ეს სტატია საზოგადოების მიერ არის წარდგენილი. მისი ავტორი გახლავთ რიჩარდ მარშალი, კრიპტოვალუტის სფეროში მოღვაწე იურისტი ინგლისიდან.
წინამდებარე სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს/შემქმნელს და არ ასახავს Binance Academy-ის შეხედულებებს.
TL;DR
კრიპტოვალუტის დეცენტრალიზებული ბუნების გამო, კონკრეტული პირის გარდაცვალების შემდეგ მის საკუთრებაში არსებული კრიპტოს სხვისთვის გადაცემის პროცესი გარკვეულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
საჭიროა სათანადოდ დაგეგმოთ, თუ როგორ უნდა მოხდეს თქვენთვის ძვირფასი ადამიანის მიერ კრიპტოს მოძიება, იდენტიფიცირება და მიღება.
კრიპტოს გადაცემის უამრავი საშუალება არსებობს, მათ შორისაა ხელით დაწერილი seed ფრაზები, დაშიფრული პირადი გასაღებები და „მიცვალებულის ღილაკი“.
რა ბედი ეწევა კრიპტოს მისი მფლობელის გარდაცვალების შემდეგ?
კრიპტოვალუტის ფენომენი უფრო და უფრო პოპულარული ხდება და შესაბამისად, მეტ მნიშვნელობას იძენს ის საკითხიც, თუ რა ბედი ეწევა ამ კრიპტოვალუტას, მფლობელის გარდაცვალების შემდეგ.
ტრადიციული აქტივების სურვილისამებრ გადანაწილებისთვის მიღებული პრაქტიკაა ქონების განკარგვა. თუმცა, როდესაც ამ ყველაფერს კრიპტო აქტივებიც ემატება, გასათვალისწინებელია ისეთი გამოწვევები, რომელთან გამკლავებაც სხვა შემთხვევაში ნაკლებად მნიშვნელოვანი იქნებოდა.
იმ რეალობაში, სადაც კრიპტო აქტივები უამრავი სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით, მოწყობილობაში თუ ბირჟაზე ინახება, მფლობელის გარდაცვალების შემდეგ უპირველესად საჭირო ხდება კრიპტო აქტივების მოძიებასთან და იდენტიფიცირებასთან დაკავშირებული გამოწვევების გადალახვა.
თუ ვერ ხერხდება საფულეებსა და ანგარიშებზე წვდომის მოპოვება ისეთი ინფორმაციის არქონის გამო, როგორიცაა პირადი გასაღებები, seed ფრაზები, ან pin კოდები, მაშინ აქტივების მოძიებისა და მათზე წვდომის მოპოვების ყველა მცდელობა უშედეგო იქნება. ეს ნიშნავს იმას, რომ მფლობელის საკუთრებაში არსებული კრიპტოვალუტები, მაგალითად Bitcoin, Ether, ან სხვა ალტკოინები, სამუდამოდ დაიკარგება.
გთავაზობთ მითითებებს, თუ როგორ დაგეგმოთ ეს პროცესი კრიპტოს მფლობელმა, ან როგორ უნდა მიიღოს გარდაცვლილი პირის აქტივები ბენეფიციარმა.
როგორ გადავცეთ მემკვიდრეს კრიპტო გარდაცვალების შემდეგ
თუ გსურთ, თქვენი გარდაცვალების შემდეგ, თქვენს საკუთრებაში არსებული კრიპტოვალუტა სხვა პირს გადაეცეს, აუცილებელია დაგეგმოთ ეს პროცესი გარკვეული პერიოდით ადრე. ამის განხორციელების რამდენიმე გზა არსებობს, თუმცა ქვემოთ მოცემულია ყველაზე ხშირად გამოყენებული საშუალებები.
