რა არის ბლოკჩეინი და როგორ მუშაობს ის?
მთავარი
სტატიები
რა არის ბლოკჩეინი და როგორ მუშაობს ის?

რა არის ბლოკჩეინი და როგორ მუშაობს ის?

გამოქვეყნებული May 15, 2023განახლებული Dec 11, 2023
11m

TL;DR

  • ბლოკჩეინი არის დეცენტრალიზებული ციფრული ლეჯერი, რომელიც უზრუნველყოფს ტრანზაქციების მონაცემების უსაფრთხოდ შენახვას ქსელში ჩართულ მრავალ კომპიუტერში.

  • კრიპტოგრაფიის და კონსენსუსის მექანიზმების მეშვეობით, ბლოკჩეინი უზრუნველყოფს მონაცემთა დაცულობას და უცვლელობას, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფორმაციის ჩაწერის შემდეგ, მისი შეცვლა შეუძლებელი ხდება.

  • ბლოკჩეინი წარმოადგენს კრიპტოვალუტების, მაგალითად Bitcoin-ის Ethereum-ის საფუძველს და უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს გამჭვირვალობის, უსაფრთხოების და ნდობის დონის ამაღლებაში არა მხოლოდ ფინანსურ, არამედ სხვა მრავალ სექტორში. 

რა არის ბლოკჩეინი?

ბლოკჩეინი განსაკუთრებული ტიპის მონაცემთა ბაზაა, რომელსაც ასევე დეცენტრალიზებულ ციფრულ ლეჯერს უწოდებენ და ის ინახება მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში განთავსებულ უამრავ კომპიუტერში. ბლოკჩეინის მონაცემები ორგანიზებულია ქრონოლოგიური თანმიმდევრობით განთავსებულ ბლოკებად და მისი უსაფრთხოება უზრუნველყოფილია კრიპტოგრაფიის მეშვეობით.

ბლოკჩეინის ყველაზე ადრეული მოდელი შეიქმნა 1990-იანი წლების დასაწყისში, როდესაც კომპიუტერული მეცნიერების სპეციალისტმა სტიუარტ ჰეიბერმა და ფიზიკოსმა ვ. სკოტ სტორნეტამ ბლოკების ჯაჭვისთვის გამოიყენეს კრიპტოგრაფიული ტექნიკა, როგორც ციფრული დოკუმენტების მონაცემთა გაყალბებისგან დაცვის საშუალება.

ჰეიბერისა და სტორნეტას ნამუშევარმა შთააგონა კომპიუტერული მეცნიერების სხვა უამრავი სპეციალისტი და კრიპტოგრაფიის ენთუზიასტი, რამაც საბოლოოდ მიგვიყვანა ბლოკჩეინის ტექნოლოგიით მხარდაჭერილი პირველი კრიპტოვალუტის - Bitcoin-ის შექმნამდე. მას შემდეგ, ბლოკჩეინის ტექნოლოგია უამრავ სფეროში დაინერგა, კრიპტოვალუტების მომხმარებელთა რაოდენობა კი მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაიზარდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბლოკჩეინის ტექნოლოგია უფრო ხშირად კრიპტოვალუტის ტრანზაქციების ჩანაწერებისთვის გამოიყენება, მისი საშუალებით ასევე შესაძლებელია მრავალი სხვა ტიპის ციფრული მონაცემების ჩაწერა, რაც მის სხვა სფეროებში დანერგვის საშუალებას იძლევა.

რა არის ბლოკჩეინის დეცენტრალიზაცია?

ბლოკჩეინის დეცენტრალიზაცია ნიშნავს, რომ ქსელის კონტროლის და მასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილება განაწილებულია მომხმარებლებს შორის და მისი კონტროლი არ ხდება ერთი რგოლის, მაგალითად მთავრობის ან კორპორაციის მიერ. ეს შეიძლება სასარგებლო იყოს სიტუაციებში, სადაც ადამიანებს ესაჭიროებათ უცხო პირებთან კოორდინაცია, ან როდესაც მათ სურთ თავიანთი მონაცემების უსაფრთხოების და მთლიანობის უზრუნველყოფა.

