მთავარი
სტატიები
რა არის და როგორ მუშაობს კრიპტოვალუტა?

რა არის და როგორ მუშაობს კრიპტოვალუტა?

გამოქვეყნებული Apr 3, 2023განახლებული Nov 4, 2024
11m

მთავარი დეტალები

  • კრიპტოვალუტები გახლავთ კრიპტოგრაფიის მეშვეობით დაცული ციფრული ვალუტები. ისინი მხარდაჭერილია ბლოკჩეინ-ტექნოლოგიით, რაც მომხმარებლებს აქტივების დეცენტრალიზებული, peer-to-peer (P2P) ქსელის მეშვეობით გაგზავნის და მიღების საშუალებას აძლევს.

  • საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით ტოპ კრიპტოვალუტების მაგალითებია Bitcoin, ETH, BNB, USDT და SOL.

  • კრიპტოვალუტებზე წვდომის მოპოვება კრიპტო საფულეების ან ბირჟების მეშვეობითაა შესაძლებელი. ხშირად გაიგებთ, რომ ისინი საფულეში „ინახება“, მაგრამ სინამდვილეში ბალანსების ჩაწერა ბლოკჩეინზე ხდება.

რა არის კრიპტო cta ბანერი

რა არის კრიპტოვალუტა?

კრიპტოვალუტა გახლავთ კრიპტოგრაფიის მეშვეობით დაცული ციფრული ვალუტა. ეს არის ციფრული აქტივი, რომელიც როგორც წესი გაცვლის საშუალების სახით გამოიყენება. კრიპტოვალუტებით სარგებლობა შესაძლებელია გლობალური მასშტაბით, ნებისმიერ დროს, ისეთი შუამავლების ჩარევის საჭიროების გარეშე, როგორიცაა ბანკები და გადახდის დამუშავების სერვისები.

კრიპტოვალუტების დეცენტრალიზებული ბუნების მეშვეობით შესაძლებელი ხდება peer-to-peer (P2P) ტრანზაქციების განხორციელება პირდაპირ ინდივიდებს შორის. შესაბამისად, ფიზიკური საფულეების და საბანკო ანგარიშების ნაცვლად, მომხმარებლები საკუთარ კრიპტო აქტივებზე წვდომას უნიკალური კრიპტო საფულეების ან ისეთი კრიპტო ბირჟების მეშვეობით მოიპოვებენ, როგორიცაა Binance.

პირველი კრიპტოვალუტა

Bitcoin გახლავთ ისტორიაში პირველი და დღესდღეობით ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტა. ის შეიქმნა 2009 წელს, სატოში ნაკამოტოსფსევდონიმით ცნობილი კონკრეტული პიროვნების ან პიროვნებათა ჯგუფის მიერ. მას შემდეგ შეიქმნა უნიკალური მახასიათებლების და დანიშნულების მქონე ათასობით კრიპტოვალუტა.

ტრადიციული ფიატ-ვალუტების მსგავსად, კრიპტოვალუტებიც გაცვლის საშუალების სახით გამოიყენება. თუმცა, წლების განმავლობაში კრიპტოვალუტების გამოყენების გზები უფრო და უფრო მრავალფეროვანი გახდა და მოიცვა ისეთი სფეროები და ინდუსტრიები, როგორიცაა დეცენტრალიზებული ფინანსები (DeFi), ხელოვნური ინტელექტი, გეიმინგი, მმართველობა, ჯანდაცვა, ციფრული საკოლექციო ნივთები და მრავალი სხვა.

როგორ მუშაობს კრიპტოვალუტა?

ბლოკჩეინ-ქსელი

კრიპტოვალუტების უმეტესობა დეცენტრალიზებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ტრანზაქციების საჯარო ლეჯერზე ჩაწერის და მართვის მიზნით გამოიყენება კომპიუტერების განაწილებული ქსელი (ნოდები). ეს საჯარო ლეჯერი ცნობილია, როგორც ბლოკჩეინი

შესაბამისად, თუ Bitcoin-ის მეგობართან გაგზავნას გადაწყვეტთ, საჭირო იქნება თქვენი ტრანზაქციის ვერიფიკაციის და ვალიდაციის ერთობლივად განხორციელება ქსელის ნოდების მიერ.

