რა არის ბლოკჩეინი და როგორ მუშაობს ის?
მთავარი
სტატიები
რა არის ბლოკჩეინი და როგორ მუშაობს ის?

რა არის ბლოკჩეინი და როგორ მუშაობს ის?

გამოქვეყნებული May 15, 2023განახლებული Nov 28, 2024
13m

მთავარი დეტალები

  • ბლოკჩეინი არის საჯარო ლეჯერი, რომელიც უზრუნველყოფს ტრანზაქციების მონაცემების უსაფრთხოდ ჩაწერას კომპიუტერების განაწილებულ ქსელში.

  • კრიპტოგრაფიის და კონსენსუსის მექანიზმების მეშვეობით, ბლოკჩეინი უზრუნველყოფს მონაცემთა დაცულობას და უცვლელობას, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფორმაციის ჩაწერის შემდეგ, მისი შეცვლა შეუძლებელი ხდება.

  • ბლოკჩეინი წარმოადგენს ისეთი კრიპტოვალუტების ქსელების ძირითად კომპონენტს, როგორიცაა Bitcoin და Etherum და ხელს უწყობს გამჭვირვალობის, უსაფრთხოების და ნდობის დონის გაუმჯობესებას არა მხოლოდ ფინანსურ, არამედ სხვა სექტორებშიც.

შესავალი

ბლოკჩეინ-ტექნოლოგია საფუძვლად უდევს ცვლილებებს მრავალი სხვადასხვა ინდუსტრიის, განსაკუთრებით კი ფინანსური სფეროს ფარგლებში. ის უზრუნველყოფს მონაცემების და ტრანზაქციების მართვის დეცენტრალიზებული გამჭვირვალე და უსაფრთხო საშუალებების ხელმისაწვდომობას. ბლოკჩეინი შეიქმნა ისეთი კრიპტოვალუტების ძირითადი კომპონენტის სახით, როგორიცაა Bitcoin, თუმცა დღესდღეობით ის გამოიყენება ისეთ პროცესებთან მიმართებაში, როგორიცაა მიწოდების ჯაჭვის მართვა, ჯანდაცვის სფერო, ხმის მიცემის სისტემები და ა.შ.

რა არის ბლოკჩეინი?

ბლოკჩეინი განსაკუთრებული ტიპის მონაცემთა ბაზაა. ეს არის დეცენტრალიზებული ციფრული ლეჯერი, რომელიც მუშაობს კომპიუტერების განაწილებული ქსელის მეშვეობით. ბლოკჩეინის მონაცემები ორგანიზებულია ქრონოლოგიური თანმიმდევრობით განთავსებულ ბლოკებად და მისი უსაფრთხოება უზრუნველყოფილია კრიპტოგრაფიის მეშვეობით.

ეს სტრუქტურა უზრუნველყოფს მონაცემების გამჭვირვალობას, უსაფრთხოებას და უცვლელობას. ბლოკის დადასტურების და ბლოკჩეინზე დამატების შემდეგ მასში შემავალი მონაცემების შეცვლა ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება. გარდა ამისა, დეცენტრალიზებული სტრუქტურა აქრობს პროცესებში ცენტრალური მართვის რგოლის ჩარევის საჭიროებას. ბლოკჩეინ-ტრანზაქციების მომხმარებლებს შორის განხორციელება შუამავალი მხარის ჩარევის გარეშეა შესაძლებელი.

არსებობს სხვადასხვა ტიპის ბლოკჩეინები, რომელთათვისაც დამახასიათებელია დეცენტრალიზაციის სხვადასხვა დონე. თუმცა, როგორც წესი, ტერმინი ბლოკჩეინი გულისხმობს დეცენტრალიზებულ ციფრულ ლეჯერს, რომელიც გამოიყენება კრიპტოვალუტების ტრანზაქციების ჩასაწერად.

ბლოკჩეინის მოკლე ისტორია

ბლოკჩეინის ყველაზე ადრეული მოდელი შეიქმნა 1990-იანი წლების დასაწყისში, როდესაც კომპიუტერული მეცნიერების სპეციალისტმა სტიუარტ ჰეიბერმა და ფიზიკოსმა ვ. სკოტ სტორნეტამ ბლოკების ჯაჭვისთვის გამოიყენეს კრიპტოგრაფიული ტექნიკა, როგორც ციფრული დოკუმენტების მონაცემთა გაყალბებისგან დაცვის საშუალება.

