რა არის ფასის და მოგების (P/E) თანაფარდობა?

რა არის ფასის და მოგების (P/E) თანაფარდობა?

განახლებული Apr 25, 2025
6m

მთავარი დეტალები

  • P/E თანაფარდობა გვაჩვენებს, თუ რა თანხის გადახდა სურთ ინვესტორებს კომპანიის მიერ გამომუშავებულ ყოველ დოლარზე, რაც იძლევა იმის სწრაფად შეფასების საშუალებას, აქტივის ფასი რეალურზე მაღალია თუ დაბალი.

  • არსებობს P/E თანაფარდობის რამდენიმე ტიპი—გასული პერიოდის, მომდევნო პერიოდის, აბსოლუტური და შეფარდებითი—რაც გვთავაზობს ამ მაჩვენებლის სხვადასხვა პერსპექტივიდან დანახვის შესაძლებლობას, თუმცა ყველა შემთხვევაში საჭიროა კონტექსტის გათვალისწინება, როგორიცაა მრეწველობის დარგის ნორმები ან კომპანიის ზრდის პოტენციალი.

  • როგორც წესი, P/E თანაფარდობა არ გამოიყენება კრიპტოვალუტებთან მიმართებით, რადგან მათი უმეტესობის მეშვეობით მოგების გენერირება და ანგარიშების მომზადება კომპანიების ანალოგიურად არ ხდება. თუმცა არსებობს შეფასების მსგავსი მეთოდები, რომლებიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) ზოგიერთ სფეროში.

pe თანაფარდობა cta

შესავალი

თუ ოდესმე დაინტერესებულხართ აქციებით ვაჭრობით, ალბათ შეგხვედრიათ ტერმინი „P/E თანაფარდობა“. ეს ნიშნავს ფასის და მოგების თანაფარდობას და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ინსტრუმენტს, რომელსაც ინვესტორები იყენებენ იმის დასადგენად, თუ რამდენად ღირს ამა თუ იმ აქციის შეძენა. თუმცა რეალურად რას ნიშნავს და როგორ გამოიყენება ის?

რა არის P/E თანაფარდობა?

P/E თანაფარდობა წარმოადგენს კომპანიის აქციის ფასის ღირებულების შედარებას კომპანიის მიერ გამომუშავებულ მოგებასთან. ის ინვესტორებს ეხმარება იმის დადგენაში, აქციის ფასი მის რეალურ ღირებულებაზე მაღალია თუ დაბალი, რისთვისაც ხდება კომპანიის აქციის მიმდინარე ფასის შედარება თითოეული აქციით გამომუშავებულ მოგებასთან (EPS). 

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის გვაჩვენებს, თუ რა თანხის გადახდა სურთ ინვესტორებს კომპანიის მიერ გამომუშავებულ თითოეულ დოლარზე.

P/E ფორმულა

P/E თანაფარდობა= (აქციის ფასი / მოგება თითოეულ აქციაზე)

თითოეული აქციით გამომუშავებული მოგების (EPS) გამოსათვლელად, კომპანიის მთლიანი მოგება (გადასახადების და პრივილეგირებული დივიდენდების გადახდის შემდეგ) უნდა გავყოთ ჩვეულებრივი აქციების საერთო შეწონილ რაოდენობაზე, რომელთა ყიდვა შეუძლია მოსახლეობას დროის კონკრეტულ პერიოდში.

P/E თანაფარდობის ტიპები

არსებობს P/E თანაფარდობის გამოსახვის რამდენიმე მეთოდი. თითოეული ვერსია ოდნავ განსხვავებულ ინფორმაციას გვაწვდის:

  • წინა პერიოდის P/E: ეფუძნება კომპანიის მოგების მაჩვენებელს გასული 12 თვის პერიოდისთვის. ეს არის ყველაზე გავრცელებული ვარიანტი და ასახავს რეალურ დინამიკას.

  • მომდევნო პერიოდის P/E: იყენებს პროგნოზირებულ მაჩვენებელს მომდევნო 12 თვის პერიოდისთვის. ის ეფუძნება ანალიტიკოსების შეფასებებსა და მოლოდინებს.

  • აბსოლუტური P/E: ეს არის P/E თანაფარდობის საბაზისო მონაცემი—მიმდინარე ფასი გაყოფილი ბოლო EPS-ზე—რაიმე სხვა მაჩვენებელთან შედარების გარეშე.

