რა არის Ethereum და როგორ მუშაობს?

გამოქვეყნებული Mar 18, 2020განახლებული May 7, 2025
12m

მთავარი დეტალები

  • Ethereum წარმოადგენს ბლოკჩეინ-ტექნოლოგიაზე და ღია პროგრამულ კოდზე დაფუძნებულ პლატფორმას. მას აქვს სმარტ კონტრაქტების და დეცენტრალიზებული აპლიკაციების მხარდაჭერა, რაც დეველოპერებს აძლევს უამრავი სხვადასხვა პროდუქტის და სერვისის შექმნის შესაძლებლობას.

  • Ether (ETH) არის Ethereum ქსელის ადგილობრივი კრიპტოვალუტა. ქსელი გაეშვა 2015 წელს და წარმოადგენს სიდიდით მეორე კრიპტოვალუტას საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით.

  • თავდაპირველად Ethereum ქსელი, Bitcoin-ის მსგავსად, მუშაობდა Proof of Work (PoW) კონსენსუსის მექანიზმზე. თუმცა 2022 წელს, ენერგოეფექტურობის და მასშტაბირებადობის გაუმჯობესების მიზნით, ქსელი გადავიდა Proof of Stake (PoS) მექანიზმზე.

binance academy-ს უფასო კურსი

რა არის Ethereum-ი?

Ethereum, რომლის კონცეფციაც წარმოდგენილ იქნა 2014 წელს პროგრამისტ ვიტალიკ ბუტერინის მიერ, არის დეცენტრალიზებული, ღია პროგრამულ კოდზე და ბლოკჩეინ-ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პლატფორმა. Bitcoin-ისგან განსხვავებით, რომლის ძირითადი დანიშნულება ციფრული ფულის გადარიცხვებია, Ethereum მომხმარებელს აძლევს სხვადასხვა სახის აპლიკაციის და სერვისის შექმნის შესაძლებლობას, როგორიცაა თამაშები, ფინანსური პროდუქტები, ციფრული ხელოვნების ნიმუშების კოლექციები და სხვა მრავალი.

ether (ETH), რომელიც წარმოადგენს Ethereum-ის ადგილობრივ ვალუტას, არის Bitcoin-ის შემდეგ სიდით მეორე კრიპტოვალუტა. 2025 წლის მაისის მონაცემებით, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია შეადგენს 220 მილიარდ აშშ დოლარს.

რით განსხვავდება Ethereum ქსელი Bitcoin-ისგან? 

როგორც Ethereum, ასევე Bitcoin წარმოადგენს პლატფორმას, რომელიც გამოიყენება ციფრული ფულის ტრანზაქციებისთვის, თუმცა Ethereum-ის დანიშნულება მხოლოდ ამ ფუნქციით არ შემოიფარგლება. Ethereum არის პლატფორმა, რომელზეც გაშვებულია სმარტ კონტრაქტები - ავტონომიური კომპიუტერული პროგრამები, რომელთა აღსრულება ავტომატურად ხდება კონკრეტული პირობების დადგომის შემთხვევაში. მოდით განვიხილოთ Ethereum-სა და Bitcoin-ს შორის არსებული რამდენიმე ძირითადი განსხვავება.

1. წარმოშობა და დანიშნულება

Bitcoin წარმოდგენილ იქნა 2009 წელს სატოში ნაკამოტოს მიერ და მისი დანიშნულება იყო ტრადიციული ვალუტების ციფრული ალტერნატივის შექმნა. Bitcoin შეიქმნა, როგორც მთავრობების ჩარევისგან და ინფლაციისგან დაცული ფულის დეცენტრალიზებული ფორმა. ძირითადად ის გამოიყენება, როგორც გადახდის ერთეული, დანაზოგის საშუალება, ზოგ შემთხვევაში კი ღირებულების საზომი ერთეული.

ხოლო Ethereum-ს, რომელიც შეიქმნა 2014 წელს ვიტალიკ ბუტერინის მიერ, უფრო მეტი ფუნქციები აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს საკუთარი კრიპტოვალუტა, ether (ETH), Ethereum-ის დანიშნულება მხოლოდ ტრანზაქციების ხელშეწყობით არ შემოიფარგლება. ის არის პლატფორმა, რომელიც დეველოპერებს აძლევს სმარტ კონტრაქტების და დეცენტრალიზებული აპლიკაციების (DApp-ების) შექმნის და გაშვების შესაძლებლობას.

