რა არის და როგორ გამოიყენება შემოსავლიანობის მრუდი?
მთავარი
სტატიები
რა არის და როგორ გამოიყენება შემოსავლიანობის მრუდი?

რა არის და როგორ გამოიყენება შემოსავლიანობის მრუდი?

განახლებული Nov 1, 2024
7m

მთავარი დეტალები

  • შემოსავლიანობის მრუდი არის დიაგრამა, რომელიც ასახავს დაფარვის სხვადასხვა ვადის მქონე ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთებს (სარგებლიანობას).

  • არსებობს ოთხი სხვადასხვა ტიპის შემოსავლიანობის მრუდი: სტანდარტული, ამობრუნებული, ჰორიზონტალური და მკვეთრი, თითოეული მიუთითებს სხვადასხვა ეკონომიკურ მოლოდინებზე.

  • შემოსავლიანობის მრუდის დახრა ხდება, როდესაც მოკლევადიანი და გრძელვადიანი ობლიგაციების სარგებლიანობას შორის სხვაობა (სპრედი) იზრდება დროთა განმავლობაში.

  • შემოსავლიანობის მრუდი ზეგავლენას ახდენს როგორც კრიპტოვალუტების, ისე საფონდო ბაზრებზე, თუმცა ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი სფეროებისთვის, როგორიცაა ბანკები, უძრავი ქონება და კომუნალური სერვისები, სადაც საპროცენტო განაკვეთებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

შემოსავლიანობის მრუდი academy cta ბანერი

რა არის შემოსავლიანობის მრუდი?

შემოსავლიანობის მრუდი არის დიაგრამა, რომელიც ასახავს დაფარვის სხვადასხვა ვადის მქონე ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთებს (ან სარგებლიანობას). შემოსავლიანობის მრუდი შეგვიძლია განვიხილოთ როგორც ხაზი, რომლის მეშვეობითაც ხდება მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთების შედარება გრძელვადიან საპროცენტო განაკვეთებთან, ხშირ შემთხვევაში აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებისთვის.

ობლიგაციების სარგებლიანობა განსხვავდება დაფარვის თარიღის მიხედვით, რადგან ინვესტორები აწესებენ შემოსავლიანობის სხვადასხვა განაკვეთს ობლიგაციის მოქმედების ვადის შესაბამისად. ხშირ შემთხვევაში ამის მიზეზი გახლავთ ინფლაციასთან დაკავშირებული მოლოდინები, საკრედიტო რისკები და ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობა.

შემოსავლიანობის მრუდის ფორმა გვაწვდის მნიშვნელოვან ინფორმაციას ინვესტორების მოლოდინებზე ეკონომიკურ ცვლილებებთან დაკავშირებით. ის შეგვიძლია ფინანსურ ამინდის პროგნოზსაც შევადაროთ. აშშ-ის სახაზინოს შემოსავლიანობის მრუდი ამ კონცეფციის ყველაზე პოპულარული მაგალითია. ის ხშირად გამოიყენება ეკონომიკური მდგომარეობის საზომის სახით და ზეგავლენას ახდენს სხვადასხვა ბაზარზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე.

შემოსავლიანობის მრუდის ტიპები

ფორმის მიხედვით არსებობს ოთხი ძირითადი ტიპის შემოსავლიანობის მრუდი. შემოსავლიანობის მრუდის თითოეული ტიპი ინვესტორებს აწვდის ინფორმაციას სხვადასხვა ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, რაც მათ ეფექტურ ინდიკატორებად აქცევს სამომავლო პროგნოზების სწორად განსაზღვრისთვის.

ქვემოთ მოცემული მაგალითები წარმოდგენილია მხოლოდ საილუსტრაციო მიზნით, შესაბამისად, მათზე მოცემული მნიშვნელობები არ არის საყურადღებო. მიაქციეთ ყურადღება მრუდის ფორმებს და იმას, თუ როგორ ხდება მათი ინტერპრეტირება.