რა არის კრიპტოს ბლოკჩეინ-ქსელი

თითოეული კომპიუტერის ნოდი ადგილობრივად ინახავს ბლოკჩეინის ასლს და განაახლებს მას ყოველ ჯერზე, როდესაც ხდება ლეჯერზე ახალი მონაცემის დამატება. ვალიდაციის განხორციელების და დადასტურების შემდეგ კრიპტოვალუტების ტრანზაქციები სამუდამოდ ჩაიწერება ბლოკჩეინის მონაცემთა ბაზაში.

განაწილებული არქიტექტურის მეშვეობით უმჯობესდება ქსელის უსაფრთხოების დონე, რადგან არ არსებობს ერთი სუსტი წერტილი, რომელზე თავდასხმასაც შეძლებენ არაკეთილსინდისიერი მიზნებით მოქმედი პირები. ნოდის მიერ არასწორი ტრანზაქციის ვალიდაციის მცდელობის ან არასათანადო ქმედების დაფიქსირების შემთხვევაში ხდება მათი უსწრაფესად წაშლა ქსელიდან.

კრიპტოგრაფია

კრიპტოვალუტების ტრანზაქციების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მონაცემთა ერთიანობის შესანარჩუნებლად და დამატებითი ერთეულების შექმნის პროცესების სამართავად გამოიყენება კრიპტოგრაფია. როდესაც თქვენ ხსნით საფულეს და ახორციელებთ კრიპტოვალუტის ტრანზაქციას, თქვენ იყენებთ თქვენს პირად გასაღებს ციფრული ხელმოწერის გენერირების მიზნით. ამის შემდეგ ქსელი ამოწმებს თქვენს ხელმოწერას და რაიმე შეცდომის ან ხარვეზის არარსებობის შემთხვევაში ის დაემატება ახალ ბლოკში

ბლოკჩეინი წარმოადგენს ერთმანეთთან დაკავშირებული ბლოკების ქსელს. ბლოკი შეიძლება აღვიქვათ, როგორც ბლოკჩეინ-ლეჯერის ერთ-ერთი გვერდი. თითოეული ბლოკი, სხვა ყველაფერთან ერთად, მოიცავს კრიპტოვალუტების ტრანზაქციების უნიკალურ სიას.

რა არის კრიპტო ბლოკი

რატომ არის კრიპტოვალუტა უნიკალური?

ინოვაციური მახასიათებლების მეშვეობით, კრიპტოვალუტები ზეგავლენას ახდენს მრავალ სხვადასხვა ეკოსისტემაზე. ეს მახასიათებლები გამოარჩევს მათ ტრადიციული პროტოკოლებისა და ვალუტებისგან. კრიპტოვალუტების უნიკალური მახასიათებლებია:

1. დეცენტრალიზაცია

კრიპტოვალუტების მეშვეობით მომხმარებლები ინარჩუნებენ სრულ კონტროლს საკუთარ აქტივებზე. მათი დეცენტრალიზებული არქიტექტურის წყალობით ქრება პროცესებში ცენტრალური მართვის რგოლის ჩართვის საჭიროება. ეს ზრდის ავტონომიას და ამცირებს ერთი სუბიექტის მიერ მანიპულაციების ან კონტროლის განხორციელების შესაძლებლობებს.

2. გამჭვირვალობა და უცვლელობა

ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის მეშვეობით ხდება ყველა ტრანზაქციის საჯარო, გამჭვირვალე და გაყალბებისგან დაცულ ლეჯერზე ჩაწერა. ტრანზაქციის ბლოკჩეინზე დამატების შემდეგ ფიზიკურად შეუძლებელი ხდება მისი რედაქტირება და წაშლა.

