TL;DR
ბაზრის განწყობა წარმოადგენს აქტივთან დაკავშირებით ინვესტორების მოსაზრებებს, დამოკიდებულებებს და ვარაუდებს. ეს განწყობა ყოველთვის არ ასახავს აქტივის ან პროექტის ფუნდამენტურ მახასიათებლებს თუმცა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მის ფასზე.
ბაზრის განწყობის ანალიზი კვლევის ფორმაა, რომლის მიზანია ამ ინფორმაციის გამოყენებით ფასის მოძრაობების პროგნოზირება. ბაზრის დინამიკაზე და მისი მონაწილეების საერთო განწყობაზე თვალყურის დევნებით, თქვენ შეგიძლიათ განსაზღვროთ კონკრეტულ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით არსებული ოპტიმიზმის ან შიშის დონე.
შესავალი
ისევე როგორც სხვა სახის აქტივების შემთხვევაში, კრიპტოვალუტის ფასი პირდაპირ არის დაკავშირებული მიწოდებასა და მოთხოვნასთან. ეს საბაზრო ფაქტორები შეიძლება რამდენიმე მიზეზის გამო შეიცვალოს, რომელთა შორისაა საზოგადოებრივი აზრი, პრესა და სოციალური მედია.
ბევრი ტრეიდერი ბაზრის განწყობის ანალიზს იყენებს კრიპტოაქტივის მოკლე და საშუალოვადიანი პოტენციალის პროგნოზირებისთვის. კრიპტო ბაზრის განწყობის შესწავლა, ისევე როგორც ტექნიკური და ფუნდამენტური ანალიზი, ტრეიდერის ინსტრუმენტების ნაკრების ფასეულ კომპონენტს წარმოადგენს.
რა არის ბაზრის განწყობა?
ბაზრის განწყობა აღნიშნავს ფინანსური აქტივის ან ბაზრის მიმართ ტრეიდერების და ინვესტორების კოლექტიურ დამოკიდებულებას. ეს კონცეფცია ყველა ფინანსურ ბაზართან, მათ შორის კრიპტოვალუტებთან მიმართებაში გამოიყენება. ბაზრის განწყობას შეუძლია გავლენა მოახდინოს ბაზრის ციკლებზე.
თუმცა, ბაზრის პოზიტიურ განწყობას ყოველთვის არ შეუძლია ბაზრის პირობების დადებითი მიმართულებით შეცვლა. ზოგჯერ ძლიერ პოზიტიური განწყობა (ფასები მთვარემდე აიწევს!) შეიძლება წინ უძღოდეს ბაზრის კორექციას ან სულაც bearish ბაზარს.
განწყობის ანალიზის მეშვეობით, ტრეიდერებს შეუძლიათ ბაზარზე არსებული მოთხოვნის შესახებ ინფორმაციის მიღება და პოტენციურად მომგებიანი ტენდენციების პროგნოზირება. ბაზრის განწყობა ყოველთვის არ ითვალისწინებს პროექტის ფუნდამენტურ მახასიათებლებს, თუმცა ზოგჯერ შეიძლება მათთან იყოს დაკავშირებული.
მაგალითისთვის განვიხილოთ Dogecoin. Dogecoin-ზე მოთხოვნის ზრდა და bull ტენდენციის ჩამოყალიბება დიდწილად განპირობებული იყო სოციალურ მედიაში ატეხილი აჟიოტაჟით (რამაც გამოიწვია ბაზრის პოზიტიური განწყობა). Dogecoin-ის შეძენის დროს, ბევრი ტრეიდერი და ინვესტორი ითვალისწინებდა არა პროექტის ტოკენომიკას ან მიზნებს, არამედ ბაზარზე არსებულ განწყობას. ზოგჯერ, ბაზრის პოზიტიური ან ნეგატიური განწყობის შექმნისთვის საკმარისია ცნობილი პირის, მაგალითად ილონ მასკის ერთი „ტვიტი“.
რატომ არის მნიშვნელოვანი ბაზრის განწყობის ანალიზი?
ბაზრის განწყობის ანალიზი ბევრი სავაჭრო სტრატეგიის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს. ისევე როგორც ტექნიკური ან ფუნდამენტური ანალიზის დროს, ამ შემთხვევაშიც სასურველია, რომ გადაწყვეტილების მიღება ეფუძნებოდეს სხვადასხვა წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციას.
მაგალითად, ბაზრის განწყობის ანალიზი გეხმარებათ იმის განსაზღვრაში, FOMO-ს (სარგებლის მიღების ხელიდან გაშვების შიშს) რეალური საფუძველი გააჩნია, თუ უბრალოდ „ჯოგური მენტალიტეტის“ შედეგია. ზოგადად, ტექნიკური და ფუნდამენტური ანალიზი და ბაზრის განწყობის შესწავლა საშუალებას გაძლევთ:
უკეთესი წარმოდგენა შეიქმნათ ფასის მოკლევადიანი და საშუალოვადიანი დინამიკის შესახებ.
