რა არის და როგორ მუშაობს კრიპტო სავაჭრო ბოტები?
მთავარი
სტატიები
რა არის და როგორ მუშაობს კრიპტო სავაჭრო ბოტები?

რა არის და როგორ მუშაობს კრიპტო სავაჭრო ბოტები?

გამოქვეყნებული Jun 20, 2023განახლებული Dec 11, 2023
11m

TL;DR

  • კრიპტო სავაჭრო ბოტები ეწოდება ავტომატურ პროგრამულ ინსტრუმენტებს, რომელთა დანიშნულებაა მოგების მისაღებად კრიპტოვალუტების ყიდვა და გაყიდვა წინასწარ განსაზღვრული პარამეტრების მიხედვით. 

  • კრიპტო სავაჭრო ბოტების გამოყენების პოპულარულ სტრატეგიებს შორის არის ვაჭრობა ტრენდებზე დაკვირვებით, არბიტრაჟი, სკალპინგი, იმპულსებით ვაჭრობა, ტრენდის შებრუნების დროს ვაჭრობა, სიახლეებზე დაფუძნებით ვაჭრობა და დოლარის ღირებულების გაშუალედება. 

  • კრიპტო სავაჭრო ბოტებს არაერთი უპირატესობა აქვთ, მაგალითად 24/7 რეჟიმში გამოყენების შესაძლებლობა, ემოციებისგან თავისუფალი გადაწყვეტილებების მიღების უნარი, ტრანზაქციის გაზრდილი სიჩქარე და ერთდროულად დიდი მოცულობის ინფორმაციის დამუშავება. თუმცა მათ რისკები და შეზღუდვებიც ახლავს. 

რა არის კრიპტო სავაჭრო ბოტები?

კრიპტო სავაჭრო ბოტები ეწოდება ავტომატურ პროგრამულ ინსტრუმენტებს, რომელთა დანიშნულებაა მოგების მისაღებად კრიპტოვალუტების ყიდვა და გაყიდვა წინასწარ განსაზღვრული პარამეტრების მიხედვით. 

ჩვეულებრივ, ამ ბოტების საშუალებით ხდება ბაზრის მონაცემების ანალიზი და დამუშავება, როგორიცაა ფასები, მოცულობა, შეკვეთები და დროის მონაკვეთები. ეს ინფორმაცია გამოიყენება ოპერაციული პარამეტრების დასახვეწად და მათ სპეციფიკურ სავაჭრო სტრატეგიებსა და მიზნებზე მოსარგებად.

სავაჭრო ბოტები არსებობს არა მხოლოდ კრიპტო ბაზარზე, არამედ ტრადიციულ ფინანსურ ბაზარზეც. მათ არ გააჩნიათ ადამიანური ემოციები, როგორიცაა შიში და სიხარბე, რომლებიც ხშირად ხელს უშლის რაციონალური გადაწყვეტილების მიღებას. მიუხედავად იმისა, რომ სავაჭრო ბოტები დაპროგრამებული პარამეტრებით ვაჭრობისთვის შეიქმნა, ისინი მაინც არ არის მოგების გარანტი და ოპტიმალური შედეგებისთვის მონიტორინგსა და მცირე ცვლილებებს საჭიროებს.

როგორ მუშაობს კრიპტო სავაჭრო ბოტები? 

კრიპტოვალუტით სავაჭრო ბოტები ბაზრის წინასწარ კონფიგურირებული კონკრეტული ინდიკატორებისა და პარამეტრების გათვალისწინებით ფუნქციონირებს. ბოტისა და სავაჭრო სტრატეგიის ტიპის მიხედვით, ეს პარამეტრები შესაძლოა იყოს როგორც მარტივი, ისე რთული.

ყველაზე გავრცელებულ პარამეტრებს შორის არის ბაზრის ინდიკატორები, როგორიცაა მოძრავი საშუალო, შეფარდებითი სიძლიერის ინდექსი (RSI), ბოლინჯერის ზოლები და მოძრავი საშუალოების დაახლოება/დაშორება (MACD). სხვა პარამეტრებს შორისაა ვაჭრობის მოცულობა, ფასი, დროის მონაკვეთი და შეკვეთების წიგნის მონაცემები. პარამეტრების დაყენების შემდეგ, სავაჭრო ბოტი ბაზარს უწყვეტად აკონტროლებს. 

