5 მნიშვნელოვანი ინდიკატორი, რომლებიც გამოიყენება ტექნიკური ანალიზის დროს
მთავარი
სტატიები
5 მნიშვნელოვანი ინდიკატორი, რომლებიც გამოიყენება ტექნიკური ანალიზის დროს

5 მნიშვნელოვანი ინდიკატორი, რომლებიც გამოიყენება ტექნიკური ანალიზის დროს

გამოქვეყნებული Mar 2, 2020განახლებული Jun 4, 2024
9m

მთავარი დეტალები

  • ტექნიკური ანალიზის (TA) ინდიკატორები ტრეიდერებს ეხმარება აქტივების ფასის მოძრაობის გაგებაში და უმარტივებს მათ შაბლონების და პოტენციური სავაჭრო სიგნალების ამოცნობას.

  • მრავალ სხვადასხვა ხელმისაწვდომ TA ინდიკატორს შორის, პოპულარობით გამოირჩევა RSI, მოძრავი საშუალო, MACD, StochRSI და ბოლინჯერის ზოლები.

  • მიუხედავად იმისა, რომ TA ინდიკატორები შესაძლოა საკმაოდ სასარგებლო იყოს, მათი მონაცემების ინტერპრეტაცია შესაძლოა სუბიექტური აღმოჩნდეს. რისკების შესამცირებლად, უამრავი ტრეიდერი იყენებს TA ინდიკატორებს ფუნდამენტურ ანალიზთან და სხვა მეთოდებთან ერთად.

შესავალი

დიაგრამების ინდიკატორები გამოცდილი ტექნიკური ანალიტიკოსების მიერ ყველაზე ხშირად არჩეული და გამოყენებული ინსტრუმენტია. თითოეული მოქმედი პირი ირჩევს კონკრეტულად მისი სტრატეგიისთვის შესაფერის ინსტრუმენტს, რის შემდეგაც ცდილობს პროფესიონალურ დონეზე დახვეწოს საკუთარი უნარები. ზოგიერთი ბაზრის იმპულსს ადევნებს თვალს, სხვები ხმაურის გაფილტვრის და არასტაბილურობის გაზომვის მეთოდს ირჩევენ.

თუმცა, მაინც ისმის კითხვა, რომელია საუკეთესო ტექნიკური ინდიკატორი? ამის შესახებ თითოეულ ტრეიდერს საკუთარი აზრი გააჩნია. თუმცა, ზოგიერთი მათგანი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, ასეთია მაგალითად ჩვენ მიერ ქვემოთ ჩამოთვლილი ინდიკატორები (RSI, MA, MACD, StochRSI და BB). გაინტერესებთ, რა არის და როგორ გამოიყენება ისინი? გააგრძელეთ კითხვა.

რატომ ტექნიკური ანალიზის ინდიკატორები?

ტრეიდერები ტექნიკურ ინდიკატორებს იყენებენ აქტივის ფასის მოძრაობასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. ეს ინდიკატორები ამარტივებს შაბლონების იდენტიფიკაციას და პოტენციური ყიდვის ან გაყიდვის სიგნალების ამოცნობას მიმდინარე საბაზრო სივრცეში

არსებობს მრავალი სხვადასხვა ტიპის ინდიკატორი, რომლებიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს დეი-ტრეიდერებს, სვინგ-ტრეიდერებს და ზოგჯერ გრძელვადიანი პერსპექტივით მოქმედ ინვესტორებს შორისაც კი. გარდა ამისა, არსებობენ პროფესიონალი ანალიტიკოსები და ტრეიდერები, რომლებიც თავად ქმნიან საკუთარ, პერსონალიზებულ ინდიკატორებს. 

წინამდებარე სტატიაში მოცემულია ტექნიკური ანალიზის (TA) ზოგიერთი, ყველაზე პოპულარული ინდიკატორის აღწერა, რომლის გამოყენებაც ნებისმიერ ტრეიდერს შეუძლია ბაზრის ანალიზის ინსტრუმენტის სახით.

