მთავარი
სტატიები
რა არის და როგორ მუშაობს Bitcoin?

რა არის და როგორ მუშაობს Bitcoin?

გამოქვეყნებული Feb 24, 2020განახლებული Sep 13, 2024
9m

მთავარი დეტალები

  • Bitcoin არის ისტორიაში პირველი კრიპტოვალუტა. ის შეიქმნა 2008 წელს და გაეშვა 2009 წელს, Satoshi Nakamoto-ს ფსევდონიმით ცნობილი პირის მიერ.

  • Bitcoin დაფუძნებულია ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე, რომელიც მუშაობს საჯარო ლეჯერის მსგავსად. ყველა Bitcoin ტრანზაქცია გადის ვერიფიკაციის პროცესს, რომელიც ხორციელდება მთელ მსოფლიოში განაწილებული ნოდების ქსელის მიერ.

  • Bitcoin არის დეცენტრალიზებული, გამჭვირვალე და ღია კოდზე დაფუძნებული სისტემა, რაც მას ტრადიციული ფინანსური სისტემების პოპულარულ ალტერნატივად აქცევს.

რა არის Bitcoin-ი?

რეალურად, Bitcoin ციფრული ფულია. ეს გახლავთ ისტორიაში პირველი კრიპტოვალუტა, რომელიც შეიქმნა 2008 წელს (და გაეშვა 2009 წელს). Bitcoin-ის მეშვეობით მომხმარებლებს შეუძლიათ ასევე bitcoin-ის (იწერება დაბალი რეგისტრის b ასოთი ან შემოკლებული ფორმით - BTC) სახელით ცნობილი ციფრული ფულის ერთეულების მიღება და გაგზავნა.

მთავრობების მიერ გამოშვებული ტრადიციული ფიატ-ვალუტებისგან განსხვავებით (მაგალითად დოლარი ან ევრო), Bitcoin არის დეცენტრალიზებული სისტემა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას არ მართავს არავითარი ცალკეული ერთეული, მთავრობა ან ორგანიზაცია. აქ ხორციელდება peer-to-peer ტრანზაქციები, რაც გამორიცხავს მიმდინარე პროცესებში ბანკების ან ფინანსური დაწესებულებების შუამავლების სახით ჩართვის საჭიროებას.

Bitcoin-ს ყველაზე მეტად გამორჩეულს ხდის მისი თანდაყოლილი მდგრადობა ცენზურის მიმართ. აქ არ ფიქსირდება ორმაგი ხარჯვის შემთხვევები და შესაძლებელია ტრანზაქციების განხორციელება ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან.

როგორ მუშაობს Bitcoin?

Bitcoin დაფუძნებულია ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე, ეს გახლავთ საჯარო ლეჯერი, რომელზეც ხდება ყველა ტრანზაქციის ჩაწერა. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა Bitcoin ტრანზაქცია არის გამჭვირვალე, შემოწმებადი და უსაფრთხო.

ბლოკჩეინი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ბლოკების ჯაჭვის სახით, სადაც თითოეული ბლოკი ინახავს ტრანზაქციებთან დაკავშირებულ ინფორმაციას. ყოველ ჯერზე, როდესაც რომელიმე მომხმარებელი იყენებს Bitcoin-ს, ხდება მათი ტრანზაქციის დამატება ბლოკჩეინზე და ეს ჩანაწერი ინახება კომპიუტერების საერთაშორისო ქსელზე (მათ ნოდები ეწოდებათ).

ამ განაწილებული ქსელის მეშვეობით ხდება იმის უზრუნველყოფა, რომ ერთ კონკრეტულ მხარეს არ ჰქონდეს მონაცემთა მანიპულირების შესაძლებლობა. ეკოსისტემაში მიმდინარე პროცესებში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ პირს, რისთვისაც საჭიროა Bitcoin-ის ღია კოდის პროგრამული უზრუნველყოფის ჩამოტვირთვა.

  • დეცენტრალიზაცია: Bitcoin-ის ბლოკჩეინი იმართება კომპიუტერების განაწილებული ქსელის მიერ, რაც გამორიცხავს ლეჯერის ცენტრალური მართვის რგოლის მიერ კონტროლის საჭიროებას.