ტრეიდერები ან ინფორმაციას სავაჭრო გადაწყვეტილებების მისაღებად იყენებენ. სავაჭრო ბოტების წუალობით, ამ ინდიკატორებისთვის თვალის სადევნებლად ადამიანების ჩართულობა საჭირო აღარ არის. როდესაც ბაზრის პირობები წინასწარ განსაზღვრულ პარამეტრებს დაემთხვევა, ბოტი ვაჭრობას ავტომატურად განახორციელებს.  

კრიპტო სავაჭრო ბოტის მაგალითი: მოძრავი საშუალოების გადაკვეთა 

დავუშვათ, რომ Bitcoin ბაზარზე ვაჭრობთ  ბოტით, რომელიც ტექნიკური ანალიზის ინდიკატორს - მოძრავი საშუალოს გადაკვეთის წერტილებზე დაფუძნებულ მარტივ სტრატეგიას იყენებს.

ეს სტრატეგია მოიცავს ორ მოძრავ საშუალოს: სწრაფად მოძრავ საშუალოს (დროის 10 მონაკვეთი) და ნელა მოძრავ საშუალოს (დროის 50 მონაკვეთი). მონაკვეთები შესაძლოა აღნიშნავენ წუთებს, საათებს, დღეებს, კვირებსა და თვეებსაც კი.

როდესაც სწრაფად მოძრავი საშუალო ნელა მოძრავ საშუალოს ზემოდან გადაკვეთს, ეს ყიდვის სიგნალია. და პირიქით - როდესაც სწრაფად მოძრავი საშუალო ნელა მოძრავ საშუალოს ქვემოდან გადაკვეთს, ეს გაყიდვის სიგნალია. 

ბოტის კონფიგურაცია შემდეგი წესებით შეგიძლიათ:

ყიდვის წესი: თუკი Bitcoin-ის ფასის 10-იანი მონაკვეთის მოძრავი საშუალო 50-იანი მონაკვეთის მოძრავ საშუალოს ზემოდან გადაკვეთს, ბოტმა ყიდვის შეკვეთა უნდა განათავსოს.

გაყიდვის წესი: თუკი Bitcoin-ის ფასის 10-იანი მონაკვეთის მოძრავი საშუალო 50-იანი მონაკვეთის მოძრავ საშუალოს ქვემოდან გადაკვეთს, ბოტმა გაყიდვის შეკვეთა უნდა განათავსოს.

ბოტი მუდმივად გააკონტროლებს Bitcoin-ის ფასს და გამოითვლის მოძრავ საშუალოებს. როდესაც ის აღმოაჩენს, რომ 10-იანი პერიოდით მოძრავი საშუალო 50-იანი პერიოდით მოძრავ საშუალოს ზემოდან გადაკვეთს, ავტომატურად შეასრულებს ყიდვის შეკვეთას. შესაბამისად, 10-იანი პერიოდით მოძრავი საშუალო 50-იანი პერიოდით მოძრავ საშუალოს ქვემოდან გადაკვეთს, ის ავტომატურად შეასრულებს გაყიდვის შეკვეთას.

ეს კრიპტო სავაჭრო ბოტის მარტივი მაგალითია. რეალური სავაჭრო სტრატეგიები შესაძლოა გაცილებით უფრო რთული აღმოჩნდეს და ბევრი სხვა ფაქტორისა და სიგნალის გამოყენება გახდეს საჭირო. 

კრიპტო სავაჭრო ბოტების პოპულარული სტრატეგიები

ტრეიდერები კრიპტო სავაჭრო ბოტებს სხვადასხვა პოპულარული სტრატეგიების მიხედვით აპროგრამებენ. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი: 

ვაჭრობა ტრენდებზე დაკვირვებით

ეს სტრატეგია ეფუძნება იდეას, რომ „ტრენდი თქვენი მეგობარია.“ ამ სტრატეგიის გამოყენებისას ბოტები მიჰყვებიან ტრენდის ხაზებს, ყიდულობენ, როდესაც ფასი ზემოთ მიდის და ყიდიან, როდესაც ფასი კლებას იწყებს.

