მთავარი დეტალები
მონეტარული პოლიტიკა გახლავთ სტრატეგიები, რომელსაც ცენტრალური ბანკები იყენებენ ფულის მარაგის რეგულირებისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისთვის. ჩვეულებრივ, მონეტარული პოლიტიკის მეშვეობით ხდება საპროცენტო განაკვეთებისა და ბანკებისთვის რეზერვებთან დაკავშირებით წაყენებული მოთხოვნების შეცვლა.
მონეტარული პოლიტიკა გამოიყენება მრავალი სხვადასხვა მიზნით, როგორიცაა ეკონომიკური მიზნების მიღწევა, ინფლაციის კონტროლი, დასაქმების დონის რეგულირება და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა.
მონეტარული პოლიტიკა შეიძლება იყოს ექსპანსიური ან კონტრაქციული. მონეტარული პოლიტიკა გავლენას ახდენს ფიზიკური პირებისა და ბიზნესების ხელმისაწვდომ შემოსავალზე, რამაც შესაძლოა ირიბად იმოქმედოს კრიპტო ბაზრებზე.
რა არის მონეტარული პოლიტიკა?
მონეტარული პოლიტიკა გულისხმობს ქვეყნის ცენტრალური ბანკის მიერ ფულის მარაგის და ეკონომიკურ სივრცეში თანხის სესხებასთან დაკავშირებული ხარჯების რეგულირების მიზნით მიღებულ ზომებს. მონეტარული პოლიტიკა გამოიყენება კონკრეტული ეკონომიკური მიზნების მისაღწევად, მაგალითად ინფლაციის კონტროლისთვის, დასაქმების დონის რეგულირებისთვის ან ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის.
მონეტარული პოლიტიკის განხორციელების მიზნით, ცენტრალურ ბანკს შეუძლია საპროცენტო განაკვეთების შეცვლა, ღია ბაზრის ოპერაციების (OMO-ების) ჩატარება და კომერციული ბანკებისთვის რეზერვებთან დაკავშირებით წაყენებული მოთხოვნების შეცვლა. ფულის მარაგის და სესხის საპროცენტო განაკვეთების შეცვლით, ბანკებს შეუძლიათ ეკონომიკური აქტივობის დონის გაუმჯობესება ან ზედმეტად აქტიური ეკონომიკის დასტაბილურება.
როგორ მუშაობს მონეტარული პოლიტიკა?
მონეტარული პოლიტიკა შეიძლება იყოს ექსპანსიური ან კონტრაქციული.
ექსპანსიური მონეტარული პოლიტიკა
ექსპანსიური მონეტარული პოლიტიკა, როგორც წესი, მოიცავს საპროცენტო განაკვეთების შემცირებას და ფულის მარაგის ზრდას ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიზნით. ის ხშირად გამოიყენება რეცესიის ან დაბალი ეკონომიკური აქტივობის პერიოდებში. მისი მიზანია სესხებთან დაკავშირებული ხარჯების შემცირება, რაც მომხმარებლებს გაუჩენს მეტი თანხის გახარჯვის, ხოლო კომპანიებს მეტი ინვესტიციის განხორციელების სურვილს, რაც ხელს შეუწყობს საერთო ეკონომიკური დონის გაუმჯობესებას.
წარმოვიდგინოთ სიტუაცია, სადაც X ქვეყნის ცენტრალურ ბანკს სურს ეკონომიკის სტიმულირება საპროცენტო განაკვეთების შემცირების გზით. X ქვეყანაში მცხოვრებმა ჯეინმა და ჯონმა შეამჩნიეს, რომ შემცირდა თანხის სესხებასთან დაკავშირებული ხარჯები. ჯეინმა გადაწყვიტა ახალი ბიზნესის წამოწყება და ამისთვის სესხის აღება, ხოლო ჯონს სურს ისარგებლოს დაბალი საპროცენტო განაკვეთებით და იყიდოს ახალი სახლი. ამ მაგალითიდან ჩანს, რომ გაიზარდა მოთხოვნა პროდუქტებზე და სერვისებზე, რამაც გამოიწვია ახალი სამუშაო ადგილების გაჩენა და ეკონომიკური აქტივობის დონის გაუმჯობესება.