2. სმარტ კონტრაქტები და DApp-ები

Bitcoin-ისგან განსხვავებით, რომელსაც არ აქვს სმარტ კონტრაქტის ფუნქციის მხარდაჭერა, Ethereum ქსელი უფრო მოქნილი და მრავალფუნქციურია და იძლევა სხვადასხვა ტიპის აპლიკაციის გაშვების შესაძლებლობას. ამის წყალობით ის შეგვიძლია გამოვიყენოთ პროგრამირებადი ტრანზაქციების შექმნისთვის და სხვა უამრავი დანიშნულებით, რაც არ შემოიფარგლება მხოლოდ სავალუტო გადარიცხვებით.

3. ტოკენომიკა

Bitcoin-ისთვის განსაზღვრულია მაქსიმალური მარაგი და მისი მონეტების რაოდენობა არასოდეს გაცდება 21 მილიონს. იშვიათობის პრინციპი მის ძირითად მახასიათებელს წარმოადგენს. Ethereum-ის შემთხვევაში კი არ არსებობს მკაცრად განსაზღვრული მაქსიმალური მარაგი.

მიუხედავად იმისა, რომ Bitcoin და Ethereum ორივე ბლოკჩეინ-ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული, მათი დანიშნულება და გამოყენების სფეროები განსხვავებულია. Bitcoin-ის მიზანია ფულის გამოყენების პრინციპების ტრანსფორმაცია, Ethereum-ის დანიშნულებას კი აპლიკაციების და ხელშეკრულებების დეცენტრალიზებულ სივრცეში გადატანას წარმოადგენს.

როგორ მუშაობს Ethereum ქსელი?

Ethereum-ის სტრუქტურა საკმაოდ რთულია, თუმცა ის მოიცავს რამდენიმე ძირითად კომპონენტს: ბლოკჩეინს, სმარტ კონტრაქტებს და სპეციალურ კომპიუტერს, სახელწოდებით Ethereum-ის ვირტუალური კომპიუტერი, ტრანზაქციების დადასტურების მექანიზმს და ქსელის გამოყენების საკომისიოებს. მოდით დეტალურად განვიხილოთ თითოეული მათგანი.

Ethereum-ის ბლოკჩეინი

ბლოკჩეინი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც საჯაროდ ხელმისაწვდომი ჟურნალი, სადაც ხდება Ethereum-ზე განხორციელებული აქტივობების ჩაწერა. ის ინახება შეთანხმებულად მომუშავე ათასობით კომპიუტერზე, რომელთაც ეწოდება ნოდები. თითოეული ტრანზაქციის, მაგალითად ETH-ის გაგზავნის, ასევე აპლიკაციის გამოყენების მონაცემები იწერება ეგრეთწოდებულ „ბლოკში“. ეს ბლოკები ერთმანეთს უკავშირდება და ქმნის ჯაჭვს, სწორედ აქედან გამომდინარეობს მისი სახელწოდება „ბლოკჩეინი“ (ბლოკების ჯაჭვი).

რადგან ბლოკჩეინი გაზიარებული და საჯაროდ ხელმისაწვდომია, მასში მოცემული ინფორმაციის ნახვა ნებისმიერ პირს შეუძლია. მისი უსაფრთხოების მექანიზმის წყალობით, ძალიან რთულია თაღლითობა ან ჩანაწერების შეცვლა. მონაცემთა ორგანიზებისთვის Ethereum იყენებს სპეციალურ მეთოდს, სახელწოდებით Merkle-Patricia Trie, რაც იძლევა სხვადასხვა მოვლენაზე, მაგალითად კონკრეტული პირის მფლობელობაში არსებული ETH-ის რაოდენობაზე თვალყურის დევნების საშუალებას.