ჰეიბერისა და სტორნეტას ნამუშევარმა შთააგონა კომპიუტერული მეცნიერების სხვა უამრავი სპეციალისტი და კრიპტოგრაფიის ენთუზიასტი, რამაც საბოლოოდ მიგვიყვანა ბლოკჩეინის ტექნოლოგიით მხარდაჭერილი პირველი კრიპტოვალუტის - Bitcoin-ის შექმნამდე. მას შემდეგ ბლოკჩეინი უფრო და უფრო ფართო მასშტაბებზე გავრცელდა, კრიპტოვალუტების მომხმარებელთა რაოდენობა კი მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაიზარდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბლოკჩეინის ტექნოლოგია ძირითადად კრიპტოვალუტების ტრანზაქციების ჩაწერის მიზნით გამოიყენება, მისი საშუალებით ასევე შესაძლებელია მრავალი სხვა ტიპის ციფრული მონაცემის ჩაწერა, რაც მისი სხვა სფეროებში დანერგვის საშუალებას იძლევა.

ბლოკჩეინის ძირითადი მახასიათებლები და უპირატესობები

  • დეცენტრალიზაცია: ინფორმაციის შენახვა ერთიანი ცენტრალური სერვერის ნაცვლად კომპიუტერების (ნოდების) განაწილებულ ქსელზე ხდება. ისეთი ფართომასშტაბიანი დეცენტრალიზებული ქსელები, როგორიცაა Bitcoin, თავდასხმების მიმართ მაღალი მედეგობით გამოირჩევა.

  • გამჭვირვალობა: ბლოკჩეინების უმეტესობა საჯაროა, რაც იმას ნიშნავს, რომ მონაცემთა ბაზა ხელმისაწვდომია ქსელის ყველა მონაწილისთვის. გარდა ამისა, ტრანზაქციების ნახვაც ნებისმიერ მონაწილეს შეუძლია.

  • უცვლელობა: მონაცემის ბლოკჩეინზე დამატების შემდეგ შეუძლებელი ხდება მისი შეცვლა ქსელის კონსენსუსის გარეშე.

  • მონაცემთა უსაფრთხოება: კრიპტოგრაფია და კონსენსუსის მექანიზმები უზრუნველყოფს უსაფრთხოების უმაღლეს დონეს და დაცვას მონაცემთა გაყალბებისგან.

  • ეფექტურობა: ბლოკჩეინის მეშვეობით შესაძლებელია ტრანზაქციების უფრო სწრაფად და ეკონომიურად განხორციელება, რადგან არ არსებობს პროცესებში შუამავლების ჩარევის საჭიროება. ტრანზაქციების დამუშავება თითქმის მომენტალურად ხდება.

რა არის ბლოკჩეინის დეცენტრალიზაცია?

ბლოკჩეინის დეცენტრალიზაცია ნიშნავს, რომ ქსელის კონტროლის და მასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილება განაწილებულია მომხმარებლებს შორის და მისი კონტროლი არ ხდება ერთი რგოლის, მაგალითად ბანკის, მთავრობის ან კორპორაციის მიერ.

ბლოკჩეინის დეცენტრალიზებულ ქსელში, არ არსებობს ცენტრალური რგოლი ან შუამავალი, რომელიც აკონტროლებს მონაცემთა მიმოცვლას ან ტრანზაქციებს. ამის ნაცვლად, ტრანზაქციების ვერიფიკაცია და ჩაწერა ხდება განაწილებულ ქსელში ჩართული კომპიუტერების მიერ, რომლებიც ერთად მუშაობენ ქსელის გამართულობის უზრუნველსაყოფად.

როგორ მუშაობს ბლოკჩეინი?

ბლოკჩეინი წარმოადგენს ციფრულ ლეჯერს, რომელზეც ხდება ორ მხარეს შორის განხორციელებული ტრანზაქციების მონაცემების ჩაწერა გაყალბებისგან დაცული მეთოდით. ამ ტრანზაქციის მონაცემების ჩაწერა ხდება მთელს მსოფლიოში განაწილებული სპეციალური კომპიუტერების (ნოდების) ქსელის მიერ.

