რა არის Uniswap V4?
მთავარი
სტატიები
რა არის Uniswap V4?

რა არის Uniswap V4?

გამოქვეყნებული Aug 31, 2023განახლებული Jun 29, 2024
9m

TL;DR

  • 2023 წლის ივნისში, Uniswap-მა გამოუშვა Uniswap V4-ის კოდის სამუშაო ვერსია, რომლის ფარგლებშიც შემოთავაზებული იყო დეცენტრალიზებული ბირჟის (DEX) პროტოკოლზე სრულიად ახალი ფუნქციების დამატება.

  • ეს ახალი ფუნქციები მოიცავს „hook-ებს“, რომლებიც იძლევა ლიკვიდურობის პულების პერსონალიზაციის საშუალებას, singleton კონტრაქტების დიზაინს, რაც ზრდის რამდენიმე პულის საზიარო ლიკვიდურობის ეფექტურობას და ასევე ETH-ის ადგილობრივი სავაჭრო წყვილების დაბრუნებას.

  • ვარაუდობენ, რომ Uniswap V4-ს უამრავი სარგებლის მოტანა შეუძლია, რაც მოიცავს პერსონალიზაციის ფუნქციების გაუმჯობესებას, ეფექტურობის გაზრდას, გაზის საკომისიოს შემცირებას და მაღალი დონის სავაჭრო სტრატეგიების გამოყენების შესაძლებლობას.

  • თუმცა Uniswap V4-ს გარკვეული პოტენციური შეზღუდვებიც გააჩნია, რაც დაკავშირებულია Uniswap-ის მიერ გატანის საკომისიოების შეგროვების შესაძლებლობასთან, ასევე მის ლიცენზიასთან, რაც ზღუდავს მისი საწყისი კოდის გამოყენებას.

რა არის Uniswap?  

Uniswap არის დეცენტრალიზებული ბირჟა (DEX), რომელიც მუშაობს Ethereum-ის ბლოკჩეინზე. ის მომხმარებელს საშუალებას აძლევს ივაჭროს სხვადასხვა ციფრული აქტივებით ავტომატური მარკეტ-მეიკერის (AMM) მოდელის გამოყენებით, რაც გამორიცხავს ტრადიციული შეკვეთების წიგნების საჭიროებას.

Uniswap შეიქმნა 2018 წელს, Ethereum-ის დეველოპერის, ჰაიდენ ადამსის მიერ. მის შექმნას საფუძვლად დაედო Ethereum-ის თანადამფუძნებლის, ვიტალიკ ბუტერინის კონცეფცია ბლოკჩეინის ავტომატური მარკეტ-მეიკერის შესახებ.

Uniswap მალე გახდა DEX ბაზრის ლიდერი, მისი სავაჭრო მოცულობა და ლიკვიდურობა მნიშვნელოვნად გაიზარდა სხვა DEX-ებთან შედარებით. 2023 წლის მონაცემებით, Uniswap საუკეთესო DEX-ებს შორისაა ისეთი მაჩვენებლებით, როგორიცაა ვაჭრობის მოცულობა, ლიკვიდურობა და აქტიური მომხმარებლების რაოდენობა.

Uniswap-ის განახლება რამდენჯერმე განხორციელდა. 2020 წელს გამოვიდა Uniswap V2, 2021 წელს კი - Uniswap V3. 2023 წლის ივნისში, Uniswap-მა გამოუშვა Uniswap V4-ის კოდის სამუშაო ვერსია, რომელშიც დამატებული იყო სრულიად ახალი ფუნქციები.

თუმცა, სანამ Uniswap V4-ის ახალ ფუნქციებს დეტალურად განვიხილავთ, თვალი გადავავლოთ Uniswap-ის წინა ვერსიებს, რაც მისი ევოლუციის პროცესის უკეთ გაგებაში დაგვეხმარება.

Uniswap V1-ის გამოშვება  

პირველი ვერსია, Uniswap V1, გამოშვებულ იქნა 2018 წლის ნოემბერში, „კონცეფციის მტკიცებულების“ პლატფორმის სახით. მის ფარგლებში შემოთავაზებული მთავარი ინოვაცია იყო Constant Product Market Maker (CPMM) მოდელი.

