რა არის ეკონომიკური მოდელები?
მთავარი
სტატიები
რა არის ეკონომიკური მოდელები?

რა არის ეკონომიკური მოდელები?

გამოქვეყნებული Jun 28, 2024განახლებული Aug 14, 2024
11m

მთავარი დეტალები

  • ეკონომიკური მოდელების მეშვეობით შესაძლებელია ეკონომიკური პროცესების მარტივად გამოსახვა, რაც თავის მხრივ აადვილებს სხვადასხვა ეკონომიკური ელემენტების, მაგალითად ინფლაციის და უმუშევრობის დონეების ანალიზსა და პროგნოზირებას.

  • მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური მოდელები პირდაპირ არ გამოიყენება კრიპტო ბაზარზე, ისინი გვაწვდიან მნიშვნელოვან თეორიულ ცოდნას სხვადასხვა კრიპტოვალუტის მაჩვენებლების ანალიზისთვის.

  • პოლიტიკის შემქმნელები იყენებენ ეკონომიკურ მოდელებს უფრო ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების და უკეთესი სამთავრობო პოლიტიკის შემუშავების მიზნით. კომპანიებმა შეიძლება გამოიყენონ ეკონომიკური მოდელები სტრატეგიების დაგეგმვისთვის ეკონომიკური პირობების პროგნოზებზე დაყრდნობით.

შესავალი

ერთი შეხედვით, ეკონომიკის სფეროს შესწავლა შეიძლება ძალიან რთული ჩანდეს მისი მრავალფეროვნების და კომპლექსურობის გამო. ეკონომისტებმა შეიმუშავეს ეკონომიკის ანალიზის მეთოდები, რისთვისაც მას ყოფენ მცირე შემადგენელ ელემენტებად. ამ სტატიაში ჩვენ შევისწავლით ეკონომიკურ მოდელებს, მათ კომპონენტებს, ტიპებს, მათი მუშაობის პრინციპებს, კრიპტოში მათ გამოყენების გზებს და განვიხილავთ რამდენიმე მაგალითს.

რა არის ეკონომიკური მოდელები?

ეკონომიკური მოდელები არის ეკონომიკური პროცესების გამარტივებულად გამოსახვის საშუალება. მათი გამოყენებით ეკონომისტები და პოლიტიკის შემქმნელები აანალიზებენ და სწავლობენ ეკონომიკის სხვადასხვა ელემენტებს შორის არსებულ დამოკიდებულებას, როგორიცაა ინფლაცია და უმუშევრობა. 

ეკონომიკური მოდელები ემსახურება რამდენიმე ძირითად მიზანს:

1. ისინი განმარტავენ, თუ რა კავშირია სხვადასხვა ეკონომიკურ ცვლადებს შორის.

2. მათი გამოყენებით ეკონომისტები ქმნიან მომავალი ეკონომიკური ტენდენციებისა და მოვლენების პროგნოზს.

3. ისინი გვეხმარება ეკონომიკური პოლიტიკის პოტენციური გავლენის შეფასებაში.

ეკონომიკური მოდელების კომპონენტები

ცვლადები

ცვლადები წარმოადგენს ეკონომიკური მოდელის ცვალებად ელემენტებს, რომლებიც გავლენას ახდენენ მის შედეგზე. ზოგადი ეკონომიკური ცვლადები მოიცავს შემდეგს:

1. ფასი. საქონლის ან მომსახურების შეძენისთვის საჭირო თანხის ოდენობა. 

2. რაოდენობა. წარმოებული ან მოხმარებული საქონლის ან მომსახურების რაოდენობა. 

3. შემოსავალი. კერძო პირების ან ოჯახების შემოსავალი. 

4. საპროცენტო განაკვეთები. ფულის სესხების ღირებულება.