როდესაც ელისი ახორციელებს ბობისთვის გარკვეული ოდენობის bitcoin-ის გაგზავნის ტრანზაქციას, ხდება ამ ტრანზაქციის გაგზავნა ქსელზე. თითოეული ნოდი ახდენს ამ ტრანზაქციის ავთენტიფიკაციას ციფრული ხელმოწერების და ტრანზაქციის სხვა მონაცემების გადამოწმების მეშვეობით. ტრანზაქციის ვერიფიკაციის შემდეგ, ხდება მისი დამატება ბლოკში სხვა, უკვე ვერიფიცირებულ ტრანზაქციებთან ერთად. თითოეული ბლოკი შეგვიძლია აღვიქვათ ციფრული ლეჯერის ერთი გვერდის სახით.

კრიპტოგრაფიული მეთოდების გამოყენებით, ბლოკები ერთმანეთს უკავშირდება და ქმნის ჯაჭვს, რომელსაც ბლოკჩეინი ეწოდება. ტრანზაქციების ვერიფიკაციის და ბლოკჩეინში დამატების პროცესის განხორციელებას უზრუნველყოფს კონსენსუსის მექანიზმი, რომელიც წარმოადგენს წესების ნაკრებს, რომელთა საშუალებით, ქსელში ჩართული ნოდები ერთმანეთთან თანხმდებიან ბლოკჩეინის მდგომარეობასთან და ტრანზაქციების ვალიდურობასთან დაკავშირებით.

ბლოკჩეინის მოკლე მიმოხილვა

1. ტრანზაქციების ჩაწერა

ტრანზაქციის ინიცირების შემდეგ (მაგ., კრიპტოვალუტის გადარიცხვისას) ხდება მისი გაშვება ნოდების ქსელზე. თითოეული ნოდი ახორციელებს ტრანზაქციის ვალიდაციას წინასწარ განსაზღვრული წესების საფუძველზე.

2. ბლოკის ფორმირება

ამის შემდეგ ხდება შემოწმებული ტრანზაქციების ბლოკში გაერთიანება. ყოველი ბლოკი შეიცავს შემდეგ კომპონენტებს:

  • მონაცემები (მაგ., ტრანზაქციის დეტალები)

  • დროის ნიშნული

  • კრიპტოგრაფიული ჰეში: უნიკალური იდენტიფიკატორი, რომელიც იქმნება ბლოკის მონაცემების ჰეშირების ალგორითმში გატარებით.

  • წინა ბლოკის ჰეში: კომპონენტი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ბლოკებს, რის შედეგადაც საბოლოოდ იქმნება ბლოკჩეინი.

3. კონსენსუსის მექანიზმი

ბლოკის ბლოკჩეინზე დასამატებლად ქსელის მონაწილეებმა უნდა მიაღწიონ შეთანხმებას მისი ვალიდურობის შესახებ. ეს ხდება კონსენსუსის ალგორითმების მეშვეობით, როგორიცაა Proof of Work (PoW) და Proof of Stake (PoS). დეტალურად ამ კომპონენტებს მალე განვიხილავთ, თუმცა მანამდე შეგიძლიათ გადახედოთ მოკლე ინფორმაციას მათ შესახებ:

  • Proof of Work (PoW): Bitcoin-ის მიერ გამოყენებული PoW-ის ფარგლებში ხდება ვალიდატორების მიერ რთული პრობლემების გადაჭრა გამომთვლელი სიმძლავრის მეშვეობით.

  • Proof of Stake (PoS): გამოიყენება შედარებით ახალი ბლოკჩეინების, მაგალითად Ethereum-ის მიერ. ამ მექანიზმის ფარგლებში ბლოკის ვალიდატორების შერჩევა ხდება ქსელზე განხორციელებულ სტეიკინგში მათი წვლილის შესაბამისად.

4. ბლოკჩეინების დაკავშირება

ვალიდაციის განხორციელების შემდეგ ხდება ბლოკის დამატება ბლოკჩეინზე. ყოველი მომდევნო ბლოკი დაკავშირებულია წინა ბლოკთან, რაც უზრუნველყოფს გაყალბებისგან დაცული მონაცემთა სტრუქტურის არსებობას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ახალი ბლოკის ვალიდაციის განსახორციელებლად საჭიროა წინა ბლოკის იდენტიფიკატორის გამოყენება.