ტრადიციულ შეკვეთების წიგნზე დაფუძნებული სისტემის ნაცვლად, Uniswap იყენებდა მეთოდს, რომელიც ნებისმიერ პირს საშუალებას აძლევდა საკუთარი ტოკენი განეთავსებინა კონკრეტული სავაჭრო წყვილის (მაგ. ETH/DAI) პულში და სანაცვლოდ მიეღო წილი იმ მომხმარებლების მიერ გადახდილი საკომისიოებიდან, რომლებიც ვაჭრობისთვის ამ ლიკვიდურობის პულს იყენებდნენ.

Uniswap V1-ს გააჩნდა ERC-20 ტოკენებსა და ether-ს (ETH) შორის გაცვლის (სვოპის) ფუნქცია. ის ასევე იძლეოდა ორ ERC-20 ტოკენს შორის სვოპის განხორციელების საშუალებას. ორ ERC-20 ტოკენს შორის სვოპის პროცესი ორი საფეხურისგან შედგებოდა:

ERC-20 ტოკენი 1-ის გადაცვლა ether-ზე (ETH).

ether-ის (ETH) გადაცვლა ERC-20 ტოკენ 2-ზე.

ეს პროცესი იმიტომ იყო საჭირო, რომ Uniswap V1-ის სმარტ კონტრაქტებს გააჩნდა მხოლოდ ERC-20 ტოკენებისა და ether-ის (ETH) სვოპის მხარდაჭერა.

მიუხედავად იმისა, რომ Uniswap V1 რევოლუციურ ტექნოლოგიას წარმოადგენდა, მას გარკვეული ნაკლოვანებებიც გააჩნდა, მაგალითად არაეფექტური ფასების განსაზღვრის ალგორითმი, რაც არბიტრაჟით მოვაჭრე ტრეიდერებს მანიპულაციის საშუალებას აძლევდა, ასევე ფასის ცურვის მაღალი მაჩვენებელი დიდი ზომის ტრანზაქციების დროს.

Uniswap V2-ის გამოშვება  

Uniswap V1-ში აღმოჩენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზნით, 2020 წლის მაისში გამოშვებულ იქნა Uniswap V2, რომელიც რამდენიმე მნიშვნელოვან გაუმჯობესებას მოიცავდა. Uniswap V2-ში შეცვლილი იყო AMM მოდელი, რაც ტოკენებს შორის პირდაპირი სვოპის განხორციელების შესაძლებლობას იძლეოდა, რისი წყალობითაც შემცირდა ფასის ცურვა და გაუმჯობესდა კაპიტალის ეფექტურობა. 

ამასთანავე, V2-ში წარმოდგენილი იყო ფლეშ-სვოპები, რაც მომხმარებელს ლიკვიდურობის პულიდან ნებისმიერი ოდენობის აქტივის გატანის და მათი საკუთარი შეხედულებისამებრ გამოყენების საშუალებას აძლევდა იმ პირობით, რომ ისინი დააბრუნებდნენ გატანილ თანხას (საკომისიოსთან ერთად) იმავე ტრანზაქციის მეშვეობით. ეს იძლეოდა არბიტრაჟის და შემოსავლის ფარმინგის განხორციელების შესაძლებლობას საწყისი კაპიტალის საჭიროების გარეშე.

Uniswap V2-მა ასევე წარმოადგინა დროში შეწონილი საშუალო ფასების (TWAP) კონცეფცია, რაც სხვა დეცენტრალიზებულ აპლიკაციებს უმარტივებდა Uniswap-ის ფასების უსაფრთხოდ გამოყენებას.

Uniswap V3-ის გამოშვება

Uniswap V3, რომელიც გამოშვებულ იქნა 2021 წლის მაისში, ორიენტირებული იყო კაპიტალის ეფექტურობასთან და კონცენტრირებულ ლიკვიდურობასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრაზე. Uniswap V3 ლიკვიდურობის პროვაიდერებს შესაძლებლობას აძლევს აქტივებისთვის აირჩიონ კონკრეტული ფასის დიაპაზონი, რაც საბოლოო ჯამში უფრო მეტი საკომისიოს გამომუშავების და კაპიტალის ეფექტურობის გაზრდის საშუალებას იძლევა.

Uniswap V3 ასევე გვთავაზობს მრავალდონიანი საკომისიოების სისტემას (0.05%, 0.30% და 1.00%) სხვადასხვა რისკის დონეების და ვაჭრობის მოცულობებისთვის. 