შემოსავლიანობის სტანდარტული მრუდი

ამ ტიპის მრუდი დახრილია ქვემოდან ზემოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ გრძელვადიანი ობლიგაციების სარგებლიანობის დონე უფრო მაღალია მოკლევადიან ობლიგაციებთან შედარებით. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ინვესტორები სტაბილური ეკონომიკური ზრდის მოლოდინში არიან. სტანდარტული მრუდი მიუთითებს, რომ გრძელვადიანი ობლიგაციები გამოირჩევა მაღალი სარგებლიანობით, სტაბილურობა კი ხელსაყრელია აქციებისთვის, კრიპტოვალუტებისთვის და განვითარებაზე ორიენტირებული სხვა საინვესტიციო ერთეულებისთვის.

შემოსავლიანობის სტანდარტული მრუდი

შემოსავლიანობის ამობრუნებული მრუდი

შემოსავლიანობის ამობრუნებული მრუდი დახრილია ზემოდან ქვემოთ, რაც მიუთითებს, რომ მოკლევადიანი ობლიგაციების სარგებლიანობა უფრო მაღალია გრძელვადიანი ობლიგაციების სარგებლიანობასთან შედარებით. როგორც წესი, ეს მიუთითებს და გვაფრთხილებს მოსალოდნელი რეცესიის შესახებ. ამ ფორმის მრუდი ერთგვარ გაფრთხილებას წარმოადგენს საფონდო ინვესტორებისთვის, რომლებიც განიხილავენ პორტფოლიოების რებალანსირებას შედარებით უსაფრთხო აქტივებით, როგორიცაა მაგალითად ობლიგაციები.

შემოსავლიანობის ამობრუნებული მრუდი

შემოსავლიანობის ჰორიზონტალური მრუდი

შემოსავლიანობის ჰორიზონტალური მრუდი ოდნავ ან საერთოდ არ არის დახრილი, რაც მიუთითებს, რომ მოკლევადიანი და გრძელვადიანი ობლიგაციები გამოირჩევა თითქმის თანაბარი სარგებლიანობით. ეს შესაძლოა მიუთითებდეს ეკონომიკური გაურკვევლობის ან გარდამავალ ფაზაზე. ჰორიზონტალური მრუდი მიუთითებს გაურკვევლობაზე და ინვესტორებს აფრთხილებს, რომ საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა აქტივებს შორის დივერსიფიცირებულ ინვესტიციებთან მიმართებაში.

შემოსავლიანობის ჰორიზონტალური მრუდი

შემოსავლიანობის მკვეთრი მრუდი

შემოსავლიანობის მკვეთრი მრუდი იქმნება, როდესაც გრძელვადიანი ობლიგაციების სარგებლიანობა მკვეთრად აღემატება მოკლევადიანი ობლიგაციების სარგებლიანობას, რაც ხშირ შემთხვევაში მიუთითებს ეკონომიკური მდგომარეობის მოსალოდნელ გაუმჯობესებასა და ინფლაციის ზრდაზე. როდესაც ფიქსირდება შემოსავლიანობის მკვეთრი მრუდი, შესაძლებელია შედარებით სარისკო აქტივებში, მაგალითად კრიპტოვალუტებში და აქციებში ინვესტირება, რადგან მკვეთრი მრუდი როგორც წესი მიუთითებს განვითარების დადებით პერსპექტივაზე.

შემოსავლიანობის მკვეთრი მრუდი

შემოსავლიანობის მრუდის დახრა

შემოსავლიანობის მრუდის დახრა ხდება, როდესაც მოკლევადიანი და გრძელვადიანი ობლიგაციების სარგებლიანობას შორის სხვაობა (სპრედი) იზრდება. მისი მეშვეობით ხდება დროთა განმავლობაში დაფიქსირებული ცვლილებების აღწერა (მაგ., სხვადასხვა წლის შემოსავლიანობის მრუდის შედარებით).

შემოსავლიანობის მრუდის დახრის ტიპები

არსებობს შემოსავლიანობის მრუდის დახრის სხვადასხვა ტიპი, რომელთაგან ყველაზე ცნობილია bull დახრა და bear დახრა.