5. გამჭვირვალობა

ბლოკჩეინის კიდევ ერთი მახასიათებელი მისი გამჭვირვალობაა. ზოგადად, ნებისმიერ მსურველს შეუძლია ბლოკჩეინის მონაცემების ნახვა, რაც მოიცავს ტრანზაქციის და ბლოკის ყველა მონაცემს, რომლებიც ხელმისაწვდომია ბლოკჩეინ ექსპლორერების სახელით ცნობილ საჯარო ვებსაიტებზე.  

მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ იხილოთ Bitcoin ქსელზე ჩაწერილი აბსოლუტურად ყველა ტრანზაქცია და ამ ტრანზაქციების დეტალები, მაგალითად გამგზავნის და მიმღების საფულის მისამართი, გადარიცხული თანხის ოდენობა და ა.შ. გარდა ამისა, შეგიძლიათ იხილოთ ყველა Bitcoin ბლოკი, მათ შორის პირველი ბლოკიც, რომელიც ცნობილია როგორც გენეზისის ბლოკი.

ბლოკჩეინის კრიპტოგრაფია

ტრანზაქციების უსაფრთხო, გამჭვირვალე და გაყალბებისგან დაცული ჩანაწერების წარმოებისთვის, ბლოკჩეინი იყენებს კრიპტოგრაფიას. მაგალითად, ჰეშირება წარმოადგენს ბლოკჩეინებში გამოყენებულ უმნიშვნელოვანეს კრიპტოგრაფიულ მეთოდს. ეს არის კრიპტოგრაფიული პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს ნებისმიერი ზომის შეყვანილი მონაცემების გარდაქმნას სიმბოლოების ფიქსირებული ზომის სტრიქონად.

ბლოკჩეინებში გამოყენებული ჰეშ-ფუნქციები ჩვეულებრივ კოლიზიის მიმართ რეზისტენტულია, რაც ნიშნავს, რომ მონაცემთა ორი განსხვავებული ნაკრებით ერთი და იგივე გამომავალი მონაცემების გენერირების ალბათობა ასტრონომიულად მცირეა. ამ მეთოდს ახასიათებს კიდევ ერთი თავისებურება, რომელსაც ზვავის ეფექტი ეწოდება. ის წარმოადგენს ფენომენს, რომლის მიხედვითაც, შეყვანილი მონაცემების უმნიშვნელო ცვლილებაც კი რადიკალურად განსხვავებულ გამომავალ მონაცემებს მოგვცემს. 

მოდით ეს პროცესი განვიხილოთ SHA256-ის მაგალითზე, რომელიც წარმოადგენს Bitcoin-ში გამოყენებული ფუნქციის მაგალითს. როგორც ხედავთ, ასოების რეგისტრის შეცვლის შედეგად მივიღეთ რადიკალურად განსხვავებული გამომავალი მონაცემები. ჰეშ-ფუნქციები ერთმიმართულებიანი ფუნქციებია, რადგან რევერსული ინჟინერიის მეშვეობით მიღებული ჰეშებიდან საწყისი მონაცემების აღდგენა შეუძლებელია.

შეყვანილი მონაცემები

SHA256-ის გამომავალი მონაცემები

Binance Academy

886c5fd21b403a139d24f2ea1554ff5c0df42d5f873a56d04dc480808c155af3

Binance Academy

4733a0602ade574551bf6d977d94e091d571dc2fcfd8e39767d38301d2c459a7

Binance Academy

a780cd8a625deb767e999c6bec34bc86e883acc3cf8b7971138f5b25682ab181

ბლოკჩეინის შემადგენელი თითოეული ბლოკი შეიცავს წინა ბლოკის ჰეშს, რაც უზრუნველყოფს ბლოკების საიმედო ჯაჭვის შექმნას. თუ ვინმე მოისურვებს ერთი ბლოკის შეცვლას, მას მოუწევს ყველა მომდევნო ბლოკის შეცვლაც, რაც არა მარტო ტექნიკურად რთული, არამედ ძალიან ძვირადღირებული პროცესია.