  • უცვლელობა: ტრანზაქციის ბლოკჩეინზე დამატების შემდეგ შეუძლებელია მისი შეცვლა ან წაშლა.

  • უსაფრთხოება: ტრანზაქციების დაშიფვრა ხდება კრიპტოგრაფიის მეშვეობით, ხოლო თითოეული ბლოკის ვერიფიკაციისთვის საჭიროა კომპლექსური მათემატიკური თავსატეხების ამოხსნა, ეს პროცესი მაინინგის სახელით არის ცნობილი.

BTC ტრანზაქციის მაგალითი

როდესაც ელისი უგზავნის BTC-ს ბობს, ბლოკჩეინის მონაცემთა ბაზაში ხდება მათი ბალანსების განახლება (მაგ., 1 BTC აკლდება ელისის ბალანსს და 1 BTC ემატება ბობის ბალანსს). ეს იგივეა, რომ ელისმა დაწეროს ქაღალდზე (რომლის ნახვაც ყველას შეუძლია), რომ ის ბობს აძლევს 1 BTC-ს.

როდესაც ბობი ამავე ოდენობის ერთეულებს უგზავნის კეროლს, ქსელი მარტივად ამოწმებს, აქვს თუ არა მას საკმარისი BTC ბალანსზე. ბლოკჩეინი ფუნქციონირებს ციფრული ლეჯერის სახით, რომელიც აკონტროლებს ყველა Bitcoin ტრანზაქციას და ანახლებს მომხმარებელთა ბალანსებს.

რადგან ქსელი დეცენტრალიზებულია, მისი ყველა მონაწილე (ნოდი) ფლობს მონაცემთა ბაზის იდენტურ ასლს (ბლოკჩეინ-ლეჯერი), რომელიც შენახულია მათ მოწყობილობებზე. შესაბამისად, ახალი ინფორმაციის სინქრონიზაციის მიზნით, საჭიროა მათ შორის მუდმივი კომუნიკაციის შენარჩუნება.

Bitcoin-ის მაინინგი

Bitcoin-ის მაინინგი არის პროცესი, რომლის მეშვეობითაც ხდება Bitcoin ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ტრანზაქციების დადასტურება. როდესაც მომხმარებელი ახორციელებს BTC ტრანზაქციას, ხდება ამ ტრანზაქციის გაშვება ქსელზე, სადაც ხდება მისი ვერიფიკაცია „მაინერების“ სახელით ცნობილი სხვა ნოდების მიერ.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, მაინინგი გახლავთ ტრანზაქციების ვერიფიკაციის და მათი ბლოკჩეინის მონაცემთა ბაზაში (ლეჯერში) ჩაწერის პროცესი. ამისთვის მაინერები ეჯიბრებიან ერთმანეთს რთული მათემატიკური ამოცანების ამოხსნაში, რაც დიდი ოდენობით გამომთვლელ რესურსებს მოიხმარს.

პირველი მაინერი, რომელიც ამოხსნის ამოცანას, მოიპოვებს ტრანზაქციების ახალი ბლოკის ბლოკჩეინზე დამატების უფლებას. სანაცვლოდ ის ჯილდოვდება ახალი bitcoin-ებით. მაინინგის პროცესთან ასოცირებული ხარჯები ქსელის უსაფრთხოების განმსაზღვრელი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, ხოლო მაინერებისთვის გადაცემული ბლოკის ჯილდოები „ახალი“ bitcoin-ების შექმნის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს. მაინინგით თითოეული ბლოკის შექმნისას მთლიან მარაგს ემატება მონეტების გარკვეული რაოდენობა.

Proof of Work (PoW)

ბლოკჩეინის უსაფრთხოებისა და ერთიანობის შენარჩუნების მიზნით, Bitcoin იყენებს კონსენსუსის მექანიზმს, რომელსაც Proof of Work (PoW) ეწოდება. ის ზემოთ აღწერილი მაინინგის პროცესის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს.