პარამეტრები

პარამეტრები არის ფიქსირებული მნიშვნელობები, რომლითაც განისაზღვრება ცვლადების ქცევა მოდელში. მაგალითად, ინფლაციასა და უმუშევრობას შორის კავშირის ანალიზის მოდელში ეს პარამეტრები შეიძლება მოიცავდეს უმუშევრობის ბუნებრივი დონეს (NRU) და ინფლაციის მგრძნობელობას უმუშევრობის დონის ცვლილების მიმართ. 

NRU - ასევე ცნობილი როგორც NAIRU (უმუშევრობის არა-მზარდი ინფლაციის დონე) - არის უმუშევრობის დონე, რომელიც არსებობს შრომის ბაზრის წონასწორობის პირობებში.

განტოლებები

განტოლებები არის მათემატიკური გამოსახულებები, რომლებიც აღწერს კავშირებს ცვლადებსა და პარამეტრებს შორის. ისინი წარმოადგენს ეკონომიკური მოდელების საფუძველს. 

მაგალითად, ფილიპსის მრუდი (Phillips Curve) არის მოდელი, რომელიც გამოიყენება ინფლაციასა და უმუშევრობას შორის კავშირის აღწერის მიზნით. ფილიპსის მრუდის განტოლება შეიძლება გამოისახოს შემდეგნაირად:

  • π = πe ​− β (u−un​), როდესაც:

    • π არის ინფლაციის დონე.

    • πe ​არის ინფლაციის მოსალოდნელი დონე.

    • β არის პარამეტრი, რომელიც აჩვენებს, თუ რამდენად მგრძნობიარეა ინფლაცია უმუშევრობის დონის ცვლილებების მიმართ.

    • u არის უმუშევრობის რეალური დონე.

    • un ​არის უმუშევრობის ბუნებრივი დონე.

ვარაუდები

ვარაუდების დაშვებით ხდება ეკონომიკური მოდელების გამარტივება მათ სხვადასხვა ფაქტორებზე გარკვეული პირობების ან შეზღუდვების დაწესების გზით. ვარაუდების ყველაზე გავრცელებული მაგალითებია: 

1. რაციონალური ქცევა. მომხმარებლები და ფირმები იღებენ გადაწყვეტილებებს, თავიანთი სარგებლიანობის ან მოგების მაქსიმალურად გაზრდის მიზნით.

2. იდეალური კონკურენცია. აქ ნავარაუდევია, რომ ბაზრებზე მოქმედებს მყიდველების და გამყიდველების საკმარისი რაოდენობა და არც ერთ ინდივიდუალურ პირს არ შეუძლია მათზე მანიპულირება.

3. Ceteris paribus. ერთი ცვლადის ზეგავლენის ანალიზის დროს, ყველა სხვა ფაქტორი რჩება უცვლელი.

როგორ მუშაობს ეკონომიკური მოდელები?

1. ძირითადი ცვლადების და კავშირების იდენტიფიცირება

პირველი ეტაპზე ხდება მოდელში გამოსაყენებელი ძირითადი ცვლადების იდენტიფიცირება და მათ შორის კავშირის დადგენა. მაგალითად, მიწოდებისა და მოთხოვნის მოდელის საკვანძო ცვლადებია: 

  • ფასი (P).

  • მოთხოვნილი რაოდენობა (Qd).

  • მიწოდებული რაოდენობა (Qs).

აქ წარმოდგენილია კავშირი მოთხოვნისა და მიწოდების მრუდებს შორის, რომლებიც ასახავს, თუ როგორ იცვლება მოთხოვნილი რაოდენობა (Qd) და მიწოდების რაოდენობა (Qs) ფასის (P) ცვლილების საპასუხოდ.

2. პარამეტრების განსაზღვრა

შემდეგ ჩვენ ვაგროვებთ შესაბამის მონაცემებს პარამეტრების განსაზღვრის მიზნით. მიწოდებისა და მოთხოვნის მოდელის ტიპიური ძირითადი პარამეტრებია:

  • მოთხოვნის ფასის ელასტიურობა: ეს ზომავს Qd-ის მგრძნობელობის დონეს P-ის ცვლილებების მიმართ.