კიდევ ერთი კრიპტოგრაფიული მეთოდი, რომელიც ფართოდ გამოიყენება ბლოკჩეინის ტექნოლოგიაში, არის საჯარო გასაღების კრიპტოგრაფია. მას ასევე ასიმეტრიულ კრიპტოგრაფიას უწოდებენ და ის გვეხმარება მომხმარებლებს შორის დაცული და შემოწმებადი ტრანზაქციების განხორციელებაში.

გავიგოთ, როგორ მუშაობს ის. თითოეულ მონაწილეს გააჩნია გასაღებების უნიკალური წყვილი: პირადი გასაღები, რომელსაც მომხმარებელი საიდუმლოდ ინახავს, და საჯარო გასაღები, რომელიც შეგვიძლია ნებისმიერ პირს გავუზიაროთ. როდესაც მომხმარებელი წამოიწყებს ტრანზაქციის პროცესს, ის იყენებს პირად გასაღებს და ქმნის ციფრულ ხელმოწერას.

ქსელში ჩართულ სხვა მომხმარებლებს შეუძლიათ გადაამოწმონ ამ ტრანზაქციის ავთენტურობა, რისთვისაც იყენებენ გამომგზავნის საჯარო გასაღებს ციფრული ხელმოწერის შესამოწმებლად. ეს მიდგომა უზრუნველყოფს ტრანზაქციების უსაფრთხოებას, რადგან ტრანზაქციის ავტორიზაციის უფლება მხოლოდ პირადი გასაღების კანონიერ მფლობელს აქვს, ხოლო ხელმოწერის შემოწმება ნებისმიერ პირს შეუძლია, გამგზავნის საჯარო გასაღების მეშვეობით.

რა არის კონსენსუსის მექანიზმი?

კონსენსუსის ალგორითმი არის მექანიზმი, რომელიც მომხმარებლებსა და კომპიუტერებს განაწილებულ ქსელში კოორდინაციის საშუალებას აძლევს. ის უზრუნველყოფს სისტემის ყველა ელემენტის ერთ ჭეშმარიტებაზე შეთანხმებას მაშინაც კი, როდესაც ზოგიერთი ელემენტი გაუმართავად მუშაობს. 

კონსენსუსის მექზნისმები უზრუნველყოფს, რომ ქსელის ყველა ნოდი ფლობდეს ყველა ტრანზაქციის ჩანაწერების შემცველი ლეჯერის ერთნაირი ასლს.

ბლოკჩეინის მონაცემების ასლები ათი ათასობით ნოდის მოწყობილობაში ინახება, ამიტომ ადვილად შეიძლება წარმოიშვას სხვადასხვა პრობლემა, მაგალითად მონაცემთა შეთანხმებასთან და მავნე ნოდებთან დაკავშირებით. ბლოკჩეინის მთლიანობის უზრუნველსაყოფად, არსებობს სხვადასხვა კონსენსუსის მექანიზმი, რომლებიც განსაზღვრავს ქსელის ნოდებს შორის შეთანხმების მიღწევის წესებს. მოდით, უფრო დეტალურად განვიხილოთ ყველაზე გავრცელებული კონსენსუსის მექანიზმები.

კონსენსუსის მექანიზმის ტიპები

რა არის Proof of Work?

Proof of Work (PoW) წარმოადგენს კონსენსუსის მექანიზმს, რომელიც გამოიყენება მრავალ სხვადასხვა ბლოკჩეინის ქსელში ტრანზაქციების ვერიფიკაციის და ბლოკჩეინის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. ის წარმოადგენს პირველ კონსენსუსის მექანიზმს, რომელსაც იყენებს Bitcoin-ის ქსელი.

PoW სისტემაში, მაინერები ერთმანეთს ეჯიბრებიან რთული მათემატიკური ამოცანების ამოხსნაში, რათა მიიღონ ბლოკჩეინზე მომდევნო ბლოკის დამატების უფლება. ამ პროცესის ფარგლებში, რომელსაც მაინინგს უწოდებენ, პირველი მაინერი, რომელიც ამოხსნის ამოცანას, დაჯილდოვდება კრიპტოვალუტით.