PoW გახლავთ Bitcoin-თან ერთად შექმნილი მექანიზმი, რომლის მიზანია ციფრული გადახდის სისტემებში ორმაგი ხარჯვის თავიდან აცილება. PoW მექანიზმს Bitcoin-ის გარდა არაერთი სხვა კრიპტოვალუტა იყენებს საკუთარი ბლოკჩეინ ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მეთოდის სახით.

როდესაც მაინერების მიერ ამოსახსნელ „რთულ მათემატიკურ ამოცანებზე“ ვსაუბრობთ, ჩვენ რეალურად სწორედ ამ PoW მექანიზმს ვგულისხმობთ. ის შეიქმნა ბლოკების შექმნასთან დაკავშირებული ხარჯების გაზრდის და მათი ვალიდურობის ვერიფიკაციასთან დაკავშირებული ხარჯების შემცირების მიზნით. დავუშვათ მომხმარებელი ცდილობს თაღლითობას და არასწორი ბლოკის დამატებას. ამ შემთხვევაში ქსელი დაუყოვნებლივ უარყოფს ამ ბლოკს და მაინერი ვეღარ მოახერხებს მაინინგთან დაკავშირებული ხარჯების დაბრუნებას.

რისთვის გამოიყენება Bitcoin?

Bitcoin ძირითადად გამოიყენება ციფრული ვალუტის და დანაზოგის საშუალების სახით. ტრადიციული ვალუტების მსგავსად, მისი გამოყენება შესაძლებელია ონლაინ ან პირდაპირი შესყიდვების განსახორციელებლად. Bitcoin-ს უფრო და უფრო მეტი კომპანია იყენებს გადახდის მეთოდის სახით. იქნება ეს ონლაინ საცალო მოვაჭრეები თუ ფიზიკური მაღაზიები. 

გარდა ამისა, Bitcoin-ის გამოყენება შესაძლებელია თანხის თქვენთვის სასურველი ნებისმიერი პირისთვის გასაგზავნად მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ტრადიციულ ბანკებთან და ფულადი გზავნილების სერვისებთან შედარებით დაბალი საკომისიოებით.

ბევრი მომხმარებელი Bitcoin-ს ინვესტიციის სახით გამოყენების მიზნით ყიდულობს იმ იმედით, რომ მისი ღირებულება გააგრძელებს ზრდას. მიუხედავად BTC-ის ფასის მერყეობისა, ზოგიერთი ინვესტორი მას საკუთარი პორტფოლიოების დივერსიფიკაციის და გრძელვადიან პერსპექტივაში ინფლაციის კომპენსაციის საშუალებად აღიქვამს.

ვინ შექმნა Bitcoin?

Bitcoin-ის შესახებ ინფორმაცია პირველად 2008 წელს გავრცელდა, როდესაც Satoshi Nakamoto-მ გამოაქვეყნა whitepaper სახელწოდებით „Bitcoin: Peer-to-Peer ელექტრონული ფულის სისტემა“. აქ მოცემული იყო ინფორმაცია ახალი ციფრული ვალუტის შესახებ, რომელიც მუშაობდა დეცენტრალიზებული სისტემის ფარგლებში, მთავრობებისგან და საბანკო სისტემისგან სრულიად დამოუკიდებლად.

2009 წლის იანვარში გამოშვებულ იქნა Bitcoin-ის პროტოკოლი და განხორციელდა პირველი bitcoin ტრანზაქცია Satoshi Nakamoto-სა და პროგრამისტ ჰალ ფინის შორის. ამ ტრანზაქციით Nakamoto-მ ფინის ათი bitcoin გაუგზავნა.

პირველი ტრანზაქციის განხორციელების შემდეგ Bitcoin-ის შესახებ უფრო და უფრო მეტმა ადამიანმა შეიტყო და გადაწყვიტეს ქსელში გაწევრიანება. იმის დემონსტრირების შემდეგ, რომ Bitcoin-ს შეუძლია ცენტრალური მართვის რგოლის და შუამავლის გარეშე ფუნქციონირება, ამ ციფრულმა ვალუტამ მოიპოვა პოპულარობა ტექნიკური სფეროს ენთუზიასტების მცირე ჯგუფს შორის.