  1. Bull დახრა: როდესაც მოკლევადიანი ობლიგაციების სარგებლიანობა უფრო სწრაფად იკლებს, ვიდრე გრძელვადიანი ობლიგაციების. ეს შესაძლოა მოხდეს ცენტრალური ბანკების მიერ მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთების შემცირების დროს ეკონომიკის სტიმულირების მიზნით, როდესაც გრძელვადიანი განაკვეთები ინარჩუნებს სტაბილურობას, რაც ასახავს ზრდის მოლოდინს. მწვანე წყვეტილი ხაზი გახლავთ შემოსავლიანობის მრუდი ცვლილებების შემდეგ.

bull დახრა შემოსავლიანობის მრუდი

  1. Bear დახრა: ამ შემთხვევაში გრძელვადიანი ობლიგაციების სარგებლიანობა უფრო სწრაფად იმატებს, ვიდრე მოკლევადიანი ობლიგაციების. ხშირ შემთხვევაში ამის მიზეზი გახლავთ ინვესტორების მოლოდინი უფრო მკვეთრ ეკონომიკურ ზრდასთან ან მაღალ ინფლაციასთან დაკავშირებით. წითელი წყვეტილი ხაზი გახლავთ შემოსავლიანობის მრუდი ცვლილებების შემდეგ.

შემოსავლიანობის მრუდი bear დახრა

როგორ გამოიყენება შემოსავლიანობის მრუდი ფინანსურ ბაზრებზე

შემოსავლიანობის მრუდი ეფექტური ინსტრუმენტია საპროცენტო განაკვეთების ცვლილებების პროგნოზირებისთვის, რაც ზეგავლენას ახდენს მრავალ სხვადასხვა აქტივზე. მაგალითად, მრუდის ამობრუნების დროს აშშ-ის ფედერალური რეზერვი და სხვა ცენტრალური ბანკები ამცირებენ საპროცენტო განაკვეთებს ეკონომიკური შეფერხების თავიდან არიდების მიზნით, რაც ხშირ შემთხვევაში ბაზარზე აქტივობის დონის მოკლევადიან ზრდას იწვევს. ვაჭრები და ინვესტორები განაკვეთების ამ ცვლილებას ბაზარზე შესვლის და გამოსვლის შესაძლებლობების სახით და ობლიგაციების ჰოლდინგების რეგულირების მიზნით იყენებენ.

ობლიგაციების ბაზრები

გამომდინარე იქიდან, რომ შემოსავლიანობის მრუდი პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ობლიგაციების სარგებლიანობაზე, ნებისმიერი ცვლილება შესაძლოა გახდეს ობლიგაციების ფასების მერყეობის გამომწვევი მიზეზი. საპროცენტო განაკვეთების ზრდა (რომელიც ხშირად დაკავშირებულია ქვემოდან ზემოთ დახრილ შემოსავლიანობის მრუდთან) ხშირ შემთხვევაში იწვევს არსებული ობლიგაციების ღირებულების შემცირებას, რადგან ახალი ობლიგაციები გამოირჩევა სარგებლიანობის შედარებით მაღალი დონით. შესაბამისად, განაკვეთების შემცირების შემთხვევაში გაიზრდება შედარებით მაღალი განაკვეთების მქონე ძველი ობლიგაციების ღირებულება.

საფონდო ბირჟები

შემოსავლიანობის მრუდი ზეგავლენას ახდენს ნებისმიერი სახის აქციებზე. ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ სექტორებს, როგორიცაა ბანკები, უძრავი ქონება და კომუნალური სერვისები, სადაც საპროცენტო განაკვეთებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მაგალითად, შემოსავლიანობის მრუდის ამობრუნების შემთხვევაში, რაც მიუთითებს ეკონომიკის შესაძლო შეფერხებაზე, შესაძლოა ინვესტორებმა შეაჩერონ აქციებთან დაკავშირებული პროცესები და გადაინაცვლონ უფრო უსაფრთხო საინვესტიციო საშუალებებზე. ამის საპირისპირდ, შემოსავლიანობის მკვეთრი მრუდი მიუთითებს სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, რაც ზრდის ნდობის დონეს საფონდო ბირჟების მიმართ.