მათემატიკური ამოცანების ამოხსნისთვის, ახალი მონეტების მაინინგისთვის და ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, მაინერებს ესაჭიროებათ ძლიერი კომპიუტერები. ეს არის მიზეზი, რის გამოც მაინინგის პროცესი მოითხოვს მნიშვნელოვანი რაოდენობის რესურსებს (გამომთვლელი სიმძლავრე და ენერგია). 

რა არის Proof of Stake?

Proof of Stake (PoS) არის კონსენსუსის მექანიზმი, რომელიც შეიქმნა Proof of Work (PoW) მექანიზმის ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზნით. PoS სისტემაში, მაინერების ნაცვლად, რომლებიც ტრანზაქციების ვალიდაციის და ბლოკჩეინზე ახალი ბლოკების დამატების უფლების მოსაპოვებლად ერთმანეთს რთული მათემატიკური პრობლემების გადაჭრაში ეჯიბრებიან, გამოიყენება ვალიდატორები, რომელთა შერჩევა ხდება მათ მიერ ქსელში „სტეიკინგზე“ განთავსებული კრიპტოვალუტის რაოდენობის გათვალისწინებით.

სტეიკინგის თანხა არის იმ კრიპტოვალუტების ოდენობა, რომლებსაც ვალიდატორები ფლობენ უზრუნველყოფის სახით. PoS ვალიდატორების შერჩევა, როგორც წესი, შემთხვევითობის პრინციპით ხდება. ისინი მოიპოვებენ ახალი ბლოკების შექმნის და ტრანზაქციების ვალიდაციის განხორციელების უფლებას მათი სტეიკინგის თანხის ოდენობის გათვალისწინებით. ახალი ბლოკების შექმნის სანაცვლოდ, ვალიდატორები იღებენ ტრანზაქციის საკომისიოებს, რაც მათ აძლევს მოტივაციას იმოქმედონ ქსელის ინტერესებიდან გამომდინარე. თაღლითობის შემთხვევაში, ისინი დგებიან მათ მიერ სტეიკინგში გამოყენებული კრიპტოვალუტების დაკარგვის საფრთხის წინაშე.

სხვა პოპულარული კონსენსუსის მექანიზმები

Proof of Work და Proof of Stake წარმოადგენს ყველაზე გავრცელებულ კონსენსუსის ალგორითმებს, თუმცა მათ გარდა არსებობს სხვა ალგორითმებიც. ზოგიერთი მათგანი ჰიბრიდული ტიპისაა და ორივე სისტემის ელემენტების კომბინაციას წარმოადგენს, ზოგი კი სრულიად განსხვავებულ მეთოდებს ეფუძნება.

მაგალითად, დელეგირებული Proof of Stake (DPoS) PoS-ის მსგავსია, თუმცა ამ შემთხვევაში ახალი ბლოკის შექმნის უფლება ყველა ვალიდატორს არ აქვს და ტოკენების მფლობელები ირჩევენ დელეგატების მცირე ჯგუფს, რომლებიც მათი სახელით ქმნიან ბლოკებს.

ასევე არსებობს Proof of Authority (PoA) მექანიზმი, სადაც ვალიდატორების არჩევა ხდება მათი რეპუტაციის და პიროვნების გათვალისწინებით და არა მათ მფლობელობაში არსებული კრიპტოვალუტის რაოდენობის საფუძველზე. ვალიდატორების შერჩევა ხდება მათი სანდოობის მიხედვით და არასათანადო ქცევის შემთხვევაში, შესაძლოა მოხდეს მათი ქსელიდან განდევნა.

ბლოკჩეინის ქსელების რა ტიპები არსებობს?

საჯარო ბლოკჩეინი

საჯარო ბლოკჩეინი დეცენტრალიზებული ქსელია, რომელზე წვდომის მოპოვებაც პროცესებში ჩართვის სურვილის მქონე ნებისმიერ პირს შეუძლია. როგორც წესი, ეს ქსელები ღია კოდზე დაფუძნებული, გამჭვირვალე და ნებართვის საჭიროების არმქონე ქსელებია, რაც იმას ნიშნავს, რომ მათზე წვდომის მოპოვების და მათი გამოყენების შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ მსურველს. Bitcoin და Ethereum საჯარო ბლოკჩეინების მაგალითებია.

