მთავარი დეტალები
ფისკალური პოლიტიკა მოიცავს მთავრობების მიერ საგადასახადო სისტემის და სახელმწიფო ხარჯების გამოყენებას ეკონომიკურ პროცესებზე ზემოქმედების მიზნით, რაც მოიცავს უმუშევრობას, ინფლაციას და ეკონომიკურ განვითარებას.
ეს გახლავთ ინსტრუმენტი, რომელიც ხელისუფლებას საშუალებას აძლევს სასურველი მიმართულებით წარმართოს ეკონომიკური პროცესები, ფიზიკური პირებისა და კომპანიების ხელმისაწვდომ შემოსავალზე ზემოქმედების გზით, რაც არაპირდაპირ ზემოქმედებას ახდენს ფინანსურ ბაზრებზე.
ფისკალური პოლიტიკის მეშვეობით ხდება მთავრობების მიერ სხვადასხვა საჯარო სფეროს, მაგალითად განათლების და ჯანდაცვის სფეროების დაფინანსება. გარდა ამისა, მისი მეშვეობით ხდება ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა და როგორც ეკონომიკური აფეთქების, ისე კრიზისის უარყოფითი ზემოქმედების შემცირება.
შესავალი
ეკონომიკური სტაბილურობა და განვითარება უმნიშვნელოვანესი ფაქტორებია ქვეყნის კეთილდღეობისთვის. მთავრობები ამ ფაქტორებთან დაკავშირებით სასურველი მიზნების მისაღწევად სხვადასხვა ხერხს მიმართავენ და ცდილობენ ეკონომიკური პროცესების სასურველი მიმართულებით წარმართვას. ფისკალური პოლიტიკის ძირითად მიზნებს წარმოადგენს ეკონომიკური სტაბილურობის მიღწევა, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა და ფულადი სახსრების ხელახალი გადანაწილება.
ამ სტატიაში განვიხილავთ ფისკალური პოლიტიკის მუშაობის პრინციპს, მის ზეგავლენას კრიპტოვალუტების ბაზრებზე, მის დადებით და უარყოფით მხარეებს.
რა არის ფისკალური პოლიტიკა?
ფისკალური პოლიტიკა გახლავთ პროცესი, რომლის ფარგლებშიც ხდება გადასახადებისა და სახელმწიფო ხარჯების გამოყენება სხვადასხვა ეკონომიკურ ფაქტორზე ზემოქმედების მიზნით. გადასახადებისა და სახელმწიფო ხარჯების რეგულირებით მთავრობებს ეძლევათ საშუალება, აკონტროლონ ინფლაციის დონე, შექმნან სამუშაო ადგილები და ხელი შეუწყონ ეკონომიკურ განვითარებას.
როგორ მუშაობს ფისკალური პოლიტიკა?
არსებობს ფისკალური პოლიტიკის სამი ტიპი: ნეიტრალური, ექსპანსიური და კონტრაქციული.
ნეიტრალური ფისკალური პოლიტიკა
ნეიტრალური ფისკალური პოლიტიკის ფარგლებში ხდება სახელმწიფო ბიუჯეტის დაბალანსება, რაც იმას ნიშნავს, რომ ხდება სახელმწიფო ხარჯების შემოსავლებთან გათანაბრება. როგორც წესი, ამ ტიპის პოლიტიკა გამოიყენება ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფის და პროცესებში ზედმეტი ჩარევის თავიდან არიდების მიზნით.
წარმოიდგინეთ ქვეყანა A, როგორც ოჯახი, რომლის სათავეშიც დგას ელისი და ბობი. ისინი მაქსიმალური სიფრთხილით განსაზღვრავენ ბიუჯეტს ყოველთვიური შემოსავლის და ხარჯების ოდენობის მიხედვით, იმის უზრუნველსაყოფად, რომ ხარჯებმა არ გადააჭარბოს შემოსავალს. თუ ელისის ყოველთვიური შემოსავალია 1000$ და ბობის ყოველთვიური შემოსავალიც 1000$-ს უდრის, ეს იმას ნიშნავს, რომ მათი ყოველთვიური ხარჯი არ უნდა აღემატებოდეს 2000$-ს. სწორედ ამ პრინციპით ხდება მთავრობების მიერ შემოსავლების და ხარჯების გათანაბრება ნეიტრალური ფისკალური პოლიტიკის ფარგლებში, რაც უზრუნველყოფს ეკონომიკურ სტაბილურობას.
