TL;DR
სამკუთხა არბიტრაჟი კომპლექსურ სავაჭრო სტრატეგიას წარმოადგენს, რა დროსაც გამოიყენება სამი აქტივის ფასებს შორის განსხვავებები. ტრეიდერი ერთ აქტივს ცვლის მეორეზე, მეორეს - მესამეზე, ხოლო მესამეს - პირველზე და მოგებას იღებს მათ ფასებს შორის განსხვავებების წყალობით.
შესავალი
არბიტრაჟი წარმოადგენს ვაჭრობის მეთოდს, რომელიც ბაზრის არაეფექტურობის წყალობით ფინანსური მოგების შესაძლებლობას იძლევა. კრიპტო ტრეიდერები რამდენიმე ტიპის არბიტრაჟის სტრატეგიას იყენებენ, რომელთა შორისაა მარტივი არბიტრაჟი, სივრცითი არბიტრაჟი, peer-to-peer (P2P) არბიტრაჟი და სამკუთხა არბიტრაჟი – ყველა მათგანის დანიშნულებაა სხვადასხვა ბაზარზე ფასთა შორის განსხვავებებით მოგების მიღება.
არბიტრაჟის სტრატეგიების უმეტესობა გულისხმობს ორ ბაზარზე ვაჭრობას, თუმცა არსებობს არბიტრაჟის ტიპი, რომელიც იყენებს აქტივების სამი კლასის ფასებს შორის განსხვავებას – მას სამკუთხა არბიტრაჟს უწოდებენ.
რას ნიშნავს სამკუთხა არბიტრაჟი კრიპტო სამყაროში
სამკუთხა არბიტრაჟი გამოიყენება ბაზარზე არსებული სამი სხვადასხვა აქტივის – ჩვეულებრივ კრიპტოვალუტის – ფასებს შორის განსხვავებების საშუალებით. კონცეფცია მარტივია: ტრეიდერი ერთ აქტივს ცვლის მეორეზე, მეორეს - მესამეზე, ხოლო მესამეს - პირველზე. ეს მეორდება მანამ, სანამ ფასთა შორის სხვაობა არ შეიცვლება.
ამ სტრატეგიის რეალიზაცია კი საერთოდ სხვა საკითხია. სამკუთხა არბიტრაჟის წარმატებით განსახორციელებლად, საჭიროა ფასთა შორის სხვაობის განსაზღვრა, ერთდროულად აქტივების რამდენიმე წყვილით ვაჭრობა და სათანადო რისკის მართვა. კრიპტო ბაზრის არასტაბილურობის გამო, ფასები სწრაფად იცვლება; ამიტომ ტრეიდერებმა სამკუთხა არბიტრაჟის ვაჭრობები სწრაფად უნდა განახორციელონ.
ქვემოთ განხილულია, თუ როგორ უნდა გამოვავლინოთ სამკუთხა არბიტრაჟის შესაძლებლობები და როგორ უნდა მოვახდინოთ ამ შესაძლებლობების რეალიზაცია.
როგორ მუშაობს სამკუთხა არბიტრაჟი კრიპტოთი ვაჭრობისას
როგორ გამოვავლინოთ სამკუთხა არბიტრაჟის შესაძლებლობა
დავუშვათ, გამოცდილმა ტრეიდერმა შეამჩნია განსხვავება სამი სხვადასხვა აქტივის ფასს შორის – Bitcoin (BTC), Ether (ETH), და Tether (USDT). როგორ მივხვდეთ, რომ არბიტრაჟისთვის ხელსაყრელი პირობასთან გვაქვს საქმე?
ტრეიდერი საკუთარი USDT-ით ყიდულობს $50,000 ღირებულების BTC-ს. შემდეგ ამ BTC-ის გამოყენებით ყიდულობს ETH-ს. ბოლოს, ის იყენებს ETH-ს და ყიდულობს USDT-ს. თუ ვაჭრობის დასრულებისას USDT-ის ფარდობითი ღირებულება მნიშვნელოვნად განსხვავდება $50,000 საწყისი კაპიტალისგან, ეს ნიშნავს, რომ არსებობს არბიტრაჟით მოგების მიღების შესაძლებლობა.
როგორ გამოვიყენოთ სამკუთხა არბიტრაჟის შესაძლებლობა
გაითვალისწინეთ, რომ ფასებს შორის განსხვავებით მნიშვნელოვანი მოგების მისაღებად, კრიპტო ტრეიდერებს ხშირად მაღალი სიხშირით ვაჭრობა უწევთ.
ფასებს შორის სხვაობის დიაპაზონს გათვალისწინებით, ტრეიდერებს შეუძლიათ სხვადასხვა სტრატეგია გამოიყენონ. მაგალითად მათ შეუძლიათ განათავსონ ყიდვა-ყიდვა-გაყიდვის ან ყიდვა-გაყიდვა-გაყიდვის შეკვეთა.