ფიზიკური, დაბალტექნოლოგიური საშუალებები
კალამი და ქაღალდი
საბაზისო დონეზე, შესაძლებელია პირადი გასაღებებისა და seed ფრაზების ფურცელზე ჩაწერა და მისი სეიფში, უსაფრთხოდ შენახვა მფლობელის გარდაცვალების შემდეგ მის აქტივებზე წვდომის მოპოვების ინსტრუქციასთან ერთად. თუმცა, ამ სიმარტივეს თან გარკვეული უარყოფითი მხარეებიც ახლავს, რადგან არსებობს ინფორმაციის მოპარვის, დაკარგვის ან განადგურების ალბათობა მფლობელის სიცოცხლის დროს ან მისი გარდაცვალების შემდეგ.
უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დამატებითი ზომების მისაღებად, შესაძლებელია ამ ინფორმაციის იმ ბანკების უსაფრთხო საცავებში შენახვა, რომლებიც მომხმარებლებს სთავაზობენ დაზღვევას და ეფექტურ პროცესებს, რომლის მეშვეობითაც გარდაცვლილი პირის ბენეფიციარები ან ნების აღმსრულებლები მოიპოვებენ წვდომას შესაბამის ინფორმაციაზე.
USB ან მყარი დისკი
ალტერნატიული საშუალება გახლავთ უსაფრთხოების გასაღებებისა და seed ფრაზების USB-ზე ან გარე მყარ დისკზე შენახვა და პაროლით დაცვა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ეს ინფორმაცია არავითარ შემთხვევაში არ მოხვდეს არასასურველი პირის ხელში. ყველაზე დიდი რისკი, რომელიც ამ მოქმედებას ახლავს თან, არის USB-ის ან მყარი დისკის დაზიანება, ან ხელყოფა, რაც შეზღუდავს ინფორმაციაზე წვდომას. ამ მეთოდის არჩევის შემთხვევაში, მიზანშეწონილია ინფორმაციის რამდენიმე სარეზერვო ასლის შექმნა.
თუ ფაილების დაცვა ხდება პაროლით, საჭირო იქნება პაროლის სადმე შენახვა. ამისთვის, შესაძლებელია მისი ფურცელზე ამოწერა და უსაფრთხო ადგილას შენახვა, ან მისი შენახვის მიზნით პაროლების ონლაინ მმართველის გამოყენება.
ეს საშუალებები ასოცირებულია ისეთ რისკებთან, როგორიცაა ქურდობა, ჰაკერული თავდასხმები. შესაბამისად, კრიპტოს მფლობელებმა უნდა მიიღონ საჭირო ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ მათი ბენეფიციარები ფლობენ ამ საშუალებებით აქტივების აღდგენის ტექნიკას.
მაღალი დონის ტექნოლოგია
დაშიფრული ელ. წერილი
პირადი გასაღებებისა და seed ფრაზების შენახვა შესაძლებელია დაშიფრულ ელ. წერილში, რომელიც გაეგზავნება მინდობილ პირს. ამ წერილს თან დაერთვება მფლობელის გარდაცვალების შემდეგ მის ფინანსებზე წვდომის მოპოვების ინსტრუქცია. ამ მეთოდის გამოყენებისას, მეტად მნიშვნელოვანია, რომ მინდობილი პირი მიჰყვეს მოცემულ ინსტრუქციებს ისე, რომ არ მოხდეს ელ. წერილის უსაფრთხოების ხელყოფა მფლობელის სიცოცხლის პერიოდში.
დაშიფრულ ელ. წერილზე წვდომის მოპოვება ასევე შესაძლებელია მესამე მხარის ჰოსტინგის ვებსაიტის მეშვეობითაც, რისთვისაც საჭირო იქნება პაროლის შეყვანა. თუმცა, თუ მესამე მხარის ჰოსტინგის ვებსაიტი შეწყვეტს არსებობას, ეს ინფორმაცია შეიძლება დაიკარგოს.
მიცვალებულის ღილაკი
გარდა ამისა, შეგიძლიათ დააყენოთ „მიცვალებულის ღილაკი“, რომლის მეშვეობითაც მოხდება თქვენი პირადი გასაღებების განსაზღვრული მიმღებისთვის გადაცემა იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მხრიდან ვერ მოხერხდება იმის დადასტურება, რომ ცოცხალი ხართ.