ბლოკჩეინის დეცენტრალიზებულ ქსელში, არ არსებობს ცენტრალური რგოლი ან შუამავალი, რომელიც აკონტროლებს მონაცემთა მიმოცვლას ან ტრანზაქციებს. ამის ნაცვლად, ტრანზაქციების ვერიფიკაცია და ჩაწერა ხდება განაწილებულ ქსელში ჩართული კომპიუტერების მიერ, რომლებიც ერთად მუშაობენ ქსელის გამართულობის უზრუნველსაყოფად.

როდესაც ვსაუბრობთ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის შესახებ, აქ მხოლოდ მონაცემთა ბაზა არ იგულისხმება. ბლოკჩეინის ტექნოლოგია უზრუნველყოფს სხვადასხვა აპლიკაციების, მაგალითად კრიპტოვალუტების და არაჩანაცვლებადი ტოკენების (NFT-ების) ფუნქციონირებას, რაც მომხმარებლებს აძლევს ერთმანეთთან თანამშრომლობის და ტრანზაქციების განხორციელების შესაძლებლობას ცენტრალური რგოლის საჭიროების გარეშე.

როგორ მუშაობს ბლოკჩეინი?

არსებითად, ბლოკჩეინი წარმოადგენს ციფრულ ლეჯერს, რომელშიც იწერება ორ მხარეს შორის განხორციელებული ტრანზაქციების მონაცემები გაყალბებისგან დაცული მეთოდით. ამ ტრანზაქციის მონაცემების ჩაწერა ხდება მთელს მსოფლიოში განაწილებული სპეციალური კომპიუტერების, ეგრეთწოდებული ნოდების ქსელის მიერ.

როდესაც მომხმარებელი განახორციელებს ტრანზაქციას, მაგალითად გარკვეული ოდენობის კრიპტოვალუტას უგზავნის სხვა მომხმარებელს, ამ ტრანზაქციის მონაცემები იგზავნება ქსელში. თითოეული ნოდი ახდენს ამ ტრანზაქციის ავთენტიფიკაციას ციფრული ხელმოწერების და ტრანზაქციის სხვა მონაცემების გადამოწმების მეშვეობით.

ტრანზაქციის ვერიფიკაციის შემდეგ, ის ემატება ბლოკში სხვა, უკვე ვერიფიცირებულ ტრანზაქციებთან ერთად. კრიპტოგრაფიული მეთოდების გამოყენებით, ბლოკები ერთმანეთს უკავშირდება და ქმნის ჯაჭვს, რომელსაც ბლოკჩეინი ეწოდება. ტრანზაქციების ვერიფიკაციის და ბლოკჩეინში დამატების პროცესის განხორციელებას უზრუნველყოფს კონსენსუსის მექანიზმი, რომელიც წარმოადგენს წესების ნაკრებს, რომელთა საშუალებით, ქსელში ჩართული ნოდები ერთმანეთთან თანხმდებიან ბლოკჩეინის მდგომარეობასთან და ტრანზაქციების ვალიდურობასთან დაკავშირებით.

უსაფრთხო, გამჭვირვალე და გაყალბებისგან დაცული ტრანზაქციის ჩანაწერების წარმოებისთვის, ბლოკჩეინი იყენებს კრიპტოგრაფიას. მაგალითად, ჰეშირება წარმოადგენს ბლოკჩეინებში გამოყენებულ უმნიშვნელოვანეს კრიპტოგრაფიულ მეთოდს. სწორედ კრიპტოგრაფიული პროცესი უზრუნველყოფს ნებისმიერი ზომის შეყვანილი მონაცემების გარდაქმნას სიმბოლოების ფიქსირებული ზომის სტრიქონად.

ბლოკჩეინებში გამოყენებული ჰეშ-ფუნქციები ჩვეულებრივ კოლიზიის მიმართ რეზისტენტულია, რაც ნიშნავს, რომ მონაცემთა ორი განსხვავებული ნაკრებით ერთი და იგივე გამომავალი მონაცემების გენერირების ალბათობა ასტრონომიულად მცირეა. ამ მეთოდს ახასიათებს კიდევ ერთი თავისებურება, რომელსაც ზვავის ეფექტი ეწოდება. ის წარმოადგენს ფენომენს, რომლის მიხედვითაც, შეყვანილი მონაცემების უმნიშვნელო ცვლილებაც კი რადიკალურად განსხვავებულ გამომავალ მონაცემებს მოგვცემს. 