აქ მოცემულია ყიდვა-ყიდვა-გაყიდვის სტრატეგიის მაგალითი USDT, BTC, და ETH ვალუტებით ვაჭრობისას:
ყიდვა-ყიდვა-გაყიდვის ამ მაგალითის მიხედვით, ტრეიდერმა უნდა გამოიმუშაოს 2,000 USDT. მან სწრაფად უნდა გაიმეოროს ეს საფეხურები, იყიდოს BTC 52,000 USDT-ით, შემდეგ იყიდოს ETH BTC-ით და ასე შემდეგ.
ყიდვა-გაყიდვა-გაყიდვის სტრატეგიის ამ მაგალითის მიხედვით, ტრეიდერი ყიდულობს BTC-ს უფრო დაბალ ფასად თავისი USDT კაპიტალის გამოყენებით, ყიდის უფრო მაღალ ფასად ETH-ზე და შემდეგ ETH-ს ყიდის კიდევ უფრო მაღალ ფასად USDT-ზე.
სამკუთხა არბიტრაჟი კომპლექსური სწრაფად შესასრულებელი სტრატეგიაა, ამიტომ მისი ხელით განხორციელება შეიძლება რთული იყოს. ამის გამო, ბევრი არბიტრაჟით მოვაჭრე იყენებს სავაჭრო ბოტებს, რომლებიც შექმნილია სამკუთხა არბიტრაჟით ვაჭრობის ავტომატურად შესასრულებლად. მსგავსი პროგრამული უზრუნველყოფა პროგრამირებულია ფასებს შორის სხვაობის აღმოსაჩენად და იძლევა სამკუთხა არბიტრაჟის პროცესის ავტომატიზაციის საშუალებას. სავაჭრო ბოტების მეშვეობით, ტრეიდერებს საშუალება ეძლევათ არ გაუშვან ხელიდან შესაძლებლობები მაშინაც კი, როდესაც პირადად არ ახორციელებენ ბაზრებზე მონიტორინგს.
სამკუთხა არბიტრაჟის სტრატეგიის უპირატესობები კრიპტოთი ვაჭრობისას
ფინანსურ შესაძლებლობები
სამკუთხა არბიტრაჟი ტრეიდერებს მოქმედების უფრო ფართო ასპარეზს სთავაზობს ერთ ბაზარზე ვაჭრობასთან შედარებით. წარმატებული ტრეიდერები, რომელთაც შეუძლიათ ამ ტიპის ვაჭრობების იდენტიფიკაცია და შესრულება, მოგებას იღებენ არა მხოლოდ ფასების მოძრაობის, არამედ ფასებს შორის განსხვავებების მეშვეობით.
შემცირებული რისკი
თეორიულად, არბიტრაჟით მოვაჭრეებს შეუძლიათ რისკი გადაანაწილონ რამდენიმე აქტივზე და აღარ იყვნენ დამოკიდებულნი მხოლოდ ერთ მათგანზე. რისკის დივერსიფიკაცია გეხმარებათ ფასების ცვლილებების ზეგავლენის შემცირებაში, განსაკუთრებით არასტაბილურ ბაზრებზე, სადაც ფასები შეიძლება სწრაფად იცვლებოდეს.
თუმცა არსებობს სამკუთხა არბიტრაჟთან დაკავშირებული სხვა რისკები, რომლებსაც ქვემოთ განვიხილავთ. შესაბამისად, ტრეიდერებმა, რომლებიც იყენებენ სამკუთხა არბიტრაჟით ვაჭრობას, რისკების შეფასებისთვის და შემცირებისთვის რისკის მართვის სტრატეგიები უნდა გამოიყენონ.
ბაზრის გაზრდილი ლიკვიდურობა
რადგან სამკუთხა არბიტრაჟი სამ სავაჭრო წყვილს მოიცავს, ეს ზრდის ამ კრიპტო ბაზრებზე სავაჭრო აქტივობას და პოტენციურად ზრდის ბაზრის ლიკვიდურობას. რადგან ბაზრის ლიკვიდურობა არის საზომი, რომლის საშუალებით განისაზღვრება, შესაძლებელია თუ არა კრიპტო აქტივის ყიდვა ან გაყიდვა მის ფასზე ზეგავლენის მოხდენის გარეშე, ის წარმოადგენს კრიპტო ბაზრის ფინანსური მდგრადობის ნიშანს. ლიკვიდური ბაზრები ნაკლებად მერყევია, რაც ვაჭრობას უფრო მომგებიანს ხდის, რადგან ფასის ცურვის რისკი შემცირებულია.
გაზრდილი ბაზრის ეფექტურობა
არბიტრაჟის სხვა ფორმების მსგავსად, სამკუთხა არბიტრაჟი ორიენტირებულია საბაზრო ფასის დისბალანსის კორექტირებაზე. მას შეუძლია საბაზრო ფასების სტაბილიზაციის ხელშეწყობა, საბაზრო ეფექტურობის გაზრდა და ვაჭრობის რისკების შემცირება.