დადასტურების ამ პროცესის გავლა ისეთივე მარტივია, როგორიც ელ. ფოსტის გამოყენება, ან მარტივი დავალების შესრულება და შესაძლებელია პარამეტრების ისე დაყენება, რომ ეს პროცესი აქტიური გახდეს ყოველკვირეულად, ყოველთვიურად ან რაიმე სხვა ინტერვალით. თუ თქვენი აქტიურ რეჟიმში ყოფნის დადასტურება ვერ მოხერხდება დროის კონკრეტული პერიოდის განმავლობაში, გააქტიურდება „მიცვალებულის ღილაკი“ და პირად გასაღებთან დაკავშირებული ინფორმაცია ავტომატურად გაიგზავნება თქვენ მიერ მითითებულ მიმღებთან.
ამ მეთოდის გამოყენებისას გასათვალისწინებელია ერთი საფრთხის შემცველი ფაქტორი. თქვენი აქტიურობის დადასტურება შეიძლება ვერ შეძლოთ გარდაცვალების გარდა სხვა მიზეზით, მაგალითად ავადმყოფობის, ან ინტერნეტ-კავშირის არქონის გამო. კიდევ ერთი პრობლემა გახლავთ ის, რომ როდესაც კონკრეტულ პირს ანიჭებთ თქვენს კრიპტო აქტივებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას, ეს შესაძლოა არ ნიშნავდეს იმას, რომ მათ ამ აქტივების გამოყენების უფლებაც ექნებათ და ასევე იმას, რომ კანონით აუცილებლად დაშვებული იქნება თქვენი იურისდიქციის ფარგლებში აქტივების ამ ფორმით გადარიცხვა.
თუ გადაწყვეტთ თქვენს გარდაცვალების წინა გეგმაში „მიცვალებულის ღილაკის“ გამოყენებას, აუცილებლად გაიარეთ შესაბამისი კონსულტაცია ამ ქმედების უსაფრთხოდ განხორციელებასთან დაკავშირებით და აქტივების თქვენ ბენეფიციარებთან სრულიად უსაფრთხოდ გადარიცხვის უზრუნველსაყოფად.
სოციალური მეთოდით აღდგენა კასტოდიალური სერვისების გამოყენებით
შეგიძლიათ ისარგებლოთ აღდგენის კასტოდიალური სერვისებით, სადაც ინიშნება რამდენიმე მეურვე, რომლებიც გარდაცვალების შემდეგ მის აქტივებზე წვდომის ინფორმაციის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ.
ჩვეულებრივ, კასტოდიალური სერვისის პროვაიდერი გარდაცვალების მოწმობის წარმოდგენას ითხოვს. მსგავსი სერვისების ნაწილი ტრადიციული ვებსაიტებით ფუნქციონირებს, სხვები ბლოკჩეინზეა განთავსებული, რაც უსაფრთხოების დამატებით შრეს ქმნის.
ასეთი სერვისი გამოყენებისას მნიშვნელოვანია სწორად აირჩიოთ მეურვეები და განსაზღვროთ წესები. ასევე მნიშვნელოვანია კასტოდიალური სერვისების მიმართ სიფრთხილის გამოჩენა, თუკი ისინი პირადი გასაღების აღდგენას მეურვეების უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ანგარიშის მფლობელის გარდაცვალების დადასტურების გარეშე გთავაზობთ.
მნიშვნელოვანია მკაფიოდ განვსაზღვროთ, არჩეული მეურვეები მხოლოდ წვდომისთვის საჭირო ინფორმაციას მიიღებენ, თუ კრიპტო აქტივებით სარგებელსაც ნახავენ.
სმარტ კონტრაქტის საფულეები Ethereum-ზე და Legacy საფულეები
Ethereumის სმარტ კონტრაქტის საფულეებს აქვს რამდენიმე ხელმომწერის არსებობის შესაძლებლობა და სოციალური მეთოდით აღდგენისთვის მოსახერხებელი ვარიანტია. შეგიძლიათ შექმნათ Legacy multisig საფულე რომლის მფლობელებიც თქვენ და თქვენი ბენეფიციარები იქნებით. ამ მეთოდის გამოყენებით ტრანზაქცია თქვენი სიცოცხლის პერიოდშიც მხარეთა უმრავლესობამ უნდა დაადასტუროს.
