რა არის და როგორ მუშაობს Carry ვაჭრობა?
მთავარი
სტატიები
რა არის და როგორ მუშაობს Carry ვაჭრობა?

რა არის და როგორ მუშაობს Carry ვაჭრობა?

განახლებული Aug 26, 2024
6m

მთავარი დეტალები

  • Carry ვაჭრობებში მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ორი ვალუტის ან ფინანსური ინსტრუმენტის საპროცენტო განაკვეთებს შორის არსებული სხვაობით სარგებლობა. 

  • იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ხდება დაბალი საპროცენტო განაკვეთის მქონე ვალუტის სესხება და ინვესტიციის განხორციელება შედარებით მაღალი საპროცენტო განაკვეთის მქონე ვალუტაში. თუ საპროცენტო განაკვეთები თქვენი სურვილის საწინააღმდეგოდ არ შეიცვლება, თქვენ მიიღებთ ე.წ. „carry-ს“ (მოგება განაკვეთებს შორის სხვაობიდან).

  • მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია carry ვაჭრობით დიდი მოგების მიღება, ვალუტების ღირებულებების ან საპროცენტო განაკვეთების მოულოდნელი ცვლილებით შესაძლოა მომგებიანი ვაჭრობა უსწრაფესად გადაიქცეს ზარალის მომტან ვაჭრობად. 2008 წლის ფინანსური კრიზისი და 2024 წლის ცვლილებები იაპონიის მონეტარულ პოლიტიკაში ნათელი მაგალითებია იმისა, თუ როგორ შეიძლება მსგავსი ვაჭრობებით არასასურველი შედეგები მივიღოთ.

  • Carry ვაჭრობების განსახორციელებლად, ხშირ შემთხვევაში საჭიროა საფუძვლიანი ცოდნის ფლობა საერთაშორისო ბაზრებთან, ცენტრალური ბანკების გადაწყვეტილებებთან და ლევერიჯის ეფექტურად მართვის პრინციპებთან დაკავშირებით. ეს მეთოდი განკუთვნილია გამოცდილი ინვესტორებისთვის ან მსხვილი დაწესებულებებისთვის.

რა არის Carry ვაჭრობა?

Carry ვაჭრობა გახლავთ სტრატეგია, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელი სესხულობს თანხას დაბალი საპროცენტო განაკვეთის მქონე ვალუტაში და მისი მეშვეობით განახორციელებს ინვესტიციას სხვა ვალუტაში ან აქტივში, რომელიც უფრო მაღალ მოგებას სთავაზობს. მთავარი იდეა მარტივია: მომხმარებელს სურს მოგების მიღება ამ განაკვეთებს შორის არსებული სხვაობით. 

მიუხედავად იმისა, რომ ეს სტრატეგია უფრო ხშირად ფორექსის და კრიპტოვალუტებით ვაჭრობის სივრცეში გამოიყენება, შესაძლებელია მისი გამოყენება აქციებთან, ობლიგაციებთან და საქონელთან მიმართებაშიც.

როგორ მუშაობს Carry ვაჭრობები

როგორც წესი, პროცესი შემდეგნაირად მიმდინარეობს: თქვენ იღებთ სესხს ვალუტაში, რომელსაც აქვს დაბალი, თითქმის ნულოვანი საპროცენტი განაკვეთი – მაგალითად იაპონური იენა (JPY), რომელიც წლებია ინარჩუნებს დაბალ განაკვეთს. ამის შემდეგ, თქვენ ახორციელებთ ამ თანხის კონვერტაციას შედარებით მაღალი საპროცენტო განაკვეთის მქონე ვალუტაში, მაგალითად აშშ დოლარი. უფრო მაღალსარგებლიანი ვალუტის მიღების შემდეგ, თქვენ ახორციელებთ ინვესტიციას მისი მეშვეობით ისეთ აქტივებში, როგორიცაა აშშ-ის სახელმწიფო ობლიგაციები, ან სხვა, მაღალი სარგებლის მომტანი აქტივები.

მაგალითად, თუ თქვენ ისესხებთ იენას 0%-იანი განაკვეთით და განახორციელებთ მის ინვესტირებას 5,5%-იანი განაკვეთის მქონე ერთეულში, თქვენი მოგება იქნება სწორედ ეს 5,5%, საკომისიოებისა და სხვა გადასახადების გამოკლებით. ეს იაფი ფულის უფრო მეტ ფულად გადაქცევას ჰგავს (თუ გაცვლითი კურსები თქვენი სურვილის საწინააღმდეგოდ არ შეიცვლება).

