ფუნდამენტური ანალიზის პროცესი ეფუძნება მოსაზრებას, რომ აქტივის სამომავლო პოტენციალი არ უნდა განისაზღვრებოდეს მხოლოდ წარსული ეფექტურობის მაჩვენებლების საფუძველზე. აქ ხდება როგორც მაკროეკონომიკური, ისე მიკროეკონომიკური პირობების გათვალისწინება, რომლებიც შესაძლოა ზეგავლენას ახდენდეს კონკრეტულ ბაზარზე.
შესაბამისად, შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ FA-ს მიზანია განსაზღვროს, თუ როგორ მოქმედებს გარე ფაქტორები კომპანიის ან პროექტის ეფექტურობასა და წარმატებაზე - ეს განსაკუთრებით გულისხმობს იმ ფაქტორებს, რომლებიც ერთი შეხედვით აშკარა არ არის. აქ ძირითადი ყურადღება ექცევა არა მატერიალურ, არამედ ხარისხობრივ ასპექტებს, როგორიცაა კომპანიის მართვის პროცესები და მმართველების წარსული რეპუტაცია სხვა ბიზნეს წამოწყებების ფარგლებში.
გარდა ამისა, ფუნდამენტური ანალიზის მიზანია კონკრეტული ინდუსტრიის ბაზრების უკეთ შესწავლა და ამ ბაზარზე არსებული პროდუქტის ან სერვისის სამომავლო პოტენციალის განსაზღვრა. საბოლოო მიზანს წარმოადგენს ფასის რაოდენობრივი მაჩვენებლის განსაზღვრა, რომლის შედარებაც შესაძლებელი იქნება შესაბამისი აქტივის რეალურ ფასთან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, FA გახლავთ მეთოდი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია იმის განსაზღვრა, არის თუ არა რაიმეს ფასი რეალურზე მეტი ან ნაკლები.
მიუხედავად იმისა, რომ ფუნდამენტური ანალიზის მეთოდი ძირითადად აქციების შესაფასებლად გამოიყენება, მისი გამოყენება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერი ტიპის აქტივთან, მათ შორის კრიპტოვალუტებთან მიმართებაში.
ფუნდამენტური ანალიზით ხდება აქტივის ფასის უფრო ფართო სურათის შეფასება რაც შეიძლება მეტი მოქმედი ფაქტორის გათვალისწინებით, ტექნიკური ანალიზი კი ორიენტირებულია მხოლოდ ბაზრის ისტორიულ მონაცემებზე და ბაზრის დიაგრამებზე. FA-ს მიზანია სავაჭრო აქტივის რეალური ფასის განსაზღვრა, ხოლო TA გამოიყენება ვაჭრობის მოცულობის და წარსული ტენდენციების საფუძველზე ფასის ცვლილების პროგნოზირების ინსტრუმენტის სახით. ტრეიდერების და ინვესტორების უმეტესობა თანხმდება, რომ ინდივიდუალური თვალსაზრისით, როგორც TA, ისე FA საკმაოდ მნიშვნელოვანი და ღირებული ინსტრუმენტებია. შესაბამისად, მხოლოდ ერთ-ერთი მეთოდის გამოყენების ნაცვლად უმჯობესია გამოიყენოთ ამ ორი მეთოდის კონტექსტუალიზებული და დაბალანსებული კომბინაცია.
აქტივების ყიდვა და გაყიდვა სხვადასხვა ბაზარზე, აქტივის ფასებს შორის სხვაობით სარგებლის მიღების მიზნით.