გარდაცვალების შემდეგ საფულეზე წვდომა ექნებათ თანამფლობელებსა და გარდაცვლილის ერთ ან მეტ წარმომადგენელს, რითაც წვდომა გარდაცვლილის მიერ დასახელებულ ბენეფიციარებს მარტივად გადაეცემა.
Legacy საფულეების კიდევ ერთი ნაირსახეობის შექმნა შესაძლებელია იმისთვის, რომ კრიპტო საფულეში გაიგზავნოს და თქვენი სიცოცხლის პერიოდში ფიზიკურ სეიფში შეინახოს. თქვენი სიცოცხლის პერიოდში მესამე მხარეს მასზე წვდომა არ ექნება. სიკვდილის შემდეგ მათ უნდა წარმოადგინონ გარდაცვალების მოწმობა და სასამართლოს ორდერი, რომელიც დაადასტურებს მათ უფლებას გარდაცვლილის აქტივებზე, რის შემდეგაც საფულეზე წვდომას მოიპოვებენ. ჩვეულებრივ, ასეთ ფიზიკური სეიფები მომხმარებელს დაზღვევასაც სთავაზობენ.
როგორ ჩავრთოთ კრიპტო აქტივები ანდერძში
კრიპტოზე წვდომის მისაღებად პირის ნომინირება და მათ მიერ ამ აქტივებიდან სარგებლის ნახვა ერთმანეთისგან განსხვავდება. მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ კრიპტო აქტივების განკარგვის გეგმა წარმოადგენს ტრადიციულ ქონების განკრგვის გეგმის ნაწილს.
ყოველ იურისდიქციაში არის კანონი, რომელიც განსაზღვრავს, როგორ გაიცემა აქტივები სიკვდილის შემდეგ, რაც ჩვეულებრივ ანდერძის მიხედვით ხდება. იმის გათვალისწინებით, რომ იურისდიქციების უმრავლესობა ციფრულ ანდერძს არ ცნობს და მხოლოდ ქაღალდზე დატანილსა და ხელმოწერილს აღიარებს, მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ კრიპტო აქტივებთან დაკავშირებული თქვენი სურვილები სამართლებრივად იქნება დაფიქსირებული.
ამისთვის საჭიროა ანდერძშიც მიუთითოთ, როგორ გადაეცემა პირადი გასაღებები მიმღებს ან განმარტოთ, ვინ უნდა მიიღოს სარგებელი საბაზისო აქტივებით, თუ ისინი არ არიან მეურვეები ან ნომინირებული პირები.
რა ბედი ელის მფლობელის გარდაცვალების შემდეგ ბირჟებზე არსებულ აქტივებს
ცენტრალიზებული კრიპტო ბირჟები ხშირად ეხმარება მემკვიდრეებს ანგარიშის მფლობელის გარდაცვალების შემდეგ მისი კრიპტო აქტივების მოძიებასა და მათთან წვდომის აღდგენაში.
თუკი გარდაცვლილს ბირჟის აპლიკაცია სმარტფონში ან ლეპტოპში აქვს დაინსტალებული ისე, რომ გახსნის შემდეგ ავტორიზაცია ავტომატურად გაიაროს, მისი კუთვნილი აქტივების მოძიება მარტივი პროცესია.
თუმცა ყველამ, ვისაც გარდაცვლილის ქონებასთან აქვს შეხება, მსგავს ანგარიშებში შესვლისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს. მაგალითად, ინგლისში მოქმედებს The Computer Misuse Act 1990, რომლის მიხედვითაც მსგავსი ქმედება შესაძლოა კრიმინალურ საქმიანობად ჩაითვალოს. ბირჟების მომსახურების პირობებში ასევე მოცემულია წესები პაროლების გამჟღავნებისა და მესამე მხარისთვის წვდომის მინიჭების შესახებ.