სმარტ კონტრაქტები

სმარტ კონტრაქტები Ethereum-ის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფუნქციაა. ისინი ერთგვარი ავტომატური ხელშეკრულებებია, რომლებში გაწერილი პირობების აღსრულება ხდება ადამიანის ჩარევის გარეშე. მაგალითად, თუ თქვენ გადაწყვეტთ ციფრული ნივთის შეძენას და ფულს განათავსებთ სმარტ კონტრაქტში, ის ავტომატურად გამოგიგზავნით ამ ნივთს, ხოლო ფულს გადაურიცხავს გამყიდველს. ასევე, სმარტ კონტრაქტი ავტომატურად გიგზავნით შეტყობინებას, როდესაც ვინმე გადმოგირიცხავთ ETH ტოკენებს.

hello world კონტრაქტი

სმარტ კონტრაქტების იდეა ეკუთვნის ნიკ საბოს, რომელიც მან წლების წინ გამოაქვეყნა. Ethereum-ზე სმარტ კონტრაქტების შესაქმნელად გამოყენებულ პროგრამირების ენას ეწოდება Solidity. მათზეა დაფუძნებული უამრავი სხვადასხვა აპლიკაციის მუშაობა, რომელთა შორისაა ფულის სესხების, ციფრული ხელოვნების ნიმუშებით ვაჭრობის და ხმის მიცემის აპლიკაციები. მათი გამოყენება უამრავი დანიშნულებით შეიძლება, თუმცა მათი შექმნისას საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა, რათა თავიდან აიცილოთ შეცდომები.

Ethereum-ის ვირტუალური კომპიუტერი (EVM)

Ethereum-ის ვირტუალური კომპიუტერი, ანუ EVM, Ethereum-ის ტვინს წარმოადგენს. ის არის ვირტუალური კომპიუტერი, რომელიც შედგება ქსელში ჩართული ყველა ნოდისგან. როდესაც ხდება სმარტ კონტრაქტის ან აპლიკაციის შექმნა, EVM მას უშვებს და ამოწმებს, გამართულად მუშაობს თუ არა. მისი წყალობით Ethereum-ს შეუძლია რთული დავალებების შესრულება, რაც უბრალოდ ფულადი გადარიცხვებით არ შემოიფარგლება.

EVM-ის გაშვებისთვის საჭიროა ETH-ის გადახდა. ამ გადასახადებს ეწოდება „გაზის საკომისიოები“ და ისინი გადაეცემა იმ პირებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ქსელის ფუნქციონირებას. სმარტ კონტრაქტების შექმნისას დეველოპერებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მათი გაშვება არ უნდა საჭიროებდეს დიდი ოდენობით გაზს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი გამოყენება ძალიან ძვირი გახდება.

როგორ ხდება Ethereum-ზე ტრანზაქციებთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა

აუცილებელია, რომ Ethereum-ის ქსელში ჩართული ყველა კომპიუტერი შეთანხმდეს კონკრეტულ საკითზე, მაგალითად რომელი ტრანზაქცია ჩაითვალოს ვალიდურად. თავდაპირველად Ethereum ქსელი, Bitcoin-ის მსგავსად, მუშაობდა Proof of Work (PoW) კონსენსუსის მექანიზმზე. თუმცა 2022 წელს Ethereum 2.0 განახლებების გაშვების შემდეგ ის წარმატებით გადავიდა Proof of Stake (PoS) კონსენსუსის მექანიზმზე. 

PoS-ზე მომუშავე ქსელში, ბლოკების შექმნას და მათ ვალიდაციას ახორციელებენ არა მაინერები, არამედ ვალიდატორები, რომელთა შერჩევა ხდება მათ მიერ სტეიკინგში გამოყენებული ან უზრუნველყოფის სახით დაბლოკილი კრიპტოვალუტის რაოდენობის გათვალისწინებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქსელის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, პირი საკუთარ ETH-ს განათავსებს სტეიკინგზე (რაც თანხის დეპოზიტზე შეტანის ანალოგიურია). პატიოსნად მუშაობის შემთხვევაში, ისინი გამოიმუშავებენ ჯილდოებს. თუ თაღლითობას ეცდებიან, ისინი დაკარგავენ საკუთარ ETH-ს. ეს ახალი მეთოდი გვთავაზობს მასშტაბირებადობის და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას.

PoS წარმოადგენს პოპულარობით მეორე კონსენსუსის მექანიზმს, რომელსაც იყენებს BNB Chain, Solana, Cardano და ბევრი სხვა ბლოკჩეინის ქსელი.