1. ფარდობითი სიძლიერის ინდექსი (RSI)

ფარდობითი სიძლიერის ინდექსი

RSI წარმოადგენს იმპულსის ინდიკატორს, რომელიც აჩვენებს აქტივის გადაჭარბებულ ყიდვას ან გადაჭარბებულ გაყიდვას. ამისათვის ის იყენებს ბოლოს დაფიქსირებული ფასის ცვლილების დიაპაზონის გაზომვას. სტანდარტული პარამეტრი გახლავთ გასული 14 ერთეული (14 დღე დღიური დიაგრამების შემთხვევაში, 14 საათი საათობრივი დიაგრამის შემთხვევაში და ა.შ.). ეს მონაცემი ოსცილატორის სახით გამოისახება და გააჩნია მნიშვნელობა 0-სა და 100-ს შორის.

რადგან RSI იმპულსის ინდიკატორია, ის გვიჩვენებს ფასის ცვლილების სიხშირეს (იმპულსს). ეს ნიშნავს, რომ თუ იმპულსი იზრდება ფასის აწევის დროს ანუ აღმავალი ტენდენცია ძლიერია, ე.ი. უფრო მეტი მყიდველი ერთვება ვაჭრობაში. ამის საპირისპიროდ, თუ იმპულსი მცირდება ფასის აწევის დროს, ეს შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ გამყიდველები ჩაიგდებენ ხელში ბაზარზე კონტროლს.

RSI-ის ტრადიციული ინტერპრეტაციის მიხედვით, როდესაც მისი მნიშვნელობა 70-ზე მაღალია, საქმე გვაქვს აქტივების სავარაუდო გადაჭარბებულ ყიდვასთან, ხოლო როდესაც 30-ზე დაბალია, სახეზეა სავარაუდო გადაჭარბებული გაყიდვა. ამგვარად, უკიდურესად მაღალი ან დაბალი მნიშვნელობები შეიძლება ტენდენციის შემობრუნების მაჩვენებელი იყოს. ამ შემთხვევაშიც კი, უმჯობესია არ მოხდეს ამ მაჩვენებლების პირდაპირ ყიდვის ან გაყიდვის სიგნალებად აღქმა. ისევე, როგორც ბევრი სხვა ტექნიკური ანალიზის (TA) ტექნიკის შემთხვევაში, RSI-იც შესაძლოა გვაწვდიდეს არასწორ სიგნალებს, შესაბამისად, ყოველთვის საჭიროა ვაჭრობაში შესვლამდე სხვა ფაქტორების გათვალისწინება.

გსურთ გაიგოთ მეტი? იხილეთ ჩვენი სტატია ფარდობითი სიძლიერის ინდექსის (RSI) შესახებ.

2. მოძრავი საშუალო (MA)

მოძრავი საშუალოები

მოძრავი საშუალოს ფინანსურ დიაგრამებში გამოყენების მიზანია ფასის მოძრაობის აღმნიშვნელი ხაზის გასწორება და ბაზრის ტენდენციების განვითარების მიმართულების გამოკვეთა. გამომდინარე იქიდან, რომ ისინი ეფუძნება ფასის წარსულ მონაცემებს, მოძრავი საშუალოები ითვლება დაყოვნების ინდიკატორებად.

მოძრავი საშუალოს ორი ყველაზე გავრცელებული ვარიანტებია მარტივი მოძრავი საშუალო (SMA ან MA) და ექსპონენციური მოძრავი საშუალო (EMA). SMA-ის გამოსახვისთვის, ხდება კონკრეტულ პერიოდში დაფიქსირებული ფასის მონაცემების აღება და საშუალო მაჩვენებლის გამოთვლა. მაგალითად, 10-დღიანი SMA-ის გამოსახვისთვის გამოითვლება ბოლო 10 დღის ფასის მონაცემების საშუალო მაჩვენებელი. მეორეს მხრივ, EMA-ს გამოთვლის დროს, უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება ფასის უახლეს მონაცემებს. მასში უახლესი ფასი უფრო მეტად არის გათვალისწინებული.