საშუალოსკენ დაბრუნება

ეს სტრატეგია ეფუძნება სტატისტიკურ ალბათობას, რომ დროთა განმავლობაში აქტივის ფასი მის საშუალო ფასს დაუბრუნდება. თუ ფასი საშუალოსგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, ბოტი განახორციელებს ვაჭრობას იმ ვარაუდით, რომ ეს ფასი საშუალო მაჩვენებელზე დაბრუნდება.

არბიტრაჟი

არბიტრაჟის ბოტები სხვადასხვა ბაზრებზე არსებულ ფასებს შორის განსხვავებას იყენებენ. მაგალითად, თუ კრიპტოვალუტა ერთ ბირჟაზე უფრო მაღალ ფასად იყიდება, მოგების მისაღებად ბოტი სხვა ბირჟიდან მას უფრო იაფად იყიდის და აქ ძვირად გაყიდის.

Market making

Market making ბოტები ყიდვისა და გაყიდვის შეკვეთებს ქმნიან და სარგებელს სპრედით ნახულობენ. ჩვეულებრივ, ეს ბოტები იყენებენ დაბალი მერყეობის, მაღალი მოცულობის მქონე კრიპტოვალუტებს.

სკალპინგი

სკალპინგი არის მაღალსიხშირიანი სავაჭრო სტრატეგია, რომლის მიზანიც არის ფასის მცირე ცვლილებებით სარგებლის მიღება. ბოტის საჭიროება ჩნდება ვაჭრობის მაღალი სიჩქარის გამო, რაც ადამიანს ეფექტურად მოქმედებას ურთულებს.

გარღვევის სტრატეგია

ეს სტრატეგია ეფუძნება იდეას, რომ თუ ფასი განსაზღვრულ ხაზს გაცდება (აიწევს რეზისტენტობის ხაზს ზემოთ ან ჩამოვა მხარდაჭერის ხაზს ქვემოთ), ხშირად ის გარკვეული პერიოდით იმავე მიმართულებით მოძრაობას აგრძელებს. გარღვევის ტენდენციის შემჩნევისას, ბოტი ვაჭრობაში ჩაერთვება.

იმპულსებით ვაჭრობა

ეს სტრატეგია გულისხმობს მკვეთრად აღმავალი მიმართულებით მოძრავი (ე.წ. იმპულსის მქონე) კრიპტოვალუტების ყიდვას და მათ გაყიდვას მიმართულების შეცვლის ნიშნების გაჩენისთანავე. მსგავსი სიტუაციების ამოცნობისთვის გამოიყენება ისეთი ინდიკატორები, როგორებიცაა RSI ან MACD.

ტრენდის შებრუნების დროს ვაჭრობა

იმპულსებით ვაჭრობისგან განსხვავებით, ტრენდის შებრუნების დროს ვაჭრობა გულისხმობს იმ მომენტის ამოცნობას, როდესაც კრიპტოვალუტის ფასი საპირისპირო მიმართულებით დაიწყებს მოძრაობას. ამისთვის ხდება ტექნიკურ შაბლონებსა და ინდიკატორებზე დაკვირვება, რაც აჩვენებს, თუ როდის ხდება ბაზარზე გადაჭარბებული ყიდვა ან გადაჭარბებული გაყიდვა.

სიახლეებზე დაფუძნებით ვაჭრობა

ზოგიერთი ბოტი შექმნილია იმ სიახლეების შესამოწმებლად, რომლებიც შესაძლოა კრიპტოვალუტის ფასების ცვლილების შესახებ ინფორმაციას ასახავდეს. მაგალითად, თუ ბოტი აღმოაჩენს, რომ კონკრეტული კრიპტოვალუტა ახალ, მნიშვნელოვან პარტნიორობასთანაა დაკავშირებული, შესაძლოა ის შეიძინოს, რადგან არსებობს მისი ფასის ზრდის ალბათობა.

დოლარის ღირებულების გაშუალედება (DCA)

დოლარის ღირებულების გაშუალედება არის სტრატეგია, როდესაც ბოტი დოლარის განსაზღვრული ღირებულების კონკრეტულ კრიპტოვალუტას რეგულარული ინტერვალებით ყიდულობს. დროთა განმავლობაში ამ სტრატეგიის შედეგი კრიპტოვალუტის საშუალო ფასად შეძენა იქნება, რაზეც სახელიც მიანიშნებს.