გაზის საკომისიოები

როდესაც Ethereum-ზე რაიმე აქტივობას ახორციელებთ, მაგალითად აგზავნით ETH-ს ან იყენებთ რაიმე აპლიკაციას, თქვენ იხდით მცირე ოდენობის საკომისიოს, რომელსაც „გაზი“ ეწოდება. გაზის გადახდა ხდება ETH-ის უმცირესი დენომინაციის გამოყენებით, რომელსაც ეწოდება gwei. საკომისიოს ოდენობა დამოკიდებულია ქსელის დატვირთვის დონესა და აქტივობის სირთულეზე. მაგალითად, ETH-ის გაგზავნის ღირებულება გაცილებით ნაკლებია, ვიდრე დიდი ზომის სმარტ კონტრაქტის გაშვების.

გაზის საკომისიო ორი ნაწილისგან შედგება: საბაზისო საკომისიო, რომელიც ნადგურდება (ხდება მიმოქცევიდან მისი ამოღება) და დამატებითი თანხა, რომელიც გადაეცემა იმ პირებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ქსელის მუშაობას. საკომისიოების ნაწილის განადგურების დანიშნულებაა ETH-ის მარაგის ძალიან სწრაფად ზრდის თავიდან აცილება. ჩვეულებრივ, გაზის საკომისიო 1 აშშ დოლარზე ნაკლებია, თუმცა ქსელის დატვირთვის პერიოდებში ეს გადასახადი შეიძლება გაიზარდოს. გაზის საკომისიოს გამოსათვლელად და ქსელის აქტივობის დონის შესამოწმებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური ვებსაიტები, მაგალითად Etherscan.

რა არის Ethereum 2.0?

​​Ethereum 2.0 (რომელსაც ასევე ეწოდება Eth2 ან „Serenity“) წარმოადგენდა Ethereum-ის ქსელის განახლებების სერიას, რომლის მიზანი იყო ქსელის მასშტაბირებადობის გაუმჯობესება.

Ethereum 2.0-ის გაშვება ეტაპობრივად მოხდა და ეს პროცესი შედგებოდა სამი ძირითადი ფაზისგან: ფაზა 0, ფაზა 1/1.5 და ფაზა 2.

ფაზა 0 მოიცავდა Beacon Chain-ის გაშვებას, რომელიც განხორციელდა 2020 წლის დეკემბერში. ის მუშაობს ძირითადი ბლოკჩეინის პარალელურად და ფოკუსირებულია ვალიდატორების (სტეიკერების) დაშვებაზე ერთმიმართულებიანი დეპოზიტის კონტრაქტის მეშვეობით.

ფაზა 1/1.5 ორი ფაზის კომბინაციას წარმოადგენდა. ფაზა 1 მოიცავდა შარდ-ჩეინების გაშვებას, რომლებიც ვალიდატიორებს აძლევდა ბლოკჩეინზე ბლოკების შექმნის შესაძლებლობას PoS მექანიზმის მეშვეობით. ფაზა 1.5 დაიწყო 2021 წელს და ამ დროს განხორციელდა PoW-დან PoS-ზე ოფიციალური გადასვლა.

ფაზა 2-ის დროს, რომელიც საბოლოო ფაზას წარმოადგენდა, Ethereum 2.0-ს დაემატა სრულად ფორმირებული შარდების მხარდაჭერა და ის გარდაიქმნა Ethereum-ის ოფიციალურ ქსელად. შარდ-ჩეინებს ასევე აქვს სმარტ კონტრაქტების მხარდაჭერა, რაც იძლევა DApp-ების და სხვა ტექნოლოგიების Ethereum 2.0-ში ინტეგრაციის შესაძლებლობას.

Pectra განახლება, 2025 წლის მაისი 

Pectra განახლება, რომელიც შეიქმნა Ethereum 2.0-ის მიერ შემოთავაზებული ფუნდამენტური ცვლილებების გათვალისწინებით, წარმოადგენს Ethereum-ის ევოლუციის მომდევნო მნიშვნელოვან საფეხურს. Pectra-ს გაშვება მოხდა 2025 წლის 7 მაისს და ის აერთიანებს ადრე დაგეგმილ ორ განახლებას Prague (აღსრულების დონე) და Electra (კონსენსუსის დონე). ის ფოკუსირებულია ქსელის მასშტაბირებადობის, მომხმარებლის გამოცდილების და სტეიკინგის ეფექტურობის გაუმჯობესებაზე.