კიდევ ერთი ახალი ფუნქციაა არაჩანაცვლებადი ლიკვიდურობა (NFL), რომელიც ლიკვიდურობის პროვაიდერებს საშუალებას აძლევს მიიღონ NFT-ები, რომლებიც წარმოადგენს მათ წილს ლიკვიდურობის პულებში, მომხმარებელს კი შესაძლებლობას აძლევს გადაცვალონ, გაყიდონ ან გადაიტანონ ლიკვიდურობის პოზიციები ისე, რომ ამან გავლენა არ მოახდინოს პულში არსებულ საბაზისო აქტივებზე.

Uniswap V3-ის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია მისი ინტეგრაცია Ethereum-ის მე-2 დონის ტექნოლოგიაში, რომელსაც ეწოდება Optimism. მისი მიზანია ტრანზაქციის საკომისიოების შემცირება და პლატფორმის მასშტაბირებადობის გაზრდა. 

რა სიახლეს გვთავაზობს Uniswap V4? 

Uniswap V4 ოფიციალურად ჯერ კიდევ არ არის გამოშვებული, თუმცა პოტენციური ფუნქციების და გაუმჯობესებების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია კოდის სამუშაო ვერსიის და whitepaper-ის მეშვეობით. მათ შორისაა: 

1. „Hook-ები“ და პერსონალიზებული პულები 

Uniswap V4 გვთავაზობს „Hook-ებს“, რომლებიც წარმოადგენს ლიკვიდურობის პულის სასიცოცხლო ციკლის სხვადასხვა პერიოდში გაშვებულ კონტრაქტებს, რომელთა საშუალებითაც ნებისმიერ პირს შეუძლია განახორციელოს პულის პერსონალიზაცია. 

იმისათვის, რომ უკეთ გავიგოთ, თუ რას წარმოადგენს „Hook-ები“, საჭიროა ვიცოდეთ, რომ თითოეულ ლიკვიდურობის პულს გააჩნია საკუთარი სასიცოცხლო ციკლი, რომელიც შედგება შექმნის, ლიკვიდურობის დამატების, ამოღების და კორექტირების ეტაპებისგან. „Hook-ები“ დეველოპერებს საშუალებას აძლევს დაამატონ კოდი, რომელიც კონკრეტულ ქმედებებს ახორციელებს პულის სასიცოცხლო ციკლის საკვანძო ეტაპებზე. 

მაგალითად, შეგვიძლია დავამატოთ „Hook-ები“, რომლებიც ლიკვიდურობის პულებისთვის დინამიური საკომისიოების მხარდაჭერის ფუნქციას გაააქტიურებს, დაამატებს on-chain ლიმიტ-შეკვეთებს ან იმოქმედებს, როგორც დროში შეწონილი საშუალო ფასის მარკეტ-მეიკერი (TWAMM) და დიდი მოცულობის შეკვეთებს მცირე ზომის ნაწილებად დაყოფს, ფასის ზეგავლენის მინიმუმამდე შემცირების მიზნით.

ლიკვიდურობის პულების პერსონალიზაციისთვის გამოყენებული „Hook-ების“ შესაძლებლობები უსაზღვროა, დაწყებული on-chain oracle-ების გამოყენებით და დამთავრებული გამოუყენებელი ლიკვიდურობის გადატანით გასესხების პროტოკოლებში. და ბოლოს, „Hook-ები“ დეველოპერებს სთავაზობს კონკრეტულ საჭიროებაზე მორგებული ლიკვიდურობის პულების შექმნის შესაძლებლობას. 

2. Singleton 

Uniswap V3-ში,  ახალი კონტრაქტის გაშვება თითოეული ლიკვიდურობის პულისთვის ცალ-ცალკე ხდებოდა, რის გამოც პულების შექმნის და პულებს შორის სვოპის განხორციელების პროცესი უფრო დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. 

Uniswap V4-ში ერთ-ერთი მთავარი ცვლილება გულისხმობს ყველა პულის ერთ კონტრაქტში გაერთიანებას. ამის წყალობით მნიშვნელოვნად მცირდება გაზის საკომისიო, რადგან სვოპების დროს აღარ არის საჭირო ტოკენების გადატანა სხვადასხვა კონტრაქტებში არსებულ პულებს შორის. Uniswap-ის შეფასების მიხედვით, Uniswap V4-ს შეუძლია პულის შექმნის საკომისიოები 99%-ით შეამციროს. 