როგორც აღინიშნა, მოძრავი საშუალოები დაყოვნების ინდიკატორებია. რაც დიდია პერიოდი, მით მეტია დაყოვნება. ამგვარად, 200-დღიანი SMA უფრო ნელა რეაგირებს მიმდინარე ფასის მოძრაობაზე, ვიდრე 50-დღიანი მოძრავი საშუალო.

ტრეიდერები ხშირად იყენებენ ფასის კონკრეტულ მოძრავ საშუალოსთან კავშირს ბაზრის არსებული ტენდენციის შესაფასებლად. მაგალითად, თუ ფასი ხანგრძლივი პერიოდით რჩება 200-დღიან SMA-ზე მაღლა, ბევრი ტრეიდერი თვლის, რომ სახეზე გვაქვს აქტივის bull ბაზარი.

ტრეიდერები მოძრავ საშუალოების გადაკვეთის წერტილებს იყენებენ ყიდვის და გაყიდვის სიგნალების სახით. მაგალითად, თუ 100-დღიანი SMA ქვედა მიმართულებით კვეთს 200-დღიან SMA-ს, ეს შეიძლება ჩაითვალოს გაყიდვის სიგნალად. თუმცა, რეალურად, რას ნიშნავს ეს კვეთა? ეს მიუთითებს იმაზე, რომ გასული 100 დღის საშუალო ფასი ახლა გასული 200 დღის იმავე მაჩვენებელზე ნაკლებია. ამ შემთხვევაში, გაყიდვის იდეა ეფუძნება იმას, რომ ფასის მოკლევადიანი მოძრაობა აღარ მიჰყვება აღმავალ ტენდენციას, შესაბამისად, მაღალია ტენდენციის უახლოეს მომავალში შებრუნების ალბათობა.

გსურთ გაიგოთ მეტი? იხილეთ ჩვენი სტატია მოძრავი საშუალოების შესახებ.

3. მოძრავი საშუალოების დაახლოება/დაშორება (MACD)

მოძრავი საშუალოების დაახლოება/დაშორება macd

MACD გამოიყენება აქტივის იმპულსის განსასაზღვრად, ორ მოძრავ საშუალოს შორის კავშირის წარმოჩენის გზით. ის შედგება ორი ხაზისგან – MACD-ის ხაზისგან და სიგნალის ხაზისგან. MACD-ის ხაზის გამოსათვლელად, 12 EMA-ს უნდა გამოვაკლოთ 26 EMA. ამის შემდეგ, უნდა მოხდეს მისი დატანა MACD-ის ხაზის 9 EMA-ზე – სიგნალის ხაზზე. გარდა ამისა არსებობს დიაგრამების შექმნის უამრავი ინსტრუმენტი, რომლებიც ჰისტოგრამის მეშვეობით MACD-ის ხაზსა და სიგნალის ხაზს შორის მანძილის გამოსახვის საშუალებას იძლევა. 

MACD-სა და ფასის მოძრაობას შორის დაშორებების ძიებით, ტრეიდერები მოიპოვებენ ინფორმაციას მიმდინარე ტენდენციის სიძლიერესთან დაკავშირებით. მაგალითად, თუ ფასი აღწევს უფრო მაღალ უმაღლეს ნიშნულს, ვიდრე MACD, დიდია ბაზრის შებრუნების ალბათობა. რაზე მიუთითებს MACD ამ შემთხვევაში? ის მიუთითებს იმაზე, რომ იზრდება ფასი და იკლებს იმპულსი, შესაბამისად მაღალია შემობრუნების ალბათობა.