  • შეფარდებითი P/E: ხდება კომპანიის P/E თანაფარდობის შედარება საორიენტაციო მონაცემებთან, მაგალითად მრეწველობის დარგის საშუალო მაჩვენებელთან ან ისტორიულ მონაცემებთან.

P/E თანაფარდობის ინტერპრეტაცია

P/E თანაფარდობის მაჩვენებლის ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს კონტექსტის გათვალისწინებით. P/E თანაფარდობის მაღალი მაჩვენებელი შეიძლება იმაზე მიანიშნებდეს, რომ ინვესტორები პროგნოზირებენ მოგების ზრდას და ამ გაზრდილი სარგებლის მისაღებად მზად არიან გადაიხადონ დამატებითი თანხა. ხოლო თუ P/E თანაფარდობა დაბალია, ეს შესაძლოა იმის ნიშანი იყოს, რომ ინვესტორთა მოლოდინები პესიმისტურია ან კომპანია გარკვეული გამოწვევების წინაშე დგას.

თუმცა P/E თანაფარდობის „მაღალი“ და „დაბალი“ შეფასება დამოკიდებულია სექტორზე ან მრეწველობის დარგზე. მაგალითად, ტექნოლოგიური კომპანიების ზრდის მაღალი პოტენციალის გამო, მათი P/E თანაფარდობა შედარებით მაღალია, ვიდრე კომუნალური მომსახურებების კომპანიებისა.

რატომ არის მნიშვნელოვანი P/E თანაფარდობა

P/E თანაფარდობის მაჩვენებელი ინვესტორებს აძლევს აქციების ღირებულების სწრაფად შეფასების საშუალებას. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა მრეწველობის ერთი და იმავე დარგის კომპანიების შედარებისთვის. მაგალითად, თუ ორი კომპანია ერთსა და იმავე სექტორში მოღვაწეობს, თუმცა ერთ-ერთი მათგანის P/E თანაფარდობის მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, ეს შეიძლება ინვესტორებს დაეხმაროს კომპანიის ზრდის პოტენციალის ან სხვა ფაქტორების გაანალიზებაში და იმის დადგენაში, ღირს თუ არა დამატებითი თანხის გადახდა.

P/E თანაფარდობა ასევე გამოიყენება:

  • სკრინინგში: ინვესტორებმა შეიძლება P/E თანაფარდობა გამოიყენონ რეალურზე დაბალ ფასად შეფასებული აქციების იდენტიფიკაციის მიზნით.

  • ისტორიული ტენდენციების შეფასებაში: კომპანიის მიმდინარე P/E თანაფარდობის წარსულში დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარების მეშვეობით შესაძლებელია დროთა განმავლობაში კომპანიასთან მიმართებით ბაზრის განწყობის ცვლილების ტენდენციის დანახვა.

  • ბენჩმარკინგში: P/E თანაფარდობის შედარება მრეწველობის ამ დარგის ან ზოგადად ბაზრის საშუალო მაჩვენებლებთან, დაგვეხმარება იმის დადგენაში, შეესაბამება თუ არა აქციის მიმდინარე ფასი მის რეალურ ღირებულებას.

P/E თანაფარდობის შეზღუდვები

მიუხედავად იმისა, რომ P/E თანაფარდობა სასარგებლო ინსტრუმენტს წარმოადგენს, ის არ არის იდეალური და მისი გამოყენება უნდა მოხდეს სხვა ინსტრუმენტებთან ერთად. ქვემოთ მოცემულია მასთან დაკავშირებული რამდენიმე შეზღუდვა:

  • ის არ მუშაობს, თუ მოგების მაჩვენებელი უარყოფითია. თუ კომპანია ფულს კარგავს, P/E თანაფარდობის გამოყენებას ვერ შეძლებთ.

  • ის არ გამოსახავს ზრდის მაჩვენებლებს შორის განსხვავებებს. სწრაფად მზარდი კომპანიებისთვის დამახასიათებელია P/E თანაფარდობის მაღალი მაჩვენებელი, ხოლო სტაბილური შემოსავლის მქონე, უკვე ჩამოყალიბებული კომპანიებისთვის ეს მაჩვენებელი შედარებით დაბალია. კონტექსტი მნიშვნელოვანია.

