი ასევე მნიშვნელოვანია პროფესიონალების მიერ გამოყენებულ მოდელებში, როგორიცაა კაპიტალის აქტივის ფასის განსაზღვრის მოდელი (CAPM), რომელიც გვეხმარება იმის დადგენაში, თუ რა ოდენობის უნდა იყოს საინვესტიცოო მოგება მისი რისკის დონის გათვალისწინებით.

გარდა ამისა, რისკის პრემიუმი მომხმარებელს ეხმარება საკუთარი ინვესტიციების დივერსიფიკაციაში, ანუ სხვადასხვა აქტივებზე გადანაწილებაში. სხვადასხვა რისკის პრემიუმის მქონე აქტივებში ინვესტირებით, თქვენ შეგიძლიათ სცადოთ მოძებნოთ ბალანსი მაღალშემოსავლიან ინვესტიციებსა და ზედმეტი რისკის გარეშე ინვესტირებას შორის.

რისკის პრემიუმების ტიპები

არსებობს სხვადასხვა მიზეზი, რის გამოც ინვესტორები ირჩევენ რისკის გაწევის ფასად დამატებითი მოგების მიღებას, შესაბამისად არსებობს რისკის პრემიუმის სხვადასხვა ტიპი. 

მაგალითად, აქციის რისკის პრემიუმი არის დამატებითი მოგება, რომლის მიღების იმედიც აქვთ ინვესტორებს, რომლებიც ყიდულობენ აქციებს უფრო უსაფრთხო ვარიანტებში, მაგალითად სახელმწიფო ობლიგაციებში ინვესტირების ნაცვლად. ზოგადად, აქციების ფასები უფრო არასტაბილურია, შესაბამისად რისკის პრემიუმიც უფრო მაღალია.

ასევე არსებობს ეგრეთწოდებული კრედიტის რისკის პრემიუმი. ეს არის დამატებითი მოგება, რომელსაც გამსესხებელი იღებს მსესხებლისგან იმ ვარაუდით, რომ მან შეიძლება ვალი ვერ დააბრუნოს. მსესხებელი შეიძლება იყოს კომპანია ან არასტაბილური ფინანსური სისტემის მქონე ქვეყანა.

კიდევ ერთი ვარიანტია ლიკვიდურობის რისკის პრემიუმი. გარკვეული ტიპის უძრავი ქონების ან იშვიათი საკოლექციო ნივთის მარტივად და სწრაფად გაყიდვა შეუძლებელია. ინვესტორების დაინტერესების მიზნით, მსგავსი აქტივების მიერ შემოთავაზებული სავარაუდო მოგება შედარებით მაღალი უნდა იყოს.

კრიპტოვალუტის რისკის პრემიუმი

კრიპტოვალუტებს განსხვავებული ტიპის რისკის პრემიუმი აქვს. რადგან კრიპტო ბაზარი შედარებით ახალი და ძალიან არასტაბილურია, ინვესტორები მოელიან, რომ მათგან მიღებული პოტენციური მოგება ტრადიციულ ინვესტიციებთან, მაგალითად აქციებთან და ობლიგაციებთან შედარებით მაღალი უნდა იყოს.

მათ შორის Bitcoin ყველაზე უსაფრთხო ვარიანტად ითვლება, ალტკოინები კი დაკავშირებულია უფრო მაღალ რისკებთან. ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ფასის რყევები, რეგულაციების ცვლილებები, rug pull-ები, ჰაკერული თავდასხმების რისკები და ცვალებადი ნარატივები, კრიპტოში ინვესტიციების სფეროს კიდევ უფრო გაურკვეველს ხდის.

როგორ გამოვთვალოთ რისკის პრემიუმი

რისკის პრემიუმის გამოთვლა საკმაოდ მარტივია. უსაფრთხო ინვესტიციით (მაგალითად სახელმწიფო ობლიგაციებით) მიღებული სავარაუდო მოგება უნდა გამოაკლოთ უფრო სარისკო ვარიანტით მიღებულ სავარაუდო მოგებას. მაგალითად, თუ თქვენ თვლით, რომ აქციებით მიღებული წლიური საპროცენტო სარგებელია 8%, ხოლო სახელმწიფო ობლიგაციებით მიღებული სარგებელი კი 3%, რისკის პრემიუმი იქნება5%.

ეს რიცხვი ფიქსირებული არ არის. პრემიუმის ოდენობა დამოკიდებულია ბაზრის პირობებზე, ინვესტორების განწყობაზე და საინვესტიციო აქტივის განსაკუთრებულობასა და უნიკალურ მახასიათებლებზე.

რა ახდენს გავლენას რისკის პრემიუმზე?

რისკის პრემიუმის ოდენობა მუდმივად იცვლება. ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ეკონომიკის საერთო მდგომარეობა ან ბაზარზე დაფიქსირებული მოულოდნელი შოკები ინვესტორებს აიძულებს მოითხოვონ მეტი კომპენსაცია რისკის გაწევისთვის—ზოგჯერ კი ნაკლებ შემოსავალზეც თანხმდებიან. როდესაც ბაზარზე გაურკვევლობის დონე მაღალია, რისკის პრემიუმის ოდენობა იზრდება. როდესაც ვითარება სტაბილურია და ბაზარზე სიმშვიდეა, რისკის პრემიუმი შეიძლება შემცირდეს.

მისი ოდენობა ასევე დამოკიდებულია თავად საინვესტიციო აქტივზე. ბაზარზე ახლად შემოსული, ძნელად გაყიდვადი ან ძალიან არასტაბილური აქტივების რისკის პრემიუმი ჩვეულებრივ უფრო მაღალია. მნიშვნელოვანი სიახლეები ან მაკროეკონომიკური მოვლენები ასევე უშუალო ზეგავლენას ახდენს მთელი ინდუსტრიის ან ქვეყნის რისკის პრემიუმებზე.

შეჯამება

რისკის პრემიუმის შესახებ ინფორმაცია უფრო გონივრული საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებაში გეხმარებათ. როდესაც იცით, თუ რას წარმოადგენს რისკის პრემიუმი, როგორ გამოვთვალოთ ის და რა იწვევს მის ცვლილებებს, თქვენ შეძლებთ შექმნათ პორტფოლიო, რომელიც თანხვედრაში იქნება თქვენს მიზნებთან და რისკის პროფილთან. 

რისკის პრემიუმი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ თუ დიდი მოგების მიღება გვსურს, თითქმის ყოველთვის საჭიროა მეტი რისკის გაწევა. თქვენ თავად უნდა გადაწყვიტოთ, ღირს თუ არა რისკზე წასვლა.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.

პოსტების გაზიარება
დაკავშირებული სტატიები
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.