ტრეიდერები ამ ინდიკატორს ასევე იყენებენ MACD-ის ხაზისა და სიგნალის ხაზის გადაკვეთის წერტილის დასადგენად. მაგალითად, თუ MACD-ის ხაზი სიგნალის ხაზს ზედა მიმართულებით კვეთს, ეს შეიძლება მიანიშნებდეს ყიდვის სიგნალზე. ხოლო, თუ MACD-ის ხაზი სიგნალს ქვედა მიმართულებით კვეთს, ეს შესაძლოა მიუთითებდეს გაყიდვის სიგნალზე.

MACD ხშირად გამოიყენება RSI-სთან კომბინაციაში, რადგან ორივე მათგანი განსაზღვრავს იმპულსს, თუმცა სხვადასხვა ფაქტორების მიხედვით. სავარაუდოა, რომ ორივე მათგანის ერთად გამოყენების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება ბაზრის უფრო სრულყოფილი ტექნიკური ანალიზის განხორციელება.

გსურთ გაიგოთ მეტი? იხილეთ ჩვენი სტატია MACD-ის შესახებ.

4. სტოქასტიკური RSI (StochRSI)

სტოქასტიკური rsi

სტოქასტიკური RSI გახლავთ იმპულსის ოსცილატორი, რომელიც გამოიყენება იმის განსასაზღვრად, ხდება თუ არა აქტივის გადაჭარბებული ყიდვა ან გადაჭარბებული გაყიდვა. როგორც თავად სახელიც მიუთითებს, ეს გახლავთ RSI-ს დერივატივი, გამომდინარე იქიდან, რომ ხდება მისი გენერირება RSI ღირებულებით, ნაცვლად ფასის მონაცემებისა. მისი შექმნა ხდება სტოქასტიკური ოსცილატორის ფორმულის სახელით ცნობილი ფორმულის მორგებით სტანდარტულ RSI მნიშვნელობებზე. როგორც წესი, სტოქასტიკური ოსცილატორების მნიშვნელობები მერყეობს 0-დან 1-მდე (ან 0-დან 100-მდე).

მონაცემთა განახლების მაღალი სიჩქარის და მაღალი სენსიტიურობის გამო, StochRSI-მ შესაძლოა მოგაწოდოთ ძალიან ბევრი სიგნალი, რომელთა ინტერპრეტაციაც შესაძლოა რთული აღმოჩნდეს. როგორც წესი, ის ყველაზე ეფექტურია ამ დიაპაზონის ზედა და ქვედა ზღვართან ახლოს მყოფი წერტილების იდენტიფიკაციისთვის. 

თუ StochRSI სცდება 0.8-ს, ეს როგორც წესი მიიჩნევა გადაჭარბებულ ყიდვად, ხოლო 0.2-ზე ნაკლები მაჩვენებელი მიჩნეულია გადაჭარბებულ გაყიდვად. მაჩვენებელი 0 მიუთითებს იმაზე, რომ RSI-მ მიაღწია მის ყველაზე დაბალ მნიშვნელობას განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში (ნაგულისხმევი პარამეტრებით, ეს გახლავთ 14). ამის საპირისპიროდ, მაჩვენებელი 1 მიუთითებს იმაზე, რომ RSI-მ მიაღწია მის ყველაზე მაღალ მნიშვნელობას განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში.

RSI-ის გამოყენების პრინციპის მსგავსად, გადაჭარბებული ყიდვის ან გადაჭარბებული გაყიდვის StochRSI-ის მნიშვნელობაც არ უნდა მიუთითებდეს ფასის აუცილებელ შებრუნებაზე. რაც შეეხება StochRSI-ის, ის უბრალოდ მიუთითებს იმაზე, რომ RSI-ის მნიშვნელობები (საიდანაც მიიღება StochRSI მნიშვნელობები) უახლოვდებიან ზედა და ქვედა ზღვარს ბოლო მონაცემების ფარგლებში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ StochRSI უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე RSI ინდიკატორი და ის ხშირად იძლევა მცდარ ან არასწორ სიგნალებს.  