  • მიწოდების ფასის ელასტიურობა: ეს ზომავს Qs-ის მგრძნობელობის დონეს P-ის ცვლილებების მიმართ.

3. განტოლებების შედგენა

შემდეგ ეტაპზე ხდება განტოლებების შედგენა ცვლადებსა და პარამეტრებს შორის კავშირის გამოსახვის მიზნით. მაგალითად, მიწოდებისა და მოთხოვნის მოდელში გამოყენებული განტოლებები შეიძლება იყოს შემდეგი სახის:

  • Qd = aP, სადაც „a“ არის მოთხოვნის ფასის ელასტიურობა.

  • Qs = bP, სადაც „b“ არის მიწოდების ფასის ელასტიურობა.

4. ვარაუდების ფორმულირება

საბოლოოდ, ვარაუდების მიზანია ეკონომიკური მოდელის გამარტივება. მათი საშუალებით განისაზღვრება მოდელის დანიშნულება და შეზღუდვები და განიმარტება, თუ რა უნდა იქნეს გათვალისწინებული მოდელში. მაგალითად, მიწოდებისა და მოთხოვნის მოდელის შექმნა შესაძლებელია შემდეგი ვარაუდების გამოყენებით: 

  • იდეალური კონკურენცია. ვარაუდის თანახმად, ის ფოკუსირებულია მიწოდებისა და მოთხოვნის მექანიკაზე და არ აქცევს ყურადღებას ბაზრის სხვადასხვა ნაკლოვანებებს.

  • Ceteris paribus. ვარაუდის თანახმად, ის ახდენს Qd-ს და Qs-ს P-ის ცვლილებით გამოწვეული გავლენის იზოლირებას და იძლევა უფრო მკაფიო ანალიზის ჩატარების საშუალებას.

მაგალითი

განვიხილოთ საკითხი ვაშლის ბაზრის მაგალითზე. ჩვენ გვინდა ჩავატაროთ ანალიზი, თუ როგორ განისაზღვრება ვაშლის ფასი მიწოდებასა და მოთხოვნას შორის ურთიერთქმედებით. 

1. საკვანძო ცვლადების და კავშირების იდენტიფიცირება. 

ამ მოდელში გამოყენებული საკვანძო ცვლადებია: 

  • ფასი (P). ვაშლის ფასი.

  • მოთხოვნილი რაოდენობა (Qd). ვაშლის რაოდენობა, რაც მომხმარებელს სურს შეიძინოს მოცემულ ფასად.

  • მიწოდებული რაოდენობა (Qs). ვაშლის რაოდენობა, რაც მწარმოებლებს სურთ გაყიდონ მოცემულ ფასად. 

ეს კავშირი წარმოდგენილია მოთხოვნისა და მიწოდების მრუდებით, სადაც ასახულია, თუ როგორ იცვლება „Qd“ და „Qs“ ფასის ცვლილების საპასუხოდ. 

2. პარამეტრების განსაზღვრა. 

საკვანძო პარამეტრები შეიძლება მოიცავდეს შემდეგს: 

  • მოთხოვნის ფასის ელასტიურობა. ეს ზომავს მოთხოვნილი რაოდენობის მგრძნობელობის დონეს ფასის ცვლილებების მიმართ.

  • მიწოდების ფასის ელასტიურობა. ეს ზომავს მიწოდებული რაოდენობის მგრძნობელობის დონეს ფასის ცვლილებების მიმართ.

დავუშვათ: 

  • მოთხოვნის ფასის ელასტიურობა = -50

  • მიწოდების ფასის ელასტიურობა = 100 

ეს მნიშვნელობები ნიშნავს, რომ: 

  • ფასის 1 დოლარით გაძვირების თითოეულ შემთხვევაში, მოთხოვნილი ვაშლის რაოდენობა მცირდება 50 ერთეულით. 

  • ფასის 1 დოლარით გაძვირების თითოეულ შემთხვევაში, მიწოდებული ვაშლის რაოდენობა იზრდება 100 ერთეულით.