შეიმუშავოთ თქვენი ემოციური მდგომარეობის უკეთ კონტროლის მეთოდები.
გამოავლინოთ პოტენციურად მომგებიანი შესაძლებლობები.
როგორ განვახორციელოთ ბაზრის განწყობის ანალიზი
ბაზრის განწყობის გასაგებად, თქვენ უნდა შეაგროვოთ ინფორმაცია ბაზრის მონაწილეების მოსაზრებების, იდეების და შეხედულებების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ბაზრის განწყობის ანალიზი სასარგებლო ინფორმაციას გვაწვდის, თქვენი გადაწყვეტილება მხოლოდ მას არ უნდა ეფუძნებოდეს. სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, უნდა გაითვალისწინოთ არა მარტო მოპოვებული ინფორმაცია, არამედ თქვენი ცოდნა და გამოცდილებაც.
ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად, შეგიძლიათ დაათვალიეროთ სოციალური მედიის შესაბამისი გვერდები და არხები, რათა შეიტყოთ, თუ რას ფიქრობს საზოგადოება ან ინვესტორები კონკრეტული პროექტის შესახებ. ასევე შეგიძლიათ გაწევრიანდეთ ოფიციალურ ფორუმებზე, Discord სერვერებზე ან Telegram ჯგუფებში და პირდაპირ გაესაუბროთ პროექტის გუნდს და საზოგადოების წევრებს. თუმცა იყავით ფრთხილად! ამ ჯგუფებში უამრავი თაღლითია. არ ენდოთ შემთხვევით გაცნობილ პირებს და სანამ სარისკო ქმედებას წამოიწყებთ, თავად ჩაატარეთ მოკვლევა.
სოციალური მედიის არხები მხოლოდ პირველი ნაბიჯია. ბაზრის განწყობის შესახებ სრულყოფილი წარმოდგენის შექმნისთვის უამრავი მეთოდი არსებობს. გარდა სოციალური მედიის არხების მონიტორინგისა (კონკრეტულად Twitter-ის, რადგან ის ყველაზე პოპულარულია კრიპტოვალუტის ფანებს შორის), სასურველია განახორციელოთ შემდეგი მოქმედებები:
1. სოციალურ ქსელებში საჭირო ინფორმაციის მოსაძებნად, გამოიყენეთ მონაცემთა შეგროვების პროგრამული ინსტრუმენტები.
2. გაეცანით ინდუსტრიის სიახლეებს მედია პორტალების და ბლოგების მეშვეობით. შეგიძლიათ გამოიყენოთ ინფორმაციის შემდეგი წყაროები: Binance Blog, Binance News, Bitcoin Magazine, CoinDesk, და CoinTelegraph.
3. გაააქტიურეთ შეტყობინებების ფუნქცია ან თვალყური ადევნეთ ვეშაპების მიერ განხორციელებულ მსხვილ ტრანზაქციებს. მსგავს აქტივობებს მუდმივად ადევნებენ თვალყურს კრიპტო ინვესტორები, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ბაზრის განწყობაზე. ვეშაპების აქტივობების შესახებ შეტყობინებების გამომგზავნი უფასო ბოტები ხელმისაწვდომია Telegram-ზე და Twitter-ზე.
4. შეამოწმეთ ბაზრის განწყობის ინდიკატორები და ფასის სიგნალები CoinMarketCap-ზე. ბაზრის მიმდინარე განწყობის დასადგენად, ეს ინდექსების სერვისები ახორციელებენ უამრავი სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის ანალიზს.
5. Google Trends-ის გამოყენებით გაზომეთ კრიპტოვალუტის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის დონე. მაგალითად, თუ ტექსტი „როგორ გავყიდო კრიპტო“ საძიებო სისტემაში ძალიან ბევრ ადამიანს აქვს შეყვანილი, ეს ბაზრის ნეგატიურ განწყობაზე მიუთითებს.
ბაზრის განწყობის ინდიკატორები
ბაზრის განწყობის ინდიკატორების მეშვეობით, ინვესტორებს შეუძლიათ გაიგონ, როგორია ბაზრის ან აქტივის ფასების ტენდენცია: bullish თუ bearish. განწყობის ინდიკატორები გამოისახება გრაფიკულად ან გარკვეული ტიპის შკალის საშუალებით. აღნიშნული ინსტრუმენტები შესაძლოა გამოიყენებოდეს, როგორც განწყობის ანალიზის კომპლექტის ნაწილი, თუმცა მხოლოდ მათზე დაყრდნობა არ შეიძლება. საუკეთესო მეთოდია ერთდროულად რამდენიმე ინდიკატორის გამოყენება, ეს მეთოდი ბაზრის უფრო დაბალანსებული სურათის დანახვის საშუალებას გვაძლევს.