უნებლიე კანონდარღვევის თავიდან ასაცილებლად, ანდერძის აღმასრულებელი უნდა დაუკავშირდეს ბირჟას, შეატყობინოს მას პირის გარდაცვალების შესახებ და მიაწოდოს შესაბამისი დოკუმენტაცია. ჩვეულებრივ, ამის გაკეთების მეთოდი ბირჟების მომსახურების პირობებშია გაწერილი. ჩვეულებრივ, ამ ეტაპზე საჭიროა გარდაცვალების მტკიცებულება, როგორიცაა გარდაცვალების მოწმობა და მტკიცებულება იმისა, რომ გაქვთ ანგარიშის გარდაცვლილი მფლობელის აქტივების განკარგვის უფლება. მაგალითად, ანდერძის აღმასრულებელს შეუძლია წარადგინოს ანდერძის ან სასამართლო გადაწყვეტილების ასლი.
როგორ მოვიპოვოთ პირადი გასაღები, როგორც ბენეფიციარმა
თუ კრიპტოს ინახავთ არაკასტოდიალურ საფულეებში, როგორიცაა აპარატურული საფულეები ან ქაღალდის საფულეები, საჭიროა გქონდეთ გეგმა, რომელიც თქვენი გარდაცვალების შემდეგ რამდენიმე სანდო ინდივიდს თქვენს პირად გასაღებებზე წვდომის შესაძლებლობას მისცემს.
უმეტესწილად აქტივების აღდგენის საშუალება მაშინაც კი არსებობს, თუ მსგავსი გეგმა არ არის მომზადებული. პირადი გასაღებების შემცველი ფაილების შენახვა შესაძლებელია სხვა მოწყობილობებში ან ქაღალდზე, seed ფრაზების პოვნა კი მათ წიგნაკებში და სეიფებში შეიძლება. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ გარდაცვლილმა პირადი გასაღებების დასაცავად დამატებითი ნაბიჯები გადადგა და შიფრი ან პაროლი აქვს გამოყენებული, მისი პირადი გასაღებების მოძიება გაცილებით რთულდება. ეს ასევე ნიშნავს, რომ გარდაცვლილის ციფრული აქტივები სამუდამოდ დაიკარგება.
შეგიძლიათ თუ არა მაინერის ან DAO-ს როლის გადაცემა გარდაცვალების შემდეგ?
არსებობს კითხვები იმასთან დაკავშირებით, უნდა გაგრძელდეს თუ არა play-to-earn თამაშებში მონაწილეობა გარდაცვალების შემდეგ და ვის მიერ. აზრთა სხვადასხვაობას იწვევს ისიც, თუ ვინ უნდა ნახოს სარგებელი NFT-ების ან დაუსრულებელი პროექტების ჰონორარებით; ასევე რა მოხდება, თუ გარდაცვლილი მონაწილეობდა მაინინგში, კრიპტო airdrop-ებში ან DAO-ებში.
ეს ყველაფერი შეიძლება გაწერილი იყოს ანდერძში ან მის თანმხლებ სურვილების წერილში, თუმცა უნდა გაითვალისწინოთ ყველა შესაძლო პრობლემა და მიზანშეწონილობა.
შეჯამება
მნიშვნელოვანია გქონდეთ მემკვიდრეობის გეგმა, რომლითაც თქვენი გარდაცვალების შემდეგ შესაძლებელი იქნება თქვენი კრიპტო აქტივების მოძიება, ამოცნობა და გამოყენება. უმჯობესია კრიპტო აქტივების განკარგვა გაითვალისწინოთ ანდერძის შედგენის პროცესში . უნდა დარწმუნდეთ, რომ ანდერძი სამართლებრივად იქნება აღიარებული და კრიპტო აქტივების ნაწილი ადგილობრივ იურისდიქციასთან თანხვედრაშია.
ამის გარეშე თქვენს ბენეფიციარებს მოუწევთ კრიპტო აქტივებისთვის ჩახლართულ სამართლებრივ დავაში ჩართვა, ან თქვენი კრიპტო აქტივები სამუდამოდ დაიკარგება.
დამატებითი საკითხავი:
უარი პასუხისმგებლობაზე და რისკის შესახებ გაფრთხილება: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენელი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ის შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy-ი არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებსა და რისკის შესახებ გაფრთხილებას..