მაგალითი: 2008 წლის ფინანსური კრიზისი
2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს არსებული რთული ეკონომიკური მდგომარეობის გამოსასწორებლად, აშშ-ის მთავრობამ გაატარა ექსპანსიური მონეტარული პოლიტიკა. მან შეამცირა საპროცენტო განაკვეთები და დაიწყო რაოდენობრივი შემსუბუქების (QE) პოლიტიკის გატარება, რაც გულისხმობდა სახელმწიფო და იპოთეკური ფასიანი ქაღალდების შესყიდვას. ამით გაიზარდა ფულის მარაგი და შემცირდა სესხებთან დაკავშირებული ხარჯები. შედეგად, მომხმარებლებმა დაიწყეს უფრო მეტი თანხის ხარჯვა, ხოლო ბიზნესებმა მეტი ინვესტიციის განხორციელება, რამაც ხელი შეუწყო ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ სვლას.
კონტრაქციული მონეტარული პოლიტიკა
კონტრაქციული მონეტარული პოლიტიკა მოიცავს საპროცენტო განაკვეთების გაზრდას და ფულის მარაგის შემცირებას ეკონომიკური ზრდის შენელებისა და ინფლაციასთან ბრძოლის მიზნით. ცენტრალური ბანკი ზრდის სესხებთან დაკავშირებულ ხარჯებს თანხის ხარჯვის და ინვესტიციების შემცირების მიზნით, რაც ამცირებს მოთხოვნის საერთო დონესა და ეკონომიკურ აქტივობას.
წარმოვიდგინოთ სიტუაცია, სადაც Y ქვეყნის ცენტრალურ ბანკს სურს შეძლოს მზარდი ინფლაციის მართვა, რისთვისაც ის ზრდის საპროცენტო განაკვეთებს. ამ ქვეყანაში მცხოვრებმა სარამ და მაიკმა შეამჩნიეს, რომ გაიზარდა სესხებთან დაკავშირებული ხარჯები. სარამ გადაწყვიტა სხვა დროისთვის გადადოს საკუთარი ბიზნესის გაფართოება, ხოლო მაიკმა დროებით გადაიფიქრა ავტომობილის შეძენა. ამ მაგალითით ვხვდებით, რომ მოხდა მომხმარებელთა მხრიდან მოთხოვნის და ბიზნესის სფეროში გაყიდვების შემცირება, რაც ხელს შეუწყობს ინფლაციის შემცირებას და ფასების დასტაბილურებას.
მაგალითი: 1980-იანი წლების დასაწყისი
1980-იანი წლების დასაწყისში ფედერალურმა რეზერვმა გაატარა კონტრაქციული მონეტარული პოლიტიკა შეერთებულ შტატებში მიმდინარე მაღალი ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით. ფედერალურმა რეზერვმა გაზარდა საპროცენტო განაკვეთები, რითაც გაიზარდა თანხის სესხებასთან დაკავშირებული ხარჯებიც. ამ გზით მათ შეამცირეს ინფლაციის დონე, თუმცა მეორე მხრივ ამას მოჰყვა უმუშევრობის დონის დროებითი ზრდა.
მონეტარული პოლიტიკა და ფისკალური პოლიტიკა
ინსტრუმენტები
მონეტარული პოლიტიკის ძირითადი მიზნებია საპროცენტო განაკვეთების დარეგულირება, ღია ბაზრის ოპერაციების (OMO-ების) ჩატარება და ბანკებისთვის რეზერვებთან დაკავშირებით წაყენებული მოთხოვნების შეცვლა. ფისკალური პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტებია სახელმწიფო ხარჯების და გადასახადების შემცირება.