Bitcoin-ის პიცა ამ ციფრული ვალუტის ისტორიის კიდევ მნიშვნელოვან მომენტს წარმოადგენს. ეს იყო რეალურ სამყაროში bitcoin-ის გადახდის მეთოდის სახით გამოყენების პირველი შემთხვევა. 2010 წლის 22 მაისს პროგრამისტმა, ლასლო ჰანიეჩმა ისტორია დაწერა, მან 10 000 bitcoin ორი პიცის შესაძენად გამოიყენა. ეს ტრანზაქცია დღეს „Bitcoin-ის პიცის დღის“ სახელითაა ცნობილი და აღინიშნება ყოველი წლის 22 მაისს.

ვინ არის Satoshi Nakamoto?

Satoshi Nakamoto-ს ვინაობა დღემდე საიდუმლოდ რჩება. Satoshi შესაძლოა იყოს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მყოფი ადამიანი ან დეველოპერების გუნდი. ეს სახელი იაპონური წარმოშობისაა, თუმცა Satoshi იმდენად კარგად ფლობს ინგლისურ ენას, რომ ადამიანების უმეტესობას სჯერა, რომ ის ინგლისურენოვანი ქვეყნიდანაა.

გამოიგონა თუ არა სატოშიმ ბლოკჩეინის ტექნოლოგია?

Bitcoin-ში გაერთიანებულია უკვე არსებული ტექნოლოგიები, რაც მოიცავს ბლოკჩეინის ტექნოლოგიასაც. მსგავსი უცვლელი მონაცემთა სტრუქტურების გამოყენება 1990-იან წლებში დაიწყო, როდესაც სტიუარდ ჰეიბერმა და ვ. სკოტ სტორნეტამ შემოგვთავაზეს დოკუმენტების დროის შტამპებით მონიშვნის სისტემა. თანამედროვე ბლოკჩეინების მსგავსად, ეს სისტემაც ეფუძნებოდა მონაცემთა დაცვის და დაზიანების პრევენციის კრიპტოგრაფიულ მეთოდებს. თუმცა, Bitcoin-მა სიახლეები შემოიტანა ორმაგ ხარჯვასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრის საკითხში, რომელიც მეტად აქტუალური იყო იმ პერიოდში არსებულ ციფრული გადახდის სისტემებში.

სულ რამდენი Bitcoin არსებობს?

პროტოკოლით განსაზღვრულია bitcoin-ების მაქსიმალური მარაგი - 21 მილიონი მონეტა. 2024 წლის სექტემბრის მონაცემებით, ამ რაოდენობიდან 94%-ზე მეტი უკვე შექმნილია, თუმცა დარჩენილი რაოდენობის შექმნას ას წელზე მეტი დასჭირდება. ამის მიზეზი გახლავთ ისეთი პერიოდული პროცესები, როგორიცაა Bitcoin-ის ჰალვინგი, რაც გულისხმობს მაინინგის ჯილდოების შემცირებას დაახლოებით ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ.

რა არის Bitcoin-ის ჰალვინგი?

Bitcoin-ის ჰალვინგი გახლავთ პერიოდულად განხორციელებული პროცესები, რომელთა ფარგლებშიც ხდება მაინერებისთვის შეთავაზებული ბლოკის ჯილდოების შემცირება. Bitcoin-ის შემდეგი ჰალვინგი დაგეგმილია 2028 წელს, ბოლო, 2024 წლის 19 აპრილს განხორციელებული ჰალვინგიდან დაახლოებით ოთხი წლის შემდეგ.

Bitcoin-ის ჰალვინგი წარმოადგენს მისი ეკონომიკური მოდელის საფუძველს, რადგან ის უზრუნველყოფს მონეტების გამოშვების სტაბილური ტემპის შენარჩუნებას მათი შექმნის სიჩქარის პროგნოზირებადი შემცირების წყალობით. მონეტარული ინფლაციის ეს კონტროლირებადი ტემპი წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად განსხვავებას Bitcoin-სა და ტრადიციულ ფიატ-ვალუტებს შორის, რომელთა მარაგიც შესაძლოა უსასრულოდ გაიზარდოს.

არის თუ არა Bitcoin უსაფრთხო?

