რა არის რაოდენობრივი გამკაცრება (QT)?
მთავარი
სტატიები
რა არის რაოდენობრივი გამკაცრება (QT)?

რა არის რაოდენობრივი გამკაცრება (QT)?

გამოქვეყნებული Jul 3, 2024განახლებული Aug 14, 2024
7m

მთავარი დეტალები

  • რაოდენობრივი გამკაცრება (QT) მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტია, რომელიც გამოიყენება ცენტრალური ბანკების მიერ ფულის მარაგის შესამცირებლად და ინფლაციის კონტროლის მიზნით, რა დროსაც ხდება მათი ბალანსების შეკვეცა.

  • რაოდენობრივი გამკაცრების შედეგია საპროცენტო განაკვეთების ზრდა, რაც თავის მხრივ ანელებს ეკონომიკის ზრდას და ამცირებს აქციების ფასებს, რადგან ამ დროს იზრდება სამომხმარებლო და ბიზნეს სესხების საპროცენტო განაკვეთები.

  • რაოდენობრივი გამკაცრება გავლენას ახდენს ფინანსურ და კრიპტოვალუტის ბაზრებზე, ამცირებს ლიკვიდურობას, ობლიგაციებით მიღებულ შემოსავალს და ზრდის ბაზრის მერყეობას, ინვესტორები კი ცდილობენ მკაცრი მონეტარული პოლიტიკის პირობების შესაბამისად ადაპტირებას.

შესავალი

ბოლო წლებში მსოფლიო ქვეყნების ცენტრალურმა ბანკებმა დაიწყეს მონეტარული პოლიტიკის არასტანდარტული ინსტრუმენტების გამოყენება, რომელთა მიზანია ეკონომიკის სტაბილურობის და ზრდის შენარჩუნება. ერთ-ერთი ასეთი ინსტრუმენტია რაოდენობრივი შემსუბუქება (QE), რაც გულისხმობს ფინანსური აქტივების დიდი რაოდენობით შესყიდვას ლიკვიდურობის ზრდის და ეკონომიკის სტიმულირების მიზნით. 

თუმცა ეკონომიკის აღდგენის და ინფლაციის ზრდის პარალელურად, ცენტრალური ბანკები ხშირად იცვლიან კურსს და გადადიან რაოდენობრივი გამკაცრების (QT) პოლიტიკაზე. რაოდენობრივი გამკაცრების მიზანია ზედმეტი ლიკვიდურობის შემცირება ინფლაციის კონტროლის და მონეტარული პირობების ნორმალიზაციის მიზნით. 

ამ სტატიაში განხილულია რაოდენობრივი გამკაცრების მექანიკა, მისი მიზნები და მისი გავლენა ეკონომიკის სხვადასხვა სექტორზე.

რა არის რაოდენობრივი გამკაცრება (QT)?

რაოდენობრივი გამკაცრება წარმოადგენს მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტს, რომელიც გამოიყენება ცენტრალური ბანკების მიერ ეკონომიკაში ცირკულირებული ფულის რაოდენობის შემცირების მიზნით. ხშირ შემთხვევაში ეს ინსტრუმენტი გამოიყენება რაოდენობრივი შემსუბუქების პერიოდის შემდეგ, რა დროსაც ხდება ეკონომიკაში ფულის ინექცია მისი ზრდის სტიმულირების მიზნით.

რაოდენობრივი შემსუბუქების დროს, მიმოქცევაში არსებული ფულის რაოდენობის ზრდის და საპროცენტო განაკვეთების შემცირების მიზნით, ცენტრალური ბანკები ყიდულობენ სახელმწიფო ობლიგაციებს და სხვა ფინანსურ აქტივებს, რაც ახდენს სესხების აღების და ინვესტირების წახალისებას. რაოდენობრივი გამკაცრება კი საპირისპირო პროცესია, რომლის დროსაც ხდება მიმოქცევაში არსებული ფულის მარაგის შემცირება ეკონომიკის „გადახურების“ პრევენციის და ინფლაციის კონტროლის მიზნით.

რაოდენობრივი გამკაცრების მიზნები

რაოდენობრივი გამკაცრების მთავარი მიზნებია:

  • ინფლაციის კონტროლი: ფულის მარაგის შემცირებით, რაოდენობრივი გამკაცრება ხელს უწყობს „გადახურებული“ ეკონომიკის „გაგრილებას“ და ინფლაციის კონტროლის ქვეშ მოქცევას.

  • მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაცია: რაოდენობრივი გამკაცრების მიზანია რაოდენობრივი შემსუბუქების პერიოდის შემდეგ, ცენტრალური ბანკის შემცირებული ბალანსის ზომის და შემადგენლობის ნორმალურ მაჩვენებელზე დაბრუნება.

როგორ მუშაობს რაოდენობრივი გამკაცრება?

რაოდენობრივი გამკაცრება შედგება რამდენიმე საფეხურისგან და მექანიზმისგან, რომელთა მეშვეობით ცენტრალური ბანკები ამცირებენ მიმოქცევაში არსებულ ფულის მარაგს. აი როგორ მუშაობს ეს მექანიზმი:

1. შესყიდვების შეჩერება

რაოდენობრივი გამკაცრების პირველი საფეხურია ცენტრალური ბანკების მიერ ახალი ფასიანი ქაღალდების შესყიდვების პროცესის შეჩერება. რაოდენობრივი შემსუბუქების პერიოდების დროს, ცენტრალური ბანკი ყიდულობს სახელმწიფო ობლიგაციებს და სხვა აქტივებს ეკონომიკაში ფულის ინექციის მიზნით. რაოდენობრივი გამკაცრების დროს კი ეს შესყიდვები ჩერდება.

2. ფასიანი ქაღალდების დაფარვის ვადამდე შენახვა

ცენტრალური ბანკები ინახავენ ფიქსირებული დაფარვის ვადის მქონე სხვადასხვა ფინანსურ აქტივებს. დაფარვის ვადის დადგომისას, ცენტრალურ ბანკს აქვს არჩევანი, განახორციელოს ხელახალი ინვესტირება ახალ ფასიან ქაღალდებში (ბალანსის სტაბილურ დონეზე შენარჩუნების მიზნით) ან შეწყვიტოს რეინვესტირება (ფულის მიმოქცევიდან ამოღების მიზნით).

რაოდენობრივი გამკაცრების დროს, ბანკები არ ახორციელებენ ამ აქტივების რეინვესტირებას. ამის ნაცვლად ისინი ბალანსიდან იღებენ ამ ფასიან ქაღალდებს და ამით ეტაპობრივად ამცირებენ მიმოქცევაში არსებული ფულის რაოდენობას.

3. აქტივების გაყიდვა

ზოგ შემთხვევაში, ცენტრალურმა ბანკებმა შეიძლება დაიწყონ საკუთარ პორტფოლიოებში არსებული ფასიანი ქაღალდების აქტიურად გაყიდვა რაოდენობრივი გამკაცრების პროცესის დაჩქარების მიზნით. ამ აქტივების გაყიდვით, ცენტრალურ ბანკს შეუძლია უფრო სწრაფად შეამციროს საკუთარი ბალანსის ზომა და მიმოქცევაში არსებული ფულის რაოდენობა.

4. რეზერვებზე საპროცენტო განაკვეთის კორექტირება

რაოდენობრივი გამკაცრების ინსტრუმენტის სახით, ცენტრალურმა ბანკებმა ასევე შეიძლება გამოიყენონ რეზერვებზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთები. როდესაც კომერციული ბანკების მიერ ცენტრალურ ბანკში შენახულ თანხაზე დარიცხული პროცენტის განაკვეთი იზრდება, საკუთარი რეზერვების გასესხების ნაცვლად, კომერციული ბანკები ირჩევენ ამ თანხის ცენტრალურ ბანკში დატოვებას, რაც იწვევს მიმოქცევაში არსებული ფულის რაოდენობის შემცირებას.

რაოდენობრივი გამკაცრების ზეგავლენა

რაოდენობრივმა გამკაცრებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს ეკონომიკის სხვადასხვა ასპექტზე, მაგალითად საპროცენტო განაკვეთებზე, ფინანსურ ბაზრებზე და ეკონომიკის ზრდაზე.

1. საპროცენტო განაკვეთები

ზოგადად, რაოდენობრივი გამკაცრება იწვევს საპროცენტო განაკვეთების ზრდას. როდესაც ცენტრალური ბანკი ამცირებს მის მფლობელობაში არსებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობას, ეს იწვევს ეკონომიკაში ცირკულირებადი ფულის რაოდენობის შემცირებას. ფულის რაოდენობის შემცირება კი იწვევს სესხებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდას. საპროცენტო განაკვეთების ზრდის შედეგად იზრდება სამომხმარებლო და ბიზნეს სესხების ხარჯები, რამაც შეიძლება შეამციროს ხარჯვის და ინვესტირების მაჩვენებლები.