3. პროგრამირებადობა

მრავალი კრიპტოვალუტა, მაგალითად ETH, დაფუძნებულია ღია კოდზე და არის პროგრამირებადი, რაც დეველოპერებს სმარტ კონტრაქტების გაშვების საშუალებას აძლევს, ბლოკჩეინზე დაფუძნებული დეცენტრალიზებული აპლიკაციების (DApp-ების) და სხვა ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნის მიზნით. გარდა ამისა, რადგან ბლოკჩეინები დაფუძნებულია ღია კოდზე და მათი გამოყენებისთვის რაიმე ნებართვის მოპოვება არ არის საჭირო, ნებისმიერ პირს შეუძლია საკუთარი DApp-ების შექმნა და მათი კოდების ბლოკჩეინზე განთავსება.

4. საზღვრების არარსებობა

კრიპტოვალუტების მიღება და გაგზავნა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილშია შესაძლებელი, რაც მათ საერთაშორისო ტრანზაქციების და ფულადი გზავნილების განხორციელების ეფექტურ საშუალებად აქცევს.

5. შეზღუდული მარაგი

კრიპტოვალუტების უმეტესობის მარაგი შეზღუდულია. მაგალითად, Bitcoin-ს გააჩნია პროგნოზირებადი გამოშვების ტემპი და მარაგის მაქსიმალური ზღვარი - 21 მილიონი მონეტა, რაც მას ეფექტურ დანაზოგის საშუალებად აქცევს. შეზღუდული მარაგი ხელს უწყობს ინფლაციის თავიდან აცილებას და დროთა განმავლობაში მათზე მოთხოვნის ზრდას.

რა არის კრიპტო ბაზრის კაპიტალიზაცია?

კრიპტოვალუტების საბაზრო კაპიტალიზაცია გახლავთ საზომი, რომლითაც განისაზღვრება კრიპტოვალუტის შედარებითი ზომა და ღირებულება. მის გამოსათვლელად მონეტის მიმდინარე ღირებულება მიმოქცევაში არსებული მონეტების რაოდენობაზე უნდა გაამრავლოთ:

საბაზრო კაპიტალიზაცია = მიმოქცევაში არსებული რაოდენობა x ფასი

კრიპტო ბაზრის კაპიტალიზაცია ხშირად გამოიყენება კრიპტოვალუტების რანჟირებისთვის, სადაც უფრო მაღალი კაპიტალიზაცია უფრო სტაბილურ და ფართოდ გავრცელებულ კრიპტოვალუტას აღნიშნავს. შესაბამისად, უფრო დაბალი ბაზრის კაპიტალიზაცია შესაძლოა სპეკულაციური ან მერყევი აქტივის ნიშანი იყოს.

თუმცა, აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ ეს ერთ-ერთია იმ მრავალ ფაქტორს შორის, რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ კრიპტოვალუტის პოტენციალის განსაზღვრისას. კრიპტოვალუტის შესწავლისას აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება ისეთ ფაქტორებსაც, როგორიცაა ტექნოლოგია, გუნდი, ტოკენომიკა და გამოყენების გზები.

ტოპ 5 კრიპტოვალუტა საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით

ათასობით კრიპტოვალუტას შორის გამოარჩევენ ხუთს: Bitcoin (BTC) და პოპულარული ალტკოინები ETH, BNB, USDT და SOL. 2024 წლის ნოემბრის მონაცემებით ეს გახლავთ საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით ტოპ 5 კრიპტოვალუტა.

Bitcoin (BTC)

სატოში ნაკამოტოს ფსევდონიმით ცნობილი პიროვნების ან პიროვნებათა ჯგუფის მიერ შექმნილი BTC გახლავთ ისტორიაში პირველი და დღესდღეობით ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტა. ის ხშირად გამოიყენება დანაზოგის და გაცვლის საშუალების სახით. 

Bitcoin იყენებს proof-of-work (PoW) კონსენსუსის მექანიზმს. ამ მექანიზმის ფარგლებში მაინერები ერთმანეთს ტრანზაქციების ვალიდაციაში და სანაცვლოდ ბლოკის ჯილდოების მიღებაში ეჯიბრებიან. გარდა ამისა, ის ფაქტი, რომ მისი მარაგი შეზღუდულია და შედგება 21 მილიონი მონეტისგან, გახლავთ მიზეზი, რატომაც უამრავი მომხმარებელი BTC-ს აღიქვამს, როგორც „ციფრულ ოქროს“.