3. განტოლებების შედგენა. 

შემდეგ, ჩვენ ვადგენთ განტოლებებს Qs-ს და Qd-ს და ფასს შორის აღნიშნული კავშირების გამოხატვის მიზნით:

  • Qd = 200 − 50P

  • Qs = -50 + 100P

4. ვარაუდების ფორმულირება 

მოდელის გასამარტივებლად, ჩვენ ვაკეთებთ შემდეგი ვარაუდებს: 

  • იდეალური კონკურენცია. არსებობს ბევრი მყიდველი და გამყიდველი, თუმცა არც ერთ მათგანს არ შეუძლია მთლიანი ბაზრის კონტროლი.

  • Ceteris paribus. მოთხოვნილ და მიწოდებულ რაოდენობაზე ფასის ცვლილების ზეგავლენის ანალიზის დროს, ყველა სხვა ფაქტორი რჩება უცვლელი. 

5. ბაზრის წონასწორობის ანალიზი 

წონასწორული ფასისა და რაოდენობის მოსაძებნად, ჩვენ ვადგენთ, რომ Qd = Qs: 

200 − 50P = -50 + 100P 

250 = 150P 

P = 250 / 150

P = 1,67

P = 1,67 მნიშვნელობის ჩაწერა რომელიმე განტოლებაში: 

Qd = 200 − (50*1,67) 

Qd = 200 − 83,5

Qd = 116,5

Qs = −50 + (100*1,67)

Qs = −50 + 167

Qs = 117

წონასწორული ფასი არის დაახლოებით 1,67 დოლარი და წონასწორული რაოდენობა არის დაახლოებით 117 ვაშლი.

6. შედეგები

მიწოდებისა და მოთხოვნის წინამდებარე მოდელი გვაძლევს შემდეგ მონაცემებს:

  • წონასწორული ფასი წარმოადგენს ფასს, რომლითაც მომხმარებლები ყიდულობენ ვაშლის ზუსტ რაოდენობას, რომლის გაყიდვაც სურთ მწარმოებლებს (წონასწორული რაოდენობა), ბაზარის ეფექტურობის მაქსიმალურად გაუმჯობესების მიზნით.

  • თუ ფასი იყო 1,67 დოლარზე მაღალი, მაშინ მიწოდებული რაოდენობა გადააჭარბებდა მოთხოვნილ რაოდენობას, რაც გამოიწვევდა ჭარბი მიწოდების ეფექტს.

  • თუ ფასი იყო 1,67 დოლარზე დაბალი, მაშინ მოთხოვნილი რაოდენობა გადააჭარბებდა მიწოდებულ რაოდენობას, რაც გამოიწვევდა დეფიციტის ეფექტს.

ეკონომიკური მოდელების სახეები

ვიზუალური მოდელები

ვიზუალურ მოდელებში გამოიყენება გრაფიკები და დიაგრამები, ეკონომიკური ცნებებისა და კავშირების წარმოჩენის მიზნით. ისინი გვეხმარება ისეთი იდეების ილუსტრირებაში, როგორიცაა მიწოდებისა და მოთხოვნის მრუდები, რაც აადვილებს მათ ინტერპრეტაციას და აღქმას.

ემპირიული მოდელები

ემპირიულ მოდელებში გამოიყენება რეალური სამყაროს მონაცემები ეკონომიკური თეორიების შესამოწმებლად და ეკონომიკურ ცვლადებს შორის კავშირის წარმოსაჩენად. პირველი ეტაპია მათემატიკური განტოლებების შედგენა და შემდეგ ცვლადების მნიშვნელობების განსაზღვრა არსებული მონაცემების საფუძველზე. მაგალითად, ემპირიულმა მოდელმა შეიძლება აჩვენოს, თუ როგორ იცვლება ქვეყანაში ჩადებული ინვესტიციების მთლიანი მოცულობა, საპროცენტო განაკვეთის 1%-ით გაზრდის შემთხვევაში.