2. ეკონომიკის ზრდის შენელება

რაოდენობრივი გამკაცრება ანელებს ეკონომიკის ზრდას. მაღალი საპროცენტო განაკვეთები და მიმოქცევაში არსებული ფულის რაოდენობის შემცირება იწვევს მომხმარებლის დანახარჯების და ბიზნეს ინვესტიციების შემცირებას. შედეგად ნელდება ეკონომიკური ზრდა, რადგან ეკონომიკა ცდილობს მონეტარული პოლიტიკის მკაცრ პირობებთან ადაპტირებას.

3. ფინანსური ბაზრები

რაოდენობრივი გამკაცრების (QT) დროს მცირდება ობლიგაციების შესყიდვა, რაც მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ფინანსურ ბაზრებზე. ეს გამოიხატება მოთხოვნის შემცირებაში და სახელმწიფო ობლიგაციებიდან და სხვა ფიქსირებული შემოსავლის მქონე ფასიანი ქაღალდებიდან მიღებული მოგების ოდენობის გაზრდაში. 

საპროცენტო განაკვეთების ზრდამ შეიძლება შეამციროს აქციების ფასები, რადგან კომპანიებისთვის იზრდება სესხის აღების ხარჯები, რაც თავის მხრივ ამცირებს მოგების მიღების და ინვესტიციების პოტენციალს. გარდა ამისა, რაოდენობრივი შემსუბუქებიდან რაოდენობრივ გამკაცრებაზე გადასვლისას ინვესტორები ცდილობენ ახალ ეკონომიკურ პირობებთან ადაპტირებას, რამაც შეიძლება გაზარდოს ბაზრის არასტაბილურობა.

მოდით დეტალურად განვიხილოთ რაოდენობრივი გამკაცრების პოტენციური ზეგავლენა ფინანსურ და კრიპტო ბაზრებზე.

რაოდენობრივი გამკაცრების პოტენციური ზეგავლენა ფინანსურ ბაზრებზე

ობლიგაციების ბაზრები

რაოდენობრივ გამკაცრებას შეუძლია გაზარდოს ობლიგაციების ბაზრების მომგებიანობა. როდესაც ცენტრალური ბანკი ამცირებს სახელმწიფო ობლიგაციების შესყიდვებს, ამ ობლიგაციებზე მოთხოვნა მცირდება, რაც ამცირებს მათ ფასს და ზრდის მათგან მიღებულ მოგებას. მაღალი მოგება იზიდავს ინვესტორებს, რომლებიც ცდილობენ მეტი შემოსავლის მიღებას, თუმცა ეს ასევე ზრდის სესხის აღების ხარჯებს მთავრობებისთვის და კორპორაციებისთვის.

საფონდო ბირჟები

რაოდენობრივ გამკაცრებას შეუძლია გამოიწვიოს საფონდო ბირჟებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდა, რაც ამცირებს კორპორაციების შემოსავლებს და შესაბამისად მცირდება აქციების ფასები. ამასთანავე, ობლიგაციებიდან მიღებული მოგების ზრდამ შეიძლება ფიქსირებული შემოსავლის მქონე ინვესტიციები აქციებთან შედარებით უფრო მიმზიდველი გახადოს, შედეგად ინვესტორები უპირატესობას ანიჭებენ ობლიგაციებს და არა ჩვეულებრივ აქციებს. ამან შესაძლოა კიდევ უფრო გააძლიეროს ზეწოლა აქციების ფასებზე.

ფინანსური სტაბილურობა

რაოდენობრივ გამკაცრებას ასევე შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს ფინანსურ სტაბილურობაზე. რაოდენობრივი შემსუბუქებიდან რაოდენობრივ გამკაცრებაზე გადასვლამ შესაძლოა ფინანსურ ბაზრებზე გაურკვევლობა და არასტაბილურობა გამოიწვიოს. ცენტრალური ბანკის პოლიტიკის ცვლილებაზე რეაგირების ფარგლებში, ინვესტორებმა შეიძლება დაიწყონ საკუთარი პორტფოლიოების კორექტირება, რამაც შეიძლება აქტივების ფასების მკვეთრი ცვლილება გამოიწვიოს. ბაზრის რყევების თავიდან ასაცილებლად, რაოდენობრივი გამკაცრების ზომების გატარებისას, ცენტრალური ბანკები ყურადღებით უნდა მოეკიდონ ამ პროცესის განხორციელებასთან და კომუნიკაციასთან დაკავშირებული საკითხების მართვას.

