რა არის PCE დეფლატორი და როგორ მუშაობს ის?
მთავარი
სტატიები
რა არის PCE დეფლატორი და როგორ მუშაობს ის?

რა არის PCE დეფლატორი და როგორ მუშაობს ის?

გამოქვეყნებული Jul 25, 2024განახლებული Sep 2, 2024
6m

მთავარი დეტალები

  • PCE დეფლატორი აკონტროლებს სამომხმარებლო საქონლის და სერვისების ფასების დროთა განმავლობაში ცვლას, რაც პოლიტიკის შემქმნელებს საშუალებას აძლევს შეიმუშაონ უფრო ეფექტური წესები და ეკონომიკური სტრატეგიები.

  • ხარჯვის მიმდინარე ტენდენციების სწორად ასახვისთვის რეგულარულად ხდება მისი კორექტირება, რაც ინფლაციის უფრო ზუსტ სურათს გვთავაზობს. გარდა ამისა, ის მოიცავს საქონლის და სერვისების ფართო ასორტიმენტს, რის გამოც ის წარმოადგენს ინფლაციის პოპულარულ მაჩვენებელს, რომლის საშუალებითაც განისაზღვრება მონეტარული პოლიტიკა.

  • PCE დეფლატორს შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს ინვესტორების განწყობაზე და შესაბამისად, კრიპტო ბაზარზე. ტრადიციული ვალუტების მაღალმა ინფლაციამ შესაძლოა ადამიანებს უბიძგოს აქციებში და კრიპტოვალუტებში ინვესტირებისკენ, ხოლო დაბალი ინფლაციის შემთხვევაში, ისინი ტრადიციულ ვალუტებს ანიჭებენ უპირატესობას.

შესავალი

ინფლაცია მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ეკონომიკაზე, რაც მოქმედებს სამომხმარებლო ხარჯებზე და პოლიტიკასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებზე. ინფლაციის ერთ-ერთ მთავარ საზომს წარმოადგენს პერსონალური სამომხმარებლო ხარჯების (PCE) დეფლატორი. ამ სტატიაში ჩვენ გავეცნობით, თუ რას წარმოადგენს PCE დეფლატორი, როგორ მუშაობს, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები გააჩნია და როგორ გამოიყენება ის კრიპტოვალუტის ბაზარზე.

რა არის PCE დეფლატორი?

PCE დეფლატორი წარმოადგენს საზომს, რომელიც გამოიყენება დროთა განმავლობაში სამომხმარებლო საქონლის და სერვისების ფასების ცვლაზე თვალყურის დევნებისთვის. ის ეკონომისტებს და პოლიტიკის შემქმნელებს ეხმარება ინფლაციაზე თვალყურის დევნებაში, რაც უფრო ეფექტური წესების და ეკონომიკური სტრატეგიების შემუშავების შესაძლებლობას იძლევა.

როგორ მუშაობს PCE დეფლატორი?

PCE დეფლატორის მუშაობას საფუძვლად უდევს სამომხმარებლო კალათაში არსებული საქონლის და სერვისების მიმდინარე ფასების შედარება საბაზო წელიწადის ფასებთან. ეს გვაჩვენებს ინფლაციის დონეს ეკონომიკაში.

PCE-ის გამოთვლა

PCE დეფლატორის გამოთვლისთვის საჭიროა შემდეგი საფეხურების გავლა: 

1. აირჩიეთ საბაზო წელიწადი: აირჩიეთ წელიწადი, რომელსაც გამოიყენებთ საორიენტაციო პერიოდის სახით. 

2. განსაზღვრეთ საქონლის და სერვისების კალათა: ამ კალათაში უნდა შედიოდეს ყველა პროდუქტი და მომსახურება, რომელსაც ჩვეულებრივ მომხმარებელი ყიდულობს.

3. შეაგროვეთ ფასების მონაცემები: შეაგროვეთ კალათაში შემავალი ყველა ელემენტის ფასები როგორც მიმდინარე პერიოდისთვის, ასევე საბაზო წელიწადისთვის.