მათემატიკური მოდელები

მათემატიკურ მოდელებში გამოიყენება განტოლებები ეკონომიკური თეორიებისა და კავშირების წარმოჩენის მიზნით. ეს მოდელები შეიძლება იყოს ძალიან დეტალური და საჭიროებდეს ალგებრის ან კალკულუსის საფუძვლიან ცოდნას. მაგალითად, მარტივი მათემატიკური მოდელი შეიძლება მოიცავდეს მიწოდების, მოთხოვნისა და ბაზრის წონასწორობის განტოლებებს.

მოლოდინით გაუმჯობესებული მოდელები

მოლოდინით გაუმჯობესებული მოდელები იყენებენ ხალხის მოლოდინებს მომავალ ეკონომიკურ ცვლადებთან დაკავშირებით. მათი მეშვეობით შეიძლება იმის პროგნოზირება, თუ რა გავლენა შეიძლება ქონდეს ინფლაციას ან საპროცენტო განაკვეთებს ზოგად ეკონომიკურ ქცევაზე. მაგალითად, თუ ადამიანები მომავალში ელოდებიან ინფლაციის ზრდას, მაშინ მათ შეიძლება გაზარდონ საკუთარი მიმდინარე ხარჯები, რაც თავის მხრივ გამოიწვევს მოთხოვნის ზრდას.

სიმულაციური მოდელები

სიმულაციურ მოდელებში გამოიყენება კომპიუტერული პროგრამები რეალური სამყაროს ეკონომიკური სიტუაციების იმიტაციის მიზნით. ეს მოდელები ეხმარება ეკონომისტებს სხვადასხვა ცვლადებით ექსპერიმენტების ჩატარებაში და მათი შედეგების შეფასებაში ამ სცენარების რეალურ პირობებში შემოწმების გარეშე. მათი გამოყენება შეიძლება პოლიტიკის ან ეკონომიკური შოკის პოტენციური გავლენის ანალიზისთვის.

სტატიკური და დინამიური მოდელები

სტატიკური მოდელები გვთავაზობს დროის კონკრეტულ მომენტში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის სნეპშოტს. მათი გამოყენება უფრო ადვილია, ვინაიდან ისინი არ ითვალისწინებენ დროთა განმავლობაში მომხდარ ცვლილებებს. ამის მაგალითია მიწოდებისა და მოთხოვნის მოდელი, რომელიც ასახავს ბაზრის წონასწორობას, თუმცა არ ითვალისწინებს იმას თუ როგორ მოერგება ბაზარი ამ ცვლილებებს.

ამის საპირისპიროდ, დინამიური მოდელები მოიცავს დროის ფაქტორს და ასახავს ეკონომიკური ცვლადების დროში ცვლილების პროცესს. ისინი ასახავს ეკონომიკური პირობების ცვლილების პროცესს სხვადასხვა ფაქტორების საპასუხოდ, როგორიცაა პოლიტიკის ცვლილებები ან გარე შოკები. დინამიური მოდელები უფრო კომპლექსურია, თუმცა გვთავაზობენ ეკონომიკის გრძელვადიანი ტენდენციებისა და ციკლების უფრო დეტალურ ახსნას.

ეკონომიკური მოდელები კრიპტოში

ბაზრის დინამიკის გაცნობა

ეკონომიკური მოდელები დაგვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ზემოქმედებს მიწოდება და მოთხოვნა კრიპტოს ფასებზე. ხელმისაწვდომი მონეტების (მიწოდება) რაოდენობისა და მათი ყიდვის მსურველი (მოთხოვნა) პირების რაოდენობის ანალიზი საშუალებას გვაძლევს მივიღოთ ინფორმაცია ფასების მოძრაობისა და ბაზრის ტენდენციების შესახებ.

ტრანზაქციის ღირებულების ანალიზი

ტრანზაქციის ღირებულების მოდელები ასახავს საკომისიოს გავლენას ბლოკჩეინ ქსელებზე. ტრანზაქციის მაღალმა საკომისიომ შეიძლება შეამციროს მათი გამოყენება, ხოლო დაბალმა საკომისიომ კი პირით, შეიძლება ხელი შეუწყოს ამას. ღირებულების ანალიზით შესაძლებელია იმის პროგნოზირება, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს მან მომხმარებლის ქცევაზე და ქსელის ეფექტურობაზე.