Ether (ETH)

Ether (ETH) გახლავთ Ethereum ბლოკჩეინის ადგილობრივი მონეტა. ვიტალიკ ბუტერინის მიერ შექმნილი Ethereum გახლავთ დეცენტრალიზებული ქსელი, რომელიც დეველოპერებს DApp-ების სმარტ კონტრაქტების მეშვეობით შექმნის საშუალებას აძლევს.

საწყის ეტაპზე Ethereum იყენებდა proof-of-work კონსენსუსის მექანიზმს, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ გადაინაცვლა proof-of-stake (PoS) მექანიზმზე, ეფექტურობის გაუმჯობესების და ენერგიის მოხმარების შემცირების მიზნით. ამ ცვლილების მეშვეობით მომხმარებლებს მიეცათ საშუალება, განეხორციელებინათ საკუთარი ტრანზაქციების ვალიდაცია და ხელი შეეწყოთ ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის საკუთარი ETH-ის სტეიკინგის მეშვეობით, ნაცვლად ნოდებისა, რომლებიც მოიხმარდნენ დიდი ოდენობით გამომთვლელ სიმძლავრეს.

BNB

BNB გაშვებულ იქნა 2017 წელს Ethereum ბლოკჩეინზე ERC-20 ტოკენის სახით. 2019 წელს BNB-მა გადაინაცვლა საკუთარ ბლოკჩეინზე. დღესდღეობით ის გახლავთ BNB Chain ეკოსისტემის ადგილობრივი კრიპტოვალუტა.

Ethereum-ის მსგავსად, BNB Chain-იც უზრუნველყოფს სმარტ კონტრაქტების გამოყენების და DApp-ების შექმნისა და ინტეგრირების შესაძლებლობებს. გარდა ამისა, შემცირებულია ტრანზაქციების საკომისიოები და გაუმჯობესებულია დამუშავების სისწრაფე სხვა ბლოკჩეინებთან შედარებით.

BNB მრავალი სხვადასხვა გზით გამოიყენება, მაგალითად სტეიკინგში, ტრანზაქციების საკომისიოების გადასახდელად BNB Chain-ზე, ვაჭრობის საკომისიოების გადასახდელად Binance-ზე და Launchpool-ის ტოკენების გაყიდვებში მონაწილეობის მიღების მიზნით. გარდა ამისა, BNB-ის ავტომატური წვის მექანიზმიs მეშვეობით ხდება BNB-ის მარაგის შეზღუდვა და იშვიათობის უზრუნველყოფა.

Tether (USDT)

USDT აშშ დოლარზე მიბმული სტეიბლკოინია, რომელიც 2014 წელს Tether Limited Inc.-მა შექმნა. სტეიბლკოინები გახლავთ კრიპტოვალუტები, რომლებიც შექმნილია სარეზერვო აქტივებთან, მაგალითად აშშ დოლართან ან სხვა ფიატ ვალუტებთან მიმართებით შედარებითი სტაბილურობის შესანარჩუნებლად. 

USDT-ის შემთხვევაში თითოეული ტოკენი უზრუნველყოფილია აქტივების იმავე რაოდენობით, რომელიც კომპანიის რეზერვში ინახება. ისეთი სტეიბლკოინები, როგორიცაა USDT, აქრობს დამატებითი ხარჯების გაწევის საჭიროებას და აღმოფხვრის კრიპტო და ფოატ ვალუტებს შორის კონვერტაციის განხორციელებასთან დაკავშირებულ შეფერხებებს.

Solana (SOL)

SOL გახლავთ Solana ბლოკჩეინის ადგილობრივი კრიპტოვალუტა. Solana არის მესამე თაობის PoS ბლოკჩეინი, რომლის გაშვებაც მოხდა 2020 წელს. მისი მეშვეობით მოხდა მრავალი უნიკალური ინოვაციის დანერგვა, მაღალი გამტარუნარიანობის, ტრანზაქციების სისწრაფის და საკომისიოების შემცირების შესაძლებლობების უზრუნველყოფა.