Bitcoin-თან დაკავშირებულ ერთ-ერთ მთავარ რისკს წარმოადგენს ჰაკერულ თავდასხმებთან და თანხების მითვისებასთან დაკავშირებული საფრთხეები. მაგალითად, ფიშინგის დროს, ჰაკერები იყენებენ სოციალური ინჟინერიის მეთოდებს და ასე აიძულებენ მომხმარებლებს მათი ავტორიზაციის დეტალების ან პირადი გასაღებების გამჟღავნებას. მომხმარებლის ანგარიშზე ან კრიპტო საფულეზე წვდომის მოპოვების შემდეგ ჰაკერს შეეძლება მსხვერპლის bitcoin-ების საკუთარ ანგარიშზე გადარიცხვა.

ჰაკერების მიერ bitcoin-ების მოპარვის კიდევ ერთი გზაა თავდასხმა მავნე პროგრამების ან გამომძალველი პროგრამების მეშვეობით. ჰაკერები მავნე პროგრამის მეშვეობით უშვებენ ვირუსს მომხმარებლის კომპიუტერში ან მობილურ მოწყობილობაში, რაც მათ ანიჭებს წვდომას მომხმარებლის Bitcoin საფულეზე. ზოგიერთ შემთხვევაში ჰაკერები იყენებენ გამომძალველ პროგრამებს მომხმარებლის ფაილების შიფრაციის და შემდეგ მათი განბლოკვის სანაცვლოდ თანხის მოთხოვნის მიზნით.

გამომდინარე იქიდან, რომ Bitcoin-ის ტრანზაქციები შეუქცევადია და არ არის მხარდაჭერილი რომელიმე სამთავრობო სააგენტოს მიერ, აუცილებელია, რომ მომხმარებლებმა გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე და დაიცვან საკუთარი Bitcoin ჰოლდინგები. ეს გულისხმობს რთულად გამოსაცნობი პაროლების დაყენებას, ორფაქტორიანი ავთენტიფიკაციის გამოყენებას და bitcoin-ების შენახვას უსაფრთხო კრიპტო საფულეში, რომელზე წვდომის მოპოვებასაც ჰაკერები ვერ შეძლებენ. გარდა ამისა, მომხმარებლებმა უნდა ჩამოტვირთონ მხოლოდ სანდო წყაროების მიერ მოწოდებული Bitcoin-თან დაკავშირებული პროგრამები.

Bitcoin-თან დაკავშირებულ კიდევ ერთ რისკს წარმოადგენს მისი ფასის მერყეობა. Bitcoin-ის ფასი შესაძლოა მკვეთრად შეიცვალოს დროის მოკლე მონაკვეთში, რაც მას სარისკო საინვესტიციო საშუალებად აქცევს მათთვის, ვინც არ არის მზად ფასის მერყეობით გამოწვეულ შედეგებთან და პოტენციურ ზარალთან გასამკლავებლად.

შეჯამება

Bitcoin-მა განვითარების საკმაოდ დიდი გზა განვლო და იქცა საერთაშორისოდ აღიარებულ კრიპტოვალუტად, რომელიც მრავალი სხვადასხვა მიზნით გამოიყენება. მიუხედავად იმისა, Bitcoin-ის გამოყენებას ყოველდღიური ტრანზაქციების განსახორციელებლად აპირებთ, მასში ინვესტირებას გეგმავთ თუ უბრალოდ დაინტერესებული ხართ მისი საბაზისო ტექნოლოგიით, უნდა გაითვალისწინოთ, რომ აუცილებელია მისი მუშაობის პრინციპის საფუძვლიანად შესწავლა.

ის, თუ რა მომავალი ელის Bitcoin-ის, ბოლომდე ცხადი ჯერ კიდევ არ არის, თუმცა აშკარაა, რომ ეს ციფრული ერთეული გაქრობას კიდევ დიდი ხნის განმავლობაში არ აპირებს. რაც უფრო მეტი კომპანია იყენებს მას გადახდის მეთოდის და საინვესტიციო საშუალების სახით, მით უფრო მეტად ცვლის Bitcoin ადამიანების მიერ ფულის კონცეფციის აღქმას.

დამატებითი საკითხავი


პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი და რისკის შესახებ გაფრთხილება: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.