ეკონომიკური სცენარების სიმულაცია

სიმულაციური მოდელები გვაძლევს ვირტუალური სცენარების შექმნის შესაძლებლობას, რომელთა მეშვეობით შეგვიძლია ვნახოთ, თუ რა ზეგავლენა აქვთ სხვადასხვა ცვლადებს კრიპტო ბაზარზე. მათ შეუძლიათ რეგულირების, ტექნოლოგიური პროგრესის ან მომხმარებლის ქცევის ცვლილებების სიმულაცია. მათი თეორიული ბუნების მიუხედავად, სიმულაციური მოდელები ქმნიან პოტენციური სამომავლო განვითარების ანალიზის ჩარჩოს.

შეზღუდვები

არარეალისტური ვარაუდები

ბევრი ეკონომიკური მოდელი ხშირად ეყრდნობა არარეალისტურ ვარაუდებს. მაგალითად, მათ ფარგლებში შესაძლებელია სრულყოფილი კონკურენციის ან რაციონალური ქცევის ვარაუდის დაშვება, რაც ყოველთვის არ ხდება რეალურ ბაზრებზე. ამ ვარაუდებს შეუძლიათ მოდელის გამოყენების ფარგლებისა და სიზუსტის შეზღუდვა, მათი რეალურ პირობებში გამოყენების დროს.

ზედმეტად გამარტივება

ეკონომიკური მოდელები გამოიყენება რთული რეალური სიტუციების გამარტივების მიზნით, რათა გაადვილდეს მათი შემდგომი ანალიზი. ამ შემთხვევაში შეიძლება არ მოხდეს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორის გათვალისწინება და შესაბამისად, შედეგებში შესაძლოა სრულად არ იყოს ასახული ეკონომიკის რეალური დინამიკა. მაგალითად, მოდელის ფარგლებში შეიძლება მოხდეს იმ ვარაუდის დაშვება, რომ ყველა მომხმარებელი იქცევა ერთნაირად და ისინი უგულებელყოფენ ინდივიდუალურ განსხვავებებს, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ეკონომიკურ შედეგებზე.

გამოყენების გზები

პოლიტიკის ანალიზი

ეკონომიკური მოდელები გამოიყენება სხვადასხვა სამთავრობო პოლიტიკის პოტენციური გავლენის შეფასების მიზნით. მაგალითად, მათი გამოყენებით შესაძლებელია გავიგოთ თუ რა ეფექტი ექნება გადასახადების შემცირებას, სახელმწიფო ხარჯების ზრდას ან საპროცენტო განაკვეთების ცვლილებას. მისი გამოყენებით, პოლიტიკის შემქმნელებს შეუძლიათ უფრო ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება და უფრო ეფექტური პოლიტიკის შემუშავება.

პროგნოზირება

ეკონომიკურ მოდელების გამოყენებით შესაძლებელია მომავალი ეკონომიკური ტენდენციების პროგნოზირება, რაც დაეხმარება ბიზნესსა და მთავრობებს სამომავლო ქმედებების დაგეგმვაში. მაგალითად, მოდელის გამოყენებით შეიძლება შემდეგი რამდენიმე წლის ეკონომიკური ზრდის ტემპების, უმუშევრობის დონის ან ინფლაციის დონის პროგნოზირება.

ბიზნეს დაგეგმარება

ბიზნესის სფეროში, ეკონომიკური მოდელები გამოიყენება სხვადასხვა ტიპის სტრატეგიების დასაგეგმად პროგნოზირებული ეკონომიკური პირობების საფუძველზე. მაგალითად, კომპანიამ შეიძლება გამოიყენოს ეს მოდელი საკუთარ პროდუქტებზე მოთხოვნის პროგნოზირებისთვის და დაგეგმოს წარმოების დონე ამის შესაბამისად.