კრიპტო სავაჭრო ბოტების გამოყენების უპირატესობები

კრიპტო სავაჭრო ბოტების გამოყენების მთავარი უპირატესობებია: 

1. ავტომატიზაცია

სავაჭრო ბოტებს ვაჭრობის პროცესის ავტომატიზება შეუძლიათ, რაც 24/7 რეჟიმში მოქმედი კრიპტოვალუტის ბაზრისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ ბაზრის მონიტორინგი და ვაჭრობის განხორციელება ადამიანის ჩარევის გარეშე, რაც ტრეიდერებს დროის დაზოგვაში ეხმარება.

2. შიშისა და სიხარბის გამორიცხვა

ხშირად ვაჭრობა სტრესთან და ემოციებთან ასოცირდება, რასაც შედეგად იმპულსური გადაწყვეტილებები მოსდევს. სავაჭრო ბოტები კი მხოლოდ წინასწარ განსაზღვრულ ლოგიკაზე დაყრდნობით მუშაობენ, რაც განტოლებიდან ადამიანურ ემოციებს ამოაგდებს და მეტად რაციონალური გადაწყვეტილებების მიღებას განაპირობებს.

3. სიჩქარე

სავაჭრო ბოტებს შესაბამისი ვაჭრობის განხორციელება თვალის დახამხამებაში შეუძლიათ. მოქმედების სიჩქარე სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ისეთ სწრაფ ბაზარზე, როგორიცაა კრიპტოვალუტა, სადაც ფასები წამებში იცვლება.

4. ბაზრის ეფექტური ანალიზი

სავაჭრო ბოტებს შეუძლიათ რამდენიმე ბაზრიდან მიღებული დიდი ოდენობის ინფორმაცია სწრაფად დაამუშაონ, რასაც ადამიანი ვერ მოახერხებდა. ამის გამო, ბოტები ისეთი შესაძლებლობების შემჩნევას ახერხებენ, რაც ადამიანს გამორჩებოდა.

5. უკუტესტირება

ბევრ სავაჭრო ბოტს აქვს უკუტესტირების შესაძლებლობა, რაც ნიშნავს, რომ მათ სტრატეგიების შემოწმება ისტორიული მონაცემების გათვალისწინებითაც შეუძლიათ, რითიც მათ ეფექტურობას რეალური ფულის გამოყენებამდე განსაზღვრავენ.

6. რისკების მართვა

შესაძლებელია ბოტების დაპროგრამება ისე, რომ შეამცირონ რისკი ინვესტიციის სხვადასხვა აქტივებში გადანაწილებითა და stop-loss შეკვეთების განთავსებით, რომლებიც ავტომატურად დახურავენ პოზიციას პოტენციური ზარალის შესამცირებლად.

კრიპტო სავაჭრო ბოტების გამოყენების რისკები და შეზღუდვები

ამ უპირატესობებთან ერთად, არსებობს რისკები და შეზღუდვებიც, რომელთა შესახებაც უნდა იცოდეთ. 

1. ბაზრის მერყეობა

კრიპტოვალუტების ფასი ხშირად იცვლება. სავაჭრო ბოტები ცვლილებებზე სწრაფად რეაგირებენ, მაგრამ ფასის უეცარი კლების ან ზრდის პროგნოზირება შეიძლება ვერ შეძლონ, თუ კონკრეტულად ამისთვის არ არიან დაპროგრამებული.

2. მონიტორინგის საჭიროება 

სავაჭრო ბოტებს სწორად ფუნქციონირებისთვის რეგულარული მონიტორინგი სჭირდებათ. არასწორად განსაზღვრული პარამეტრები, პროგრამული უზრუნველყოფის პრობლემები და დაკავშირების პრობლემა ხშირად არასასურველი ვაჭრობის ან შესაძლებლობების ხელიდან გაშვების მიზეზი ხდება.

3. მაღალი დონის ტექნიკური ცოდნის საჭიროება 

სავაჭრო ბოტის დაყენება და დარეგულირება მაღალი დონის ტექნიკურ ცოდნას მოითხოვს. ბოტის ფუნქციების მაქსიმალურად გამოყენებისთვის საჭიროა გესმოდეთ რთული სავაჭრო სტრატეგიები და ბოტის სწორად კონფიგურაცია შეგეძლოთ.

4. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები

ჩვეულებრივ, სავაჭრო ბოტებს თქვენს კრიპტო ანგარიშზე აქვთ წვდომა, ამიტომ ჩნდება რისკი ბოტის ან პლატფორმის გატეხვის შემთხვევაში. აუცილებლად უნდა გამოიყენოთ მხოლოდ საიმედო, დაცული სავაჭრო ბოტი. 

5. შეზღუდული ეფექტურობა

სავაჭრო ბოტის ეფექტურობა მის პროგრამასა და მისთვის განსაზღვრულ სტრატეგიაზეა დამოკიდებული. არ არსებობის სარგებლის მიღების გარანტია, მით უმეტეს მერყევ ბაზარზე. გარდა ამისა, სტრატეგია, რომელიც ერთი სახის საბაზრო პირობებში კარგად მუშაობს, შესაძლოა სხვა სიტუაციაში გამოუსადეგარი აღმოჩნდეს.

6. ფასი

მართალია, ზოგიერთი სავაჭრო ბოტი უფასოა, მაგრამ დანარჩენების გამოსაყენებლად თანხის გადახდა დაგჭირდებათ. ეს ხარჯები პოტენციური სარგებლის გამოთვლისას უნდა გაითვალისწინოთ. არსებობს ბოტები, რომლებსაც ტრანზაქციის საკომისიო ახლავს, ან გამოწერას მოითხოვს.

7. რეგულაციებთან დაკავშირებული რისკები

ზოგიერთი კანონმდებლობის ფარგლებში სავაჭრო ბოტების გამოყენება კანონთან შესაბამისობასთან დაკავშირებულ კითხვებს აჩენს. წინასწარ გადაამოწმეთ და დარწმუნდით, რომ ადგილობრივი კანონებისა და რეგულაციების ჩარჩოებს არ ცდებით.

როგორ შევარჩიოთ კრიპტო სავაჭრო ბოტი? 

თუ კრიპტო სავაჭრო ბოტების გამოყენებას აპირებთ, შეგიძლიათ არჩევანი რამდენიმე უფასო ან ფასიანს ვარიანტს შორის გააკეთოთ; განსხვავებულია ღირებულების გადახდის სტრუქტურაც, მაგალითად ჩვეულებრივი გამოწერა ან კონკრეტულად განსაზღვრული საკომისიო. 

ბაზარზე სავაჭრო ბოტების დიდი არჩევანია, ამიტომ მათ შორის თქვენთვის შესაფერისის პოვნა შესაძლოა რთული ამოცანა აღმოჩნდეს. უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი ფაქტორები: 

საიმედოობა

ბოტის სანდოობა დადასტურებული უნდა იყოს. ბოტი, რომელიც ხშირად კარგავს ქსელთან კავშირს, ან ვაჭრობას სწორად ვერ ახორციელებს, არ გამოგადგებათ. გაეცანით მომხმარებლების გამოხმაურებებს და განხილვებს ფორუმებზე, რათა მეტი გაიგოთ ბოტის საიმედოობის შესახებ.

უსაფრთხოება

რადგანაც თქვენი კრიპტო აქტივები ბოტს უნდა მიანდოთ, აუცილებელია დარწმუნდეთ, რომ უსაფრთხოების ყველა ზომა მიღებულია. ეს მოიცავს მაგალითად ორფაქტორიან ავთენტიფიკაციას, მონაცემთა დაშიფვრასა და აქტივის გატანის თეთრ სიებს. ასევე უნდა გაითვალისწინოთ ბოტის არსებობის ისტორიაში დაფიქსირებული უსაფრთხოების პრობლემები. 

სარგებელი

წარსული შედეგები სამომავლო მოგების გარანტი არ არის, თუმცა მაინც მნიშვნელოვანი ინდიკატორია. ბოტების ბევრი პლატფორმა ისტორიული შედეგების ინფორმაციას ინახავს. გახსოვდეთ, რომ ამ მონაცემებს ეჭვის თვალით უნდა შეხედოთ და დარწმუნდეთ, რომ ისინი თქვენთვის დასაშვები რისკების დონესა და ინვესტირების მიზნებს შეესაბამება.

მომხმარებლის ინტერფეისი

ბოტის ინტერფეისი უნდა იყოს ინტუიციური და მომხმარებელზე მორგებული, განსაკუთრებით თუ მას ახალბედა იყენებს. ბოტის დაყენება, პარამეტრების შერჩევა და მონიტორინგი სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს.