მოდით ეს პროცესი განვიხილოთ SHA256-ის მაგალითზე, რომელიც წარმოადგენს Bitcoin-ში გამოყენებული ფუნქციის მაგალითს. როგორც ხედავთ, ასოების რეგისტრის შეცვლის შედეგად მივიღეთ რადიკალურად განსხვავებული გამომავალი მონაცემები. ჰეშ-ფუნქციები ერთმიმართულებიანი ფუნქციებია, რადგან რევერსული ინჟინერიის მეშვეობით მიღებული ჰეშებიდან საწყისი მონაცემების აღდგენა შეუძლებელია. 

შეყვანილი მონაცემები

SHA256-ის გამომავალი მონაცემები

Binance Academy

886c5fd21b403a139d24f2ea1554ff5c0df42d5f873a56d04dc480808c155af3

Binance Academy

4733a0602ade574551bf6d977d94e091d571dc2fcfd8e39767d38301d2c459a7

Binance Academy

a780cd8a625deb767e999c6bec34bc86e883acc3cf8b7971138f5b25682ab181

ბლოკჩეინის შემადგენელი თითოეული ბლოკი შეიცავს წინა ბლოკის ჰეშს, რაც უზრუნველყოფს ბლოკების საიმედო ჯაჭვის შექმნას. თუ ვინმე მოისურვებს ერთი ბლოკის შეცვლას, მას მოუწევს ყველა მომდევნო ბლოკის შეცვლაც, რაც არა მარტო ტექნიკურად რთული, არამედ ძალიან ძვირადღირებული პროცესია. 

კიდევ ერთი კრიპტოგრაფიული მეთოდი, რომელიც ფართოდ გამოიყენება ბლოკჩეინის ტექნოლოგიაში, არის საჯარო გასაღების კრიპტოგრაფია. მას ასევე ასიმეტრიულ კრიპტოგრაფიას უწოდებენ და ის გვეხმარება მომხმარებლებს შორის დაცული და შემოწმებადი ტრანზაქციების განხორციელებაში.

გავიგოთ, როგორ მუშაობს ის. თითოეულ მონაწილეს გააჩნია გასაღებების უნიკალური წყვილი: პირადი გასაღები, რომელსაც მომხმარებელი საიდუმლოდ ინახავს, და საჯარო გასაღები, რომელიც შეგვიძლია ნებისმიერ პირს გავუზიაროთ. როდესაც მომხმარებელი წამოიწყებს ტრანზაქციის პროცესს, ის იყენებს პირად გასაღებს და ქმნის ციფრულ ხელმოწერას.

ქსელში ჩართულ სხვა მომხმარებლებს შეუძლიათ გადაამოწმონ ამ ტრანზაქციის ავთენტურობა, რისთვისაც იყენებენ გამომგზავნის საჯარო გასაღებს ციფრული ხელმოწერის შესამოწმებლად. ეს მიდგომა უზრუნველყოფს ტრანზაქციების უსაფრთხოებას, რადგან ტრანზაქციის ავტორიზაციის უფლება მხოლოდ პირადი გასაღების კანონიერ მფლობელს აქვს, ხოლო ხელმოწერის შემოწმება ნებისმიერ პირს შეუძლია, გამგზავნის საჯარო გასაღების მეშვეობით. 