კერძო ბლოკჩეინი

როგორც სახელიდან ჩანს, კერძო ბლოკჩეინი წარმოადგენს ბლოკჩეინის ქსელს, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის. კერძო ბლოკჩეინებს ერთი სუბიექტი, მაგალითად კომპანია მართავს და გამოიყენება ორგანიზაციის შიდა საჭიროებებისთვის.

კერძო ბლოკჩეინთან წვდომისთვის საჭიროა ნებართვა და მას გააჩნია წესები, რომლებიც განსაზღვრავს, თუ ვის შეუძლია ქსელში არსებული მონაცემების დათვალიერება და დამატება. ის არ წარმოადგენს დეცენტრალიზებულ სისტემას, რადგან მას გააჩნია მკაცრად განსაზღვრული კონტროლის იერარქია. მიუხედავად ამისა, ის განაწილებულ ქსელად მიიჩნევა, რადგან ბლოკჩეინის ასლები ინახება ქსელში ჩართული ნოდების კომპიუტერებში.

კონსორციუმ ბლოკჩეინი

კონსორციუმ ბლოკჩეინი საჯარო და კერძო ბლოკჩეინების ჰიბრიდია. კონსორციუმ ბლოკჩეინი წარმოადგენს რამდენიმე ორგანიზაციის მიერ ერთობლივად შექმნილ ბლოკჩეინის ქსელს, რომელსაც ეს ორგანიზაციები ერთობლივად მართავენ და აკონტროლებენ. ეს ქსელები შეიძლება იყოს ღია ან დახურული, კონსორციუმის წევრების საჭიროებებიდან გამომდინარე.

განსხვავებით ღია სისტემისგან, სადაც ნებისმიერს შეუძლია ბლოკების ვალიდაცია, ან დახურული სისტემისგან, სადაც მხოლოდ ერთი სუბიექტი განსაზღვრავს, თუ ვის შეუძლია ბლოკის შექმნა, კონსორციუმ ბლოკჩეინი იყენებს სისტემას, სადაც თანაბარი უფლებების მქონე რამდენიმე პირს შეუძლია ვალიდატორის ფუნქციის შესრულება. 

ამ სისტემის წესები მოქნილია: ბლოკჩეინის მონაცემების ნახვის უფლება შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ვალიდატორებს, უფლებამოსილ პირებს ან ყველას. ვალიდატორებს შორის კონსენსუსის მიღწევის შემთხვევაში, ცვლილებების შეტანა მარტივად შეიძლება. რაც შეეხება ბლოკჩეინის ფუნქციონირებას, თუ გარკვეული რაოდენობის მონაწილე პატიოსნად იმოქმედებს, სისტემის მუშაობას არანაირი პრობლემა არ შეექმნება.

რისთვის გამოიყენება ბლოკჩეინი?

მიუხედავად იმისა, რომ ბლოკჩეინის ტექნოლოგია განვითარების საწყის ეტაპზე იმყოფება, ის უკვე გამოიყენება ინდუსტრიის მრავალ დარგში. ქვემოთ მოცემულია ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენების ყველაზე პოპულარული გზები

1. კრიპტოვალუტები

ბლოკჩეინის ტექნოლოგიის მიზანი კრიპტოვალუტების შექმნის პროცესის მხარდაჭერა იყო. კრიპტოვალუტებში ბლოკჩეინი გამოიყენება დაცული და დეცენტრალიზებული ლეჯერის სახით, სადაც ინახება ტრანზაქციების ჩანაწერები.

ტრადიციული, საერთაშორისო ტრანზაქციებისგან განსხვავებით, რომლებიც მოიცავს შუამავლების ჩარევის საჭიროებას და მაღალ საკომისიოებს, ბლოკჩეინი უზრუნველყოფს შედარებით სწრაფი, იაფი და გამჭვირვალე საერთაშორისო გადარიცხვების განხორციელების შესაძლებლობას. გარდა იმისა, რომ შესაძლებელია მისი გამოყენება დანაზოგის საშუალების სახით, ბევრი ადამიანი Bitcoin-ს და სხვა კრიპტოვალუტების ძირითადად საერთაშორისო გადარიცხვების განხორციელების მიზნით იყენებს.