რატომ იყენებენ ინვესტორები Carry ვაჭრობებს

Carry ვაჭრობები დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან ისინი გვთავაზობს სტაბილური შემოსავლის მიღების შესაძლებლობას საპროცენტო განაკვეთებს შორის არსებული სხვაობის მეშვეობით, ინვესტიციის ღირებულების გაზრდის საჭიროების გარეშე. ეს მას პოპულარულ ვარიანტად აქცევს ისეთი ფართო მასშტაბებზე მოქმედი სუბიექტებისთვის, როგორიცაა ჰეჯ-ფონდები და ინსტიტუციური ინვესტორები, რომლებიც ფლობენ საკმარის ცოდნას და ინსტრუმენტებს რისკების სამართავად.

ხშირ შემთხვევაში, ინვესტორები carry ვაჭრობებში ლევერიჯს იყენებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი სესხულობენ იმაზე ბევრად მეტ თანხას, ვიდრე ფლობენ. ამით შესაძლებელი ხდება ბევრად მაღალი მოგების მიღება – თუმცა ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ ზარალიც შესაძლოა ზუსტად ასეთივე მაღალი იყოს, თუ პროცესები გეგმის მიხედვით არ წარიმართება.

Carry ვაჭრობების მაგალითები

Carry ვაჭრობების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითია კლასიკური იენა-დოლარის სტრატეგია. ინვესტორები წლებია იყენებენ პრაქტიკას, სადაც ისინი სესხულობენ იაპონურ იენას და იყენებენ ამ თანხას უფრო მაღალმომგებიან აშშ აქტივებში ინვესტირებისთვის. ეს საკმაოდ ეფექტური ვარიანტია, თუ საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობა უარყოფითად არ შეიცვლება და მოულოდნელად კატასტროფულად არ მოიმატებს იენას ღირებულება დოლართან მიმართებაში – რაც მოხდა 2024 წლის ივლისში (დეტალურ ინფორმაციას ამ საკითხთან დაკავშირებით მოგვიანებით მოგაწვდით).

კიდევ ერთი პოპულარული მაგალითია ახლადშექმნილი ბაზრები. ამ შემთხვევაში ინვესტორები სესხულობენ თანხას დაბალი საპროცენტო განაკვეთის მქონე ვალუტაში და შემდეგ მისი მეშვეობით ახორციელებენ ინვესტიციას შედარებით მაღალსარგებლიან ვალუტებში ან ობლიგაციებში ახლადშექმნილ ბაზრებზე. ამ გზით შესაძლებელია უდიდესი სარგებლის მიღება, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ მსგავს ვაჭრობებზე დიდ ზეგავლენას ახდენს საერთაშორისო ბაზარზე არსებული პირობები და ინვესტორთა განწყობის ცვლილებები. თუ პროცესები არასასურველი გზით განვითარდება, ვაჭრობები შესაძლოა უსწრაფესად გადაიქცეს მომგებიანი ვაჭრობიდან უდიდესი ზარალის მომტან ვაჭრობად.

Carry ვაჭრობებთან დაკავშირებული რისკები

Carry ვაჭრობებთან, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა საინვესტიციო სტრატეგიასთან, დაკავშირებულია გარკვეული რისკები. ყველაზე დიდი რისკი დაკავშირებულია ვალუტებთან. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მიერ ნასესხები ვალუტის ღირებულება მოულოდნელად გაიზრდება თქვენ მიერ საინვესტიციოდ გამოყენებულ ვალუტასთან მიმართებაში, ხელახალი კონვერტაციის განხორციელებისას თქვენი მოგება შესაძლოა ნულამდე შემცირდეს ან ზარალად გადაიქცეს. 