4. გამოთვალეთ ინდექსი: მიმდინარე პერიოდის კალათის მთლიანი ღირებულება გაყავით საბაზო წელიწადის კალათის მთლიან ღირებულებაზე, შემდეგ კი მიღებული რიცხვი გაამრავლეთ 100-ზე, შედეგად მიიღებთ ინდექსის მნიშვნელობას. ეს ფორმულა შემდეგნაირად გამოიყურება: 

PCE დეფლატორი= (კალათის ღირებულება მიმდინარე პერიოდში / კალათის ღირებულება საბაზო წელიწადში) × 100

5. გამოთვალეთ ინფლაციის დონე (%): 

ინფლაციის დონე (%) = PCE დეფლატორი - 100

ინტერპრეტაცია

PCE დეფლატორის გამოთვლის შედეგების ინტერპრეტაცია შემდეგნაირად ხდება:

  • როდესაც PCE დეფლატორის მაჩვენებელია 100, ეს მიუთითებს, რომ საბაზო წელიწადთან შედარებით მიმდინარე ფასები არ არის შეცვლილი.

  • როდესაც PCE დეფლატორის მაჩვენებელი 100-ზე მეტია, ეს მიუთითებს, რომ საბაზო წელიწადთან შედარებით ფასების მთლიანი მაჩვენებელი გაზრდილია (ინფლაცია).

  • როდესაც PCE დეფლატორის მაჩვენებელი 100-ზე ნაკლებია, ეს მიუთითებს, რომ საბაზო წელიწადთან შედარებით ფასების მთლიანი მაჩვენებელი შემცირებულია (დეფლაცია).

მაგალითი

დავუშვათ საქონლის და სერვისების კალათის ფასი საბაზო წელიწადში იყო 1000 აშშ დოლარი, ხოლო მიმდინარე წლისთვის ის გახდა 1050 აშშ დოლარი. გამოვიყენოთ ფორმულა: 

PCE დეფლატორი = (1050 / 1000) × 100 = 105

ეს იმას ნიშნავს რომ სამომხმარებლო საქონლის და სერვისების კალათის ფასები საბაზო წელთან შედარებით 5%-ით გაიზარდა, რაც ინფლაციაზე მიანიშნებს.

PCE და CPI

როგორც სამომხმარებლო ფასების ინდექსი (CPI), ასევე პერსონალური სამომხმარებლო ხარჯების (PCE) დეფლატორი გამოიყენება საქონლის და სერვისების კალათის ფასების დროთა განმავლობაში ცვლილებებზე თვალყურის დევნებისთვის, თუმცა განსხვავებულია მათი გამოთვლის მეთოდები, დანიშნულება და გამოყენების სფეროები.

ფორმულა

  • PCE დეფლატორი: იყენებს ჯაჭვური ტიპის ინდექსის ფორმულას, რომელიც იძლევა მოხმარებული საქონლის და სერვისების რაოდენობის დროთა განმავლობაში ცვლილების ასახვის საშუალებას, რის გამოც ის უფრო მოქნილი და ზუსტია.

  • CPI: იყენებს ფიქსირებული წონის ლასპეირესის ფორმულას, რაც შეიძლება უსარგებლო გახდეს მომხმარებლის ქცევის ცვლილების შემთხვევაში.

გამოყენების სფერო

  • PCE დეფლატორი: მისი გამოყენების სფერო უფრო ფართოა და მოიცავს მოხმარებულ საყოფაცხოვრებო საქონელს და სერვისებს, მათ შორის მომხმარებლის სახელით მესამე მხარის, მაგალითად დამქირავებლის ან სამთავრობო პროგრამების მიერ შესყიდულ საქონელს და სერვისებს (როგორიცაა დამქირავებლის მიერ შეძენილი ჯანმრთელობის დაზღვევა).