  • ექვემდებარება მანიპულაციას. ზოგჯერ კომპანიები ცვლიან ანგარიშებში მოგების ასახვის მეთოდებს, საკუთარი თავის უკეთ წარმოჩენის მიზნით.

  • ის არ ითვალისწინებს სხვა ფაქტორებს. P/E თანაფარდობის მაჩვენებელში არ არის გათვალისწინებული ვალები, ფულის ცირკულაცია ან სხვა ფუნდამენტური ფაქტორები.

შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ P/E თანაფარდობა სასარგებლო ინდიკატორია, ის ყოველთვის უნდა გამოიყენოთ სხვა მაჩვენებლებთან ერთად, როგორიცაა შემოსავალი, რენტაბელობა და კომპანიის ვალები.

მრეწველობის სხვადასხვა დარგის P/E თანაფარდობების შედარება

P/E თანაფარდობების მაჩვენებელი დიდწილად დამოკიდებულია კომპანიის ტიპზე. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ერთმანეთს შეადაროთ მრეწველობის ერთსა და იმავე სფეროში მოღვაწე კომპანიები. მაგალითად:

  • ტექნოლოგიის სექტორი: ჩვეულებრივ ამ კომპანიების P/E თანაფარდობის მაჩვენებლები შედარებით მაღალია, რაც მათი სწრაფად ზრდის პოტენციალთანაა დაკავშირებული.

  • კომუნალური მომსახურების სექტორი: როგორც წესი, ამ კომპანიების P/E თანაფარდობის მაჩვენებლები დაბალია, რადგან მათი შემოსავლები სტაბილური და პროგნოზირებადია.

თუ ტექნოლოგიურ კომპანიის და კომუნალური მომსახურების კომპანიის ერთმანეთთან შედარებისთვის მხოლოდ მათ P/E თანაფარდობებს გამოვიყენებთ, შეიძლება მცდარ დასკვნამდე მივიდეთ.

P/E თანაფარდობა და კრიპტოვალუტა

თქვენ შეიძლება გაინტერესებთ, მუშაობს თუ არა P/E თანაფარდობა Bitcoin-ის ან სხვა კრიპტოვალუტის შემთხვევაში. მოკლე პასუხია: არა. P/E თანაფარდობა გამოიყენება იმ კომპანიებთან მიმართებაში, რომლებიც აწარმოებენ შემოსავლის ანგარიშებს, რადგან ამ თანაფარდობის გამოსათვლელად საჭიროა მოგების მაჩვენებელი. უმეტეს შემთხვევაში, კრიპტოვალუტის შემოსავლის ანგარიშის მომზადება კომპანიებისგან სრულიად განსხვავებული მეთოდით ხდება. 

თუმცა კრიპტო ინდუსტრიის ზოგიერთი სფეროსთვის—მაგალითად დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) პლატფორმებისთვის, რომლებიც შემოსავალს საკომისიოების სახით იღებენ—ზოგჯერ ანალიზის მსგავსი მეთოდი გამოიყენება. მაგალითად, კრიპტოვალუტის ფასის შეფასებისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს პლატფორმის მიერ საკომისიოების სახით მიღებული შემოსავალი. ეს მეთოდები ჯერ კიდევ ექსპერიმენტულია, თუმცა ეს წარმოადგენს ტრადიციული ფინანსების კონცეფციების კრიპტოს სამყაროში გადმოტანის მცდელობის მაგალითს.

შეჯამება

ფასის და მოგების (P/E) თანაფარდობა წარმოადგენს ფართოდ გამოყენებულ მაჩვენებელს და წარმოადგენს აქციების ღირებულების შეფასების საშუალებას მისი მიმდინარე ფასისა და მისი მეშვეობით მიღებული მოგების შედარების გზით. ის ინვესტორებს ეხმარება იმის დადგენაში, შეესაბამება თუ არა აქციის მიმდინარე ფასი მის რეალურ ღირებულებას. მიუხედავად იმისა, რომ P/E თანაფარდობა არ არის იდეალური—და მისი იზოლირებულად გამოყენება არ შეიძლება—ის მაინც წარმოადგენს აქციების ფასების ანალიზის დაწყების შესანიშნავ საშუალებას.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.