ეკონომიკური მოდელების მაგალითები

მიწოდებისა და მოთხოვნის მოდელი

მიწოდებისა და მოთხოვნის მოდელის გამოყენებით, შეგვიძლია ვნახოთ, თუ როგორ ხდება საქონლის ფასისა და რაოდენობის განსაზღვრა ბაზარზე. იგი იყენებს ორ მრუდს: მიწოდების მრუდს (რომელიც გვიჩვენებს, თუ რა რაოდენობის პროდუქტს გაყიდიან მწარმოებლები სხვადასხვა ფასად) და მოთხოვნის მრუდი (რომელიც გვიჩვენებს, თუ რა რაოდენობის პროდუქტს იყიდიან მომხმარებლები სხვადასხვა ფასად). ამ მრუდების კვეთა წარმოადგენს ბაზრის წონასწორობის წერტილს, რომელიც განსაზღვრავს გაყიდული პროდუქტის ფასსა და რაოდენობას.

წყარო: Britannica.com

IS-LM მოდელი

IS-LM მოდელი ასახავს კავშირს საპროცენტო განაკვეთების და საქონლის წარმოების რეალურ მოცულობასა და ფულად ბაზარს შორის. IS მრუდი წარმოადგენს საქონლის ბაზრის წონასწორობას, ხოლო LM მრუდი წარმოადგენს ფულადი ბაზრის წონასწორობას. ამ მრუდების კვეთა წარმოადგენს ბაზრის წონასწორობის წერტილს, როდესაც ორივე ბაზარი არის დაბალანსებული.

წყარო: Dyingeconomy.com

ფილიპსის მრუდი

ფილიპსის მრუდი გამოიყენება ინფლაციასა და უმუშევრობას შორის კავშირის აღწერის მიზნით. მის თანახმად, ინფლაციის ზრდა იწვევს უმუშევრობის დონის შემცირებას და პირიქით. პოლიტიკის შემქმნელები იყენებენ ამ მოდელს ინფლაციის მართვისა და უმუშევრობის დონეებს შორის ურთიერთდამოკიდებულების შესწავლის მიზნით.

წყარო: Study.com

სოლოუს ეკონომიკური ზრდის მოდელი

სოლოუს ეკონომიკური ზრდის მოდელი იკვლევს გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის ტენდენციებს და ყურადღებას ამახვილებს შრომაზე, კაპიტალის დაგროვებაზე და ტექნოლოგიურ პროგრესზე. ეს მოდელი ასახავს, თუ რა წვლილი შეაქვთ ამ ფაქტორებს ეკონომიკის მდგრად ზრდაში, როდესაც ეკონომიკა მუდმივი ტემპით იზრდება.

წყარო: Dyingeconomy.com

შეჯამება

ეკონომიკური მოდელების გამოყენებით უფრო მარტივია ეკონომიკის მუშაობის პრინციპების შესწავლა. მათი საშუალებით რთული ეკონომიკური კავშირები იყოფა უფრო ადვილად აღსაქმელ ელემენტებად იმის უკეთ გასაგებად, თუ რა ზეგავლენა აქვს სხვადასხვა ფაქტორებს ეკონომიკურ შედეგებზე. პოლიტიკის შემქმნელები იყენებენ ეკონომიკურ მოდელებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მათი მეშვეობით კომპანიებს შეუძლიათ სხვადასხვა სტრატეგიების დაგეგმვა. კრიპტო კონტექსტში, ეს მოდელები გვთავაზობს თეორიულ ცოდნას ბაზრის დინამიკისა და ტრანზაქციის ღირებულების ანალიზისთვის და ასევე პოტენციური სამომავლო სცენარების სიმულაციისთვის, კრიპტო ბაზარზე სხვადასხვა ფაქტორების ზეგავლენის შეფასების მიზნით.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: წინამდებარე კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს მოსაზრებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ რაიმე ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.