რა არის Dark Pool?
Dark Pool წარმოადგენს ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობის კერძო პლატფორმას. ის საჯარო ბირჟისგან იმით განსხვავდება, რომ მას არ გააჩნია ყველასთვის ხელმისაწვდომი შეკვეთების წიგნი და ვაჭრობების პროცესი არ არის საჯარო (ან ვაჭრობის ნახვა შეიძლება მხოლოდ მისი აღსრულების შემდეგ).
ლიკვიდურობას Dark Pool ბაზრებზე ეწოდება Dark Pool ლიკვიდურობა. Dark Pool-ზე ვაჭრობის უმეტესობა ბლოკ-ვაჭრობას წარმოადგენს. ბლოკ-ვაჭრობა არის დიდი რაოდენობით აქტივებით წინასწარ განსაზღვრულ ფასად ვაჭრობა.
Dark Pool-ები პირველად 1980-იან წლებში გამოჩნდა და უმეტესად გამოიყენებოდა ინსტიტუციური ინვესტორების მიერ, რომლებიც დიდი რაოდენობით ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობდნენ.
Dark Pool-ები ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს განათავსონ შეკვეთები და განახორციელონ ვაჭრობა მათი განზრახვის საჯაროდ გამჟღავნების გარეშე. ეს სასარგებლო ფუნქციაა, რადგან თუ საჯაროდ ცნობილი გახდება, რომ აპირებთ დიდი რაოდენობით აქტივების ყიდვას ან გაყიდვას, ამ ფაქტმა შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ამ ვაჭრობის წარმატებით აღსრულებაზე.
Dark Pool-ები გლობალური საფონდო ბირჟების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოაადგენს, ამ სტატიაში კი განხილულია მათი პოტენციური ზეგავლენა კრიპტოვალუტის სამყაროზე.
რა უპირატესობები გააჩნია Dark Pool-ის გამოყენებას?
ბაზრის განწყობის გავლენის შემცირება – ტრეიდერებს, რომელთაც სურთ დიდი მოცულობის ვაჭრობის განხორციელება, შეუძლიათ საკუთარი განზრახვა ფართო საზოგადოებას არ გაუმხილონ.
ფასებზე დადებითი ზეგავლენა – ვაჭრობის შეკვეთების თანხვედრა ხშირად ხდება შეთავაზების და მოთხოვნის საუკეთესო ხელმისაწვდომი ფასის საშუალო მაჩვენებლის საფუძველზე. ამ შემთხვევაში, ვაჭრობა ღია ბაზართან შედარებით უფრო ხელსაყრელი პირობებით ხორციელდება და მომგებიანია როგორც მყიდველისთვის, ასევე გამყიდველისთვის (მყიდველი ყიდულობს უფრო დაბალ ფასად, ხოლო გამყიდველი ყიდის უფრო მაღალ ფასად).
არავითარი ფასის ცურვა – რადგან Dark Pool-ებზე განხორციელებული ვაჭრობის უმეტესობა ბლოკ-ვაჭრობებს წარმოადგენს, სადაც ფასები წინასწარ არის განსაზღვრული, ტრეიდერებს შეუძლიათ დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ვაჭრობა მთლიანად სასურველ ფასად აღსრულდება.
Dark Pool-ებთან დაკავშირებული საკამათო საკითხები
ინტერესთა კონფლიქტი – რადგან შეკვეთების წიგნი საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის, არ არსებობს იმის გარანტია, რომ ვაჭრობა საუკეთესო ხელმისაწვდომ ფასად აღსრულდება. თუ ორგანიზაციას, რომელიც მართავს სავაჭრო პლატფორმას, გააჩნია საკუთარი ინტერესები, მან შეიძლება დამალოს რეალური საბაზრო ფასები.
საბაზრო ფასებზე უარყოფითი ზეგავლენა – თუ ვაჭრობების უმეტესობა Dark Pool-ებზე განხორციელდება, საჯარო ბირჟების ფასებმა ბაზრის რეალური მდგომარეობა შეიძლება ვეღარ ასახოს. ინვესტიციების და ვაჭრობის პროცესი დიდწილად დამოკიდებულია ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, Dark Pool-ები კი აბრკოლებს ინფორმაციის თავისუფალ მიმოცვლას.
მაღალი სიხშირით მოვაჭრე ტრეიდერებისგან (HFT-ებიდან) მომავალი საფრთხეებისგან დაუცველობა – Dark Pool-ები შეიძლება იდეალური ადგილი იყოს მაღალი სიხშირით მოვაჭრე ტრეიდერების მტაცებლური აქტივობებისთვის. თუ გააჩნიათ პრივილეგირებული წვდომა შეკვეთების წიგნის მონაცემებზე, მათ შეუძლიათ განათავსონ დიდი ზომის შეკვეთები და ისარგებლონ სხვა ტრეიდერების გაუთვითცნობიერებლობით.