ბლოკჩეინის კიდევ ერთი მახასიათებელი მისი გამჭვირვალობაა. ზოგადად, ნებისმიერ მსურველს შეუძლია ბლოკჩეინის მონაცემების ნახვა, რაც მოიცავს ტრანზაქციის და ბლოკის ყველა მონაცემს, რისთვისაც ის უნდა ეწვიოს საჯარო ბლოკჩეინის საიტს.  მაგალითად, ბლოკჩეინ ექსპლორერის საიტებზე თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ყველა ტრანზაქცია, რაც კი ოდესმე განხორციელებულა Bitcoin ქსელში, ეს მოიცავს გამგზავნების და მიმღებების იდენტიფიკატორებს, გადარიცხულ თანხებს და Bitcoin-ის მფლობელების სიას. თქვენ ასევე შეგიძლიათ დაათვალიეროთ ყველა ბლოკი, დაწყებული დღეს დამატებულით (2023 წლის 29 მაისის 18:52:21 საათის (GMT) მონაცემებით, ბოლო ბლოკის ნომერია 788 995) და დამთავრებული სულ პირველი ბლოკით, რომელსაც გენეზისის ბლოკს უწოდებენ.

რა არის კონსენსუსის მექანიზმი?

კონსენსუსის ალგორითმი გახლავთ მექანიზმი, რომელიც მომხმარებლებსა და კომპიუტერებს განაწილებულ ქსელში კოორდინაციის საშუალებას აძლევს. ის უზრუნველყოფს სისტემის ყველა ელემენტის ერთ ჭეშმარიტებაზე შეთანხმებას მაშინაც კი, როდესაც ზოგიერთი ელემენტი გაუმართავად მუშაობს. მისი საშუალებით, ქსელის ყველა ნოდს გააჩნია ყველა ტრანზაქციის ჩანაწერების შემცველი ლეჯერის ერთნაირი ასლი. ბლოკჩეინისთვის კონსენსუსის მექანიზმების აუცილებლობა იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ ამ ქსელში არ არსებობს ცენტრალური რგოლი, რომელიც უზრუნველყოფდა ტრანზაქციების ვერიფიკაციას და ქსელის მთლიანობის შენარჩუნებას.

ბლოკჩეინის მონაცემების ასლები ათი ათასობით ნოდის მოწყობილობაში ინახება, ამიტომ ადვილად შეიძლება წარმოიშვას სხვადასხვა პრობლემა, მაგალითად მონაცემთა შეთანხმებასთან და მავნე ნოდებთან დაკავშირებით. ბლოკჩეინის მთლიანობის უზრუნველსაყოფად, არსებობს სხვადასხვა კონსენსუსის მექანიზმი, რომლებიც განსაზღვრავს ქსელის ნოდებს შორის შეთანხმების მიღწევის წესებს. მოდით განვიხილოთ რამდენიმე მათგანი.

კონსენსუსის მექანიზმის ტიპები

რა არის Proof of Work?

Proof of Work (PoW) წარმოადგენს კონსენსუსის მექანიზმს, რომელიც გამოიყენება ბევრ ბლოკჩეინის ქსელში ტრანზაქციების ვერიფიკაციისთვის და ბლოკჩეინის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. ის წარმოადგენს პირველ კონსენსუსის მექანიზმს, რომელსაც იყენებს Bitcoin-ის ქსელი.

PoW სისტემაში, მაინერები ერთმანეთს ეჯიბრებიან რთული მათემატიკური ამოცანების ამოხსნაში, რათა მიიღონ ბლოკჩეინზე მომდევნო ბლოკის დამატების უფლება. ამ პროცესის დროს, რომელსაც მაინინგს უწოდებენ, პირველი მაინერი, რომელიც ამოხსნის ამოცანას, დაჯილდოვდება კრიპტოვალუტით. 

მათემატიკური ამოცანების ამოხსნისთვის, ახალი მონეტების მაინინგისთვის და ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, მაინერებს ესაჭიროებათ ძლიერი კომპიუტერები. სწორედ ამიტომ, მაინინგის პროცესი საჭიროებს მნიშვნელოვანი გამომთვლელ სიმძლავრეს და შესაბამისად, ენერგიას. 

რა არის Proof of Stake?

Proof of Stake (PoS) არის კონსენსუსის მექანიზმი, რომელიც შეიქმნა Proof of Work (PoW) მექანიზმის ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზნით. PoS სისტემაში, მაინერების ნაცვლად, რომლებიც ტრანზაქციების ვალიდაციის და ბლოკჩეინზე ახალი ბლოკების დამატების უფლების მოსაპოვებლად ერთმანეთს რთული მათემატიკური პრობლემების გადაჭრაში ეჯიბრებიან, გამოიყენება ვალიდატორები, რომელთა შერჩევა ხდება მათ მიერ ქსელში „სტეიკინგზე“ განთავსებული კრიპტოვალუტის რაოდენობის გათვალისწინებით.