მაგალითი
2019 წელს, ბიუჯეტის დაბალანსების მიზნით გერმანიამ გაატარა ნეიტრალური ფისკალური პოლიტიკა. ამ მოქმედების მიზანი გახლდათ ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება და დავალიანების თავიდან აცილება.
ექსპანსიური ფისკალური პოლიტიკა
ექსპანსიური ფისკალური პოლიტიკის ფარგლებში ხდება სახელმწიფო ხარჯების გაზრდა და გადასახადების შემცირება ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიზნით. როგორც წესი, ამ ტიპის პოლიტიკის გატარება ხდება რეცესიის ან მაღალი უმუშევრობის პერიოდებში. მთავარ მიზანს წარმოადგენს კომპანიების და მომხმარებლების მიერ გაწეული ხარჯების გაზრდა, რაც ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას და ეკონომიკური აქტივობის დონის გაუმჯობესებას.
წარმოიდგინეთ ქვეყანა B, რომლის მთავრობაც გეგმავს ეკონომიკის სტიმულირებას გადასახადების შემცირების მიზნით. ამ ქვეყნის მოქალაქეები, ელისი და ბობი მოულოდნელად შეამჩნევენ, რომ აქვთ მეტი თანხის დახარჯვის შესაძლებლობა. ელისი დამატებით თანხას იყენებს სახლის რემონტისთვის, ხოლო ბობი ყიდულობს ახალ კომპიუტერს. იზრდება მოთხოვნა მომსახურებასა და საქონელზე, რაც ხელს უწყობს მეტი სამუშაო ადგილის შექმნას და ეკონომიკურ წინსვლას.
მაგალითი
2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს, არსებული რთული ეკონომიკური მდგომარეობის გამოსასწორებლად აშშ-ის მთავრობამ გაატარა ექსპანსიური ფისკალური პოლიტიკა. მოხდა გადასახადების შემცირება მოსახლეობისთვის დაკისრებული ამ ვალდებულების შემსუბუქების მიზნით. შეიქმნა შემოსავლის გაზრდის შესაძლებლობები, რამაც ხელი შეუწო ხარჯების ზრდას.
ხარჯების გაზრდამ გამოიწვია მოთხოვნის ზრდა პროდუქტებსა და სერვისებზე, რამაც თავის მხრივ ხელი შეუწყო კომპანიების მიერ მეტი სამუშაო ადგილის უზრუნველყოფას. დასაქმების დონის მატებასთან ერთად გაიზარდა მოსახლეობის მიერ ხარჯებისთვის გამოყოფილი თანხების ოდენობაც, რამაც კიდევ უფრო შეუწყო ხელი ეკონომიკური აქტივობის დონის გაუმჯობესებას და ეკონომიკის დასტაბილურებას.
კონტრაქციული ფისკალური პოლიტიკა
კონტრაქციული ფისკალური პოლიტიკის ფარგლებში ხდება სახელმწიფო ხარჯების შემცირება და გადასახადების გაზრდა ეკონომიკური ზრდის შენელების და ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით. ეკონომიკურ სფეროში ცირკულირებადი თანხის შემცირებით მთავრობა ცდილობს საერთო მოთხოვნის შემცირებას, რაც თავის მხრივ ფასების კლებას შეუწყობს ხელს.