ბაზრის განწყობის ინდიკატორების უმეტესობა Bitcoin-ზეა (BTC) ფოკუსირებული, თუმცა ასევე ხელმისაწვდომია Ethereum-ის (ETH) ბაზრის განწყობის ინდექსები. „Bitcoin-ის შიშის და სიხარბის ინდექსი“ ალბათ კრიპტო ბაზრის განწყობის ყველაზე ცნობილი ინდიკატორია. აღნიშნული ინდექსი გვაჩვენებს Bitcoin-ის ბაზრის მონაწილეების შიშის და სიხარბის დონეს ნულიდან 100-მდე შკალის გამოყენებით, რისთვისაც აანალიზებს ინფორმაციის ხუთ სხვადასხვა წყაროს: მერყეობა, ბაზრის მოცულობა, სოციალური მედია, დომინირება და ტენდენციები.
განწყობის კიდევ ერთი ინდიკატორია Augmento-ს მიერ შემოთავაზებული Bull & Bear ინდექსი, რომელიც ფოკუსირებულია სოციალურ მედიაზე. ხელოვნური ინტელექტის (AI) პროგრამის მეშვეობით, ის აანალიზებს 93 ტიპის განწყობას და თემას, რისთვისაც იყენებს Twitter, Reddit და Bitcointalk პლატფორმების მიმოწერებს. მისმა შემქმნელებმა ასევე ჩაატარეს ამ ინდიკატორის რეტროსპექტული ტესტირება, რისთვისაც გამოიყენეს ერთი წლის ისტორიული მონაცემები. ამ შკალაზე ნული აღნიშნავს უკიდურესად bearish განწყობას, ხოლო ერთი - უკიდურესად bullish განწყობას.
დასკვნა
სოციალური მედიის არხების ანალიზი, on-chain მაჩვენებლები და სხვა კრიპტო ინდიკატორები მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდიან მონეტასთან ან პროექტთან დაკავშირებული განწყობის შესახებ. ბაზრის მიმდინარე განწყობის უკეთ გაგება გეხმარებათ უკეთესი სავაჭრო ან საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებაში.
განწყობის ანალიზის მაქსიმალურად ეფექტურად გამოსაყენებლად, საჭიროა მისი გამოყენება შემდეგ ინსტრუმენტებთან ერთად:
ტექნიკური ანალიზი – ის ფასის მოკლევადიან დინამიკასთან დაკავშირებით უფრო ზუსტი პროგნოზების გაკეთებაში გეხმარებათ.
ფუნდამენტური ანალიზი – ის გამოიყენება საეჭვო ინფორმაციის დასაზუსტებლად ან მონეტის გრძელვადიანი პოტენციალის შესაფასებლად.
შეჯამება
ბაზრის განწყობის ანალიზს საინვესტიციო ბაზრებზე მოვაჭრე უამრავი ტრეიდერი იყენებს, თუმცა ის განსაკუთრებით ეფექტურია კრიპტოვალუტის ბაზრის პროგნოზირებისთვის. რადგან blockchain ინდუსტრია და კრიპტო ბაზრები ჯერ კიდევ შედარებით მცირე ზომისაა, საზოგადოების აღქმა და განწყობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მათი ფასების მერყეობაზე.
ზემოთ განხილული მეთოდების გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ უკეთ შეისწავლოთ ბაზრის განწყობა და (იმედია) უკეთესი საინვესტიციო გადაწყვეტილება მიიღოთ. როგორც აღვნიშნეთ, ბაზრის განწყობის ანალიზის დაწყებამდე, საჭიროა გაითვალისწინოთ შემდეგი საკითხები:
თვალი უნდა ადევნოთ სოციალური მედიის არხებს და გაეცნოთ საზოგადოების დამოკიდებულება ამ პროექტის მიმართ.
უნდა გაეცნოთ ინდუსტრიის სიახლეებს და დაგეგმილ ღონისძიებებს.
უნდა გამოიყენოთ ინდიკატორები, რომლებიც დაგეხმარებათ კონკრეტული მონეტის მიმართ საზოგადოების ინტერესის უკეთ გაგებაში.
როგორც წესი, პრაქტიკა და გამოცდილება აუმჯობესებს ბაზრის განწყობის ანალიზის შედეგებს, თუმცა ეს მეთოდი ყოველთვის არ მუშაობს. ვაჭრობის ან ინვესტირების დაწყებამდე, ყოველთვის ჩაატარეთ საფუძვლიანი კვლევა, რადგან ყოველი გადაწყვეტილება გარკვეულ რისკთანაა დაკავშირებული.