როგორ განვახორციელოთ უსაფრთხო ინვესტირება კრიპტოში

სხვა ფინანსური აქტივების მსგავსად, კრიპტოში ინვესტირებაც დაკავშირებულია გარკვეულ რისკებთან და შესაძლოა ფინანსური ზარალით დასრულდეს. იხილეთ ხუთი რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ კრიპტოვალუტების უფრო უსაფრთხოდ ყიდვაში და გაყიდვაში:

1. DYOR

აკრონიმი DYOR იშიფრება, როგორც „do your own research“ - თავად შეისწავლეთ საკითხი. სანამ კრიპტოვალუტაში ინვესტიციას განახორციელებთ, მნიშვნელოვანია მოიპოვოთ საბაზისო ინფორმაცია ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის შესახებ — მაგალითად, შეისწავლოთ კრიპტოვალუტების სხვადასხვა ტიპები და ბაზრის დინამიკა.

დასაწყისისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ წიგნები, ბლოგები, პოდკასტები და ფორუმები. იმისათვის, რომ შეძლოთ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება, გირჩევთ ასევე შეისწავლოთ პროექტები, გუნდები და ტექნოლოგია, რომელსაც სხვადასხვა კრიპტოვალუტა ეფუძნება.

2. უფრთხილდით თაღლითურ სქემებს

კრიპტოვალუტების სივრცე გამოირჩევა ინოვაციებისა და საინტერესეო პროდუქტების სიმრავლით, თუმცა სამწუხაროდ აქ მრავლად შეხვდებით სხვადასხვა ტიპის კრიპტო თაღლითურ სქემებსაც. ნუ მიენდობით ონლაინ სივრცეში გაცნობილ პირებს და გამოიჩინეთ სიფრთხილე პირამიდის და პონცის სქემების მიმართ.

დახმარების საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ მომხმარებელთა მხარდაჭერის ოფიციალურ არხებს. უფრთხილდით ფიშინგის, multisig, airdrop და გათამაშებების თაღლითურ სქემებს. ყურადღებით შეამოწმეთ სოციალური ქსელების ანგარიშები, ნუ გახდებით ყალბი პროფილების თაღლითური სქემების მსხვერპლი. გირჩევთ პაროლების ეფექტური მენეჯერის გამოყენებას და თქვენი პირადი გასაღებების და seed ფრაზების ოფლაინ სივრცეში შენახვას. გარდა ამისა, დამატებითი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შეგიძლიათ თქვენი seed ფრაზის ნაწილებად დაშლაც.

3. დაიწყეთ პატარა ნაბიჯებით

კრიპტოვალუტების ბაზარი გამოირჩევა მერყეობითა და არაპროგნოზირებადობით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ნაკლებად პოპულარულ აქტივებს ეხება. შედარებით უსაფრთხო და ჭკვიანური მიდგომა გახლავთ ინვესტირების მცირე თანხებით დაწყება, რომლის დაკარგვაც მნიშვნელოვნად არ აისახება თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე. ამ მიდგომის მეშვეობით შეძლებთ დააგროვოთ გამოცდილება და უკეთ შეისწავლოთ ბაზრის ტენდენციები, ზედმეტი რისკების გარეშე.

6. თვალი ადევნეთ სიახლეებს

კრიპტოვალუტების სივრცე უსწრაფესად იცვლება და ვითარდება, შესაბამისად, მნიშვნელოვანია სიახლეებისთვის, ტექნოლოგიური გაუმჯობესებებისთვის და რეგულაციების განახლებებისთვის თვალის აქტიურად დევნება. ნებისმიერი რისკის საკუთარ თავზე აღებამდე აუცილებელია პროდუქტების საფუძვლიანად შესწავლა.