გსურთ გაიგოთ მეტი? იხილეთ ჩვენი სტატია სტოქასტიკური RSI-ს შესახებ.

5. ბოლინჯერის ზოლები (BB)

ბოლინჯერის ზოლები

ბოლინჯერის ზოლებით იზომება ბაზრის მერყეობის მაჩვენებელი და გადაჭარბებული ყიდვის, ან გაყიდვის პირობები. ისინი შედგება სამი ხაზისგან - SMA ხაზი (შუა ზოლი) და ზედა და ქვედა ხაზები. მისი პარამეტრები შეიძლება ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს, თუმცა როგორც წესი, ზედა და ქვედა ხაზები აღნიშნავს შუა ზოლიდან ორ სტანდარტულ გადახრას. არასტაბილურობის ზრდის ან შემცირების პარალელურად, იზრდება ან მცირდება ხაზებს შორის მანძილი.

ზოგადად, რაც უფრო ახლოსაა ფასი ზედა ხაზთან, მით ახლოსაა დიაგრამაზე გამოსახული აქტივი გადაჭარბებული ყიდვის პირობებთან. და პირიქით, რაც ახლოსაა ფასი ქვედა ხაზთან, მით ახლოსაა ის გადაჭარბებული გაყიდვის პირობებთან. უმეტეს დროს, ფასი ხაზებს შორის რჩება, თუმცა იშვიათ შემთხვევაში, შეიძლება მან გადაკვეთოს ზედა ან ქვედა ხაზი. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება არ წარმოადგენდეს ვაჭრობის სიგნალს, ის შეიძლება ჩაითვალოს ექსტრემალური საბაზრო პირობების ინდიკატორად.

BB-ებთან დაკავშირებულ კიდევ ერთ მნიშვნელოვან კონცეფციას წარმოადგენს შეკუმშვა. ის აღნიშნავს ფასის დაბალი მერყეობის პერიოდს, სადაც ყველა ზოლი ერთმანეთს ძალიან უახლოვდება. ეს შეიძლება წარმოადგენდეს პოტენციური სამომავლო არასტაბილურობის მაჩვენებელს. და პირიქით, თუ ხაზები ერთმანეთს ძალიან შორდება, შეიძლება მიანიშნებდეს ფასების დაბალი მერყეობის პერიოდის მოახლოებას.

გსურთ გაიგოთ მეტი? იხილეთ ჩვენი სტატია ბოლინჯერის ზოლების შესახებ.

შეჯამება

მიუხედავად იმისა, რომ ინდიკატორები მიუთითებს გარკვეულ მონაცემებზე, მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ამ მონაცემების ინტერპრეტაცია მეტად სუბიექტურად ხორციელდება. ზოგადად, მნიშვნელოვანია გარკვეულ ეტაპზე პერსპექტივის შეცვლა და იმის გათვალისწინება, მოქმედებს თუ არა პირადი მიკერძოება თქვენ მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. რაც ერთი ტრეიდერისთვის ყიდვის ან გაყიდვის სიგნალს წარმოადგენს, მეორე ტრეიდერისთვის შესაძლოა მხოლოდ ბაზრის ხმაური აღმოჩნდეს. 

როგორც ეს ბაზრის ანალიზის ტექნიკების უმეტესობის შემთხვევაში ხდება, ინდიკატორები ყველაზე მეტად ეფექტურია იმ შემთხვევაში, როდესაც გამოიყენება სხვა ინდიკატორებთან, ან სხვა მეთოდებთან ერთად, ამის მაგალითს წარმოადგენს ფუნდამენტური ანალიზი (FA). ტექნიკური ანალიზის (TA) შესწავლის საუკეთესო გზაა რაც შეიძლება მეტი პრაქტიკული გამოცდილების მიღება.

დამატებითი საკითხავი


პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს მოსაზრებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ რაიმე ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების წესებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.