Pectra-ს ძირითადი მახასიათებლები:

  • სტეიკინგის პროცესის მოქნილობის გაუმჯობესება: Pectra-ს მეშვეობით მნიშვნელოვნად გაიზარდა ვალიდატორის მიერ სტეიკინგზე განთავსებისთვის განსაზღვრული ETH-ის ოდენობის მაქსიმალური ზღვარი: 32 ETH-ის ნაცვლად გახდა 2048 ETH (EIP-7251). ეს მსხვილ სტეიკერებს აძლევს რამდენიმე ვალიდატორის სლოტის გაერთიანების შესაძლებლობას, რაც ამარტივებს ვალიდატორების მართვას და აუმჯობესებს კაპიტალის ეფექტურობას მცირე ვალიდატორების პროცესიდან გაძევების გარეშე.

  • ანგარიშის აბსტრაქცია და უფრო ჭკვიანი საფულეები: ამ განახლების წყალობით შესაძლებელი გახდა სმარტ კონტრაქტების შესაძლებლობების გარე ანგარიშებზე გავრცელება (EIP-7702), რაც საფულეებს აძლევს ტრანზაქციების გაერთიანების და გაზის საკომისიოს ETH-ის ნაცვლად სხვა ვალუტით, მაგალითად USDC-ით ან სხვა სტეიბლკოინებით გადახდის საშუალებას. ეს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს საფულეების შესაძლებლობებს და ახალ მომხმარებლებს უმარტივებს მათ გამოყენებას.

  • ვალიდატორების ოპერაციების სისწრაფის და მოქნილობის გაუმჯობესება: Pectra ამარტივებს ვალიდატორის აქტივაციის და თანხის გატანის პროცესს, აქტივაციის დრო შემცირებულია რამდენიმე საათიდან რამდენიმე წუთამდე, ვალიდატორს თანხის გატანის პროცესის ინიცირება შეუძლია პირდაპირ აღსრულების დონის მეშვეობით, რაც ვალიდატორს უმარტივებს ქსელში მუშაობას.

  • ქსელის ეფექტურობის და მასშტაბირებადობის გაუმჯობესება: blob-სივრცის გაორმაგებით და მონაცემთა მოთხოვნის ხარჯების ოპტიმიზაციით, Pectra ზრდის ქსელის გამტარუნარიანობას, აუმჯობესებს მე-2 დონის ბლოკჩეინების ეფექტურობას და ამცირებს ტრანზაქციის საკომისიოების ოდენობას, რაც უმნიშვნელოვანესია Ethereum-ის ეკოსისტემის მასშტაბირებისთვის.

Pectra-ს შექმნისას გათვალისწინებულ იქნა Proof-of-Stake მექანიზმზე გადასვლა, რომელიც განხორციელდა Ethereum 2.0-ის ფარგლებში, ასევე მომდევნო განახლებები, როგორიცაა Shanghai და Dencun. მისი საშუალებით გაუმჯობესდა ქსელის ინფრასტრუქტურა და Ethereum გახდა უფრო მასშტაბირებადი, ეფექტური და მოსახერხებელი. ეს განახლება აუმჯობესებს სტეიკინგის გამოცდილებას, ხელს უწყობს პოტენციური ინსტიტუციური პარტნიორების მოზიდვას და ამავდროულად ზრდის ტრანზაქციების მოქნილობას და საფულის ფუნქციებს, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს მისი პოპულარობის ზრდას და ისეთი ინოვაციების დანერგვას, როგორიცაა ვერკლის ხეები.

Ethereum-ის ეკოსისტემა

Ethereum-ის შექმნის დღიდან ამ პლატფორმაზე უამრავი აპლიკაცია და პროდუქტი შეიქმნა და დღეისათვის ის პოპულარობით მეორე ადგილზეა კრიპტოვალუტებს შორის. აქ მოცემულია მისი გამოყენების სფეროების და ფუნქციების მაგალითები.