გარდა ამისა, Dark Pool-ები იძლევა კიდევ ერთი მეთოდის, ეგრეთწოდებული „pinging-ის“ განხორციელების შესაძლებლობას, რაც გულისხმობს დიდი რაოდენობით მცირე ზომის შეკვეთების გაგზავნას დიდი ზომის დამალული შეკვეთების აღმოსაჩენად. ეს მეთოდი გამოიყენება შეკვეთების წიგნში ლიკვიდურობის ზონების აღმოსაჩენად, რაც უპირატესობას ანიჭებს მაღალი სიხშირით მოვაჭრე ტრეიდერებს და ბაზრისთვის საზიანო ქმედებად ითვლება.ვაჭრობის მცირე საშუალო ზომა – 1980-იან წლების შემდეგ, Dark Pool-ების ვაჭრობის საშუალო ზომა მნიშვნელოვნად შემცირდა. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ Dark Pool-ებს არა მხოლოდ დიდი მოცულობით მოვაჭრე ფინანსური ინსტიტუტები იყენებენ. ამის გამო, მათი არსებობა ნაკლებად სასარგებლო, ან სულაც საზიანოა ბაზრისთვის. ბაზრის სიჯანსაღისთვის სასურველია, რომ მცირე ზომის შეკვეთების აღსრულება ხდებოდეს საჯაროდ ხელმისაწვდომი შეკვეთების წიგნების მქონე ბირჟებზე.
დეცენტრალიზებული Dark Pool-ები
ტრადიციული საფონდო ბირჟების Dark Pool-ების გარდა, ზოგიერთი სავაჭრო პლატფორმა გვთავაზობს Dark Pool-ებს კრიპტოვალუტით ვაჭრობისთვის.
სტანდარტული Dark Pool-ებისგან განსხვავებით, დეცენტრალიზებული Dark Pool-ები იყენებენ ციფრული ვერიფიკაციის უფრო უსაფრთხო მეთოდებს. დეცენტრალიზებული Dark Pool-ების პროტოკოლებს შეუძლიათ სამართლიანი საბაზრო ფასი შესთავაზონ ყველა მონაწილეს და აღკვეთონ ფასის მანიპულაციის შესაძლებლობა.
ბლოკჩეინებს შორის ვაჭრობისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნას ატომური სვოპები, რაც შუამავლების გარეშე ვაჭრობის საშუალებას იძლევა.
დეცენტრალიზებულ Dark Pool-ებში შესაძლოა გამოყენებულ იქნას სხვა ინოვაციური კრიპტოგრაფიული ტექნოლოგიები, მაგალითად ნულოვანი ინფორმაციის მტკიცებულებები, რაც უზრუნველყოფს Dark Pool-ის ტრანზაქციების ვალიდურობის შემოწმებას.
Dark Pool-ების გამოყენება სასარგებლო იქნება არალიკვიდურ კრიპტოვალუტების ბაზრებზეც, რადგან მათი საშუალებით შესაძლებელია დიდი ზომის ვაჭრობების აღსრულება ფასის ცურვის გარეშე. რადგან დიდი ზომის შეკვეთა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს არალიკვიდურ ბაზარზე, იმავე ვაჭრობის Dark Pool-ზე აღსრულებით თავიდან ავიცილებთ ფასის ცურვას.
კრიპტოვალუტების სივრცეში ინსტიტუციური ტრეიდერების სიმცირის გამო, Dark Pool-ების გავლენა კრიპტოვალუტების ბაზრებზე მინიმალურია, თუმცა სამომავლოდ შეიძლება ვითარება შეიცვალოს.
შეჯამება
გამჭირვალობის არარსებობის გამო, Dark Pool-ები საკამათო თემას წარმოადგენს მათი გამოჩენის დღიდან. ვაჭრობის მოცულობის მნიშვნელოვანი ნაწილის დამალვა არც ერთი ბაზრისთვის არ არის სასურველი მახასიათებელი.
კრიპტოგრაფიული ვერიფიკაციის მეთოდების განვითარებასთან ერთად, უფრო უსაფრთხო ხდება Dark Pool-ების გამოყენება. შესაძლებელია შეიქმნას ისეთი ღია კოდის პროტოკოლები, სადაც ყველა მონაწილისთვის ერთნაირი წესები იქნება გაწერილი, რაც შეამცირებს Dark Pool-ის გამოყენებასთან დაკავშირებულ რისკებს.