4. ისარგებლეთ სათანადო რეპუტაციის მქონე კრიპტო ბირჟის სერვისებით

თქვენი კრიპტო ინვესტიციებისთვის ცნობილი და უსაფრთხო ბირჟის არჩევა თქვენს უმთავრეს პრიორიტეტად უნდა აქციოთ. თუ Binance არ არის ხელმისაწვდომი თქვენს რეგიონში, სცადეთ სხვადასხვა ვარიანტის შედარება ისეთი ასპექტების საფუძველზე, როგორიცაა ვაჭრობის მოცულობა, საკომისიოები, მომხმარებელთა მხარდაჭერა, უსაფრთხოება, ინტერფეისი და ხელმისაწვდომი კრიპტოვალუტები.

6. შეიმუშავეთ რისკების მართვის პრაქტიკა

კრიპტოვალუტების ინვესტირებამდე აუცილებელია რისკების მართვის ტექნიკის შემუშავება. ასეთი ტექნიკის მაგალითია იმ ოდენობის თანხის ინვესტირება, რომლის დაკარგვის საშუალებაც გაქვთ და stop-loss შეკვეთების დაყენება პოტენციური ზარალის თავიდან არიდების მიზნით.

რა არის კრიპო Whitepaper?

კრიპტო whitepaper გახლავთ დოკუმენტი, რომელიც მოიცავს დეტალურ ინფორმაციას ბლოკჩეინ პროექტის და მისი ტექნიკური სპეციფიკაციების შესახებ. როგორც წესი, მასში მოცემულია ისეთ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია, როგორიცაა პროექტის მიზნები, მუშაობის პრინციპი, ტექნოლოგია, რომელიც პროექტს უდევს საფუძვლად, გუნდი, ტოკენომიკა და განვითარებასთან და ინტეგრირებასთან დაკავშირებული პროცესები და გეგმები.

კრიპტოვალუტების whitepaper-ები შეგვიძლია აღვიქვათ პროექტის გზამკვლევის სახით, სადაც განმარტებულია პროექტი მიზნები და უპირატესობები. რაიმე სახის ინვესტიციის განხორციელებამდე ინვესტორები და საზოგადოების წევრები ხშირად ეცნობიან კრიპტოვალუტების პროექტების whitepaper-ებს მისი ლეგიტიმურობის და პოტენციალის შეფასების მიზნით.

თუმცა არ არსებობს whitepaper-ებთან დაკავშირებით დაწესებული რაიმე სტანდარტი ან რეგულაცია, შესაბამისად ისინი შესაძლოა მოიცავდეს მცდარი არასწორ ინფორმაციას. კრიპტო პროექტებს შეუძლიათ საკუთარ whitepaper-ში დაწერონ ყველაფერი, რასაც მოისურვებენ. შესაბამისად, დოკუმენტში მოცემული ფაქტების და ინფორმაციის ჭეშმარიტების და სანდოობის გადამოწმება მხოლოდ და მხოლოდ მომხმარებლის პასუხისმგებლობას წარმოადგენს.

შეჯამება

კრიპტოვალუტების მეშვეობით შესაძლებელი გახდა ფულისა და ფინანსური ტრანზაქციების ახლებურად აღქმა. ადამიანების ნაწილი მიიჩნევს, რომ გარკვეული დროის შემდეგ მოხდება ტრადიციული ფინანსური სისტემების კრიპტოვალუტებით ჩანაცვლება, სხვები კი ამ კონცეფციას უკვე არსებული სისტემების გაუმჯობესების სახით აღიქვამენ. მიუხედავად ამისა, კრიპტოვალუტები უკვე დიდ ზეგავლენას ახდენს ფინანსურ და ტექნოლოგიების სფეროზე და დიდია ალბათობა, რომ მათი ზეგავლენა კიდევ უფრო გაიზარდოს მომავალში.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: MiCA-ს მოთხოვნების თანახმად, ევროპის ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე მცხოვრები მომხმარებლებისთვის დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები არასანქცირებული სტეიბლკოინების გამოყენებასთან დაკავშირებით. მეტი ინფორმაციისთვის დააწკაპუნეთ აქ.

უარი პასუხისმგებლობაზე და რისკის შესახებ გაფრთხილება: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.