1. დეცენტრალიზებული ფინანსები (DeFi)

DeFi აღნიშნავს ფინანსურ აპლიკაციას, რომელიც გაშვებულია ბლოკჩეინის ქსელებზე. DeFi-ს უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ის მუშაობს ცენტრალური მართვის რგოლის გარეშე, რისი წყალობითაც ის გვთავაზობს ყველასთვის ხელმისაწვდომ და პროგრამირებად ფინანსურ ეკოსისტემას.

მისი მაგალითებია სესხების პლატფორმები, დეცენტრალიზებული ბირჟები და სტეიბლკოინები. DeFi-ს შექმნის მიზანია, რომ ფინანსური სერვისები გახდეს უფრო სწრაფი, იაფი და ხელმისაწვდომი. პოპულარული DeFi პლატფორმების მაგალითებია MakerDAO, Compound Finance, Aave და UniSwap.

2. გეიმინგი

დღეისათვის თამაშები და ვირტუალური რეალობა Ethereum-ის ქსელის დიდ ნაწილს შეადგენს. Decentraland და Sandbox იმ პლატფორმების მაგალითებია, რომლებმაც შექმნეს ვირტუალური სამყაროები. Ethereum-ის ბლოკჩეინი გამოიყენება მიწის ნაკვეთების, ავატარების, ტარებადი მოწყობილობების და სხვა პროდუქტების მფლობელობის ტოკენიზებული მტკიცებულებების შესაქმნელად.

3. არაჩანაცვლებადი ტოკენები (NFT-ები)

არაჩანაცვლებადი ტოკენები (NFT-ები) წარმოადგენს რეალური სამყაროს აქტივების ტოკენიზებულ ვერსიებს, რომლებიც ასრულებს ავთენტურობის და მფლობელობის გადამოწმებადი მტკიცებულებების ფუნქციას. ისინი შეიძლება გამოყენებულ იქნეს დეცენტრალიზებულ აპლიკაციებში (DApp-ებში) უნიკალური ციფრული ობიექტების და საკოლექციო ნივთების შესაქმნელად, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა სფეროში, როგორიცაა ვიდეო თამაშები, ციფრული საიდენტიფიკაციო მონაცემები, ლიცენზირება, სერტიფიკატები, სახვითი ხელოვნება და ა.შ.

რატომ ეცემა ETH-ის ფასი

2025 წელს Ethereum-ის ფასი საგრძნობლად დაეცა: 2024 წლის დეკემბერში ის შეადგენდა 4100 აშშ დოლარს, ხოლო 2025 წლის მაისისთვის მისი ღირებულება 1844 აშშ დოლარამდე დაეცა.

ზუსტი მიზეზების მითითება რთულია, თუმცა მისი ფასის ვარდნა სავარაუდოდ უკავშირდება რამდენიმე ძირითად ფაქტორს, რომელთა შორისაა მაკროეკონომიკური წნეხები, ქსელის დაბალი აქტივობა და ბაზრის განწყობა.

მაკროეკონომიკური გაურკვევლობა

ETH-ის ფასზე გავლენას ახდენს გლობალური ეკონომიკური პირობები, რადგან კრიპტოვალუტები მაღალრისკიან აქტივებად ითვლება.

  • ტრამპის სატარიფო პოლიტიკა: აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ 2025 წელს დაწესებულმა ტარიფებმა ბაზარზე გაურკვევლობა გამოიწვია. ამ ტარიფებმა, რომლებიც გამოცხადდა 2025 წლის მარტსა და აპრილში, დააფრთხო ინვესტორები, რომლებმაც უარი თქვეს მაღალრისკიან აქტივებზე, როგორიცაა ETH და საკუთარი კაპიტალის ინვესტირება დაიწყეს უფრო უსაფრთხო აქტივებში, მაგალითად ოქროში.

  • რეცესიის შიში: ინვესტორები შიშობენ, რომ ტარიფების ომმა შეიძლება აშშ-ში რეცესია გამოიწვიოს, რაც იწვევს არასტაბილურ აქტივებზე, მაგალითად ETH-ზე მოთხოვნის შემცირება. ამგვარმა „რისკებისგან გაქცევის“ განწყობამ გამოიწვია ის, რომ 2025 წლის იანვრის შემდეგ, კრიპტო ბაზრის საერთო კაპიტალიზაცია შემცირდა 800 მილიარდი აშშ დოლარით.