წარმოიდგინეთ ქვეყანა C, რომლის მთავრობასაც სურს მზარდი ინფლაციის მართვა, რისთვისაც ის ზრდის გადასახადებს. შედეგად, ამ ქვეყნის მოქალაქეები, ელისი და ბობი, მოულოდნელად შეამჩნევენ, რომ შემცირდა მათ მიერ ხარჯებისთვის გამოყოფილი თანხების ოდენობა. ელისი გადაწყვეტს დროებით გადადოს ახალი ავტომობილის ყიდვა, ბობი კი აუქმებს გეგმებს შესყიდვებთან დაკავშირებით. მცირდება მოთხოვნა მომხმარებელთა მხრიდან და გაყიდვები ბიზნესის სფეროში. ეს ხელს უწყობს ეკონომიკური აქტივობის შემცირებას და უზრუნველყოფს ფასების ზრდის კონტროლის შესაძლებლობას.
მაგალითი
1980-იანი წლების დასაწყისში აშშ-ის მთავრობამ გაატარა კონტრაქციული ფისკალური პოლიტიკა ინფლაციის წინააღმდეგ. მოხდა გადასახადების გაზრდა და სახელმწიფო ხარჯების შემცირება, ეკონომიკური აქტივობის შემცირების მიზნით. საერთო მოთხოვნის შემცირებამ ხელი შეუწყო ფასების დასტაბილურებას. თუმცა, ამან გამოიწვია უმუშევრობის დონის დროებითი ზრდა, რადგან კომპანიებს დაეკისრათ უფრო მაღალი გადასახადები და შემცირდა სამომხმარებლო ხარჯები.
ფისკალური პოლიტიკა კრიპტოვალუტების სივრცეში
ფისკალური პოლიტიკა ზეგავლენას ახდენს ფინანსურ ბაზრებზეც, რაც ეხება კრიპტოვალუტების ბაზარსაც. მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოვალუტები ტრადიციული ბაზრებისგან დამოუკიდებლად ფუნქციონირებს, ფისკალური პოლიტიკის ცვლილებები მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს კრიპტო აქტივების ღირებულებაზე.
ექსპანსიური ფისკალური პოლიტიკის ზეგავლენა
ქვეყნის მთავრობის მიერ ექსპანსიური ფისკალური პოლიტიკის გატარებისას იზრდება მიმოქცევაში არსებული თანხების ოდენობა. თანხების ზრდა იწვევს სამომხმარებლო ხარჯების და ინვესტიციების ზრდასაც, რადგან იზრდება მოსახლეობის ხელმისაწვდომი შემოსავალი. კრიპტოვალუტების კონტექსტში ეს ნიშნავს იმას, რომ იზრდება მოსახლეობის მიერ კრიპტოვალუტების შეძენის ალბათობა, რაც ხელს უწყობს მათი ფასების ზრდასაც.
მაგალითი
დავუშვათ, რომ შემცირდა ელისისთვის დაკისრებული გადასახადების ოდენობა, რაც იმას ნიშნავს, რომ მის ხელში აღმოჩნდა უფრო მეტი ხელმისაწვდომი შემოსავალი. ელისი გადაწყვეტს ამ დამატებითი თანხით განახორციელოს ინვესტიცია bitcoin-სა და ether-ში. ელისის მსგავსად, რაც უფრო მეტი ადამიანი გადაწყვეტს დამატებითი ხელმისაწვდომი შემოსავლის ინვესტირებას კრიპტოვალუტებში, მით უფრო გაიზრდება მოთხოვნა მათზე. მოთხოვნის და მოცულობის საკმარისი დონის არსებობა ხელს შეუწყობს საბაზრო ფასების ზრდას.
კონტრაქციული ფისკალური პოლიტიკის ზეგავლენა
მთავრობის მიერ კონტრაქციული ფისკალური პოლიტიკის გატარების დროს ხდება ეკონომიკის სფეროში მბრუნავი თანხების ოდენობის შემცირება, რაც ამცირებს სამომხმარებლო ხარჯებსა და ინვესტირებული თანხების ოდენობას. ეს იმას ნიშნავს, რომ მცირდება მოსახლეობის ხელმისაწვდომი შემოსავალი, რაც ამცირებს კრიპტოვალუტებში ინვესტირებული თანხების ოდენობას, ეს კი თავის მხრივ ფასების ვარდნას უწყობს ხელს.