3. Flash accounting 

singleton დიზაინის გარდა, Uniswap V4-ში კიდევ ერთი არქიტექტურული ცვლილება იქნა შეტანილი, რომელსაც flash accounting ეწოდება. 

Uniswap-ის წინა ვერსიებში, თითოეული ოპერაცია, მაგალითად ტოკენების სვოპი ან პულში ლიკვიდურობის დამატება, სრულდებოდა ტოკენების გადატანით. Uniswap V4-ში, ტოკენების სისტემის გარეთ გადატანა ხდება მხოლოდ პროცესის დასასრულს, რაც ამარტივებს პულის ოპერაციებს და ამცირებს ხარჯებს. 

Singleton და flash accounting საშუალებას იძლევა ტოკენები ერთი პულიდან მეორეზე უფრო ეფექტურად და ნაკლები დანახარჯით გადავიტანოთ. ეს ფუნქცია განსაკუთრებით სასარგებლოა იმის გათვალისწინებით, რომ „hook-ების“ დანერგვა სავარაუდოდ გაზრდის ლიკვიდურობის პულების რაოდენობას. 

4. ადგილობრივი ETH სავაჭრო წყვილები 

Uniswap V4-ის წყალობით სავაჭრო წყვილებში ბრუნდება ადგილობრივი ETH. 

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, Uniswap V1-ს გააჩნდა მხოლოდ ETH/ERC-20 ტოკენის წყვილების მხარდაჭერა. Uniswap V2-ში კი ადგილობრივი ETH წყვილები ამოღებულ იქნა, რაც გამოწვეული იყო მისი ინტეგრაციის სირთულით და WETH და ETH წყვილებს შორის ლიკვიდურობის გადანაწილების საფრთხით. 

როგორც Uniswap V2, ასევე Uniswap V3, მომხმარებლისგან მოითხოვს, რომ Uniswap პროტოკოლის მეშვეობით ვაჭრობის დაწყებამდე შეფუთონ საკუთარი ETH და დააკონვერტირონ WETH-ში, რაც დამატებით გაზის საკომისიოსთანაა დაკავშირებული. 

singleton-ის და flash accounting-ის წყალობით, Uniswap V4 იძლევა როგორც WETH, ასევე ETH წყვილებით ვაჭრობის საშუალებას. ეს დიდ სარგებელს მოუტანს მომხმარებელს, რადგან ადგილობრივი ETH-ის გადარიცხვების საკომისიო (21k გაზი) ERC-20 ტოკენის გადარიცხვების საკომისიოზე (40k გაზი) თითქმის ორჯერ ნაკლებია.

რა უპირატესობები აქვს Uniswap V4-ს? 

Uniswap V4-ის შექმნის მიზანია ბლოკჩეინზე ლიკვიდურობის შექმნის და ტოკენებით ვაჭრობის მეტი შესაძლებლობების შემოთავაზება. ამ უპირატესობებს შორისაა: 

1. პერსონალიზაცია 

„Hook-ები“ დეველოპერებს მეტ მოქნილობას და ლიკვიდურობის პულებზე ახალი ფუნქციების დამატების შესაძლებლობას აძლევს. სავარაუდოდ, ეს ხელს შეუწყობს ინოვაციური პერსონალიზებული სავაჭრო ფუნქციების მქონე პულების გაჩენას. 

2. ეფექტურობა

„Hook-ების“, singleton კონტრაქტების და flash accounting-ის დანერგვა სავარაუდოდ ტრანზაქციის ეფექტურობის ზრდას შეუწყობს ხელს.

3. გაზის საკომისიოს შემცირება 

Uniswap V4-ის ახალი მახასიათებლები სავარაუდოდ გაზის საკომისიოს ხარჯების შემცირებას უზრუნველყოფს. ეს კი თავის მხრივ პროტოკოლით მეტი მომხმარებლის დაინტერესებას გამოიწვევს. 

4. ლიკვიდურობის პროვაიდერებისთვის მეტი შემოსავლის მიღების პოტენციალი 

შესაძლებელია საკომისიოების დინამიური სტრუქტურის დანერგვა, რაც ლიკვიდურობის პროვაიდერებს (LP-ებს) მეტი კონტროლის და შემოსავლის ზრდის შესაძლებლობას აძლევს. 

