მთავარი დეტალები
დეფლაცია გახლავთ ფასების ვარდნა, რითაც შესაძლებელია გაიზარდოს თქვენი ფინანსების მსყიდველობითი უნარი. ამან შესაძლოა გააჩინოს პროდუქტების უფრო მისაღებ ფასად შეძენის, მომსახურების უფრო იაფად მიღების და უფრო მეტი თანხის დაზოგვის შესაძლებლობა.
მიუხედავად იმისა, რომ დეფლაცია ხშირად განიხილება, როგორც დადებითი პროცესი, აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ ხანგრძლივი დეფლაცია უარყოფითად მოქმედებს ეკონომიკაზე. პროცესების არასათანადოდ მართვის შემთხვევაში, დეფლაცია გამოიწვევს უმუშევრობის დონის ზრდას და ეკონომიკური განვითარების შეფერხებას.
რა არის დეფლაცია?
დეფლაცია გახლავთ პროდუქტების და სერვისების ფასების შემცირება ეკონომიკის სივრცეში. პრაქტიკაში დეფლაცია ხშირად აღიქმება, როგორც დადებითი პროცესი, რადგან მისი მეშეობით შესაძლებელია ფინანსების უფრო მომგებიანად გამოყენება. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, მან შესაძლოა უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ეკონომიკაზე.
პრობლემური დეფლაციის ეპიზოდები იშვიათია. ზოგადად, ჩვენი ფინანსური სისტემა ინფლაციის მიმართ უფრო მგრძობიარეა, ვიდრე დეფლაციის მიმართ. მიუხედავად ამისა, თქვენს ქვეყანაში დეფლაციის პროცესის გახანგრძლივების შემთხვევაში, პროცესებთან გამკლავებაში მის უარყოფით ზეგავლენასთან დაკავშირებით სათანადო ინფორმაციის ფლობა დაგეხმარებათ.
მოდით განვიხილოთ დეფლაციის გამომწვევი ძირითადი მიზეზები და მისი პოტენციური ზეგავლენა.
დეფლაციის გამომწვევი გავრცელებული მიზეზები
ერთიანი მოთხოვნის შემცირება
ერთიანი მოთხოვნა წარმოადგენს საერთო მოთხოვნას პროდუქტებსა და სერვისებზე. როგორც წესი, ინდივიდუალური პირებისა და კომპანიების მიერ გახარჯული ფინანსების ოდენობის შემცირება იწვევს ფასების შემცირებას.
მიწოდების ზრდა
თუ კომპანიები აწარმოებენ იმაზე მეტ პროდუქტს, ვიდრე ხალხი ყიდულობს, ადგილი ექნება ჭარბ მიწოდებას, რაც ასევე გამოიწვევს ფასების შემცირებას. მაგალითად, ეს შესაძლოა მოხდეს ახალი ტექნოლოგიების დანერგვის შემთხვევაში, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია წარმოების ხარჯების შემცირება და ეფექტურობის დონის გაუმჯობესება.
მყარი ვალუტა
თუ კონკრეტული ქვეყნის ვალუტა მყარია, მას აქვს უფრო მეტი უცხოური საქონლის შეძენის შესაძლებლობა, რაც ამცირებს იმპორტის ხარჯებს და ადგილობრივად წარმოებული საქონლის ფასებს. გარდა ამისა, მყარი ვალუტით შესაძლოა გაიზარდოს ქვეყნიდან ექსპორტის ხარჯები სხვა ქვეყნებისთვის, რაც გამოიწვევს ექსპორტირებულ პროდუქტებსა და სერვისებზე მოთხოვნის შემცირებას.
დეფლაცია და ინფლაცია
მიუხედავად იმისა, რომ როგორც დეფლაცია, ასევე ინფლაცია დაკავშირებულია პროდუქტებისა და სერვისების საერთო ფასის ცვლილებებთან, მათი გამომწვევი მიზეზები, ეკონომიკაზე ზეგავლენა და შედეგები განსხვავდება ერთმანეთისგან.
განმარტება
დეფლაცია აღნიშნავს პროდუქტების და სერვისების საერთო ფასის შემცირებას, ინფლაცია კი - ფასების ზრდას. შესაბამისად, დეფლაციით იზრდება ფულის მსყიდველობითი უნარი, ხოლო ინფლაციით - პირიქით.
გამომწვევი მიზეზები
როგორც აღვნიშნეთ, დეფლაციის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს საერთო მოთხოვნის შემცირება, მიწოდების ზრდა ან ახალი ტექნოლოგიების დანერგვა.
ამის საპირისპიროდ, ინფლაცია შესაძლოა გამოიწვიოს საერთო მოთხოვნის შემცირებამ, წარმოების ხარჯების ზრდამ და ექსპანსიურმა მონეტარულმა პოლიტიკამ. პრაქტიკაში, ეს ფაქტორები ერთობლივად მოქმედებს.