ვალიდატორები უზრუნველყოფის სახით, ანუ „სტეიკინგზე“ განათავსებენ გარკვეული რაოდენობის კრიპტოვალუტას, რაც მათ საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ კონსენსუსის პროცესში. ამის შემდეგ, შემთხვევითობის პრინციპით შეირჩევა ვალიდატორები, რომლებიც იღებენ ახალი ბლოკების შექმნის და ტრანზაქციების ვალიდაციის უფლებას, მათი სტეიკინგის თანხის გათვალისწინებით. ახალი ბლოკების შექმნისთვის, ვალიდატორები იღებენ ტრანზაქციის საკომისიოებს, რაც მათ აძლევს მოტივაციას იმოქმედონ ქსელის ინტერესებიდან გამომდინარე.

სხვა პოპულარული კონსენსუსის მექანიზმები

Proof of Work და Proof of Stake ყველაზე გავრცელებული კონსენსუსის ალგორითმებია, თუმცა სხვა ალგორითმებიც არსებობს. ზოგიერთი მათგანი ჰიბრიდული ტიპისაა, რომლებიც ორივე სისტემის ელემენტების კომბინაციას წარმოადგენს, ზოგი კი სრულიად განსხვავებულ მეთოდებს ეფუძნება.

მაგალითად, დელეგირებული Proof of Stake (DPoS) PoS-ის მსგავსია, თუმცა ამ შემთხვევაში ახალი ბლოკის შექმნის უფლება ყველა ვალიდატორს არ აქვს და ტოკენების მფლობელები ირჩევენ დელეგატების მცირე ჯგუფს, რომლებიც მათი სახელით ქმნიან ბლოკებს.

ასევე არსებობს Proof of Authority (PoA) მექანიზმი, სადაც ვალიდატორების არჩევა ხდება მათი რეპუტაციის და პიროვნების გათვალისწინებით და არა მათ მფლობელობაში არსებული კრიპტოვალუტის რაოდენობის საფუძველზე. ვალიდატორების შერჩევა ხდება მათი სანდოობის მიხედვით და არასათანადო ქცევის შემთხვევაში, შეიძლება ისინი ქსელიდან იქნან განდევნილი.

ბლოკჩეინის უპირატესობები

1. დეცენტრალიზაცია

ბლოკჩეინის დეცენტრალიზებული ბუნების წყალობით, არ არსებობს ქსელის კონტროლის ან გაუმართაობის ერთი რგოლი, რაც უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას, ჰაკერული თავდასხმებისგან და მონაცემთა მოპარვისგან უკეთ დაცვას.

2. გამჭვირვალობა

ბლოკჩეინზე არსებული ტრანზაქციების ნახვა ყველა მონაწილეს შეუძლია, რაც იძლევა ტრანზაქციების მარტივად კონტროლის ან მათი სიზუსტის გადამოწმების შესაძლებლობას.

3. უცვლელობა

ტრანზაქციის ბლოკჩეინში ჩაწერის შემდეგ, მისი შეცვლა ან წაშლა შეუძლებელი ხდება. ის შეიცავს ყველა ტრანზაქციის ჩანაწერს, რომელთა შემოწმება შეუძლია ყველას, ვისაც აქვს ბლოკჩეინის ქსელზე წვდომის შესაძლებლობა. ეს ფაქტორი მას მნიშვნელოვნად განასხვავებს ტრადიციული სისტემებისგან, სადაც ტრანზაქციების გაუქმება შესაძლებელია.

4. ეფექტურობა

ბლოკჩეინს შეუძლია ტრანზაქციების უფრო სწრაფად და ეფექტურად განხორციელება, რადგან მას არ ესაჭიროება შუამავალი ორგანიზაციები, მაგალითად ბანკები.