მაგალითად, თუ მას შემდეგ, რაც თქვენ ისესხებთ JPY-ს და შეიძენთ USD-ს, იენას ფასი გაიზრდება დოლართან მიმართებით, შესაძლოა დაკარგოთ თანხა იენაზე განმეორებითი კონვერტაციის განხორციელებისას. კიდევ ერთი რისკია ცვალებადი საპროცენტო განაკვეთები. თუ თქვენ მიერ ნასესხები ვალუტის ცენტრალური ბანკი გაზრდის საპროცენტო განაკვეთებს, გაიზრდება თანხის სესხებასთან დაკავშირებული ხარჯებიც, რაც თქვენს მოგებაზე აისახება. გარდა ამისა, მოგება შემცირდება, თუ თქვენი საინვესტიციო ვალუტის ბანკი შეამცირებს განაკვეთებს.

ამ რისკებმა მეტად რეალური სახე მიიღო 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს, როდესაც უამრავმა ინვესტორმა განიცადა ზარალი Carry ვაჭრობების დროს. ეს განსაკუთრებით ეხებოდათ იმ ინვესტორებს, რომლებიც იყენებდნენ იენას. 2024 წელს იაპონიის მონეტარული პოლიტიკის ცვლილებებმა გამოიწვია იენას გამყარება, რასაც მოჰყვა უამრავი Carry ვაჭრობის პოზიციის დახურვა და ტურბულენტური პერიოდები ბაზრებზე​.

ბაზარზე არსებული პირობების ზეგავლენა

Carry ვაჭრობები უფრო ეფექტურია ბაზრის მშვიდ და ოპტიმისტურ პერიოდებში. სტაბილურ ან bullish პერიოდებში, ვალუტები და საპროცენტო განაკვეთები უფრო სტაბილურია და შესაბამისად, ინვესტორებსაც უფრო ნაკლებად აშინებთ არსებული რისკები. 

თუმცა, ბაზრის მერყეობის ან ეკონომიკური გაურკვევლობის პირობებში, Carry ვაჭრობები შესაძლოა საკმაოდ სწრაფად იქცეს ძლიერ სარისკო სტრატეგიებად. მაღალი ლევერიჯის მქონე და ძლიერ მერყევ ბაზრებზე ინვესტორები შესაძლოა პანიკამ მოიცვას, რაც გამოიწვევს მათ მიერ Carry ვაჭრობების პოზიციების დახურვას. ეს შესაძლოა გახდეს ვალუტების ფასების მკვეთრი ცვალებადობის და უფრო მნიშვნელოვანი ფინანსური არასტაბილურობის გამომწვევი მიზეზი.

2024 წლის ივლისში, როდესაც იაპონიის ბანკმა მოულოდნელად გადაწყვიტა საპროცენტო განაკვეთების გაზრდა, მკვეთრად მოიმატა იენას ღირებულებამაც, რამაც უამრავი ინვესტორის მიერ საკუთარი იენას Carry ვაჭრობების პოზიციების უსწრაფესად დახურვა გამოიწვია. შედეგად დაიწყო მაღალრისკიანი აქტივების გაყიდვა იენას ვალების გადასახდელად, რამაც არა მხოლოდ ბაზრების მერყეობა გამოიწვია, არამედ ერთგვარი ბიძგი აღმოჩნდა შედარებით მაღალი რისკების შემცველი ინვესტიციების გაყიდვის პროცესის დასაწყებად. გავლენა კიდევ უფრო გაზარდა ლევერიჯით გახსნილმა პოზიციებმა.

შეჯამება

Carry ვაჭრობები საინტერესო გზაა ვალუტების ან აქტივების საპროცენტო განაკვეთებს შორის არსებული სხვაობით მოგების მისაღებად. თუმცა მნიშვნელოვანია არსებული რისკების გათვალისწინება, განსაკუთრებით მაღალი ლევერიჯით ვაჭრობისას და მერყევ ბაზრებზე.

Carry ვაჭრობების წარმატებით განსახორციელებლად საჭიროა საფუძვლიანად შეისწავლოთ საერთაშორისო ბაზრები, ვალუტების ცვალებადობა და საპროცენტო განაკვეთების ტენდენციები. გამომდინარე იქიდან, რომ Carry ვაჭრობები შესაძლოა დიდი ზარალის მომტანი აღმოჩნდეს თქვენთვის ბაზარზე მოულოდნელი ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ისინი უფრო მეტად შესაფერისია გამოცდილი ინვესტორებისთვის და დაწესებულებებისთვის, რომელთაც აქვთ რისკების ეფექტურად მართვისთვის საჭირო რესურსები.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციისთვის სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.