სამკუთხა არბიტრაჟის ნაკლოვანებები
მიუხედავად იმისა, რომ სამკუთხა არბიტრაჟს მრავალი სარგებლის მოტანა შეუძლია, მისი ნაკლოვანებების ცოდნაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.
ფასის ცურვის რისკი
სამკუთხა არბიტრაჟი დაკავშირებულია ფასის ცურვის მაღალ რისკთან, რადგან ის მოიცავს მაღალი სიხშირით ვაჭრობას შესაძლებლობების გაჩენის პარალელურად. ფასის ცურვა წარმოადგენს სხვაობას ყიდვის ან გაყიდვის სამიზნე და რეალიზებულ ფასებს შორის და მას ადგილი აქვს ბაზრის ძალიან სწრაფად მოძრაობის დროს.
რადგან სამკუთხა არბიტრაჟის დროს ხორციელდება რამდენიმე ვაჭრობა დროის მოკლე პერიოდში, როდესაც ტრეიდერი ცდილობს სამკუთხა არბიტრაჟის სამიდან ბოლო ვაჭრობის ხელით განხორციელებას, ამ მომენტისთვის ფასებს შორის სხვაობა შეიძლება შეიცვალოს. ამან შეიძლება გამოიწვიოს მოგების შემცირება ან სულაც ზარალი.
დროის გათვლა
სამკუთხა არბიტრაჟი შეიძლება მომგებიანი იყოს იდეალურ სიტუაციაში, თუმცა ტრეიდერებს შეიძლება მოუწიოთ მათ კონტროლს მიღმა არსებულ ფაქტორებთან გამკლავება, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინონ ვაჭრობის დროზე. ეს შეიძლება მოიცავდეს ბირჟაზე არსებულ ხარვეზებს, რამაც ვაჭრობის აღსრულების შეფერხება და ბაზრის რყევა გამოიწვიოს, რის გამოც შესაძლებელია აქტივის ფასი შეიცვალოს ვაჭრობის დასრულებამდე.
ლიკვიდურობის რისკი
თუ ბაზარი არ არის საკმარისად ლიკვიდური ან განიცდის ტრეიდერების ნაკლებობას, თქვენ შეიძლება ვერ შეძლოთ სამკუთხა არბიტრაჟის სტრატეგიით დაგეგმილი ყველა ვაჭრობის განხორციელება. თუ ვერ მოახერხებთ აქტივის ყიდვას ან გაყიდვას სასურველ ფასად, შეიძლება ზარალი განიცადოთ.
როგორია სამკუთხა არბიტრაჟის მომავალი?
ტექნოლოგიების განვითარებამ და ახალი ფინანსური ბაზრების გაჩენამ შეიძლება გავლენა მოახდინოს სამკუთხა არბიტრაჟის მომავალზე. სამკუთხა არბიტრაჟი შეიძლება განვითარდეს და ჩამოყალიბდეს სტრატეგიის უფრო დახვეწილ ფორმად, რამაც შეიძლება გაზარდოს მსგავსი ვაჭრობების ეფექტურობა და სიზუსტე.
თუმცა, რაც მეტი ტრეიდერი დაიწყებს სამკუთხა არბიტრაჟის სტრატეგიის გამოყენებას, მით მეტად გაიზრდება მათ შორის კონკურენცია, შესაბამისად გართულდება მისი საშუალებით მოგების მიღება. დამატებითმა ფაქტორებმა – როგორიცაა სავალუტო ბირჟების და რეგულაციების ცვლილებები – ასევე შეიძლება გავლენა მოახდინოს სამკუთხა არბიტრაჟის ეფექტურობაზე.
ფინანსური ბაზრების განვითარების პარალელურად, ჩვენ უნდა შევძლოთ სწრაფად ადაპტაცია, რათა კვლავ შევძლოთ სამკუთხა არბიტრაჟის შესაძლებლობების გამოყენება და მოგების მიღება.
შეჯამება
სამკუთხა არბიტრაჟი წარმოადგენს კომპლექსურ სავაჭრო ტექნიკას, რომელიც გამოიყენება კომპეტენტური ტრეიდერების მიერ, რომელთაც ესაჭიროებათ სხვადასხვა სტრატეგიის და რისკის გათვალისწინება. მრავალი უპირატესობის მიუხედავად, ვაჭრობის ეს ტიპი არ არის განკუთვნილი ახალბედა ტრეიდერებისთვის, რომელთაც არ გააჩნიათ საკმარისი ცოდნა ან გამოცდილება რისკის მართვასთან დაკავშირებით.
დამატებითი საკითხავი
უარი პასუხისმგებლობაზე და რისკის შესახებ გაფრთხილება: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენელი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ის შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy-ი არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებსა და რისკის შესახებ გაფრთხილებას..