რაოდენობრივი გამკაცრების პოტენციური ზეგავლენა კრიპტო ბაზრებზე

რაოდენობრივი გამკაცრების კრიპტოვალუტის ბაზრებზე ზეგავლენის საკითხისადმი ინტერესი დღითიდღე იზრდება. კრიპტოვალუტები, როგორიცაა Bitcoin (BTC) და ether (ETH) პოპულარულ ალტერნატიულ აქტივებს წარმოადგენს. მოდით განვიხილოთ, თუ რა გავლენას ახდენს რაოდენობრივი გამკაცრება კრიპტო ბაზრებზე:

1. ლიკვიდურობა

რაოდენობრივი გამკაცრება ამცირებს ფინანსური სისტემის ლიკვიდურობას. ცენტრალური ბანკების მიერ ეკონომიკაში ფულის ინექციის შეწყვეტის შემთხვევაში, მცირდება აქტივების სხვადასხვა კლასებში, მათ შორის კრიპტოვალუტებში ინვესტირებისთვის საჭირო ლიკვიდურობის ხელმისაწვდომობა. ლიკვიდურობის შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს ვაჭრობის მოცულობის შემცირება და კრიპტოვალუტის ბაზრებზე ფასების რყევა, რაც ჩვეულებრივ ფასების ვარდნით გამოიხატება.

2. საინვესტიციო სფეროების ცვლილებები

რაოდენობრივი გამკაცრება იწვევს საპროცენტო განაკვეთების ზრდას, რის გამოც ტრადიციული ფინანსური აქტივები, მაგალითად ობლიგაციები ინვესტორებისთვის უფრო მიმზიდველი ხდება, ვიდრე უფრო მაღალი რისკის შემცველი აქტივები, როგორიცაა კრიპტოვალუტები. ინვესტორები ეძებენ ინვესტირების უფრო უსაფრთხო გზებს, რის გამოც უარს ამბობენ საკუთარი კაპიტალის კრიპტოვალუტაში დაბანდებაზე, რაც პოტენციურად იწვევს კრიპტოს ფასების ვარდნას.

3. ბაზრის განწყობა

კრიპტოვალუტის ბაზრებზე ძლიერ ზეგავლენას ახდენს ბაზრის განწყობა. რაოდენობრივი გამკაცრების გამო, ინვესტორები შეიძლება უფრო მეტი სიფრთხილით მოეკიდონ მაღალ საპროცენტო განაკვეთებს და მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას. განწყობის ამ ცვლილებამ შესაძლოა გაზარდოს არასტაბილურობა და გამოიწვიოს კრიპტოვალუტის ფასების ვარდნა.

შეჯამება

რაოდენობრივი გამკაცრება წარმოადგენს მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, რომელიც ცენტრალური ბანკების მიერ გამოიყენება მიმოქცევაში არსებული ფულის რაოდენობის მართვისთვის და ინფლაციის კონტროლისთვის. საკუთარი ბალანსის ზომის შემცირებით, ცენტრალურ ბანკებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ საპროცენტო განაკვეთებზე, ფინანსურ ბაზრებზე და ეკონომიკის ზრდის სიჩქარეზე. რაოდენობრივი გამკაცრების მიზანია უფრო დაბალანსებული და სტაბილური ეკონომიკური გარემოს შექმნა, თუმცა მისი განხორციელება მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს სხვადასხვა ბაზრებზე, მათ შორის კრიპტოვალუტის სექტორზე.

რაოდენობრივი შემსუბუქების ექსპანსიური მონეტარული პოლიტიკიდან რაოდენობრივი გამკაცრების კომპლექსურ პროცესზე გადასვლის დროს ბაზრის რყევების თავიდან ასაცილებლად, ცენტრალურმა ბანკებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ კომუნიკაციის და პოლიტიკის რეალიზაციის პროცესის მართვაზე.

დამატებითი საკითხავი


პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: წინამდებარე კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.