5. დაბალი საკომისიოები

შუამავლების საჭიროების გამორიცხვის და პროცესების ავტომატიზაციის წყალობით, ბლოკჩეინს შეუძლია ტრანზაქციების ხარჯების შემცირება და გარკვეული ბიზნეს ოპერაციების ეფექტურობის გაზრდა.

6. ნდობის საჭიროების არარსებობა

ბლოკჩეინის ტექნოლოგია გვთავაზობს ტრანზაქციების დამუშავების გამჭვირვალე პროცესს, რომელთა ვერიფიკაციას და ვალიდაციას ქსელის მონაწილეები თავად ახორციელებენ, რაც გამორიცხავს სანდო შუამავლების საჭიროებას.

ბლოკჩეინის ქსელების რა ტიპები არსებობს?

საჯარო ბლოკჩეინი

საჯარო ბლოკჩეინი დეცენტრალიზებული ქსელია, რომელთან დაკავშირება და მის ოპერაციებში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ჩვეულებრივ, ეს ქსელები ღია კოდზე დაფუძნებული, გამჭვირვალე და ნებართვის საჭიროების არმქონე ქსელებია, რაც იმას ნიშნავს, რომ მათთან წვდომა და მათი გამოყენება ნებისმიერს შეუძლია. Bitcoin და Ethereum საჯარო ბლოკჩეინების მაგალითებია.

კერძო ბლოკჩეინი

როგორც სახელიდან ჩანს, კერძო ბლოკჩეინი წარმოადგენს ბლოკჩეინის ქსელს, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის. კერძო ბლოკჩეინებს ერთი სუბიექტი, მაგალითად კომპანია მართავს და გამოიყენება ორგანიზაციის შიდა საჭიროებებისთვის.

კერძო ბლოკჩეინთან წვდომისთვის საჭიროა ნებართვა და მას გააჩნია წესები, რომლებიც განსაზღვრავს, თუ ვის შეუძლია ქსელში არსებული მონაცემების დათვალიერება და დამატება. ის არ წარმოადგენს დეცენტრალიზებულ სისტემას, რადგან მას გააჩნია მკაცრად განსაზღვრული კონტროლის იერარქია. მიუხედავად ამისა, ის განაწილებულ ქსელად მიიჩნევა, რადგან ბლოკჩეინის ასლები ინახება ქსელში ჩართული ნოდების კომპიუტერებში.

კონსორციუმ ბლოკჩეინი

კონსორციუმ ბლოკჩეინი საჯარო და კერძო ბლოკჩეინების ჰიბრიდია. კონსორციუმ ბლოკჩეინი წარმოადგენს რამდენიმე ორგანიზაციის მიერ ერთობლივად შექმნილ ბლოკჩეინის ქსელს, რომელსაც ეს ორგანიზაციები ერთობლივად მართავენ და აკონტროლებენ. ეს ქსელები შეიძლება იყოს ღია ან დახურული, კონსორციუმის წევრების საჭიროებებიდან გამომდინარე.

განსხვავებით ღია სისტემისგან, სადაც ნებისმიერს შეუძლია ბლოკების ვალიდაცია, ან დახურული სისტემისა, სადაც მხოლოდ ერთი სუბიექტი განსაზღვრავს, თუ ვის შეუძლია ბლოკის შექმნა, კონსორციუმ ბლოკჩეინი იყენებს სისტემას, სადაც თანაბარი უფლებების მქონე რამდენიმე პირს შეუძლია ვალიდატორის ფუნქციის შესრულება. 

ამ სისტემის წესები მოქნილია: ბლოკჩეინის მონაცემების ნახვის უფლება შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ვალიდატორებს, უფლებამოსილ პირებს ან ყველას. ვალიდატორებს შორის კონსენსუსის მიღწევის შემთხვევაში, ცვლილებების შეტანა მარტივად შეიძლება. რაც შეეხება ბლოკჩეინის ფუნქციონირებას, თუ გარკვეული რაოდენობის მონაწილე პატიოსნად იმოქმედებს, სისტემის მუშაობას არანაირი პრობლემა არ შეექმნება.

რისთვის გამოიყენება ბლოკჩეინი?