მომხმარებელთა მხარდაჭერა 

მაღალი დონის მომხმარებელთა მხარდაჭერა შეუფასებელი ასპექტია, განსაკუთრებით ახალბედებისთვის. გადაამოწმეთ, აქვს თუ არა პლატფორმას დროული და ეფექტური მხარდაჭერა, მაგალითად 24/7 დახმარების პანელი ან მხარდაჭერის საზოგადოება.

ბირჟებთან თავსებადობა

ბოტი თქვენთვის სასურველ ბირჟებთან თავსებადი უნდა იყოს. ზოგიერთი ბოტი ბევრ ბირჟასთანაა თავსებადი, რაც მეტი მოქნილობის საშუალებას გაძლევთ.

კრიპტო სავაჭრო ბოტები სარგებლის გარანტია არ არის

არ არსებობს გარანტია, რომ კრიპტო სავაჭრო ბოტების გამოყენებით სარგებელს ნახავთ. კრიპტო სავაჭრო ბოტები წინასწარ განსაზღვრული წესებითა და სტრატეგიებით მოქმედებენ. თუ ბაზარზე მოულოდნელი მოვლენები დაფიქსირდება, შესაძლოა ბოტმა ზარალი მოგიტანოთ. მაგალითად, ბოტი შესაძლოა მზად არ აღმოჩნდეს ბაზარზე ფასების უეცარი ზრდის ან კლებისთვის.

გასათვალისწინებელია, რომ შესაძლოა წამგებიანი პერიოდი კარგად დაგეგმილი სავაჭრო სტრატეგიის გამოყენებითაც დადგეს. ფინანსურ ბაზრებზე, განსაკუთრებით კრიპტო ბაზარზე, გავლენას ახდენს არაერთი ფაქტორი, რომელთაგან ბევრის პროგნოზირება ან კონტროლი შეუძლებელია.

ამის გამო, ტრეიდერები სავაჭრო ბოტებს სიფრთხილით უნდა მოეკიდონ და მათი რისკი და სარგებელი უნდა გაითვალისწინონ. ზარალის ალბათობის გათვალისწინებით, მომხმარებლებს ფართო, კარგად დივერსიფიცირებული ინვესტირების სტრატეგია სჭირდებათ.

შეჯამება 

კრიპტო სავაჭრო ბოტებს არაერთი უპირატესობა აქვთ, მაგალითად 24/7 გამოყენების საშუალება, ემოციებისგან დაცლილი გადაწყვეტილებები, ტრანზაქციის გაზრდილი სიჩქარე და ერთდროულად დიდი ოდენობით ინფორმაციის დამუშავება. თუმცა მათ გამოყენებას თან ახლავს რისკები და შეზღუდვები, როგორიცაა რეგულარული მონიტორინგის საჭიროება, ტექნიკური ცოდნის აუცილებლობა, უსაფრთხოების პოტენციური პრობლემები და ბაზრის მერყეობა.

მანქანური სწავლებისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარების პარალელურად, სამომავლო სავაჭრო ბოტები კიდევ უფრო ინტუიციური, დახვეწილი გახდება და ანალიზისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესსაც გააუმჯობესებს. შესაძლოა შეიცვალოს რეგულაციებიც, რაც ყურადღებასა და შესაბამისობის დაცვას მოითხოვს.

კრიპტო სავაჭრო ბოტები ტრეიდერის მძლავრი იარაღია, თუმცა არ არის გამდიდრების გარანტირებული გზა. როგორც სხვა ნებისმიერი ინვესტიციის განხორციელებისას, საფუძვლიანი მოკვლევა და რისკების შეფასება აუცილებელია.

დამატებითი საკითხავი: 

რა არის ტექნიკური ანალიზი?

5 მნიშვნელოვანი ინდიკატორი, რომლებიც გამოიყენება ტექნიკური ანალიზის დროს

7 გავრცელებული შეცდომა ტექნიკური ანალიზის (TA) პროცესში

წამყვანი და დაყოვნების ინდიკატორების განმარტება

უარი პასუხისმგებლობაზე და რისკის შესახებ გაფრთხილება: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენელი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ის შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy-ი არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებსა და რისკის შესახებ გაფრთხილებას..

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.