საპროცენტო განაკვეთები

სარგებლიანობის მაჩვენებლებს შორის სხვაობა ხშირად გამოიყენება ორიენტირის სახით იპოთეკური სესხების განაკვეთების, სესხების ტარიფების და სხვა ტიპის ვალდებულებებისთვის. შემოსავლიანობის ამობრუნებული მრუდის დაფიქსირებისას ფედერალური რეზერვი ხშირად ვალდებულია შეამციროს საპროცენტო განაკვეთები ეკონომიკის სტიმულირების მიზნით, რაც ზეგავლენას ახდენს სესხის აღებასთან დაკავშირებულ ხარჯებზე მომხმარებლებისთვის და კომპანიებისთვის.

შემოსავლიანობის მრუდი და კრიპტოვალუტის ბაზრები

მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლიანობის მრუდი ძირითადად ტრადიციულ ბაზრებთანაა ასოცირებული, ეტაპობრივად მიმდინარეობს მისი ინტეგრირება და მეტად საინტერესო მიზნებისთვის გამოყენება კრიპტოვალუტების სივრცეში, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ კრიპტო-აქტივების ინტეგრირება უფრო და უფრო აქტიურად მიმდინარეობს ინსტიტუციურ ინვესტიციებში.

თანდათანობით იზრდება ინვესტორების და ფინანსური მენეჯერების რიცხვი, რომლებიც იყენებენ Bitcoin-ს და სხვა კრიპტოვალუტებს საკუთარ პორტფოლიოში. 

მიუხედავად იმისა, რომ აქტიური ინტეგრირების ფონზე კრიპტო ბაზრები უფრო და უფრო დაემსგავსა საფონდო ბირჟებს, ზოგიერთი ინვესტორი Bitcoin-ს ოქროს ციფრულ ფორმადაც კი აღიქვამს – განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ტრადიციულ ბაზრებზე მაღალია გაურკვევლობის დონე. მაგალითად, შემოსავლიანობის მრუდის ამობრუნების და რეცესიასთან დაკავშირებული შიშების გამძაფრების დროს, ზოგიერთმა ინვესტორმა შესაძლოა არჩევანი გააკეთოს ისეთ აქტივებზე, როგორიცაა ოქრო და Bitcoin, რომლებიც ისტორიულად ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ „დანაზოგის საშუალებად“ მიიჩნევა.

გარდა ამისა, ცენტრალური ბანკების მიერ განაკვეთების შემცირება შემოსავლიანობის მრუდის საფუძველზე, ხშირად იწვევს ლიკვიდურობის დონის ზრდას ფინანსურ სისტემაში, რაც შესაძლოა კრიპტო ბაზრებსაც შეეხოს. ლიკვიდურობის დონის ზრდა იწვევს მოთხოვნის ზრდას კრიპტოვალუტებზე, რაც თავის მხრივ შესაძლოა ფასების ზრდის გამომწვევი მიზეზიც გახდეს.

მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლიანობის მრუდის მეშვეობით კრიპტო ინვესტორებს მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვება შეუძლიათ, მისი მუშაობის პრინციპი გარკვეულწილად განსხვავდება ტრადიციული აქტივების მუშაობის პრინციპისგან. კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული ეჭვები და მათზე ზეგავლენას ახდენს მრავალი სხვა ფაქტორი, მათ შორის რეგულაციებთან დაკავშირებული და ტექნიკური სიახლეები. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლიანობის მრუდის მეშვეობით შესაძლებელია კონტექსტის უკეთ აღქმა, გამოცდილი კრიპტოვალუტები უფრო ხშირად ხელმძღვანელობენ უფრო მრავალფეროვანი და ეფექტური ინდიკატორებით.

შეჯამება

არ აქვს მნიშვნელობა, ტრადიციული ინვესტიციებით ხართ დაინტერესებული, თუ უბრალოდ კრიპტოვალუტების მუშაობის და გამოყენების პრინციპის შესწავლას ცდილობთ, შემოსავლიანობის მრუდი ეფექტური ინსტრუმენტია, რომელიც ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ. მისი მეშვეობით შესაძლებელია არა მხოლოდ მოსალოდნელი ეკონომიკური ცვლილებების პროგნოზირება, არამედ სხვადასხვა კლასის აქტივებთან დაკავშირებული სტრატეგიების შემუშავება ინვესტორების მიერ.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციისთვის სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.