ქსელის აქტივობის შემცირება

Ethereum-ის ქსელს ნაკლები მომხმარებელი იყენებს, შესაბამისად შემცირებულია მოთხოვნა ETH-ზე.

  • საფულეების აქტივობები: 2025 წლის მარტის მონაცემებით, Ethereum-ის ქსელში აქტიური საფულეების რაოდენობა შემცირდა 33%-ით ხოლო ტრანზაქციების რიცხვი - 40%-ით.

  • ტრანზაქციების დაბალი საკომისიოები: 2025 წელს, Ethereum-ის ქსელში განხორციელებული ტრანზაქციების საკომისიოებმა რეკორდულად დაბალი მაჩვენებელს მიაღწია, რის გამოც შემცირდა „დამწვარი“ (მიმოქცევიდან ამოღებული) ETH-ის რაოდენობა. 2024 წელს გაშვებული Dencun განახლების წყალობით ტრანზაქციების ღირებულება გაიაფდა, თუმცა ამან ETH უფრო ინფლაციური გახადა. ETH-ის „დაწვის“ ტემპის შემცირების გამო, მისმა მიწოდების მაჩვენებელმა გადააჭარბა მოთხოვნას.

  • კონკურენცია: უფრო სწრაფი და იაფი ბლოკჩეინები, როგორიცაა Solana და Tron, ახერხებენ მომხმარებელთა გადაბირებას, რის გამოც მცირდება Ethereum-ის წილი ბაზარზე.

ლიკვიდაცია და ბაზრის განწყობა

ინდივიდუალური და ორგანიზაციული ინვესტორები ნაკლებ ინტერესს იჩენენ ETH-ის მიმართ. ფასის ვარდნას ასევე ხელს უწყობს ლევერიჯიანი პოზიციების ლიკვიდაცია.

  • მასიური ლიკვიდაცია: 2025 წლის 28 მარტს დაფიქსირებულმა ფასის მკვეთრმა ვარდნამ, რომლის დროსაც ამ ვალუტის ფასი შემცირდა 5%-ით და გახდა 1900 აშშ დოლარი, გამოიწვია ლევერიჯიანი პოზიციების ლიკვიდაცია. მხოლოდ ერთ დღეში, ETH-ის long პოზიციების ლიკვიდაციის გამო მომხმარებლებმა დაკარგეს 88,7 მილიონი აშშ დოლარი, რამაც კიდევ უფრო დააჩქარა ფასის ვარდნა.

  • სპოტ ETF-ებიდან კაპიტალის გადინება: ფიქსირდება Ethereum-ის სპოტ ბაზრის საბირჟო საინვესტიციო ფონდებიდან (ETF-ებიდან) კაპიტალის უწყვეტი გადინება. 2025 წლის აპრილში, ორი კვირის განმავლობაში ETF-ებიდან გატანილ იქნა თანხის რეკორდული მაჩვენებელი - 94,1 მილიონი აშშ დოლარი. მხოლოდ 8 აპრილს, კაპიტალის გადინების მაჩვენებელმა 3,3 მილიონი შეადგინა. განსხვავებული სიტუაციაა Bitcoin-ის ETF-ების შემთხვევაში, სადაც ფიქსირდება კაპიტალის შემოდინების მაღალი მაჩვენებელი.

  • ნაკლები ეფექტურობა Bitcoin-თან შედარებით: ETH მნიშვნელოვნად ჩამორჩა Bitcoin-ს: 2022 წლის შემდეგ ETH/BTC თანაფარდობა 80%-ით შემცირდა.

სიტუაციის გამოსწორების პოტენციალი

მიუხედავად იმისა, რომ Ethereum-ის როლი DeFi-ს და NFT-ების სფეროში კვლავ მნიშვნელოვანია, აღნიშნული გამოწვევების გამო, რასაც ემატება Bitcoin-ის დომინირება და ზოგადად კრიპტო ბაზრის ვარდნა, ETH-ის ფასის ზრდის პერსპექტივა ჯერ კიდევ ბუნდოვანია. სიტუაციის გამოსწორება დამოკიდებულია ქსელის აქტივობის ზრდასა და გლობალური ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესებაზე.

ხშირად დასმული კითხვები

1. Ethereum კრიპტოვალუტაა?

Ethereum არის პლატფორმა, ხოლო კრიპტოვალუტის სახელწოდებაა ether (ETH). ზოგი ამ კრიპტოვალუტას Ethereum-ს უწოდებს, თუმცა ეს ტექნიკურად არასწორი ტერმინია.