5. მაღალი დონის სავაჭრო სტრატეგიები 

ახალი ფუნქციები, როგორებიცაა დროში შეწონილი საშუალო ფასის მარკეტ-მეიკერი (TWAMM), ლიმიტ-შეკვეთები და დინამიური საკომისიოები, სავარაუდოდ ხელს შეუწყობს უფრო მაღალი დონის სავაჭრო სტრატეგიების გაჩენას, რის საშუალებასაც წინა ვერსიები ვერ იძლეოდა. ეს შეიძლება მიმზიდველი იყოს მაღალი დონის ტრეიდერებისთვის.

რა პოტენციური ნაკლოვანებები გააჩნია Uniswap V4-ს? 

Uniswap V4-ს შეიძლება გააჩნდეს გარკვეული პოტენციური ნაკლოვანებები. მათ შორისაა: 

1. საკომისიოს მექანიზმი

Uniswap V4-ს მმართველობის საკომისიოს ორი განსხვავებული სისტემა გააჩნია: სვოპის საკომისიოები და გატანის საომისიოები, რომელთაგან თითოეული განსხვავებულ მექანიზმს იყენებს. ისევე როგორც Uniswap V3 ვერსიაში, Uniswap-ის მმართველობას (Uniswap-ის DAO-ს და UNI ტოკენის მფლობელებს) შეუძლია კონკრეტული პულისთვის აირჩიოს სვოპის საკომისიოს მაქსიმალური პროცენტი. 

Uniswap V4-ში, მმართველობას შეუძლია აირჩიოს გატანის საკომისიოს მაქსიმალური პროცენტი იმ შემთხვევაში, თუ „hook-ების“ საშუალებით მოხდება პულისთვის გატანის საკომისიოების გააქტიურება. 

2. ლიცენზია, რომელიც ზღუდავს გამოყენებას 

Uniswap V4-ის გამოშვება მოხდება Business Source License 1.1 ლიცენზიით, რომლის მიხედვითაც, Uniswap V4-ის საწყისი კოდის გამოყენება კომერციული ან საწარმოო მიზნით ნებადართულია მაქსიმუმ ოთხი წლის განმავლობაში, რის შემდეგაც ის სამუდამოდ მოექცევა General Public License (GPL) ლიცენზიის მოქმედების სფეროში. საზოგადოების ზოგიერთმა წევრმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ Uniswap-ის უახლესი ვერსია არ არის დაფუძნებული ღია კოდზე. 

შეჯამება 

დეცენტრალიზებული ბირჟის (DEX) ბაზარი მზარდ სფეროს წარმოადგენს, სადაც რეგულარულად იზრდება ახალი პროტოკოლების და პლატფორმების რაოდენობა. Uniswap DEX სფეროს დომინანტ მოთამაშეს წარმოადგენს. 2018 წლიდან დღემდე, მისი უკვე ხუთი ვერსია შეიქმნა და ყოველი მომდევნო პროტოკოლი წინა ვერსიისგან გაუმჯობესებული ფუნქციებით განსხვავდება. 

Uniswap V4-ის დიზაინში უამრავი ცვლილებაა შესული, რომელთა მიზანი DEX-ის უსაზღვრო შესაძლებლობების რეალიზაციაა. ღია დიზაინი დეველოპერებს ექსპერიმენტებისთვის თითქმის უსაზღვრო შესაძლებლობას აძლევს, თუმცა ამან შეიძლება მნიშვნელოვნად გაართულოს მომხმარების გამოცდილება. პულების გამოყენებამდე, მომხმარებლებმა ყურადღებით უნდა შეისწავლონ ლიკვიდურობის პულის მუშაობის პრინციპი და თითოეული „hook-ის“ დანიშნულება. 

ყველაფრის მიუხედავად, Uniswap V4-ის პოტენციური უპირატესობა აშკარაა. ყოველთვის აუცილებელია, რომ მომხმარებელმა თავად ჩაატაროს მოკვლევა (DYOR) და საფუძვლიანად შეისწავლოს ის საქმიანობა, რომლის წამოწყებასაც აპირებს. 

დამატებითი საკითხავი

უარი პასუხისმგებლობაზე და რისკის შესახებ გაფრთხილება: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენელი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ის შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy-ი არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებსა და რისკის შესახებ გაფრთხილებას..