  • CPI: ორიენტირებულია მომხმარებლის მიერ საკუთარი სახსრებით შეძენილ საყოფაცხოვრებო დანიშნულების პროდუქტებსა და სერვისებზე. ის არ მოიცავს მესამე მხარის სახსრებით შეძენილ საქონელს და სერვისებს.

სხვადასხვა დანიშნულებით გამოყენება

  • PCE დეფლატორი: ფართო გამოყენების სფეროს და მეთოდოლოგიური უპირატესობების გამო, ფედერალური რეზერვების სისტემა მას იყენებს მონეტარული პოლიტიკის მომზადებისთვის.

  • CPI: ჩვეულებრივ გამოიყენება სოციალური უზრუნველყოფის შეღავათების კორექტირებისთვის, საგადასახადო კატეგორიის განსაზღვრისთვის და სხვა დანიშნულებით, სადაც საჭიროა ინფლაციის დონის განსაზღვრა, რომელიც გავლენას ახდენს საკუთარი სახსრებით გაწეულ ხარჯებზე.

შეზღუდვები

სირთულე

PCE დეფლატორის გამოთვლა გაცილებით რთულია, ვიდრე ინფლაციის სხვა მაჩვენებლების, მაგალითად CPI-ს. ის იყენებს ჯაჭვური ტიპის ინდექსის ფორმულას და საჭიროებს ხშირ განახლებებს და კორექტირებებს. ამის გამო ის ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ხელმისაწვდომი და ძნელად გასაგებია.

მონაცემთა ხელმისაწვდომობა

PCE დეფლატორი იყენებს ბიზნესის კვლევების მონაცემებს, რაც შეიძლება ყოველთვის ხელმისაწვდომი და ზუსტი არ იყოს. მონაცემთა შეგროვების დროს ნებისმიერმა ხარვეზმა და შეფერხებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს PCE დეფლატორის სიზუსტესა და აქტუალურობაზე, რის გამოც მისი მეშვეობით გამოთვლილი ინფლაციის მაჩვენებელი შეიძლება ნაკლებად საიმედო გახდეს.

PCE დეფლატორი კრიპტოს კონტექსტში

კრიპტოს კონტექსტში, PCE დეფლატორი ინვესტორებს ეხმარება იმის გაგებაში, თუ რა გავლენას ახდენს ინფლაციის ტენდენციები კრიპტო ბაზრის განწყობაზე. მაგალითად, თუ ტრადიციული ვალუტების ინფლაცია მაღალია, ადამიანებმა შეიძლება გადაწყვიტონ ალტერნატიულ დანაზოგის საშუალებად აქციების ან კრიპტოვალუტების გამოყენება. ხოლო თუ PCE დეფლატორი მიანიშნებს დაბალ ინფლაციაზე ან დეფლაციაზე, ინვესტირების მიმართ ინტერესი შეიძლება შემცირდეს.

შეჯამება

პერსონალური სამომხმარებლო ხარჯების (PCE) დეფლატორი წარმოადგენს ინსტრუმენტს, რომელიც გამოიყენება სამომხმარებლო საქონლის და სერვისების ფასების დროთა განმავლობაში ცვლაზე თვალყურის დევნებისთვის. CPI-სგან განსხვავებით, PCE დეფლატორი უკეთ ადაპტირდება სამომხმარებლო საქონლის და სერვისების ფასების ცვლილებების შესაბამისად და მისი გამოყენების სფეროც შედარებით ფართოა. მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოს სფეროში ის უშუალოდ არ გამოიყენება, მისი კონცეფცია შესაძლოა გამოყენებულ იქნას ინვესტორების მიერ კრიპტო ბაზრით დაინტერესების და მის მიმართ განწყობების ანალიზისთვის.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციისთვის სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.

Binance Sensei
I am powered by ChatGPT and trained with 1,000+ articles and glossary entries from Binance Academy. My responses are provided on an “as is” basis for general information only, without any representation, warranty or guarantee of completeness or accuracy. See full terms and conditions here