ზეგავლენა
დეფლაციის პერიოდებში, ფასების თანდათანობით შემცირება და ადგილობრივი ვალუტის გამყარება მომხმარებლებში აჩენს საკუთარი დანაზოგების გაზრდის და შესყიდვების სხვა დროისთვის გადადების სურვილს. მოთხოვნის შემცირებამ შესაძლოა საბოლოოდ ეკონომიკური სტაგნაცია და უმუშევრობის დონის ზრდა გამოიწვიოს.
მეორეს მხრივ, ინფლაცია ამცირებს ფულის ფასეულობას და ქმნის გაურკვევლობას, რაც ადამიანებს უჩენს სურვილს, მოასწრონ რაც შეიძლება მეტი თანხის დახარჯვა ფასების კიდევ უფრო გაზრდამდე.
როგორ ვებრძოლოთ დეფლაციას
მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია უფრო მეტი საფრთხის შემცველ პროცესად აღიქმება, დეფლაციაც შესაძლოა გახდეს მნიშვნელოვანი პრობლემების გამომწვევი მიზეზი. იაპონია გახლავთ ერთ-ერთი იმ ქვეყნებიდან, რომელმაც განიცადა დაბალი, თუმცა ხანგრძლივი დეფლაციის პერიოდები. ზოგადად, ცენტრალური ბანკების მიზანია შეინარჩუნონ წლიური ინფლაციის უფრო დაბალი მაჩვენებლები სასურველი ეკონომიკური აქტივობის შენარჩუნების მიზნით (როგორც წესი, დაახლოებით 2%).
დეფლაციის დასაძლევად, მთავრობები და ცენტრალური ბანკები ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკას იყენებენ.
მონეტარული პოლიტიკა
ცენტრალური ბანკები ამცირებენ საპროცენტო განაკვეთებს სესხების და ხარჯვის წახალისების მიზნით. საპროცენტო განაკვეთების შემცირებით მცირდება კომპანიების და მომხმარებლების მიერ სესხების აღებასთან დაკავშირებული ხარჯებიც, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური აქტივობის სტიმულირებას. კიდევ ერთი ვარიანტია რაოდენობრივი შემსუბუქების (QE) განხორციელება, რითაც გაიზრდება ფულის მიწოდება და მოხდება გახარჯვის წახალისება.
ფისკალური პოლიტიკა
ფისკალური პოლიტიკის ფარგლებში გატარებული ზომები შესაძლოა მოიცავდეს მთავრობის მიერ ხარჯვის ზრდას ეკონომიკის სივრცეში მოთხოვნის გაზრდის მიზნით. გარდა ამისა, შესაძლოა მოხდეს გადასახადების შემცირება მომხმარებლების და კომპანიების შემოსავლის გაზრდის მიზნით, რაც მათ წაახალისებს ხარჯვის და ინვესტირების თვალსაზრისით.
დეფლაციის დადებითი მხარეები
უფრო იაფი პროდუქტები: დეფლაციის დროს იზრდება ფულის ფასეულობა, რაც პროდუქტებს უფრო ხელმისაწვდომს ხდის და აუმჯობესებს ცხოვრების დონეს.
შემცირებული ხარჯები კომპანიებისთვის: კომპანიებს შეუძლიათ ისარგებლონ წარმოებისთვის საჭირო პროდუქციის შემცირებული ფასებით.
მეტი დანაზოგი: რადგან ფულის ფასეულობა იზრდება, ადამიანებში იმატებს უფრო მეტი დანაზოგის გაკეთების სურვილიც.
დეფლაციის უარყოფითი მხარეები
ხარჯვის შემცირება: დეფლაციამ შესაძლოა მომხმარებლებს გაუჩინოს სურვილი, სხვა დროისთვის გადადონ დაგეგმილი შესყიდვები, რადგან არსებობს ფასების კიდევ უფრო შემცირების ალბათობა. ეს შეამცირებს მოთხოვნას პროდუქტზე და სერვისებზე, რაც დიდი ალბათობით გამოიწვევს ეკონომიკური ზრდის შენელებას.
მეტი ვალი: დეფლაციის დროს იზრდება სესხების ღირებულება, რაც მსესხებლებს ურთულებს ვალების დაფარვას.
უმუშევრობის დონის ზრდა: კომპანიებმა შესაძლოა მომხმარებელთა მიერ ხარჯვის შემცირების საპასუხოდ გადაწყვიტონ ხარჯების შემცირება, რაც ხშირად შტატების შემცირებით გამოიხატება.
შეჯამება
დეფლაცია გახლავთ ფასების საერთო დონის შემცირება. მიუხედავად იმისა, რომ დეფლაციით პროდუქტები ხდება უფრო ხელმისაწვდომი და იზრდება დანაზოგები, ის ასევე იწვევს ხარჯვის შემცირებას მომხმარებელთა მხრიდან და ვალების და უმუშევრობის დონის ზრდას.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციისთვის სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.