მიუხედავად იმისა, რომ ბლოკჩეინის ტექნოლოგია განვითარების საწყის ეტაპზე იმყოფება, ის უკვე გამოიყენება ინდუსტრიის მრავალ დარგში. ქვემოთ მოცემულია ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენების ყველაზე პოპულარული გზები

1. კრიპტოვალუტები

ბლოკჩეინის ტექნოლოგიის მიზანი კრიპტოვალუტების შექმნის პროცესის მხარდაჭერა იყო. კრიპტოვალუტებში ბლოკჩეინი გამოიყენება დაცული და დეცენტრალიზებული ლეჯერის სახით, სადაც ინახება ტრანზაქციების ჩანაწერები.

2. ციფრული იდენტიფიკაცია

ბლოკჩეინი შეიძლება გამოყენებული იქნას უსაფრთხო და გაყალბებისგან დაცული ციფრული საიდენტიფიკაციო მონაცემების შექმნისთვის, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ პერსონალური ინფორმაციის და სხვა სენსიტიური მონაცემების ვერიფიკაციისთვის. მისი მნიშვნელობა შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს, რადგან ინტერნეტში პერსონალური ინფორმაციის და აქტივების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.

3. ხმის მიცემა

დეცენტრალიზებული, გაყალბებისგან დაცული ლეჯერის წყალობით, ბლოკჩეინის ტექნოლოგია შეიძლება გამოყენებულ იქნას დაცული და გამჭვირვალე ხმის მიცემის სისტემის შექმნისთვის, რომელიც გამორიცხავს ხმების გაყალბების შესაძლებლობას და უზრუნველყოფს ხმის მიცემის პროცესის გამართულად მიმდინარეობას.

4. მომარაგების ჯაჭვის მართვა

ბლოკჩეინის ტექნოლოგია შეიძლება გამოყენებულ იქნას მომარაგების ჯაჭვის ტრანზაქციების ლეჯერის შესაქმნელად. თითოეული ტრანზაქცია შეიძლება ბლოკჩეინის ბლოკის სახით იქნას შეყვანილი, რაც ქმნის მომარაგების ჯაჭვის ოპერაციების მთლიანი პროცესის უცვლელ და გამჭვირვალე ჩანაწერს.

5. სმარტ კონტრაქტები

სმარტ კონტრაქტები წარმოადგენს თვითაღსრულებად კონტრაქტებს, რომლებიც შეიძლება დაპროგრამდეს და ავტომატურად აღსრულდეს განსაზღვრული პირობების დადგომის შემთხვევაში. ბლოკჩეინის ტექნოლოგია იძლევა სმარტ კონტრაქტების დაცული და დეცენტრალიზებული მეთოდით შექმნის და აღსრულების შესაძლებლობას. სმარტ კონტრაქტების გამოყენების ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ გზას დეცენტრალიზებული აპლიკაციები (dApp-ები) და დეცენტრალიზებული ორგანიზაციები (DAO-ები) წარმოადგენს.

შეჯამება

ბლოკჩეინის ტექნოლოგია გთავაზობთ ტრანზაქციების ჩაწერის და მონაცემთა შენახვის დაცულ და გამჭვირვალე მეთოდს. მას გააჩნია პოტენციალი რევოლუცია მოახდინოს ინდუსტრიის მრავალ სფეროში ციფრული სამყაროს ნდობის და უსაფრთხოების ახალი დონის შემოთავაზებით.

peer-to-peer ტრანზაქციების, ციფრული აქტივების ახალი ფორმების შექმნის ან დეცენტრალიზებული აპლიკაციების მხარდაჭერის შემოთავაზებით, ბლოკჩეინის ტექნოლოგია შესაძლებლობების ახალი სამყაროსკენ გვიხსნის გზას. ამ ტექნოლოგიის განვითარების ტემპი და მისი პოპულარობის ზრდა გვაფიქრებინებს, რომ უახლოეს წლებში მისი გამოყენების უფრო ინოვაციური და ტრანსფორმაციული გამოყენების გზების გაჩენას უნდა ველოდოთ.

დამატებითი საკითხავი


უარი პასუხისმგებლობაზე და რისკის შესახებ გაფრთხილება: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენელი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ის შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy-ი არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებსა და რისკის შესახებ გაფრთხილებას..