მოქნილობა
ზოგადად შესაძლებელია მონეტარული პოლიტიკის შედარებით სწრაფად გატარება და შესაბამისი ეკონომიკური შედეგების საჭირო დროში მიღწევა. ამის საპირისპიროდ, ფისკალურ პოლიტიკაში ცვლილების შეტანა უფრო გრძელვადიანი პროცესია, ვინაიდან ამისთვის საჭიროა შესაბამისი საკანომდებლო პროცესების გავლა და თანხმობის მიღება.
გამოყენების სფერო
მონეტარული პოლიტიკა ძირითადად ორიენტირებულია უფრო ფართო ეკონომიკური მიზნების მიღწევაზე, როგორიცაა ინფლაციის კონტროლი ან უმუშევრობის დონის რეგულირება. ფისკალური პოლიტიკა კი ძირითად შემთხვევაში ორიენტირებულია ეკონომიკის კონკრეტულ სფეროებზე. შესაძლებელია სახელმწიფო ხარჯების მიმართვა და გამოყენება კონკრეტული პროექტებისთვის და საგადასახადო პოლიტიკის კონკრეტულ ჯგუფებზე მორგება.
მონეტარული პოლიტიკა კრიპტოვალუტების ბაზრებზე
მონეტარულმა პოლიტიკამ ასევე შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს კრიპტოვალუტების ბაზრებზე. მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოვალუტის ფასები შეიძლება ტრადიციული ფინანსური სისტემებისგან დამოუკიდებლად შეიცვალოს, მონეტარული პოლიტიკის ცვლილებამ შეიძლება მნიშვნელოვნად იმოქმედოს ბაზრის განწყობასა და ინვესტორების ქცევაზე.
ექსპანსიური მონეტარული პოლიტიკის ზეგავლენა
ცენტრალური ბანკის მიერ ექსპანსიური მონეტარული პოლიტიკის გატარების დროს, იზრდება მიმოქცევაში არსებული თანხების ოდენობა. საპროცენტო განაკვეთების შემცირებითა და ფულის მარაგის გაზრდით ხდება სესხების და ხარჯვის წახალისება, რაც ამცირებს ხელმისაწვდომი შემოსავლის ოდენობას ინდივიდუალური პირებისათვის. ეს იმას ნიშნავს, რომ იზრდება ინდივიდუალური პირების მიერ bitcoin-ში და სხვა კრიპტვალუტებში ინვესტირების ალბათობა, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ფასების ზრდასაც.
კონტრაქციული მონეტარული პოლიტიკის ზეგავლენა
ცენტრალური ბანკის მიერ კონტრაქციული მონეტარული პოლიტიკის გატარების დროს, ხდება ეკონომიკიდან ფულის „ამოღება“. საპროცენტო განაკვეთების გაზრდითა და ფულის მარაგის შემცირებით მცირდება ხარჯვის დონეც, რაც თავის მხრივ ამცირებს ხელმისაწვდომ შემოსავალს ინვესტიციებისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ უფრო ნალებ ადამიანს ექნება კრიპტოვალუტებში ინვესტირების რესურსები, რაც დიდი ალბათობით გამოიწვევს ფასების შემცირებას.
შეჯამება
მონეტარული პოლიტიკა გულისხმობს ცენტრალური ბანკების მიერ ფულის მარაგის და საპროცენტო განაკვეთების კონტროლის მიზნით განხორციელებულ ქმედებებს, რითაც ხდება სხვადასხვა ეკონომიკური მიზნის მიღწევა, როგორიცაა ინფლაციის კონტროლი, მეტი სამუშაო ადგილის შექმნა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა. გამომდინარე იქიდან, რომ მონეტარული პოლიტიკა ზეგავლენას ახდენს ხელმისაწვდომ შემოსავალზე, მან შესაძლოა ირიბად იმოქმედოს კრიპტო ბაზრებზეც.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციისთვის სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.