2. სმარტ კონტრაქტები

სმარტ კონტრაქტები წარმოადგენს თვითაღსრულებად კონტრაქტებს, რომლებიც შეიძლება დაპროგრამდეს და ავტომატურად აღსრულდეს განსაზღვრული პირობების დადგომის შემთხვევაში. ბლოკჩეინის ტექნოლოგია იძლევა სმარტ კონტრაქტების დაცული და დეცენტრალიზებული მეთოდით შექმნის და აღსრულების შესაძლებლობას.

სმარტ კონტრაქტების გამოყენების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია მათი გამოყენება დეცენტრალიზებული აპლიკაციებისთვისა (DApps) და ორგანიზაციებისთვის (DAOs), რომლებიც დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) პლატფორმების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. DeFi პლატფორმები იყენებენ ბლოკჩეინებს ფინანსური სერვისების, მაგალითად სესხების და ვაჭრობის ტრადიციული დაწესებულებების გვერდის ავლით განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით. ეს უზრუნველყოფს საჯარო წვდომას ფინანსურ ინსტრუმენტებზე.

3. ტოკენიზაცია

შესაძლებელია რეალური სამყაროს აქტივების (RWA) მაგალითდ უძრავი ქონების, აქციების ან ხელოვნების ნიმუშების ტოკენიზაცია (მათი კონვერტაცია ბლოკჩეინზე არსებულ ციფრულ ტოკენებად). ეს ხელს უწყობს ლიკვიდურობის დონის გაუმჯობესებას და საინვესტიციო შესაძლებლობებზე წვდომის გაფართოებას.

4. ციფრული იდენტიფიკაცია

ბლოკჩეინი შეიძლება გამოყენებული იქნას უსაფრთხო და გაყალბებისგან დაცული ციფრული საიდენტიფიკაციო მონაცემების შექმნისთვის, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ პერსონალური ინფორმაციის და სხვა სენსიტიური მონაცემების ვერიფიკაციისთვის. მისი მნიშვნელობა შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს, რადგან ინტერნეტში პერსონალური ინფორმაციის და აქტივების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.

5. ხმის მიცემა

დეცენტრალიზებული, გაყალბებისგან დაცული ლეჯერის წყალობით, ბლოკჩეინის ტექნოლოგია შეიძლება გამოყენებულ იქნას დაცული და გამჭვირვალე ხმის მიცემის სისტემის შექმნისთვის, რომელიც გამორიცხავს ხმების გაყალბების შესაძლებლობას და უზრუნველყოფს ხმის მიცემის პროცესის გამართულად მიმდინარეობას.

6. მომარაგების ჯაჭვის მართვა

ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის გამოყენება შესაძლებელია მომარაგების ჯაჭვის ტრანზაქციების ლეჯერის შესაქმნელად. შესაძლებელია თითოეული ტრანზაქციის (ან ტრანზაქციების ჯგუფის) ჩაწერა ბლოკჩეინზე, ბლოკის სახით, რაც ქმნის მომარაგების ჯაჭვის ოპერაციების მთლიანი პროცესის უცვლელ და გამჭვირვალე ჩანაწერს.

შეჯამება

ბლოკჩეინის ტექნოლოგია გთავაზობთ ტრანზაქციების ჩაწერის და მონაცემთა შენახვის დაცულ და გამჭვირვალე მეთოდს. ეს არის ტექნოლოგია, რომელიც საფუძვლად უდევს ინდუსტრიის უდიდეს ცვლილებებს და უზრუნველყოფს ნდობისა და უსაფრთხოების უფრო მაღალ დონეს ციფრულ სამყაროში.

peer-to-peer ტრანზაქციების, ციფრული აქტივების ახალი ფორმების შექმნის ან დეცენტრალიზებული აპლიკაციების მხარდაჭერის შემოთავაზებით, ბლოკჩეინის ტექნოლოგია შესაძლებლობების ახალი სამყაროსკენ გვიხსნის გზას. ამ ტექნოლოგიის განვითარების ტემპი და მისი პოპულარობის ზრდა გვაფიქრებინებს, რომ უახლოეს წლებში მისი გამოყენების უფრო ინოვაციური და ტრანსფორმაციული გამოყენების გზების გაჩენას უნდა ველოდოთ.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევისთვის უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ კონსულტანტს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენელი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შესაძლოა იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ იღებს პასუხისმგებლობას თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებსა და რისკის შესახებ გაფრთხილებას.