2. როგორ შევიძინო ether (ETH)?

ether-ის შესაძენად შეგიძლიათ გამოიყენოთ კრიპტოვალუტით ვაჭრობის ბირჟები, მაგალითად Binance. Ethereum-ის მხარდაჭერა აქვს ყველა მსხვილ ცენტრალიზებულ და დეცენტრალიზებულ სავაჭრო ბირჟას. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ სანდო სავაჭრო ბირჟა, გახსნათ ანგარიში, დეპოზიტზე შეიტანოთ ფიატ-ვალუტა ან კრიპტოვალუტა და მისი გამოყენებით შეიძინოთ ETH.

3. არის თუ არა Ethereum ინვესტირების კარგი საშუალება?

ისევე როგორც ნებისმიერი საინვესტიციო აქტივობის შემთხვევაში, ეს დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, როგორიცაა თქვენთვის მისაღები რისკის დონე, ფინანსური სიტუაცია, მიზნები და დროის ჰორიზონტი. ETH შეიძლება ჩაითვალოს არასტაბილურ საინვესტიციო ინსტრუმენტად და მისი ფასი სავარაუდოდ შეიცვლება, რაც დამოკიდებულია ამ პროექტის და ზოგადად კრიპტო ბაზრის გრძელვადიან წარმატებებზე. ETH-ში ინვესტირებამდე თავად უნდა ჩაატაროთ მოკვლევა და დამოუკიდებლად უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება.

4. როგორ გამოიმუშავებს თანხას Ethereum?

Ethereum დეცენტრალიზებული პლატფორმაა, ამიტომ ის არ გამოიმუშავებს თანხას ტრადიციული ორგანიზაციების მსგავსად. თუმცა ჯილდოებს იღებენ ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფის და მისი მუშაობის მხარდაჭერის პროცესში მონაწილე პირები, მაგალითად სტეიკერები და ვალიდატორები

5. შესაძლებელია თუ არა ETH-ის ნაღდ ფულში კონვერტაცია?

დიახ. თქვენი ETH-ის ნაღდ ფულში გადაცვლისთვის თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ კრიპტოვალუტით ვაჭრობის ბირჟები, როგორიცაა Binance. თქვენ შეგიძლიათ გახსნათ ანგარიში ამ სავაჭრო ბირჟაზე და მასთან დააკავშიროთ თქვენი საბანკო ანგარიში. ამის შემდეგ თქვენ შეძლებთ ETH-ის გადარიცხვას Ethereum-თან თავსებადი საფულიდან ამ სავაჭრო ბირჟის ანგარიშზე. ETH-ის ანგარიშის ბალანსზე დარიცხვის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ განათავსოთ გაყიდვის შეკვეთა, კონვერტაციის დასრულების შემდეგ კი შეძლებთ ფიატ-ვალუტის გადარიცხვას დაკავშირებულ საბანკო ანგარიშზე.

6. რა უნდა გავაკეთო, თუ დავკარგავ ჩემს ETH-ს?

რადგან ამ პროცესში ბანკები არ არის ჩართული, თქვენ თავად ხართ პასუხისმგებელი საკუთარი თანხების უსაფრთხოებაზე. კრიპტოვალუტის ყიდვის შემდეგ, ეს მონეტა შეგიძლიათ შეინახოთ სავაჭრო ბირჟაზე, მაგალითად Binance-ზე ან საკუთარ კრიპტო საფულეში. თუ საკუთარ საფულეს იყენებთ, საჭიროა იზრუნოთ seed ფრაზის უსაფრთხოდ შენახვაზე. თქვენი აქტივების ან საფულეზე წვდომის დაკარგვის შემთხვევაში, არსებობს ალბათობა, რომ თქვენ ვეღარ შეძლებთ საკუთარი კრიპტოს დაბრუნებას. თუ საკუთარ ETH-ს ინახავთ Binance-ზე ან სხვა კრიპტო ბირჟაზე, დახმარების მისაღებად სცადეთ დაუკავშირდეთ მომხმარებელთა მხარდაჭერის ოფიციალურ წარმომადგენელს.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.