ელისისთვის დაკისრებული საგადასახადო ვალდებულებების გაზრდის შემთხვევაში, მას უფრო ნაკლები თანხა დარჩება დასახარჯად ან ინვესტირებისთვის. შესაბამისად, მან შესაძლოა გადაიფიქროს bitcoin-ის ან ether-ის დამატებითი ერთეულების შეძენა. რაც უფრო ნაკლები ადამიანი განახორციელებს ინვესტირებას კრიპტოვალუტებში, მით უფრო შემცირდება მოთხოვნა, რაც გამოიწვევს ფასების ვარდნას ან სტაგნაციას.
მთავრობის სტიმულაციის პროგრამების ზეგავლენა
მთავრობის სტიმულაციის პროგრამები წარმოადგენს ექსპანსიური ფისკალური პოლიტიკის ერთ-ერთ ფორმას, რომელიც ასევე ახდენს ზეგავლენას კრიპტოვალუტების ბაზრებზე. მაგალითად, COVID-19-ის პანდემიის დროს, ბევრი ქვეყნის მთავრობამ შესთავაზა ფინანსური დახმარება საკუთარ მოქალაქეებს. ზოგიერთმა ადამიანმა ეს თანხა კრიპტოვალუტებში ინვესტირებისთვის გამოიყენა, რამაც ხელი შეუწყო კრიპტოვალუტების ფასების ზრდას.
ფისკალური პოლიტიკის უპირატესობები
ეკონომიკური სტაბილურობა
ფისკალური პოლიტიკის მეშვეობით შესაძლებელია ეკონომიკის დასტაბილურება ინფლაციის მართვის და უმუშევრობის დონის შემცირების გზით. ექსპანსიური ფისკალური პოლიტიკა ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას ეკონომიკური კრიზისის დროს, ხოლო კონტრაქციული ფისკალური პოლიტიკის მეშვეობით შესაძლებელია ინფლაციის მართვა ეკონომიკური აფეთქების პერიოდებში.
ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება
სახელმწიფო ხარჯების გაზრდა ხელს უწყობს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს სიახლეების დანერგვას სატრანსპორტო და საკომუნიკაციო სისტემებში. მაგალითად, ჩინეთის მიერ აბრეშუმის გზის ინიციატივაში (BRI) ინვესტირებამ ხელი შეუწყო ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, სავაჭრო და ეკონომიკური სფეროს განვითარებას.
უფასო საჯარო სერვისები
მაღალი შემოსავლების შედარებით მაღალი ტარიფებით დაბეგვრით მთავრობებს შეუძლიათ სხვადასხვა საჯარო სერვისის დაფინანსება. მაგალითად, შვედეთი იყენებს პროგრესული გადასახადების სისტემას ჯანდაცვის და საგანმანათლებლო სისტემის დაფინანსების და უფასო მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, რაც ნებისმიერი შემოსავლის მქონე ადამიანს ანიჭებს ამ სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობას.
შეჯამება
ფისკალური პოლიტიკა გახლავთ პროცესი, რომლის ფარგლებშიც საგადასახადო სისტემა და სახელმწიფო ხარკები გამოიყენება სხვადასხვა ეკონომიკურ ფაქტორზე, მაგალითად ინფლაციის და უმუშევრობის დონეზე და ეკონომიკური განვითარების ტემპზე ზემოქმედების მიზნით. რადგან ფისკალური პოლიტიკა ზეგავლენას ახდენს როგორც ფიზიკური პირების, ისე კომპანიების ხელმისაწვდომ შემოსავალზე, ის ირიბად ზემოქმედებს კრიპტოვალუტების ბაზრებზეც. ფისკალური პოლიტიკის უპირატესობებია ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფის, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების და უფასო საჯარო სერვისების შეთავაზების ხელშეწყობა.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: წინამდებარე კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს მოსაზრებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ რაიმე ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.